topmenu

 

თ. მათიაშვილი - მუსოპრიანი - გეტა დარბაზული ეკლესია

<უკან დაბრუნება

გეტა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.10, გვ.513, თბ. 1986 წელი.

გეტა (ყოფ. ქვემო გულავერი) - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის რაიონში, აკაურთის თემში. მდინარე გეტისწყლის (მაშავერის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი. ბოლნისიდან 17 კმ–ზე. სოფელში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია, რომელიც ძლიერ დაზიანებულია.


მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

1. თამარ მათიაშვილი - მუსოპრიანი - გეტა დარბაზული ეკლესია//ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, N3, 2020 წ., გვ.217-226

 

HISTORY, ARCHAEOLOGY, ETHNOLOGY

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია

N3, 2020 წ.

MUSOPRIANI-GETA GHAMBERED CHURCH

მუსოპრიანი - გეტა დარბაზული ეკლესია

TAMAR MATIASHVILI

Associate Professor, LEPL Samtskhe-Javakhet State University

113 Rustaveli str, 0800, Axaltsikhe, Georgia

ORCID: 0000-0002-7340-7608

ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

+995599157317


სტატიის წყარო


Abstract

Musopriani-Geta chambered church is in KvemoKartli region, Bolnisi municipality. It is located in the commune of Akaurta - middle part of River Mashavera, left bank, 720 meters above sea level, Geta gorge, near the village Geta (formerly Musopriani).

The Church was restored in 2017 and the project was headed by Architect Ketevan Chikhadze. Chambered church was constructed using blocks, roughly processed pieces of stone and bricks. The walls are filled with lime. The church was constructed in XV-XVI century.

Within the restoration works, the surroundings of the church was cleared from excess ground. Exploratory trenches on the socle level were made within the 4 meter radius. Burial sites were discovered around the church, as well as, inside the church. The burials were not disturbed and were simply cleaned.

During the ground works flat and grooved pieces of tile were discovered. During the middle ages this material was used on buildings of high importance. Roofs of these buildings were covered using the same kind of materials. The tiles of the antic period remained through middle ages and only experienced minor changes – they became a little smaller and its wider end got a slight curve to prevent water going through. Tiles of late middle ages is very similar but even smaller and thinner, the production quality is also a little lower. The letter kind of tile is used for the roof of MusoprianiGeta chambered church, which is appropriately dated XV-XVI centuries.

During the cleaning procedures of the churches exterior and interior the following materials were discovered:

1. Oval handle of engobaged, reddish kilned jug with attached bulge. Found in the interior.

2. Side piece, herring-bone decoration of an engobaged jug. Found in the interior

3. Bottom of an engobaged jug. Diameter 5cm. Found in the interior.

4. Fragment of the upper bed of reddish kilned Qvevri. Found outside the church, near the northern wall, inside a ditch.

Clay pottery materials found by us is consistent with the late middle ages period of XV-XVI, which is the same time period in which the Church was constructed.

Keywords: Kvemo Kartli, Musopriani-Geta, One nave church, late middle ages.

თამარ მათიაშვილი

სსიპ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი

საქართველო, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. .#106, 0800

ORCID: 0000-0002-7340-7608

ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

+995599157317

აბსტრაქტი

სტატიაში წარმოდგენილია მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში წარმოებული სამუშაოების ანგარიში. ეკლესია განეკუთვნება გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს და წარმოადგენს ერთნავიანი დარბაზული ტიპის ბაზილიკას მინაშენით. გაწმენდითი სამუშოების პროცესში გამოვლენილ კულტურულ ფენებში გამოვლინდა სინქრონული პერიოდის არქეოლოგიური მასალები.

საკვანძო სიტყვები: ქვემო ქართლი, მუსოპრიანი-გეტა, დარბაზული ეკლესია, გვიანი შუასაუკუნეები.

