topmenu

 

შუა საუკუნეების ხელოვნება - ი. ციციშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება .....<<<საინტერესო სტატიები/ხელოვნება>>>

შუა საუკუნეების ხელოვნება,  - ი. ციციშვილი/ქართული ხელოვნების ისტორია, 1995 წ., თბილისი, გვ. 44-47, 76 -79

ადრინდელი ფეოდალიზმი

ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მეურნეობის დაწინაურებისა და ახალი დარგების განვითარების შედეგად თემური მიწათმფლობელობა კერძო, საოჯახო  მიწათმფლობელობით იცვლებოდა. ყოფილ მეთემეთა დიდი ნაწილი, ასევე როგორც მონები ყმა-გლეხობის მდგომარეობაში იქცეოდნენ. ქვეყანაში ფეხს იკიდებს ფეოდალური ურთიერთობა. ფეოდალური ურთიერთობის დამკვიდრებას ხელი შეუწყო IV საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად აღიარებამ. მეფემ და მიწათმფლობელებმა გამოიყენეს ახალი რელიგიური მოძღვრება თავისი სოციალურ-პოლიტიკური ინტერისებისათვის ქურუმებთან ბრძოლაში. ამასთანავე ქრისტიანობა წიგნიერი  რელიგია იყო. იგი ხელს უწყობდა ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის განვითარებას. სწორედ ამ დროიდან საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული დამწერლობა. ამავე დროს ქრისტიანობის ძველ რელიგიასთან ბრძოლის შედეგად განადგურდა წინა პერიოდის ბევრი ძეგლი. საშინაო სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად ქართლის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დიდი გავლენა ჰქონდა გარეშე პოლიტიკურ პირობებს, კერძოდ რომისა და სასანიანთა ირანის ბრძოლას ამიერკავკასიაში პირველობისათვის. IV საუკუნის მიწურულს ქართლი გარკვეული დროის მანძილზე ირანის მოხარკე ხდება, ხოლო ირანის მოხელე პიტიახში თბილისში იჯდა. დასავლეთ საქართველოში, ქართლის მსგავსად, ქრისტიანობა IV საუკუნეში გავრცელდა. აქ არსებულ სამთავროებს შორის ყველაზე მეტად დაწინაურდა ლაზების სამთაგრო. IV საუკუნის დასასრულისათვის ჩამოყალიბდა ერთიანი სამეფო ეგრისი ანუ ბიზანტიელების მიხედვით ლაზიკა. ეგრისის მოსახლეობამ ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად დაამარცხა ციხეებში ჩაყენებული ბიზანტიელთა გარნიზონები და გამარჯვებას მიაღწია. VI საუკუნის დამლევისათვის, როდესაც ქართლი განთავისუფლდა ირანელთა ბატონობისაგან, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფეოდალური წყობილების ბრძოლა სამეფო ხელისუფლების მოსპობით დამთავრდა. სამეფო ხელისუფლება შეცვალა უმაღლესი ფეოდალური წრიდან განჩენილმა ერისმთავრობამ. საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა შეწყდა VII საუკუნის დამლევისათვის არაბთა შემოსევასთან დაკავშირებით. არაბთა ბატონობამ დაარღვია ქვეყნის მთლიანობა. იწყება ქართლიდან მოსახლეობის ლტოლვა დასავლეთ და სამხრეთ - დასავლეთ საქართველოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაბთა რეჟიმის სიმკაცრის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს საქართველოს კულტურული ცხოვრების სერიოზული შეფერხება. ქართული რელიგია და კულტურა იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ მაინც ახერხებდა გარკვეულ განვითარებას. VIII და IX სს. მიჯნაზე კახეთში, ტაო-კლარჯეთში და აფხაზეთში ახალი ფეოდალური სამთავროების აღმოცენებასთან დაკავშირებით იწყება მეურნეობისა და ვაჭრობის აღმავლობა. კვლავ გაშენდა გაუდაბურებული პროვინციები, შეიქმნა მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ნაგებობანი. ტაო-კლარჯეთში არსებული მონასტრები (შატბერდი, ხანძთა, ოპიზა, იშხანი) გადაიქცნენ ნამდვილ კულტურულ კერებად, სადაც ვითარდებოდა მწერლობა, ხელოვნება, ფილოსოფიური აზროვნება. ამგვარად, IX საუკუნის მეორე ნახევრი თითქმის მთელ საქართველოში შეიმჩნევა დიდი აღმავლობა, ნიადაგი მზადდება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ნაგებობათა ძირითადი სახეები. წინაფეოდალური პერიოდის განხილვამ გვიჩვენა, რომ საქართველოს უკვე ამ დროისათვის ჰქონია ჩამოყალიბებული მიღწევები და ტრადიციები განსაკუთრებით არქიტექტურის დარგში. შემორჩენილი ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით, ადრინდელ შუა საუკუნეებში საქართველოში ინტენსიურად შენდება ქალაქები სათანადო ადმინისტრაციული ნაგებობებით, ეკლესიები და მონასტრები, სასახლეები სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით, ქსენონები, ფუნდუკები, აბანოები, ხიდები, თავდაცვითი ნაგებობები და სხვ. სამწუხაროდ, საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები შემორჩენილია გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე საკულტო შენობები. ასეთი მდგომარეობა სავსებით გასაგებია თუ გავითვალისწინებთ, რომ ფეოდალურ საზოგადოებაში ქრისტანული მოძღვრება იდეოლოგიის გაბატონებულ ფორმას წარმოადგენდა. ეკლესია ხელისუფლების დასაყრდენი იყო და ტაძრების მშენებლობა ყოველთვის შემდეგი თაობების ზრუნვისა და განახლების საგანს წარმოადგენდა, მაშინ, როდესაც საერო თუ თავდაცვით ნაგებობები, რომლებსაც პირველყოვლისა ანადგურებდა გარეშე თუ შინაური მტერი, იშვიათად თუ შეკეთდებოდა შემდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არა მარტო საცხოერებელი სახლები, არამედ ფეოდალთა სასახლეები არ შენდებოდა ისე მტკიცედ და მონდომებით, როგორც ეკლესია მონასტრები.

