<უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე (ეკლესია - მონასტრები)

სოფიკო ქებურია - "მემკვიდრეობას გაფრთხილება უნდა" //ძეგლის მეგობარი, კრ.84, 1989, გვ. 13-18
„ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს სსრ კანონის 37-ე მუხლი კრძალავს ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლების დანგრევას, გადაადგილებასა და გადაკეთებას. ჩვენი სტატია ერთი ძეგლის გადაკეთებას შეეხება.
ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ თაიას ცენტრიდან 3 კმ დაშორებით მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის XI საუკუნის ოცინდალეს ეკლესია. ეს არის დარბაზული ტიპის ნაგებობა სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდით, დასავლეთის მხრიდან კარიბჭითა და ჩრდილოეთიდან სტოათი. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ინტერიერი ოთხი სარკმლით ნათდება — ორი სამხრეთის კედელშია გაჭრილი, თითო კი დასავლეთით და აღმოსავლეთით.
1938 წელს მხატვარ-ფოტოგრაფ ო. გილგენდორფის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს ფრესკების ფრაგმენტები. დღეს მოხატულობის კვალიც კი არ არის.
ეკლესია აგებულია კირქვით, კირის დუღაბზე. შიდა კედლები სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. ნაგებია უხეშად დამუშავებული კირქვით, ხოლო საკურთხეველი — შირიმისა და კირქვის თლილი ქვით. სტოას პერანგი არ შემორჩა, არის მხოლოდ ქვის შიდა წყობა.
ფასადების მორთულობა ექვემდებარება შენობის არქიტექტურას, იგი გამოყენებულია ფასადების ცალკეულ ელემენტთა ხაზგასმისათვის. ჩუქურთმა სარკმელთა საპირეებსა და კარნიზებს გაჰყვება.
ეკლესიის დასავლეთით დგას კოშკი. ტერიტორია გალავნით ყოფილა გარშემორტყმული, რასაც ნაშთები მოწმობს.
მაღალი მთის კორტოხზე მდებარე ეკლესია, შემოგარენის ცხოველხატულ დომინანტს წარმოადგენს ჩრდილოეთიდან მას ქედი უქმნის ფონს, დანარჩენი სამი მხრიდან კი ძეგლი შორი მანძილიდანაც კარგად აღიქმება. როგორც ჩანს, ეკლესია კოშკთან და გალავანთან ერთად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის როლსაც ასრულებდა.
ეკლესია რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. ამას ქვის სხვადასხვაგვარი წყობა მოწმობს. ერთგან კედელში ორნამენტული ქვის ფრაგმენტიც კი არის ჩატანებული, როგორც სამშენებლო მასალა. ამასვე ადასტურებს სამხრეთის ფასადის მარცხენა სარკმელი, რომელსაც ქვემოთ კიდევ შევეხებით და აღმოსავლეთის სარკმელი, რომელიც აგრეთვე გვიანი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. გარდა ამისა, არსებობს საინტერესო ცნობა, რომელიც დაიბეჭდა 1887 წელს გაზეთ „მწყემსში“. სტატიაში სამსონ თოდუა გვატყობინებს, რომ ეკლესიის ეზოში ყოფილა ქვა წარწერით: „ეკლესია ესე განვაახლე მე ღვთის მოსავმა თამარ დედოფალმა“1. ამჟამად ეს ქვა დაკარგულია.
ეკლესია ხანგრძლივი დროის მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რესტავრაციას საჭიროებდა.
1983 წლის 6 ივნისს არქეოლოგიური კომისიისადმი მიმართვაში აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე წერდა: „ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ გათვალისწინებულია ოცინდალეს წმ. გიორგის ეკლესიის (ჩხოროწყუს რ-ნი) რესტავრაცია. სარესტავრაციო სამუშაოთა დაწყებამდე აუცილებელია ტერიტორიის არქეოლოგიური დაზვერვა, შესაძლოა გათხრითი სამუშაოებიც: არსებობს მონაცემები — ლიტერატურული მასალა თუ ზეპირი გადმოცემები, რომელთა შემოწმება-დადასტურება უთუოდ დიდად მნიშვნელოვანია, როგორც ამ პუნქტის უძველესი ისტორიის წარმოსაჩენად, ისე თვით არქიტექტურული ძეგლის შესასწავლად. გთხოვთ მიიღოთ სათანადო ზომები“.
გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის I კურსის სტუდენტთა ერთი ჯგუფი ითხოვდა 1983 წლის ზაფხულში სპეციალური ექსპედიციის გამოყოფას, რათა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებამდე წარმოებულიყო ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა. ამ სამუშაოს, კომპეტენტური სპეციალისტის ხელმძღვანელობით, თვით სტუდენტები ჩაატარებდნენ.