შესავალი

მესოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. გეტისწყლის მარცხენა ნაპირზე (მდ. მაშავერას მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 720 მეტრზე, სოფელ გეტასთან (ძველი მუსოპრიანი)(სურ. 5,6).

მუსოპრიანი-გეტას დარბაზულ ეკლესიას 2017 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვანელი არქიტექტორ-რესტავრატორი ქეთევან ჩიხაძე).

დარბაზული ეკლესიის მშენებლობაში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალა: დამუშავებული ადგილობრივი ტუფის კვადრები, წიბოებდაუმუშავებელი თლილი ზედაპირიანი საპირე ქვები და აგური. კედლები ნაგებია კირხსნარზე (სურ. 1, 2, 3). გრძივი კედლების არეულ წყობაში ქართული აგურიც არის ჩართული. აკად. პ. ზაქარაიას მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლიც ინახება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეკლესია დათარიღებულია XV-XVI საუკუნეებით.

ისტორიული წყაროები

ვახუშტი ბატონიშვილი გეტის ხეობას მდ. მაშავერასთან კავშირში აღნიშნავს: “მაშავერას შენაკადთა შორის აღსანიშნავია ფინეზაურის, ბალიჭისა და კაზრეთის ხევები მარჯვენა მხრიდან, მარცხნიდან - ბოსლებისწყალი და გეტისხევი“ (ვახუშტი, 1941:39). გეტის წყალი სათავეს იღებს ლუკუნის მთაში და მოედინება აღმოსავლეთით და ქვეშისციხის გავლით უერთდება მაშავერას. ისტ. მეც. დოქ. დევი ბერძენიშვილის მოსაზრებით ამ ხეობის ზემო და შუა წელი ითვლებოდა გეტისხევად, სადაც იყო კიდეც სოფელი გეტა (ბერძენიშვილი, 2014:131). (ძველი ქართული კულტურის ძეგლების ბარათებში, რომელიც ინახება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცულ დოკუმენტებში მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესია მოხსენებულია მუსოპრიანი-წიფორის ეკლესიად).

ეკლესიის გეგმა და არქიტეტურა

დარბაზული ეკლესია გეგმით მართკუთხა ფორმისაა, რომელსაც, ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მინაშენი (სურ. 5, 6). ეკლესიის ზომა მინაშენით არის 13,24X8,75მ., მინაშენის გარეშე კი 13,24X7,35მ. ტაძარს აქვს ორი ძირითადი შესასვლელი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. შესასვლელები გარედან არქიტრაულია, შიგნიდან თაღოვანი. დარბაზის ინტერიერიდან, ჩრდილოეთ მინაშენში შესასვლელი არქიტრაულია. მინაშენი ტაძრის თანადროულია, რასაც აღმოსავლეთ ფასადზე და ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დატოვებული კამარის ქუსლი ადასტურებს.

მინაშენის გარე და შიდა კედლები ნაგებია დაუმუშავებელი სხვადახვა ზომის ქვებით, რომელზედაც შემორჩენილია ნალესობის კვალი. წიბოებს შორის დარჩენილი არე შევსებულია კირდუღაბის სქელი ფენით. ტაძარს ეტყობა მრავალჯერ შეკეთების კვალი. ეკლესიის საფასადო მხარე სხვადასხვა პერიოდში ჩანს გადაკეთებული, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ფრონტონებთან სუფთად თლილი კვადრები, რომლებიც ერთმანეთთან მიჯრის არის მიწყობილი და განსხვავებულია ქვედა სამშენებლო წყობისაგან.

ჩრდილოეთის მინაშენის ფასადის კედლის ქვის წყობა ანალოგიურია ტაძრის ფასადის საპირე წყობისა. ტაძრისშიდა სივრცე ნათდება ოთხი თაღოვანი სარკმლით: აღმოსავლეთის, დასავლეთის და ორი სამხრეთის მხრიდან. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილ, თლილ საპირე ქვაზე, დასტურდება ამოკვეთლი მხედული ანბანით შესრულებული, ნაკაწრი წარწერა. სავარაუდოდ, წარწერა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხება :“ქ.ავ(ა) შენე ს“ (გამოკვლევა ეკუთვნის დოქ. თ. ჯოჯუას). სავარაუდოდ, ამ წარწერაში გადმოცემული უნდა ყოფილიყო ტაძრის აგების ამბავი (უგრეხელიძე, 2018:4).

XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველო ჯერ მონღოლების, მოგვიანებით სპარსელების და ოსმალების განუწყვეტელი შემოსევების სარბიელი გახდა. მტრის ყოველ შემოსევას თან ახლდა ქალაქებისა და სოფლების დარბევა, მეურნეობის მრავალი დარგის დაქვეითება, ქალაქებსა და სოფლებში არსებულ კერამიკულ საწარმოთა განადგურება. მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოში აღმშენებლობითი საქმიანობა არ წყდებოდა და აღდგენით სამუშაოებთან ერთად შენდებოდა მრავალი ახალი საკულტო თუ საერო ნაგებობა, რომლებშიც ქვასთან ერთად ხშირად არის გამოყენებული კერამიკული სამშენებლო მასალაც.

საქართველოს გვიანი შუასაუკუნეების საკულტო ნაგებობების არქიტექტურაში აგურის გამოყენება სამშენებლო საქმიანობაში მხოლოდ დამხმარე მასალად იყო მიჩნეული. ხელოვნებათმცოდნე დ. გორდეევის მიხედვით XII საუკუნეში საქართველოში წარმოიქმნა არქიტექტურული სკოლა, რომელიც აშენებდა უმთავრესად აგურით, მაშინ როცა ძველი სკოლა მხოლოდ ქვის მასალას იყენებდა. ამ მეცნიერის აზრით შუასაუკუნეებში ე.წ. „ქვის არქიტექტურის“ სკოლა გაბატონებული იყო, მაგრამ აღარ ითვლებოდა მოწინავედ (გორდეევი, 1940:48).

ამასთან დაკავშირებით აკდ. პარმენ ზაქარაია არ იზიარებს გორდეევის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ - „შემორჩენილი ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით, დღეს ჩვენ არა გვაქვს საშუალება ვამტკიცოთ, რომ XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში ხუროთმოძღვრების დარგში წამყვანი სწორედ აგურის ნაგებობა იყო თუ არა“, - მისი აზრით, ამ ეპოქაში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული „ქვის არქიტექტურის“ გვერდით გაჩნდა მეორე „აგურის ხუროთმოძღვრება“, მაგრამ პირველი კიდევ დიდხანს რჩებოდა დომინირებულ პოზიციაზე და სარბიელი მაშინაც არ დაუტოვებია როდესაც XVIXVII საუკუნეებში დომინანტად გვევლინება „აგურის არქიტექტურა“ (ზაქარაია, 1958:90 ).

XVI საუკუნიდან აგურის გამოყენება საეკლესიო არქიტექტურაში საკედლე მასალის გარდა, ნაგებობათა დეკორატიულ გაფორმებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გ. ჩუბინაშვილის მიხედვით ეს მეთოდი მიჩნეულია ირანული მხატვრული ელემენტების გავლენად (Чубинашвили, 1935:254). გვიან შუასაუკუნეებში აგური ფართოდ არის გამოყენებული ქვასთან ერთად ციხე-კოშკების მშენებლობაში და ზოგიერთი საკულტო ნაგებობის რესტავრაციის დროს. ამის კარგი მაგალითია მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესია, სადაც აგური, ალბათ სხვადახვა დროის რესტავრაციისას არის გამოყენებული.

არქეოლოგიური სამუშაოები

სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესიის გარშემო არსებული სივრცე გაიწმინდა ნაყარი კულტურული ფენისაგან და 4 მეტრის რადიუსით გაკეთდა სადაზვერვო ჭრილები.

