topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თ. ბერაძე - ოცინდალეს ძეგლი

<უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე  (ეკლესია - მონასტრები)

 


თ. ბერაძე - ოცინდალეს ძეგლი // საბჭოთა ხელოვნება, 1962, N3, გვ. 72-73

საქართველო მდიდარი ისტორიული წარსულის ქვეყანაა. წინაპართა მიერ აგებული ხელოვნების ძეგლები მრავლად მოპოვება მის ტერიტორიაზე და ისინი მნახველს ქართველი ხალხის გმირულ თავგადასავალს მოუთხრობენ. ამ ძეგლთა უმეტესი ნაწილი შესწავლილი და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია. ზოგიერთი მათგანი კი ერთგვარად „დაჩაგრულა“, მათ მეცნიერული შესწავლა და მოვლა-პატრონობა აკლიათ. ამგვარ მდგომარეობაშია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია დგას ჩხოროწყუს რაიონში, სამეგრელოს ქედის სამხრეთ კალთაზე, სოფელ ოცინდალეში. იგი აგებულია მაღალ ადგილას და საკმაოდ დაშორებული სოფლებიდანაც მოჩანს.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ერთნავიან ნაგებობას. ზომები ასეთია: სიმაღლე — 9 მ., სიგრძე - 10 მ., სიგანე — 5 მ. ეკლესიას ეტყობა შემდეგი მინაშენების კვალი. იგი მოპირკეთებულია ტუფის ქვით. ოცინდალეს წმიდა გიორგი ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. უკანასკნელი მინაშენში გადის. აქვს ოთხი სარკმელი: ერთი აღმოსავლეთის, ორი სამხრეთის და ერთიც დასავლეთის მხრიდან, რომელიც ლამაზი ორნამენტებით არის შემკული.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია არცერთ ძველ წყაროსა თუ საბუთში მოხსენიებული არ არის. არ იხსენიებენ მას არც სამეგრელოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურები. თუმცა, არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ სამეგრელოს რუკაზე, სოფელ მუხურის გვერდით, ეკლესია არის აღნიშნული. აქ ოცინდალეს ეკლესია უნდა იგულისხმებოდეს: მუხურში არ არის ძველი ეკლესია, ხოლო ოცინდალეს ეკლესია მისგან ორი კილომეტრით თუ იქნება დაშორებული. ამასვე გულისხმობდა ალბათ ივ. ჯავახიშვილი, როცა მის მიერ შედგენილ საქართველოს ისტორიულ რუკაზე მუხურთან ეკლესიას აღნიშნავს.

რაიმე მეცნიერული გამოკვლევა ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიაზე არ გამოქვეყნებულა. კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს გამოქვეყნებულ წიგნში „საქართველოს კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე“, ეს ძეგლი დათარიღებულია მე-14 საუკუნით, ეკლესია მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც დათარიღებული იყო მე-14-15 საუკუნეებით. უკანასკნელ წლებში ეს ფრესკები ჩამოირეცხა და ახლა მათი კვალი, თუ შეინიშნება.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს გატარებული აქვს, როგორც ოწინდალე. ჩვენი აზრით, ეს სახელწოდება არ არის სწორი და გაუგებრობითაა წარმოშობილი. და აი რატომ.

უპირველეს ყოვლისა, იმ სოფელს, სადაც ეს ეკლესია დგას, ოცინდალე ეწოდება. ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა ამ ეკლესიას ყველგან ოცინდალეს უწოდებს. ასევე მოიხსენიებს ამ ეკლესიას მღვდელი თოდუა, რომელმაც 1887 წ. გაზეთ „მწყემსში“ მასზე წერილი მოათავსა.

არსებობს რამდენიმე გადმოცემა, რომელიც ამ სახელის ახსნის ცდას წარმოადგენს.

პირველი ვერსიის თანახმად, ჩვენმა ეკლესიამ თავისი სახელი ცირდავების გვარისგან მიიღო. ოცირდავე - ოცინდალე.

