topmenu

 

ო. ჯაფარიძე - წინა აზიის ურთიერთობის ისტორიისთვის

<უკან დაბრუნება

ოთარ ჯაფარიძე

წინა აზიის ურთიერთობის ისტორიისთვის

სპეციალურად საუნჯისთვის

(ფოტოს თარიღი: 28 თებერვალი, 2020 წელი)

წინა აზიის სამყაროსთან ურთიერთობის გაზრდამ დიდად შეუწყო ხელი კულტურის დონის ამაღლებას კავკასიაში. ამ დროს სამხრეთში ურუკის კულტურა იყო ფართოდ გავრცელებული, რომელიც უმნიშვნელოვანესი პერიოდია ძველ აღმოსავლეთის ისტორიაში. ამ ეპოქაში საგრძნობლად იცვლება ცხოვრების ხასიათი. პირველად ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლებები, ვითარდება მეტალურგია, შემოდის ჩარხზე დამზადებული თიხის ნაწარმი, ვრცელდება ბორბლიანი ტრანსპორტი და რაც მთავარია ჩნდება პირველად წერილობითი ძეგლები.

შუმერის ეკონომიკა ძირითადად იმპორტზე იყო ორიენტირებული. ქვა, ხე-ტყე, ლითონი და სხვ. გარედან შემოდიოდა. ადგილობრივი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამ დროს საგრძნობლად იმატა მოთხოვნილებამ ლითონზე, უპირატესად სპილენძზე და ოქროზე. ურუკის ექპანსია ძირითადად ანატოლიაზე იყო მიმართული, რომელიც ძველ სამყაროში მეტალურგიის ერთ-ერთი ძირითადი კერა იყო. ჩანს, ურუკი საკმაოდ ღრმად იჭრება ანატოლიაში, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეში ჭოროხის აუზს აღწევს, სამხრეთიდან გადმონაცვლებული მოსახლეობა ინტენსიურად ითვისებს კოლხეთს, რიონ-ყვირილის აუზს. ჩანს საცხოვრებლად იყენებს მიტოვებულ გამოქვაბულებს, რასაც აქ აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი მიანიშნებს. ზოგიერთ გამოქვაბულის ზედა ჰორიზონტებში კარგად გამოირჩევა ორი კერამიკული მასალა - ხელით ნაძერწი არათანაბრად გამომწვარი, ტლანქი თიხის ჭურჭელი, ჩანს ადგილობრივი ნაწარმი და თხელკედლიანი ჩარხზე ნამზადი ტიპიური ურუქის კერამიკა.

ურუქის სამხრეთ კავკასიაში მიგრაციის ძირითადი მიზანი ლითონის ახალი საბადოების მოძიება იყო. ამ დროს დიდად გაიზარდა მოთხოვნილება ლითონზე. სამხრეთ კავკასიაში სპილენძის საკმაოდ მდიდარი საბადოები არსებობდა და იწყება მათი ინტენსიური გამოყენება. წინა აზიის სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად აღმავლობას განიცდის ადგილობრივი მეტალურგია, რაც სამხრეთელი მიგრანტების დამსახურება უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სამხრეთთან დამოკიდებულებამ გარკვეული გავლენა კავკასიის ადგილობრივ მოსახლეობის ენაზედაც მოახდინა.

მიგრანტების ძირითად მასას ურუკის ხანაში მესოპოტამიიდან გადმონაცვლებული ალბათ შუმერები შეადგენდნენ. ქართველურის და საერთო კავკასიური ენების შუმერულთან ურთიერთობის პრობლემამ კარგა ხანია მიიპყრო ყურადღება და ამასთან დაკავშირებით არა ერთი მოსაზრება გამოითქვა. განსაკუთრებით აღინიშნა ქართველური ენების შუმერულთან შენიშნული შეხვედრები. სიახლოვე შეიმჩნევა ამ ენების ლექსიკაში. ჩანს ტიპოლოგიური ხასიათის დამთხვევები და სხვ. არ არის გამორიცხული ვარაუდი, რომ ურთიერთობა ხორციელდებოდა ურუკის კავკასიაში მიგრაციის ხანაში.

კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდა წინა აზიის დაწინაურებულ ხალხებთან, რომლებსაც უდიდესი ამაგი მიეკუთვნებათ იმ შორეული წარსულის ისტორიაში. ამ ხალხების ნაწილი ადრევე გაუჩინარდა. კავკასიის აბორიგენულმა მოსახლეობამ ყველა ავბედით მოვლენას გაუძლო და დღევანდლამდე შემოინახა თავი.

11.07.2020

მადლობას ვუხდით ბატონ ოთარ ჯაფარიძეს მოწოდებული მასალებისთვის

 

(+)   (+)