სამშენებლო ტექნიკა. ადრინდელი შუა საუკუნეების ყველა მონუმენტური შენობა საქართველოში ქვისგანაა აგებული კირის  დუღაბზე. ამასთანავე სხვადასხვა კუთხეში  იხმარებოდა განსხვავებული წყობა, გამომდინარე არსებული სამშენებლო მასალის ხასიათიდან. ასე კახეთში კედლები იგება შერჩეული და წესიერ რიგებად დაწყობილი,  ოდნავ დამუშავებული ყორექვით. პერიოდის ბოლოს (VIII –IX სს.) შენობის ყველა საპასუხისმგებლო ადგილები -კუთხეები, კარსარკმლების წირთხლები, თაღები ამოყვანილია ფოროვანი წყლის ტუფის - შირიმის კვადრებით. შავი ზღვის სანაპირო ზოლში შენობები აგებულია ყორექვით, რიყის ქვით, ზოგჯერ კონგლომერატის ბლოკებით. ხშირად წყობაში გარკვეულ სიმაღლეზე, წყობის გასწორების მიზნით დატანებულია მოზრდილი ბრტყელი აგურის შრეები. დანარჩენ რეგიონებში კედლის წყობას ჩვეულებრივ შეადგენს კარგად გათლილი და წესიერი ფორმის ქვის კვადრები. კვადრებით მოპერანგებულია არა მარტო ფასადები, არამედ შენობის შიგა კედლებიც, ისე რომ შემოსვის ფილები შეადგენენ ორმხრივ პერანგს, რომელიც კედლის ამოყვანასთან ერთად თანდათანობით ივსება დუღაბით ან ყორე ბეტონით. შემდგომში შემავსებელი სისქე იზრდება და კვადრები, ან უფრო სწორედ ფილები, წარმოადგენენ კედლის მხოლოდ სამოსელს. ადრინდელი ძეგლებისათვის აგრეთვე დამახასიათებელია კვადრების წიბოების ირიბად ჩათლა, რაც ხაზს უსვამს ნაკერებს. ზოგიერთი შენობის კვადრებზე დაცულია ქვის მთლელთა (კალატოზთა) ნიშნები - (მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი, წრომი, სამშვილდეს სიონი). მონუმენტური შენობები გადახურულია კამარებით, რომლებიც ქარგილების საშუალებით იკვრებოდა. სიხისტის გასაძლიერებლად კამარები დანაწევრებულია გამბჯენი თაღებით. კარებსა და სარკმლებს ძირითადად აქვთ თაღოვანი დამთავრება. ნახევარწრიულ თაღთან ერთად ამ პერიოდში გავრცელებულია ნალისებური - საზეიმო თაღი. კონსტრუქტიულ ხერხებში განსაკუთრებით აღსანიშნავია კედლების გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლის სისტემა ე.წ. ტრომპების საშუალებით, რამდენიმე საფეხურად. ამ პერიოდის მიწურულში ჩნდება აფრები (ვაჩნაძიანი), რომლებმაც განდევნეს ტრომპები. ადრინდელ პერიოდში იშვიათად იხმარება მონოლითური სვეტები. ჩვეულებრივად, ცალკე მდგომ საყრდენებად ტაძრებში იხმარება გეგმაში კვადრატული ან ჯვარისებრი ქვის ბურჯები. ერთმანეთთან ისინი დაკავშირებულია თაღებით და არა არქიტრავული გადახურვის შემწეობით. როგორც ამ პერიოდის სამშეხებლო ტექნიკა მოწმობს, იგი აღმოცენებულია წინა ეპოქის სამშენებლო ტრადიციებზე, უდუღაბო ქვის წყობაზე, რითაც აიხსნება ქვის გულდასმით დამუშავებული და ზუსტად მორგებული კვადრების გამოყენება, წყობაში მათი სწორ რიგებად დაწყობა და ლითონის გამირებთ დაკავშირებაც.

