topmenu

 

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

<უკან დაბრუნება

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"

რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე-ჰყვენ ყოველთა,

ენა უტყჳ მეტყუელ-ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ,

აწცა განმარტე ენა ბრგუნილი ისტორიათა და აზმათა

მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა!

 

ვინათგან მოსე, მხილველი ღმრთისა და წინასწარმეცნი ყოფადთა, ეურჩა განმგზავნსა ისრაელთადმი, მათდა მომღები ენამძიმობისა, მიერიდა უძლურსა; ვითარ ყოფადთა დამსახი ვითარ ესევითარისა შემკადრე ვიქმნა ვერმეტყჳ თქმათა აღმატებულებისათა? უკუეთუ იგი, სიტყუათა ცეცხლისათა გარდანაცი, კუერთხისა გუელადობითა და ჴელის ფერთა ქცეულებითა მბრძოლთა ვერას ამცნობდა, ვითარ დავსცე სულამიტისა სახედ აღსაყჳრსა „ქებასა ქებათასა“, რომელსა-იგი გალობს სიბრძნითა მეიგავე სოლომონ, რომლისაგან შთამოთესლოვნებისა ვერსაკმო არს შემსხმელად ულუმპიანობათა მათ გარდაცემისა, თამარისსა ვიტყჳ, ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა დავით მის პირველისა, არსთა დამწყისაცა ჴელითქმნულებით მოქადულმყოფელისა ღმრთისა, რომელი სახუეველთაგან აღმსჭუალავს შორის სულსა, გულსა შინა, ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა, ერთისა ღმრთისა და კაცისა სრულისა მიერ სრულ კაცად აღმოჩენით აღმოჩენილსა და ამობრწყინვებულსა. ვინაცა ამან შეაყო თჳსისა სულისა წყარო ხედვათა პირველსა ამას წყაროსა - ქრისტესა, ნათელსა მამისასა, რომელმან მოიგონნა ხუთნი საგრძნონი: ხედვა, სმენა, შეხება, გემოს-ხილვა და განრჩევა. და დაამორჩილნა კლდესა მას, ქრისტესა, ასფოდელოდ-ქმნითა გონებისათა, არაარს მექმნი ნებისა თჳსისა.

ესე შვილ იქმნა მშობელთა ძირ-რტოებითა შესატყჳსთა და შეზავებულთა, ვითარ საცნაურ არს ხე ნაყოფისაგან და ნაყოფი ხისაგან, დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან. და პანკრატონიანთა სახელი უფროს მზისა იცნობებოდა და ყოვლისა ქჳშისა და მის მინადებისა, რომელმან ნებროთისა ჰასაკითა მოიგო ჰაოსის ძეთა სამთავრები, რომელთა შემსხმელად ჴამს ომიროს, რაბამ-იგი იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა გარდმოზენებითა აღმონათდებიან ქუეყანის მფლობელნი, და მიიღებს თჳთეული საქმისა შესატყჳსსა აღმკულებასა სიტყჳთა და საქმითა, და ვინმე საგმობნი აღძეგლნა ბოროტთა საქმეთა შინა!

აწ მე, რომელი გინა თუ მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მასმიან, გარდავსცე ისტორიასა და ვასილოღრაფსა, რომელ არს „მითხრობა მეფეთა“. ვინათგან ლუკა აღმავლობასა სიტყჳსასა იქმს - „სეითისა, ადამისა და ღმრთისა“, მეცა ესრეთ ვიწყო ამის თამარისა, სამგზის სანატრელისა და სამებისაგან ოთხად თანააღზავებულისა, რომელი ეთეროან იქმნა ჴელმწიფეთა შორის, რომლისა სახე და სახელი თჳსსა ადგილსა სიტყუამან საცნაურ ყოს.

მამა იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა ესუა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღვართა დამდებლისა და ზღჳთ ზღუამდი მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხორებასა აღმოაჩენს იოვანე ფილასოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა.

დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა, ორ ძე ებადა, რომელთა სახელი - დავით და გიორგი. მარჩეველი ძისა უმცროსისა მლარწველ-მკიცხველი იქმნა, ვითარ ისაკი იაკობისადმი. და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითი დღეთა შემცირებითა სრულ-ყო პირველ მამისა. და მამამან ძითურთ ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა - მზე მნათობთა შორის, ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის, აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის, სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის, სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის.

ამას თჳსსა მეფობასა შინა მოჰგუარა ცოლი მამამან, ასული მეფისა ხუდდანისი, სახელით ბურდუხან, ესე თჳთ ვითარი შესატყჳსი ქმრისა პირმზისა, ტანლომისა, თჳთ მზე მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა, ვითარ ითქმის, ცოდვილთა და მართალთა ზედა, რომელი ჰყუარობდა მართალთა და სწყალობდა ბრალეულთა. რომლისათჳს თუ ვთქუა სახეები გარეშეთა, გინათუ ვიეთმე სატრფიალოთა, თჳთ მისისავე ქრისტეშემოსილობისაგან მაქუს შიში და კდემა, რომელი ეკატერინესა და პენელოპისა, ირინე ქმნილსა, და თჳთ მარიამს, განმანათლებელსა ცისა და ქუეყანისასა, ესახების, თჳნიერ ქმრისა მყოფლობისა, მადლითა, სიბრძნითა, შეწევნითა და მეოხებითა. ნუუკუე ზეშთა განზიდვითა დამრუმდეს თუალი გონებისა და ვიმთხრებლე ნეშთობად წყენა სახეობითა, რომელ უმარჯულო და უმარცხლო მავალი გზებისა გზისასა მაბრალებდეს გარდაქცეულებასა ესევითარსა

აწ ვიწყო ძალისაებრ და ღონემიწდომისა ესე. შვილისა ნათელშემოსილისა მამა იგი გორგასლიანი, აღმასრულებელი ვახტანგისა ნეტარებათა, რომელი დავითის მამადობათა შინა ღმრთისა ქენებით აღთქმულსა „აღდგინებად ტომთაგან მისთა“ მისებრ მპყრობელი აღმოსავლეთისა, და ვითარ ამისთჳსცა ესევითარად დალექსავს მლექსავი ვინმე და იტყჳს:

შენ ვახტანგის სანატრელ ხარ, შენთჳს ღმრთისა მქენებრისა,

ცნამცა შენი მტერთა ძლევა, თჳთონ მზეებრ მშუენებრისა,

მუსლუმანთა ამწყუედლისა, ქრისტიანთა მშენებრისა.

და ვინ დაგბადა, მასვე ნებავს დაბადება შენებრისა

ამან რა იპყრა შარავანდედი მეფობისა, შჳდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან ზენათა პორფირითა და გჳრგჳნითა, აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა: აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა. პირველად წყალობისა მიმფენმან იმერთა და ამერთა, ზემოთა და ქუემოთა, დიდებულთა და აზნაურთა, სპასალართა და სპასპეტთა, შინაურთა და გარეთა, ჴელ-ყო შეყრად და გამართებად ქალაქსა ზედა კაღძევანსა და წარმოტყუენა ყოველი ჴევნები კლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა.

და შემდგომად ამისსა კუალად შემყრელმან სპათა მისთამან მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულად, და აწ რომელ არს არარატისა ძირსა ზღვარი სომხითისა და ადარბედაჯანისა, მამული თრდატ გოლიათისა, რომელი ოდესმე ღორ იქმნა მიზეზითა გრიგოლ პართისათა. მდგომელმან წყობად და განმზადებულმან თჳთ წინამსრბოლობითა იჴმია კუეთება, რომელნი მოაწყუდივნა ქალაქსა გარეთ. კუალადშემზახებელმან სპათა მისთამან გამოიღო და წარმოტყუენა ქალაქი, რომლისა სიმრავლემან ტყუეთა და საუნჯეთამან დაფარა პირი ველთა და მთათა, ვინათგანცა აღივსო სამეფო ქალაქი ტფილისი, რომელ ტყუესა თჳთო დრამად გინა ფუკად მომსყიდელნი გამომსყიდელობდეს. შემდგომად ამისსა მნადირებელი და მომნადირებელი მთათა და ბართა მოვლიდა, ვითარ იონათან მშჳლდკაპარჭოსანი, ვითარ ჩუბინ, უცდენელა მსროლელი, მყის სისრამყოფი მტერთა და მჴეცთა ზედა, და არტემისა სახედ, რომელი ითქმის „მთაფოლო“, რომელ არს ღმერთი მონადირე.

კუალადცა ინება შეყრად და გალაშქრებად და მიმართა დიდად ქალაქად ანისად, რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო, რომელსა შინა მოდღესამდე არს ათას და ერთი ეკლესია. და მირიდებითა ბერძენთათა და მიმოცვალებითა ჟამთათა დიდადგუარიანთა ვიეთმე შადადიანთა, გამგეთა დადგმულთა ამას ზედა, მყის მიმჴდომმან, სამ დღე ყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა. სიტყჳთ და საქმით ბოლოდ დასტეხნეს, ვითარცა აკანაფიანმან, ამფხურელმან და მეხისტეხისმყოფელმან შორის ელვებსა, გარდახუეწასა შინა შადადიანისა ჴელთ-იგდო ქალაქი ნებისაებრ თჳსისა და არა დამბრუნებელმან და შემატყუებელმან დაიმჭირა სადგომად. ტახტისა მისისა შესანახავად და გასამაგრებლად დამგდებელმან ივანე ორბელისა, მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარისა, თანაშემწეობითა სარგის მჴარგრძელისათა და სხუათა თემისა დიდებულთა აზნაურთათა უურველქმნილმან მოჰმართა თჳსთავე სანადიროთა, სათამაშოთა და გასახარებელთა.

რომლისა ჯავრისაგან აღიძრა ნავღელფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა. და შაჰრიარმან, სულტანად მწოდებელი თავისა, მწუეველ იქმნა ყოვლისა შამისა, ჯაზირისა და დიარბაგისა თურქთა თანა გარდმანისათა: არდოხის ძე, რომელი პაპისა მისისაგან დიდგუართა კუზის ძე იყო, რომლისა მამამან, ლაშქრობათა შინა სპამრებლად სახელგანთქმულმან, გამოჩენილი ივანე აბულეთის ძე ლტოლვილყო, სალდუხ სალჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსტომობდა სრულიად, მრავალთა დიდთა იმპერიათა და ფადაშაჰთა სპარსეთისათა თანა, მსგავსად მჴეცთასა აღმლესველი კბილთა, დიდითა და მიუწდომელითა, უჰამრავითა ძალითა და ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა, ყოველთა დღეთა კართა ზედა მბრძოლი, მაბგერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა.

ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან ნაჭარმაგევს, სახლსა სათამაშოსა შინა, კაცმან მამადმან და ზესგამომდებელმან წყობათა შინა. იჴმნა დასნი და დასნი და ზედადამრთველმან ერთმანერთთა ზენა-ქუენათა, ვითარ ყოველთა ხილულთა ზესთაობასა წინააღმდგომ ექმნა ჩრდილოსა და აღმოსავალსა. და ვითარ ითქმის, „გმირი სრბად გზასა, შეირტყა და წარემართა და სუფევდა“, არღა დამხედველი მცირეთა და ყოვლადვე არღა მომლოდინე ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთიმერითა და ვიეთთამე ამერთაცა. მინდობილი წყალობათა ყოვლადშემძლისათა, ვითარ იტყჳს ისტორია ისქანდარ მაკიდოვნელისა, ხადა ძალსა ძალთასა, რომელი მეუფებს ცასა ცათასა და არა თუალავს სიმრავლესა გარემომდგომთა მტერთასა, არცა განმლეობასა მტერთა მახჳლთა ელვისასა, გარდამავალი მთათა შთავიდა შირაკად. რომელსა თანავაზირობდეს იოვანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ სჳმიონქმნილი, რომელი სხუათა საჭურთა თანა საქმითაცა აღჭურვილ იყო და მით მშლელ მისლვისა სიმცროსათჳს სპათასა. არა დამორჩილდა მჴნე მჴნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღუაწლთა და გჳრგჳნისა: მან თუ ერთი ვეშაპი, ამან კულა ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთანი სძლივნა უძლეველმან მჴედარმან, სეხნამან გიორგისმან, მართობთაცა შინა გონებისათა მიმართ. მხილველმან სარკინოზთა სპაებისამან, გარდასლვითა მლოცველმან და მავედრებელმან, თუალთა ზეცად აღმპყრობელმან აღისაჭურვლა მიმცემელმან იოვანეს ძელისა ცხორებისა მიძღუანვად. და ამჴედრდეს გულითა განჴურვებულითა და ურთიერთას განამჴნობდეს და შვილნი ცხორებისანი სიკუდილსა არა რიდებდეს თავსა.

ხოლო მეფემან, მტკიცედ აზენებულმან ჰუნესა ზედა, ჴმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და სწავლა გულსა მჴედართასა, ვითარმედ: „კურთხეულნო ძმანო, ერთსულნო და ერთრჯულნო! უწყით, თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს სახიერებისათჳს სიკუდილი, რომელსა სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან. და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრეღა სენითა განდნობითა განლეულებასა შინა? რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზა-გუყვების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს-ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან, არტაქსერქსის ზე - ელენთა, ოდეს-იგი იძღუანებოდეს თემისტოკლეოს მიერ, უცთომელისა სპასპეტისაგან, და სოფლისა მქონებელსა სძლეს არტაქსერქსის, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპათათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩუენთჳს განლახურულისათჳს აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი და უგმირნეთ ურწმუნოთა ღმრთაებისა მისისათა!“

და წარმომთქმელმან უკანასკნელთა ლოცვათამან მოუწოდა ამირახორსა მისსა სუმბატის ძესა ლიპარიტს, ბექას სურამელსა, ქირქიშს აბულეთის ძესა და სამ ათასთა მათთანათა, მბრძანებელმან, მუნცა ღიმილითა და სიცილითა მლაღობელმან: „მოყმენო, იგიმცა ვსჯობთ, რომელმანცა უმსწრაფლეს უხეთქნეთ დროშის მქონესა და დაცემითა მისითა დავსცეთ ბანაკი, ნავალისი მასმიეს და კიდარისა შთამოთესულთა“.

ესრეთ სასოებით მოქადულმან განვლნა რაზმნი და სუმპერაზმანი, განწონნა კინენი მსგავსად აფროდისისა, მქონისა წყობისა მამტკიცებელისასა. და ვითარ იხილეს დროშა, დაცემული მკლავითა აქილიანითა, და მახჳლი იქცევისი მკუეთრ მკუეთელად, იჴმიეს სივლტოლა ძალისაებრ ჰუნეთასა, რომელსა შინა აღესრულა სიტყუა წარქცევად ერთისაგან ათასისა. ამირსპასალართა, დიდებულთა და ლაშქართა, ამათ აქათ და მათ მუნით ადინეს ღუარი სისხლისა. და თჳთ მეფე ალექსანდრეს სჳთა და სიაოშის მოყმეობითა სდევდა მრავალგზის გამომცვლელი რემათა, სცემდა და იცემებოდა, სრვიდა და ისროლებოდა, და ბუმბერაზნი მისნი თანაშემწეობდეს, მხედველნი, ვითარცა ერნი ისრაელისანი, და მზეცა, ისუ-ნავეთებრ, მდეგი, ვეღარა მპყრობელი ეტლთა განგებითა მსრბოლობისათა, შთაეწურა დევნასა შინა მათსა.

და კუალად შემქცეველთა იხილეს სიმრავლე სრულისა და მოსრულისა ჴელმწიფეთა და დიდებულთა აზნაურთა, ღულამთა და მონათა, სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალიტთა, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა და სოფლისა სიმდიდრეთა და მონაგებთა, აღსარიცხად გარდარეულთა. ცოცხალთა უამართა თანა იხილეს ოთხთა მკუდართა მიერ აპყრობა ჴელისა, რომელი რქუა ათასისა და ათასთა ესრესახედ მგებარეთადა ქმნა, რომელთა იწყეს შეკრება ორმოთა ზედა.

იხილნა მეფემან კოსტანტინე საყუარელნი და საკუთარნი ვაზირნი, სპასალარნი, ჴელისუფალნი და თავადნი, დიდებულნი და აზნაურნი, მონანი და მოყმენი. და შეხადეს მას ყოველმან ერმან და ერთსულ ჰრქუეს შემოსილსა ჴელმწიფესა დაკოდილთა და ნაცემთაგანთაცა: „მშჳდობა შენდა“. რადცამცა სახედ დაისახოდა, თუ ვითარ მხიარულნი და მმადლობელნი ღმრთისანი და ღმრთისაგან მის სახედ ჩენილისა პატრონისანი იშუებდეს ფრიად, მპოვნელნი მამა ძისა და ძე მამისა, ძმა ძმისა და თჳსი ნათესავისა, პატრონი ყმისა და ყმა პატრონისა. გამარჯუებულნი და აღვსილნი ყოვლითურთ სიხარულითა იღიმოდეს, ამბორს-უყოფდეს ურთიერთას.

და ამას ესევითარსა განსაცხრომელსა და სახარულევანსა მეფობასა შინა თჳთ მეფე მისით სპითურთ გარდამავალი თაყუანისმცემელ ექმნა ზენასა განგებასა. არა მკლავთა სიმტკიცესა, არცა მსხჳლბარკალთა მამაკაცისათა, არამედ მას ზენასა ხუედრსა და ზეშთა წმიდასა განგებასა უგალობდა, დამხედ სიმდაბლითა დავარდა წინაშე უფლისა, ღმრთისა საბაოთისა ძალთასა და ცრემლთა მიერ გულსავსედ და სულდართულ დაჯდა განსუენებად და აღებად ბევრისა ბევრეულთაგან ნიჭთა მცირედ-მცირედისა.

და ეგრეცა აღვსილმან საჭურავთა და საჭურჭლეთა მიერ, აღმსხმელმან ჴელმწიფეთა და დიდებულთამან, აზნაურთა და მონათამან, სამ დღე დამყოფელმან კართა ანისისთა და მაურვებელმან ქალაქისამან და მას შინა დამყენებელმან ამირისამან და ლაშქართა ამყრელმან პირითა მხიარულითა წარმოავლინა მახარობელი წინაშე ფილასოფოსთა და პატრიაქისა, რომლისა ლოცვა თანამწედ ჰქონდა. და თჳთ ნათლითა პირითა პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა, წინაშე თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაილტო პირი ცრემლითა სიხარულითა გარდარეულითა, და კუალად შეეყარა ცოლსა თჳსსა ურცხუენელითა და ახოვნითა სახითა.

ამას ესევითარსა მისსა მორჭმულობასა და გაზეებასა და აღმატებულებასა რომელმან აღვლნა ყოვლითურთ საზღვარნი პაპთა და მამათანი, და გაესმა ამოწყუედა შამისა და ჯაზირისა, სომხითისა და არზრუმისა ლაშქართა, ჴელმწიფეთა და დიდებულთა. მიესმა სულტანსა ხუარასნისა და ერაყისასა და ხალიფასა, მპყრობელსა დიდისა ბაბილოვნისასა და ცრუსჯულისმდებელსა სარკინოზობისასა, და ვარაზგ ათაბაგსა სპარსეთისასა. და მაწუევართა და შემკრებელთა ისლემობისათა მოიჴსენეს და ძებნეს ცეცხლითა განლეულნი ძუალნი ზოროასტროსისნი, რომელი იყო პირველი მეფე და ვარსკულავთმრიცხუელი სპარსთა შორის, რომელთათჳს ითქუა ესრეთ: „ვიდრემდის გაქუნდეს ესე, არა მოაკლდეს მეფობა სპარსთა“. და შეიყარნეს რანს და მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისასა და მოადგეს ციხესა გაგისასა, აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველნი საზღვარნი.

ცნა ესე სახელგანთქმულმან, უძლეველმან მჴედარმან და უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და მსწრაფლ შემყრელმან შჳდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და ამერთამან, გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა და უამრავითა ლაშქრითა. რამეთუ იყვნეს აქათცა სიკეთე და სიდიდე დაუსრულებელი, და მომართეს და გავიდეს ადგილთა მათ ლაშქართასა.

და ვითარცა ცნეს ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს, ვითარმედ: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანათა ზედა, მივრიდოთ, თავი დავიფაროთ!“ დამყრელთა ყოვლისა სანოვაგისათა და უფროსღა გაგს შინა მყოფთა ლაშქართამან განვლეს წყალი ელეკეცისა, რომელსა შინა მსწრაფლმსრბოლობამან და ჯარმან შეაყენნეს. და ეწივნეს მწუერვალნი ლაშქართანი და დაუწყეს ჩამოყრა.

ესე ვინათგან ცნა ჴელმწიფემან და სუეგანდიდებულმან, მკლავმან აქილიანმან და გულმან მაღნინტოანმან, მიეტევა სახედ მჴეცისა. გარნა უქმ იქმნავე ესევითარი ძლევად განმზადებულება. ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი ვიდრე სადევეთაცა დაჭიდებადმდე, ხოლო უფროსღა ვარდან კოლონკელის ძე, რომელსა მას ჟამსა ერისთობაცა ეპყრა ჰერეთს, კაცი დღითა მომწჳსებული და ბრძოლათა შინა ძლიერი და გამოცდილი. ნუუკუე შურმან და მტერობამან ყო ერთიერთისამან, რამეთუ კეთილისა და სრულისა ნაქმრისა დარღუევა ორთა ვნებათა მიერ: ანუ მოკლებისაგან ძალისა, ანუ შურისა. ხოლო ურჩეულეს ყოველთა ძალთა და ყოველთა ზესთა ძეს ღმერთი, ვითარ მბადი ყოველთა ძალთა და მოქმედებათა. და არავინ ეკუეთნეს მის მიერ ურჩეულესად დაბადებულსა მოკლებად ოდესმე ძალისა, რამეთუ მიზეზთა მიერ ზესთა ძალთასა აღეგო და კუალად თუ შურისა მიერ დასდევ იგი დასარღუეოდ, ვითარ ეგოს ურჩეულესი ყოველთა თჳსსა ზემქონეობასა და ბუნებით კეთილობასა შორის? რამეთუ უცხო არს კეთილისაგან შური, ვითარ სახენიცა ცხად-ჰყოფენ. და არამიმშუებელთა რქუეს მეტყუელთა ამისთა: „ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზუავებულ მკადრებლობ ღმრთისა“. ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი, გარნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად-ეგო, გამყრელი ლაშქართა, თჳსსავე შუებასა, სიხარულსა და ნადირობასა.

