topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ვ. ჯაფარიძე - ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან

<უკან დაბრუნება

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

არქეოლოგიური კომისია

ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი არქეოლოგიური კვლევის ცენტრი

ვ. ჯაფარიძე

ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან

(დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით)

გამომცემლობა "მეცნიერება"

თბილისი

1982

ძეგლების მოკლე მიმოხილვა

გამოყენებული წყარო

(21) ადრეფოდალური ხანის საქართველოს ისტორიის, მისი კულტურის შესწავლისათვის, წერილობით წყაროებთან ერთად, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე ამავე ხანის არქეოლოგიური თუ ხელოვნების ძეგლების გამოვლენასა და შესწავლას. ამ მხრივ ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს; საკმარისია აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ეპიგრაფიკულ ძეგლთა შორის სწორედ ქვემო ქართლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები (ბოლნისის სიონის წარწერები), რომელთა მნიშვნელობა განუზომელია ქართული კულტურის ისტორიისათვის. ამავე ტერიტორიაზე ვხვდებით ქართული არქიტექტურის ისეთ უძველეს ძეგლებს, როგორიცაა მონუმენტური ტაძარი - ბოლნისის სიონი (V საუკ.), ქვემო ბოლნისის ე.წ. სამეკლესიანი ბაზილიკა (VI საუკ) და სხვ. დასასრულ, საქართველოს ამ კუთხემ, მიუხედავად მრავალგზის აოხრებისა, შემოგვინახა უაღრესად საინტერესო ქვის უძველესი ძეგლები-სტელები, ყველაზე მეტი რაოდენობით. ამჯერად სწორედ ეს უკანასკნელნი (ქვის ძეგლები) წარმოადგენენ ჩვენი შესწავლის საგანს.

საბჭოთა საქართველოში ფართოდ გაშლილი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად საფუძვლიანად არის შესწავლილი ქვემო ქართლის ზემოხსენებული უძველესი არქიტექტურული ძეგლები. რა თქმა უნდა, ამავე დროის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლების შესწავლისათვისაც დიდი მეცნიერული მუშაობა ჩაატარა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა, განსაკუთრებით ამ ინსტიტუტის დამაარსებელმა აკად. გ. ჩუბინაშვილმა, აგრეთვე სხვა მეცნიერებმაც. ადრექრისტიანული ხანის ქართული ხელოვნებისათვის უაღრესად დამახასიათებელია ქვის უძველესი ძეგლები ე.წ. სტელები, რომელთა მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა გ. ჩუბინაშვილმა71. შემდეგ ამ ძეგლების გამოვლინებასა და შემდგომ შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ლ. მუსხელიშვილმა და ვ. თოფურიამ72. ლ. მუსხელიშვილმა, როგორც დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, მდ. მაშავერასა და დამბლუტისწყლის ხეობებში მიაკვლია ადრექრისტიანული ხანის მანამდე სრულიად უცნობ ძეგლებს (მათ შორის არქიტექტურულ ძეგლსაც), შეისწავლა ეს ძეგლები და გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ნაშრომები ახლად აღმოჩენილი ძეგლების შესახებ. ამ ნაშრომებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი აღნიშნული პერიოდის ქვის ძეგლებს–სტელებს. ამ ნაშრომებს თავისი მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავთ.

მნიშვნელოვანია ის შრომა, რომელიც განახორციელა ალ. ჯავახიშვილმა ქვის ძეგლების შემდგომი შესწავლისათვის73. მან შეისწავლა ორმოციანი წლებისათვის (22) საქართველოს სხვადასხვა რაიონში არსებული სტელები (50-დე სტელა და მათი ფრაგმენტები), მოგვცა მათი განსაზღვრა, დათარიღება და მხატვრული ანალიზი. ეს არის ადრექრისტიანული პერიოდის ქვის ძეგლების შესწავლის მიზნით დაწერილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომი. ამავე ძეგლების შესწავლაზე მეთოდურად მუშაობს ნ. ჩუბინაშვილი, რომელმაც უკანასკნელ წლებში შეისწავლა ახლადაღმოჩენილი ქვის ძეგლები და გამოაქვეყნა საფუძვლიანი ნაშრომები74. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უკანასკნელი ნაშრომი „ხანდისი“, რომელშიც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხია აღძრული; ამ ნაშრომში იგი განიხილავს სტელების დიდ ჯგუფს, ხანდისის სტელის მაგალითზე ეხება ადრექრისტიანული ხანის ქართულ ხელოვნებაში რელიეფის პრობლემას. ამისათვის მას გამოყენებული აქვს მდიდარი ფაქტიური მასალა და გამოტანილი აქვს საინტერესო დასკვნები, საყურადღებოა ჯ. ამირანაშვილის მცირე ნაშრომი75, რომელშიც განხილულია ბოლნისის მახლობლად ე.წ. ლამაზ გორაზე 1959 წ. არქეოლოგ ი. გრძელიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამონასტრო ანსამბლი და ქვის შესანიშნავი სტელები და ჯვრები ქართული ასომთავრული წარწერებით. ამ სტელებისა და ჯვრების უმთავრესი ნაწილი ავტორს დათარიღებული აქვს V საუკუნით. მნიშვნელოვანია დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1964-73 წწ. მიკვლეული თუ გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, მათი ერთი ნაწილის წინასწარი შესწავლის შედეგები გამოქვეყნებული იყო სხვადასხვა პერიოდულ სამეცნიერო ორგანოებში76.

დასასრულ, საინტერესოა ის მასალები, რომელიც აღმოჩნდა 1970-1971 წწ. დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეული ძეგლების-ბუჩურაშენის ზემო და ქვემო მცირე ეკლესიების ნანგრევების გათხრების შედეგად. ეს ძეგლები გათხარა საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიცია ეწოდა. ეს ექსპედიცია (23) ველზე გაიგზავნა ჩვენი დაბეჯითებითი მოთხოვნის შედეგად77, ექსპედიციამ დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1964 და 1970 წლებში მოპოვებულ მასალებს, ახალი საინტერესო მასალა შემატა და ამით შეავსო ჩვენი ცნობები და ინფორმაცია ამ ძეგლების შესახებ78.

