topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ. ლეთოდიანი - ორბელის ციხე

<უკან დაბრუნება

ორბელის ციხე, დ. ერმაკოვის ფოტო, 1910 წელი

დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

თამარ ლეთოდიანი

ორბელის ციხე

ქართველოლოგია, სამეცნიერო ჟურნალი, N5-6, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016 წ

საქართველოში მრავლად შემორჩენილი ძველი ციხეები განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტით ხასიათდება, რაც უპირველესად მათი სხვადასხვა ფუნქცია-დანიშნულებით აიხსნება. განსხვავებას განაპირობებს, ასევე, ქვეყნის რეგიონების გეოგრაფიული თავისებურებანი, სამშენებლო ტრადიციები თუ ისტორიულ-ეკონომიკური განვითარების ხასიათი, რაც კონკრეტული მხარის სპეციფიკურ მახასიათებლებს აყალიბებს.

ამკუთხით, ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონად ლეჩხუმი უნდა მივიჩნიოთ, რომლის ხუროთმოძღვრება მდიდარი ტრადიციების მატარებელია. რეგიონის მთავარი არქიტექტურული მახასიათებლების თავისებურებას განსაზღვრავდა მცირე, მთიანი ტერიტორია და მასზე მორგებული, როგორც სასიმაგრო, ასევე საეკლესიო ნაგებობები, გარდა ამისა, რეგიონის გზაჯვარედინზე არსებობა და მომიჯნავე კუთხეების ნიშნების გავლენა.

ლეჩხუმის რეგიონის დაწინაურება გეოგრაფიული მდებარეობის სპეციფიკამ და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა. ეს დასტურდება ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, როდესაც „თაკვერის გზა“ ჩრდილოელი ტომებისათვის დასავლეთ საქართველოსთან დასაკავშირებელი მნიშვნელოვანი მაგისტრალი ხდება. მიუხედავად რეგიონის ანტიკური ხანიდან დაწინაურებისა საფორტიფიკაციო ნაგებობები მხოლოდ ადრე შუა საუკუნეებიდან დასტურდება, ხოლო ადრეულ პერიოდში მათი დაცულობის შესახებ ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება.

ლეჩხუმის სტრატეგიული მნიშვნელობა დროთა განმავლობაში იზრდებოდა, რაც საფორტიფიკაციო ნაგებობების რიცხვზეც აისახა.

ადრე შუა საუკუნეებში შესამჩნევი ხდება, რომ „თაკვერის გზის“ მნიშვნელოვანი მონაკვეთები ციხეეებით მაგრდება. მათი რიცხვი კიდევ უფრო იზრდება განვითარებულ შუა საუკუნეებში, როდესაც ხვამლის მთა ხდება „მეფეთა საგანძურთ სადები“1. მისკენ მიმავალი ყველა გზა ციხეებით იქნა გამაგრებული. ეს არის პერიოდი, როდესაც ლეჩხუმის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, თუ გზაჯვარედინი დაცული იყო ციხე-სიმაგრეების და კოშკების ერთიანი, კარგად გააზრებული სისტემით, რის თქმის საფუძველს დღეს არსებული ციხეების განლაგება იძლევა.

გვიან შუა საუკუნეებში ლეჩხუმი აქტუალობას არ კარგავს, მისთვის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და დადიანების სამთავროს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით სრულდება. ეს არის დრო, როდესაც ციხე-სიმაგრეების მშენებლობის ტემპი ეცემა და მიმდინარეობს ძველი ციხეების განახლება და მორგება ახალი მოთხოვნილებებისადმი. ამდენად, ციხე-სიმაგრეთა უმრავლესობას სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი ეტყობა.

ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ციხესიმაგრეებიდან თავისი მასშტაბით, მდებარეობით, არქიტექტურულ-სტილისტური გადაწყვეტით და სტრატეგიული მნიშვნელობით ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ორბელის ციხე. ის მდებარეობს ცხენისწყლის და ლაჯანურის აუზების გამყოფი ლეჩხუმის სერის აღმოსავლეთ კიდეზე, ლაჯანურის მარჯვენა სანაპიროზე და საუკუნეების მანძილზე ხეობის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა.

პირველ ცნობებს ორბელის ციხის შესახებ გვაწვდის XVIII საუკუნის I ნახევaრში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილი. იგი წერს - „ამ ხევზედ არის ციხე ორბეთისა, კლდესა ზედ შენი, ფრიად მაგარი“.2

1772 წელს გიულდენშტედმა საქართველოში მოგზაურობის დროს ვერ მოახერხა ოდიშის და მის შემადგენლობაში შემავალი ლეჩხუმის მონახულება, მაგრამ ხონში ყოფნისას შეკრიბა მონაცემები ამ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ, სადაც მოხსენიებულია ორბელის ციხეც3.

1802 წლის ცნობით, ორბელის ციხე „იყო სამოურავო ბააკა ჩიქოვანისა: რომელი იყო ჟამსა მას ლეჩხუმსა შინა შემძლე კაცი“4.

1860-1862 წლებში გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი გუსტავ რადე მოგზაურობს სამხრეთ კავკასიაში საბუნებისმეტყველო კოლექციების შეგროვების მიზნით. მოგზაური იხსენიებს სოფელ ორბელს და ორბელის ციხეს5..

ლეჩხუმში არსებული საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ამბროსი ხელაია6.. 1902-1903 წლებში იგი მოგზაურობს რაჭა ლეჩხუმში და აღწერს ამ მხარეში არსებულ მონასტრებს, იქ დაცულ სიძველეებს, მათ შორის იხსენიებს ორბეთის (იგივე ორებლი) ციხეს და ტაძარს.