შემდგომად ამისსა სულტანი და ათაბაგი ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა მათითა აღვიდეს გელაქუნად. მომტყუებელი ძალისა მოვიდა და მოადგა კართა ანისისათა და ზემოთ შაჰარმენი და ყოველი ჴელმწიფე არაბეთისა. მას ჟამსა შინა ანისსა განამტკიცებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე, და განმზადნა საბრძოლელნი და მანქანანი მრღუეველმან და მარბიელმან და ამაოჴრებელმან გარეთთა ქუეყანათამან.

ესე ამბავი ვითარ მოისმა ქუეყანასა ამას და მიიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა მონადირე და მხიარული დგა შორის მთათა ლორისა და დმანისისათა, რომელსა წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგჳ და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა. ვითარ ითქმის ინდოთა აღწერილსა „ქილილა-დამანასა“ შინა იგავი ბუთა და ყუავთა, ეგრეთვე ამან, სახედ ყუავისა გამომცდელმან ლაშქართამან, მოისხნა ფრთენი და აფრინდა და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა და მეტყუელმან ესრეთ თქუა: „აჰა, ჟამი კუალადგებისა ჩუენისა. უკუეთუ აწ არა მიხუდეთ, სხუა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ!“

ვინათგან იხილა მცირედითა მდგომი, და განლაღებული ამას ზედა ძალითა შემმართებელითა მკლავმაგრისა, სუეამაღლებულისა მეფისა, წამრთველნი ღამისანი, ჟამსა განთიადისასა მძინარეთა ზედა დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ ძლით იჴუმია სწრობა შეჭურვისა და ამჴედრებისა. ამას ზედა ივანე ამირსპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყვანეს და გამომართეს მეტყუელთა ამისთა: „ნუ, მეფეო! ოდესმე ალექსანდრეოსცა იძლივა დედაკაცისა მიერ და ეგრეთვე სამბსონ - დალილასაგან და სოლომონ - სიბილასაგან“. და სხუანი სახენი ჴელმწიფეთა ძლეულებისანი წინაუყვნეს. „ნუუკუე რათამე განვარისხეთ ზემეპყრი შარავანდედობისა შენისა და საწუთოდ იმამებრივა მამამან ძისა სწორად აღზეებულსა ძესა დავითიანსა ზედა. ვინათგან იგი საულისაგან იდევნებოდა, მეფე და წინასწარმეტყუელი, უფროსღა მამად ძისა ღმრთისა განჩინებული. აწ ჩუენცა, თავსმდებელთა, ვიჴმიოთ სივლტოლა და კუალად შემძლემან ძლევათამან ჩუეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა“.

იძულებითა წარმოყვანილი და გამომართებული მრავალგზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსავე შინა იპოვნეს, გარეუკუნმქცეველნი და დამჴოცელნი სპათა მისთანი, რომელთა ესევითარი სიმჴნე - უცხო და განსაკრთომელი საქმე! არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქართა შინა, თჳნიერ ერთისა ჯუარისმტჳრთველისა და ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყვანებულ იქმნა მშჳდობით.

ჵი, განსაკრთომელი სიმჴნე და სიქველე და ჴელი საუფლო! ვითარ რომელთა წყობათა შინა სმენილ არს, გინა ძუელთა, გინა ახალთა. ესრეთ უვნებელობა უგრძნულად დამსხმელობასა შინა! შემდგომად ამისად და ვინაცა იხილეს ისლემთა განფრთხობილი ჴელთა მათთაგან, მეტყუელთა ესრე განიზრახეს: „ვინათგან უგრძნულად დამსხმელთა ვერ ჴელთ-ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა არს აჩრდილთა დევნა და წიაღთა პყრობა ქართა. აწ უკუნვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან, ამისნი მმადლობელნი!“

ხოლო ესე ესრესახედ იპყრა ყოველმან მცნობელმან და წარმკითხველმან ამისმან: „საზღვარი დასდევ და არა გარდაჴდეს“. და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარიისა ბუნებითმეტყუელობასა შინა არსთა ქმნილებისასა, „ექუსთა დღეთასა“, იტყჳს, ვითარ: „ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღჳსასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა; ოხრანი და ღელვატეხილობანი ზღჳსანი ვერ გარდაჴდებიან ბრძანებასა ღმრთისასა და მცველ ექმნებიან თესლოვნებასაცა ალკუნისასა“. აწ უკუეთუმცა მიეშუა ზენასა განგებასა და არა წინააღმდგომ ჰქმნოდა გაქცევასა სულტნისასა, დამცაქცეულ იყვნეს ყოველნი მაღნარნი სარკინოზობისანი. და ეგრეთვე არა თუმცა უკუნექცივნეს შიშსა და სიმჴნესა მეფისასა და სპათა მისთასა, წარტყუენილ იყვნესმცა უმანკონი არენი და ადგილნი.

შემდგომად ამისა უბოძა ანისი თჳსსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თჳსისა ყმად. და თჳთ შემოეხუეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და ქართველთა და ითხოვა ზავი. აქათ დედოფალი რუსუდან, და მათი, სულტნის ცოლყოფილი, ჩამოდგა და შეიქმნა მშჳდობა და ზავი ჟამ რაოდენმე.

თჳთ მეფე დაჯდა სიხარულად და განსუენებად და ნადირობად. ოდესმე ჟამსა ზამთრისასა გარდავიდის ლიხთ-იმერეთს და მიუწიის ზღუად პონტოსა, მოიწიის და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი, ოდესმე გურგენისა ზღუადმდე. და ამას შინა სუფევდა სუფევითა ულუმპიანითა და ვინათგან უღონო იქმნნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფოსანი, მკადრებელნი ეტყოდეს ესრეთ: „არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თჳნიერ ლაშქრობისა და რბევისა“. და მომსმენელმან მეფემან წარსცნა ზავნი და ფიცნი შინა და ესრე სახედ ილაშქრა: ლიხთ-იქით ყოფასა შინა დამსკუნელმან ლაშქრობისამან და ერთსა დღესა პაემანშემქმნელმან: უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისისა და ბანისა, მესხთა და თორელთა - კარისა და აშორნისა, და ამირსპასალარსა და სომხითართა - მტკუარს აქათ ვიდრე განძამდის. თჳთ ხასაგიანთა ლიხთ-იმერთა და ქართველთა - განძას დამართებით მტკურის პირი იმიერ და ამიერ ხლათამდის, ჰერთა და კახთა - ალაზნის შესართავით ვიდრე შარვანამდის. იქმნა ესევითარი უცხო ლაშქრობა, რომლისა სახე აროდეს ვის ეხილვა.

მჴნედ და მსწრაფლ მავლობისა მისისა რომელთამე ვინღა თქჳს? ნუუკუე და უმსწრაფლეს ამბაკომისა, დანიელისა ანუ თუ ილიასი, სინასა შინა წჳმისა ერთითა ღრუბლითა შემკრებელისა, ანუ თუ ელვისა ეტლითა აღმავალისა? ნუუკუე დანიელისა მსგავსი მაღლისა? ფერჴითა წყალ-მდინარითა, მსგავსი ვეფხისა მის ფრთოვანისა, წამსა შინა მლაშქრველი და აღვსებული აურაცხელითა და მიუწდომელითა საუნჯითა გარდმფრინველობისა ნავროზობითა გეგუთსვე ეგო, რომელ მუნ მყოფთა ძლით სამე ირწმუნეს ყოფა ამისი.

აწ ესე ვითარ რომელმანმე ენამან ანუ რომელმანმე გონებამან თჳთოეულად ჴელ-ყოს მოთხრობად, საწყენ სამე იქმნას აღწერილი განგრძობითა სათქმელთათა. ვინათგან დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგუარობდა ცხებულსა ღმრთისასა, ამასცა სოლომონიანებრ ჰმონებდეს ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

მოვიდა ოდესმე ანდრონიკე კომნიანოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოველ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა. და ვითარ მართებდა, ეგრეთ მმადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყჳსი სახლისშვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგნა საჯდომნი სიახლესა საყდრისა თჳსისასა, პირისპირ მამის დისწულისა მისისა აღსართანისა, რომელი მეფე იყო შარვანისა და ზღჳსპირისა დარუბანდით ხირხალამდის, რომელი მეფესა უჩნდა ვითარცა შვილი და ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი. ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე, დაჭირვებული დარუბანდელთა ხაზართაგან. მაშინ შეყარნა ლაშქარნი იმიერით და ამიერით, თჳთ ძმა ბერძენთა მეფისა ანდრონიკე წარიყვანა წინაშე და მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა. მოაოჴრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა და აიღო ქალაქი შაბურანი, რომლისა კართა მჭურეტელობასა შინა მეფისასა მოსაწონელ იქმნა ანდრონიკე თჳთ მისგან და ყოველთა სპათა მისთაგან. და უბოძა ქალაქი მამის დისწულსა მისსა შარვანშას, და მუნიდაღმან მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით, გამარჯუებული იშუებდა და იმოთხვიდა საყოფელთა მისთა, ოდესმე გამგზავნელი სპათა და სპასალართა მისთა.

ოდესმე მიუწიის ნახჩევნის კარამდის, ოდესმე - მასისამდის და ღაღუამდის, ოდესმე - ბარდავამდის და ბელყუნამდის. ამას ესევითარსა მარჯუებასა და ზეობასა განამრავლნა საჭურჭლენიცა და დადვა თჳთ მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმოსასა, რომელი აგებულ იყო ვახტანგ გორგასლისაგან, რომელსა შინა თჳთ აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა. სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არაოდეს ვისგან ქმნილა, არცა წიაღმართ ყოფად არს.

ამას ესევითარსა და სრულყოფასა ყოვლისა სოფლისასა და საწუთროთა გემოთა საწადელთასა მოიწიფა ძმისწული მისი, ძე დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე, სახეკეთილი და ყოვლითა ჴელითა მარჯუე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა. გარნა რომელი ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა, სახეუკლებობათა და ჭაბუკებათა, იგი ექმნა მკლველ და შემმწარებელ ჟამთა ცხორებისა მისისათა: უშიშობა ღმრთისა და გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს მცნებათასა, ვითარ თანაშთამომავლობა და გუართა უბადობა ამის სამეფოსა კაცთათჳს. ვინათგან დავითცა, მამამან მისმან, ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მისისა დემეტრესსა ამოსწყჳდნა ამის სამეფოსა დიდებულნი, რომელნიმე ექსორიაქმნითა, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე გაპატიჟებითა. აქაცა მსგავსად მისა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა: სამცხეთართა, ჰერთა, კახთა და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. იქმნა გადგომა, ბრძოლანი, კლვანი, სისხლნი და რბევანი. და არა მიმშუებელმან ღმერთმან, მოქმედმან სამართალთამან, რომელ დავითის ზე აბესალომს არა მისცა უფლება, რომლისათჳს ითქმის წმიდასა შინა სახარებასა: „უკუეთუ ჰრქუას მშობელსა შვილმან „კორბან“ - ნიჭი, ჩემგან სარგებელ ყოფად არს, სიკუდილითა მოკუედინ!“. ამისთჳსცა მისცა გიორგისვე ძლევა, მძლეთა მძლესა.

და შემყრელმან ლაშქართამან ტფილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა მყოფობასა შინა, იოტნა, გააქცივნა, შეხუეწნა ციხესა ლორისასა და მოუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი. ვინაცა წამოუვიდა დემეტრეს სარგის მჴარგრძელი შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთა. ესე შეიყუარა და შეიტკბო მეფემან და მისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა. და მომრბეველმან ტაშირისა და ლორისკართამან დაიბანაკა აგარათა. და გაგზავნნა ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულად მისად, და სხუანი: თემისა და თემისა მესხნი, თორელნი, ქართლელნი, სომხითარნი და თჳთ გაზრდილი მისი მეჯინიბეთუხუცესი ჭიაბერი, და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა. და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი და ყოველნი ჰერნი სრულითა ლეკითა და კავკასითა. შეიქმნნეს ომნი ფიცხელნი და მკუეთრ კუეთებანი, რამეთუ იყვნესცა გამოცდილნი და ლომნი ჭაბუკნი. ამას შინა სძლო მსჯავრისა და სიმართლისა მქონებელმან, და გააქცივნეს ჰერნი, დიდებულნი აზნაურნი და ლეკნი შეიპყრნეს. და გრიგოლ ასათის ძე ფიცხლა დაიკარგა ომსა შინა თჳთ ჴრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა ცხენისათა. შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრელად მთხრებლისად, თანა შოთაცა, ძე ართავაჩოს ძისა. ესენი, ვითარცა შინათგამცემელნი განზრახ განგებითა, ჴელთ-იპყრნეს, წამოსრულთა მოასხნეს წინაშე მეფისა, მარჯუებააღმატებულისა. და გაიხარნეს სიხარულითა დიდითა და ფრიადითა. ვინათგან ხედვიდა მარჯუებისა მომცემსა ღმერთსა, აღარას დამყოფელი აღვიდა და მოადგა ლორესა. მუნიდაღმან წარსრულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნი-ესე გიორგისგანვე იყვნეს ჴელისუფალნი, და ანანია დვინელი, ზოგნი შაჰარმენისა, ზოგნი ელდაგუზის ძეთა თანა. დაღაცათუ უშუელეს და მოჰყვეს, ეგრეთვე უქმადვე უკუნ-აქცია მართლმსაჯულებამან ქრისტესმან. ამას შინა დაუღონოვდეს ლორეს შინა მდგომნი. დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოჴდა ციხისაგან და მომართა თავისსავე ბიძასა. და ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს, გამოასხნეს მსგავსად სჳსა და ეტლისა მათისა. აიღო ლორე და დაიჭირა თავისა თჳსისათჳს. ხოლო მას ჟამსა თჳთ მორჭმული და ზეამაღლებული წარმოვიდა ურჩთა და მტერთა მისთა ზედა და შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. თჳთ მოვიდა ნაჭარმაგევს, იშუებდა და იხარებდა შემრისხველი მტერთა მისთა.

შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლითა სამეფოთა მისითა შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევს. შემყრელმან შჳდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა და მანიაკი ყოველთა მეფეთა და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა.

განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთათა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა და დაისუა მარჯუენით მისსა მეფე და დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა, რომელსა ხადა მთად ღმრთისა, მთად პოხილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სამარაგდოთა მიერ. და მდიდარნი ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა. და თჳთ მეფე, მაფიცებელი ერთგულობისა და ერთსულობისა მისისათჳს და ცრემლით მლტოლველი და შემვედრებელი ღმრთისა, მაკურთხეველ ექმნა აბრამიანთა ისაკისადმდე, და ისაკიანთა იაკობისადმდე, და იაკობიანთა ვიდრე იოსებიანთადმდე, რომელი ჩანს, ვითარ მზე უღრუბლო ჰაერსა მიდღევანდლად დღედმდე, კურთხევა მამისა შვილსა საყუარელსა, ნანარსა და მშჳდსა დავითიანებრსა ზედა, რომელი მსგავსად ლოდისა მის გამოვიდა მთისა მის, დანიელისაგან ხილულისა. იმატა, იმატა და მერმეცა იმატა, ვიდრემდის იქმნა მთა დიდ, ლოდ საკიდურ და არა ლოდ შებრკოლებისა. და შემუსრა ყოველი ხატი და ყოველი კერპოვნება ოქროსა და ვეცხლისა, რკინისა, რვალისა და კეცისა, რომელიმე უხილავთა ძალთა ძეგლები და ანდრიანტები, რომელიმე ხილულთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა.

შემდგომად ამისა დღეკეთილობასა და სუესრულობასა შინა მოიწია თანანადები სოფელსა ამას შინა არედ მოსრულთა, გარნა უჟამო და შეუსწორებელი შემცირებითა განწესებულთა მოქცევათათა. და მიიცვალა დედოფალი, დედა თამარისი, სწორი ძისა ღმრთისა დედისა. და თუ ვითარ ვამთა და ვაებათა სიმრავლენი იქმნნეს, შესატყჳისნი მოსაწევარისანი, რომელმანმცა ენამან გამოთქუა? გარნა ესე ოდენ ვთქუათ პატივად და სიმტკიცედ მოსაწევართა.

მეფესა, გეგუთს მყოფსა, უთხრეს ესეოდენ ზარგანჴდილობა. თმათა და წუერთა მფხურელმან, მსგავსთა მათ აბესალომ ოქროთმოსნისათა, და ცრემლთა ნაკადდენითა ათასეულთა და ბევრეულთა, მცემელმან მკერდსა, თავისა მკლველმან, უღონოქმნილმან აღიკუეცნა თმანიცა თავისა მისისანი, სოფლისანი, და ესევითარითა შემუსრვილითა გულითა შეეყარა საყუარელისა და ტკბილისა დედისაგან უსამშობლოქმნილსა, რომელსა ნათელ-ცისკროვნება ჰაერისა მისისა სიმრუმედ გარდექცეოდა. და ნაკადნი ცრემლთანი ოთხთავე თუალთაგან, მოხუევასა შინა ურთიერთას, მსგავსად სამოთხისა მომცენარობდეს სახედ გეონისა. ვინათგანცა ესრე იქმნა ქუეყანა ქართლისა, კუალად ნუგეშინისმცემელი და შემტკბობელი შვილისა საყუარელისა და სატურფოსა უმეტეს ზომისა იმედისმდებელ ექმნა ორკერძოვე სიყუარულისა მინიჭებითა და ვამისა უქმნელობითა. დააგდო ქართლი და მიჰმართა ჩაღმართ. ვითარცა წესი იყო, რა გარდაჴდა ჟამი ამის ვამისა და მოსაწევრისა მოქცევისა, კუალად იშუებდა მონადირე მთათა და ბართა, ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და ჩრდილოსა. სძღუნობდეს და სძმობდეს მეფენი ბერძენთანი, იერუსალიმს ალამანთა და ჰრომთანი და ჰინდოთანი და ხონელნი, და ეგრეთვე სულტანნი ხუარასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგჳპტისა და იკონიისანი ჰმონებდეს, და შემდგომნი ამათნი: სკჳთნი, ხაზარნი, ალანნი, ხუარაშოანი ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი, და ყოვლნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე.

ამას ესევითარსა სისრულესა სოფლისა მონაგებთა და დიდებათასა, აჰა, მოიწია ჟამი ევას წყევისა და ადამის ცთომათაგან დანასაჯი აბელ მართლისათ ვიდრე ზაქარიას და ძმისა მისისა იოვანესამდის, აღმსარებელთა მართლისათა, ჯოჯოხეთად ტჳრთვად სამოელ მკლველისა ჩუენისა და თჳთ თავისა მკლველისა, ცით ცათათ უფსკრულად ქუესკნელსა შთასრულისა, ანგელოზობისა და ნათელმოსილობისა სიბნელედ მყვისა და ეშმაკად გარდაქცეულისა, რომლისა ჴელთა შინა იპყრობოდეს მყუარებელნი და ყუარებულნი ღმრთისანი. ამისგან ჴსნად მნებებელმან ღმერთმან კაცთა ცთომილთა კაცობრივითა სახითა იმოქმედა, არა ძლიერებისა მომმძლავრებელმან, ვინათგან ოცდაათცამეტთა წელთა ქმნნა ნიშნი და სასწაულნი და იმეუფა ქუეყანასა ზედა მეუფემან და მექმემან ცისა და ქუეყანისამან. ამისა შემდგომად თავისდა ამხმელმან ცოდვათა და ცთომათა მედინისა ამის და ჴრწნადისა სოფლისათამან მიიღო სიკუდილიცა უკუდავმან, გარნა ჴორცთა ჩუენისაგან თბისა ჩუენისა დაჴსნისათჳს ჩუენისა მიმხმელმან. და ვინათგან ღმერთმან და ძემან, უწინარეს საუკუნეთა უკუდავმან, არცაღა მისგან მოსილნი ჴორცნი უკუდავ-ყვნა, სხუა რამცა სახე დავისახე, სხუა რაცა ნუგეშინისმცემელი ოთხთა სტჳქოთაგან დამჭირვად სული სხეულსა შინა მსმენელმან ამისმან? თუმცა პირველ იგი მზე მზეთა და შარავანდი ჴელმწიფობისა, ახალი ნებროთ, ალექსანდრე და აქილევ, ქუეყანით ცად მიიმართა, და ამანცა მასვე მსგეფსსა მის ვნებისასა ივნო; ესრეთ „ვითარცა იგი ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა“: ვინათგან მან ჴორცითა, სიგლახაკითა და სიმდაბლითა წარვლნა ჟამნი ოცდაათცამეტისა მოქცევისანი, ხოლო ამან არა ესრეთ, გარნა ვითარცა სახედჩენილმან ღმრთისამან.

ესერა ესევითარი საგოდი და მოსაწევარი მოსაწევართა, განსახეთქელი კლდეთა და განსაპობელი კართა საბლისა, და საშინელება, შთამოსაცჳვარი მანანათა და ვარსკულავთა, ესმა სამმნათობიერსა, მეფეთმეფისაგან მეფედ ქმნულსა თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს, ყოვლითურთ სამოთხის მსგავსი საყოფი იქმნა მსგავს ჯოჯოხეთისა, და შუებათა წილ და სიმღერისა აჰჴდეს ჴმანი ვაებისა და ტყებისანი, და ნათელთა წილ მიუაჩრდილებელთა შეიმუსრნეს არსნი და საგონებელარსნი. და თამარი, პირი იგი ეთეროვანი და უკიმირო ჰაერი და უმრუმო ნათელი, შეიზღუდა ბნელითა, და მფხურელსა თმათასა უსწრობდა წყარო სისხლისა წყაროსა ცრემლთასა.

