topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამთავისი - საქართველოს ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

სამთავისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბილისი, 1990.- გვ. 191-197.

სამთავისი - სოფელი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე, კასპიდან 11 კმ-ზე. VI საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ - ისიდორემ (ეზდერიო) აქ ააშენა ეკლესია. ძველად სამთავისში საგანმანათლებო კერა იყო, სადაც მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები. ილია (XIV ს), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს.), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს), ანტონ I კათალიკოსი და სხვ. აქ იყო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო, რომელიც გაუქმდა 1811 წ. სოფლისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არაერთი ისტორორიული მოვლენა მოხდა: XVIII ს. 30-იან წლებში ყიზილბაშებს განუდგა ქართველ დიდებულთა ერთი ნაწილი (შანშე ქსნის ერისთავი, გივი ამილახვარი, ვახუშტი აბაშიძე და სხვ.). გამდგარ თავადებს ყიზილბაშებმა რაზმი შეუსიეს. 1736 წ. ყიზილბაშთა რაზმსა და ქართველებს შორის გაიმართა ბრძოლა. მტერმა დაიკავა სამთავისი, მაგრამ მალე ისინი დაამარცხეს ქართველთა რაზმებმა. მტერი გაიქცა და თბილისის ციხეს შეაფარა თავი...

სამთავისის ტაძრის კომპლექსი.

არქიტექტურულ ისტორიულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი მდებარეობს სოფლის ცენტრში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. კომპლექსში შედის: დიდი ტაძარი, გალავანი, ეპისკოპოსის პალატი, მცირე ეკლესია, სამრეკლო. გადმოცემით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. "კალმასობაში" ნათქვამია: "ვახტანგ გორგასლან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი“. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წ. იმდროინდელი ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI სს-ში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებდა დას.ავლეთ კარს ზემოთ, აყვავებულთ ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "ილარიონ სამთავნელმან აღაშენა ტაძარი ესე... ნე წელთა ხქლდ ქრკსა სწან" (წარწერა თ.ჟორდანიამ გამოაქვეყნა: აღარ არსებობს). მეორე ასომთავრული წარწერა ასე იკითხება: „ქ ხატო ღმრთაებისაო ადიდე ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაელისა რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა ქორონიკონსა სო“. ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წ.. მასვე 1050 წ. აუშენებია კათედრალისთვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი.

გარდა XI ს. წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდ. ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთ ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეფობის დროს (1156-84 წწ.) იოანე სამთავნელს ტაძრისათვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII ს. II ნახევრიდან XIII ს. დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელი იყო. XIV ს. I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს 1314-46 წწ.), სამთავისი ზევდგინიძე-ამილახვრებს ებოძათ.

(სქემაზე: სამთავისის ტაძრის კომპლექსი: 1-გალავანი, 2-სამრეკლო, 3-დიდი ტაძარი, 4-ეპისკოპოსის პალატი, 5-მცირე ეკლესია)


XV საუკუნეში ძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV ს. ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგ შესაძლებელი გახდა ტაძრის „მეორედ“ აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს: გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის (მეფობის წლები 1466-78 წწ.) დაა, ამირინდო ზევდგინიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ ბურჯი, გუმბათი და დასავლეთ კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წარწერების მიხედვით, ტაძრის მოხატულობის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი და მისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წ. 1847 წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტიტექტორ რიპარდმა (ამოაშენეს სამხრეთის შესასვლელი, მოხსნეს დაზიანებული კარიბჭეები, შეაკეთეს ფასადების ქვედა მონაკვეთები, ლავგარდნები, ინტერიერში შელესეს კედლები).