როგორც ჩვენი შრომის სათაური გვაუწყებს, ნაშრომში განხილულია დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული ქვის ძეგლები, ამასთან მიკვლეული, როგორც ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში (1936-1937 წწ.), ისე, აგრეთვე, მიკვლეული ან აღმოჩენილი გათხრების შედეგად დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩვენი ხელმძღვანელობით 1964-1977 წწ. აღნიშნული ძეგლების მოძიება და მოპოვება მიმდინარეობდა ექსპედიციის ძირითადი სამუშაოს - დმანისის ნაქალაქარის გათხრასა და შესწავლასთან ერთად. უპირატესად ხანმოკლე ექსკურსიებისა და დაზვერვების საშუალებით. წლების განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგად თავმოყრილია უაღრესად მდიდარი, მრავალფეროვანი და მეტად მნიშნელოვანი მასალები, რომელთა შესწავლას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ძველი ქართული კულტურის ისტორიის ზოგიერთი საკითხის გარკვევასა და გაშუქებაში. ამ მასალების შესწავლა და გამომზეურება მით უფრო საჭიროა, რომ, ჩვენი აზრით, ადრექრისტიანული პერიოდის ეს შესანიშნავი ძეგლები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ მე მოვიტან მხოლოდ ერთ მაგალითს; ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი ბოლნისის სიონის უძველესი წარწერების მნიშვნელობა. ამის შესანებ ჩვენს სამეცნიერო თუ სასწავლო შინაარსის ნაშრომებში ხშირად ვხვდებით სათანადო მოსაზრებებს, კომენტარებს. ამავე დროს, სულ ორიოდე სპეციალურ ნაშრომში თუ შეხვდებით ცნობას დმანისის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი - თათვარაზისა და სხვა სინქრონული წარწერების შესახებ, თუმცა ეს წარწერები ბოლნისის წარწერების სინქრონულია და მათი დაყენება თამამად შეიძლება ბოლნისის წარწერების გვერდით. ამავე დროის ეს მნიშვნელოვანი ფაქტი რატომღაც დღემდე ჩრდილშია, ფართო საზოგადოებამ არ იცის მისი არსებობა. ჩვენი ნაშრომის მიზანია გამოვამზეუროთ დმანისის ექსპედიციის მიერ (24) დაგროვილი მდიდარი მასალა და, მეორე მხრივ, გავამახვილოთ ყურადღება ადრექრისტიანული ხანის ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ქვის ძეგლების შემდგომი ფართოდ შესწავლის აუცილებლობაზე. საზოგადოდ ადრექრისტიანული პერიოდის ეს ქართული ძეგლები ყურადღებას იპყრობენ თავისი უძველესი ჩუქურთმებით, მათი მრავალფეროვნებით, მაღალი მხატვრული ღირსებებით, ქრისტიანული სიმბოლიკით, ქვაზე ჭრის თავისებური ტექნიკით, ორიგინალობით, დახვეწილი მხატვრული ოსტატობით. დასასრულ ისიც საინტერესოა, რომ ქვის სტელები წარმოდგენას იძლევიან ადრექრისტიანული ხანის ქვის ჭრის მაღალ ტექნიკაზე. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სტელების სიმაღლე რამდენიმე მეტრს, ზოგჯერ 5–6 მეტრს აღწევდა და ერთი მთლიანი ქვისაგან იყო გამოთლილი. ჩვენი ისტორიის ამ უძველესი პერიოდისათვის, იმდროინდელი ტექნიკის პირობებში ეს, რა თქმა უნდა, ადვილი საქმე არ იყო როგორც ტექნიკურად, ისე მატერიალურად.

რაც შეეხება დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულ ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლებს, ეს მასალები მოპოვებულია უმთავრესად მდინარეების - მაშავერას, ფინეზაურის, დამბლუტისწყლისა და კაზრეთულას ხეობებში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ორ პუნქტში ქვის სტელები და მათი ნაწილები მოპოვებულია ადრექრისტიანული ხანის ეკლესიებში და მათ უშუალო სიახლოვეს. ეს ეკლესიებია: ე.წ. „ორკარიანი ეკლესია“ სოფ. უკანაგორში და მცირე ეკლესია იმავე მდ. დამბლუტისწყლის ხეობაში სოფ. უკანგორიდან ჩრდილოეთით 1,5-2 კმ. მანძილზე. ამ უკანასკნელი ეკლესიის ნაშთები აღმოჩინა ჩვენმა ექსპედიციამ 1964 წელს, ხოლო ძეგლი გაითხარა 1968 წელს.

ქვის სტელების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩენილი იყო მოგვიანო ხანის (უმთავრესად შუასაუკუნეების) ეკლესიებთან და ეკლესიების კედლებში. ასეთი ეკლესიებია დმანისის რაიონში: „ზილ-ქილისა სოფ.საკირესთან, ქვემო ეკლესია სოფ.ტნუსთან, სოფ. ზემო ოროზმანის ეკლესია, მცირე ეკლესია აბულბუგთან; ე.წ. ორსაყდრები (თბილისიდან სომხეთისაკენ მიმავალი გზის ნაპირას, 73 კმ-ზე); ბოლნისის რაიონში: ეკლესიის ნანგრევები სოფ. ბალიჭში, სათხის ეკლესიისა და ბუჩურაშენის ეკლესიების ნანგრევები. ეს უკანასკნელი მდებარეობდა კაზრეთიდან ჩრდ.-აღმოსავლეთით 3-4 კმ. მანძილზე მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კარიერების ტერიტორიაზე. დმანისისა და ნაწილობრივ ბოლნისის რაიონების ზემოხსენებულ პუნქტებში აღმოჩენილი ქვის ძეგლების საერთო რაოდენობა 130-მდე აღწევს.

ყოველივე ზემოხსენებულის შემდეგ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ დაგროვილი უძველესი ქვის ძეგლების მდიდარი კოლექციის მიმოხილვაზე. საჭიროა გავითვალისწინოთ რა ძეგლებია მიკვლეული თუ აღმოჩენილი დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, ხოლო შემდეგ ადვილად წარმოვიდგენთ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ მასალას ქართული ხელოვნებისა თუ, საზოგადოდ, ძველი ქართული კულტურის შესწავლისათვის. პირველად ყოვლისა, ჩვენ შევჩერდებით იმ ორ ეკლესიაზე და ამ ეკლესიებსა თუ მათ უშუალო სიახლოვეს აღმოჩენილ ქვის ძეგლებზე, რომლებიც ქართული არქიტექტურის განვითარების უძველესი პერიოდით შეიძლება დავათარიღოთ.

ვახტანგ ჯაფარიძე - ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან. თბ., 1982 წ.

(30) იმ ეკლესიებიდან, რომლებმაც შემოგვინახეს ადრექრისტიანული ხანის სტელების ნაწილები, მაგრამ თვით ეკლესიები მნიშვნელოვნად გვიანი დროისაა (უმთავრესად შუა საუკუნეებისა), აღსანიშნავია პატარა ეკლესია, ე.წ. კზილ-ქილისა (წითელი საყდარი), რომელიც მდებარეობს სოფ. პატარა დმანისიდან - სამხრეთით 12 კმ მანძილზე (თბილისიდან 92 კილომეტრზე), სამხრეთისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. ეს ეკლესია მკვეთრად დაქანებული კლდის ფერდობზეა აშენებული წითელი ტუფის ქვით (აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდებაც) მუღანლოს წყლის მარცხენა ნაპირას. ეკლესია დაფარულია მთლიანად პატარა, მაგრამ ძველი ტყით. მთავარი გზიდან მხოლოდ ტყე მოჩანს (ტაბ.XXVIII, სურ.1). ეს კლდე, ეტყობა ადრე მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული, რომლისგანაც პატარა კორომიღა გადარჩენილა. ეკლესია წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას (ზომა 8,2X2,5 მ.) ორფერდა სახურავით. კარი ეკლესიას სამხრეთის მხარეს აქვს (ტაბ.XXVIII, სურ.2); ეკლესიას სამი პატარა სარკმელი აქვს, ერთი - საკურთხევლის კედელში, მეორე - სამხრეთის, ხოლო მესამე დას.- კედელში (ტაბ.XXIX, სურ.1 და 2).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ტაბულებზე (+)