და წარსრულმან პატრიაქმან და დიდებულთა კმასაყოფელთა წარმოიყვანეს სამშჳლდით, მთხრობელთა საზაროთა და საშინელისა და მიუწდომელისა სათქმელისათა, და მეფისა, დედოფალი რუსუდან, თანა გაზრდილისა მისისა, რომელთადა შემყრელნი იყვნეს. მომხუეველნი ურთიერთისანი, მლტობელნი სისხლრეულითა ცრემლითა, შევიდეს ტაძარსა სამეუფოსა. აღმხილველთა თუალთა მათთა, მხილველთა საყდრისა ცამდი ამაღლებულისათა, ნათელმზე-გაბაონიანისა და შუქისა ჰალონიანისა საჯდომისა, მარმენიოთა და სუეთაგან პოვეს დაცლილად. მიმოიხილეს გარემოს და იხილეს მიქაელ პატრიაქი, ყოველთა ებისკოპოზთა თანა მდგომი, და ვაზირი ანტონი და ამირსპასალარი ყუბასარ და სხუანი ჴელისუფალნი: ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთუხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთუხუცესი, აფრიდონ მსახურთუხუცესი, ივანე (...), და დიდებულნი, აზნაურნი, მონანი და მოყმენი, თანა პორფირი და გჳრგჳნი სკიპტრითა და საჭურველითა სჳანად ჴმარებულითა. და კუალად ამხილველთა იხილეს კედლებიცა სრისა სავსე მეომართა, რაზმები, სპები, მონასპები, ქალაქები და ციხები აწყუედილი და ოჴერქმნილი. და თჳთ იხილეს ტანითა გორგასლიანითა და მკლავითა აქილიანითა და პირითა მნათობიერითა კაცი იროდ საგონებელი. რომელმანმცა ენამან გამოთქუა ანუ რომელიმცა შემოვიდა სახე უსახოსა მის დღისა? რანი გლოვანი, რანი ტყებანი, რანი ვაებანი, რანი სისხლრეულთა ცრემლთა ნაკადნი ათასკეცნი, რანი მოთქმანი და მოჴსენებანი ადამისნი აბელის მართლისადმდე, დავითისნი იონათანისადმდე და იაკობისნი იოსებისადმდე!

ამას ესევითარსა უნუგეშინისცემულებასა, უჭურო-ქმნასა სხეულებისასა, შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა, კიდემქმნელობასა ყოვლისა სანოვაგისასა… ესენი ესთამდის. ხოლო ამიერითგან ვიწყო წყობად, ბრძოლად გონებისად მიმზიდავმან, და მკუეთებელმან მსგავსად ქვისა და რკინისამან აღმოვშობო ცეცხლი სიყუარულისა და ქებისა და სურვილისა, აღვატყინო და აღვამაღლო საჴმილი ცამდინ, მუნ შიგან აღმოვაჩინო ეთერიცა ცეცხლისა და ქუეყანა ცეცხლთაგან მლეველი ურჩთა და ცეცხლებრ ღონე და მომჴმარებელი მეგობართა და მოყუარეთა! თუ მაშინ ნაბუქოდონოსორ სამთა ყრმათა თანა ოთხებად იხილა ერთი სამებისაგანი, აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული.

ხოლო შეყრილთა შჳდთავე ამის სამეფოსა მეთქუ-მეტყუთა ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს: „დღეს შენ სჩან მშობლად ამათთა, და ვინათგან ვხედავთ ყრმასა თამარს გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა, მომსმენელად პატივისმცემელად შენდა, ხუედრთაებრ ჩუეულებათა, და უჩინოდ ეს სახედ მშობელთა, რქუა მთქმელმან-მბრძანებელმან და მომჴსენებელმან შეცვალება ამის ესევითარისა შეითისაგან და, სადა ძმასა თქუენსა და მამასა მათსა დაუსუამს ზეობასა და სიმჴნესა შინა მათსა, მუნ ჴელ-ყოს განბრწყინვება და აღმოჩენა ჴელმწიფობისა და შარავანდედობისა ტომის-გუარისა თქუენისა. უკუეთუმცა არა შემეცნებულ იყო სისრულესა და პყრობასა ულუმპიანობისა და, ზეშთა სთქუათ, ამთავრებისასა მანიაკი იგი გჳრგჳნი მეფობისა, არმცა მრწმუნებელ ქმნილ იყო საყდარსა დავითისსა და ბეჭედსა სოლომონისსა. აწ ვინათგან მან ჴელ-ყოს ჴელითა მეფობასა და კურთხევითა გჳრგჳნოსან-ყოფად, აღვიდეს, ამაღლდეს და დაჯდეს საყდარსა თჳსთა მამათასა აღპყრობითა და აღძღუანებითა ძელისა ცხორებისათა და კურთხევითა მელქიზედეკისათა, რომელი ყო აბრაჰამის მიმართ, და მან დაიპყრნეს კიდენი ქუეყანისანი და მეფობდეს იგი ზღჳთი ზღუადმდე“.

ამისმან მსმენელმან, მომწონებელმან და დამჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოაჴსენა თამარსა, მეფესა და დედოფალსა. და მორჩილებდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შჳდთავე სამეფოთასა და, მსმენელი ჰაჯისა, ძალითა სამე დამორჩილებულ იქმნა.

აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გჳრგჳნი, და აღიღეს ჴმა მგალობელთა და ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობელობისა, და მოაჴსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი გამოჩენილი კოსტანტინესთჳს. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთიმერითგან იყო წესი დადგმად გჳრგჳნსა თავსა სამეუფოსა, აწჳეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარებისკოპოზი ქუთათელი ანტონი საღირის ძე მიღებად გჳრგჳნსა, და ცალკერძ კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა, და სრულ-ყვეს მოჴელეთა სჳანთა და დიდებულთა ვარდანის ძეთა, საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მოღება და დადება ჴრმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედოქმნილთა. თაყუანისსცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შჳდისავე სამეფოსათა. დაიპყრა ჟამიერად თჳთოეულმან თჳსი ადგილი. თამარ შჳდმნათობიერი იდიდა მისგან, რომელმან წარმოაჩინნა და აღმოაჩინნა ექუსთა შინა დღეთა ყოველნი არსსაჩენნი და განსუენებად სცა მეშჳდესა.

ესე თამარ არს, რომლისათჳს თქუა განსუენებად სულსა შინა მშჳდსა და წრფელსა და მოქადულ იქმნა მოქმედი აღზელისა აღთბებისა. და აწ მხილველმან იხილა და იყო ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა, „და იყო კეთილი და უწოდა ნათელსა მას დღე“, ამას უწოდა ნათელი ულუმპიანთა შორის დიდსუეობისა და დიდბედობისა. და ამან, განმმზადებელმან სიბრძნისა შჳდთა სუეტთამან, აღაშენა მათ ზედა ტაძარი და სადგური შჳდთა მადლთა შჳდთავე სამპყრობელოთა განმანათლებელად. და შჳდგზის დღესა შინა მადიდებელმან ღმრთისამან შჳდწილ განწმედილ-ყვნა სიტყუანი სახედ მოაბადისა და მეფისა, ვითარ იტყჳს რომელსამე ესაია და რომელსამე დავით. „და პატივისმცემელი შჳდთა უფროსღა ნაწილ-ჰყოფს და მერვისა მისთჳს“, სიტყჳსაებრ სოლომონისა, განმაბრწყინვებელი შჳდისა არვისა ერთად; კუალად შჳდცა და სამეოცდაათ შჳდცა ყვის შჳდეულსა თჳთოეულსა შინა შემნდობლობა ბრალეულთა. და შჳდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსათა, რომელ არიან: კრონოს, ზევს და აფროდიტე, ერმი, აპოლონ და არეა - ამათ შეასახა სფერო მიწიერი ხუთთა მათ საგრძნოთა ცნობისათა შჳდმყოფელად თანადართვითა სულისა და გონებისათა, და ოდესმე რომელიმე აღებაძვის ზენასა მნათსა ქუენა მნათი, გინათუ შუენებითა უცხოთა და უსახოთა, გინათუ სიბრძნისმპყრობელობითა, გინათუ მზეებრ უხუებითა და მომფენობითა სწორებითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა, გინათუ მძეველობითა სძლევდა საჭიროთა მიმართ.

ამათ და ესევითართა მნათთა და ზოდთა თუ ვინ ეძიებს, თჳსთა ძალთა თჳთებასა აღაორძინებს თანა ჰასაკისასა უმეტეს და უმეტეს. გარდაითავისა მონაბერმან ზენათა სუეთამან ავღუსტიანმან, ვითარცა დასხმული სამოთხე ჴელითა ღმრთისათა და სულნელებითა მით მადედლებელითა საყნოსელთათა და შეუკრებიან შორის მისსა ძალნი გონებათანი და სულთანი, გრძნობათანი და ნერგოვნებათანი; და გონება ღმერთ-უქმნია და სული მხედ მხედავისა არსთასა, და მუნ შინა ჰგიეს, ულიქნავი სატანას და გუელისა მიერ. აჰა, იხილვებისცა, ვითარ სოლინარი, მცენსა თანა მედინთა ნაკადისათა და ვითარ პითოდორა და კრიტია ბუნებითთა ხედვათაგან განსაცადნი. და ჴელ-ყო ქაიხოსროს მსგავსმან ჴელმწიფემან წყალობად და შეწყალებად, განცემად და მინიჭებად. განჴსნილითა მით თუალითა განჴსნნა საჭურჭლენი, მონაგებნი პაპთა და მამათა მისთანი. პირველ ესოდენი ნაწილი დაუდვა პირველსა მას და კუალადსა, და პირველისა მის ზეცისათჳს და კუალადისა ქუეყანისა ჩუენისათჳს, რომლისა მცნებანი იპყრნა, მაღლისა და განურყუნელისანი, განრყუნად შეუხებელსა ადგილსა დამდებელმან; და ესოდენისა დღეინდლადმდე წარმომდგინებელ იქმნა დარსა წარგებად მშობელთადმდე, რომლისა რიცხჳ ურიცხო არს და ჰამარი უჰამრავი. და იჴსნნა მოვალენი ვალთაგან და მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ჴელმწიფება განქორწინებად, და ღონიერ-ყვნა გლახაკნი და მდიდარ - ღონიერნი. და თჳთ დედოფალი რუსუდან სწორად აღსრულებულ იყო თჳთ მისთჳს და გაზრდილისა მისისათჳს მიცემითა ქალაქთა, ჴევთა, სოფელთაცა სამსჭუალთათა.

ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა შჳდთავე თემთასა იწყეს რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომელობისა საქმე და დიდებულთა ვიეთმე ჴელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ, ვითარმედ: „აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ, და გუარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ უგუაროთა და უჴამურთაგან“.

დაღაცათუ ერთგული და კარგი მოყმე და ჭაბუკი იყო ყუბასარ, გაზრდილი პატრონთაგან, და იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, გარნა სენისა მიერ ფილენჯად წოდებულისა მოეღებოდა ენა, ჴელი და ფერჴი. და აწჳეს მეფესა თამარს მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა, გარნა უქმ იქმნა განზრახვა მათი, ვინათგან თამარი სახიერ იყო და მოწყალე, მოიჴსენა სიყუარული, სამსახური და ზრდილობა მისი, თჳნიერ ჴელისუფლობისა და ლორისაგან კიდე არა დააკლო და ეგრეცა სიყუარულითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდი მიცვალებისა. კუალად აფრიდონ, აზნაურისა ყმობისაგან ღმრთისმობაძავისა მოწყალებით კაცქმნილი, მიიწია მსახურთუხუცესობამდის, თმოგვისა და სხუათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის აღზეებული, მოიშალა და დაიმჴო ნებითა და თნებითა ლაშქართათა. და ბრძოლამყოფთა ჴელისუფლობისა და დიდებისათჳს ურთიერთს დაუწყეს ზიდვა.

და ესეცა უცხო მოსაგონებელი: ყუთლუ-არსლან, ცხოვარმან ჯორის სახედ ორბუნებისა მყოფელმან, ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება, მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა განაგისსა, ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებელისსა: „დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მუნღა სრულ-იქმნებოდეს განგებული ჩუენი“.

ესე ვითა საწყენელ იყო, - დასასრული ჴელმწიფობისა და პატრონისა მიმცემელი, - ესრეთ იწყინა და გაიკჳრვა და გაიგონა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან. და მოიღონა ჴელთ-გდება თავისა მის მოქმედთასა და, თანამზრახველმყოფელმან ერთგულთა და საკუთართა მისთამან, შეიპყრა ყუთლუ-არსლან, მეჭურჭლეთუხუცესი და აწ თავისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა, ლორეს, დაჯდომად განმზადებული.

და ვითარცა ცნეს ესე ლაშქართა თანაშეფიცულთა და თანაშემწეთა მისისა მის გზადგამყოლობისა და უკეთურებისათა, შეიყარნეს და უკუადგეს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშუებულობისა და, არამიშუებისა ვნებად მისსა მეტყუელნი, განემზადნეს ისანისაცა შემობმად. გარნა ვინათგან ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლ ექმნებოდა მბრძოლთა მათ მისთა, და მის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამჴობად წინააღმდგომთა მისთა, ცუდ სამე იქმნა განზრახვა მათი, ვითარ განზრახვა აბიათარ მღდელისა და იოაბ სპასპეტისა, რომელნი ეთანებოდეს ორნიას, ძმასა სოლომონისსა. და ამას შინა თამარ, წარმგზავნელმან ორთა საბატიოთა დიოფალთამან, რომელი იყო ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთერისთავისა რატისი, და ერთი კრავაი, ჯაყელთა დედა, აწ მყოფთა სამძივართა, უბრძანა ფიცით მონდობა და სხჳსა არავისი ბრალობა. და მოჰყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა და, წინაშე მოსრულთა, დავრდომით თაყუანისმცემელთა, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულობისა და ნებისმყოფლობისა მათისა.

კუალად დაჯდა ცხებული ღმრთისა საყდართა მათ ცამდი აღმართებულთა შუენებითა მით აფროდიტიანითა და სიუხჳთა მით მზეებრითა აპოლონიანითა, სატურფო საჭურეტი დაბნედამდის და გაჭრამდის ყოველთა გამცდელ-მხედთა და შეპყრობამდის წყალ-ჯავარითა მით უმსგავსოთა სახითა მით ღმრთივქმნულითა. და ურვითა იურვოდა ურვა-ქმნისათჳს ყოველთა შეურვებულთათჳს. პირველად გარდაცვალებასა და გამორჩევასა შინა ორთა ვაზირთა და სპასპეტთასა, თანადგომითა და ერთნებობითა შჳდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად, მწიგნობართუხუცესად და ვაზირად ანტონი, გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათჳს სჳანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა. და განაჩინა ამირსპასალარად სარგის მჴარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა, და უბოძა ლორე, სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა-ყო ძისაცა მისისა ზაქარიას დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე. და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთუხუცესობა და მისცა არგანი ოქროსა ჴელთა მისთა, და შთააცუეს სკარამანგი ტანსა მისსა, და დასუეს სელებითა ოქროჭედილითა, რომელიმე - მარჯუენით მისსა და რომელიმე - მარცხენით. და კუალად უბოძა მეჭურჭლეთუხუცესობა დიდსა და გუარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანის ძესა, და მსახურთუხუცესობა - ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარხობა - მარუშიანსა, ძესა ჩუხჩარხისასა, ვინაცა მათ ორთავე მამანი მომყისებულ ქმნულ იყვნეს, და დასდვა პატივი მამისა მათისა და დასხნა სასთაულითა. და უბოძა ამილახორობა გამრეკელსა თორელსა, რომელი ამირსპასალარიცა იქმნა შემდგომად სარგის მჴარგრძელისა.

და ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს: ბარამ ვარდანის ძე - სუანთა ერისთავი, კახაბერი - რაჭისა და თაკუერისა ერისთავად, და ოთაღო შარვაშეს ძე - ცხუმის ერისთავად, ამანელის ძე - არგუეთის ერისთავად, და ოდიშის ერისთავად - ბედიანი. და ლიხთამერით: ქართლის ერისთავად - რატი სურამელი, და კახეთის ერისთავად - ბაკურ-ყმა ძაგანის ძე, და ჰერეთის ერისთავად - გრიგოლის ძე ასათ, რომელმან მისტაცა მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელის ძესა და მცირედ ჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის ადგილსა დაჯდომა სასთაულითა, და ჴელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთაობა; და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი. და სხუანი ჴელისუფალნი ტაძრისა და საყდრისა სამეუფოსა წინაშემდგომელნი განაჩინნეს წესისაებრ სახლისა.

ამას შინა აღავსნა ებისკოპოზნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ-ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან; გააზნაურდეს ქუეყანისმოქმედნი, და გადიდებულდეს აზნაურნი და გაჴელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა, რომელი აწ ჩანს დაწერასა შინა ამისსა. ათორმეტთა მოქცევათა ჟამთა თამარ სამგზის სანატრელისათა, რომელმან სიმშჳდითა და თმენითა, სიბრძნითა სოლომონისითა, სიმჴნითა და საურავისა დღესისა ხვალისა არმიგდებითა ალექსანდრიანითა, იპყრნა ზღჳთ პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკჳთთამდის, მიმხმელ იქმნა ცხორებითა და ნეტარებითა აღმასრულებელ ათთა მცნებათა, რომელმან ესევითარი იჴმია ფრიადება ცნობიერებისა და სიმშჳდე გონებისა, ვიდრემდის ამისსა განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადამე კრვად. კიდემქონებელი ყოვლისა მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა მოღებისა, ნებააღსრულებული, შიშისა და ზარისა დამდებელი, მშჳდი და მშჳდობისმყოფელი იშუებს და სუფევს სამეუფოთა და სამფლობელოთა შინა მისთა, რომელი არა სადა ვის უხილავს, თჳნიერ ამისსა, ესევითარსა კაცისა უვნებელობასა შინა უვნებელად და მშჳდობით დაჭირვა და მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩებისა.

ხოლო სხუანი ზნენი: გამარჯუებულობანი, აღვლანი საზღვართა მიმართ, მამადობანი მამათა და ტომთა მისთანი, ოდესმე რაინდობანი და მკჳრცხლმოქმედობანი და მჴედრობანი მჴედართანი, ირაკლიდ საგონებლობანი, ოდესმე ნარნარად და წყნარ-მშჳდად მეპასუხობანი, თუ რანი და რაოდენ იქმნნეს, წინამდებარისაგან ეუწყნენ მსმენელთა. რათა სრულ-იქმნას წყალობა და წადილი პატრონისა ტკბილისა და სახიერისა ლაშქართა და სპათა მისთა ზედა, შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა-ყვეს ძებნა წაღმართისა და მოყვანა ქმრისა, რომლისათჳს ჴმდა, თუმცა ყოფილ იყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშედ წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფქმნილთანი: ვითარ თამთა თუმიანისთჳს, ვითარ ამირან ხუარაშანისთჳს, ვითარ ხოსრო-შანშა ბანუისთჳს, ვითარ მზეჭაბუკ მზისათჳს ხაზართასა, ვითარ იაკობ რაქელისთჳს და იოსებ ასანეთისთჳს, დავით ბერსაბესთჳს და აბისაკისთჳს, ვითარ პელოპი მჴნედ მბრძოლი იპოდამისთჳს, ონო-მაოს ასულისა, ვითარ პლუტონ პერსეფონისთჳს, ვითარ რამინ ვისისთჳს, ვითარ ფრიდონ შაჰრინოს-არნავაზისთჳს, ვითარ შადბერ აინლიეთისთჳს. და უჩნდა საჴამსოდ, თუმცა გამოჩენილ იყვნეს ვინმე ანუ გმირნი სახენი გმირთანი, ანუ მამანი სახენი მამამთავართა შუენიერთა და კეთილად მბრძოლთანი, ანუ მსგავსნი გარეშეთანი, სისხლდამთხეველნი შეყუარებულთათჳს, ანუ მიჯნურნი ლომნი მზენი, მჴეცებრ გაჭრილნი ამის მზისა და უმეტეს მზისა და თჳთ მათ მითხრობილთა მზედ და მნათობლად საგონებელთა უბრწყინვალესისა და უნათლესისათჳს.

გარნა ვინათგან ცუდსაგონებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს, თუ დაბადებად არს, გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი მკჳდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთმეფისაგან წყალობაჴელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა სახელითა აბულასან, და მეტყუელმან თქუა: „მე ვიცი შვილი ჴელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი. და იგი, მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია-ქმნით დევნილი გარდამოიხუეწა ბიძისა, სავალათად სახელწოდებულისაგან, და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა ქალაქსა“.

მაშინ მომსმენართა მისთა უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდვაჭარი, სახელით ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰუნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნისა მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად. ამისთა მნახველთა და გამცდელთა - პატრიაქმან, დიდებულთა, ვაზირთა და სპათა - მოაჴსენეს თამარს და მათგან ნებადაურთავი განმზადეს ქორწილი. რამეთუ თამარ ჭეშმარიტი იყო და მტკიცე სჯულთა ზედა, და ვიეთნიმე დაღონებულობით აწუევდეს ალექსის მოყვანასა ქმრად, რომელი ახლოს სთჳსობდა და მამულად მამის ძმისწული იყო ბერძენთა მეფისა, - ესე მას ჟამსა აქა მყოფ იყო, - და შიშითა ამისის ქმნისათა ყოვლად უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ჴსნა ქმროსნობისაგან. ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად და, ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახედაუდებელი და იგავმიუწდომელი. სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერულთანი, მსგეფსამდი სიხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი.