დიდი ტაძარი - ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25X18 მ.) მკლავების სიმ. გარედან ფრონტონის წვერამდე 20 მ-ია, მთელი ტაძრის სიმ. გუმბათის საბურავის წვერამდე 37 მ). ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი მოყვითალო და მონაცრისფრო-მომწვანო კვადრებით. კვადრატთან მიახლოებული მისი გეგმა ძალზე კომპაქტურია. ტაძარს ამჟამად ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (სამხრ. შესასვლელი XIX ს. შეკეთებისას ამოუშენებიათ). ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი. ისინი ქმნიან ტაძრის შიდა სივრცის მაორგანიზებელ გუმბათქვეშა კვადრატს, რომლის ოთხივე მხარეს განლაგებულია ტაძრის მკლავები. ტაძრის შინაგანი სივრცე ერთ მთლიანობაში აღიქმება. ჩრდულო - დასავლეთის გუმბათქვეშა ოთხწახნაგოვანი პილონი (აღდგენილია XV ს-ში) დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან პილონთან შედარებით არაპროპორციული, მოღრეცილი და ბევრად მსხვილია. გუმბათქვეშა ბურჯები ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებთთ კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციაზე დამყარებულია გუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი, რომელიც 13 წახნაგისაგან შედგება. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავი ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდში სამი სარკმელია. ორი (შეწყვილებული) სარკმელია დასავლეთ მკლავში, თითო - სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში. გუმბათში შვიდი სარკმელია. ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული სამკვეთლო და სადიაკვნე. ისინი დასავლეთით გასასვლელებით უკავშირდებიან ტაძრის შიდა სივრცეს. სამკვეთლოს და სადიაკვნეს მცირე ზომის ორ-ორი სარკმელი აქვთ. ამ სათავსების თავზე თითო იმავე ზომის პატრონიკეა.

ინტერიერი თავდაპირველად შელესილი იყო. საკურთხეველში შემორჩენილი მოხატულობა გვიანდელია (1679 წ.). იგი რესტავრირებულია 1964 წ. სპეციალურ სამეცნიერო სარესტავრაციო საწ. სახელოსნოს მიერ (რესტავრატორები: შ.აბრამიშვილი, კ.ბაკურაძე). საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია, საკურთხევლის ბემის ორსაფეხურიან თაღში - ძუელი დღეთაი, ქერუბინები, საყდარნი და მთავარანგელოზთა წელზედა ფიგურები. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქრისტეს ორივე მხარეს 12 ფიგურაა. ზოგიერთ მათგანს შემორჩა წარწერა. ქრისტეს ჩრდილოეთით დგანან: წმ.პეტრე, წმ.სვიმეონ და წმ.ბართლომე, სამხრეთით წმ.იოანე მახარებელი, წმ.მარკოზ მახარებელი, წმ.თომა, წმ.იაკობ. მესამე რეგისტრში, ცენტრ. სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ.დიონისე არეოპაგელი, წმ.იაკობ ძმა უფლისა, წმ.იუდა ძმა უფლისა, წმ.გრიგოლ პტელია, წმ.ლაზარე, წმ.ლავრენტი; სარკმლის სამხრეთით წმ.იეროთეოსი, წმ.ეგნატე ღმერთშემოსილი, წმ.ანანია მოციქული, წმ.სვიმეონ ძმა უფლისა, წმ.ხურსიმე მოციქული, წმ.სტეფანე პირველმოწამე. მეოთხე რეგისტრში, კილისებრ თაღებში გამოსახულია მღვდელმთავრები, საკურთხევლის ნიშში - წმინდა მსხვერპლი. საკურთხევლის სარკმლების წირთხლები დათმობილი აქვს მთავარანგელოზთა ფიგურებს. მხატვრობა დასრულებული იყო ორნამენტის ზოლით (მარმარილოს იმიტაცია). გუმბათქვეშა აღმოსავლეთ თაღში ოთხი წინასწარმეტყველის ფიგურაა. მათ შორის, თაღის ცენტრში, გამოსახულია ჯვარი, მისგან ჩრდილოეთით - მოსე, სამხრეთით დავით წინასწარმეტყველი. დანარჩენ წმინდანთა ვინაობა უცნობია. ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯის სამხრეთ წახნაგზე ორი წინასწარმეტყველის გამოსახულებაა (ქვედა ეზეკიელია). სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის ჩრდილო  წახნაგზე გამოსახულია სამი წინასწარმეტყველი - შუა დანიელია, მის ქვემოთ - ამბაკუმი.