შემდეგი ცნობები ორბელის ციხის შესახებ განეკუთვნება 1910 წელს, როდესაც ეწყობა პირველი არქეოლოგიური ექსპედიცა ლეჩხუმში ექ. თაყაიშვილის ხელმძღვანელობით. იგი წერს „ ორბელი თავი სოფელია ლაჯანურის ხეობისა, სადაც სახლობენ თავადნი გელოვანები. აქვე მაღალ კლდეზე აშენებულია დიდი, ლამაზი ციხე ორბელისა“7.. ექვთიმე მთლიანად აღწერს კომპლექსს, რომელიც მეტად საყურადღებოა, რადგან ჩვენამდე ეს ციხე საკმაოდ დაზიანებული სახითაა მოღწეული და ფრაგმენტულად იკითხება. „ციხეს სამი კოშკი აქვს: მათში ჩრდილოეთის კოშკი ყველაზე მაღალია, შიგ ხის ოთახია გადახურული; შუა კოშკი შესავლი კარის თავზეა ამართული, აღმოსავლეთით; მესამე კოშკი სამხრეთით არის“. ექვთიმე თაყაიშვილი მოიხსენიებს მხოლოდ ზედა ციხის კოშკების ჯგუფს. არ საუბრობს ქვედა ციხის ნაწილში მდებარე სამ კოშკზე, მაგრამ აღწერს ამ ადგილზე არსებულ სხვა ნაგებობებს, კერძოდ ქვის ეკლესიას, ხის ეკლესიას, სამრეკლოს და რეზერვუარს. „ციხეში არის ჭა და პატარა ქვის ეკლესია: აწ უკვე დანგრეული. ეკლესია თლილი ქვით არის შეძერწილი შიგნით და გარედ: სიგრძე აქვს 7 არშინი და 4 ვერშოკი; შესავალი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთით. ფანჯრები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით, საკურთხეველში ორი პატარა უბეა. თაღი ჩამონგრეულია. დასავლეთის მხრიდან ეკლესიას მიშენებული აქვს დიდი ეკვტერი: სიგრძით 9 არშინი და 4 ვერშოკი; ეკლესია მოხატული ყოფილა, ხოლო ეხლა მხატვრობა მოშლილია. კარგად შემონახულია მხოლოდ მთავარანგელოზი დასავლეთ კარის ზემოთ; თვით კარი რკინით შეჭედილია; საკურთხევლის თაღში ორი პატარა ჭურია; ჩაშენებული ხმისათვის. პატარა დავაკებაზე, მის მახლობლად ძველი ეკლესიისა. ეკლესია მომრგვალებით გამოდის აღმოსავლეთით; ირგვლივ უვლის ფანჩატური სვეტებზე; დახურულია ყავრით; ფანჯრები ხისა აქვს; ცხრილოვანი და ლამაზი. კანკელი ახალია და გაკეთებულია 1867 წლის 19 აგვისტოს, რაც ჩანს შემდეგი მხედრული წარწერიდან: „აღემართა კანკელი ესე ამა მთავარანგელოზის ეკლესიასა შ~ა. ამას შინა შემავალთა მრევლთა მიერ. მათდამი საკუთრებათა ზ~აჩყ~ზ-სა წ. აგვისტოს: ით-ს“. ექვთიმე თაყაიშვილი ასევე ცნობებს გვაწვდის იმის შესახებაც, რომ “ეკლესიის მახლობლად ხის პატარა ლამაზი სამრეკლოა ორსართულიანი, სვეტებზე, შაქრის თავის მსგავსი სახურავით8.. მისი აზრით, ორბელის ეკლესია ბევრჯერ უნდა გაძარცვულიყო და შემორჩენილი ხატების აღწერას იქვე იძლევა:

ორბელის ციხის ეკლესიის ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით, დ.ერმაკოვის ფოტო, 1910 წელი

დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

„ჯვარი რკინისა 43-21 სანტიმეტრის, რომელიც შეჭედილია ოქროთი, ზედ ნაჭედი ჯვარცმულის სახით და ასომთავრული წარწერით ჲ~ო ქ~ე: შემკობილია ბალახოვანი ხლართული ორნამენტით; ძვირფასი თვალები ოთხი მოძარცულია, მაგრამ მათი ბუდეების ნაშთები მოჩანს; ქვემო ნაწილი ჯვარცმისა მოწყვეტილია. მეორე გვერდი ჯვარისა ისეთივე ლამაზი ხლართული ორნამენტით არის შემკობილი, როგორც პირველი, მაგრამ ქვემო ნაწილი, სადაც ასომთავრული წარწერა ყოფილა, მოძარცულია, დარჩენილია მხოლოდ ორი სიტყვა:„ ქ: ძელო:.“9.. იგი ჯვარს ათარიღებს XV საუკუნით.

„ხატი მთავარანგელოზისა მიქაელისა; წამლით დახატული ძელზე 93X56 სანტიმეტრი. მთავარანგელოზი წარმოდგენილია ლაბარუმით ხელში; მაგრამ ფერადები სურათისა სულ გახუნებულია. ვერცხლის შემკობილობა ბალახის მსგავსი ხლართულებით შერჩენილია მხოლოდ ნაწილობრივ არშიებზე, თავის წრეზე და ზემოთ თავის წრესთან, სადაც ასომთავრულით უწერია: მთავარანგელოზი მიქაელი“. ხატს ათარიღებს XIV-XV საუკუნეებით.

ორბელის ციხის ეკლესიის ხატი მთავარანგელოზის გამოსახულებით.

დაცულია ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში

მესამე ხატია ასევე „ მთავარანგელოზისა მიქაელის, წარწერით: მიქაელ მთნგზი: 89X59 სანტიმეტრის. წამლით დახატული, მაგრამ გაფუჭებული აშიები ოქროსი ისეთი ბალახოვანი ხლართული ორნამენტით ყოფილა შემკობილი, როგორც ზემოთ აღნიშნული ჯვარი, მაგრამ ორიოდე პატარა ნაწყვეტია დაცული. ხატი მთავარანგელოზისა გაბრიელისა: 58X42 სანტიმეტრი, ასეთივე ხელობისა, როგორც წინეთ მოხსენიებული ხატი, მაგრამ უფრო დაცული, წარწერით: მთანგზი გლ“.