1987 წელს ძეგლთა დაცვის სამმართველოს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანებამ, არქიტექტორ ჯ. სალიას მიერ 1979 წელს შემუშავებული რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, ჩაატარა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები.
ხსენებული გაერთიანების თანამშრომლის, ფოტოგრაფ. ი. ზენკოს მიერ 1979 წელს გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს ეკლესიის ტექნიკური მდგომარეობა რესტავრაციამდე. ჩამოწოლილია გადახურვა, მოშლილია აღმოსავლეთის ფასადის პერანგის დიდი ნაწილი, ჩრდილოეთით მიშენებული სტოა ჩამონგრეულია და მისი მხოლოდ ქვედა ნაწილიღაა დარჩენილი. დაზიანებულია სარკმლები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე. დასავლეთის ფასადი კი სუროშია გახვეული, რაც ერთი შეხედვით, ცხოველხატულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში საგანგაშო ვითარებას ქმნის. 1938 წელს გადაღებულ ფოტოსურათებზე ძეგლი უკეთეს მდგომარეობაშია.
ეკლესიის დღევანდელი სახე ცხადჰყოფს, რომ პროექტანტს ამ მნიშვნელოვანი მასალის ზოგიერთი მონაცემი გაუთვალისწინებია, მაგრამ რესტავრირებული ძეგლი მკვეთრად განსხვავდება მისი პირვანდელი სახისაგან.
ამის თაობაზე ძეგლთა დაცვის სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანებას არა ერთხელ მიმართა წერილობით პროფესორმა პარმენ ზაქარაიამ. განცხადებაში მან აღნიშნა ის არაპროფესიული მიდგომა, რამაც გამოიწვია რესტავრაციის პრინციპების დარღვევა არქიტექტორ-რესტავრატორის მიერ და მოითხოვა იმ შეცდომათა დაუყოვნებლივ გასწორება, რომელთა გამო შუა საუკუნეების ეს ეკლესია ისტორიისა და მეცნიერებისათვის კარგავს თავის მნიშვნელობას და ხდება ყალბი ინფორმაციის მიმწოდებელი. პროფესორ პ. ზაქარაიას განცხადების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც 1988 წლის აგვისტოში გაემგზავრა ადგილზე, რათა გასცნობოდა ვითარებას. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე პარმენ ზაქარაია, სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანების ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ძეგლის აღდგენაზე და ამ წერილის ავტორი. კომისიამ განიხილა ყველა უზუსტობა, დაშვებული ეკლესიის რესტავრირების დროს. რადგანაც ადგილზე ოქმი არ შედგენილა, ამიტომ შენიშვნებს რამოდენიმე პუნქტის სახით აქ ჩამოვაყალიბებთ.
1. აღდგენითი სამუშაო ჩატარდა ძეგლის წინასწარი არქეოლოგიური დაზვერვის გარეშე, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა;
2. რაც შეეხება ძეგლის მორთულობას. 1939 წელს, ივნისში ი. გილგენდორფის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე, სადაც სამხრეთის ფასადია აღბეჭდილი, ნათლად იკითხება ორივე სარკმლის მოჩარჩოება. მარცხენა სარკმელი ადრევე გადაკეთებული ჩანს. მისთვის ახალი საპირე შემოუვლიათ ორი გრეხილი ჩარჩოს სახით. იგივე შეიძლება ითქვას აღმოსავლეთის სარკმელზეც. ამჯერად შევჩერდებით სამხრეთის ფასადის მარჯვენა სარკმელზე. 1938 წლის ფოტოსურათზე მისი პირვანდელი საპირე ფრაგმენტულად ჩანს. ეს არის შიდა მხარეს ერთ, ხოლო გარე კიდეზე ორ ლილვს შორის მოქცეული, შუა საუკუნეების წნულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახე-წრე რომბების ხლართი. იგივე ფასადი ი. გილგენდორფს კიდევ გადაუღია იმავე წლის ნოემბერში. სარკმლის საპირედან მხოლოდ ნაწილიღა დარჩენილა, გვერდიდან ჩამოვარდნილი ორნამენტული ფრაგმენტი კი მიწაზე დევს და ცალკეა გადაღებული. 1939 წელს ი. გილგენდორფის მიერვე გადაღებულ ფოტოსურათზე სარკმლის ღიობი მთლიანად გაშიშვლებულია. როგორც ჩანს, რესტავრატორს ფოტოარქივიც არ შეუსწავლია, რის გამოც უზუსტობა უკვე პროექტშია დაშვებული. ამის შედეგია დიდი შეცდომა: მარჯვენა სარკმლის მორთულობა იმეორებს მარცხენას გვიანდელ ფორმას;