გამოსახულებებს ახლავს ქართული (ასომთავრული), ბერძნული და არაბული წარწერები. ტაძრის გუმბათში ერთმანეთისგან მცენარეული ორნამენტით გამოყოფილი მოხატულობის სამი რეგისტრია. პირველ რეგისტრში, გუმბათის სფეროში ქრისტე ყოვლისმპყრობელია გამოსახული. მის ირგვლივ მედალიონებში ჩასმულია მახარებელთა სიმბოლოები და ექვსფრთედები. მეორე რეგისტრში, სარკმლებს შორის, გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ნაწილში, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მის გარშემო, სარკმლებს შორის არეებზე, წინასწარმეტყველთა ორ-ორი ფიგურაა. ღვთისმშობლის სამხრეთით პირველი დავით წინასწარმეტყველია, შემდეგ - სოფონია, ამბაკუმ, ესაია, ეზეკიელი, იოველ, გედეონ, იერემია. წმინდანთა გამოსახულებებს თან ახლავს ქართული და ბერძნული წარწერები. (ერთი წარწერა არ იკითხება). გუმბათის ყელში სარკმლების წირთხლები მცენარეული ორნამენტითაა შემკული. სარკმლების ქვემოთ, მესამე რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზები მუხლზევით. მათ ხელში სფეროები უჭირავთ. გამოსახულებებისა და წარწერების სიმრავლის გამო კედლის მთლიანობა დარღვეულია. შესრულების მანერა ხასიათდება სიმშრალით, სქემატურობით. წმინდანთა სახეების მუქი მოყვითალო-ყავისფერი სარჩული გაღიაფერებულია მოვარდისფრო ლაქით, რომელზეც შეიმჩნევა მშრალი თეთრი შტრიხები. კონტურები მეტწილად შავია.

მხატვრობის კოლორიტს ქმნის ნაცრისფერი, მოწითალო-ყავისფერი, მუქი ლურჯი, ფირუზისფერი მწვანე, მღვრიე ყვითელი და თეთრი ფერები, წმინდანთა შარავანდებისათვის გამოყენებულია ოქრო. ტაძარში თავდაპირველი ქვის იატაკის ნაცვლად დაგებულია დეკორატიული მოზაიკური იატაკი, რომელშიც დატანებულია წარწერიანი საფლავის ქვები. დიდი ტაძრის ფასადები მორთულია ჩუქურთმებითა და დეკორატიული რელიეფებით. დეკორატიულ სისტემაში (გარდა გადაკეთებული დასავლეთ ფასადისა) მთავარ როლს ასრულებს ერთმანეთთან მწყობრად დაკავშირებულო დეკორატიული თაღედი. გრძივი ფასადების მაღალ ცენტრალურ დეკორატიულ თაღში თითო სარკმელია. მათ თავზე დიდი ვარდულია. ფასადები დასრულებულია რთულპროფილიანი მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ჯვრის მკლავების გვერდითი კედლების მაღალი შუბლი ასევე თაღედითაა დამუშავებული, რითაც ეს კედლებიც დეკოროს საერთო სისტემაშია ჩართული.

 

აღმოსავლეთ  ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული ლილვებით შემოფარგლული ხუთი დეკორატიული  თაღით და აფსიდის ორივე მხარეს არსებული ფესტონებით შემკული ორი სამკუთხა ნიშით.

შუა თაღი ყველაზე მაღალია, გვერდითი თაღები თანდათანობით დაბლდება. შუა თაღის ღერძზე, ზევიდან ქვევით, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულია მდიდრულად მოჩუქურთმებული დიდი რელიეფური ჯვარი, ვარდული, საკურთხევლის დიდი სარკმელი და ორი ირიბად დადგმული კვადრატი.ფასადის თავისუფალ არეებს ავსებს დეკორატიული ლილვები და ასომთავრული წარწერები. ჯვრის ზედა, მარცხ. მხარეს ასეთი წარწერაა: "ქ ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას უკუნისამდე"; ქვემოთ: "ქ ხატო ღვთაებისაო შეიწყალე სული ილარიონისა ძისა ვაჩე ყანჩაელისი". ფასადის მარჯვენა კუთხეში ფასკუნჯის ბარელიეფი, ყურძნისა და ბროწეულის რელიეფებია (თავდაპირველად ფასკუნჯის გამოსახულება ფასადის მარცხენა კუთხეშიც ყოფილა, მაგრამ გამოფიტული ქვები XIX ს. შეუცვლიათ). აღმოსავლეთ ფასადის კუთხეებში მიმდებარე ფასადებზე გადასული ყლორტებიანი ლილვებია.

