topmenu

 

ალვანი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...   << დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

 

ზემო ალვანი

სოფელი ზემო ალვანი (ისტორიული ძეგლი) მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს, ახმეტიდან 8კმ. ალვანი (ა ლ ო ნ ი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI ს-ში კახეთის მეფეს -ლევანს (1520-1574წწ) იგი თუშებისთვის უწყალობებია. 1757 წ. თეიმურაზ II -ისა და ერეკლე II -ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ, XIX ს-ში კი მუდმივად დამკვიდრებულად.

 

ბზიანის საყდარი

ბზიანის საყდარი (არქიტექტურული ძეგლი) დგას სოფლის ჩრდ-ით 2 კმ-ზე, ტყეში. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლდ ჩრდ. კედლის ნაწილი, თაროსებრი კაპიტელით დაგვირგვინებული ორსაფეხურიანი პილასტრით, რომელზეც კედლის მიმდებარე თაღები და კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი. ეკლესია ყოფილა ნაგები მოზრდილი, თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვების სწორხაზოვანი რიგებით, პილასტრი და შემორჩენილი ნაწილები - შირიმით.

 

ეფროსის ეკლესია

ეფროსის ეკლესია (არქიტექტურული ძეგლი) დგას სოფლის ჩრდ-დას-ით, 4-5 კმ-ზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კონქი, მონგრეულია კედლის ზედა ნაწილები. ეკლესიის შიგნის ხეები და ბუჩქებია ამოსული.

ეკლესია დარბაზულია (7,5X5მ) , ნაგებია რიყის  და ნატეხი ქვებით, წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. შესასვლელი დას-იდან ჰქონია. შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის კვალი. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გეგმით ნახევარწრიული სამი თაღოვანი ნიშია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

 

იახსრის ეკლესია

იახსრის ეკლესია (არქიტექტურული ძეგლი) დგას სოფლის ჩრდ-დას-ით, 3,5კმ-ზე, ტყიანი მთის თხემზე. განეკუთვნება IX- Xსს. ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, ნაგებია საშუალო და მოზრდილი ნატეხი ქვებით. წყობა ირეგულარულია. შიგნით კედლები მობათქაშებულია. შენობის გეგმის სწორკუთხედში (8,2 X6,1მ), რომელიც რამდენადმე სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული, სამი დამოუკიდებელი ეკლესიაა მოთავსებული. მოგვიანებით (გვიანდელ შუა საუკუნეებში) ბაზილიკაზე დასავლეთიდან, საკმაოდ  მოზრდილი ორსართულიანი ნაგებობა მიუშენებიათ, რომელიც მთლიანად ფარავს შუა და სამხრეთ ეკლესიის ფასადებს, ჩრდილოეთ ეკლესიის ნახევარს და სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილს.

ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია შუა ეკლესიის კონქი და კამარა. ფასადებზე აქა-იქ ჩამოშლილია საპირე წყობა. დანგრეულია დასავლეთ მინაშენის მე-2 სართულის კედლები.

შუა ეკლესია აღმ-ით დასრულებულია ნალისებრი ფორმის აფსიდით, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული სარკმელია.  სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდის მხარეები შირიმის თაროსებრი კაპიტელებითაა დასრულებული, რომელზეც კონქის თაღი ეყრდნობოდა ( დანგრეულია). შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებს უკავშირდებოდა გრძივ კედლებში გაჭრილი თითო თაღოვანი კარით. ჩრდ. კარი ჩრდ. კედლის დას. კიდეშია გაჭრილი, ხოლო სამხრეთის - კედლის შუა ნაწილში. ჩრდილოეთ კედლის აღმ. კიდეში სწორკუთხა ნიშია, რომელშიც გამავალი ხვრელია.

 

სამხრეთ ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის ჩრდ. ქუსლი შუა ეკლესიის სამხ. კედელზე მიშენებულ ორ თაღს ეყრდნობა. თაღებს შორის სწორკუთხა ბურჯია. აღმ. თაღი ყრუა, დასავლეთისაში - შუა ეკლესიაში გამავალი კარია მოქცეული. დას. მინაშენში გამავალი კარი დას. კედელშია გაჭრილი.