ხოლო მე ესეცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოველნი, ღირსნი და მინდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: „ღირს რამცა ვყავით მოწონებად და მიხუდომად ბედსა ამას საზესთაოსა!“ და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი, წარსრულთა თჳსად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხჳა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი, რომლისათჳს ვერგამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდისა რაჟდენისსა, რომელი მუნვე დაკრძალეს.

შემდგომად ამისსა ჴელ-ყვეს გალაშქრებად და გავიდა ტფილისით მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა, და ააბეს დროშა სჳანად ჴმარებული, და წარიძღუანეს ძელი ცხორებისა, მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა. პირველ ილაშქრეს ქუეყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივგანათლებულსა, და აღივსნეს სიყუარულითა და სიხარულითა.

ამისგან უწინარეს მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუეყანასა პალაკაციოს და ძაღლისჴევად წოდებულსა. და მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუჴდა; და სჳსაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეს. გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და მოიღეს არმაღანი წინაშე თჳთმპყრობელისა.

და მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმიანისანი, ცხენოსანნი და ქუეითნი, და აივსო შავშეთისა და კლარჯეთისა ქუეყანა. აქათ შეიყარნეს გუზან აბულასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნეს მესხნი და მარბიელგაშუებულთა შეებნეს მუნვე. ბედმან და სუემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დაჴოცნეს. და მუნითცა მოიღეს ურიცხჳ კაცი და ცხენი წინაშე მეფისა ღმრთივგჳრგჳნოსნისა და დღითიდღე აღმატებულისა და წარმართებულისა. ამას შინა იხარებდეს, იშუებდეს, ნადირობდეს, მხიარულობდეს.

ამისსა შემდგომად წავიდეს მჴარგრძელნი, ძენი სარგისისნი და ვარამისნი, მოყმენი პირწაღმართნი, უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცვილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი, და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა. და გამარჯუებულთა და ალაფაღებულთა მოეწივნეს ლაშქარნი დვინელნი, და კმა იყო ლომისა სიფიცხედ, ვინაცა ბოლოდ გააქცივნეს. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე მეფეთა. და მათ წყალობისმყოფელთა გარდაიჴადეს მადლი.

შემდგომად ამისსა, გამოსლვასა ხანისასა, ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ და ზემონი - ზემოთ და შუანი - შუათ, და ყოველგან ძლევაშემოსით და გამარჯუებით.

და კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართა და მოაოჴრა ქუეყანა პართთა და წარმომღებელი და გამომღებელი ქალაქისა და მუნ შინა მყოფთა საუნჯეთა და ტყუეთა, მოვიდა თამარ სუესრულისა და ნათელბრწყინვალისა წინაშე, რომლისა თუალი უღამო და დღე უუკუნო და საწადელ და საშუებელ სულისა და ჴორცთა. ამას შინა ოდესმე მოისუენიან ლაშქრობათაგან და მშუებელნი გარდავიდიან იმერთა ქუეყანათა წესისაებრ, და ჟამსა ოდესმე ჩავიდიან შარვანის ზღვრამდე, და მოვიდის შარვანშა დიდითა ნიჭითა და ძღუნითა და, ერთგან მომნადირებელნი მინდორთანი და მხიარულნი, კუალად გაიყარნიან და უბოძის საბოძვართა სიმრავლე და წარგზავნის პატივითა ძმებრივითა, და მონებდა და მსახურებდა იგი მონებითა ყმებრივითა.

შემდგომად ამისსა შეიყარა დიდძალითა ლაშქრითა და მომართა გელაქუნად, რომელი ძნელ იყო შესამართებლად ზღჳს ქჳშასახეობითა თურქმანთათა. დაესხნეს, ამოსწყჳდეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი. გამომართულთა მოეწია ყოველი თურქმანობა გელაქუნისა წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და იალღუზ-ალფესისითა, რომელნი მას შინა დაემჭირნეს ყიზილ-არსლანს ათაბაგსა. და ვითარ წყობა და რაზმი ერთმანერთსა განეწყვნეს, იმათებურეს მოყმეთა თამარისთა და უსწრობდა ბერი ყმასა და ყმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა, გააქცივნეს და ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. და მოვიდეს თჳსადვე სამეფოდ წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა და სამხრისა.

შემდგომად ამისსა წუევითა ასათ გრიგოლის ძისათა დიდი და სასახელო ილაშქრეს განძას ქუემოთ ბალყუნამდის, შემდგომად ზემოკერძო რაჴსისა პირი მასისამდე. მუნცა დიდთა ლაშქართა მოწევნასა შინა ისახელეს თავი ბუმბერაზთა ამის სამეფოსათა, თჳთ მეფისა მჭურეტელობასა შინა, ვარდან დადიანმან მსახურთუხუცესმან, ოთხთავე მჴარგრძელთა და სხუათა დიდებულთა და აზნაურთა დიდი დაჭირებული ომი გარდაიჴადეს და გააქცივნეს და შემოიქცეს მუნითცა გამარჯუებულნი და აღვსებულნი სიხარულითა.

ამას ესევითარსა მშჳდობასა, მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან: შევიდა სატანა გულსა სუეუბედურისა რუსისასა, სკჳთ რამე სახელდებულისასა, და სიტყჳთ აღიძრა წყენად თამარისა, ჴელმწიფეთა მზისა და მეფეთა ელვაცისკროვნებისა, და იუდამყოფელმან თავისა მისისამან აღარ იცოდა, რამცა ექმნა. ძლეულმან და ტაძარქმნილმან შჳდთა სულთა უბოროტესთა პირველისათამან სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწყმედულმან. ამას ესევითარისა უცხოა და ურიგოსა საქმისა შემოსლვასა შინა ითმენდა თამარ წყნარი და ნარნარი, ცნობიერი და გონიერი, და ორ წლამდის, გინა უმეტეს, იყო განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა.

და ვითარცა უგრძნეს ვაზირთა და დიდებულთა, განკჳრვებულთა ერთჴმობით ჴმა-ყვეს მცნობელთა ამისთა, ვითარმედ ესე მისვე ძუელისა მტერისა არს, რომელმან მოაკლვევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი და ექსორია-ქმნა პირველი იგი კაცი სამოთხით, ვითარ ესე აწ ხილულისა ამის სამოთხისა და უბრწყინვალეს ედემისათ შეუმზადებია ექსორია-ქმნა. მისვე ძუელისა ხაკან სკჳთისა შემსგავსებულად მოსდგომია აქაცა. მუნ თუ იგი მოადგა დედოფალსა ქალაქთასა, აქა ესე - დედოფალსა დედოფალთასა და მეფესა მეფეთასა.

ბოლოდ რაღა თჳნიერ ამისსა?! ვეღარა მინდობილთა ორღანოქმნილისა მის ეშმათა ბომონისათა ჴელ-ყვეს ცრემლმდინარეობასა შინა თამარისსა, ჯერეთცა მოწყალისა და გაურისხებელისასა, და წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა, არავის მისცა სასიკუდინოდ, იგივე სიუხჳთა მზეებრითა არა მიეშუა გაძრცუასა, და ვინაცა ჩასმული ნავითა ზღუად, მიიწია კოსტანტიპოლედ და იყოფოდა ჟამთა რაოდენთამე მუნ.

ამისსა შემდგომად უფროს და უფროს, უკეთ და უკეთ მთავრობასა და ჴელმწიფებასა ათქმევს ყოველსა მწირსა ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი, თანაშემწე და თანამძლე ბრძოლათა შინა, და არამსგავსებული ბედი და სუე პაპთა და მამათა მისთა, ნუუკუე არცა ბედისა ოდენ მინდობილთა წარმართთა.

რამეთუ ამას სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი, ამისთჳს ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი. რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებითა, არათუმცა ანდრონიკეს, ჟამსა მისისა მეფობისასა და მისგან ბერძენთა ამოწყუედისასა, შეეპყრა და განეპატიჟა იგი მოყმე პოლიკარპოს. მსგავსი ასურასტანისა და შუამდინარისა ანტიოქელისა მეფისა შვილი იყო: უკუეთუმცა ჰქონებოდა გზა მრავალგუართა ბარბაროზთა შუაყოფისაგან, წამსაცა შინა აქა პოვნილ იყო. კუალად სულტნისა ყიზილ-არსლანის შვილთაგანი ერთი, ამბვისა სმენითა ხელქმნილი, ძლითღა სამე დაიმჭირა მამამან სჯულისა დაგდებისა შიშითა.

ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თჳსთა თჳსობისა გავლენა. ვინაცა სახედ მზისა შარავანდნი ცისაგან იშუქებდეს მიწიერთა საჭურეტლად, ეგრეთვე ქუეყანისაგან თამარის ჴელმწიფობისა შარავანდთა ნათელთა ბრწყინვალებანი ეფინებიან იატაკსა ამას ზედა ცისასა.

მცნობელმან ამისმან სალდუხის ძის ძემან, სახელით მუტაფრადინ, აღარ დამხედმან მშობელთა არნებობისამან და დამგდებელმან მუჰამედისმან, სჯულისა ტკბილისამან, რომელმან მოზიდვითა კაცთათა უმოძღურა კაცთა საწუთო ესე ნებასა ზედა თჳსსა, სურვილითა და სმენასატურფოთა სახეთაგან ძლეული მოვიდა წინაშე თჳთმფლობელისა, ყოველთა მეფეთა უზეშთაესისა ამის თამარისა სამფლობელოთ თჳსით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა, ხოჯებითა და საჭურისითა, მონებითა და მჴევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, საჴელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა. და წესისაებრ სახლისა საჴელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყუარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპი სალდუხ ეზდინი პაპსა ამათსა დემეტრეს, ჴელმწიფესა დიდსა და ჴელმწიფესა სახელგანთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ჴელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყჳთა, და ნუუკუე არცაღა სიტყჳსა ღირსებითა, მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე. ნელიად და წყნარად და დაყოვნებით-რე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადმრავლობა. დასუა პატივითა ტახტსა თანა სელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა და მოყმეთა უკლებლობასა მრავალგუართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძვართა და შემოსათა ვინმცა იქმნა მჰამრავ? ამას ესრეთსა სიყუარულ-პატივსა და ბოძებასა შინა დაყო ჟამი ზამთრისა სომხითს და ტფილისს მომწონებელმან სანადიროთა ქუეყანათა და მოყმეთამან და თჳთ თავადის პატრონისამან, რომლისა სრულობა, ვითარ ღმრთისა, უსრულეს არს. და ჟამსა ღანუყობისასა თანაწარმტანელთა აჩუენნეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი, მოედანნი და ქუემონი კახეთისანი და რანისანი. და რანისა დიდებულნი მოყმენი და ლაშქარნი, განაღამცა მომწონებელნი და მაქებელნი, იშუებდეს და იხარებდეს და ადიდებდეს მომლოდენი ჟამისა მის პატრონისა მათისა უკუდავქმნილისანი.

გარნა ვინათგან თამარ ამაყი და ლაღი, უჯერო შესატყჳსობისა, აზეებდა ფრთოვანებასა გონებისა მისისასა, შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამჴუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა, და წინაუკმო საულისა იპოვა შვილი სელჩუკიანი: მან, მძებნელმან კარაულებსა მამისასა, პოვა მეფობა, ამან, მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან, პოვა, რომელი საულისა დანაკარგთ კმა იყო.

ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა, და ვინაცა მთქმელთა არა უქმსაგონებლობისათა, უფროსღა უქმმყოფელთა და დამასკუნელთა ქორწილისათა შერთეს და გარდაიჴადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა, და წარგზავნეს თჳსად საყოფლად არზრუმად, გარნა თუ ვითარითა ცრემლითა და ვითარითა გლოვითა, გამოუთქმელ არს კაცთა ენისაგან.

ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიჴდილ იყო ცნობათაგან სიყუარულისაგან და, სჯულისაებრ ძუელისა და თჳთ დღესისთა ისლიმთასა, გუარისაგან განვლენილი, თჳსობისა, სჯულისა დაგდებად განმზადებული, მოქენე იქმნა ყოველთა საქმისმოქმედთა, მოძღურისა და კათალიკოსისა, მიუწდომელისა ქრთამისა მძებნელი. გარნა უქმ სადმე და ცუდ იქმნებოდეს ზაკუანი ეშმაკისანი, ვინათგან აქუნდა თამარს სული მყოვარე და შეყუარებული ზენარისა მის ხუედრისა, და გონება, მშობელი სიტყჳსა, გონებისა მის დიდისა მიმართ აღემსჭუალა, და სეფეგუარ-ჰყოფდა ტაძარსა შჳდწილ განწმედილსა ღმრთისა სიტყჳსასა. და ყოველთა მამონისაგან ძლეულთა და ქმნად მაწუეველთა სირცხჳლეულ-ჰყოფდა, მომსმენელთა სატანას ზაკუათა. წარმავლინებელმან წესისაებრ პატივითა და სიყუარულითა ნიჭმრავლობასა შინა მისცა მცნება კუალად აღარა შეძენად ესევითართა თქმად.

თამარ სუესჳანისა ჴელმწიფისა იმატებენ ზარნი, ლაშქრობენ მოყმენი, არს მარჯუება, სიხარული, სიყუარული, შუება და ნადირობა მთათა და ბართა, გარნა წუხდეს და იურვოდეს შემჭირნენი უწაღმართობისა და შვილისუსმელობისანი. და ვითარ მოეცვა შჳდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა, პოვეს ღონე განგებითა ღმრთისათა, რომელი აღამაღლებს მდაბალთა და შემუსრავს ლაღთა, რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: „არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა რომელნი მე გამოვირჩივნე“. და ვითარ იტყჳს დავით, რომელსა აწ სათნო-ეყო გამოჩინებად: „უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწამეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა“ და შემდგომი.

იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა. ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინათგან თჳს ეყოდა მამისდისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა, მოეყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა. და იხილეს მუნ მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან საჴელმწიფო.

ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს მკჳდრთა ამის სამეფოსათა, იგი განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომჴსენებელ და მოაჯე ექმნნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: „უკუეთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი, შვილნი ჴელმწიფეთანი: ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკჳთთანი, სპარსთა და ოვსთანი, მცდელნი, სამართალთაებრ უკუნარღჳვნა არშემძლეობამან თჳნიერ ბრძანებისა საუფლოსა“.

მაშინ თამარ, მინდობილმან მამისდისა მისისამან მშობლისა სახედ და მისგან დიდად წყალობიანთა ლაშქართა და სპათამან, ესრეთ თქუა მბრძანებელმან: „მოწამე არს ჩემდა ღმერთი, აროდეს ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნობისა, არცა პირველ, არცა აწე, თუმცა არა მოსლვოდა უწაღმართობა ჩემი საყდარსა, რომელი რწმუნებულ არს ჩემდა პირველ ღმრთისაგან და შემდგომად მშობელთა ჩემთაგან, აწცა ამისი ვარ მოაჯე“:.

მაშინ არმომშუებელთა ჰკადრეს დედოფალსა. და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა მიერ, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა. და მუნ ქმნეს ქორწილი, შესატყჳსი და შემსგავსებული ჴელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა. ვინათგან დედოფალი ყოვლითა სიბრძნითა სავსე მოქმედებდა: აქათ ბაგრატოანი, ბაგრატოანთა გუარზეობითა აწყობდა რიგთა სახლისათა, და ქუემოთ, ხუარასნისა და ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, მუნებურითა სახეობითა და შუენებითა მოქმედებდა. მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განმდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელი იყო რაზმთა სიმრავლე სრულ-ქმნასა ამისსა შინა. მითხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარ ბედნიერობასა, სჳანობასა დღეკეთილობა თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანებრისა, თანა ბედნიერ და განმარჯუებულ იქმნა. და წაღმართ-წაღმართითა მით მითხრობითა წინამდებარითა ესე.

დავით წელიწდის მოქცევამდე ესრე წაეჯობინა ყოველსა მშჳლდოსანსა, ცხენოსანსა და მცურავსა, მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ჴელთა სიკეთითა, ვითა დღეს ჩანს, რომელ შინათ ვინ ყოფილა მისი მსწავლებელი და თანამოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი.

შემდგომად ამისსა, მშჳდობისა და მტერთა მძლეობისა ამათისა, ოდესმე მოესმა, ვითარმედ რუსი იგი ძნელბედი და სუეუსუეო წამოსრულა კოსტანტიპოლით და მოსრულა ქუეყანად ეზინკისად, კარნუ-ქალაქისად.

და მას ჟამსა ნაცვალი მეჭურჭლეთუხუცესისა, სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი, კეთილთა და ჰამოთა პატრონთაგან სრულწყლიანი, საქმის მოციქულად წარივლინა საქმისა რასათჳსმე, და მისსა კარნუ-ქალაქსა მისლვასა შინა შეიყარნეს რუსი და იგი. ერთად დგეს იმიერნი, რომელთა სახლსა შინა შეხუეწილ იყო. მისისა სარგებლისა მოწადინენი შეეხუეწნეს ამას დიდსა, რომელი აქათ მისრულ იყო. მაშინ ცნეს ამის სამეფოსა კაცთა და უფროსღა ეშმაკმან, რომელი მარადის მბრძოლ არს, ვითარ „განკჳრვებასა დავითისსა სიცრუე კაცთა გულებისა“, და რომელნი თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და უგულსავსედ წყალობითა იყვნეს, მათცა ქმნეს საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი. უკუეთუ ამას სამეფოსა განდგომად პატრონთა უნებელ ქმნილა რომელი, დაწყებითგან სოფლისათ არავის ოდეს სადა უნახავს წარმართებული და გამარჯუებული, გარნა ეგრეცა თჳსთა და ნატამალთა, შვილთა და ძმათა ამის სახლისათა მიზეზითა ქმნილა. გარნა ესე ვინა ანუ სით?

პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქათ ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თჳსით მოკიდულითურთ, ვითარ გუარ-ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშს ზედა უერთგულა ბაგრატს. ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, ლიხთაქათ პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთიქით ნიკოფსამდის უცილობელად ქონებისა, და თჳთ ქუეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასამე საქმისათჳს წარვიდა და მივიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა. შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი. მომრთველმან სანიგთა და ქაშაგთამან აფიცნა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათჳს დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყანისანი.

გაგზავნნა ლაშქარნი ქუეყანისანი და მივიდეს გუზანისა. და მუნით წამოვიდა რუსი და შეყრილთა მიჰმართეს სამცხესა. და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო. და გარდამვლელნი მთისანი მივიდეს გეგუთს და დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა. ჵ, ღაღადი დიდი და განსაკჳრვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დავითიანსა?

მაშინ თამარ, ქალაქსა მყოფი, უსახურისა და უაზრავისა საქმისა განკჳრვებული, პირველად მომხადელი ჩუეულებისაებრ ზენათა წყალობათა, მბრძანებელ ექმნა ყოველთა ერთგულთა მისთა, ვინაცა შემოკრბეს სპასალარნი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითითურთ, და სამცხით. მკჳრნეთა საქმითა ჰკადრეს ფიცითა არა მათგან ნებადართულობა საქმისა, და ვითა შეაჯერეს უმათოდ ქმნილობა, მჴეცებრ განჴდა გული მათი ერთგულობისათჳს და თავისა საწამებელად დადებისათჳს. და თჳთ თამარ ჴელითა საუფლოთა და სიტყჳთა ოქრონექტარითა მართალი მართლად იკითხვიდა მიზეზსა მკჳდრთა მისთაგან. ოდესმე თევდორე პატრიაქსა და ანტონი ქუთათელსა, რომელი-იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთიმერით სისხლთა დათხევამდის, და სხუათა ებისკოპოზთა გზავნიდის, ოდესმე - შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა, და მათგან ვერას პირის მპოვნელი.

მაშინ შეკრბა კრებული ღმრთისმბრძოლი, აღიღეს მახჳლები და წათები, წარმოემართნეს პატრონსა ღმერთშემოსილსა ზედა. ნახევარნი მათითა მეფითა გარდამოვიდეს მთითა ლიხისათა. ამწყუედელნი და ამაოჴრებელნი ქართლისანი მოვიდეს ნაჭარმაგევამდის და გორამდის. ნახევართა დადიანთა წინაძღომითა გარდაიარეს რკინისჯუარი და ჩავიდეს ციხისჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრჴე. მუნ შეიყარნეს ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი. და გამგებელთა ესევითარისა საქმისათა, ღმრთისა უკითხავად, შვილთა მზეგრძელ უჴმეს, რამეთუ გააგეს პირველად აღება ჯავახეთისა, თმოგჳსა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა, ვინათგან ქურდვაჭრისა იქით გასდგომოდავე ყოველი სომხითი: ივანე ვარდანის ძე, პატრონი გაგისა; მაყა, პატრონი კაიწონისა, - კაენი თჳთ ვარდანისი იყო, - სხუანი მის ქუეყანისა აზნაურისშვილნი, თჳნიერ ზაქარია ვარამის ძისა; იგი კაცი ერთგული იყო და ჭაბუკი გამოცდილი. ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მუნიდაღმა მათ და ზემოქართლს მყოფთა - კართა ქალაქისათა მოსლვა, სადა-იგი იყო მზე მზეთა, ნათელი ნათელთა, ტარიგი უმანკო, მსგავსი ქრისტესი, მშჳდითა მით დავითიანებრითა გონებითა მინდობილი ზენასა მის განგებასა, იმედისა მდებელი წყალობათა მისთა გულმოწყალეთა.

მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მჴარგრძელთა და სხუათა თორელთა, ზემოთა და ქუემოთა, წასლვა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა და მუნვე ცნობა ძალისა მათისა, უფროსღა ცნობა ძლიერებისა მართლმსაჯულობისა ღმრთისასა. და მივიდეს მტკუარსა ზედა, ვინათგან იგინიცა მუნვე მოსრულ იყვნეს. და მიერთნეს მესხნიცა, ერთგულად დარჩომილნი. და აქათ ესენი მისრულნი მტკუარსა ზედა, და იგინი მუნით ჴიდსა ზედა შეიბნეს.

და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა ყოფამან გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიყარნეს და ზრახვა-ყვეს, ვითარმედ: „ვხედავთ მჴეც-ქმნილობასა ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა“.

სიქველისა მომნიჭებელმან თამარისკერძთა ლაშქართა ამცნო გულუყოვნელ-ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა, და გამვლელთა ჴიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად სახელდებულსა ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა. თმოგუსა და ერუშეთს შუა შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, ფეთებანი ჴრმალთანი და მხეთქელობანი ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა თამარისთა და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დაჴოცნეს და ტყუე-ყვნეს. ამათ არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თჳნიერ რომელ ივანე სარგისის ძე დაკოდეს.

შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არადაკლებისათჳს. და მოვიდეს წინაშე ღმრთივგჳრგჳნოსნისა მეფისა და მეფეთმეფისა. მიმცემელმან ღმრთისა მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა, თუალითა ტკბილითა და გულითა დაჯერებულითა. ვინაცა ცნეს ესე პირველ მახარობლისა მოსლვითა, სარგის ვარამის ძისათა, ზრახვა-ყვეს, რომელნი მყოფ იყვნეს მის წინაშე: თჳთ ჭიაბერი მანდატურთუხუცესი, ჰერნი და კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა სჳანისათა, დასხმა-ყვეს ქართლს მყოფთა, რომელთა მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა.

და ვითარ აგრძნეს მათ ამოწყუედა და გაქცევა ზემოთა ლაშქართა, მსწაფლ იჴმიეს გარდავლა. და შემოქცეულთა და მოსრულთა წინაშე თჳთ თამარისა ჰკადრეს გასლვა სომხითით და მიმართება ურჩთა და განდგომილთა მეფობისა მისისათა. დაჰმორჩილდა ქრისტეშემოსილი ჴელმწიფე, შემეცნებული ღმრთისა წყალობააურაცხელობითა.

ვინა ესეცა უწყოდეთ, რომელ წურთათა ღმრთისათა სივრცე დიდ ფრიად არს, რამეთუ კეთილთა და კეთილგამგონეთა ნიშთა აღჩენითა სწურთის კეთილად დართვითა, ძლევა-მინიჭებითა. რამეთუ კეთილისა სულისათჳს ღმრთისმოყუარე და თჳსად მისი არს, ვითარ იტყჳსცა დღე ბრძენთა ხედვისა პლატონ: „კეთილი კეთილთათჳს არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთაჳის - ბოროტ“. ხოლო აწ ჴამს და უფროსღა გაგონება ნათქუამთა მათ დაუვიწყებელად და ხედვა ზენათა წყალობათა, რათა დავჰყოთ თუალი იგი ამათ ესევითართა წყალობათა განგრძობითა.

ხოლო ვინაცა ცნეს განდგომილთა შერისხვა ღმრთისა მათთანათა თჳს-თჳსთა, რომელნიმე დამგდებელნი იქმნნეს აწ ციხეთა და სიმაგრეთა და უწინარეს სჯულისანიცა, ვინათგან თამარსა ზედა ესევითარი უსახური საქმე იკადრეს; რომელნიმე მოვიდეს ყელსაბელმობმით; რომელნიმე მკლველ-ექმნნეს თავისა ბიძასა და ეგრე მოვიდეს. და მუნცა იქმნნეს ჩუეულებითნი გამარჯუებანი. შემოქცეული დადგა ჭალასა აგარათასა, მონადირე და მონადიმე, მხიარული და შემწყალებელი ერთგულთა და საკუთართა მისთა.

შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხებითა და სოფლებითა. შეიწყალეს და უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა, ჴელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხჳთა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა. შეიწყალნეს და დალოცნეს სხუანიცა დიდებულნი მრავალნი. და შექცეულთა მიმართეს სახლთა მათ და ნატამალთა ნაჭარმაგევსა.

და ლიხთიმერთა დიდებულთა, შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა, ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თჳთ დედოფალი რუსუდან მათ წინაშე საყოფელად, კათალიკოზი, მანდატურთუხუცესი და სხუანი ებისკოპოზნი შინაურითურთ სახელდებულითა. ვინაცა გარდამოვიდეს სჳანნი დიდებულნი და მოჴელენი და გარდამოიტანეს რუსი, მეფეყოფილი, და მისცა დედოფალმან სიმტკიცე პირველად რუსის უვნებელად გაშუებისათჳს და მერმე - მის ჟამისა შეცოდებისათჳს არას შენანებისა. და წარმოძღუანებითა დედოფლისათა მოვიდეს ნაჭარმაგევად და რუსი, ივანეს მისანდობელად მთხოველი, წარვიდა, მასვე მისსა სუეუბედურსა გზასა გაემართა. და შეიქმნა მშჳდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და „ერთბამად ძოვდეს ლომი და ჴარი და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა და მგელი ცხუართა თანა“. განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუეალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა შეწევნითა ზეგარდამოთა.

და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი და თმოგჳსაგან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მჴარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა. მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთუხუცესსა მოუმატეს და უბოძეს ჟინოანი, ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა. და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგჳ, და ქუემოთ წირქუალელნი. ზარტიბის ძენი, გრიგოლის ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი და თავნი კახეთისანი - თორღას ძენი - შეიწყალნეს თჳთოეულნი თჳსითა წესითა: რომელნიმე - ახლად დალოცვითა, რომელნიმე - მომატებითა. ეგრეთვე - ქართველნი, სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნი.

ვინაცა გუზან, პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა, ვაშლოვნისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა. და სამძივარი სხჳთა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღჳნეთუხუცესიცა სეფეშვილად კლარჯეთისა და შავშეთისა. და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს წინა ზაქარია ფანასკერტელი და ძინელნი, კალმახელნი, ყმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი. და შეყრასავე ცნეს გუზანის შვილისა შაჰარმენის ლაშქრითა მოსლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა შეყენებად. დაღაცათუ ლაშქარნი დიდნი იყვნეს და პატრონნი თორმეტისა დროშისანი და ესენი - მცირენი, მჴსენებელთა ქრისტეს სჯულისათა და თამარის ბედისა და სიმართლისათა შებმა-უყვეს და სიდიდითა მათითა და სიკეთითა დიდად დაჭირვებული ომი გარდაიჴადეს. ბოლოდ, მათთა გამქცეველთა და ამომწყუედელთა, ჴელთმყრელთა გუზანის ცოლ-შვილთა, თანაშემოქცეულთა აიხუნეს ციხები და სიმაგრენი. და კუალადმგებელნი ქუეყანისანი მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მიჰფინა ნათელი წყალობისა და გარდაიჴადა მადლი მოჭირვებისა და სიმჴნისა მათისათჳს. და დარჩეს ყმანი სახელოანნი და პატრონი სარგებლიანი.

და ამას ესევითარსა წყალობასა შინა ღმრთისასა ორნიღა მკლებიან წაღმართისა გამოჩენილობანი. ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომჴსენენი პირმშოთა ძლიერებათანი. ხოლო ვინათგან ჰყოფს წყალობათა დამრეკელთა განმღებისასა და მთხოველთა ნიჭებისასა და მეძიებელთა პოვნისათა, ვითარ იქმნა სარას ზე, გინა თუ რაქაელისსა, ანუ თუ ელისაბედისსა და უფროსღა ანნასსა და, ვიკადრო, მარიამისსა, მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მჴურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბაჴმელისა ბეთლემმყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა, და უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თჳსისა გიორგი, რომლისათჳსცა ყუავილი უკუდავთა ნაწილისა აღმოგუეყუავილა.

და ესევითარსა ამას დღეკეთილობასა შინა იხილეს ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა განწესებული ძედ მეფისა, მეფედ, შვილად ცხებულად დავითიანად. რამეთუ ოდეს დახატული ბუნებისაგან იშვა და წარმოიჩინა, მოაქუნდეს თჳს შორის ხატნი და სახენი თჳსთა დამსახთა მშობელთანი და მნათობნი სცვიდეს მას და ენთებოდა სული ზენისა სფეროისა და მეტბედი ბედსა ზედა და სჳანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა. ესევითარი იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა.

პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა, მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად. ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰაოსის ძმისა ბარდოსის მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთა აურაცხელთათა ათავისუფლეს სამბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა და ძისა მისისა.

მუნით გამომგზავრებულთა, არცა თუ თჳსა ერთისა გამომსუენებელთა, მსწრაფლ წარსრულთა ილაშქრეს აზრუმს, კარსა კარნუ-ქალაქისასა. და მუნ იყო სიმრავლე ომთა, წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა. რომლისა მეშუელად იყვნეს სურმანელი, კარელი, სპერელი და შიგნით სალდუხის ძე ნასრადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა, ქუეითისა და ცხენოსნისათა, უამრავითა. და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად. და ვითარ გამოჴდა ღამე იგი, და მოვიდეს ლაშქარნი უთუალავითა და მიუწდომელითა ალაფითა. და შიგნით მყოფნი, ვითარცა მჴეცნი, იღრჭენდეს კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს, მხილველნი ვინმე ცოლთა დატყუებულთანი და ვინმე შვილთა და ვინმე სიმრავლესა ჯოგისასა და რემისასა. და მთქმელნი ესრე ტიროდეს: „ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა, ვინათგან არაოდეს გჳხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა საყოფელთა ჩუენთასა!“

და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა და შეიქმნა ზმა ქალაქსა შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყვეს აზმი ქუეითისა და ცხენოსნისა. წამოდგეს ბანსა ზედა და შუკათა შინა ისრისმსროლელნი და ქვისმტყორცელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და სპათა მისთა გულმყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რემათა ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს სახედ მეხისტეხისა, აღიხუნეს და ჰკრეს. და დაჯერებულნი თავისა კაცობასა შეიხუეწნეს ჯარითა ამწყუედელნი ერთმანერთისანი. და რცხუენილნი ცოლთაგან საკიცხელ და სანერწყუავ იქმნნეს ბუნებით ელამთა ხადუმთაგან, მკლენი და მგინობარნი მუჰმედის სჯულისმდებლობისანი. და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე თჳსად, მუნით ძლევაშემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისათ აღმობრწყინვებულისა იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი, იზმნა ნათელი.

ხოლო მე, მორიდეს განგრძობასა წყინობისასა, მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელ არს ენა, მეტყუელი და წარმომეტყუელი მოთხრობათა ესევითართა.

ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად და ჩაიარეს ხაჩიანი და ჩავიდეს ქუეყანასა ყარყრისასა და მიუწიეს ბალყუნამდის და მოარბიეს ყოველი არანი და ამოიარეს კარი განძისა. და შეიქმნა კართა ზედა დიდი შუღლი და განაღამცა გააქცივნეს და შეხუეწნეს ქალაქად. ყარყრით შანქორამდის ექუსი დღე იარეს. და რომელი დღე გარდასრულა, თუმცა არა მოწეულ იყვნეს ლაშქარნი და არა შემობმოდეს? და ყოველგან ძლევაშემოსილნი და მძლენი შემოიქცეს და მოვიდეს სიხარულითა წინაშე სიხარულსა ყოვლისა სოფლისასა.

და კუალად ლორიდაღმა წარვიდეს ორნი ძმანი, სარგისის ძენი - ზაქარია ამირსპასალარი და მსახურთუხუცესი ივანე, მორბევად რაჴსის პირისა. და მუნით წამოსრულ იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი მეკობრობად და მზერად ქარავნისა. ვითარ ცნეს ამათ, შეიყარნეს საშუალობასა გზისასა და ეკუეთნეს ურთიერთას. და უფროს ომისა და მჴნედ ბრძოლისა საქებელ იყო წამღებელი სულისა სიფიცხე. და ქველობისა მათისაგან ავსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე დავით სუეამაღლებულისა და თამარ ღმრთივდამყარებულისა.

შემდგომად ამისსა ჰკადრა კაენისა პატრონმან ივანე მსახურთუხუცესმან დავითს და აწჳა ლაშქრობისა ძალითა შესამართებელად დიდსა და სასახელოსა: მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა. მაშინ გაჰყვა მოყმე დღითიდღე მატებული, წაღმართებული და წაკუეთებული ომთა და ლაშქრობათა. დამსხმელთა აღიღეს ტყჳსა, ჯოგისა, აქლემისა, ზროხისა და ცხურისა სიმრავლე, შემსგავსებული ქჳშათა. და სადაცა ვინ ლაშქარნი და მეშუელნი თავისა დედა-წულთანი გარდეკიდნეს, გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. ვინაცა იავარმქმნელთა სპარსი-ბაზრისა სულტნისა მოედანსა შინა ჴელ-ყვეს სიხარულად და ასპარეზობად, რომელი-ესეცა აროდეს ვისგან ქმნილ იყო.

ვინათგან ოდესმე იგივე რუსი, ამის სამოთხისაგან ექსორიაქმნილი, კაენისებრ მკლველი არა ძმისა, არამედ თავისა თჳსისა, ვერცა ნადისა ღირს იქმნა და მოიშალა სამოთხესა, სამეუფოსა ქალაქსა კოსტანტიპოლეს, ყოფისაგან. ყოვლგნით არა მტერაწყუედილი მეფე, არამედ სამბერველაწყუედილი, მივიდა ათაბაგისა და მისგან აიღო არანის ქუეყანასა საყოფი, შემსგავსებული სჳსა მისისა. მუნიდაღმან შემყრელი ლაშქართა განძისა და არანისათა მოვიდა ქუეყანასა კამბეჩისასა და შიგნით მინდორი მოარბია და აიღო სიმრავლე ტყჳსა და ნატყუენავისა.

მაშინ ხორნაბუჯისა პატრონმან საღირ მახატლის ძემან ცნა და შეიყარა მცირედითა ლაშქრითა და მიეწია სამითა შვილითა წამებად თავისა. არა თუ ორნი ერთისათჳს ლაშქრობდეს და ათნი ერთისათჳს და ოცნი ორთათჳს. გარნა მანვე სუემან და სიმართლემან თამარისმან დასცა რისხვა ღმრთისა უხილავი და, ვითარცა გედეონისგან გასმიეს, მცირედნი მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დაჴოცნეს, ვინა რუსი ძლით სამე გარდაიხუეწა.

ხოლო ესეცა უწყოდით თქუენ, მსმენელთა, დაღაცათუ სამისოდ გაჭრითა მჴეცქმნილთა მჴეცებრ აჩუენის ულმობელობითა უწყალო-ქმნა, გარნა იხილეთ, თუ ვითარ სატურფო და ანდამატებრივი მომზიდობა აქუნდა მჴეცთა გულებისა. ოდესმე შარვანშას ლომისა ბოკუერი გამოეგზავნა, მათ გაზარდეს და ესრეთ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომე არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა ვის უნახავს მისი არაკი. რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესრეთ აქუნდა ტრფიალი, სურვილი და სიყუარული თამარ ღმრთივგანმანათლებელისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭუთა მი და მო ქცეულებამან კაცთა კიდებისაგან ვერ დაიჭირის, ვირე თავი უბეთა არ ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძუელ ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგჳთხრობს. და ოდეს დაიჭირიან და დამაგრდიან, წყაროსა მსგავსნი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნი დაალტობდეს მიწასა.

ამას ესევითარსა მძლეველობასა მტერთა და მჴეცთასა, წინააღმდგომთა და ურჩთა დამჴობასა შინათა და გარეთასა, გავიდა შიში და ზარი, სახელი ოთხბუნებათა და ოთხკუთხებათა სულისა ანაგებობისათა აღმოსავლეთით დასავლეთამდე, ჩრდილოეთით სამხრამდის.

ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზილ-არსლან, ათაბაგი და აწ გასულტნებული, მუჰლიდთა მიერ. დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისანი მპყრობელად ყოვლისა სპარსეთისა, რომელთა მამისა და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი ესრეთ: უფროსსა - ხუტლუ-ინანჩის - ერაყით ხუარასნამდის და ბაბილოვნამდის; და შედეგსა - ამირ-ბუბაქარს - ადარბადაგანი სომხითამდის; და უმცროსსა - ამირ-მირმანს - არანი გურგანის ზღჳთ გელაქუნის ზღუამდის.

ამას შინა, ვითარ წესი მრავალმთავრობისა, შეიქმნა შური და ჴდომა, და სძლია ამირ-ბუბაქარ და პირველად იპოვა, იოტა უფროსი ძმა და დაჯდა ათაბაგად. და უმცროსი ძმა არანიდაღმან, ამირ-მირმან, შეესიძა შარვანშას. და თჳთ შარვანშას და მას ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა და თჳთ დარჩა გალაღებული და გადიდებული ჟამადმდე. ხოლო ვინათგან უღონო-იქმნნეს შარვანშა და ამირ-მირმან, რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა, რომელი შეაძრწუნებს ქუეყანასა, შეახებს მთათა და აღაკუმოლებს. შერყევით შეარყივნა და დასცნა ზღუდენი და ციხენი შამახისანი. უჩინო-იქმნნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა შინა წარწყმდეს შარვანშას ცოლი და შვილნი.

და მსმენელთა ამისთა, მტყებელთა თავისათა, დამსხმელთა თავთა ნაცრისათა, აღიხილნეს თუალნი მათნი და არავინ იხილეს მჴსნელი და მაცხოვარი მათი, გარნა ღმერთი მხოლოჲ და ღმრთისაგან ღმერთქმნილნი დავით და თამარ. წარმოავლინნეს მოციქულნი შემოსახუეწელად ძღუნითა ურიცხჳთა, თუალთა და მარგალიტთა ფასდაუდებელთა წარმომგზავნელთა და მოაჯეთა და მოქენეთაცა ამისთა: „ვინათგან ძალ აქუს ძალსა თქუენსა და ბრძნივგამორჩეულებასა და სუესა ალექსანდრიანსა თქუენ თამარისსა, სიმჴნესა და სიქველესა თქუენ დავით დავითიანისასა, უებრობასა ლაშქართა თქუენთასა აღება ყოვლისა სპარსეთისა, მაშინ დასჳთ ასული თქუენი, ნათელშესატყჳსი ნაყოფი საამო მეცნიერებისა და ბრწყინვალება შარავანდთმკრთომელობისა თქუენისა, პატრონად ყოვლისა სპარსეთისა!“

და მაშინ არამაღირსმან სიძობისამან უბრძანეს იმედი შუელისა და ჴელისაპყრობისა. და განსცა ბრძანება და წარავლინნა შიკრიკნი და მალემსრბოლნი წუევად ლაშქრისა იმერით და ამერით. რამეთუ მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა სავალათი აქა იყო სამსახურად. დიდთა ლაშქართა შემყრელნი დადგეს დასოთა შინა, რომლისა სიმაგრითა და სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი, ალგეთის პირი, კციის პირი და ქურდვაჭრის პირი, - ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარაღაჩამდის.

მაშინ მოვიდეს ამირ-მირან ფალავანდის შვილი და აღსართან შარვანშა ყოვლითა არანისა დიდებულითა და ღულამითა. დადგეს ჴელმწიფენი, სუესრულნი და ღმრთივაღმობრწყინვებულნი, ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნებისმყოფლობისა მათისათა აწჳეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან. აქა რომელმანმცა სახემან, ვისმანმცა გონებამან და ენამან აღმოთქუნეს ქებანი ზართა დიდებისათა, კარავთა და სარაფარდათა, კოშკთა და ფილოპატთანი, მოკაზმულობანი და შემკობილობანი ბესელიელებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი, რომელსა შინა იქცეოდა ღმრთისაგან ღმერთქმნილად შორის ღმერთთა გამკითხველად ღმრთისა სახეობად, რომელსა მოესთლო სურნელება და შუება სამოთხისა, მოეფუტკრა ვარდბუტკობა, ყუავილმცენარობა, ასფოდელ-ნარგისობა ილვისიოს ველის ნამორჩებთა! ვისმცა ქება მიხუდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა მსგავსისა, ეფრემიანისა, და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა, მსგავსთა როსტომისთა და გივებრთა!

და შეიყარნეს ზარითა მით გონებისა ზარგანმჴდელითა და შეიქმნა დარბაზობა და დასხდეს ტახტსა ზედა ოქროჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი გიორგი, მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა დაშარავანდთმპყრობელობისა გუარფესუობისანი და რომელთათჳს მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუა სიტყუამან: „შევინანნე კაცნი ესე“. კაცთზეშთამან კაცთმოყურებამან კაცნი საყუარნი, მბაძნი დასაბამისა ღმრთისგამგებლობისანი კაცთქმნილობით კაცთა ჴსნისათჳს, შეწევნითა და ძალითა მის ზენასა მკლავისათა იჴსნნესცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან მვედრნი და შემხუეწნი ფერჴთა მათთანი.

პირველად, რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი ახალნი და შემდგომად ამისა - ჰერნი და კახნი; შემდგომად - ქართველნი; და შემდგომად - მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად - სომხითარნი; შემდგომად - აფხაზნი და სუან-მეგრელ-გურიელნი თანა რაჭა-თაკუერ-მარგუელითურთ. და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი.