შემდეგი ხატია მაცხოვრის “წელს ზევით; წამლით დახატული. 69X51 სანტიმეტრი. სახე აქ ცოტა უკეთ შენახულა. მაგრამ ოქროთ დაფერილი ვერცხლის სამოსელიდან ცოტა არის გადარჩენილი, მარჯვნივ და მარცხნივ ორ ადგილას არშიებზე: მაცხოვარი მარჯვენა ხელით აკურთხებს“10. ხატს ათარიღებს XVIII საუკუნით.

აქვე დაცული იყო აგრეთვე მაცხოვრის ხატი, რომელიც წინასთან შედარებით დიდი ზომისაა 104X72,5 სანტიმეტრის, რომელიც დაზიანებული ყოფილა „ფერადები გაფუჭებულია: მარჯვნივ მხედრული, არა-ძველი, წარწერა აქვს: „მე გიორგი მეიფარიანი დავდევი ეს მაცხოვრის ხატი ჩემი შესანდობელი“11.

შემდეგი ხატია მთავარანგელოზის მიქაელისა და გაბრიელისა, რომელიც ვერცხლის ყოფილა, ოქროთი დაფერილი. „ორთავე წარმოდგენილნი არიან სრულის ტანით, ყვავილებით ხელში; მიქაელი, ამას გარდა, რომაული მხედრის ტანისამოსშია და მარჯვენა ხელში სიმრგვლე უჭირავს ღერძით; გაბრიელს გრძელი, თითქოს ქალის ტანისამოსი აცვია და მარჯვენა ხელი გაშვერილი აქვს სიმრგვალისკენ. აშია მოჩუქურთმებულია.

ორბელის ციხის ეკლესიის ხატი მთავარანგელოზების გამოსახულებით და მთავარანგელოზი მიქაელი, დ. ერმაკოვის ფოტო, 1910 წელი.

დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ხატი კარგად არის შენახული და წარმოგვიდგენს ტიპიურ მეგრულ ხელობას XIX ს. I ნახევრისა, რაც დადასტურებულია მხედრულ წარწერებში ზემოდან და ქვემოდან“12..

1910 წლის ექსპედიციის დროს ორბელის ციხის ეკლესიაში დაცული რამდენიმე ხატი ერმაკოვის მიერ არის ფირზე აღბეჭდილი. კერძოდ, ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით, ხატი მთავარანგელოზების გამოსახულებით და ხატი მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებით.

ორბელის ეკლესიაში დაცული ყოფილა, აგრეთვე, ეტრატზე შესრულებული სახარება. 21X16 სანტიმეტრის ზომის. ოთხთავი დაწერილია ნუსხურით, ორ სვეტად 25 სტრიქონით სვეტში. სათაურები და საწყისი წარწერა სინგურითაა შესრულებული. სახარება ყდამოცილებულია და აკლია თავი და ბოლო ფურცლები. ნაკლულოვანი ადგილები შემდგომში შეუვსიათ ქაღალდით, როგორც ექ. თაყაიშვილი წერს. იგი სახარებას წერის მანერის მიხედვით ათარიღებს XII საუკუნით. ტექსტი გიორგი მთაწმინდელის რედაქციით არის შედგენილი. ბოლოში დართული აქვს ვრცელი სარჩევი და წარწერა, რომელიც გვამცნობს სახარების განახლების თარიღს. კერძოდ, „1600 წელს, როდესაც ქართლის მეფე სვიმონ პირველი თათრებს ტყვედ ჩაუვარდა“13. ექ. თაყაიშვილი ყურადღებას აქცევს მინაწერებში ერთი და იმავე გვარის სამი ფორმით მოხსენიებას: ყასელაძე, ქასელაძე, ქარსელაძე. ეს სახარება მას უნახავს დავით ლეშკაშელის სახლში, რომელიც ამ ოჯახმა, შემდეგ გადასცა ქუთაისის მუზეუმს.

(+)

ორბელის ციხის ეკლესიის ოთხთავი

დაცულია ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში

დღეისათვის ეს სახარება დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ნომრით N248, რომლის მოკლე ცნობარის მიხედვით - XV-XVI საუკუნეებითაა დათარიღებული. შემორჩენილია 202 ფურცელი. განახლებულია მანაველ ქარსელაძის მიერ 1895 წელს მუხიერ ყიფიანის დაკვეთით, როდესაც „ქართველთა მეფე სვიმონი თათრებმა დაიჭირეს და წაიყვანეს, მაშინ განაახლებინა წიგნი ქარსელაძეს“. ქართველთა მეფე სვიმონი ტყვედ ჩაუვარდა თათრებს 1660 წელს, როგორც ექ. თაყაიშვილი წერს და არა 1895 წელს. მინაწერში იკითხება: „ეს სახარება ასთე დაშლილი ვიპოვე სოფელს ორბელს, სუნანიერის ძველს ხის ეკლესიაში, სადაც წვიმისაგან გაფუჭებულიყო და გადმოვიტანე ორბელისავე მთავარანგელოზის ეკლესიაში 1889 წელს. მღვდელი დავით ლეშკაშელი“14.

რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლებისა და სიძველეების აღსაწერად გასაბჭოების შემდეგ, 1923-1926 წლებში განათლების კომისარიატის მიერ მივლენილი იქნა გიორგი ბოჭორიძე, რომელმაც ლეჩხუმში არსებული ძეგლების უმეტესი ნაწილი მოინახულა და იქ დაცული სიძველეები აღწერა. იგი საუბრობს ორბელის ციხის და მასში არსებული ეკლესიების შესახებ15. მაგრამ სამრეკლოს აღარ იხსენიებს, რომელიც რამოდენიმე წლით ადრე აღწერა ექ. თაყაიშვილმა. გ. ბოჭორიძე წერს აქ არსებული ორი ზარბაზნის შესახებ, რომელთაგან ერთი დაცული ყოფილა მარკოზ ბურჯალიანის ეზოში, მეორე წაუღია საბა გურგუჩიანს. ის ჩამოთვლის ხის ეკლესიაში დაცულსიძველეებს. ცხადი ხდება, რომ ექ. თაყაიშვილის შემდეგ ხატების რაოდენობა შემცირებულია. გ. ბოჭორიძეს ხის ეკლესიაში დახვდა შემდეგი სიძველეები: „ფიცარზე ნახატი ხატი მთავარანგელოზისა, ვერცხლის შემკულობა მოცილებული, დაზიანებული. ტილოზე ნახატი და ფიცარზე გადაკრული ხატი ჯვარცმისა, ძლიერ დაზიანებული. ტილოზე ნახატი და ფიცარზე გადაკრული ხატი მაცხოვრისა, ვერცხლის შემკულობამოცილებული, ძლიერ დაზიანებული, ხატს მარჯვენა არშიის ადგილას, ფიცარზე აქვს წარწერა“ სამივე ხატს გ. ბოჭორიძე მიიჩნევს, რომ „ძველი ხანისაა“. თუ შევადარებთ ექ. თაყაიშვილის მიერ აღწერილ ხატებს, ირკვევა, რომ იმ პერიოდში როდესაც გ. ბოჭორიძემ აღწერა სიძველეები, მთავარანგელოზის ოთხი ხატიდან უკვე ერთი იყო შემორჩენილი. ჯვარი ჯვარცმის, რომელიც ოქროთი იყო შეჭედლი, აღარ იხსენიება. დაცულია ტილოზე ნახატი და ფიცარზე გადაკრული ჯვარცმის ხატი. მთავარანგელოზის ხატი ზომების მიხედვით არ ემთხვევა ექ. თაყაიშვლის მიერ აღწერილ მავარანგელოზთა არცერთ ხატს. საყურადღებოა ასევე ის, რომ მაცხოვრის ორი ხატიდან გ. ბოჭორიძეს დახვდა მხოლოდ ერთი - ხატი მაცხოვრისა, დიდი ზომის (104X71.5სმ), რომელსაც მარჯვენა მხარეს ჰქონდა წარწერა.

გარდა ხატებისა, გიორგი ბოჭორიძე წერს საბრძოლო იარაღის რამდენიმე ფრაგმენტის შესახებ, კერძოდ „შვილდი რკინისა, ისრის ბოლო რკინისა, ლახტი რკინისა ტარიანი“16, „ზარბაზანი წონით 10 ფუთი, ტუჩმოტეხილი“17, მეორე ზარბაზანი 1927-1930 წლებში გადასადნობად წაუღიათ18.

1938 წლის აგვისტოში საქართველოს მუზეუმის მიერ ლეჩხუმის ეთნოგრაფიული ყოფისა და ისტორიული ძეგლების გაცნობის მიზნით ეწყობა ექსპედიცია გ. ჩიტაიას ხელმძღვანელობით. ექსპედიციის დროს ქვაბულები, არქეოლოგიური პუნქტები, საკულტო ნაგებობები, აკლდამები და ციხე- კოშკებია დაფიქსირბული. მათ შორის იხსენიება ორბელის ციხე, ორბელის ციხეში მდებარე მოხატული ტაძარი და აკლდამა19.

1945 წლით თარიღდება არქიტექტორ მ. კალაშნიკოვის მიერ შესრულებული ორბელის ციხის ანაზომები, რომელზეც ნათლად არის ასახული ძეგლის იმ დროინდელი მდგომარეობა20.

(+)

ორბელის ციხის შიდა ჭრილი ხედით აღმოსავლეთისაკენ, არქ. მ.კალაშნიკოვის 1945 წლის ანაზომი.

დაცულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში

მოგვეპოვება ფოტომასალა ორბელის ციხის შესახებ, რომელიც 1979 წელს არის გადაღებული ფოტოგრაფ ზენკოს მიერ21.

შემდგომ, 1983 წელს ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილ წიგნში აღწერილია ძეგლის იმდროინდელი მდგომარეობა და დართული აქვს ფოტომასალა22 .

მოგვეპოვება, აგრეთვე, 1986 წელს გ.მორბედაძის მიერ გადაღებული ფოტომასალა23.

1991 წელს მიწისძვრის შედეგად ორბელის ციხე ძლიერ დაზიანდა.

ორბელის ციხე აგებულია კლდოვან შემაღლებაზე, რომლის გალავანი ოვალურ ფორმას მიახლოვებული, ირეგულარული გეგმარებისაა, რაც რელიეფით არის განპირობებული. ციხის სილუეტი სამხრეთი მხრიდან ჩრდილოეთისაკენ მაღლდება, რასაც განაპირობებს რელიეფი და ნაგებობათა ზომები. ციხის სიგრძე 50 მეტრს აღწევს, სიგანე - დაახლოებით 30 მეტრს. გალავანი ყორე ქვითაა ნაგები. მისი სიმაღლე გარკვეულ (ძირითადად აღმოსავლეთით) ნაწილებში 10 მეტრია. გალავანში ჩართულია ციხის ხუთი სწორკუთხა ფორმის კოშკიდან ოთხი.აქედან ერთ-ერთი ჩართულთაგანია კარის კოშკი, მოქცეული გალავნის აღმოსავლეთი კედლის შუა ნაწილში, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ციხის შიდა სივრცესთან დაკავშირება. ციხის სამხრეთი ნაწილის მოხაზულობა სწორხაზოვანია, რომლის ორივე კუთხე კოშკებით სრულდება. აღმოსავლეთ მხარეს კოშკი მეტად ცერადაა ჩასმული. მისი კედლის ორი კუთხე უკავშირდება გალავნის კედელს, ხოლო დარჩენილი ორი კუთხიდან ერთი ციხის შიგნითაა მოქცეული, მეორე კი ციხის გარეთ რელიეფის მოხაზულობას შემოწერს. კომპლექსის სამხრეთი მხარის დასავლეთ ნაწილში მდებარე კოშკის მხოლოდ ჩრდილოეთი კედელი არის ჩართული გალავანში. დანარჩენი კი, გალავნის გარეთ არის მოქცეული. ციხის დასავლეთ ნაწილში მხოლოდ ერთი კოშკია, რომლის დასავლეთი კედელი გალავანშია ჩართული, ხოლო დანარჩენი კედლები ციხის შიდა სივრცის ფარგლებშია. ორბელის ციხის ჩრდილოეთ ნაწილის გალავანი მომრგვალებული ფორმისაა. აქ კოშკი არ არის ჩასმული. აღსანიშნავია, რომ კოშკებს, და მთლიანად გალავნის ზედა ნაწილს მიუყვებოდა შვერილი თაღები, რაც მის ესთეტიურ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდიდა.

