topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სპეთის „ზედა მაცხოვრის“ ხუროთმოძღვრული ძეგლი - ნ.ანდღულაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის ფოტოებზე დააწკაპუნეთ

ნუგზარ ანდღულაძე სპეთის "ზედა მაცხოვრის" ხუროთმოძღვრული ძეგლი // ძეგლის მეგობარი 1969 წ., კრ.18, გვ.44–52

სპეთის "ზედა მაცხოვრის" ეკლესია მდებარეობს საჩხერის რაიონში, ყვირილას მარცხენა სანაპირზე. სოფელი მთის ფერდობზეა შეფენილი და მათ შორის ყველაზე მაღალ მთის წვერზე დგას "ზედა მაცხოვარი". ("ზედა" ეწოდება იმის გამო, რომ შუა სოფელში დგას მეორე ეკლესია, ისიც "მაცხოვრის" სახელზე აგებული. ძეგლისათვის მშვენიერი ადგილი შეურჩევიათ: მთის ფერდთან ახლო მდგომი, იგი გადაჰყურებს ყვირილასა და მის ნაპირებს.

ქვევით სოფ.ჭალა მოჩანს, ცოტა მოშორებით საჩხერე გაწოლილა, სამხრეთით სავანე და ეხვევია, ჩრდილოეთით კი რაჭის მთებია აღმართული. სპეთის "ზედა მაცხოვარი" სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი, თუმცა ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით იგი დღემდე არ არის შესწავლილი. ჟამთა სიავეს ნაგებობა საკმაოდ დაუზიანებია. 1939 წელს კულტურის ძეგლთა დაცვის განყოფილებამ შეაკეთა ეკლესია. იმავე წელს ძეგლი აზომილ იქნა არქ. მ.კალაშნიკოვის მიერ. სპეთის ეკლესია დარბაზული ტიპის ერთნავიანი ნაგებობაა, მინაშენების გარეშე. მისი გეგმა წესიერ სწორკუთხედს წარმოადგენს (10,6X6,9). ნახევარწრიული აფსიდი სწორკუთხედშივეა მოქცეული. მის ორსავე მხარეს, კედლის სისქეში ჩართულია თითო მცირე სადგომი. კედელთა გარე და შიდა ზედაპირი შემოსილია მოყვითალო - მონაცრისფრო ქვიშა - ქვის თლილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს; სამხრეთითა და დასავლეთით. გარდა ამისა, ჩრდილოეთის კედელში, აფსიდის მხართან ახლოს, კარი ყოფილა გაჭრილი. იგი ამჟამად ამოშენებულია და მისი ზედა თაღოვანი არე ნიშის სახითაა დატოვებული. ინტერიერს სამი სარკმელი აშუქებს - აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთისა.

გარდა ამისა, აღმოსავლეთის ფასადზე, კუთხეებთან ახლოს, მოთავსებულია აფსიდის გვერდის სადგომების პატარა მრგვალი სარკმლები. აფსიდი ნავის იატაკიდან ორი საფეხურით მაღლდება და მისგან თაბაშირის კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის წინ, ბაზისზე (160 სმ), ხის მაღალი ჯვარი დგას (298 სმ). ჯვრის ტანი "ოდესღაც ვერცხლის ფურცლებით დაფარული, ამჟამად შიშველია" და დაბზარული. აფსიდისა და ნავის კედლებს მაღალი საფეხური უვლის გარს. ეკლესიის სიგრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი პილასტრებით. ისინი ნავს ორ, თითქმის თანაბარ, უჯრედად ჰყოფენ. პილასტრის პირველ საფეხურს კედლის თაღები ეყრდნობა, მეორეს კი, საბჯენი თაღი. ასეთივე თაღია დასავლეთის კედელზეც. იგი კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი. ეკლესიას ნახევარწრიული მოხაზულობის კამარა აქვს, რომლის ცენტრალურ არეში შირიმის ქვის რამდენიმე რიგია ჩართული. კარ-სარკმელთა მოხაზულობა შიგნიდან ყველგან თაღოვანია და გამოყვანილია რამდენიმე კვადრისაგან. შიგნით ეკლესია მოხატული არ ყოფილა. თლილი ქვის წყობაში. სადაც რიგების ზომა სხვადასხვაგვარია, დაცულია ნაკერების ჰორიზონტალური სწორხაზოვნება. ასევეა ფასადებზედაც. ნაგებობა გარედან საკმაოდ მარტივი სახისაა. დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე, რომელიც ოთხივე ფასადს უვლის სხვადასხვა სიმაღლეზე.