ხოლო ვინათგან შინაური და თჳსი იყო შარვანშა, პირველად შემოვიდა იგი და, თაყუანისმცემელი მოიკითხეს წესისაებრ და დასუეს თჳსსა ადგილსა. და შემდგომად ამისსა მოვიდა ამირ-მირმან, მამულად ძმისწული სულტნისა, შვილი ფალავანდისა, და დედა მისი იყო ასული ინანჯანისი, ხუარასნისა მემამულისა, რომელი აწ ცოლი იყო ტუღრილ სულტნისა. და მოიყვანეს პატივითა და ზარითა, მომკითხველთა დასუეს პატივითა და შეიტკბეს, ვითარცა შვილი, მოყმე კარგი შესახედავ-საყუარელი. და მოასხნეს დიდებულნი, ზოგნი - ელდიგუზისნი, ზოგნი - შვილთა მისთანი, ათაყუანნეს და მოიკითხნეს შესატყჳსითა პატივითა.

და შეექმნა სიხარული გულსა მათსა მიუთხრობელი და მათ მთქმელთა ფიცითა დაამტკიცეს: „არა ნახულა კაცთა თუალთაგან, არცა წაგჳკითხავს ძუელთა წერილთა შინა, გინა ახალთა, სახე თამარისი და მსგავსი ქცევითა ყოფისა მისისა!“ და მოეწონა თჳთ მეფე დავით და დიდებულნი და მოყმენი მათნი და თქუეს მხიარულთა და იმედოანთა: „გავიმაგრნეთ გულნი ჩუენნი და აღვიძარცოთ კუმაში შეჭირვებისა თუალთაგან ჩუენთა! ჭეშმარიტად ძალ-უც ჴსნა ჩუენი და კუალადგება მამულადვე ჩუენდა!“

მაშინ ითხოვეს პური და შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი, სიკეთე, სიტურფე-გამოუთქმელი. იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა. იგინიცა დამოსნა ძჳრფასისა შესამოსლებითა - იგი ორნივე და ლაშქარნი მათნი. დამყოფელთა მსგეფსისა ერთისათა ჰქონდა ყოველთა დღეთა სიხარული: მათგან ძღუნობა, ამათგან ბრძანება, ნადირობა და ბურთობა. რომლისათჳსცა ისმოდა ქება თჳთ ამირ-მირანისი და დიდებულთა და ღულამთა მისთა, ვითა: „ერაყსა, ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი მობურთალნი არ დარჩომილან.“

უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთუხუცესსა ივანეს, ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს. და მუნით ჩამოვიდა ამირ-მირან მისითა დიდებულითა და მონითა, და თჳთ თამარ საჭურეტლად პირითა მით ბრწყინვალითა და ნათელთა მფენითა. ისლიმნი, დაჯერებულნი მეცნიერობისანი და მძლე მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს ძლეულნი და მჭმუნვებელნი.

ამა სიხარულსა და შუებასა შინა ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამსკუნელნი შუელისანი. და მოვიდეს და აცნობეს ათაბაგისა, ყოვლისა სპარსეთისა შეყრითა მყოლისა, ნახჭევნიდაღმან არანსა მოსლვა, რომლისადა წარმოეგზავნა ხალიფას დროშა მისი და ლაშქარნი, რომლისა თავსა ზედა იყო ოქრო ათასისა ხალიფურისა.

აშინ შეკრბეს თამარს წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი და თჳთ შარვანშა. დამასკუნელთა მიმართებისათა უყოვნელ-ყვნეს დღენი ყოველთავე თჳთეულად თემთა. და თჳთ შარვანშა და ამირ-მირან წინაშე ითხოვეს სიტყუა მდაბლისა და გამარჯუებულისა, მძლევისა და წარმართებულისა პირისა მისგან სჳანისა.

და წარემართა დავით, წარმძღუანელი ძელისა ცხორებისა და შემყრელი დროშისა, სჳანად მოჴმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა. წარსრულთა დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისასა. და მუნით აყრილნი მოვიდეს სიახლესა შანქორისასა, თუესა ივნისსა ა˜, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, შემუსრა ძლიერება მჴდომისა და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი.

და ვითარცა ცნა მეფემან და სპათა მისთა, შარვანშა და ამირ-მირან და ლაშქართა მათთა, პირველად მხიარულთა და მმადლობელთა ღმრთისათა ახლოს პოვნისათჳს მტერისა მათისა, დაეცა განკჳრვება, თუ ვითარ დამგდებთა განძისა და არანისა ჭალათა და მთათა მაგართასა აჰჴდია საფარველი და მკჳრცხლ შეუმართებია ომად მოგებვად წინა. გარნა ესე სამე გამორჩევითა და განზრახვითა მოსრულ იყვნეს ადგილსა მას: პირველად იმედითა სიმრავლეაურაცხელებისათა, მერმე ჴევისა და სიმაგრისა შეზღუდვილობისათა.

მაშინ აღიჭურა და შეიჭურა მეფე, შეჯდა ზერდაგსა, რომელი სახელგანთქმულობისათჳს ეყიდა ვახტანგ ხაჩენელისაგან, მბოძებელსა ციხისა და სოფლისასა, რომელ არიან ჭარმანი. ამირ-მირან მოყმემან, ამღებელმან ჰოროლთამან, შეირტყა მშჳლდ-კაპარჭი, მოსიმახოს, უცთომელმან მსროლელმან, და ვითარ განსწავლილმან კენტავროსისაგან.

და მას ჟამსა მწიგნობართუხუცესი ანტონიცა წინაშევე იყო, კაცი შესახედავითაცა ჭაბუკი და გუარ-ტომადცა. მას უბრძანა წარძღუანვა ძელისა ცხორებისა, რომელ არს სკიპტრა და ჯაჭუ-ჭურ მეფეთა. განმამჴნობელნი ურთიერთარსისანი, მომგონებელნი ქრისტეს მათთჳს ვნებათანი, აღმხილველნი ღმრთისა და მითუალულნი მისდა, შევრდომით თაყუანისმცემელნი, შემვედრნი სულთა და სხეულთანი, მოაჴსენებდეს ერთიერთისა სიმჴნესა, მარჯუებულობასა პაპთა და მამათასა, თუ ვითარ ძუელ ოდესმე წინაშე დავითისა ოცდაათშჳდმეტნი გმირნი მბრძოლობდეს და მძლეობდეს უცხოთესლთა და ვითარ სპანი ვახტანგისნი - წინაშე ვახტანგისა; და ვითარ ახლისა დავითისნი წყობასა დავითისთა იერუსალემს ერთობდეს, აწ - შვილისა მისისა თამარისნი, რომელი დავით წინასწარმეტყუელითგან ოთხმეოცსა ერთობს შვილად ცხებულად.

და მეტყუელნი სპასპეტნი სპათანი, თუ: „იგი ვინმე მაშინ მძებარნი სახელთანი და დამდებნი თავისანი - ისტორიასა და ქებასა შესხმათასა. აწ ჩუენცა უსწროთ და გარდავსტაცოთ ქება მაქებელთა და შემსხმელთა, დავაძველნეთ და დავარცხჳნოთ ომთა მათთა და მოვიგონნეთ ვიეთნიმე სჯულისა და ქრისტეს კუალთა შედგომილებისათჳს თავისმსხმელნი ლანძუთა და ტაფათა და კატაპელტთანი და ვინმე გმირნი გოლიათნი, სახელისა მძებრობისათჳს არამრიდნი სიკუდილისანი და ვინმე მიჯნურნი, მნათობთა მათთა მოგონებითა ყოვლად უწყალომქმნელნი ჴორცთა და სულისანი! აჰა, ჩუენცა ჴელნი ჴრმლად და სულნი ღმრთად!“

მაშინ ჰკრეს სპერმურთა, დასცეს ზარი, დააწყვეს რაზმი წესისაებრ. მიუწია წუერმან რაზმისამან მარჯუენითმან მთად და მარცხენითმან მტკურად. და წარემართნეს და წავიდეს. სიახლესა შანქორისასა გარდაეცნეს ზედა. და განყო რაზმი მიმახლებელმან ქალაქისამან და ომთამან. თჳთ მეფე, რაზმითა დამგდებელი მარჯუენით შანქორისა, მოსწრაფე იქმნა განსლვად წყალსა შანქორისა კერძოსა. და უმცირესსა რაზმსა კართა ზედა და ჴიდთა შეექმნა ომი და სროლა. ძნელსა და საჭიროსა გზასა სიმჴნითა ჴელ-ყვეს ჴსნა და გავიდეს პირსა ისლემთა რაზმისასა, რომლისა ჰაზრი უჰაზრო, ჰამარი უჰამარო გაგონებისაგან და თუალთა მხედველობისაგან. შეიქმნა ომი და კუეთება, არათუ სრულობითა წარმოღურითა რაზმისათა, გარნა წინამსრბოლთაგან, რომელთა ყივჩაყთა ენითა „ჭალაშ“ და „დასნაჭტდა“ ეწოდების.

და გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან, ვინათგან მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა ბეღთა და კაპანთათა დაყოვნებულ იყვნეს. და მოუკლეს ცხენი ზაქარიას, ვარამის ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა. მაშინ ცნეს მჴარგრძელთა, ძეთა სარგისისთა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთუხუცესმან, წარმოიმალეს, ვითარცა ვეფხთა ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინღა დაჭირებისაგან უკურიდებულთა. და მომხედველთა იხილეს: მიახლებოდეს მეფე და მისი რაზმი, დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ ექმნებოდა ზენა იგი განგება. და მათ პირველ მოსრულთა წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.

და რაჟამს იხილეს მეფე, დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ჴრმლები და ჰორლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. აჰა, მისრულთა მათ აოტეს და გააქციეს, ათრვნეს ისარნი სისხლითა და ჴრმალნი ჭამდეს ჴორცთა მტერთა მათთასა. და მეფე იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი, ერთკერძომან - მთამდი გელაქუნისა. არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთიერთად - ბევრთა ტყუემქმნელად ჴელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა. გარნა ათაბაგი მხოლო განერა ერთითა მონითა. დაიპყრნეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა ლაშქართა შიგან ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი - ათაბაგისა, ერთი - ათაბაგისა ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი - სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხჳსა სახელი სპარსეთს ასეთი ითქმოდა: „ჰათემ თაელისა“.

და წარუღეს დროშაცა, ხალიფასაგან ღაზოდ წარმოგზავნილი. მადლიანითა და ჭეშმარიტითა პირითა კურთხეული ესევითარი აჩუენეს აწ საქმისა გამარჯუებულება. მიმჴედრობითაღა სამე დევნისა შემოიქცა მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი, ჴელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და თჳთ ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა არა იჴადა მახჳლი და, მისრულმან ორითა ყმითა, შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი.

მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და სპასალარნი და სპასპეტნი, თჳთ შარვანშა და ამირ-მირან, პირითა მხიარულითა გარდამოჴდეს, თაყუანის-სცეს, დალოცეს და ქება შეასხეს ბუმბერაზთა მისთა. და მას ღამესა დაიბანაკეს სადგომსა მათსა, რომელი გუშინ მნახველთაგან აღარ იცნობებოდა. მადრასათა წილ აღმართნეს ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა, და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება მღდელთა ადონაისადმი: „უფალო საბაოთ ძალთასა“.

ვითარცა განთენდა, მოვიდეს შანქორელნი და მოართუნეს კლიტენი. და ამღებელმან ქალაქისამან, ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთამან, ითაყუანა ამირ-მირან და უბრძანა მას. თჳთ გაემართა განძას და მივიდა სიახლესა ქალაქისასა. გამოეგებნეს დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწაქმნით თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება და შესხმა დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შევედრნეს თავნი და შვილნი. გაახუნეს კარნი ქალაქისანი და მიუფენდეს სტავრასა კართათ სრამდი სულტნისა და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვერცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა. და ვითარცა შევიდა სრად, აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა.

შეიქმნა დარბაზობა და დასხნეს ამირ-მირან და შარვანშა, თჳთეული თჳსსა ადგილსა. ეგრეთვე ვაზირნი - მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელიცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასუეს. მაშინდელი ზარი და ზეიმი ვისმანმცა ენამან გამოთქუა, ანუმცა ვისი გონება მისწუთა მეფობისა და სულტნობისა ერთად მქმნელობასა, ათაბაგის ძისა და შარვანშას ყმად ყოლასა, ყოვლისა მუსლუმანობისა ტყუე-ქმნასა შინა და რომელნი დარჩომილ იყვნეს მოსლვასა და სამიწოდ თაყუანებასა შინა? შეიქმნა პურობა-ნადიმობა, შესატყჳსი ჟამთა და მის დღისა.

წარმოგზავნეს მახარობლად მანდატურთუხუცესი ჭიაბერი და მოვიდა ტაბაჴმელას და ჰკადრა თამარს საქმე, აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა. ხოლო აღუზუავებელითა და წყნარითა, ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა შეწირეს ღმრთისა მიმართ მადლი და ქება ჯეროვანი.

და ქალაქს სლვისა გამომრჩეველნი მივიდეს სრასა და მოვიდა მეფე და მის წინაშე ლაშქარნი, სავსენი წყალობითა ღმრთისათა, სახელითა მიუწდომელითა და სარგებელითა გამოუთქმელითა. მოიღეს ნიჭი, არმაღანი და განძი აურაცხელი: კაცი ჴელმწიფე-აზნაურთათ მონამდის - თორმეტი ათასი, ავაზა - ორმოცი, ცხენი - ოცი ათასი, ჯორი - შუიდი ათასი, აქლემი - თხუთმეტი ათასი. დროშათა, სხუათა სიმრავლეთა საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა ქმნა ჰამარისა შეწყობა? რომლისათჳს დროშა იგი ხალიფასა, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა. მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა, მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა. მიზეზად ძღუნისა შემწირველობისა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა:

ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,

ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.

სულმან მან ღმერთმან სრულ-ყო მოქმედებადი,

სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,

მიწით პირველის, პირმშოსა კაცისა.

შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი

დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,

ივნო და ვნება პირველი უვნებელ-ყო.

შენგან შობილმან ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად

ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.

შენგან, ქალწულო, რომელსა შენთჳს დავით

როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.

მე, თამარ, მიწა შენი და მიერივე,

ცხებულობასა ღირს-მყავ და თჳსობასა.

ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით.

შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,

ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა

შევრთე, ცრუსჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,

ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,

მოირთხნა, მოსრნა სულტნითა ათაბაგი.

ერანს ებრძოდეს ჩემ მიერ მისთა სპათა

ჩუენნი მჴედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;

მოწყლნეს, მოსწყჳდნეს აგარის ნათესავნი.

მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას

შენდა შევსწირავ, მიოხე ძეებრ, ღმერთო!

და ვინათგან თამარ მზეებრ უხუ იყო და ყოვლად უჭნოთა მათ ნიჭთა ამღებელი იქმნებოდა, ამისგან თჳთოსა დამჯერებელმან აიღო საპატრონო პატრონმან ჴმელთა და ზღჳსამან. და მადლისა და წყალობისა გარდამჴდელმან გაყარნა ლაშქარნი. ხოლო მწყემსნი ოდენ ეკმაებოდეს ტყუესა და ნატყუენავსა, და თჳთ იშუებდეს, იხარებდეს, ნადირობდეს და სუფევდეს ულუმპიანად და შუენიერად ბედიანნი და სჳანნი თამარ და დავით ორთა შვილთა თანა, ნათელმოსილთა და მბრწყინვალეთა.

აწ თქუას სიტყუამან ესეცა, საძნაური და საბრალო. ვინათგან სიბრძნედ და მეცნიერობად ნათესავსა აგარიანთასა აქუს საქმე გრძნებისა და მოგობისა, განსწავლილთა იუნიტანისაგან, რომელ ნებროთ იხილა კიდესა ზღჳსასა კჳროისა ზე და დარიოსისა. შემდგომითი შემდგომად არიან მჩხიბავნი, მწამლველნი, უარისმყოფელნი ღმრთისანი. აქაცა არწმუნა ვისმე დიდძალისა ოქროსა ქადებითა ბუბქარ ათაბაგყოფილმან და ნახჭევანს გარდახუეწილმან მოწამლვა და სიკუდილი ძმისა მისისა ამირ მირანისი. და მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა. და გაგზავნეს კაცი მაცნობებელი. და მუნით დიდითა შიშითა და ზარითა, ასპიტისაგან კბილნი მთართახნი, ძლივ სადმე მოვიდა მთასა კაპისსა, სანახებსა განძისასა. და ცნეს დასტური სიკუდილი; მოვიდა განძას. გავიდეს და შეიბნეს ყმანი ამირმირანისეულნი. და ზოგნი დაჴოცნეს და ზოგნი გარდეხუეწნეს. თჳთ მოიფიცა განძა და გამაგრდა შიშითა.

მაშინ დავით, არადამყოვნელი ხანისა, გავიდა, ჯერთ უმეცარი ამირ მირანისა სიკუდილისა, არადამხედავი მცირეთა ყოლისა, გაემართა და მივიდა შანქორამდი. და მუნღა მოეგებნეს დიდებულნი არანისანი, მტირალნი და დამსხმელნი თავსა ნაცრისანი, და ჰკადრეს: „ჟამად აღარა იქმნებისო, სიმაგრეთა ვერ წაუხუამთ და ბუბქარს აღარსად დაუდგნენ ამას ქუეყანასა!“

მაშინ შემოიქცა მეფე დიდებულითურთ, მოვიდა წინაშე თამარისა და, მსგავსად ალექსანდრესა, ვით დასდვა პატივი დიდი პორეს ლუსკუმასა შინა ჯდომითა, ეგრეთვე შავითა შეიმოსა ნათელი იგი, პირველისა ნათლისაცა უბრწყინვალესი, და დიდითა ცრემლითა მოიტირნა დიდებულნი ხასაგიანნი და მონანი ამირმირანისეულნი დიდითა პატივითა და სიყუარულითა დაიჭირნეს.

ხოლო ივანე მჴარგრძელი მჴნე და ბრძენი იყო ომთა და ლაშქრობისა საქმესა შინა. მოჰმართა და გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა და დადარნა, ვითარცა დათუმან, მომზირალმან ბრჭალსა მტერისასა, ვით ლეკუმან ლომისამან და ძეთა ისრაელისათა ძეთათჳს ბენიამენისთა, და არავინ იახლა თანა ყმა ფიცხელი.

ამას შინა თჳთ ივანე, მდგომმან მსახურობასა შინა, იხილნა ლაშქარნი შორს, ჯეკმად ათკეცად უფროს ლაშქართა მისთასა, მომავალნი განძით და მიმავალნი ქუეყანასა დვინისასა სურმანს, მასისის გჳრაბისა და შურისასა. თჳთ ბალშან, გაზრდილი ელდიგუზ ათაბაგისა, ლომი ჭაბუკი, პატრონი დვინისა და სომხითისა, ძმა სურმანელისა, სურმანელითა ლაშქრითა; ალი შურიშამი, დიდად მყოფი, კაცი მმარჯუე, ეგრეთვე დროშის პატრონი. ვინათგან კაცი გულმჴეცი იყო, არ დახედნა სიმცროსა მათსა და უფროსობასა მტერთა მათთასა და გამომჴდომმან დაფანჩნა და დაპანტნა, ვითა წერონი ტუღრილმან, და, ვითა ჯოგი კანჯრისა ლომმან, დაჴოცნა, ამოსწყჳდნა და რისხვა ღმრთისა მოავლინა თავსა მათსა ზედა. თჳთ ბალშან, ლაშქარნი და დროშანი, მკუდრისაგან კიდე კაცი ცოცხალი ოთხი მოიღო. თჳთმპყრობელთა განაღამცა გაიხარნეს დიდად, წყალობათა მიმცემელთა, და ღმერთსა შესწირვიდეს მადლობასა ჯეროვანსა.

შეიყარა მეფე სპითა იმიერთა და ამიერთათა ქუეყანასა განძისასა და თამარ ჩავიდა დვინამდი. წინაშე მოვიდა შარვანშა სამსახურად. და გაგზავნა ლაშქარი, შემოქცეული დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა და მოვიდეს კარსა განძისასა. ამწყუედელთა და მთხრელთა არანისათა დაყვეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი. ცალკე ივანე მსახურთუხუცესმან, დიდთა ლაშქართა და ურიცხჳსა ალაფისა შინა გამომგზავნელმან, ხაჩინელნი დიდებულნი მოიტანნა წინაშე მეფისა. რამეთუ განმაქარვებელნი არანისანი და განძისა სხუათა ქალაქთაგან ხარაჯაძლეულნი შემოიქცეს სამეფოდ ძლევაშემოსილნი, შარვანშას თანამომტანელნი. მაშინ უბოძა საბოძვარი და შემოსეს მრავალ-მრავალჯერ, გაგზავნეს შინა პატივითა და წარვიდეს.

ლიხთ-იმერეთს შთასრულთა ზღუა პონტოსა მოიურვეს და მოირჭუნეს დიდად და კარგად, ვინათგან ქუეყანა არტანისა, ძაღინის ჴევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა. და მიუწია მარბიელმან ბასიანამდის და ყურაბებამდი. ავსილთა დაიბანაკეს „სისხლის მუცელსა“. აწცა იხილვებოდა, მსგავსადვე ძუელ ოდესმე თქმულისა და მქონელისა, ქუეყანა და საყოფელი მათი, ვითარცა „სისხლის მუცელი“.

ამა ძლევითა და გამარჯუებითა იყო თჳთ მეფე-მეფეთა. არცა იგი უმადლოდ იპოებოდა გამმარჯუებელისა მისისა, არამედ დიდბუნება იყო სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესი ესე თამარ, გონებითა და განზრახვითა ბრძენი, და არ ავიწყდებოდა მას ყაბოს მკულეველი კეკოს.