ტაბ.XXVII-1ტაბ.XXVII-2<ტაბ.XXIX<ტაბ.XXIX -2<ტაბ.XXX-1<ტაბ.XXX-2

ეკლესია ჩრდილოეთის მხრიდან კლდეზეა მიდგმული (ტაბ.XXX, სურ.1). მას აშკარად ეტყობა მერმინდელი გადაკეთების კვალი და რომ იგი გვიანი ხანის ნაგებობაა, ეს კარგად დასტურდება, სხვა ნიშნების გარდა, იმ ფაქტებითაც, რომ მის კედლებში როგორც შიგნით, ისე გარეთ ფასადებში, ჩაშენებულია ადრექრისტიანული ხანის ქვის სტელების ფრაგმენტები, რომელთა საერთო რაოდენობა 17 ერთეულს უდრის. სტელების ფრაგმენტების ერთი ნაწილი კედლებში ზურგითაა ჩაშენებული და ამიტომ სტელებს შემკულობა ამ წახნაგებზე, ჩვეულებრივ, არ აქვთ. ადრექრისტიანული დროისათვის დამახასიათებელი ორნამენტული მოტივებითაა შემკული ეკლესიის კედლებში ჩაშენებული სტელების 11 ფრაგმენტი, რომელთაგან 2 წარმოადგენს სტელების (ან (31) პილასტრები) კაპიტელებს, 6 საკუთრივ სტელების ფრაგმენტებია, ხოლო 3 - სქელების ბაზისების ფრაგმენტი.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორი კაპიტელი, რომელიც საკურთხევლის ამოშენებულ პილასტრებს ეყრდნობა ჩრდილოეთით და სამხრეთით (ტაბ.XXXII, სურ.1 და 2). ჩრდილოეთის კაპიტელზე (ზომა 0,59x0,41, მ. კაპიტელის ქვედა ნაწილის სიგანე - 0,5 მ), ცენტრში გამოსახულია ბოლნური მედალიონი, მის ორსავე მხარეს დატოტვილი ფართოფოთლებიანი ხეებია; ასევე, მედალიონის ზევით ასეთივე სტილიზებული ხეა გამოსახული. ზემოხსენებული მედალიონის ორსავე მხარეს, ზევით, შვილდივით მოხრილი ვაზის რტოა დიდი მტევნებითა და სპირალურად დახვეული „ულვაშებით“. ზედა ნაწილი კაპიტელისა, რომელიც დანარჩენ სიბრტყესთან შედარებით წინ არის გამოწეული, (ლავგარდანივით), შემკული ყოფილა ნახევარვარდულებით — ოთხფურცლიანი დიდი ვარდულის, ორი ქვედა ფურცლისაგან შედგენილი არშიით. სწორედ ასეთი ტიპის არშიითაა შემკული ბოლნისის სიონის ზოგიერთი კაპიტელი და ბაზა და ამ შემთხვევაშიც ეს მოტივი ბოლნისის მსგავსად, აქაც არშიის როლს ასრულებს95. კაპიტელის ზედა ნაწილი, მარცხენა წახნაგი ჩამოტეხილი ჩანს და ორნამენტული მოტივების ნაწილიც ჩამოჭრილია. მეორე, სამხრეთის კაპიტელის (ზომა 0,53 (0,55)X0,43 მ) ცენტრშიც აგრეთვე ბოლნური მედალიონია ჩასმული და მედალიონის ორსავე მხარეს აგრეთვე მშვილდივით მოხრილი ვაზის რტოებია გამოსახული ყურძნის თითო დიდი მტევნით, ფოთლებითა და სპირალურად დახვეული ულვაშებით. მედალიონს ზემოთ გამოსახულია ექვსფურცლოვანი ვარდული. ამ კაპიტელის ზედა ნაწილიც ლავგარდანივით წინ არის გამოწეული და შემკულია ორფურცელა ვარდულების ისეთივე მოტივით, როკორსაც ამას პირველ - ჩრდილოეთის კაპიტელზე ვხედავთ. ამ კაპიტელის მარცხენა ნაწილი აშკარად ჩამოტეხილია და ამ მხარეს, კაპიტელის ზედაპირზე, შერჩენილია ვაზის რტოს მოტივის ერთი ნაწილი - თვით რტო არ ჩანს და მხოლოდ სპირალურად დახვეული ულვაშებია შერჩენილი. ეტყობა ეს კომპოზიცია ორივე კაპიტელზე თავიდან მთლიანად უნდა ყოფილიყო გამონატული, მაგრამ, შემდეგ ეს კაპიტელები გადაუკეთებიათ, გვერდები ჩამოუთლიათ და ორივე მათგანი მოგვიანებით მეორეჯერ გამოუყენებიათ. კაპიტელები, ჩვენი აზრით, უფრო დიდი მასშტაბის ძველი ეკლესიის ნაწილებს უნდა წარმოადგენდნენ.

საყურადღებო სტელების ფრაგმენტებია ჩაშენებული საკურთხევლის წინ, ორსავე მხარეს; სამხრეთის მხარეს კედელში ვერტიკალურად ჩაშენებულია სტელის ფრაგმენტი (ზომა h-0,6 მ წახნაგების სიგანე - 0,25 მ.), რომლის ერთ წახნაგზე (დას. მხარე) გამოსახულია ოთხკუთხა ჩარჩოებში ჩასმული ორორი წმინდანი ნიმბებით. ასეთი წმინდანები ფრაგმენტზე ორია გამოსახული ვერტიკალურ სიბრტყეში (ტაბ.XXXIII, მარცხ. სურ.1). ამავე სტელის მეორე (ჩრდილოეთ) წახნაგზე წრიულ ჩარჩოებში ჩასმულია ცხოველების - ჯიხვის, ზღაპრული ფასკუნჯისა და ირმის გამოსახულებები. მედალიონების ჩარჩოები (32) ერთმანეთზეა გადაწნული (ტაბ.XXXIII, სურ.2). აღსანიშნავია, რომ ჯიხვისა და ირმის გამოსახულება რეალისტურად არის გადმოცემული.