ქალაქთმშენებლობა. ფეოდალიზმის განმტკიცების პერიოდში ვაჭრობისა და ხელოსნობის აღმავლობა ხელს უწყობს საქალაქო ცხოვრების განვითარებას. აღმოსავლეთ საქართველოში ამ დროს მნიშვნელოვან ქალაქებს წარმოადგენენ მცხეთა, უჯარმა, თბილისი, ბოლნისი, მანგლისი, რუსთავი, სამშვილდე, ჭერემი. დასაელეთ საქართველოში ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი), შორაპანი, ვარდიციხე, ქუთაისი, სკანდა. ყველა ეს ქალაქი აგებულია სტრატეგიულად მარჯვე ადგილას, გაბატონებულ მაღლობზე. ქალაქებს ჰქონდა თავდაცვითი ზღუდეები და გამოყოფილი შიდაციხე. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც უკვე ვერ თავსდებოდა ციხის კედლებს შიგნით, ცხოვრობდა ქალაქის კედლებს გარეთ.

 

განვითარებული ფეოდალიზმი

IX საუკუნის დამდეგისათვის საქართველოში აღმოცებული ფეოდალური სამთავროები გაიზარდნენ და გაშენდნენ. მრავალფეროვანი მეურნეობის გაფართოება ითხოვდა გაცვლა -გამოცვლისა და აღებ - მიცემობის აუცილებლობას, ხოლო მრავალი სამთავროს არსებობა საკუთარი საზღვრებითა და საბაჟოთი ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ საფუძველზე წარმოიშვა მოთხოვნილება ერთიანი სახელმწიფოს შექმნისა, რომელიც დაამყარებდა შინაგან წესრიგს, ბოლოს მოუღებდა დაქსაქსულობას და დაიცავდა ქვეყანას გარეშე მტრებისაგან. გაერთიანებისათვის ხანგრძილივი და მტკივნეული ბრძოლა დააგვირგვინა ბრწყინვალე პოლიტიკურმა მოღვაწემ და მხედართმთავარმა დავით აღმაშენებელმა. 1122 წელს მან გაანთავისუფლა თბილისი, სადაც ქუთაისიდან გადმოიტანა დედაქალაქი, შეზღუდა ფეოდალების უფლებები და საქართველოს ყველა პროვინციები ერთიან ცენტრალურ სახელმწიფოდ. დავითისა და მისი მემკვიდრეების გიორგი III და თამარის მეფობის ხანა (XII საუკუნე და XIII საუკუნის დასაწყისი) სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველომ მიაღწია არნახულ პოლიტიკურ ძლიერებას, ეკონომიკისა და კულტურის აყვავებას. საქართველო აფართოებს თავის საზღვრებს, იერთებს და მფარველობს დასუსტებულ მეზობელ სამთავრო-სახელმწიფოებს და ხდება წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო. ეკონომიკურად მოღონიერებულ საქართველოში მოღვაწეობენ პოეტები - რუსთველი, ჩახრუხაძე, შავთელი, ფილოსოფო - პეტრიწი, ოქრო - მქანდაკებლები ბექა და ბეშქენ ოპიზარები, ხუროთმოძღვარი არსუკიძე და მრავალი ბრწყინვალე შენობის და მონუმენტური ფერწერის შემქმნელი უცნობი ოსტატები. განვითარებული ფეოდალიზმის სახელმწიფო ემყარებოდა შესაფერისად განვითარებულ სოფლის მეურნეობას მრავალფეროვანი დარგებით (მეცხოველეობა, ხვნა-თესვა, მეხილეობა, მეღვინეობა, მეაბრეშუმეობა) ირიგაციული მიწათმოქმედებით. ხელოსნობის განვითარებასთან ერთად იზრდება ვაჭრობა ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც. ყოველივე ამან განსაზღვრა საქალაქო ცხოვრების გამოცოცხლებაც, არსებული ქალაქების