გაწმენდითი არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში ეკლესიის გარშემო გამოვლინდა XIXXX სს. ცალკეული საფლავები, ხოლო ეკლესიის შიდა სივრცეში კი სხვადასხვა დონეზე ფილა ქვით გადახურული სამარხები, რომლებიც ზედაპირულად იქნა გაწმენდილი და არ მომხდარა მათი შესწავლა.

დარბაზული ეკლესიის გარშემო და ინტერიერში გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა ბრტყელი და ღარისებრი წითლად გამომწვარი კრამიტისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რაც ადასტურებს, რომ ეკლესია კრამიტით უნდა ყოფილიყო დახურული. აღსანიშნავია რომ შუასაუკუნეებში ეს სამშენებლო მასალა უმთავრესად განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობების გადახურვის კონსტრუქციაში გამოიყენებოდა (სასახლეები,ეკლესიები). ამ პერიოდის ნაგებობათა გადახურვა დაფარული იყო უმთავრესად ბრტყელი და ღარისებური კრამიტის ურთიერთმონაცვლეობით. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკურ პერიოდში შემუშავებული კრამიტის მოყვანილობა განვითარებული შუასაუკუნეების ხანაშიც არ შეცვლილა. მხოლოდ ზომა შემცირდა და ვიწრო აკეცილი გვერდები დადაბლდა, ხოლო ფართო ბოლოში დაბალი ტიხარი გაუჩნდა, წვიმის წვეთების სახურავში გაჟონვის შესაფერხებლად. ხოლო, გვიანი შუასაუკუნეების პერიოდის კრამიტი მოყვანილობით ძირითადად მსგავსია ზემოთ აღწერილი განვითარებული შუასაუკუნეების ხანის კრამიტისა, ოღონდ უფრო პატარაა და თხელი, ხოლო დამზადების ხარისხი შედარებით დაბალი. ზუსტად ასეთი კრამიტია გამოყენებული მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესიის გადახურვაში, რომელიც შესაბამისად დათარიღებულია XV-XVI საუკუნეებით.

დარბაზული ეკლესიის გარშემო და ინტერიერში გაწმენდითი სამუშაოების დროს დაფიქსირდა კერამიკის ფრაგმენტები, მათგან გამოვყოფთ რამდენიმეს, კერძოდ:

1. დოქის ყური - მოწითალოდ გამომწვარი, წერნაქიანი, ოვალურ განივკვეთიანი, ყურზე დაძეწილი აქვს კოპი, აღმოჩნდა ეკლესიის ინტერიერში.

2. დოქის პირ-გვერდის ფრაგმენტი- მოწითალოდ გამოწვარი, წერნაქიანი, შემკულია თევზიფხური ორნამენტით, აღმოჩნდა ეკლესიის ინტერიერში.

3. დოქის ძირი - დაბალქუსლიანი, მოწითალოდ გამომწვარი, წერნაქიანი, რომლის დიამეტრი 5სმ-ია. აღმოჩნდა ეკლესიის ინტერიერში.

4. ქვევრის პირის ფრაგმენტი - მოწითალოდ გამომწვარი, აღმოჩნდა ეკლესიის გარეთ ჩრდილოეთ კედელთან, თხრილში.

ეკლესიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლის გადმოცემით ამ ტერიტორიიდან ნაპოვნი იქნა დიდი ზომის 1000 ლიტრიანი ქვევრი (ჩვენ ამ ქვევრის ნახვა ვერ მოვახერხეთ). შესაძლოა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა მარანი, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ის რომ აქ შესაძლოა მარანი არსებობულიყო, ამას, ისტორიული წყაროები და გეტას ხეობაში აღმოჩენილი განათხარი ქვევრ-მარანთა დიდი რაოდენობა მოწმობს. ისტ. მეც. დოქ. დევი ბერძენიშვილის მიხედვით - „ გეტის ხეობაში კარგი პირობები იყო მევენახეობისა და მეხილეობისათვის ისტორიული ცნობების გარდა ამას ადასტურებს განათხარ ქვევრ მარანთა დიდი რაოდენობა, რომელიც ნანგრევების სახით შემორჩენილია ძველ ნასოფლარებში“ (ბერძენიშვილი, 2014:123).