ჩრდილოეთის სტელის ფრაგმენტზე (ზომა h - 0,55, წახნაგების სიგანე - 0,26 მ), რომელიც აგრეთვე ვერტიკალურად არის ჩაშენებული საკურთხეველთან, გამოსახულია ბუნზე დადგმული ბოლნური მედალიონი ორსავე მხარეს ნახევარპალმენტებით, ხოლო ბუნი, თავის მხრივ, ორსაფეხურიან კვარცხლბეკზეა აღმართული (ტაბ.XXXIV, სურ.1). მედალიონის ზემოთ ოთხკუთხა ჩარჩოში, გამოსახულია სამფურცელა ყვავილები, რომელთა შორის არსებული არე შევსებულია წიწვოვანი მოტივით. ასეთივე სამფურცელა ყვავილის გამოსახულებას ვხედავთ კვარცხლბეკზე, სტელის ქვედა ნაწილში. სტელის ფრაგმენტს წარმოადგენს ქვა, დადგმული ეკლესიის ინტერიერში საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ტრაპეზის ქვის მოვალეობას ასრულებს. ამ ქვის ფასადზე გამოსახულია არატოლმკლავებიანი ე.წ. აყვავებული ჯვარი, ქვევით, გვერდებზე გამოსახული ნახევარპალმეტებით (ტაბ.XXXIV, სურ.2). სტელის ნაწილს წარმოადგენს აგრეთვე ეკლესიის შიგნით, სამხრეთის კედელში ჩამენებული ფრაგმენტი, რომელზედაც შერჩენილია ორხარისხიანი კვარცხლბეკი, სამფურცელა ყვავილის და ჯვრიანი ბუნის ქვედა ნაწილის გამოსახულება სტილიზებული პალმეტების ნაწილებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ტაბულებზე (+)

ტაბ.XXXI-1<ტაბ.XXXI-2<ტაბ.XXXII-1<ტაბ.XXXII-1<ტაბ.XXXIII<ტაბ.XXXIV

უძველესი ქვის ძეგლების ფრაგმენტებიდან აღსანიშნავია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადში, გარედან, სარკმლის ჭრილის ზემოთ ჩაშენებული მეტად საინტერესო ფრაგმენტები სხვადასხვა სტელებისა და ბაზებისა (ტაბ.XXX, სურ.2). სხვებზე მეტად საყურადღებოა წითელი ტუფის ბაზის ფრაგმენტი (ზომა 0,65X0,35 მ), რომელზედაც შერჩენილია მთელი კომპოზიცია: ცენტრში კლასიკური ბოლნური მედალიონია, მედალიონის მარჯვნივ და მარცხნივ ფარშევანგების გამოსახულებანია, რომლებიც, თავისი ნისკარტებით ეხებიან მედალიონის ზემოთ რელიეფურად გამოსახულ პატარა ჯვარს. ეს კომპოზიცია უნებურად მოგვაგონებს ბოლნისის სიონის ბაპტისტერიუმის შუა კაპიტელის წინა წახნაგზე გამოსახულ კომპოზიციას: ორ ფარშევანგს, რომელთა შორის და ცოტა ზევით, ასევე რელიეფური ჯვარია მოთავსებული95. ამ ბაზიდან მარცხნივ, კედელში ჩაშენებულია პატარა ბაზა (ზომა 0,28X0,28 მ.) ტიპიური ბოლნური მედალიონით (ტაბ. იგივე). ამ მედალიონის ჩარჩო სამკუთხედების ჯაჭვისაგან შედგება. ეს ბაზაც წითელი ტუფისაგან არის გამოთლილი. მესამეა სტელის ფრაგმენტი (ზომა 0,4X0,23 მ.), აგრეთვე წითელი ტუფისა, შემკული ვაზის რტოს მოტივით, რომელიც სავსებით ემსგავსება ამავე ეკლესიის საკურთხევლში ჩაშენებულ ზემოხსენებულ კაპიტელებზე გამოსახულ ვაზის მოტივს (იგივე ტაბულა).

სტელებისა და ჯარების ზოგადი დახასიათება

(50) როგორც ცნობილია, დღეს მეცნიერების განკარგულებაში მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვის სტელებისა და ჯვრების მდიდარი და მრავალფეროვანი კოლექცია. ამ რიგის ძეგლების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია უმთავრესად ჩვენს ორ დიდ მუზეუმში - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ხელოვნების სახელმწიფო მეუზმში. ამას გარდა, აღნიშნული ძეგლების ერთი ნაწილი მოიპოვება ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის განკარგულებაში; დასასრულ, სტელებისა და ბაზების ფრაგმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვება ადგილებზე - ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პუნქტში, სხვადასხვა ეკლესიების კედლებში ჩაშენებული ან ეკლესიების მახლობლად დადგმული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ მათი დიდი ნაწილი შემთხვევითაა მოპოვებული და მიკვლეული, ნაწილი აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრის შედეგად, ოასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გათხრის შედეგად ფიქსირებულია აღნიშნული ძეგლები იმ მდგომარეობაში, როგორშიაც იყო აღმოჩენილი ისინი, რაც ზოგიერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს.

ამ მრავალრიცხოვანი ძეგლების მიხედვით და გათვალისწინებით შეიძლება და გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ სტელებისა და ჯვრების დამახასიათებელ ნიშნებზე და გარეგან თავისებურებებზე. დღეს უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ადრექრისტიანული ხანის საქართველოში გავრცელებული ყოფილა რამდენიმე ტიპის სტელები: წახნაგოვანი სვეტები (ძირითადად ოთხწახნგოვანი, მაგრამ გვხვდება ექვს თუ რვაწახნაგოვანიც) და ბრტყელი სტელები. ამ რიგის ძეგლების კატეგორიას მიეკუთვნება, აგრეთვე, კონტურების მიხედვით გამოჭრილი ქვის ჯვრებიც. არსებული მასალების მიხედვით ისიც შეიძლება ითქვას რომ წახნაგოვანი სტელები (და ჯვრებიც) სხვადასხვა ზომისა ყოფილა - 5 და მეტი მეტრის სიმაღლის სტელებიდან მოყოლებული (მაგ. ბრდაძორის სტელა, რომელიც დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) და, როგორც ჩანს, მინიატურული ჯვრებით (?) გათავებული, უფრო მეტად გავრცელებული ჩანს 2-3 მ. სიმაღლის სტელები.

სტელები, უპირატესად, სამი მთავარი ნაწილისაგან შედგებოდა: ბაზისაგან, რომელიც კუბური ფორმისა იყო და ცენტრში ამოღებული ჰქონდა ოთხკუთხი ფოსო, ბუდე. ამ ბუდეში იყო ჩადგმული ქვის სვეტის ძირი, რომელიც გამოკოპიტებული იყო. ბაზისის სიდიდე პირდაპირ პროპორციული იყო სტელე~ის სიდიდისა. სტელა, როგორც წესი, დამთავრებული იყო კაპიტელით, რომელიც ან სტელასთან ერთად ერთი ქვისაგან იყო გამოთლილი, ან კაპიტელი გამოთლილი იყო ცალკე ქვისაგან და ქვის სტელას ზემოდან ედგმოდა ლითონის ღერძის საშუალებით; ღერძის ერთი ბოლო ჩაშვებული იყო სტელის ხვრელში, ხოლო მეორე ბოლო კაპიტელის ხვრელში შედიოდა.

