topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თიანეთის სიონის ძეგლები - ძეგლთა აღწერილობა

< უკან დაბრუნება ... << დაბრუნება მთავარ გვერდზე <<<ეკლესია -მონასტრები>>>

სიონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბ, 2004.- გვ.407-416. - დაბის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ, სხვადასხვა დროს ჩატარებული გათხრების შედეგები

(სადაბო საკრებულოს ცენტრი)

ბაზილიკა და სამაროვანი, არქეოლოგიურ არქიტექტურული ძეგლი მდებარებს სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. 1951 წელს წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქეოლოგიური ექსპედიციის ერთმა რაზმმა (ხელმძღვ. ი.ციციშვილი) შეისწავლა ბაზილიკის არქიტექტურა. 1961 წელს ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო სახელოსნომ (ხელმძღვ. ლ.ხიმშიაშვილი) დააშიშვლა ნაგებობის შემორჩნილი კედლები; დეტალურად აიზომა, დაინომრა მათი საპირე ქვები და  ყველა დეტალი. 1962 წელს ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ.რამიშვილი) გათხარა ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორია და გამოიკვლია ასზე მეტი სამარხი, რომელთა შორის აღმოჩნდა მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა. ამავე წელს ბაზილიკა და აკლდამა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, საქართველოს ხალხური ხუროტმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მეზეუმში. სამეცნიერო ლიტერატურაში ტაძრია აგების თარიღის შესახებ არსებობს ორი თვალსაზრისი: ერთის მიხედვით, ძეგლი VIII -IX საუკუნეებს განეკუთვნება (გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე, რ.შმერლინგი, რ. მეფისაშვილი, ვ.ცინცაძე), მეორე თვალსაზრისით (ი.ციციშვილი, რ.რამიშვილი)  - V ს. II ნახევარს.

ბაზილიკა გეგმით სწორკუთხაა (11,5X10 მ). იგი მონოლითური სვეტების ორი წყვილით დანაწევრებულია სამ ნავად. შუა ნავი, გვერდით ნავებთან შედარებით, ორნახევარჯერ უფრო განიერია და აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი მოხაზულობის ღრმა შვერილი აფსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვანია. ეკლესიის ნავები ერთმანეთთან დაკავშირებული ყოფილა ნალისებრი თაღებით, შენობა გადახურული ყოფილა საერთო ორკალთიანი სახურავით. დამოუკიდებელი სახურავი აქვს აფსიდის წახნაგოვან შვერილს და სამხრეთ - ჩრდილოეთ გვიანდელ მინაშენებს, რომლებიც ეკლესიის შესაბამის ფასადებს მთელს სიგრძეზე ეკვრიან. ეკლესიას ეტყობა მრავალგზის საფუძვლიანი შეკეთების კვალი. მისი კედლების გარეპირი ნაწყობია შირიმის კარგად გათლილი კვადრებით. ყველა სვეტი, კონტსრუქციული და არქიტექტურული დეტალი ქვიშაქვისაა. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოქცეულია მთავარი და გვერდის ნავების კამაროვანი გადახურვები, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილები და მინაშენები, ჩამოშლილია საპირე წყობის უმეტესი ნაწილი. შესასვლელი გარედან მოზრდილი ზომის არქიტრავითაა გადახურული, შიგნით კი თაღოვანია. დასავლეთის შესასვლელს გადახურვა ჩამოშლილი აქვს. ერთი მცირე ზომის სწორკუთხა კარია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან, რომლითაც ეკლესია ჩრდილო მინაშენთან ყოფილა დაკავშირებული. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, რომელიც გარეთკენ ოდნავ ვიწროვდება. აფსიდის ჩრდილოეთით გვერდში კი მცირე ზომის თაღოვანი ნიშია. აფსიდს მთელ სიგრძეზე გასდევს ეკლესიის მსახურთა ჩამოსაჯდომი საფეხური. საკურთხევლის ბაქანი ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული, იგი დაახლოებით 1 მ. -ით დარბაზის სივრცეშია შეჭრილი და გვერდით კედლებამდე გრძელდება.