უფრო საინტერესოა მეორე ვერსია: ყოველ 25 ნოემბერს ოცინდალეს ეკლესიის ეზოში იმართებოდა დღეობა. ეს დღეობა ახლაც იმართება, მაგრამ რადგანაც ოცინდალეს ეკლესია მაღალ მთაზე დგას, ამიტომ დღეობა მთის ძირში, სოფელ თაიაში იმართება. ამჟამად ეს დღეობა ვაჭრობისათვისაც გამოიყენებოდა. ახლაც შეიძლება მის დროს სვანური ქუდებისა და ნაბდების ყიდვა. დღეობაზე თავს იყრიდა დიდძალი ხალხი. ძველად ამ დროს ხდებოდა დასაქორწინებელი ქალ–ვაჟის ურთიერთგაცნობა ახალგაზრდა გოგოების დანიშვნა. ამიტომ, აქ გაცნობით, გათხოვილი ქალი ვალდებული იყო დღეობაზე მოსულიყო, შესაწირავი მოეტანა და თავისი ქმარიც მოეყვანა თან. ამიტომ დღეობა ერთგვარად სიძეების შეკრებად იქცეოდა. აქედან მიიღო ეკლესიამაც თავისი სახელიც: სიძე მეგრულად სინჯაა, ზოგიერთ ვარიანტში სინდა ისინდალე ოცინდალე.

თვით ეს დღეობა მეტად საინტერესო ფაქტია თავისთავად. ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება ეკლესიის სახელის ამგვარი ახსნა სინამდვილეს, მაგრამ ერთი ფაქტია — ეკლესიას ოცინდალე ქვია და არა ოწინდალე და ის მხოლოდ ამ სახელით უნდა მოიხსენიებოდეს.

ეკლესიის ეზოში წარწერიანი ქვა იყო. ზემოთ მოხსენებული მღვდელი თოდუა მას ასე კითხულობს: „ეკლესია განვაახლე მე ღვთის მოსავმა თამარმა დედოფალმა“. საეჭვოა წარწერა ამგვარი შინაარსის ყოფილიყო, მაგრამ ეს ქვა ამჟამად დაკარგულია და ამიტომ მასზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიაში თავის დროზე ძვირფასი ნივთები და ხატი იყო. ეს ხატი შემდეგში სოფელ თაიას ეკლესიაში ჩაიტანეს. ყველა ნივთი ამჟამად დაკარგულია და მათ მხატვრულ თუ ისტორიულ ღირსებაზე არაფრის თქმა არ შეიძლება.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის კარები. ეს ქართული ხელოვნების მეტად საინტერესო ძეგლია. ნიკო ჩუბინაშვილს ეს კარები დათარიღებული აქვს მე-2 საუკუნით ეტყობა იგი ოცინდალეში სხვა ეკლესიიდან მოხვდა. ამ მხრივ საინტერესოა ის, რომ ოცინდალეს ეკლესიის მეზობელ სერს ნაოხვამუ - ნაეკლესიარი ეწოდება.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესიის გვერდით დგას კოშკი. კულტურის ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს თავის ზემოთ მოხსენიებულ წიგნში ეს ძეგლი დათარიღებული აქვს მე-14-15 საუკუნეებით. კოშკის შიგნით ძველად მრავლად ეყარა და ნაწილობრივ ახლაც ყრია ადამიანის ძვლები. ადგილობრივი მოსახლეობა ძვლის წარმოშობას შემდეგნაირად ხსნის: ძველად ახლომახლო სოფლებს მიცვალებული აუცილებლად ოცინდალეს ეკლესიის ეზოში უნდა დაემარხათ. ეზო პატარაა და ამიტომ ხშირად საფლავის თხრის დროს ადამიანის ძვლები ამოდიოდა, რომელსაც კოშკში ყრიდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ძვლების უმეტესობა ხელახლა დაუმარხავთ.

ამ კოშკს, როგორც ჩანს, ძირითადად ოცინდალეს ეკლესიის დაცვის ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, რადგან მუდმივი არეულობის დროს, რაც ასე ხშირი იყო გვიანი შუა საუკუნეების სამეგრელოში, სამეგრელოს ეკლესიების ძვირფასეულობის ნაწილი იქ ინახებოდა უკანასკნელად, ყირიმის ომის დროს, როდესაც სამეგრელოში თურქთა ჯარი შემოიჭრა, სამეგრელოს ეკლესიების მთელი განძეულობა ოცინდალეს ეკლესიაში ინახებოდა.

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია ქართული კულტურის საინტერესო ძეგლია. მას მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. მართალია, ეს ძეგლი აღრიცხვაზეა აყვანილი, მაგრამ ეს ფაქტი თავისთავად არაფერს ნიშნავს. ეკლესია ინგრევა. ფრესკები, რომლებიც ოციოდე წლის წინათ კარგად იყო შენახული, ფაქტიურად ჩამორეცხილია. ეკლესიას სჭირდება თუნუქის სახურავი, საჭიროა დაუყოვნებლივი ზომების მიღება, თორემ ქართული კულტურის ეს ძეგლი საბოლოოდ დაიღუპება.