ორბელის ციხე ორ დონეზეა განლაგებული: ზედა და ქვედა ციხედ. ზედა ციხე კლდოვან შემაღლებაზე მდებარეობს, რომელშიც მოქცეულია კარის კოშკი და ციტადელი. ამ უკანასკნელში ერთიანდება მთავარი კოშკი და მასზე, სამხრეთით და აღმოსავლეთით, მიჯრით მიდგმული ნაგებობა. ზედა ციხის ეზო წრიული ფორმისაა და საბჯენი კედლით შემაგრებული ბაქნით იკვრება, რომელიც ციტადელის წინა ნაწილს უჭირავს. ამ ბაქნის მეშვეობით ხდებოდა კარის კოშკის ზედა სართულთან დაკავშირება.

ზედა ციხეში, ჩრდილოეთ მხარეს, გალავანთან ახლოს დგას მთავარი კოშკი. მისი სიმაღლე 17 მეტრს აღწევს. კოშკი სწორკუთხა ფორმისაა და ქვემოდან ზემოთ მკვეთრად ვიწროვდება, რაც ამძაფრებს მისი მონუმენტურობის შეგრძნებას. ის იყო მთავარი, დიდი, სათვალთვალო კოშკი, რომლის ფასადის საპირე წყობისათვის სწორ თარაზულ რიგებად გამოყენებულია თანაბარი ზომის სწორკუთხა ფორმის ქვები. კოშკში შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არის მოწყობილი. კოშკი ოთხ სართულიანია. სართულშუა გადახურვა შემორჩენილი არ არის, მაგრამ ჩანს ხვრელობები დადადასტურებულია ხის ძელების ფრაგმენტები. მესამე სართულის გადახურვა კამაროვანია, რაც კარგად იკითხება. მეოთხე სართული კი შემორჩენილი არ არის. კოშკის კედლებში მცირე ნიშები, სათვალთვალო ღიობები და სათოფურებია მოწყობილი. ერმაკოვის 1910 წლის ფოტოს მიხედვით, მეოთხე სართული მაშიკულებით და შვერილი სამ-სამი თაღ-სალოდით მთავრდებოდა, რომელიც ორფერდა სახურავით გვირგვინდებოდა. კოშკის ზემოთა ნაწილი, სხვაგვარი წყობითაა შესრულებული, რაც გვიანდელი გადაკეთების კვალს უნდა წარმოადგენდეს24. მთავარ კოშკზე სამხრეთის მხრიდან მიჯრით მიდგმული იყო ორსართულიანი შენობა, რომელიც, სავარაუდოდ, საცხოვრებელ შენობას წარმოადგენდა მეციხოვნეებისათვის25. ნაგებობაში შესასვლელი აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდანაა გაჭრილი. დღეისათვის შემორჩენილია კედლები მხოლოდ პირველი სართულის დონეზე. ნაგებობის შიდა არე მთლიანად დაფარულია ეკალბარდებითა და მცენარეული საფარით. ამ ნაგებობას ეზოს მხრიდან, მთელი სამხრეთი კედლის აყოლებაზე, კიბე ასდევდა, რომლითაც კარის კოშკის ზედა სართულს უკავშირდებოდა. მთავარ კოშკზე, ასევე, აღმოსავლეთის მხრიდან მიჯრით მიდგმული იყო შედარებით მომცრო ზომის ნაგებობა, რომლის აღმოსავლეთი კედელი გალავანში კოშკივითაა ამოზრდილი. მისი ბოლო სართული შვერილი თაღებით სრულდებოდა.

ციხეში შესასვლელი კარი აღმოსავლეთი მხარის შუა ნაწილში მდებარე კოშკში იყო გაჭრილი, რომელიც ზედა ციხის ბაქანზე გამოდიოდა. ეს კუთხე ადვილად მისადგომი იყო. ამიტომ ყველაზე უკეთ დაცული და გამაგრებული იყო მაღალი, კოშკებიანი გალავნით. დღეისათვის კარის კოშკის მხოლოდ ნაწილი იკითხება. ძირითადად აღმოსავლეთი კედელი, რომელშიც გაჭრილია სათოფეები და ნიშები. შემორჩენილია, ასევე, სამხრეთი კედლის ფრაგმენტი. სართულშუა გადახურვა ხის უნდა ყოფილიყო, რაც აღმოსავლეთ კედელზე არსებული ხვრელობებით და მასში შემორჩენილი ხის ძელების ფრაგმენტების მიხედვით დასტურდება. ბოლო სართულს შვერილი სამი თაღი მიუყვებოდა, რომელიც აღარ იკითხება.

ქვედა ციხეში ერთიანდება გალავნის სამხრეთ კედელშიჩართული ორი კოშკი, ასევე, გალავნის დასავლეთ კედელში ჩართული ერთი კოშკი, ქვის ეკლესია (რომელიც გეგმის დონეზე იკითხება) და რეზერვუარი. აქვე უნდა ყოფილიყო ხის ეკლესია და სამრეკლო, რომელიც აღარ არსებობს.

ქვედა ციხის სამი კოშკიდან ერთი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში, ის დაზიანებული სახითაა მოღწეული. ამ კოშკის სართულშუა გადახურვა მოღწეული არ არის. თუ ვიმსჯელებთ ხის ძელების განლაგებით, ეს კოშკი სამ სართულიანი უნდა ყოფილიყო. კოშკის აღმოსავლეთ მხარეს, კედლის შუა ნაწილში, დიდი ბზარია გაჩენილი, რომელიც მთლიან კედელს მიუყვება. ნაგებობის კედლებში გაჭრილია მცირე ზომოს ნიშები და სათვალთვალო ღიობები. შესასვლელი კოშკს ეზოს მხრიდან აქვს. ორბელის ციხეში ეს ერთადერთი კოშკია, რომელსაც შუა წელზე, მეორე სართულის დონეზე, შემოუყვება სამი შვერილი თაღი.