ჩრდილოეთ ეკლესიას აღმ-ით ნალისებრი აფსიდი აქვს. აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის მარჯვნივ - პატარა სწორკუთხა ნიში, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ქვით ნაწყობი ტრაპეზია მიდგმული. ეკლესიის ნახევარწრიული კამარა ჩრდილოეთით კედელს ეყრდნობა, სამხრეთით - სწორკუთხა ბურჯზე დაყრდნობილ , ორი ფართო თაღით შექმნილ გრძივ საყრდენს. დასავლეთის თაღის არეში, შუა ეკლესიიდან თაღოვანი კარი გამოდის. ეკლესიას ნატეხი ქვით ნაწყობი ლავგარდანი ჰქონია (ნაწილები შემორჩენილიამხოლოდ გვერდის ეკლესიებზე).

ბაზილიკის დას. მინაშენი გეგმით მრუდხაზოვანია, ნაშენია ნატეხი ქვბით . პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთ ეკლესიიდანაა. სართული განათებული იყო სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გაჭრილი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმლით. მე-2 სართულზე (დანგრეულია) ასასვლელი კიბე მინაშენზე ჩრდილოეთიდან მიდგმულ კონტრფორსისმაგვარ ნაწილშია მოწყობილი.

 

კვირაცხოვლის ეკლესია

კვირაცხოვლის ეკლესია (არქიტექტურული ძეგლი) დგას სოფლის ჩრდ-დას-ით, 2,5 კმ-ზე, ტყეში. ნაგებია რიყისა და სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვებით. გვიანი გადაკეთებებისა და დანამატების გამო თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს . თავდაპირველი ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა, განეკუთვნება VIII –IX სს. მოგვიანებით შუა ეკლესიაზე, იმხანად დანგრეული გვერდის ეკლესიების ნაცვლად, ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ ვიწრო სამლოცველო, ხოლო სამხრეთიდან განიერი სათავსი, რასაც სამხრეთიდან აფსიდიანი მინაშენი ეკვრის. ბაგებობები გეგმის ერთ სწორკუთხედში (15 X11მ) არიან მოქცეული, რომელიც რამდენადმე სამხრეთ-ჩრდილოეთით არის წაგრძელებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ბაზილიკის შუა ეკლესიისაგან შემორჩენილია: ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი, დას. და ჩრდ. კედლები (სიმ. 0,7მ) და სამხრეთ კედლის ნაწილი (სიმ. 3,7მ), ჩრდ. ეკლესიიდან - დას. კედელი; სამხრ. ეკლესია მთლიანად დანგრეულია.

შუა ეკლესიის ჩრდ. კედლის შუაში ჩრდ. ეკლესიაში გასასვლელი კარია გაჭრილი, ხოლო სამხრ. კედლის შემორჩენილ ნაწილში ვიწრო და დაბალი სარკმელი.

ჩრდ-იდან მიშენებული სამლოცველოდან მხოლოდ აღმ. ნაწილია შემორჩენილი. დას-დან იგი მოზღუდულია მოგვიანებით, გრძივ კედლებს შორის ჩაშენებული კედლით, რომელშიც მოწყობილია ვიწრო და მაღალი სწორკუთხა შესასვლელი. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ნალისებრთაღიანი სარკმელია, რომლის ჩრდ-ით განიერი და ღრმა ნიშია. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღის ქუსლებთან თაროსებრი იმპოსტებია გამოყოფილი. სამხრეთ კედელში (აფსიდის მხართან) ვიწრო და მაღალი ნიშია. კამარა ცილინდრული ფორმისაა.

შუა ეკლესიას სამხრეთ-იდან მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს ორ დამოუკიდებელ ნაწილად გაყოფილი სათავსი. სათავსის აღმ. ნაწილს ნახევარწრიული ფორმის ღრმა აფსიდი მოიცავს, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს (აფსიდის ბოლოებთან) თითო ფართო და მაღალი თაღოვანი გასასვლელია, მათგან ჩრდიოლოეთის შუა ეკლესიის საკურთხეველში გადის, ხოლო სამხრეთისა სამხრეთიდან მიშენებული ნაგებობის აღმ. ნაწილში მოწყობილ პატარა ოთახში.