დიდი ჯვრის გვერდებზე თოთო პატარა დეკორატიული თანაბარმკლავებიანი ჯვარია, რომლებიც შექმნილია დეკორატიული თაღედის პილასტრებისაგან გატოტვილი ლილვებით. აღმოსავლეთ ფასადის სამკუთხა ნიშების თაღები დასრულებულია ოთხ-ოთხი ფესტონით. მათ ჩუქურთმიანი საპირეები აქვთ შემოვლებული. ფასადის გვერდით დეკორატიულ თაღებში მდებარე სადიაკვნისა და სამკვეთლოს სარკმლები შედარებით დაბლაა და მათ განიერი ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. აღმოსავლეთ ფასადზე ორნამენტული მოტივების გასაძლიერებლად გამოყენებული ყოფილა წითელი ფერის საღებავი (ნიშების ფესტონებზე, კვადრატის ორნამენტულ კოპთან და სხვ.). ფასადის ლავგარდანი აღდგენილია თავდაპირველი პროფილით. ფასადის ქვედა მონაკვეთში წყობა მთლიანად გამოცვლილია (ნახევარსვეტების ბაზისები ახალია, გაკეთებულია ძველის მიმსგავსებით); ცოკოლსაც თავდაპირველი პროფილი აქვს.

სამხრეთის ფასადს ეკვროდა კარიბჭე რომელიც ახლა აღარ არის. ამ ფასადზე უწყვეტი დეკორატიული თაღედია. ცენტრალურ ნაწილში სამი დეკორატიული თაღია რომელთაგან შუა ამაღლებულია. ფასადის გვერდით მონაკვეთებზეც დეკორატიული სამთაღოვანი არეებია, მაგრამ აქ მარჯვნივ თანაბარი ზომის დეკორატიული თაღებია, ხოლო მარცხნივ დეკორატიული თაღების სიმაღლე და სიგანე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ კლებულობს. ფასადზე თავდაპირველი ნაწილებიდან შემორჩენილია ცენტრში მდებარე მაღალი ორნამენტით მოჩარჩოებულო სარკმელი და წრიული ვარდული სარკმლის თავზე. სარკმლის მარჯვნივ ორნამენტიანი ზოლი გვიანდელი უნდა იყოს. მარჯვენა დეკორატიული სამთაღედის ცენტრში ფართო ორნამენტიანი არშიით მორთული პატარა მრგვალი სარკმელია. ფასადზე აღდგენილია ლილვების კონით შედგენილი პილასტრების კაპიტელები და ბაზისები (თავდაპირველი სახით დატოვებულია მხოლოდ მარჯვენა დეკორატიული თაღედის პილასტრები და მაღალი დეკორატიული თაღედის შუა პილასტრის ორი კაპიტელი) ცალფერდა სახურავს ზემოთ, სიღრმეში არსებული კედლის აღმოსავლეთის მონაკვეთზე ხუთი დეკორატიული თაღია. ასეთივე ყოფილა დასავლეთის მონაკვეთზეც (იგი XV-XVI სს. მიჯნაზე აღუდგენიათ უთაღოდ). დიდი ტაძრის სამხრეთ ფასადი, ისევე როგორც აღმოსავლეთისა აღდგენისას აუმაღლებიათ წყობის ორი რიგით.