მეორე კოშკი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში უნდა ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება.

მესამე კოშკი გალავნის დასავლეთი მონაკვეთის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული. შემორჩენილია ამ ნაგებობის აღმოსავლეთი კედელი დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე და სამხრეთი კედლის ნაწილი. ის დაფარულია მომცრო ზომის ხეებითა და ეკალბარდებით.

ქვედა ციხეში მდებარეობდა, აგრეთვე, მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული ეკლესია. ტაძარი სწორკუთხა გეგმარებისაა, რომელშიც ნახევარწრიული ფორმის აფსიდა არის ჩაწერილი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან იყო მოწყობილი. დღეისათვის ტაძრის აღმოსავლეთი კედელი დაზიანებული სახით არის მოღწერული და ქვის სამი რიგი განირჩევა, რომელიც დაფარულია ხავსით. ეკლესიის გეგმის აღქმაც ჭირს, რადგან მთლიანად დაფარულია მცენარეული საფარით, მცირე ზომის ხეებით და ეკალბარდებით. ტაძრის მახლობლად მიწაში ჩაფლულია ერთი ქვევრი, რომელიც მიწით არის ამოვსებული. ეკლესიის დასავლეთ კედელთან ოთხკუთხაფორმის, მოგრძო ქვის სვეტი უნდა ყოფილიყო აღმართული, რომელზედაც გამოსახულია გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის რელიეფური ჯვარი.

ორბელის ციხის ეკლესიის კედელში ჩადგმული ქვაჯვარი რელიეფური ჯვრის გამოსახულებით, დ. ბერძენიშვილის ფოტო, 1981 წელი.

დაცულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში

1983 წელს გადაღებულ ფოტოზე ის კარგად ჩანს. დღეს მას ვერ მივაკვლიეთ, რადგან ციხე მთლიანად დაფარულია მცენარეული საფარით, ეკალბარდებითა და მცირე ზომის ხეებით.

ზედა ციხის ბაქანის ჩამოყოლებაზე არის ოვალურს მიახლოვებული გეგმის წყლის რეზერვუარი.

ორბელის ციხის გალავნის, კოშკების და სათავსოების ასაგებად უმეტესად გამოყენებულია ნატეხი ქვა. კუთხეების ამოსაყვანად კი შედარებით დიდი ზომის, სწორკუთხა ფორმის ქვის რიგები გვხვდება.

ორბელის ციხის გაბატონებამ ლაჯანურის ხეობაზე, განაპირობა განვითარებული შუა საუკუნეებიდან დეხვირზე გამავალი მთავარი გზის ჩანაცვლება ორბელით, რაც მის დაწინაურებაზე და მნიშვნელოვან ფუნქციურ დატვირთვაზე მეტყველებს.

ორბელის ციხის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის და ლაჯანურის ხეობის კონტროლი. ციხე მასშტაბურია, მისი გეგმა რელიეფით არის ნაკარნახევი და გარემოს კარგად არის მორგებული. კოშკების განლაგება ციხეში არათანაბარია: უმაღლეს ადგილას კონცენტრირებულია ოთხი ნაგებობა: ორი კოშკი, მათ შორის ჩართული ორსართულიანი ნაგებობა და მთავარ კოშკსა და გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში ამოზრდილი კოშკისებრი შენობა, რომელებიც ერთიან მძლავრ ბირთვს ქმნის. ეს კომპლექსის მთავარი ზედა ციხეა, რომელიც ციტადელს წარმოადგენს. კოშკებს შორის ჩართული ნაგებობა გარნიზონის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. ზედა ციხის მნიშვნელობას ზრდიდა კარის კოშკის არსებობა, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ციხის შიდა სივრცესთან დაკავშირება. საფიქრებელია, რომ ციხეში მუდმივად უნდა მდგარიყო გარნიზონი, რაზეც მიუთითებს რეზერვუარი და ქვევრების რაოდენობა.

ორბელის ციხე არქეოლოგიურად არ არის შესწავლილი, ამასთან ძეგლის დღევანდელი დაცულობის დონე ძალზე ცუდი. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია რამდენიმე სამშენებლო პერიოდზე საუბარი. ციხე მდებარეობით, გეგმარებით, კოშკების განლაგებით გვიან შუა საუკუნეებზე უფრო ადრეულ ხანას განეკუთვნება, განსაკუთრებით ციტადელის ნაწილი. ზეპირი გადმოცემების მიხედვით ეს ციხე XII საუკუნეშია აგებული26. ციხის მთავარი კოშკი, დონჟონი, განვითარებული შუა საუკუნეებისაა, რაზეც მიუთითებს სხვადასხვა ზომის, მსუბუქად დამუშავებული ქვის კვადრების გამოყენება, ხოლო ზედა მესამე სართულის ნაწილი ნატეხი დაუმუშავებელი ქვით არის ნაგები და კამაროვანი გადახურვით არის დასრულებული, რაც გვიანი შუა საუკუნეებისათვის არის დამახასიათბელი, ხოლო ბოლო, მეოთხე სართული შვერილი თაღებით სრულდებოდა, მაგრამ კედლები ნალესობით არ არის დაფარული, როგორც სვანური ტიპის კოშკებში გვხვდება.

ვ. ბერიძე ამ ძეგლს განიხილავს გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებთან ერთად, რადგან ციხე აღჭურვილი იყო საზარბაზნეებისა და სათოფეების ამბრაზურით, რაც გვიან შუა საუკუნეებში ჩნდება, მაგრამ არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ის უფრო ადრეული პერიოდის ყოფილიყო, რადგან ამ მასშტაბის ციხის აგება გვიანი შუა საუკუნეებისათვის ნაკლებად არის დამახასიათებელი27.