ამისთჳსცა უდიდესთა ჴელ-ყო საქმეთა, რომელთა მთხრობელად მოწევნული მყის თავსა შორის ჩემსა უჴმოსა და უგუნებოსა მსგავსი იპოებოდი უმეცრებით ლექსთა მეტყუელებად. და კუალად საქმეთა დიდთა და კეთილთა დავიწყებ თქმად, - არა ჯერ-ვიჩინე დადუმებად, - რომელნი ზესთა ძალისა არიან არა ჩემთჳს ოდენ, არამედ, ვჰგონებ, პირველთა სიტყჳსმოქმედთა. ვინა უტყუელი პირი იტყჳს: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. და ამისმან მსმენელმან და კეთილად გულისჴმისმყოფელმან აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღამაღლა გონება ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობაგონიერი, რომელი ყოვლითურთ შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედველსა, და შემსჭუალა თუალი, უმრუმედ მხედველი, რათა მეცნიერ ყოს და მას მხოლოსა ხედვიდეს.

ვერ შეიტყუა საშუებელმან ამის საწუთოსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმჴნემან, რომელი სიტყუამან ცხად ყოს. არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან, ვითარ ძუელ ოდესმე მეფენი მრავალნი და უმეტეს ამის სანატრელისა მამა, ყოველთა ბრძენთა უპირატესი და უმეტესი სოლომონ. ესრე უბრძნე იქმნა ბრძენისა მის, რომელ ესოდენ შეიყუარა ღმერთი. იგი უცხო ექმნა, ამან ისმინა ჴმა იგი უტყუელისა პირისა და შეიტკბო იგი, რამეთუ ღამე ყოველ მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთდრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკჳრვებელ აქუნდა, და ღამე ყო ჴელსაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა. ერთი ოდენ ვაჴსენოთ.

ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან მცირედ მიიძინის ბუნებითისა წესისაებრ. ამას მცირედ მირულებასა შინა იხილა ჩუენებით რაცა საყოფელი, სახილავად ტურფა და სიკეთეაღმატებული ადგილი, ყუავილთა, მწუანვილთა და ნერგთა მიერ განშუენებული, რომელ საწადელ იყო მხილველთათჳს და სიკეთესა და შუენიერებასა მის სამოთხისასა მითხრობა შეუძლებელ. ამას შინა იყო შესწორებული საყდრები და ტახტები და სკამები, პატიოსნად შემკული ოქროთა, რომელიმე ვეცხლითა, თჳთოფერად განშუენებული საჯდომი თჳთეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმართა მისთასა. ხოლო ზენაკერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და განიზრახა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: „მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი“. და მყის მიმართა მუნ დაჯდომად. ხოლო წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ჴელი, მოხედნა და თქუა: „შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა“. და მეფე იტყოდა: „ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი ესე საჯდომი?“ მან რქუა: „საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთჳს რომელ ათორმეტთა მღდელთა მისთა ჴელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინელსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთჳს იგი უზეშთაეს შენსა არს. დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფი შენი აქავე არს“. და უჩუენა უდარესი და უუნდოესი საჯდომი.

ვითარ განიღჳძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლისი იგი, რომელმან აღიარა თორმეტისა მღდელისათჳს უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შესამოსლისა, ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.

თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწყობელ არს სიტყუა, ვითარმედ: თჳსითა ჴელითა ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი დააფასის და რაოდენი დღივ შეჭამის, ჴელსაქმარი მისი განყიდის და ეგოდენი ფასი გლახაკთა აჴელსაქმარის და მისცის არა სამეფოთა შემოსავალთაგან. საეკლესიო ლოცვა და წესი ლოცვისა დაუკლებელად აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა მოგჳთხრობს, ყოველი სრულიად. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ დააკლდებოდა მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს.

გარნა სამართალთათჳს რადღა მიჴმს თქმა? ჟამთა მისთა არა იყო მიმმძლავრებელი და მძლავრებული, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი. იტყოდა, ვითარმედ: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“. მოწყალებისათჳს კმა გეყავნ დადიანი ვარდან, გუზან, რომელი თუალმრუმე ოდენ ყვეს, ბოცოს ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი.

ვინათგან უდიდესნი საქმენი წინა-მდებობენ, ვითა თქმულ არს, „ვინმცა მცნა მე ფრთენი ტრედისანი“, ვინმცა მცნა მე, ისტორიათაღმწერელსა? იქმნა ღმრთისმოყუარესა თამარს წინაშე სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი.

მოვიდეს ძმანი ორნი მეფეს წინაშე მსახურებად, ძენი სარგის ამირსპასალარისანი, რომელნი მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნეს მეფისა მიერ - ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი. ყოველნი მკჳდრნი მეფის წინაშე იყვნეს: სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე, და მცირენი ებისკოპოზნი. სხუანიცა საქართველოს წარჩინებულნი შეკრებულ იყვნეს. ვითარ კათალიკოზი იოვანე უსისხლოსა მსხუერპლსა მღდელმოქმედებდა, მოიღო და შესწირა მან ჟამი. აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუჴდებოდეს ჭამად სეფისკუერისა. ინება ზაქარია ამირსპასალარმან შეხებად და აღებად სეფისკუერისა. ხოლო მღდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი. და სირცხჳლითა იკადრა ზაქარია აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად, რომლისათჳს კათალიკოზი, ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა: „ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღდელმოქმედებასა სეფისკუერსა თქუენ, შჳდგზის წყეულთა სომეხთა, მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს“. რომლისათჳსცა სირცხჳლეული წარვიდა კარვად თჳსად.

და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყუასა ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყჳთა ჰგმობდა სარწმუნოებასა ჩუენსა. ვითარ სულმობერული მიუგებდა და აუჴსნიდა, წინააღდგომად ვერშემძლებელი ზაქარია ეტყოდა: „მე, მელაშქრე, ვერ კეთილად მეცნიერ ვარ სიტყჳსგებად შენდა. არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემ წილ სირცხჳლეულ გყონ“. კათალიკოზი იოვანე მიუგებდა: „იყავნ ნება ქრისტესი და მარადის ქალწულისა ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხჳლეულ ყვნეს უარისმყოფელნი თჳსნი!“

ეგრეთ ამისმან მსმენელმან ზაქარია წარავლინა კაცი კათალიკოზისა მიმართ მათისა და ებისკოპოზთა, ყოველთა ვართაპეტთა და მეცნიერთა. ხოლო ივანე წარუდგებოდა და ეტყოდა: „განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს!“ გარნა ხოლო არა ისმინა ზაქარია.

და მოვიდა კათალიკოზი ვანისა და ყოველნი ვართაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო. და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსანი ერთკერძო, მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე - ერთკერძო. მოუწოდეს კათალიკოზსა. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: „აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი, მოიჴსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან“. ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი და პატივითა თანა-დაისუეს. ეგრეთვე მარღასთა და ვართაპეტთა სომეხთა, მათცა პატივი უყვეს წესისაებრ.

ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა მათისა თქმად სიტყუამჭევრად და ვრცელსიტყუად, ვინაცა კეთილად მოჴსენებულ იყვნეს. კათალიკოზი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუჴსნიდა და ბრძნად მიუგებდა უკუმრღუეველად თქმულისა მათისა, ხოლო თჳსისა დამამტკიცებელად. და გაგრძელდა სიტყჳსგება მიმწუხრამდე.

მოშიშმან ისტორიისა სიგრძისამან კმა ვიყო თქმად. ვითარ უწყით სომეხთა სიტყუამისვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს. ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა. ამისმან მსმენელმან კათალიკოზმან იოვანე, ღმრთისმეტყუელისა მოსახელემან, ნუუკუე ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან, ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისამან მინდობილმან, არა უწყი, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდესმე დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი; იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსაჴდელ არს უსისხლო მსხუერპლი - ჴორცი და სისხლი ღმრთისა კაცქმნულისა - მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსამწერებელად იყო. ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ, სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოზისათა, რამეთუ თქუა:

„სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძჳნად და მტერად მართლისა სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა და არამეცნიერნი და დამტევებელნი ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი, არა უგულებელსმყოფელი დაბადებულთა თჳსთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი. უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა აღძრული, ზეცით გარდამოჴდა ერთი სამებისაგანი, ძე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან ჴორცნი შეისხნა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და სული სიტყჳერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნეფსით ჯუარცმა ეგულებოდა, ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი. ვითარ სრულ იქმნა, იწყო ახალსა ამას ღმერთმყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა მოწაფეთა: „მიიღეთ და ჭამეთ! ესე არს ჴორცი ჩემი მისატევებელად ცოდვათა“. ეგრეთვე სასმელიცა: „სუთ ამისგან! ესე სისხლი ჩემი არს“. და პირველ იტყოდა: „უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“. და კუალად იტყოდავე: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს“. და მრავალ სადმე არიან ესევითარნი სიტყუანი. აწ უკუე მომიგეთ: გრწმენა ესევითარნი ჴმანი მახარობელთანი?“ ხოლო მათ მიუგეს: „უცილობელ არს ეგე: მოგუცა ჴორცი და სისხლი მისი, რათა უკუდავებად ვჭამდეთ და ვსმიდეთ. ესე არს ნიჭი დიდი ჩუენდა მომართ, რათა ქრისტეს ღმრთად აღმსარებელნი ვჭამდეთ ჴორცსა მისსა და ვსმიდეთ სისხლსა მისსა“.

და კუალად კათალიკოზმან ჴმა-ყო ბრწყინვალედ: „კეთილ, შვილნო, ვინათგან აღიარეთ, აწ უკუე ესეცა გრწამსვე, ახალი სჯული და ახალი პასექი იყო სერობა იგი, და ყოველნი, ქრისტეს ღმრთად და კაცად აღმსარებელნი, მღდელვმოქმედებთ ქრისტეს ვნებათა მომჴსენებელნი, ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; იგი არს სჯული ჩუენი და მცნება ახალი“. სომეხთა მიუგეს: „აგრე, ამას არავინ უმეცარ არს“.

კათალიკოზმან თქუა: „აწ უწყოდეთ, უკუეთუ სარწმუნოება თქუენი უმჯობეს სადამე არს, თქუენ მიერ შეიცვალების პური ჴორცად უფლისა; თუ ჩუენი უმჯობეს არს, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული შეიცვალების ჴორცად უფლისა“. მათ თქუეს: „ეგრეთ არს“. კათალიკოზმან თქუა საშინელი სასმენელად სიტყუა: „საქმითა გამოვაჩინოთ, არა სიტყჳთა!“ მათ თქუეს: „რომელსა ჰყოფ, ყავ!“

კათალიკოზი ეტყოდა: „მოგცემ ძაღლსა ერთსა და დრო-გიყოფ სამთა დღეთა, რომე ღამე განათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა სამ დღე და ძაღლი უჭმელად დამარხეთ. და ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღე უჭმელად დავმარხო, ღამე განვათენო ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა, და გამოჩნდეს მართალი სარწმუნოება. მესამესა დღესა აღვასრულებ უსისხლოსა მსხუერპლსა და მოვიღებ სეფისკუერსა ჴელითა ჩემითა. დაღათუ არა საკადრებელ არს, დაუგებ ძაღლსა წინა, რომელი თქუენ გყავს, და ეგრეთვე თქუენ სეფისკუერი მოიღეთ და დაუგეთ ძაღლსა მას, რომელი მე მყავს. რომლისაცა შეჭამოს, მისი რწმუნება არა არს. თქუენი შეჭამოს, თქუენ გრცხუენეს; თუ ჩუენი შეჭამოს, ჩუენ გურცხუენეს“.

ესმა ესე მეფეთა და ერსა, განკჳრდეს და უღონოებამან მოიცუნა. ვითარ გონებად მოვიდეს, რქუეს კათალიკოზსა: „რა-ესე სთქჳ, სასმენელადცა ზარია!“ კათალიკოზი უმეტეს დაამტკიცებდა, გარნა სომეხთა დაღათუ არა ენება, მისცნეს ძაღლნი ურთიერთას და წარვიდეს კარავთა მიმართ.

ხოლო მეფე, ძლიერად მბრძოლი, ეტყოდა კათალიკოზსა: „რა სთქუ, ვინ შემძლებელ არს ამისდა ქმნად? მოგონებად და სმენად განსაკჳრვებელ არს!“ კათალიკოზი წყნარითა გონებითა მიუგებდა: „საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყო; ვჰყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა, მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს, და ვინ არიან მართლაღმსარებელნი, და ვისითა მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხუერპლსა, ვისთა ჴელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თჳსსა, ანუ ვინ ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა. მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვჰყოფთ ჭეშმარიტებასა. მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე!“ განჰკჳრდა მეფე და ყოველი ერი, ისმინეს ბრძანება კათალიკოზისა და წარვიდეს თჳსა.

იყო დღე იგი პარასკევი. იწყეს ლიტანიობად ერთკენ მეფემან და კათალიკოზმან და ყოველმან სამღდელომან კრებულმან (მცირედნი იყვნეს მუნ ეპისკოპოზნი, რამეთუ არა კრება ეყო მეფესა,) და ერთკერძო სომეხნი და მჴარგრძელნი - ზაქარია და ივანე. ღამე იგი ორთავე გაათენეს, შაბათსა კუალად იწყეს ლიტანიობად და მწუხრი ერთშაბათი გაათენეს. და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიად, ცრემლით მვედრებელნი ღმრთისანი. განმზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა. და აღიქუა ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ჴორცი ჩუენთჳს კაცქმნულისა ქრისტეს ღმრთისა, წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: „წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა მისითა“.

მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოზთა და მჴარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა მათისა ზიართა და ეტყოდა: „ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ ღმერთმან, ჩუენთჳს კაცქმნულმან, მოგუცა ჴორცი თჳსი საჭმელად, მეტყუელმან: „უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხორება, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა!“ და მოციქულიცა იტყჳს: „პურსა ამას, რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარება ჴორცთა ქრისტესთა არს?“ პური ესე წმიდა ჴორცი ქრისტესი იქმნების; უკუეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ კურთხეულ იქმნების ჴორცად უფლისა ყოვლადვე. ნუ იყოფინ, რომელ იკადროს ძაღლმანცა! აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა საკადრებელ არს, წინა-დაუგებ პურსა ამას წმიდასა; უკუეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი, დაუდვათ პური, თქუენ მიერ კურთხეული, და იხილეთ, რა-ძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს, ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა“.

ხოლო სომეხთა დაღათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა. ეტყოდეს კათალიკოზსა: „შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად“. ხოლო იყო ერისა ზედაშემოსლვა და ჯარი, რა-ძი იქმნას. და ამისმან მსმენელმან კათალიკოზმან თქუა: „მე ვყო“. და ბრძანა ერისა შორად განყენება და მრგულივ გარემოდგომა, რათა ყოველთა მიერ სახილველ იქმნას დიდებულება ღმრთისა. და განდგა ერი შორად-რე.

წარმოდგა კათალიკოზი იოვანე შემოსილი და ჴელთა ეტჳრთა ზარისასაჴდელი იგი საიდუმლო ჴორცქმნილი, მღდელმოქმედებული. მეფე და ყოველი ერი ხედვიდეს განცჳფრებულნი და შეძრწუნებულნი. და კათალიკოზი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკიცედ დგა განშუენებულითა პირითა. მაშინ მოყვანება ბრძანა სამ დღე უჭმელისა ძაღლისა; და მოიყვანეს ძაღლი იგი შიმშილითა განლიგებული. და წარდგა იოვანე კათალიკოზი და აღმოუტევა ჴმა ბრწყინვალე: „ქრისტე მეუფეო, ჴსნისათჳს კაცთასა განკაცებულო, ჯუარცმულო ჩუენთჳს და დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ჴორცი შენი, რათა მოსაჴსენებელად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებელად დაიცეევ ზარისასაჴდელი ჴორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული. შენ უკუე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედენ მსხუერპლსა ამას და სირცხჳლეულ ყვენ წინააღმდგომნი ესე ჩუენნი!“

და რაჟამს ესე ითხოვა, დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხუერპლისა აღმონაკუეთი მომყმარისა მის ძაღლისა წინა. ხოლო მხილველი პურისა ვითარ მიეტევა და მიეახლა მიუახლებელსა მას, მყის ძლიერად იყჳრნა ძაღლმან და ვერ შეეხო წმიდასა მას წმიდათასა. და იხილეს განსაკრთომელი ესე სასწაული, განკრთეს მეფე და ყოველი ერი. მაღლითა ჴმითა ჴმა-ყო კათალიკოზმან და ყოველმან სიმრავლემან ერისამან: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი!“ და აღუტევეს ჴმა სიხარულითა მადიდებელად ღმრთისა ყოველთა ცრემლითა სიხარულისათა. ხოლო სომეხნი, უღონოებასა მიცემულნი, განკჳრვებულნი დგეს და უკჳრდა.

მაშინ ევედრა კათალიკოზი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დასწყნარდეს ჴმანი იგი, რქუა ნათელმოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და მჴარგრძელთა: „ისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა ამის წმიდისა ჴორცქმნად. ნუ გიკჳრს, რამეთუ მანვე თქუა: „იყავნ ნათელი“, და კუალად გამოჩნდა ნათელი, „ჴმელ“ და გამოჩნდა. მანვე სიტყუამან არარასაგან ქმნა ჴმელი. არა თუ სახისმეტყუელებრ არს, არამედ ჭეშმარიტად ჴორცი მისი. ამას რა შეეხებოდა? ჴორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე“.

ხოლო სომეხთა ართუ ენება, უნებლიეთ თანა-ედვა ამისი ქმნა. ვითარ მღდელნი დგეს და მოიყვანეს ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოზსა, და მოუგდეს მსხუერპლი მათი და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა, იქით და აქათ ხლდომითა მასვე იტყოდეს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი!“ და კათალიკოზი შესუეს შემოსილი ჰუნესა თჳსსა, და ჴელთა ეტჳრთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანა-ჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი და ლაშქართა შინა ვიდოდეს, მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა:

„მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოება მათი. უფალმან შემუსრნეს ქედნი ცოდვილთანი. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ-იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. უფალსა უგალობდით, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი“.

ესრეთ მხიარულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარ მყუარი უტბო, ეგრეთ დგეს უჴმოდ ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს მეფემან და კათალიკოზმან.

ხოლო სომეხნი სირცხჳლეულნი წარვიდეს მჴარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თჳსსა, ამირსპასალარსა ზაქარიას, ვითა: „მე არა მენება ცილობა. ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოზისა მიერ?“ ხოლო იგი მიუგებდა: „უწყი, ძმაო, მართალი სჯული არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ. მე არა შევერთვი ქართველთა!“ და ესმა ივანეს და თქუა: „მიკჳრს სიბრძნისა შენისაგან, რომე უმჯობეს არა არჩევ. მე არა შევერთვი განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ქართველთასა“.

რადღა საჴმარ არს სიტყუა? მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოვანეს მიერ კათალიკოზისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად და იქმნა სიხარული. და ზაქარია ეგოვე ურწმუნოებასა ზედა.

ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა, გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა, გამმარჯუებელსა მისსა ზეშთაკურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიისა ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან გამოეკუეთა, თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთ საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველ ყო. ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ-ექმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირნა მრავალნი და დიდროანი სოფლები და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი, დიდნი და პატიოსანნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა ძნელ არს. თუ ვისმე ნებავს ამისგანცა, იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქუაბქმნილი. ვინა მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელისა სასწაულთმოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა, ამისთჳს უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მისი.

ხოლო სხუანი საქმენი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი, ისმინენით. არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს, იერუსალემს, ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კჳპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტიპოლის აღაშენა მეტოქი მათი. და გრძელ სადმე არს ყოვლისა მთხრობელობა, რომელ საბერძნეთსა და ყოველსა ელადას შინანი მონასტრისანი უხუად წყალობამიფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტერ-საყდარ-ეკლესიად არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო.

ესრეთ კეთილად აღეპყრა საუკუნოსა გონებასა, და მომნიჭებელი წარმოუმართებდა საქმესა დღეკეთილობასა შინა. ყოველნი გარემოს მყოფნი მეფენი, ქალაქნი და ამირანი ძღუნითა და ხარკისმოღებითა მოამშჳდებდეს პირსა მჴნეთა სპათა მისთასა და არბევდიან ურჩთა.

აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა. წარავლინნა ლაშქარნი გარედგომად. და ცნეს თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აიღო და მიითუალა კარი და დაუტევა კარის მცველად ახალციხელი ივანე და აჩინა მონაპირედ და უბოძა ათაბაგობა და ამირთამირობა, რომლისათჳსცა დიდი წყენა შეექმნა თურქთა და დიდად ავნებდა, რომელ წაუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა. და წარმოგზავნა მახარობელი მეფეს წინაშე და დაიმადლა. ივანესვე უბოძა კარული და მისი ქუეყანა. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და შეემატებოდა დღითი დღე. შიში და ზარი მეფისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა.

უდიდესნი საქმენი აღმომიჩნდეს და გონება ვიწყე უღონობად თხრობისა სიდიდითა საქმეთათა. დაღათუ არა შესატყჳსი არს ჩემდა ამათი მოთხრობა, არამედ დიდთა სიტყჳსმოქმედთა პირველთა არს.

ესე ესმა მაღალსა სულტანსა სელჩუქიანსა, სახელით ნუქრადინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა და შეკრბა კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი. და წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსცა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი:

„ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრობელისა! ყოველი დიაცი რეგუენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათჳს აღებად ჴრმალი მუსლუმანთა ჴოცად. ესერა ჴრმალი, რომელი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა, მისისა ერისა თავისა, ბოძებულია! აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი და აღვჴოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქუეყანისა. და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა-მომეგებოს, თაყუანის-სცეს ჩათრსა ჩემსა, სასოება იგი თქუენი - ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმედი აღიაროს“.