აქვს პროფილირებული, მოჩუქურთმებული კარნიზი. სახურავი ორკალთიანია, კრამიტით გადახურული. გადახურვა თავიდანვე კრამიტისა ყოფილა. სამი ფასადი (გარდა ჩრდილოეთის ფასადისა) მორთულია, ორნამენტი მხოლოდ კარ-სარკმელთა მოსართავადაა გამოყენებული. შესაძლოა ჩრდილოეთის ფასადზეც იყო რაიმე ჩუქურთმა, მაგრამ კედელს პირვანდელი სახე დღეს დაკარგული აქვს. ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ ჩრდილოეთის ფასადებს, საერთოდ იშვიათად რთავდნენ ხოლმე. აღმოსავლეთის ფასადზე, აფსიდის სარკმელსა და კუთხის მრგვალ სარკმლებს შორის, შემორჩენილია წარწერა, ნაკლული სახით. იგი სიმეტრიულადაა განაწილებული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს. წარწერა ხუთსტრიქონიანია; ძირითადად ასომთავრულით შესრულებული. ასოები ძარღვიანადაა ნაკვეთი, კვეთა ირიბია, ბოლოებში პირდაპირი; გვხვდება ბოლოგაფართოებული ასოებიც. წარწერას არა აქვს თარიღი, არც ისტორიული პირია მოხსენებული. შინაარსითაც შეუძლებელია მისი დათარიღება. ეს წარწერა გრხიქვეყნებული აქვს ექვ.თაყაიშვილს. მის მი,რ აღდგენილი ტექსტი ნგბისმიერი ჩანს. მიუხედავად წარწერის ფრაგმენტულობისა, გვაქვს პალგოგრაფიულად საინტერესო მოხაზულობის რამდენიმე ასო; დ, ვ. ლ. ". ე. ამ ასოების პალეოგრაფიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ წარწერა 5_5"კს. თავსდება. ძეგლის მხატვრულ-ისტორიული ანალიზი საშუალებას გვაძლევს კიდევ უღრო დავაზუსტოდ მისი აგების დრო. გეგმის ზოგადი მოხაზულობით სპეთის "ზედა მაცხოვარი" ეკუთვნის დარბაზულ ეკლესიათა იმ ჯგუფს, რომელთაც სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდი აქვთ. მაგრამ მის გეგმაში განსაკუთრებით საკურთხევლის კომპოზიციური გადაწყვეტაა საინტერესო. აფსიდის გვერდით მდებარე სადგომებს, გარდა ფუნქციურისა (სამკვეთლო და სადიაკვნე), კონსტრუქციული დანიშნულებაც აქვთ. ისინი ამსუბუქებენ კედლის მასას. აფსიდის მსგავსი ორგანიზაცია X საუკუნეზე ადრე უცნობია ამას არც XI საუკუნის შემდეგ ვხვდებით. (ზემო ყარაბულახი, პარხალის ეკლესია მთაზე, ფუსტი და ჟაბეში ზემო სვანეთში, ხოზიტა მარიამი ოსეთში).