რაც შეეხება წერნაქიან თიხის ჭურჭელს - როგორც ცნობილია „მიწის საღებავი“ წერნაქი, ანუ წითელი ანგობი იგივე თიხაა, რომელსაც ჭარბად ურევია რკინის ჟანგი. წერნაქი ბუნებაში მზა სახით არსებობს ჩვეულებრივ ყვითელია და მხოლოდ გამოწვის შემდეგ ღებულობს მუქ წითელ ფერს. ჭურჭლის წერნაქით დაფარვა რთულ ტექნოლოგიურ პროცესთან არის დაკავშირებული. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საღებავი მტკიცედ დაუკავშირდეს ჭურჭლის ზედაპირს, რისთვისაც საჭიროა წერნაქი სავსებით ეთანხმებოდეს ძირითად მასას შეკუმშვის პროცესის ყველა სტადიაში, როგორც შრობის, ისე გამოწვის დროს (მაისურაძე, 1953:26).

ჯერ კიდევ XIII ს-ის მეორე ნახევრსა და XIV საუკუნიდან საქართველოში უმთავრესად მზადდებოდა ადგილობრივი საღებავით, წითელი წერნაქით შეღებილი ან მოხატული უხეშად ნაძერწი ჭურჭლის ნაირსახეობანი. სწორედ ამ დროს ჩნდება მოხმარებაში წერნაქით შეღებილი დოქები და ჭინჭილები, რომელთა ზედაპირებიც ე.წ. „თევზიფხური“ ან ტალღოვანი და პარალელურ სარტყელებიანი, ნაკაწრი ორნამენტითაა შემკული. ნ. ბახტაძის დაკვირვებით ამ უკანასკნელი სტილის მოუჭიქავი, წერნაქიანი ჭურჭლის რამდენადმე სახეცვლილი ვარიაციები მთელი გვიანი შუასაუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა (ბახტაძე, 2007:15).

საქართველოში, გვიანი შუასაუკუნეების ხანაში წერნაქიანი ჭურჭელი მასიურად იწარმოება, რადგან ამ დროს მოჭიქული კერამიკის წარმოება მცირე მასშტაბისაა. ხელოსანი რომელსაც აღარ გააჩნია მოჭიქული ჭურჭლის წარმოების დიდი გამოცდილება, ფართო მასების მოთხოვნილებას სადა წერნაქიანი ჭურჭლით აკმაყოფილებს, ხოლო მაღალი საზოგადოება ლითონის. ფაიანსის, მინის ჭურჭელს მოიხმარს.

წერნაქიანი ჭურჭელი სიმრავლის გარდა მრავალგვარობითაც გამოირჩევა. მათი ერთი ნაწილი სადა, წითელკეციანი ჭურჭლების ფორმებს იმეორებს და ქართული კერამიკის ძველ ტრადიციებს აგრძელებს (კოკები, დოქები და ა.შ.). მართალია, კერამიკული წარმოების მასშტაბი გვიანი შუასაუკუნეების ხანაში საკმაოდ დიდი ჩანს, მაგრამ პროდუქცია მაინც არ არის ისეთი მრავალფეროვანი და დახვეწილი, როგორც ადრე. კერამიკულ წარმოებაში მრავალფეროვნების და დახვეწილობის შემცირება გამოწვეული იყო იმ დროის საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიური ვითარებით, გამუდმებული თავდასხმები აქვეითებდა ხელოსნობას და მათ შორის კერამიკულ წარმოებას.