ბაქნის ზედა საფეხურზე გამოყოფილია დაბალი თარო, რომელიც გეომეტრიული ორნამენტითაა დამუშავებული. მსგავსი მოტივითაა გაფორმებული ბაქნის ქვედა საფეხურიც. საკურთხევლის სივრცე დარბაზისგან გამოყოფილი ყოფილა შირიმის კანკელით. მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ხოლო ზედა რვაწახნაგოვან ბოძებზე დაყრდნობილი თაღედია. კანკელს ორი შესასვლელი აქვს. მათგან ერთი („აღსავლის კარი) მის შუა ნაწილშია. ხოლო მეორე - ჩრდილოეთ კიდეში. "აღსავლის კარის" წინ, სამიოდე მეტრის მანძილზე, დგას საკურთხევლისწინა ჯვრის საყრდენი კუბური ფორმის კვარცხლბეკი, რომელსაც დასავლეთიდან ქვის რამდენიმე საფეხური აქვს მიშენებული. ეკლესიის სვეტისთავები და კონქის თაღის ორივე იმპოსტი მორთულია როგორც ცხოველური და მცენარეული, ისე გეომეტრიული ფიგურებით. ზოომორფული მოტივითაა გაფორმებული კონქის თაღის ჩრდილოეთ იმპოსტის სამხრეთის გვერდი. რელიეფი საკმაოდ დაზიანებულია. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ტოტებდაშვებული ხე, რომელსაც აქეთ-იქედან ორი ცხოველი უდგას: მარცხნივ ჯიხვი (ან არჩვი), მარჯვნივ - შველი.

ორივე ცხოველი ტოტებს კვნეტს. კომპოზიციის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია თითქოს ხისკენ მიმართული მოზრდილი ფრინველი (ფარშევანგი?). მის ქვემოთ, შვლის ზურგსა და ფეხებთან დარჩენილი თავისუფალი არე შევსებულია ფოთლოვანი მცენარეების გამოსახულებით. იმპოსტის თარო გეომეტრიული ორნამენტითაა მორთული. იმპოსტის დასავლეთ გვერდზე დაბალი რელიეფეფით გამოყვანილია ორი კონცენტრული წრე. ორივეში ნახევარწრეების კომბინაციით ბოლოებგაფართოებული თითო ექვსმკლავიანი ელემენტია გამოყვანილი. მსგავსი წრეებითაა მორთული თაღის სამხრეთ იმპოსტიც. ბაზილიკის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახულია ბრტყელფოთლებიანი ხე რაღაც ნაყოფის მსგავსი ფიგურებით. ხის ქვემოთ მდინარისმაგვარი ორი კლაკნილია. დასავლეთის შესასვლელის საპირეზე და ერთ-ერთ სვეტისთავზე ვაზის სტილიზებული გამოსახულებაა. გარედან სამხრეთის შესასვლელის ღიობს გარს ევლება გეომეტრიული მოტივით გაფორმებული ვიწრო არშია, რომლის ზედა ნაწილის ორივე მხარეს (არქიტრავზე) გეომეტრიული ელემენტებით გაფორმებული თითო კონცენტრული წრეა გამოსახული.

ტაძრის გეომეტრიული ორნამენტები შედგება წრეხაზებისა და ვარდულებისაგან, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ხეზე ჭრის ხალხურ მოტივებთან. სამხრეთ და ჩრდილოეთ გვიანდელი მინაშენები აღმოსავლეთით აფსიდებითაა დასრულებული. მათგან სახრეთისას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ხოლო ჩრდილოეთისას - დასავლეთიდან. ჩრდილოეთ მინაშენი მოგვიანებით ჩაშენებული განივი კედლით ორ, თითქმის თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ორივე მინაშენის კამაროვანი გადახურვის დასაყრდნობად ბაზილიკის სიგრძივ კედლებზე თაღედი ყოფილა მიშენებული (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ მინაშენის ორი თაღი). ბაზილიკის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. საფასადო სიბრტყეები სხვადასხვა ზომის შირიმის სწორკუთხოვანი ქვებითაა შემოსილი წყობის სწორხაზოვნად გამავალი რიგების ნაწილობრივი გამოყვანით. კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის დაბალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო და ლილვი. ლავგარდნის რამდენიმე ქვა მხოლოდ აფსიდის შვერილის და ჩრდილო-აღმოსავლესავლეთ კუთხეს ჰქონდა შემორჩენილი. შენობა გადახურული იყო ღარიანი კრამიტით. იგი ლავგარდანთან ერთად, როგორც ჩანს, გვიანდელი შეკეთების შედეგია.