და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა - თამარისა წინაშე, წიგნი მისცა და წარდგა, იწყო არასაკადრებელთა სიტყუათა თქმად: „მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული და იპყრას სულტანმან ცოლად; და უკუეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა!“ ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქნა ჴელითა პირსა და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა - თავისა, კადნიერად კადრებისათჳს. აწ არა არს სიტყუა!“ ესე წიგნი მიართუა ნუქრადინს და რქუა: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა იყავნ!“

ნაცვალი სიტყუა მეფისა ნუქრადინისამი: „ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცნენ სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა და მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე - არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარსა წმიდასა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი, სამართალი მისი, ნუ შენი!“ მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარგზავნეს პასუხითა მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა ვარძიას ვარძიისა ღმრთისმშობელისა წინაშე და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი. და დროშა მისი, სჳანი და ბედნიერად მყოფი, გაგზავნა ვარძიით. ლაშქარნი წარემართნეს. წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი - შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანისა კერძოსა. და მეფე თამარ მოვიდა ოძრჴეს და ეახლნეს: შავთელი, კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული, და ევლოგი, სალოსად წოდებული და წინასწარმცნობელობისა ღირსქმნილი. ამათ თანა იყვის მეფე დღისი და ღამე ლოცვითა, ფსალმუნებითა, ღამისთევითა დაუძინებელად და ყოველთა ღამეთა და დღეთა ლიტანიობდა და არა დასცხრებოდა. და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.

ხოლო მეფემან დავით ქმნა, უნდოდა, რათამცა ზედა მიმართა, სადა დაბანაკებულ იყო ბასიანისა ადგილსა, ბოლოსტიკედ წოდებულსა. და ეახლნეს ბანაკსა სულტნისასა, რომელ არა იყო რიცხუი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდებისა. მინდორი იგი ძლივ იტევდა კარვებსა მათსა და მდგომსა მისსა, უმეტესსა ქართველთასა. ესრეთ წყნარად და უკადრად მდგომარე იყო. და ეახლა დავით და ქართველნი. დააწყვეს რაზმი, სადა-იგი წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე და სხუანი თორელნი, და ერთკერძო აფხაზნი და იმერელნი, ერთკერძო ამერელნი. ესრეთ წყნარად ვიდოდეს. დარაჯნი არა უდგეს სულტანსა, არამედ იხილა კაცმან სულტნისამან: მოვიდა სპა ურიცხჳ, ქაფარი, სასოება მეფისა მათისა. ხოლო იგინი განკრთეს და მოიღეს ჯოგი, აღიჭურნეს და აღსხდეს ჰუნეთა, ბარგი და კარვები დაუტევეს. რა მოვლეს კარავთაგან, წინა-განეწყვნეს და ეახლნეს წინამბრძოლნი ორთავე. და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ ოდესმე ქმნილ იყო მჴნეთაგან ეგევითარი ომი.

და განგრძელდა მყოვარ ჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე. ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი. და მოუკლეს ცხენი ივანეს მსახურთუხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და ივანეს, თაყაიადინ თმოგუელსა, კაცსა მჴნესა, და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მოდრიკნეს. და ქუეითად დარჩეს რაზმსა შინა მჴნენი საქართველოსანი. და იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად და ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერცა დაუდგეს - ქუეითნი ქუეითთა. და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქმნა.

და ვითარ იხილა დავით მჴნემან, ამანცა მჴნემან მორიდა ერთკერძომან, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა კერძ და ვითარ ნადირისათჳს მოსწრაფე იქმნეს მონადირე, ეგრეთ მსწრაფლ მოეტევნეს ერთ კერძო სოსლან დავით და ერთ კერძო ზაქარია. გარნა ვინ უმახლობელეს იყო, უწინარეს მივიდა. მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი მივიდა და, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცჳვდეს ურიცხუსა მას სპასა შინა სულტნისასა. პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედნა წყალობააურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსქდა, იძლია, დაიპანტა. და ამას ჰგვანდა, თუალგარდაუწთომელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და დაზულეულ და ღირს სადმე ყოფილ იყო. სადგან თუალი მხილველობდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი.

ხოლო მჴნენი ქართველნი, რომელნი-ესე ზემო ქუეითად მყოფნი ვაჴსენნით, აღსხდეს ჰუნეთა, ვიდრე ღამედმდე დევნა უყვეს, დაჴოცეს და ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს. და თჳთ მათითავე ჯარითა ვერ ივლტოდეს და ურთიერთას დასთრგუნვიდეს.

ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკჳრვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედნა სამკჳდრებელსა თჳსსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან, ვითარ უვნებელად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებელად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნეს? ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი. რამეთუ ესოდენ ზარგანჴდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თჳთოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა განუტევებდეს.

ესრეთ ძლევაშემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე, იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი წყაროთა სავსე. მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის და შაქრითა გატენის და წყლითა აღავსის და სმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა მზეთა მისთა მიმართ.

ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა ეახლნეს შავთელი იოვანე და ევლოგი, და იყო ვედრება ღმრთისა და ღამეთა გათევა ლაშქართა გამარჯუებისათჳს. დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფეს წინაშე სხდეს. და ანაზდათ განკჳრვება დაეცა ევლოგის, იწყო აღმართ ხედვად. ვითარ ხედვიდა, ანასდა ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ - და ვითარ აჰა ესერა - სამგზის, და მეყსეულად ახლტა და ჴმა-ყო: „აჰა წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!“ და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქჳან არაგანნი. მაშინ შავთელმან რქუა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვჰგონებ“. ამისთჳს დაწერეს დღე და ღამე და ჟამი იგი.

მოწყალემან ღმერთმან პირველ შესახა ესე ყოველი ნივთთა აგება უკუანასკნელისა ჴსნისა ჩუენისათჳს. და მოწყალემან მასვე დღესა შესახა ჴსნა ჩუენი აღდგომითა თჳსითა. და ესრეთ მხიარულითა პირითა სახელგანთქმულნი მოვიდეს ვარძიას, თჳთ თამარიცა მივიდა, და ჯეროვანი მადლობა შეწირეს.

ამათ დღითიდღე წარმართებათა და გადიდებათა შინა იყო სკიპტრისმპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მოფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფოსა. ჟამ გარდვიდიან აფხაზეთს, განაგიან საქმენი მანდაურნი და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო - გეგუთი და აჯამეთი. გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს და დადგიან დურს. მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართქალაქელნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა. და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსთა ქალაქთა.

ესრეთ სიხარულსა შეუთქს მწუხარება. ამისთჳს მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავითა განშუენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მჴნე ვინმე გულოვანთაგანი, უხჳ და მდაბალი, და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.

მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა მარხვა. მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტიანეთა ზედა და მოუწოდა სპათა მისთა და წარმოემართა და მოაოჴრა ანისი, რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა შინა უყოფობა. წარმოვიდა და აღვლო რაჴსის პირი და უგრძნობლად მოვიდა ანისა. გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალაქისასა, შეუტევეს ცხენი და ვერ მოასწრნეს კარნი და შეუვიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრიტიანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარანოანთა და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბოანსა, რომელსა ქარტუნობით უჴმობენ. და არა განერა, ვინ ანუ ციხესა, ანუ ქარტუნსა შინა არა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდიანი და ქვებიანი.

ესრეთ ჴელთ იგდეს ქალაქი. ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა შინა, ვითარ ცხუარი, დაკლეს, თჳნიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა. ესეოდენ მძჳნვარედ მოაოჴრეს ანისი და სავსენი ტყჳთა და ალაფითა მიიწივნეს შინა.

ესე ანისისა მოოჴრებისა ამბავი გეგუთს ახალკჳრიაკედ აცნობეს მეფესა თამარს, ამირსპასალარსა ზაქარიას და მსახურთუხუცესსა ივანეს. ესმა და დიდად დამძიმდეს და მწუხარებამან მოიცვნა და, რამცა ყვეს, არა უწყოდეს. გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა. მეფე და ყოველნი სპანი მისნი, მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი, სპარსთა მიმართ ბრძოლის-ყოფად აღემზადნეს.

მაშინ მჴარგრძელთა ჰრქუეს მეფესა: „მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასლვითა მცნებათა ღმრთისათა: უბოროტესად ესოდენი სული ქრისტიანე მოიკლა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათჳს. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა - პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა სარკინოზთა მიერ. არამედ შურ-ვაგოთ, ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და სიცრუვე მათი მათვე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა, მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა. წარვიდეთ ანისს და ვინ სადა მოვინადიროთ, გარნა მცირენი, რამეთუ, თუ დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ. მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა მოვიდეს, მზამცა არიან, რომელ ჩუენ მოგაჴსენოთ“. სთნდა მეფესა თქმული მათი და უბრძანა მეფემან, რათა მზა იყვნენ სპანი მისნი.

და მჴარგრძელნი წამოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწი სჯულისა მათისა მარხვა. წარმოავლინეს მეფეს წინაშე კაცი ლაშქრის მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა, თორელთა, თმოგუელთა, ჰერ-კახთა, სომხითართა. ქართველნი არა წარიტანნეს, რათა არა აგრძნან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანისს, წარემართნეს არდაველს, გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ჴიდსა და მიმართეს არდაველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე-მოადგეს არდაველს.

ვითარ ჴმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გაჴშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტევეს მჴარგრძელთა, შეუჴდეს და უომრად ჴელთ იგდეს ქალაქი, თჳთ სულტანი, ცოლი და შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისათა, რომელ მოთხრობა ძნელ სადმე არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თჳთ მათთავე საჴედართა ძლით აჰკიდეს და წარმოემართნეს.

ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუედ წამოასხნეს; ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითათა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიათა შინა. სხუა უმრავლესი ერი მოსწყჳდეს და სხუა ტყუე ყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ესრეთ ძლევაშემოსილნი მოვიდეს ანისს, დიდად ნუგეშინისმცემელნი. მოვიდეს მეფეთმეფისა და მზეთამზისა, დედოფალთდედოფლისა. მოიღეს ძღუენი და არმაღანი, აღავსეს ყოველი მთავარი, თჳთ მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი, მას ჟამსა კოლას დგა მეფე. აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისა მიერ დიდად მადლიერმან მეფემან უბოძნა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი. ესრე მადიდებელი ღმრთისა იშუებდა, ნებიერად იყოფოდა და მოუდიოდა გარეშემოთადაღმან ხარაჯა და ძღუენი ურიცხჳ.

არამედ სხუანი უდიდესნი საქმენი აღმოუჩნდეს. მოვიდეს მჴარგრძელნი - ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი მეფეს წინაშე და მოახსენეს: „ძლიერო ჴელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო, იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმჴნე და სიქველე სპათა შენთა. გულისხმა ყო, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან, რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცეს სადამე სიმჴნე სპათა შენთა, არამედ აღვამჴედროთ ერაყს, რომგურს ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთით ძალი და სიმჴნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!“

და ვითარ ესმნეს თქმულნი მჴარგრძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა ლაშქრად წუევა მჴარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმა.

მოიწია არე სთულისა. მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯრითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწონა აბჯარი და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შევედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელსა. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა და წარემართნეს სპარსეთად.

ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რაჴსსა და შევლეს იწრო იგი ჴევი დარდუზისა და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი, შეივლტოდეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი. ეგონა მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს დაარჩიეს ხუთასი მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური, უჩინეს მჴედართმთავრად თაყაიადინ თმოგუელი. წარემართნეს, აღვლეს აღმართი მარანდისა, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: არავის ჰბრძოლონ მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულად ლაშქარი მთასა მას ზედა; თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას; რაცა რქუას, ყონ.

და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შევლტოლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედაკერძო თავსა მთისა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურნეს, მოუჴდეს ზარითა და ამბოხებითა მარანდელნი, რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროსათჳს. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს, რომელ მცირედნი განერნეს. და უმრავლესი მოკლეს და დევნა-უყვეს გრძლად.

მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებოდა. ესოდენი ძლევა მოეცა ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და განკჳრდეს, კაცისა ქართველისა ვერპოვნა უკჳრდა. ამისთჳს უღონოქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს. გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა, და დიდად მადლობდეს ღმერთსა. არცა ერთი კაცი მომკუდარ იყო ქართველი და ესეთი ძლევა მისცემოდა, რომე ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათჳს შეეცა და ხუთასსა ზედა დასობილი იხილეს. დაღათუ ესრეთ და ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინს, და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბვის უცნობებლად შებმისათჳს.

ესრეთ გამხიარულებულნი, მადიდებლნი ღმრთისანი გამარჯუებისათჳს წარმოემართნეს და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა, დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისლვა ქართველთა ლაშქრისა, განჰკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკჳდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟის ქალაქისანი განიზრახვიდეს, რათა ხარკის მიცემითა, ძღუენითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნითა დაამშჳდნენ ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშჳდობა, არამოოჴრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი: ოქრო და ვეცხლი, სხუა მრავალი თუალი პატიოსანი, მარგალიტნი ძჳრფასისანი. განკჳრდეს ყოველნი წარჩინებულნი, ზაქარიაცა და ივანე მჴარგრძელნი, აღუთქუეს მშჳდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოამტკიცეს ფიცისა მიერ. მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი, ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვეცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმასაყოფი ლაშქართათჳს. აღივსნეს დიდნი და მცირენი.

მისცნეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს, განვლეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისლვა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა მანცა მშუიდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხუი საქონელი, რომელ უსმინა ზაქარია, მოიყვანა მშუიდობის-ყოფად და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლი და ქვანი ძუირფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს მშუიდობით დამტევნელნი მიანისანი.

მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლა ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი, განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა. უწინარეს მარჯუენასა მჴარსა მესხთა შეჴურიტეს ზღუდე - ალიზით იყო - და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა. იწყეს ჴოცად და სრვად, ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს მესხნი საქონლითა. შემოჴურიტეს ყოვლგნით და შემოვიდეს, მოატყუეს, აღივსნეს საქონლითა. დადგეს და მცირედ განისუენეს და მიერ აღმჴედრნეს და წარემარღნეს ხუარასნით და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა მუსულმანსა, რომელი მოაოჴრეს, და განისუენეს სადამე.

მერმე წარემართნეს ქალაქსა ხუარასნისასა და ყაზმინს მიიწივნეს, მახლობელად აჰვრისა. და ვერ წინააღუდგეს. მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა, აჰკიდეს საქონელი მათი მათსავე საჴედარსა. კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირეთა ვაჟთა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესწრნეს და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანესისა რომგურისა მიმართეს, რომელ არს ხუარასანი.

და რაღა გრძელ სიტყუა საჴმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისა ქალაქად და მოაოჴრეს ქუეყანა. ვერ ძალედვა წიაღმისლვად ალაფისაგან. შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევაშემოსილნი. ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა სპარსეთს შესრულთა, ვერ ხუარასნის სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი. ესრეთ უზომოთა და ურიცხჳთა სიმდიდრითა შემოქცეულნი მივიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანისა ქუეყანასა ამბავი ქართველთა უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა, ერაყის სულტნის მოსრვა, კაცი ვინმე მოსრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუვილი სიტყუა ეთქუა, ვითარ: „მოვიდა თჳთ დიდი სულტანი და გილანელნი, სულტანი ხუარასნისა და ერაყის სულტანი, ყოვლგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს და მოსწყჳდნეს, რომელ არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობელი მივა საქართველოთა“.

ესმა მელიქს მიანისასა და მიანელთა და განიხარნეს, ქართველთაგან დატევებულნი მცველნი მიანისანი დაჴოცნეს და ძელსა ზედა ჩამოჰკიდნეს, გარნა ერთი კაცი დაიმალა მცველთათანა ქალაქსა შინა. და მოვიდეს ქართველნი გამარჯუებულნი მიანას. წინაგაეგება მიანისა სულტანი ძღუნითა, ნაქმარისა მათისა დაფარვა ეგონა. და იხილა ზაქარია, იკითხნა მცველნი მისგან დატევებულნი. ჰრქუეს მათ: „თავრეჟს წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა“. მოვიდა დამალული იგი კაცი მცველთათანა, აუწყა ნაქმარი მიანელთა და მცველთა მოწყუედა, ტყავისა ძელსა ზედა დამოკიდება, და შესწამა მელიქს პირისპირ, და იგინი დგეს უსიტყუელ.

და ვითარ ესმა ზაქარიას და ივანეს, ძლიერად გამწარდეს და ბოროტად აღუჩნდა.და შეიპყრეს მელიქი, თჳსნი მისნი და ყოველნი სიკუდილად დასაჯნეს. და მოაკუდინეს თჳთ იგი და შვილნი მისნი, და განჰჴადეს ტყავები და საყივარსა, რომელსა მენარა უწოდეს, ზედაჩამოკიდეს. და ქალაქი მოაოჴრეს, მოწუეს, ტყუე-ყვეს, ხოლო სიმდიდრე, რომელ წამოიღეს, შეუძლებელ სადამე არს აღრიცხუა მათი.

და ესრეთ მოჰმართეს გზასა, რომელ აღმოევლო ადარბადაგანით, და მოვიდეს და მოეგებნეს პირველად უჟენით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა ურიცხჳთა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აივსო სრულიად სამეფო. თუით მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათჳს წარმოგზავნნეს თუალნი დიდფასისანი, ძჳრად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. დაუტევნეს მშჳდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და გამოვლეს რაჴსი და შემოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთმეფე, მმადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზეიმითა და დიდებითა.

იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა, რომელი არცა ძუელ ოდესმე ქმნულ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.

შევიდეს ისანთა, დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა, შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხუი და დადვეს მეფეს წინაშე. განუკჳრდა: არავის ქართველისაგანსა ენახნეს ეზომნი სიმდიდრენი და აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფეცა თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ, აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა, მრავალი გასცა ობოლთა და გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი, აღვსებულნი კუალად აღავსნა. იყო მადლობა ესევითარისა გამარჯუებისათჳს ღმრთისა.

ვინათგან მოიწია მწუხარება და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯუებული, მჴნე და ძლიერად მბრძოლი მჴედართა, მთავარი თემისა ლორისა, რომელი მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მჴნედ გამოჩენილ იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსი მჴარგრძელისა. და იყო სარწმუნოებითა სომეხი, ყოველნი სათნოებანი, საღმრთონი და საკაცობონი, აქუნდეს. და ესრეთ მჴნე მამა, დამტევებელი შვილისა ერთისა, რომელსა შ˜ა ეწოდებოდა.

მაშინ მოუწოდა ძმასა ზაქარიასსა ივანე მსახურთუხუცესსა და ინება პატივსა ძმისა მისისასა აღყვანება და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი. ხოლო ივანე საქმეთა შინა განკჳრვებულ იყო და საკჳრველი ესე რქუა მეფესა: „პატივი ესე, რომლითა პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ. ესრეთ შემიწყალე: ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა აჴსენებდენ, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისა დგომად, არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც. საქართველოსა არა არს წესად და ჴელად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო, რომელ სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი. ამით განადიდე წყალობა შენი უწინარეს ჩემთა პირველთა“. ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილ იყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ჰბოძებოდა. მსახურთუხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მეფეს წინაშე.

ხოლო მეფე თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის - კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.

მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთუართა და უხარშავსა ჭამენ და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად, რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანისსცემენ და ზოგნი - უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტეანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.

მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა. მისცნა ივანეს ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთკერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკერძო - დიდოეთი და ფხოეთი.

ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერცა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად და რბევად და კლვად და ტყუეობად და დაწუად. მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი. და დაყვნეს სამნი თუენი: ივნისი,ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურება და ხარაჯა და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წამოასხა მძევლები, იქმნნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო, იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი“. ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.

და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითიდღე შემატება სამეფოთა, ღმრთივდაცული მეფობა თამარისი. ხოლო სპანი მისნი განსუენებასა, ნადირობასა და ბურთობასა, თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან და აღივსებოდიან საბოძვრითა მეფისა მიერ მათისა.

ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათჳს ივბიმიანოსისა: „რასა დააკლო ღმერთმან ქრისტეანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად ყოველთა?“ და ეტყოდა: „რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს, დასცხერ ბოროტისაგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკუეთუ ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა, არა თუმცა საბერძნეთი ოდენ“. ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა - არათუმცა საქართველო ოდენ - ამისსა მეფობასა.

ამისთჳსცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკჳდრებელსა თჳსსა, და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა. მოიწია მწუხარება დიდი და მიუთხრობელი მკჳდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი. და იქმნა ტყება, მსგავსი კალოთა ატადესთა, და გოდებანი, მსგავსნი მოოჴრებისა იერუსალემისანი იერემიას მიერ მგოდებელისა. და ჯერცა ეგრე იყო. და ყოველთა ადგილთა მსხდომარეთა გოდებათა და ტყებათა შეიწუებოდეს მკჳდრნი სამეფოსანი და იტყოდიან მიუთხრობელთა სიკეთეთა მისთა, გამარჯუებათა და მოწყალეობათა, მოსამართლეობათა, სიუხუეთა, სიმდაბლეთა. და წარიყვანეს სამკჳდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თჳსსა ლაშას.

არსენი იტყჳს იყალთოელი:

მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი;

ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო;

აღჳრი კიცუთა, თუალნი და ისრაელი,

გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა,

მეგჳპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.

იოანე იტყჳს ჭიმჭიმელი:

თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი,

მან ისტრულაბსა დასცა და მიდგნა დაყიყა ჯამსისი,

დავით, - ვთქუა, - ზესთა განდიდნეს, მით ჴრმალი ჴორცსა ჭამს მისი,

და აქილევისებრ ძალითა მპყრობ ელადეთსა ჴამს ისი.

დიდება ღმერთსა!

ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა გამარჯუებისა.