განვითარება და ახალი ქალაქების შექმნა. XIII საუკუნის მეორე მეოთხედში საჭართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას წინ ეღობება ჯერ ხვარაზმელთა და შემდეგ მონღოლთა შემოსევა. მონღოლებმა მოახერხეს საქართველოს ხანგრძლივი დროით დაპყრობა. შექმნილმა მდგომარეობამ დააქვეითა და გააღატაკა მანამდე მძლავრი ქვეყანა. განსაკუთრებით მძიმეა გლეხობის მდგომარეობა, წესდება არა მარტო ახალი გადასახადები (საბალახე, დამღა, საიამე, სალაშქრო ბეგარა), არამედ სავალდებულო ხდება მონღოლთა საომარ ლაშქრობებში მონაწილეობის მიღებაც.  დაწინაურებულ მეურნეობას ცვლის მონღოლთა მომთაბარე მესაქონლეობა. მკვიდრი  მოსახლეობა ტოვებს ბარის ნაყოფიერ მიწებს და მთებში იხიზნება. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს აქტიური პოლიტიკის შედეგად საქართველო იშორებს მონღოლთა უღელს. ქვეყანა კვლავ დგება ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობის გზაზე. მაგრამ ეს აღმავლობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. საუკუნის ბოლოს ქვეყანა კვლავ დასცა თემურ-ლენგის ურდოების შემოსევამ, ქართველი ხალხის წინააღმდეგობით განრისხებულმა მტარვალმა დაანგრია ეკლესიები, სასახლეები და სოფლები, გადათხარა ვენახები და ბაღები, მოსპო და გადაასახლა მოსახლეობა. ასეთი განადგურების შემდეგ XV საუკუნის მეორე ნახევარში ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს აღსადგენად მიღებული ზომები უშედეგო აღმოჩნდა. საქართველო კვლავ სამთავროებად დანაწილდა.

ნაგებობათა ძირითადი სახეები. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში დიდი ყურადღება ექცეოდა ქალაქების კეთილმოწყობას. შეკეთდა ძველი გზები, გაყვანილ იქნა ახალი, ქვით მოკირწყლული გზები, წყალსადენები (სხალტბა - შიომღვიმის, დმანისის, ვარძიის, გეგუთის, ნადარბაზევის), მდინარეებზე აიგო ხიდები. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში შენდებოდა არა მარტო მეფისა ფეოდალთა სასახლეები და ციხე - სიმაგრეები,  არამედ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიც. ისტორიკოსთა ცნობებით, დავით აღმაშენებელმა ააგო კეთილმოწყობილი საამყოფოები, ქსენონები და ქარვასლები. გელათსა და იყალთოში აშენდა შენობები ახლად დაარსებული აკადემიებისათვის, საკულტო შენობები გარკვეულად ასახავენ ქვეყნის ისტორიულ ვითარებას. X საუკუნიდან შემორჩენილი ბრწყინვალე ხუროთმოძღვრული ძეგლები ძირითადად აგებულია მსხვილ ფეოდალთა დაკვეთით. შემდგომში XI-XII საუკუნეებში ტაძრები იგება სამეფო ხელისუფლების თაოსნობით. XIII საუკუნეში კვლავ მატულობს ფეოდალთა მშენებლობა, მაგრამ ტაძრების სიდიდე მნიშვნელოვნად მცირდება. პერიოდის დასასრულს მთელი ყურადღება მიმართულია არა მხატვრული შემოქმედების განვითარებაზე, არამედ ქვეყნის შენარჩუნებასა და მტრის შემოსევების შედეგად დანგრეულ შენობათა აღდგენაზე.