სტელებს, შესაძლოა, თავზე ედგათ კონტურების მიხედვით გამოჭრილი ქვის ჯვრები, როგორც ამას ვარაუდობს ნ.ჩუბინაშვილი123, მაგრამ არ ჩანს (51), რომ ეს მათი აუცილებელი ნაწილი იყო. საქმე ის არის, რომ თვით სტელების წახნაგებზე იყო გამოხატული შესანიშნავი რელიეფური ჯვრები. ყოველ შემთხვევაში, იმ სტელებს, რომელთაც კაპიტელები გააჩნიათ, არა აქვთ ამოჭრილი ჯვრის ჩასადგმელი ფოსო, რაც სრულიად აუცილებელი იქნებოდა ჯვრების დასამაგრებლად.

მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია სტელებისა და ჯვრების ორნამენტული მოტივები; სხვადასხვა ქრისტიანული სიმბოლოები, ქრისტიანული შინაარსის მოტივებით ყოფილა შემკული სტელების ერთი, სამი ან ოთხი წახნაგი. ასევე შემკულია ბაზების ერთი ან რამდენიმე წახნაგი. შემკულია აგრეთვე ბრტყელი სტელებისა და ჯვრების ზედაპირიც. ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბაზებზე და (ზოგჯერ სტელებზედაც) გამოქანდაკებული ან ამოჭრილი იყო ასომთავრული წარწერები. წარწერები აქვთ გაკეთებული სწორკუონოვან ბრტყელ სტელებსაც. ქვის ჯვრებზე წარწერები არ ჩანს.

განსაკუთრებით საინტერესოა სტელებისა და ჯვრების ორნამენტული მოტივები; ადრექრისტიანულ სტელებსა და ბაზებზე ყველაზე უფრო ხშირად ვხვდებით ქრისტიანობის სიმბოლოს — ჯვრის გამოსახულებას, ეს არის ტოლმკლავებიანი, მოხდენილი ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოებში მკვეთრად გაგანიერებულია, ხოლო გვერდები ჩაზნექილი. ეს ჯვარი ჩასმულია წრიულ მხატვრულ ჩარჩოში და წარმოადგენს მედალიონს, რომელსაც მეცნიერებაში, პირობითად, ბოლნურ მედალიონს უწოდებენ. ასეთი სახელწოდება გამოწვეულია იმით, რომ ამ მედალიონის გამოსახულება გვხვდება ერთ-ერთ უძველეს ტაძარზე - ბოლნისის სიონის ფასადებზე. მედალიონის ჩარჩო სხვადასხვანაირად არის გაფორმებული; ჩარჩოს კონცენტრული წრეებს შორისი არე შევსებულია ცერადკვეთით ამოჭრილი პატარა სამკუთხედებისაგან შედგენილი უწყვეტი ჯაქვით, ან მარაოსავით გაშლილი სამფურცელა ყვავილებით, ან ირიბი შტრიხეზით (რაც გრეხილის მთაბეჭდილებას ტოვებს), პატარა სფერული ბურთულებით, კონცენტრული ღარებით და სხვ. ამას გარდა, ბოლნურ მედალიონებს ხშირად ორივე მხარეს ზეაღმართული სტილიზებული მცენარეული მოტივები — ნახევარპალმეტები ამკობს; ეს არის ქრისტიანული სიმბოლო განედლებული ანუ აყვავებული ჯვრისა. ზოგჯერ მედალიონის გვერდებზე ნახევარპალმეტების ნაცვლად ვხვდებით მაზდეანობის სიმბოლოს. წმინდა თავსაკრავის ბოლოებს - Kost-ებს. ასეთი მედალიონები იმ პერიოდის ძეგლებია, როცა ქართლში ქრისტიანობა და მაზდეანობა თანაბარი უფლებით სარგებლობდა. მეტად გავრცელებულია კომპოზიცია – ბუნზე დადგმული მედალიონი; ბუნი, თავის მხრივ, ორ ან სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე დგას, ხოლო საფეხურების წახნაგები შემკულია სამფურცელა ყვავილებით. ასევეა შემკული სტელების ბაზები ბოლნური მედალიონებით, ხოლო ზოგჯერ ბაზების წახნაგებზე ვხვდებით ქრისტიანული სიმბოლიკის მთელ კომპოზიციას, ასეთია, მაგ. ბაზა სათხედან; მის ერთ წახნაგზე, ცენტრში, ფონის ამოკვეთის ხერხით, გამოსახულია ბოლნური მედალიონი, რომლის კონცენტრულ წრეებისაგან შედგენილი ჩარჩოს წრეებსშორისი არე შევსებულია მოხდენილი სამფურცელა ყვავილებით, ხოლო მედალიონის ორივე მხარეს ფრთებგაშლილი ფარშევანგებია გამოსახული. ფარშევანგებს ნისკარტებით ყურძნის მტევნები უჭირავთ. აქ წარმოდგენილია მთელი ქრისტიანული სიმბოლიკა; თუ ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა, ფარშევანგები (52) წარმოადგენენ უკვდავებისა და გაზაფხულის სიმბოლოს, ხოლო მტევნები ითვლება ქრისტეს და მარტვილთა სისხლის სიმბოლოდ124, ფარშევანგების გამოსახულება გვხვდება აგრეთვე კზილ-ქილისას ეკლესიის აღმ. ფასადის კედლის წყობაში ჩატანებულ ბაზის წახნაგზე; აქ ბოლნური მედალიონის ორსავე მხარეს გამოსახული ფარშევანგები ნისკარტით ეხებიან (უჭირავთ) რელიეფურ პატარა ჯვარს, რომელიც მედალიონს ზემოთ არის გამოქანდაკებული. სტელების ბაზებზე ვხვდებით, აგრეთვე უკვდავების ხისა და ვერძების გამოსახულებებს და სხვ.

მეტად გავრცელებული ყოფილა ვაზის რტოს გამოსახულება ფოთლებითა და მტევნებით. ვაზი, უძველესი დროიდანვე ითვლებოდა ქრისტესა და ეკლესიის სიმბოლოდ125.

ასევე, მეტად გავრცელებული ჩანს სტილიზებული მცენარეული მოტივების უწყვეტი ჯაჭვისაგან შედგენილი სახე, ეს მოტივი წარმოადგენს მშვილდივით მოხრილ მცენარის ღეროს, რომლის ბოლოები დამთავრებულია პალმეტებით. სიმეტრიულად ამოჭრილი ასეთი რკალები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

გავრცელებული ყოფილა აგრეთვე სხვა მცენარეული მოტივები — სტილიზებული ხეების, ყვავილების გამოსახულებანი, განსაკუთრებით გავრცელებულია ლანცეტისებრი მოყვანილობის ფურცლებისაგან შედგენილი ოთხფურცელა ვარდულები, ორფურცელა ნახევარვარდულები, აგრეთვე მრავალფურცელა, გვირილასებრი ყვავილები, ფოთლების გამოსახულებანი და სხვ. დამახასიათებელია ცხოველების გამოსახულებანი — ვერძების, ირმების, ჯიხვების, ცხენის, ზღაპრული ფასკუნჯებისა და ფრინველების გამოსახულებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო პირთა რელიეფური გამოსახულებები სტელებზე, გვხვდება მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების გამოსახულებანი თავისი დროისათვის დამახასიათებელ ტანსაცმელში.