კარის კოშკი, ციხის გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, და დასავლეთი კედლის შუა ნაწილში მოქცეული კოშკის სამშენებლო ფენა, გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა. კოშკების ფასადები და ინტერიერი ნალესობით იყო დაფარული და, ასევე, სვანური ტიპის კოშკებისათვის დამახასიათებელი შვერილი თაღები მიუყვებოდა. გალავნით შემოფარგლულია მთლიანად ციხე, რომლის ზედა ნაწილი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და მასაც შემოუყვებოდა შვერილი თაღების რიგი. ციხის შესასველი ორი შვერილი თაღით სრულდებოდა. აღსანიშნავია, რომ ციხეში შესასვლელი ჭიშკარი არცთუ განიერი იყო, როგორიც გვიანი შუა საუკუნეების ციხეებისათვის არის დამახასიათებელი.

მას შემდეგ, რაც გვიან შუა საუკუნეებში შემოდის ცეცხლსასროლი იარაღი, ციხეების რესტავრაცია და ახალ საბრძოლო ტექნიკისადმი მათი მორგება ხდება. გამონაკლისს არც ორბელის ციხე წარმოადგენს. ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების პირველ ხანებს მიეკუთვნება სათოფურების ამბრაზურების ჭრილები, რომელებიც მარტივი, ცალმაგი, სწორკუთხა ფორმისაა და ქვედა ფუძე ჰორიზონტალურად აქვთ მიმართული, ხოლო ზედა ნაწილი ბრტყელი ფიქალი ქვით, ნაწილი კი ხით არის გადახურული. ამბრაზურების ჭრილი სიმრავლითაც არ გამოირჩევა, როგორც შემდგომი ეტაპისთვისაა დამახასიათებელი. მაშიკულები თაღოვანი ფორმის იყო. ზარბაზნებისათვის განკუთვნილი ჭრილი კი მარტივი ფორმის იყო, რაც დამახასიათებელია ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების საწყისი პერიოდისათვის.

ციხეში არსებული რეზერვუარი, სავარაუდოდ, გვიან შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს, რაზეც მიუთითებს შიდა კედლების ნალესობით დაფარვა. სამლოცველო ტაძრის მშენებლობის პერიოდზე საუბარი ჭირს, რადგან გეგმის დონეზე იკითხება და მთლიანად ხავსით და ეკალბარდით არის დაფარული.

(+)

ორბელის ციხე

ორბელის ციხეში, როგორც აღვნიშნეთ, იკვეთება მშენებლობის სხვადასხვა პერიოდი და სვანური ტიპის კოშკებისათვის დამახასიათებელი შვერილი თაღ-მაშიკულები. გარკვეულ შემთხვევებში ინტერიერის და ექსტერიერის ნალესობით დაფარვა გვიანი შუა საუკუნეების გადაკეთების შედეგია. ორბელის ციხის მთავარი კოშკი, რომელიც ოთხსართულიანია, ზემოთ რამდენადმე ვიწროვდება. შესასვლელი 5 მეტრის სიმაღლეზეა. სართულშუა გადახურვა ხის იყო, გარდა მესამე სართულს, სადაც კამაროვანი გადხურვა გვხვდება. ბოლო სართული სამი შვერილი თაღი შემოუყვებოდა. ყოველივე ეს სვანური ტიპის კოშკებისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ კოშკის ინტერიერი და ექსტერიერის კედლებზე ნალესობის კვალი არ დასტურდება. კოშკის გარე ფასადებისათვის გამოყენებულ ქვას წინა პირი ჩამოსწორებული აქვს. სვანური ტიპის კოშკებში კი ქვის დამუშავება არ ხდებოდა, რადგან კედლები თხელი ნალესობით იფარებოდა, რაც ფაქტობრვად ქვის წყობას ასწორებს და მის ქვეშ გამოსჭვივის ქვის ფაქტურა. მთავარ კოშკზე სამხრეთიდან მიჯრით მიდგმული ნაგებობა ორსართულიანი იყო და შვერილი თაღებით სრულდებოდა, რაც გარკვეულ ასოციაციას იწვევს მურყვამიანი ტიპის სახლებთან.

კარის კოშკიც, ასევე, სვანური იერის მატარებელია, თუმცა, სვანური კოშკებისაგან განსხვავებით, პირველ სართულზე ციხეში შესასვლელი კარი იყო გაჭრილი, რომლის ზემოთ ჩვეულებრივ კოშკი გრძელდებოდა სამ-სამი შვერილი თაღის რიგით დამთავრებული.

დღეისათვის ციხის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილ კოშკზე იკითხება მხოლოდ შვერილი თაღების რიგი. კოშკი სამსართულიანი იყო, როდესაც სვანური ტიპის კოშკები 4-5 სართულიანი და იშვიათად 6 სართულიანია. სართულშუა გადახურვა ხის იყო. თუ ზემოთ აღნიშნულ კოშკებს თაღების მწკრივი ჩვეულლებრივ აზის ბოლოს სართულზე, ამ კოშკის შემთხვევაში თაღების მწკრივი შუა წელზეა შემოყოლებული, მეორე სართულის დონეზე, რაც კოშკს უფრო მასიურს აჩენს. მსგავსი გადაწყვეტა შვერილი თაღებისა სვანური ტიპის კოშკებში არ გვხვდება. შესაძლებელია მესამე სართულიც, ასევე შვერილი თაღების რიგით დასრულებულიყო, როგორც გვხვდება მურის თავციხის ერთ-ერთ კოშკზე.

ორბელის ციხის ოსტატი, როგორც ვნახეთ, კოშკებზე იყენებს სვანური არქიტექტურისათვის სახასიათო თაღების გაფორმებას. საინტერესოა, რომ ისეთსავე გაფორმებას ჰორიზონტალურ რიგად აყოლებს გალავანს და შესასვლელის შემთხვევაში ამ რიგს ჰორიზონტზე კიდევ უმატებს ორ თაღს.