სამშენებლო ტექნიკა. სამშენებლო ტექნიკისა და მასალების მოხმარების მხრივ ამ პერიოდში არსებითი ცლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ტრომპების აფრებით შეცვლას. პირველად აფრები ნიჟარისებრივაა გაფორმებული, შემდეგ კი სრულიად გლუვი სამკუთხედების სახეს ღებულობენ. მონუმენტურ ტაძართა უმრავლესობა ისევ თლილი ქვით იგება, მაგრამ ამ შენობათა გვერდით, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით, ჩნდება მთლიანად აგურით ნაგები ეკლესიებიც (ყინცვისი, ტიმოთესუბანი). ამ პერიოდში ეკლესიების შიგა კედლები გულდასმით აღარ მუშავდება, რადგან გათვალისწინებულია მათი მოხატვა. კედლების ქვის პერანგი შედგება გათლილი და ერთმანეთთან კარგად მორგებული კვადრებისაგან ან ფილებისაგან. წყობის რიგების სიმაღლე თითქმის თანაბარია, მაგრამ კვადრების სიგანე იცვლება. ამასთანავე ფართო და ვიწრო ქვების მონაცვლეობა აღარ ექვემდებარება რაიმე რიტმს. ზოგიერთი კვადრი გამოდის რიგის ხაზიდან და შეჭრილია მეზობელ ქვაში (რაც ქვის ეკონომიკური, რაციონალური გამოყენებითაა ნაკარნახევი). ასეთი თავისებური წყობა ქმნის განსაკუთრებულ მეტყველ სიბრტყეს, აცოცხლებს მას და ანიჭებს თითოეულ ძეგლს ინდივიდუალობას. არ მომხდარა ცვლილებები კონსტრუქტიულ ხერხების მხრივაც. თაღი, კამარა, გუმბათი წარმოადგენენ გადახურვის ძირითად კონსტრუქციას. აღსანიშნავია ნალისებრი თაღების შეცვლა ნახევარწრიული თაღით. ჯვარული კამარა, რომელიც ამ პერიოდის  დასაწყისში ჯერ კიდევ გვხვდება შედარებით მეორეხარისხოვან ადგილებში, თანდათანობით სრულიად ქრება. სამშენებლო ხერხებს შორის აღსანიშნავია აგრეთვე მონუმენტურ ნაგებობებში კვადრებს დაკავშირება რკინის გამირებით (სვეტიცხოველი) და კედლის სისქეში გრძივ, ხის სამაგრი ძელების დატანება. როგორც ჩანს, ამ პერიოდის მშენებლები გარკვეულ ანტისეისმურ ღონისძიებებსაც ატარებდნენ. ამის მაჩვენებელია ზოგიერთი შენობის (ხახული, ჩანგლო) კედლის წყობის ზემო ნაწილში, კამარათა მაქსიმალური გაბჯენის ადგილას შექმნილი სარტყელი, ქვების კბილანებიანი დაკავშირებით. ეპოქა გვამცნობს თავის ხუროთმოძღვართა სახელებს. თუმცა ძეგლზე უმეტესად იხსენიება მისი დამფინანსებელი - ქტიტორი და არა შემოქმედი - ხუროთმოძღვარი. ბედნიერი შემთხვევით შემორჩენილია სახელები სვეტიცხოვლის მშენებლის - არსუკისძისა, კუმურდოსი - საკოცარის, საფარის წმ.საბას ტაძრისა - ფარეზასძის, გუდარეხის ეკლესიისა - ჭიჭაფორისძის და აგრეთვე მრავალი კალატოზისა. მიუხედავად ამისა, უნდა ვიფიქროთ, რომ ხუროთმოძღვრის მდგომარეობა სახარბიელო მაინც არ ყოფილა. ხუროთმოძღვარი არსებითად წარმოადგენდა პირველ კალატოზს. სამშენებლო სამუშაოთა სირთულე კი მოითხოვდა, რომ მისი ცხოვრება მშენებლობას დამორჩილებოდა. დიდი შენობებისათვის ხუროთმოძღვარი უთუოდ ასრულებდა პროექტს ან მოდელს (ან ორივეს ერთად). სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა ხუროთა დაქირავებული ჯგუფის, საამქროს მიერ, ოსტატ - კალატოზის ხელმძღვანელობით. კალატოზი (ან დიდი შენობის დროს კალატოზუხუცესი) ხუროთმოძღვრის თანაშემწეს წარმოადგენდა. ამას გარდა ყოფილა ზედამდგომელი მშენებლობის განმხორციელებელი და საქმის მოქმედთა ანუ მუშათა ხელმძღვანელი. ტაძრების მშებებლობა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ასე, მაგალითად ოშკის ტაძარი შენდებოდა ათ წელიწადს, სვეტიცხოველი შენდებოდა 19 წელიწადს, ასევე 19 წელიწადს გრძელდებოდა სამშვილდის სიონის მშენებლობა. ოშკის ტაძარზე დაცული უნიკალური წარწერა გვაწვდის საყურადღებო ცნობებს შენობის აგების შესახებ: ყოველწლიური ხარჯები კალატოზებზე და მოქმედებზე და ქვიშის მზიდავ ჯორებზე შეადგენდა 20 000 დრაჰმას (აბაზი), 5000 ფისოს ღვინოს (4,266 გრ. - სულ 213 კგ.) 50 ლიტრა რკინას 250 გრივ ხორბალს. აქ მუშაობდა 70 კალატოზი, ხურო და მჭედელი, 30 ხარი ზიდავდა ქვას.  30 ჯორი და აზავერი სპონდიოს (წყლის ტუფი) გრიგოლწმინდიდან. სხვა აზავერი ყოფილა 60, და სულ ერი და მოქმედი 80. როგორც ჩანს, მშებებლობა ძლიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა და მასზე გაწეული ხარჯებიც დიდი ყოფილა.