უნდა ვიფიქროთ, რომ სტელებზე გამოსახულნი იყვნენ ის პირნი, რომელთაც აღმართეს ჯვარი და, შესაძლებელია, მათი ოჯახის წევრებიც. დასასრულ, გვხვდება ღვთისმშობლის გამოსახულება, წმინდანების გამოსახულებანი და სხვ.

რაც შეეხება სწორკუთხოვან ბრტყელ სტელებს, ჩვეულებრივ მათ ცალპირზე გამოსახულია ტიპური ბოლნური მედალიონები ასომთავრული წარწერებით.

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს ბრტყელი სტელა აღმოჩენილი ბოლნისთან, ლამაზ გორაზე, ბოლნისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. ი. გძელიშვილი) 1959 წ.126 ამ სტელის (ზომ. 25X26X9 სმ). ორივე პირია ორნამენტირებული. ერთ მხარეს შერჩენილია ბოლნური მედალიონის, ხოლო მეორე მხარეს წარჩინებული მამაკაცის რელიეფური გამოსახულება.

რაც შეეხება ქვის ჯვრებს, ეს მეტად ორიგინალური ძეგლები, ჩვეულებრივ, შემკულია სამფურცელა ყვავილების გამოსახულებებით ჯვრის მკლავების ბოლოებში, ხოლო ცენტრში ჩასმულია მრავალფურცლოვანი გვირილას გამოსულება. ამ ჯვრებს ამკობენ მათი ქვედა მკლავიდან ორივე მხარეს მოხდენილად ამოზრდილი სტილიზებული ნახევარპალმეტები, იშვიათად გვხვდება სხვა გამოსახულებებიც.

ადრინდელი სტელებისა და ჯვრებისათვის დამახასიათებელია მხატვრული მოტივებისა და კომპოზიციების რელიეფური გამოსახულება, რაც მიღწეულია ფონის ამოკვეთის ხერხით ისე კი, რომ გამოსახულებების ზედაპირი არ არის ამოწეული სტელის ზედაპირის საერთო დონეზე მაღლა. ფრიად დამახასიათებელია აგრეთვე გეომეტრიული თუ მცენარეული მოტივების ღრმად ჭრა ცერადკვეთის ხერხით, რაც მათ მხატვრულ ეფექტს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ სტელების ის საინტერესო და მდიდარი კოლექცია, რომელიც აღმოჩენილია თუ მიკვლეულია ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიის სხვადასხვა პუნქტში დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, ერთგვაროვანი როდია ზემოხსენებული ძეგლების შესრულების ტექნიკით და სხვა ნიშნებით, არამედ შეიმჩნევა გარკვეული სხვაობა, რაც, თავის მხრივ, უნდა მიუთითებდეს მათ ქრონოლოგიურ დიფერენციაციაზე.

ამ საკითხზე საუბარი გვექნება ქვევით.

ადრექრისტიანული სტელებისა და ჯვრების დანიშნულების შესახებ

ადრექრისტიანული სტელებისა და ჯვრების დანიშნულების შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები127; აკად. გ. ჩუბინაშვილის აზრით, ისინი წარმოადგენენ მემორიალურ ძეგლებს128 ლ. მუსხელიშვილს სწორკუთხოვანი ბრტყელი სტელები ბოლნური მედალიონებით და ასომთავრული წარწერებით საფლავის ძეგლებად მიაჩნია129. ალ. ჯავახიშვილი საკულტო-მემორიალურ ძეგლებად მიიჩნევს130. ვ. ცისკარიშვილი თვლის, რომ თავდაპირველად სტელებს სამლოცველო დანიშნულება ჰქონდათ, ხოლო შემდეგ სტელები ერთგვარ შეწირულების საგნად იქცა131. შემდეგ, ფეოდალიზაციის პროცესის გაღრმავებასთან ერთად, სტელები სამამულო მფლობელობის აღმნიშვნელ მატერიალურ ნიშნებადაც იქცევიანო (მაგ. წყისის წარწერა - VII ს. და არეშის სტელა X ს.)132.

(54) ამავე დროს, ავტორის აზრით, სტელები იურიდიული ხასიათის ძეგლებსაც წარმოადგენდენ.

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ადრინდელი სტელები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საქართველოში ქრისტიანობის დამყარებასთან, მისი დამკვიდრებისა და გამტკიცების პერიოდთან, სრულიად სპეციფიური ხასიათის ძეგლებს წარმოადგენენ. ქვის ეს ძეგლები საკულტო ძეგლებია თავისი მკვეთრად და ხაზგასმით გამოხატული ქრისტიანული სიმბოლიკით და სათანადო წარწერებით. თვით მათი უძველესი სახელწოდება - „ჯუარი“, თავისთავად განსაზღვრავს მათ ხასიათს. ეს სტელები წარმოუდგენელია ისე, რომ მათ ზედაპირზე წახნაგებზე არ იყოს ამოჭრილი ჯვარი, ე.წ. ბოლნური მედალიონი, აყვავებული ჯვრები და, აგრეთვე ქრისტიანული სიმბოლიკისათვის დამახასიათებელი სხვა მოტივები, რომლებიც კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოაჩენენ სტელების საკულტო დანიშნულებას. არ ჩანს, რომ ზემოხსენებული მნიშვნელობის ძეგლებს - სტელებს სხვა რაიმე „დამატებითი“ დანიშნულება ჰქონოდათ.

ვ. ცისკარიშვილი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ „ეს პირველი მემორიალური ხასიათის წარწერები სტელებზე, უკვე წარმოადგენენ ერთგვარ შეწირულების საბუთებს.

(79) როგორც ვიცით, ძალიან საინტერესოა თავისი ადრექრისტიანული სტელების ფრაგმენტებით პატარა ერთნავიანი ეკლესია კილ-ქილისა, რომელიც მერცხლის (80) ბუდესავით არის მიკრული კლდეზე. ეკლესია ჩრდილოეთით პირდაპირ კლდეზეა მიშენებული და ჩრდილოეთის მხრიდან გარეთა ფასადი არა აქვს: ეს ეკლესია არაერთხელ ყოფილა გადაკეთებულ-შეკეთებული. მის კედლებში როგორც გარედან, ისე შიგნიდან ჩაშენებულია სტელების ფრაგმენტები და შუა საუკუნეების წარწერიანი ქვაც. განსაკუთრებით საინტერესოა მის აღმ. ფასადში ჩაშენებული სტელების ფრაგმენტები, რომელთაგან ორი სხვადასხვა ზომის ბაზების ფრაგმენტებია, ხოლო ერთი საკუთრივ სტელის ნატეხს უნდა წარმოადგენდეს (ტაბ.XXX2). განსაკუთრებით საინტერესოა ბაზის ფრაგმენტი ბოლნური მედალიონისა და ორი ფარშევანგის გამოსახულებით, რომლებსაც ნისკარტებით უჭირავთ პატარა რელიეფური ჯვარი (ტაბ.XXXI, სურ.1 და სურ.2 - ქვაზე ამოჭრილი კომპოზიციის გრაფიკული რესტავრაცია). მედალიონი დადგმულია დაბალ ბუნზე, რომელსაც აქვს თავისი დაბალი კვარცხლბეკი.