ეკლესიის შიდა სივრცე აზიდული პროპორციებით ხასიათდება. აფსიდამდე თითქოს ორი პლანია შექმნილი. ა) ხის მასიური ჯვარი, რომლის კვარცხლბეკი პატარა ბაქანით უკავშირდება საკურთხევლის საფეხურს და ჯვარს მეტ ფუნქციურ გააზრებას ანიჭებს და ბ) თეთრი კანკელი, რომელიც შორიდან მოქარგულსა ჰგავს და საკურთხეველს, ამ წმინდა ადგილს, გამოყოფს დარბაზისაგან. მაღალი ბაზისი, ზედ აღმართული მასიური ხის ჯვრით, შიდა სივრცეში ვერტიკალურ აქცენტს ქმნის და კედლის ზეატყორცნილ სვეტებთან ერთად, კიდევ უფრო ზრდის და ხაზს უსვამს ინტერიერის აზიდულ პროპორციებს. ინტერიერი, როგორც აღვნიშნეთ, კარგად გათლილი კვადრებით არის ნაგები. ცნობილია, რომ X - XI სს. რიგი ძეგლები, რომელთა ინტერიერის მოხატვა ან შელესვა თავდაპირველადვე იყო განზრახული, ასევე თლილი ქვითაა მოპირკეთებული (კუმურდო, გოგიუბა, ხახული, ხცისი, კაცხი, პატარა ონი). ეკლესიის ფასადებზე ოსტატმა საგანგებოდ გამოჰყო სარკმლები, შესასვლელები და კარნიზი. ყველაზე მეტად აღმოსავლეთის ფასადია შემკული. აქ მორთულობა კედლის ქვედა მონაკვეთშია მოქცეული და ჰორიზონტალურადაა გაშლილი. ზევით დარჩენილი ცარიელი სიბრტყე, თითქოს რაიმე მახვილს მოითხოვს, რომელიც თავის დროზე შესაძლოა იყო კიდევაც, მაგრამ არ გადარჩენილა (ამჟამად მთელი ფრონტონი კარნიზითურთ აღდგენილია). შუა სარკმელი მკაფიოდ გამოიყოფა მოჩუქურთმებული სათაურითა და საპირით. სარკმლის სათაური სიბრტყიდან ამოზიდულია და საპირისაგან მცირე მანძილით არის გამიჯნული. მკვლევართა მიერ დადგენილია სარკმელთა მორთულობის განვითარების საფეხურები. სპეთის აღმოსავლეთი ფასადის სარკმელი პარალელებს როგორც X, ისე XI საუკუნის ძეგლებში ჰპოულობს. სარკმლის სათაურზე მოთავსებული წრეთა წნული მრავალი საუკუნის მანძილზე გვხვდება და ოსტატი მას X–XI საუკუნეებისათვის დამახასიათებელი არშიის სახით იძლევა.

სარკმლის საპირე შევსებულია ე.წ. შ-ის მსგავსი მოტივით. ნახატი მკაფიოა, ელემენტის ფორმა დასრულებული. ეს მოტივი ძალზე პოპულარული იყო და მან განვითარების გარკვეული გზა განვლო. სპეთის ჩუქურთმა ახლო დგას მანგლისის, ზემო-კრიხის, კაცხის, ნიკორწმინდის, სავანის მსგავს მოტივებთან. ამავე ფასადზე მორთულია მრგვალი სარკმლებიც. წნული, რომლითაც სარკმლებია შემოსაზღვრული, მარტივი სახისაა: იგი ჰგავს ხის ჯვრის კვარცხლბეკზე ჩაკვეთილი ჯვრის წნულს. მოტივი უძველესი დროიდანაა ცნობილი და  მას ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ვარიაციებით. დამუშავებით იგი X–XI სს. წნულებს ენათესავება. როგორც აღნიშნული იყო, ფასადის გაფორმებისას ოსტატი სხვადასხვაგვარ ხერხს იყენებს; იძლევა სიბრტყიდან ამოწეულ (სარკმლის სათაური, საპირის გრეხილი ლილვები), სიბრტყესთან გასწორებულ (მრგვალი სარკმლის ჩარჩო და წნული, შ-ის მსგავსი მოტივი) და სიბრტყეში ჩაკვეთილ (მრგვალი სარკმლის ორნამენტის ფონი, წარწერა) ელემენტებს, რაც გლუვ ზედაპირს მეტყველ, ცოცხალ იერს ანიჭებს. წარწერა ფასადის მხატვრული სურათის შექმნაში მონაწილეობს, როგორც სრულფასოვანი კომპონენტი. სამხრეთის ფასადზე მოთავსებულ პატარა სარკმელს მოუჩუქურთმებელი სათაური აქვს. იგი სიბრტყიდან ამოზიდულია და მჭიდროდ აზის იმ ქვას, რომელშიაც თაღია გამოყვანილი.