მას შემდეგ, რაც ლეჩხუმის ტერიტორია და ქვემო სვანეთი დადიანების ხელში გადადის იწყება ციხე-სიმაგრეების აღდგენა-რესტავრაცია და იმ ეპოქის მოთხოვნილებისადმი მორგება. ეს არის პერიოდი, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი უკვე არის მთავარი საბრძოლო და თავდაცვის საშუალება, ამიტომ ციხის გეგმარებაში ჩნდება ახალი იარაღისათვის საჭირო ამბრაზურების ჭრილი. მსგავსად ლეჩხუმისა, სამეგრელოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძველი ციხე სიმაგრეების აღდგენა და მორგება ახალი მოთხოვნილებებისადმი. ორივე რეგიონის აღდგენილ ძეგლებს შორის იკვეთება გარკვეული მსგავსებები, რაც სვანური ტიპის კოშკებისათვის დამახასიათებელი შვერილი თაღ-მაშიკულების გამოყენებაში ვლინდება.სვანური კოშკის ფენომენი იმდენად სახიერი, ფუნქციური, მხატვრულად და არქიტექტურულად გამართული იყო საუკუნეების განმავლობაში, რომ გასაკვირი არ არის მისი გავლენა მეზობელ კუთხეებზე.

ორბელის და მურის ციხის მსგავსად, გვიან შუა საუკუნეების რესტავრაციის შემდგომ, სვანური იერის მატარებელი ხდება ჭაქვინჯას, შხეფის და აბედათის (ონოგურისი) ციხეები.

ორბელის და მურის ციხეების ხუროთმოძღვარნი, რომელთაც ეკუთვნის გვიანი შუა საუკუნეების გადაკეთება, შეიძლება ითქვას, რომ უფრო შემოქმედებითად უდგებიან ციხის ესთეტიკური მხარის წარმოჩენას. სამეგრელოს ციხეების შემთხვევაში კი, კოშკების ნაწილზე მოხდა სვანური ტიპის შვერილი თაღების დაშენება, ე.ი. უფრო მარტივად განხორციელდა სვანური ელემენტის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საშენ მასალად ორივე რეგიონში გამოყენებულია ნატეხი ქვა.

ორბელის ციხე მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის გვიანი შუა საუკუნეების გადაკეთების შედეგად, როდესაც სვანეთის კოშკებისათვის დამახასითებელი ელემენტების აქტიური გამოყენება ხდება. მიუხედავად ამისა, სვანეთსა და ლეჩხუმში თვისობრივად სხვა ამოცანები იყო დასმული, თუ სვანეთში ამოცანას კონკრეტუალად ერთი ოჯახის თავდაცვა წარმოადგენდა, ლეჩხუმში შექმნილი იყო თავდაცვითი სისტემა, ორიენტირებული ქვეყნის და რეგიონის თავდასაცვად.

გვიან შუა საუკუნეებში ლეჩხუმის გარდა სვანური კოშკების ელემენტების გამოყენება სამეგრელოში განახლებულ ძეგლებზე და ქართლში მდებარე წინარეხის კოშკზე გვხვდება, მხოლოდ თაღ-სალოდეების რიგის გამოყენებით.

ორბელის და მურის შემთხვევაში, გვიანი შუა საუკუნეების გადაკეთებისას, ხუროთმოძღვრები ყურადღებას ამახვილებენ ამ ძეგლების ესთეტიკურ მხარეზე და ცდილობენ მოარგონ ერთიან სისტემას, რაც ნაკლებად იგრძნობა სამეგრელოს ძეგლების - შხეფის, აბადეთის (ონოგურისი), ჭაქვინჯას შემთხვევაში.

ამრიგად, ორბელის ციხე მდებარეობით, სტრატეგიული მნიშვნელობით, მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვით, სტილისტურ-არქიტექტურული გადაწყვეტით ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს არა მხოლოდ ლეჩხუმის რეგიონისათვის, არამედ მთლიანად ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის. ძეგლის არსებული მდგომარეობისა და ვიზუალური მასალების საშუალებით შესაძლებელი ხდება: სამშენებლო პერიოდების გამოყოფა, არქიტექტურ-სტილისტური გავლენების ხაზგასმა და დაკავშირება მომიჯნავე რეგიონების ნაგებობებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ორბელის ციხე ყოველთვის პასუხობდა თავისი დროის მოთხოვნებს, რაც ნათლად იკითხება ნაგებობის საერთო გადაწყვეტასა თუ დეტალებში.

ორბელის ციხის სავარაუდო რეკონსტრუქციები, ავტორი: ი. ბანძელაძე

 

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1941,150.

2. იქვე, 149.

3. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. თბილისი, მეცნიერება, 1962, ტ.1 327.

4. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება. თბილისი, მეცნიერება, 1962, ტ.1 188.

5. Radde G., Berichte über die biologisch-geographischen Untersuchungen in den Kaukasusländern, Tiflis : Buch druckerei der Civil-Hauptverwaltung, 1866, 38-39.

6. მწიგნობრობა ქართული, ტ. 12, წ.1. თბილისი, ციცინათელა, 2011, 291.

7. თაყაიშვილი ექ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937, 35.

8. თაყაიშვილი ექ., არქეოლოგიური ექსპედიცია… 35

9. იქვე, 36

10. იქვე, 36

11. იქვე, 37.

12. იქვე, 37.

13. იქვე, 37.

14. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ხელნაწერთა აღწერილობა, ტ.1. თბილისი, 1953.

15. ბოჭორიძე გ., - რაჭა- ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბილისი, მეცნიერება, 1944, 304-305.

16. იქვე, 305.

17. იქვე,

18. იქვე,385.

19. ჩიტაია გ., ლეჩხუმის ექსპედიციის მოკლე ანგარიში, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ .12, 1944, 261.

20. დაცულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

21. დაცულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

22. ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბილისი, მეცნიერება, 1983, 31.

23. დაცულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

24. ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, 32.

25. ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1. თბილისი, 1983, 115.

26. ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბილისი, 1951, 145.

27. ვ. ბერიძე-XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, 115.