ეს შესანიშნავი კომპოზიცია უნებურად მოგვაგონებს ბოლნისის სიონის სანათლავის შუა კაპიტელზე გამოქანდაკებულ კომპოზიციას - ფარშევანგებს პატარა რელიეფურ ჯვართან209.

ეს კომპოზიცია, რომელსაც კზილ ქილისას წითელი ტუფის ბაზაზე ვხედავთ, როგორც კომპოზიციური გადაწყვეტით, ისე მაღალმხატვრული შესრულებით, აგრეთვე თავისი არქაული ტექნიკური ხერხების ოსტატური გამოყენებით, წარმოადგენს ძველი ქართული ხელოვნების ერთ-ერთ უკეთეს ნიმუშს. ბოლნური მედალიონიც, რომელსაც ამ კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ბოლნური მედალიონების ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. საერთოდ, ყველა ნიშნის მიხედვით ეს ბაზა შეიძლება დავათარიღოთ V ს. ზემოხსენებულ ბაზიდან მარცხნივ კედელში ჩაშენებული პატარა ბაზა ბოლნური მედალიონით, ასევე უძველეს ძეგლს უნდა წარმოადგენდეს.

მეტად თავისებური და საინტერესო ჩანს ორი კაპიტელი, რომლებიც ჩაშენებულია ეკლესიის საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთით და სამხრეთით (ტაბ.XXXII 1-2). როგორც უკვე იყო აღნიშნული, ეს კაპიტელები არ უნდა ეკუთვნოდეს ამ პატარა ეკლესიას, მოტანილი უნდა იყოს სხვა ადგილიდან და, ამას გარდა, მისი წახნაგები ჩამოთლილი ჩანს, რადგან ზოგიერთი ორნამენტული მოტივი მოულოდნელად წყდება. ეს კაპიტელები თავისი ორნამენტული მოტივებით (ბოლნური მედალიონი, ვაზის რტო, მცენარეული მოტივები), შემკულობის მოტივების კომპოზიციით, შესრულების ტექნიკით (მათ არ ახასიათებს ცერადკვეთის ტექნიკა), დაბალი რელიეფით, განსხვავდებიან ბოლნისის სიონის კაპიტელებისა და ბაზების ორნამენტებისაგან და შესრულების ტექნიკაც აშკარად განსხვავებული და დაბალი დონისაა. ჩრდ. კაპიტელზე კომპოზიცია გამოდის თავის „ჩარჩოდან“ და შეჭრილია კაპიტელის ზედა, წინ გამოწეულ „ლავგარდანში“. სამაგიეროდ სამხრეთ კაპიტელის ზედა, წინ გამოწეული ნაწილი შემკულია სრულიად განსხვავებული სტილის ნახევარვარდულებით, რომლებიც არსებითად განსხვავდებიან ბოლნისის ტაძრის ანალოგიური მოტივებისაგან.

კაპიტელების ორნამენტული მოტივები თავისი მოყვანილობით და შესრულების ტექნიკით განსხვავდებიან არა მარტო ბოლნისის სიონის ანალოგიური ორნამენტებისაგან, არამედ უძველესი სტელების ორნამენტებისაგანაც. ამ ნიშნების მიხედვით კაპიტელები შეიძლება წარმოადგენდნენ VI ს. მეორე ნახევრის - VII ს. ძეგლებს.

ამავე დროის შეიძლება იყოს სტელის ის ფრაგმენტი, რომელიც ჩაშენებულია ეკლესიის აღმ. ფასადის წყობაში ვაზის რტოს მოტივის გამოსახულებით ტაბ.XXX2). ეს მოტივი თავისი სტილითა და შესრულების ტექნიკით სრულ მსგავსებას იჩენს ეკლესიის კაპიტელებზე გამოსახული ვაზის რტოს მოტივთან და ამიტომ, ისინი თანადროულ ძეგლებს უნდა წარმოადგენდნენ.

საყურადღებოა სტელების ფრაგმენტები, ჩაშენებული ეკლესიის საკურთხევლის სამხრ. და ჩრდ. კედლის წყობაში. საკურთხევლის სამხრ. ჩაშენებულია სტელის ფრაგმენტი, რომლის ორი წახნაგი ჩანს. ერთ მათგანზე გამოსახულია ორ-ორი წმინდანი (ნიმბებით) ვერტიკალურ სიბრტყეში. გამოსახულებანი ჩასმულია სწორკუთხოვან ჩარჩოებში, ხოლო ამავე სტელის მეორე წახნაგზე წრიულ ერთმანეთზე ჩაწნულ ჩარჩოებში ჩასმულია რეალისტურ სტილში შესრულებული ირმის, ფასკუნჯის (?) და ჯიხვის გამოსახულებანი (ტაბ.XXXIII1-2).

ასეთი სტილის ერთმანეთზე გადაწნულ ჩარჩოებში მოთავსებული გამოსაზულებები და ჩარჩოებს შორის შექმნილ უბეების შევსება მცენარეული სტილიზებული მოტივებით დამახასიათებელი ჩანს ბოლნისსა და ბოლნისის რაინში აღმოჩენილ ზოგიერთი სტელისათვის, რომლებიც VI ს. არის დათარიღებული, მაგალითად, შერგილის სტელის ერთი წახნაგი, ბოლნისის ერთ-ერთი სტელა და სხვ.210 სხვა მხრივ ეს სტელა თავისი თემატიკით, შესრულების მაღალი ოსტატობითა და ტექნიკით უძველესი სტელების ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს.

ანალოგიების საფუძველზე ამავე საუკუნისად უნდა მივიჩნიოთ მეორე სტელის ფრაგმენტი ბოლნური მედალიონით, ნახევარპალმეტებით, სამფურცელა ყვავილების გამოსახულებით (ტაბ. XXXIV)211. დასასრულ, უფრო მოგვიანო (VII საუკ.) შეიძლება იყოს ქვა არატოლმკლავებიანი ბრტყელი ჯვრის გამოსახულებით, ნახევარპალმეტებით, რომელიც ეკლესიის საკურთხეველში დგას ამჟამად (ტაბ.XXXIV-2).

 

 

------------------------------------------------------------------------------------------

71. გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტ.I, თბ., 1936, გვ.205-218; მისივე, Болниси, ენიმკის მოამბე, IX, თბ. 1940.