სარკმელს საპირე არა აქვს. მსგავსი სათაურებიანი სარკმლები გვხვდება X–XI სს. ძეგლებზე. (მუშევანი, მანგლისი, პატარა-ონი, ხოზიტა მარიამი). ამ ფასადზე ორნამენტით მხოლოდ კარის ტიმპანია მორთული. გამოყენებულია წრეთა წნული, რომელიც განიერ არშიად ევლება ტიმპანის კიდეს, ხოლო ცენტრალური არე ერთმანეთთან კვანძებით დაკავშირებული მცირე ზომის წრეებითაა შევსებული. ორივე მოტივს აქვს თავისივე ჩარჩო - ლენტის სახით, ისიც წრეებთან კვანძებით გადაბმული. ტიმპანის ორნამენტი უფრო ღრმადაა ნაკვეთი, ღრმა შუქ-ჩრდილით. მისი ზედაპირი ზუსტადაა "გაანგარიშებული" ჩუქურთმის განსათავსებლად. ტიმპანების მთლიანად ორნამენტით შევსება X საუკუნიდან მოყოლებული ფართოდ გავრცელებული ხერხია. (ბედია, დარკვეთი, ეხვევი, ნიკორწმინდა, იკვი, ზემო-კრიხი, პატარა-ონი). დასავლეთის ფასადზე მხოლოდ სარკმლის საპირეა ჩუქურთმით მორთული. სარკმელს სადა სათაური ეკვრის. სარკმლის ქვემოთ, იმავე ღერძზე, გლუგი არქიტრავული ქვით გადახურული კარია. სარკმლის საპირე შევსებულია წრე - რომბების უწყვეტი არშიით (ამჟამად ორნამენტი ძლიერ დაზიანებულია და თითქმის არ იკითხება). საპირე შემოსაზღვრულია გრეხილი ლილვებით. ორნამენტი დიდი ზომისაა, ღრმად ნაკვეთი, ღარების გარეშე, მთელი სარკმელი, რომელიც საკმაოდ მაღლაა მოთავსებული, სათაურიანად, სიბრტყიდან ამოზიდულია. სათაური მჭიდროდ აზის საპირეს. "მორთულობის ეს კომპოზიცია ხმარებაში შემოდის XI საუკუნის დასაწყისში და მას ამგვარი სახით უფრო ადრე ვერ ვხვდებით". ოსტატს მასშტაბის კარგი გრძნობა აქვს; საპირე და ჩუქურთმა სარკმელს კი არ ნთქავს, მის უკეთ გამოსახვას ემსახურება. სპეთის ეკლესიის ფასადთა მხატვრული გადაწყვეტა გამოირჩევა სიმკაცრითა და საერთო ხუროთმოძღვრულ ორგანიზმთან შეთანხმებით.

სამივე ფასადზე მორთულობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს წრეების წნულის სხვადასხვა ვარიაციები. დასავლეთის სარკმლის საპირის ორნამენტი, შესრულებული ღარების გარეშე, იშვიათი მოვლენაა XI საუკუნისათვის. როგორც აღვნიშნეთ, ინტერიერში დღემდე ხელუხლებლად დგას თაბაშირის თეთრი კანკელი, რომელიც თავისი პროპორციებით ჰარმონიულად ეთანხმება ნაგებობის შიდა სივრცეს, "მკვეთრად გამოიყოფა კედლის შედარებით მუქ ფონზე და თითქოს სინათლეს ჰმატებს იქაურობას". კანკელის კონსტრუქციული აგებულება და ორნამენტული შემკულობა შესწავლილია რ.შმერლინგის მიერ. კანკელი დათარიღებულია XI საუკუნის პირველი ნახევრით. ბუნებრივია, ისმის კითხვა; რა ურთიერთობაშია კანკელის ჩუქურთმა ხუროთმოძღვრულ დეკორთან? მოტივის მხრივ, მხოლოდ კანკელის მარჯვენა ბაზისზე მოთავსებული შ-ის მსგავსი ორნამენტი ჰპოულობს მსგავსებას აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის საპირის ჩუქურთმასთან; დანარჩენი მოტივები განსხვავებულია. კანკელის ოსტატი უფრო დახვეწილი, მრავალფეროვანი, გაწაფული ხელის მქონეა ხუროთმოძღვრული დეკორის ოსტატთან შედარებით. მართალია, სპეთის "ზედა მაცხოვრის" ეკლესია თავისი მხატვრული ღირებულებით ვერ შეედრება ეპოქის პირველხარისხოვან ძეგლებს, მაგრამ იგი უთუოდ საინტერესო მასალას გვაწვდის, როგორც ხუროთმოძღვრული, ისე დეკორაციული გაფორმების თვალსაზრისით. მარტო ის რა ღირს, რომ ასეთი მშვენიერი კანკელი დღემდე ხელუხლებელი დგას მის ინტერიერში და მნახველზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.