topmenu

 

გ. სინაურიძე, თ. ბერიძე - კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


მანანა სინაურიძე (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი), თეიმურაზ ბერიძე (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი)

კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები

ძეგლის მეგობარი, 1971, N27-28, გვ.46-49.

ქვემო ქართლი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით. ბოლნისის, დმანიის, სათხის, უკანგორის და სხვ. ეკლესიები და ნასახლარები აშკარად მეტყველებენ, რომ ხრამის, მაშავრის, ფოლადაურის ხეობები ძველად მჭიდროდ დასახლებული იყო. მოძალებულმა მტერმა ეს მხარე იავარჰყო. მტრისაგან დანგრეული და ქართველი მოსახლეობისაგან მიტოვებული ქართული კულტურის მრავალი ძეგლი მიწამ დაფარა.

შარშან შემოდგომის დამდეგს, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის სამუშაოებმა შემთხვევით დააზიანა ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის რამდენიმე ძეგლი: „ბუჩურიანის“ ეკლესია და ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ნასახლარი ეკლესიითა და სამაროვნით. ამ ძეგლს პირველად ყურადღება მიაქცია დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. ჯაფარიძე) ეკლესიის დაზიანების შემდეგ ძეგლის დარჩენილი ნაწილის გადარჩენისა და გათხრების დაწყების ინიციატივა ეკუთვნის ვ. ჯაფარიძეს.

აკად. ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა ადგილზე მოავლინა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: მეცნიერი თანამშრომლები: მ. სინაურიძე (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თ. ბერიძე და ი. მდივანი.

ექსპედიცია შეუდგა ორი ნაწილობრივ უკვე დაზიანებული ობიექტის გათხრას. მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ხელმძღვანელობა (დირექტორი ფ. ნაჭყებია) ძეგლების შესწავლის საქმეს ახლა გულისყურით მოეკიდა და არქეოლოგებს მუშაობაში დახმარება აღმოუჩინა.

პირველ რიგში, ექსპედიციამ დაიწყო აფეთქებისაგან დაზიანებული ე.წ. „ბუჩურიანის“ („ბუჩურაშენის“) ეკლესიის ტერიტორიის გათხრა. ეს ძეგლი მეტად მნიშვნელოვანია. თავის დროზე „ბუჩურიანის“ ეკლესიის ერთ-ერთ კედელში (46) ჩაშენებული ქვის ბერძნული წარწერა გამოსცა თინათინ ყაუხჩიშვილმა. მკვლევარმა წარწერა VII-IX სს. დაათარიღა. ეკლესიის კედელში და მის გარშემო აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის მრავალი საინტერესო, მოჩუქურთმებული ქვა.

ეკლესიის დარჩენილი კედლის გაწმენდისას მის ქვემოთ აღმოჩნდა ადრეული კედელი, რომელიც საბედნიეროდ, აფეთქებას გადაურჩა. იგი შედგენილია თლილი კვადრებისაგან. კედლის წინ 1 მ. სიღრმეზე ადრეფეოდალური ხანის ბაზები, სტელები და ქვის ჯვრების ფრაგმენტებია, რომლებზეც მაღალი მხატვრული ოსტატობით შესრულებულია ადრექრისტიანული სიუჟეტები. მაგალითად, სტელაზე ადამიანის გამოსახულებაა, რომელსაც ხელში ჯვარი უჭირავს, ჯვრის მკლავზე - წნულ მედალიონებში ადამიანის და სტილიზებული ცხოველის გამოსახულებებია და სხვ.

როგორც ჩანს, ეკლესია შუა საუკუნეებში გადაუკეთებიათ. მოჭიქული კერამიკა და კრამიტის ნატეხები, რომელზეც ქართული ასომთავრული ლ, ი, 6 ასოებია ამოკვეთილი, გვაგულისხმებინებს, რომ ეკლესია პირველად XI-XIII საუკუნეებში გადაუკეთებიათ.

მეორე ობიექტი, სადაც ექსპედიცია აწარმოებდა გათხრებს, მდებარეობს მდ.კაზრეთულას მარჯვენა ნაპირზე. იქვე მახლობლად, სადაც ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ი.გრძელიშვილის ხელმძღვანელობით გამოავლინა ძველი სამთო საქმისა და რკინის მეტალურგიის ნაშთები. (47)

აქ ჩვენი ყურადღება მიიქცია ბაზამ „ბოლნური“ ჯვრის რელიეფით, რომელიც სანახევროდ მიწაში იჯდა. მისი გაწმენდის შემდეგ გამოირკვა, რომ ის იყო პატარა ეკლესიის ერთ-ერთი ფასადის კუთხის ქვა. კედლის გაგრძელებაზე მეორე კუთხეშიც აგრეთვე აღმოჩნდა მასიური კვადრი წრეში ჩახატული ჯვრის გამოსახულებით.

ორივე რელიეფი კვეთის მანერის მიხედვით VI-VII სს. განეკუთვნება. ეს კვადრები თავდაპირველად სტელის ბაზებს წარმოადგენდნენ. მომდევნო ხანაში (არქეოლოგიური მასალის მიხედვით XII-XIII სს.) ისინი ეკლესიის შესამკობად გამოუყენებიათ. ნაყარი მიწის აღების შემდეგ გამოვლინდა ერთნავიანი ეკლესია 3,3X4,8 ზომისა. მისი გეგმა კარგად იკითხება. გარედან ეკლესია მოქცეულია ოთხკუთხედში. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. კარის დირეში ჩაშენებულია ორი ადრეული ხანის მოჩუქურთმებული ქვა, ერთ მათგანზე ჯვრის გამოსახულებაა. შესასვლელი კარის მარჯვნივ იატაკში ჩადგმულია ქვის ემბაზი. ეკლესიის კედლები შემონახულია 1-1,2 სმ სიმაღლეზე, სახურავი ჩანგრეულია.

ეკლესიის შიგნით საკურთხეველთან აღმოჩნდა ჯვრის მკლავები. ამათგან აღსანიშნავია ფრაგმენტი საყდარზე მჯდარი ღვთისმშობლის გამოსახულებით (რელიეფი (48) გადასულია) და მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით შემკული რელიეფები, რომელთა ანალოგიებიც VI ს. ძეგლებში გვხვდება.

ეკლესიის გარშემო გდია რამდენიმე ოთხკუთხა მასიური ბაზა. აქვე, მიწის ზედაპირზე, მოჩანს მასიური ქვებით და ბრტყელი ფილებით დახურული ფეოდალური ხანის სამარხები.

ექსპედიცია გათხრების პარალელურად დაზვერვით სამუშაოებსაც ეწეოდა. დაზვერვის შედეგად აღმოჩნდა რამდენიმე ნასახლარი და სამაროვანი, კერამიკული და რკინის წარმოების ნაშთები, მადნისგამოსაღები ძველი მაღაროები. ძლიერ საინტერესო გამოდგა შემთხვევით სხვადასხვა დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ თუ კომბინატში მომუშავე ინჟინერ-გეოლოგებმა (ი.ჟუჟუნაშვილი და სხვ.) მოგვაწოდეს. მათ შორის აღსანიშნავია: ადრეანტიკური ხანის ბრინჯაოს ზარი, გვიანანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი, ადრეფეოდალური ხანის რელიეფი სტილიზებული ცხოველის გამოსახულებით და თითბრის ბეჭედი არწივის გამოსახულებით.

მიმდინარე წელს, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი კვლავ აგრძელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს კაზრეთსა და მის მახლობელ მიდამოებში.