სამაროვანი განლაგებული იყო ბაზილიკის გარშემო ორ-სამ სართულად. განეკუთვნება V-  XVIII სს. სამარხები განსაკუთრებით მრავლადა აღმოჩნდა ეკლესიის აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების გასწვრივ, სადაც ჭარბობდა სოციალურად დაწინაურებულ პირთა ქვისსამარხები. ეკლესიის დასავლეთის ფასადის გასწვრივ თავმოყრილი იყო შედარებით ღარიბული სამარხები.

ქვისსამარხებში აღმოჩენილი ინვენტარის (თიხისა და მინის ჭურჭელი, მინის, ბრინჯაოს, რკინისა და ვერცხლის სამაჯურები, ბეჭდები საყურეები, მინის სხვადასხვანაირი მძივი და სხვ.) მიხედვით, სამაროვანი განეკუთვნება XI -XIV სს. სამარხებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შირიმის კარგად დამუშავებული კვადრებით ნაგები მიწისქვეშა კამაროკავი აკლდამა (დრომოსითა და ტახტებით), რომელიც ნაგებია გვიანდელი ანტიკური ტრადიციების გავლენით. იგი ბაზილიკის თანადროული უნდა იყოს. აღსანიშნავია აგრეთვე ქვიშაქვის დიდი ფილებით ნაგები სარკოფაგი (V-VI სს), რომელიც შედგებოდა ორი განყოფილებისგან. სამარხის ორივე განყოფილების კედლებს ზედა ნაწილში შემოუყვება 15 სმ სიგანის ჩუქურთმიანი არშია (სამარხის ქვები ინახება საქართველოს სახელმწიფო მეზეუმის არმაზის ბაზაში). სამაროვნის ზედა ფენაში დადასტურდა ძალზე ღარიბული და მცირე ინვენტარის შემცველი, XV-XVIII სს. ქვისსამარხები და მოზრდილი ძმათა სასაფლაო, სადაც მიწის ზედაპირიდან 0,5-0,7 მ სიღრმეზე დაფიქსირდა უწესრიგოდ დაკრძალული მიცვალებულების რამდენიმე ათეული ჩონჩხი, რომლებიც აქ უნდა დაემარხათ, ალბათ, XVIII საუკუნეში. არქეოლოგიური მასალა დაცულია აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ნ. ანდღულაძე,  თ. დვალი, რ. რამიშვილი

ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, ნასოფლარ კუპრიანთკარის აღმოსავლეთით, მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,3X4,6 მ.), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და კონქი, ჩამოშლილია კედლების ზედა ნახევარი და პერანგის უმეტესი ნაწილი. შესასვლელი, რომლის გადახურვა ჩამონგრეულია, სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შირიმისწირხლებიანი სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. სარკმლის სამხრეთით შეისრულთაღიანია პატარა ნიშია.

ზ. ბაქრაძე

ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, დგას დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, ნასოფლარ კუპრიანთკარის სამხრეთ-აღმოსავლეთით განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დარბაზულია (9,9X6,9 მ.), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, წყობაში ზოგან ჩართულია შირიმი. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის გადახურვა და ჩრდილოეთ წირთხლი ჩამონგრეულია. სარკმლის სამხრეთით პატარა სწორკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენისგან მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეა დარჩენილი