წერნაქიან ჭურჭელთან დაკავშირებით არსებობს მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები, კერძოდ წერნაქით შეღებილი და „თევზიფხული“ ორნამენტით შემკული ხელადები და დოქები საკმაო რაოდენობითაა აღმოჩენილი ქვემო ქართლის კლდის ძეგლებზე. ამ ძეგლების გამთხრელი ნ. ბახტაძე იზიარებს თ. არჩვაძის მიერ ამგვარი ჭურჭლების გვიანდელი შუასაუკუნეებით დათარიღებას (არჩვაძე, 1974: 174-188), თუმცა მიაჩნია რომ წერნაქით შეღებილი ჭურჭლები უნდა ემზადებინათ როგორც განვითარებულ ისე გვიანდელ შუასაუკუნეებში. ქვემო ქართლის კლდის ძეგლების ამგვარ ჭურჭელს ის XIVXVს-ის მიჯნაზე გაჩენილი კულტურული ფენიდან მომდინარე მასალებად მიიჩნევს (ბახტაძე, 2007:152). არქეოლოგ დ. მინდორაშვილის აზრით კი არ არის მართებული ამგვარი ჭურჭლების თარიღის დაძველება. აღმოსავლეთ საქართველოს და მათ შორის ქვემო ქართლის მთელ რიგ ძეგლებზე გამოვლენილი წერნაქიანი ჭურჭელი, როგორც ფორმით ისე შემკულობით არ არის დამახასიათებელი განვითერებული შუა საუკუნეებისათვის. დავით მინდორაშვილი ვერც არქეოლოგ თინა არჩვაძის აზრს იზიარებს იმის შესახებ, რომ მომავალი გათხრა-შესწავლა შესაძლებლობას მოგვცემს არსებულ მასალაში გამოიყოს უფრო ადრეული . კერძოდ XIV-XV სს ნიმუშები. დ. მინდორაშვილის მოსაზრებით წერნაქით შეღებილი და „თევზიფხური“ ორნამენტით შემკული დოქები და ხელადები გვიანდელი შუასაუკუნეების ნაწარმია რომელიც დიდი რაოდენობით მზადდებოდა XIX ს-შიც (მინდორაშვილი, 2008: 76).

ჩვენს მიერ წარმოდგენილი მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესიათან აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის წერნაქიანი ფრაგმენტები, განსაკუთრებით კი თევზიფხური ორნამენტით გვიანი შუასაუკუნეების ფარგლებში ერთიანდება და მიესადაგება დარბაზული ეკლესიის თარიღს - XV-XVI საუკუნეებს უფრო კი XVI საუკუნეს. აქ ჩვენ გვინდა გავიხსენოთ ზემოთ ნახსენები წარწერა რომელიც შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ ფასადის თლილ საპირე ქვაზე. პალეოგრაფ თემურ ჯოჯუას მიერ ეს წარწერა დათარიღებულია XVI- XVIII საუკუნეებით (ჯოჯუა, ხელნაწერი, 2018). ასე, რომ წერნაქიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და საამშენებლო წარწერა თითქმის ერთ ქრონოლოგიურ ჩარჩოში თავსდება.

დასკვნა

ამდენად, ქვემო ქართლში, სოფ. გეტაში მუსოპრიანი-გეტას დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევევბის საფუთველზე, კერძოდ აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭელის ფრაგმენტებით, კრამიტით და წარწერით დადგინდა, რომ ეკლესია XV-XVI საუკუნეებს განეკუთვნება.

ლიტერატურა

archvadze, t. (1974). tbilisis dedatsikheze aghmochenili ts'ernakiani ch'urch'eli. psadz. t'. II. tb. (არჩვაძე, თ. (1974). თბილისის დედაციხეზე აღმოჩენილი წერნაქიანი ჭურჭელი. ფსაძ. ტ. II. თბ.).

bakht'adze, n. (2007). k'eramik'uli nak'etobani shua sauk'uneebis sakartveloshi. tb. (ბახტაძე,ნ. (2007). კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში. თბ.).