დასავლეთ  ფასადი მთლიანად აღდგენილია (გუმბათის გადმოვარდნისას ფასადი მთლიანად გადმოქცეულა). ფასადი, სავარაუდოა, თაღედით იყო დამუშავებული. მისი დღევანდელი სახე შეკოწიწებულია ორი შეკეთების დროს ჩასმული ძველი და ახალი ქვებით. ამჟამად ამ ფასადის მორთულობის მთავარი ელემენტია შეწყვილებული სარკმლები. ჯვრის ქვედა მკლავის ორივე მხარეს სარკმელების მოჩარჩოება შედგენილია ძველი ორნამენტიან ქვებში ახლის ჩართვით. კარს ზემოთ შვიდსტრიქონოანი ასომთავრული წარწერაა: "ქ ხატო ღმრთაებისაო ადიდე შენ მიერ დამყარებულო ძლიერი და უძლეველი ღმრთივ გვირგვინოსანი ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ მეფე გიორგი მე იოანე სამთავნელმან მეფობისა მათისამან აღვაშენე კარისბჭე ესე სალოცველად მეფობისა მათისა (ინ)დიქტიონსა მეფობისა მათისასა იბ ქორონიკონი იყო ტპჴ“. წარწერის მიხედვით, 1168 წ. იოანე სამთავნელ ეპისკოპოსს ტაძრისათვის მიუშენებია კარიბჭე. ამ კარიბჭეს ჩვენამდე არ მოუღწევია. მარცხ. სარკმლის ზემოთ ორ ფილაზე ასეთი წარწერაა: "ჰოი დიდისა ამილახორისა თანმეცხედრესა მეფეთ მეფისა ასულისა მეორედ აღმაშენებელსა გაიანეს შეუნდვნეს ღმერთმან ამინ". ეს წარწერა XV ს. 70-იან წლებს განეკუთვნება. ამავე სარკმლის ქვემოთ წარწერაა. "წ ხატო ღმრთაებისაო მეოხ ექმენ მეორედა აღმშენებლისა შვილისა სიაოშისა ამინ უფალო ღმერთო". წარწერა შესრულებულია XV ს. ბოლოს ან მომდევნო საუკუნის დასაწყისში. ამავე ფასადზე, პორტალის თავზე აყვავებული ჯვრის რელიეფია. ტაძრის დასავლეთ ფასადზე ლავგარდნები აღდგენილია ძველის მიბაძვით. ტაძრის მკლავების ფრონტონების კეხზე დადგმულია ქვის მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესიის მოდელები. დიდი ტაძრის გუმბათი გადახურულია ქვის ლორფინებით, ხოლო მკლავების ორფერდა და მკლავებს შორის მოთავსებული სათავსების ერთფერდა სახურავები - თუნუქით. დასავლეთ პორტალი მთლიანად ახალია (XIX ს.).

ჩრდილოეთ ფასადი სამხრეთის მსგავსია. მას ატყვია სხვადასხვა დროის შეკეთების კვალი. გვერდის ნაწილები ამაღლებულია. აღდგენილია დასავლეთ მონაკვეთი; ქვედა რიგის თაღედის ყველა ბაზისი გამოცვლილია, თავდაპირველი კაპიტელებიდან დატოვებულია მარცხნიდან მეოთხე კაპიტელი. ფასადის ცენტრალური ნაწილი XV-XVI სს. მთლიანად აღუდგენიათ, XIX-ში კი - ნაწილობრივ. ფასადი დამუშავებულია დეკორატიული სამთაღედების სისტემით. ცენტრალურ თაღში მოთავსებულია სადასაპირიანი დიდი სარკმელი და ვარდული, რომელიც საერთო ხაზებშია წარმოდგენილი. ფასადის დეკორატიული ელემენტებიდან უცვლელადაა მოღწეული ვარდულის ცენტრში მდებარე ორნამენტული კოპი და მარცხენა სამთაღედის შუაში მოთავსებული ფართო ორნამენტული არშიით შემკული მრგვალი სარკმელი. შესასვლელი დავიწროებულოა. ცალფერდა სახურავის ზემოთ, აღმოსავლეთით თაღედია. დასავლეთ  თაღედი ადრევეა აღდგენილი. ლავგარდნები მთელ ფასადზე განახლებულია.

გალავანი -  გეგმით მრავალგვერდაა (200 X 70 მ, კედლების სიმაღლე 3-5 მ), თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით და XVIII საუკუნის I მესამედით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. კედელი ორიარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. ქვედა იარუსი 3-4 მ სიმაღლეზე ყრუა. ქვის საბრძოლო ბილიკი მხოლოდ სამხრეთითაა. ბილიკის გასწვრივ ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. გალავანს ორი ჭიშკარი ჰქონია: ერთი - დასავლეთით (მოგვიანებით ამოუშენებიათ), მეორე - ჩრდილოეთით, სამრეკლოს ქვედა სართულში. გალავნის კედელში, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ორი კოშკია ჩართული. ჩრდილო-აღმოსავლეთის ცილინდრული კოშკი კონსტრუქციულად არ არის დაკავშირებული გალავანთან, მაგრამ მისი თანადროულია. პირველი სართული ყრუკედლებოანია. შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხრიდან. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები და სამეურნეო დანიშნულების ნიშებია. მეოთხე სართულის მცირე ნაწილია გადარჩენილი. სავარაუდოა, რომ ეს იყო ბანი, რომლის კედლებში დატანებული იყო სათავდაცვო ელემენტები. ჩრდილო- დასავლეთით დგას მცირე სამეთვალკურეო კოშკი (შიდა დიამ. 1 მ-მდეა). სამთავისის დიდი ტაძრის ხუროთმოძღვრება გამოირჩევა არა მარტო მაღალი მხატვრული ღირსებებით (მასების, ცალკეული ფასადებისა და შიდა სივრცის პროპორციულ შეფარდებათა ჰარმონიულობა, მორთულობის ვირტუოზული შესრულება და ა. შ.), არამედ ისეთი ახლებური გადაწყვეტით, როგორიცაა გეგმის გამარტივება, ფასადების დეკორატიული სისტემის სრულყოფა და სხვ., რაც საფუძვლად დაედო განვით.არებული ფეოდალური ხანის ქართულ მონუმენტური არქიტექტურის შემდგომ განვითარებას.