ზ. ბაქრაძე

ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას მდინარეების ივრისა და ლალაანთხევის შესართავს ზემოთ, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ უკუღმართის ტერიტორიაზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,55X4,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ქვები მეტ-ნაკლებად დამუშავებულია და დაწყობილია სწორხაზოვან რიგებად. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამოშლილი კამარა და კონქი, მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები, ჩამოცვენილია საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადი თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. სამხრეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია, რომლის გადახურვის ნაწილი ჩამონგრეულია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო კვადრატული ნიშია. აფსიდი დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი, რომელთაგან მთელ სიმაღლეზე სამხრეთისღა შემორჩა. გადარჩენილია აგრეთვე დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღის სამხრეთ - დასავლეთის კუთხის პილასტრის ქვედა ნახევარი. ინტერიერი დაახლოებით 1-1,3 მ  სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული. ეკლესიის დასავლეთ ფასადს მთელ სიგანეზე სწორკუთხა (4,7X2,7 მ) მინაშენი ეკვრის, რომელიც დასავლეთით სწორკუთხა ბოძზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღითაა გახსნილი. მინაშენის ჩრდილოეთ კედელი ყრუა, ხოლო სამხრეთისა მთლიანად დანგრეულია და მისი კვალი არ ჩანს. მინაშენი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომელიც აღმოსავლეთით, ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ თაღედს ეყრდნობოდა. მეორე მინაშენი ეკლესიას სამხრეთიდან, შესასვლელის წინ ჰქონია. იგი ამჟამად ისეა დანგრეული, რომ მისი ფორმისა და ზომის დადგენა არ ხერხდება.

ზ. ბაქრაძე

კოპალას ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი მდებარეობდა ძველ სოფელ სიონში (ამჟამად დაფარულია წყლით). განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია (5,3X3,7 მ), ნაგები იყო საშუალო ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებისა და ზოგი არქტიტექტურული ელემენტების წყობაში გამოყენებული იყო ტლანქად დამუშავებული შირიმი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმკლის ქვემოთ, კედელზე, მართკუთხა ტრაპეზი იყო მიდგმული. აფსიდის ორივე გვერდში მოწყობილი იყო თითო პატარა კვადრატული ნიში. მსგავსი ერთი ნიში იყო დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. კედლები დასრულებული იყო შირიმის თაროსებრი ლავგარდნით.

ბ. ჯორბენაძე

კუპრიანთკარის სამაროვანი,

არქეოლოგიური ძეგლი მდბარეობს  დაბის ჩრდილოეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ კუპრიანთკარის აღმოსავლეთ განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს ხანის დასასრულს. 1964 წელს მცირე გათხრები ჩაატარა იაე ინ-ტის, ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ.მუსხელიშვილი). ორმოსამარხები, რომელშიც გამოჩნდა ლეგაკეციანი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს სამაჯურები, ჩაშვებულია ადრინდელი ბრინჯაოს ხანით დათარიღებულ კულტურულ ფენაში, სადაც ყურადღებას იქცევს ვარდისფერსარჩულიანი კერამიკა. სიონის წყალსაცავის მაქსიმალური შევსებისას სამაროვანი წყლით იფარება. არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეითის არქეოლოგიურ ბაზაში.

რ. რამიშვილი, ბ. ჯორბენაძე

ლოდების წმ. გიორგის ეკლესია,

არქიტექტურული ძეგლი დგას დაბის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, ტყის პირას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6X4,5 მ) სწორკუთხა საკურთხევლიანი. ნაგებია დიდი ზომისნატეხი ქვითა და შირიმით. დასავლეთ  და აღმოსავლეთ კედლების ზედა ნაწილი მოგვიანებით წვრილი ნატეხი ქვით  აღუდგენიათ. ეკლესიის გადახურვა და სამხრეთ კედელი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ჩრდილოეთ კედელი 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამხრეთ კედლის დასავლეთ ჩაწილში შემორჩენილია შესასვლელის დასავლეთ წირთხლი. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც გარედან შირიმის თაღი და მარტივი თავსართი აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია წრიული გალავნის ფრაგმენტები.

ზ. ბაქრაძე

ნამოსახლარი,

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს კაშხალთან, წყალგადამყვანის სათავესთან. განეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს. გამოავლინა ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. (ხელმძღვ. რ.რამიშვილი). 1962 წელს სადაზვერვო თხრილში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის, კერისა და ხელსაფქვავის ნატეხები. ნამოსახლარი დაფარულია ბეტონის სქელი ფენით. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის სიღნაღის არქეოლოგიურ ბაზაში.

ბ. ჯორბენაძე

 

ჟალეთის ბაზილიკა - იხ. აქ <<ჟალეთის ეკლესიები...<<