bakht'adze, n. (2007). k'ldis khurotmodzghvrebis genezisi da ganvitarebis gzebi sakartveloshi. tb. (ბახტაძე,ნ. (2007). კლდის ხუროთმოძღვრების გენეზისი და განვითარების გზები საქართველოში. თბ.).

berdzenishvili, d. (2014). nark'vevebi kvemo kartlis ist'oriuli geograpiidan. tb. (ბერძენიშვილი, დ. (2014). ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ.).

bat'onishvili, v. (1941). aghts'era sameposa sakartvelosa. lomauri t. da berdzenishvili n. redaktsiit. tb. (ბატონიშვილი, ვ. (1941). აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ლომაური თ. და ბერძენიშვილი ნ. რედაქციით. თბ.).

gordeevi, d. (1940). t'imotes ubani. sabch'ota khelovneba. #4. (გორდეევი, დ. (1940). ტიმოთეს უბანი. საბჭოთა ხელოვნება. #4).

zakaraia, p'. (1990). kartuli khurotmodzghvreba XI-XVIII ss. Tb. (ზაქარაია, პ. (1990). ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIIIსს. თბ.).

zakaraia, p'. (1958). shuasauk'uneebis kartuli gumbatovani arkit'ekt'uris zogierti sak'itkhisatvis. sakartvelos muzeumis moambe. XII-B. tb. (ზაქარაია, პ. (1958). შუასაუკუნეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ზოგიერთი საკითხისათვის. საქართველოს მუზეუმის მოამბე.XII-B. თბ.).

maisuradze, z. (1953). kartuli mkhat'vruli k'eramik'a. tb. (მაისურაძე, ზ. (1953). ქართული მხატვრული კერამიკა. თბ.).

mindorashvili, d. (2008). arkeologiuri gatkhrebi sinagogashi. „sakartvelos shua sauk'uneebis arkeologiuri dzeglebi“. tb. (მინდორაშვილი, დ. (2008). არქეოლოგიური გათხრები სინაგოგაში. „საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები“. თბ.).

ugrekhelidze, m. (2018). musop'rianis darbazuli ek'lesia. angarishi.( khelnats'eri). (უგრეხელიძე,მ.(2018). მუსოპრიანის დარბაზული ეკლესია. ანგარიში (ხელნაწერი)).

jojua, t. (2018). musop'rianis darbazuli ek'lesia. angarishi.( khelnats'eri). (ჯოჯუა, თ. (2018). მუსოპრიანის დარბაზული ეკლესია. ანგარიში.( ხელნაწერი).).

Jghamaia, j. (1980). samsheneblo k'eramik'a peodaluri khanis sakartveloshi. tb. (ჯღამაია, ჯ. (1980). სამშენებლოკერამიკაფეოდალურიხანისსაქართველოში.თბ.).

Чубинашвили, Г. (1935). Иранское влияние в памятниках архитектуры Грузии.Иранское искусство и археология. III межд. Конгресс. стр. 254.

ტაბულების აღწერილობა

სურ. 1. რესტავრაციამდე ეკლესიის სამხრეთ ფასადი

სურ. 2. რესტავრაციამდე დასავლეთ თაღოვანი შესასვლელი

სურ. 3. რესტავრაციამდე ეკლესიის აბსიდა

სურ. 4. რესტავრაციამდე აღმოსავლეთ ფასადი მინაშენით

სურ. 5. რესტავრაციის შემდეგ აღმოსავლეთ ფასადი მინაშენით

სურ. 6. რესტავრაციის შემდეგ ჩრდილო-დასავლეთ ფასადი

სურ. 7. რესტავრაციის შემდეგ აბსიდის ინტერიერი

სურ. 8. რესტავრაციის შემდეგ დასავლეთ თაღოვანი შესასვლელი

მადლობას მოვახსენებთ არქიტექტორ-რესტავრატორს ქალბატონ ქეთევან ჩიხაძეს მასალასთან და ტაბულებთან წვდომის გამო.