ქალაქთმშენებლობა. განვითარებულა ფეოდალიზმის ხანაში ხელოსნობის და ვაჭრობის ზრდასთან ერთად ვითარდებოდა საქალაქო ცხოვრებაც. იმ დროინდელ ქალაქთა შორის ცნობილია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი, სამშვილდე, მანგლისი, ახალქალაქი, ახალციხე, თელავი, არტანუჯი, ხუნანი, ხორბუჯი, ჟინვალი. სამეფო ხელისუფლება დიდად ზრუნავდა ქალაქებზე, მაგრამ XII საუკუნის დასასრულისათვის და განსაკუთრებით მონღოლთა მფლობელობის ხანაში სამეფო ხელისუფლებასთან დიდგვარიანთა ბრძოლის შედეგად, ზოგი ქალაქი დიდებულთა ხელში გადავიდა.. ისე რომ ქალაქები ან სამეფოა ან საპატრონო, ე.ი. რომელიმე დიდებულის ხელში იმყოფება. ქალაქი ჩვეულებრივად დედაციხისა და საკუთრივ ქალაქისაგან შედგებოდა. ქალაქს იცავდა საბრძოლო გალავანი, ამას გარდა იყო შიდაციხე, სადაც იმყოფებოდა მფლობელის (მეფისა თუ დიდებულის) სასახლე. კარის ეკლესია, მეციხოვნეთა საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობდა ქალაქის ზონაში ან ციხის კედლებს გარეთაც (ამ მხრივ თვალსაჩინოა სამშვილდე ან დმანისი). ქალაქს რამდენიმე კარები ჰქონდა. ქალაქში იყო ეკლესიები, ხოლო დიდ ქალაქში საეპისკოპოსო საყდრები, ფეოდალთა და ეპისკოპოსთა სასახლეები, სასამართლოები, საჭურჭლეები, ხაზინა, ზარაფხანა. ქალაქში იყო მოედნები, ბაზრები, სახელოსნო რიგები დუქნებით, ქარვასლები. მდინარეებზე იყო ხიდები და წისქვილები, იყო სამეფო და საზოგადო დანიშნულების აბანოები (ამ დროს თბილისში ყოფილა 65 აბანო გოგირდოვანი თბილი წყლებით).

საკულტო შენობები. ამ პერიოდში ძირითადად საკულტო ნაგებობას წარმოადგენს   გუმბათოვანი ტაძარი. განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში სამნავიან და საეკლესიან ბაზილიკებს ჯერ კიდევ აშენებენ, მაგრამ მათი ფორმები მოწმობენ ამ თემის უარყოფას. X- XI სს. გვხვდება ჯვარული ტიპის გეგმები (ტბეთი), ტრიკონქები (დორთქილისა), ტეტრაკონქები (კვეტერა), მრავალაფსიდიანი, ვარსკვლავისებური კომპოზიციები (ბოჭორმა) და სხვ. მრავალაფსიდიანი ტაძრები გვხვდება სხვადასხვა პროვინციებში (კახეთში, იმერეთში და ტაო  კლარჯეთში).