ეპისკოპოსის პალატი - დგას დიდი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩართულია გალავანში. თარიღდება: პირველი ფენა - განვითარებული ფეოდალური ხანით, მეორე - XVIII საუკუნით. შენობა ორსართულიანია (8,4 X 15,2 მ), ნაგებია რიყის დიდი ქვებით და ნაწილობრთვ აგურით. ძლიერ დაზიანებულია. ჩანგრეულია ხის სართულშუა გადახურვა; შედარებით კარგადაა შემონახული ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლები. პირველი სართული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. შესასვლელი სამხრეთითაა, ეზოს მხარეს. ოთახების კედლებში ნიშები და ბუხარია ჩატანებული. პირველი სართულის ჩრდილო კედლის დასავლეთ მხარეს, ქვედა ნაწილში, ჩაშენებულია ქვა მხედრული წარწერით (დაზიანებულია, არ იკითხება). ამავე კედელზე მიშენებულია ნახევარწრიული კონტრფორსი.

პალატის მეორე სართული ძველ კედლებზეა დაშენებული XVIII საუკუნეში. აქ კედლებში იატაკიდან ჭერამდე დიდი სარკმლები ყოფილა გაჭრილი (ამჟამად ამოქოლოლია). მეორე სართულის ზემოთ პალატს შემოვლებული ჰქონია 2 მ სიმაღლის პარაპეტი, რომელიც საბრძოლო დანიშნულების ქონგურებით მთავრდებოდა. პარაპეტი შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეს. მის კედლებში დატანებულია სათოფურები და ნიშები.

მცირე ეკლესია - დგას დიდი ტაძრის სამხრეთით, გალავნის შუა წელზე. მისი სამხრეთ კედელი გალავანს ეკვრის. ეკლესია დარბაზულია (5,8 X 3,2 მ), ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. კედლის წყობაში საშენ მასალად გამოყენებულია ჩუქურთმის ოთხი ფრაგმენტი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. გარეთა სიპი ქვის პერანგი თითქმის სრულიად ჩამოცვენილია, მთლიანად ჩამონგრეულია ცილინდრული კამარა, ძლიერ დაზიანებულია ეკლესიის ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლებიც. ეკლესია 1,5 მ სიმაღლემდე მიწითა და ღორღითაა ამოვსებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ყოფილა (ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. მცირე ზომის სარკმლებია სამხრეთ  და დასავლეთ კედლებში. სამხრეთ სარკმელს გალავნის კედელი ფარავს.

 

სამრეკლო - დგას ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შუა წელზე. იგი სამსართულიანი ნაგებობაა (5,7 X 7,3 მ). თარიღდება XVIII საუკუნის I ნახევრით. ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია.

პირველი სართული მაღალი და განიერი თაღოვანო კარიბჭეა. მის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია მეორე სართულზე ასასვლელი აგურის ათსაფეხურიანი კიბე. ინტერიერი რვაწახნაგოვანია, ჭერი ნახევარსფერული. კედლებში ღრმა ნიშები და ბუხარია. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი სამრეკლოს მასზე მიშენებულ გრძელ სათავდაცვო ნაგებობასთან აკავშირებს. დასავლეთ კედელში მესამე სართულზე ასასვლელი სპირალური კიბეა დატანებული. მესამე სართული გეგმით წრიული ფანჩატურია. იგი შვიდი შეისრული თაღით სიმეტრიულადაა გახსნილი. გადახურულია სფერული კამარით და აგურის მაღალი შვიდწახნაგოვანი სახურავი აქვს.