3. ი. გილგენდორფის მიერ გადაღებულ იმავე ფოტოებზე ჩანს, რომ გვერდიგვერდ მდებარე სარკმლები თანაბარი სიმაღლისა ყოფილა. რესტავრაციის პროექტში სარკმელთა ასეთი შეფარდება დაცულია, მაგრამ აღდგენის შემდეგ სულ სხვაგვარად გამოიყურება; მარჯვენა სარკმლის ღიობის სიმაღლე დამოკლებულია, გამოდის, რომ ერთი მიუტევებელი შეცდომა ავტორმა დაუშვა თვით პროექტში, ხოლო მეორე კი ხელმძღვანელობას მოკლებულმა ოსტატებმა. სამწუხაროა, რომ პროექტანტისა და ქვის მთლელის შეჯიბრი ასე უარყოფითად წარიმართა;
4. თავდაპირველ ხუროთმოძღვარს ყველა ფასადის კარნიზისათვის საგანგებოდ შეურჩევია სხვადასხვა ორნამენტული მოტივი. რესტავრირებულ ძეგლზე კი განსხვავებულ კარნიზთა ფრაგმენტები, ყოველგვარი გააზრების გარეშე, ერთადაა თავმოყრილი სამხრეთის ფასადის კარნიზზე. მთელი ეკლესიის დეკორის საექსპოზიციოდ ერთი ფასადი გამოუყენებიათ; თუ შეიძლება ასე ითქვას, საგამოფენო კედელი მოუწყვიათ. მოჩუქურთმებული ქვები გვერდიგვერდ ჩასმულია გადაბმის სიზუსტის დაუცველად.
5. რაც შეეხება დასავლეთის ფასადს, აქ არც კედლისა და არც კარიბჭის კარნიზებს შერჩათ თავდაპირველი მორთულობა (აქაური ორნამენტული ქვებიც სამხრეთის ფასადზეა ექსპონირებული). კარიბჭის ახალი კარნიზი ყოვლად წარმოუდგენელი ფორმისაა: იმ ეპოქაში მიღებული პროფილის კარნიზს აქ, სრულიად გაუგებრად, ორი პარალელური ღარი გაუყვება.
კომისიამ ადგილზევე გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გაესწორებინა დაშვებული შეცდომები. ამასთანავე, ჩაეტარებინა ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა და მოეგროვებინა ეკლესიის გარშემო უყურადღებოდ დაყრილი ორნამენტული ქვები — ზოგიერთი მათგანისათვის 1938 წლის ფოტოსურათების საფუძველზე შეიძლება მოიძებნოს შესაბამისი ადგილი.
როგორც აღვნიშნეთ, კომისიამ ეს დადგენილება 1988 წლის აგვისტოში მიიღო. მას შემდეგ ოცინდალეს ეკლესია ელის გადამრჩენს. სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომები.
P.S. წერილი სტამბაში უკვე აწყობილი იყო, როდესაც კვლავ ვეწვიეთ ოცინდალეს ეკლესიას. ჩვენდა სასიხარულოდ, რესტავრაცია გრძელდება. მიმდინარეობს კოშკის აღდგენა. ამოჰყავთ სტოას კედლები. დასრულდა მუშაობა კარიბჭის კამარაზეც. მზადდება ახალი საპირე სამხრეთის ფასადის მარჯვენა სარკმლისათვის. წინსვლა არის, მაგრამ ბევრი რამ კვლავ უყურადღებოდ რჩება. არ არის გამოვლენილი და გაწმენდილი გალავანი. სხვადასხვა ფასადთა კარნიზების ორნამენტული ფრაგმენტები კვლავ გვერდი-გვერდაა ჩასმული სამხრეთის ფასადზე. ხელუხლებელია კარიბჭის კარნიზის შეცდომით ნაკვეთი პროფილიც.
როგორც ბრიგადის უფროსთან, რესტავრატორ საშა ჭიჭინაძესთან პირადი საუბრიდან გაირკვა, კარიბჭის კარნიზის გასწორების შესახებ მითითება მას არ მიუღია. ხოლო როცა თავდაპირველად დაიწყო მისი კვეთა, რესტავრაციის პროექტი ნანახიც კი არ ჰქონდა — სამუშაოთა მწარმოებელმა დროულად არ მიაწოდა იგი.
რაც შეეხება სამხრეთის ფასადზე თავმოყრილ ოთხი ფასადის კარნიზთა ქვებს, თავის ადგილებზე მათი გადასმა აუცილებელია.
ვფიქრობთ, რომ სარესტავრაციო სახელოსნოს ხელმძღვანელობა თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება და ძეგლს აღადგენს ყველა წესის დაცვით.
18.09.89.
-------------
1. გაზეთი „მწყემსი“, 1887 წ. N.20, გვ.7-8. სამსონ თოდუა. „სოფ. ოცინდალის წმ. გიორგის ეკლესია და მისი ისტორიული ნაშთები“
|