72. ლ. მუსხელიშვილი, ბოლნისი, ენიმკის მოამბე. III, თბ., 1938; მისივე, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941; მისივე, უკანგორის ისტორიული ნაშთები, ენიმკი-ს მოამბე, X, თბ., 1941; გვ.159-182; ვ. თოფურია, ქ ვაჯვარანი საქართველოში, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკ.4, თბ., 1943.

73. ალ. ჯავახიშვილი, საქართველოს ძველი ქრისტიანული ხანის საკულტომემორიალური ძეგლები, ხელნაბეჭდი, თბ., 1949. ნაშრომი წარმოდგენილი იყო ხელოვნება მცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. დასანანია, რომ აღნიშნული ნაშრომი დღემდე არ გამოქვეყნებულა. მადლობა გვინდა მოვახსენოთ ა.ჯავახიშვილს იმისათვის, რომ მან საშუალება მოგვცა გავცნობოდით მის გამოუქვეყნებელ ნაშრომს.

74. Н. Чубинашвили, Рельеф "Вознесение креста" на каменном кресте из с.Качагани, „ქართული ხელოვნება“, სერია A,-ძველი ხელოვნება, თბ., 1963, გვ.9-27, ტაბ.1-8. მისივე, Хандиси, თბ., 1972, მისივე, ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები, „ძეგლის მეგობარი“, 30, თბ. 1972, გვ.34-49.

75. ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, თბ., 1968.

76. ვ. ჯაფარიძე, ნაქალაქარ დმანისის არქეოლოგიური შესწავლა (წინასწარი შედეგები), სსმ მოამბე - XXVIII-X, თბ. 1969, გვ.75-76; მისივე, ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლადაღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან, „ძეგლის მეგობარი“, 20, თბ., 1970, გვ.52-63; ვ. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა, გათხრები დმანისსა და მის მიდამოებში (1968 წ. მუშაობის წინასწარი შედეგები), „საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები“, II, თბ. 1971, გვ.67-74; ვ. ჯაფარიძე, დმანისის არქეოლოგ. ექსპედიციის 1969 წ. მუშაობის მოკლე ანგარიში, იქვე, გვ.81-88. აქვე საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით, კრებულში - „მუზეუმის არქეოლოგ. ექსპედიციები“ II, ჩემი პირველი ნაშრომისათვის განკუთვნილი ტაბულები დართული აქვს ჩემს მეორე ნაშრომს (გვ.81-88), რომელიც ამავე კრებულშია დაბეჭდილი, ხოლო მეორე ნაშრომისათვის განკუთვნილი ტაბულები - პირველ ნაშრომს.

77. იხ. ჩემი მოხსენებითი ბარათი მუზეუმის მაშინდელი დირექტორის სახელზე, წარდგენილი 1970 წ.

78. ამ გათხრების შესახებ იხ. მ. სინაურიძის და თ. ბერიძის - კაზრეთის ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლები, „ძეგლის მეგობარი“, 27-28, 1971; აგრეთვე მ. სინაურიძე, 1970-1971 წწ. კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიცია, „საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგ. ექსპედიციები“, III, თბ., 1974, გვ.92-108. ამჟამად ეს ძეგლები მთლიანად აღგვილია მიწის პირისაგან და მათი კვალიც კი არ დარჩენილა. აქ საჭიროდ მიგვიაჩნია აღვნიშნოთ, რომ ნ. ჩუბინაშვილს თავის ნაშრომებში „ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები“ („ძეგლის მეგობარი“, 30, გვ.48 და «Хандиси» (გვ.9) აღნიშნული აქვს, რომ თითქოს, მ. სინაურიძემ 1964 წ. არქეოლოგიურად გაასუფთავა დარბაზული ეკლესია (იგულისხმება ბუჩურაშენის ეკლესია) და აღმოაჩინა სტელებისა და ჯვრების ფრაგმენტები. აღნიშნული ეკლესიის ნანგრევები მ. სინაურიძემ პირველად ნახა მხოლოდ 1970 წ. და, მაშასადამე, იგი ვერ აღმოაჩენდა იქ სტელების ფრაგმენტებს 1964 წელს. ნ. ჩუბინაშვილი, ამ ცნობასთან დაკავშირებით იმოწმებს მ. სინაურიძისა და თ. ბერიძის ნაშრომს - „კაზრეთის ანტიკური და ადრე ფეოდალური ხანის ძეგლები“, რომელშიაც საუბარია 1970 წ. ჩატარებულ გათხრაზე და არა 1964 წ. სამუშაოებზე.

95. Г. Н. Чубинашвили, დასახ. ნაშრ. იხ. ტაბ.VII, ქვედა სურათი, ღიობის ბაზა; ტაბ.VIII, ზედა სურათი - ჩრდ. სტოას მესამე კაპიტელი. აგრეთვე იხ. სურ.46 და 47, კაპიტელის ფრაგმენტი.

95. Г. Н. Чубинашвили, დასახ. ნაშრ. ტაბ.IV, ზედა სურ.

123. ნ. ჩუბინაშვილი, ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები, „ძეგლის მეგობარი“, 30, თბ. 1972, გვ.35, სურ.4, 5, 6. ამ სურათებზე ავტორის მიერ წარმოდგენილია სტელებისა. და ჯვრების სავარაუდო კონსტრუქცია - ეძანის რელიეფის მიხედვით.

124. А.С. Уваров, Христианския символика, ч.1, М., 1908, пм.173 და 174

125. А.С. Уваров, დასახ. ნაშრ.

126. ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, თბ., 1968, გვ.4 და 6.

127. უძველესი ქართული ეპიგრაფიკული წყაროები ჯვრებს უწოდებენ ქვის იმ ძეგლებს, რომელთაც მეცნიერებაში, საზოგადოდ, სტელები ეწოდებათ. „აღხუმართე ესე ჯუარი“ აღნიშნელია ამ უძველეს ძეგლებზე. „ჯუარი“ ეწოდება ქვის ოთხწახნაგა სვეტებსაც, სწორკუთხოვან ბრტყელ ფილებსაც და კონტურების მიხედვით გამოჭრილ ქვის ჯვრებსაც. იმისათვის, რომ ერთმანეთისაგან განვასხვავოთ საკუთრივ სტელები და ქვაჯვარები, მეც ვიცავ მეცნიერებაში საზოგადოდ მიღებულ ტერმინოლოგიას.

128. Г.Н. Чубинашвили, Болнисский Сион, თბ., 1940, გვ.86-105.

129. ლ. მუსხელიშვილი, ბოლნისი, გვ.338, სურ.18, იხ. აგრეთვე მისივე „არქეოლოგ. ექსკურსიები“, გვ.15.

130. ალ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ. (ხელნაბეჭდი). ხელნაბეჭდით სარგებლობის ნებართვისათვის ავტორს დიდ მადლობას მოვახსენებთ.

131. ვ. ცისკარიშვილი, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959, გვ.72, 79.

132. იქვე, გვ.74.

209. Г.Н. Чубинашвили, დასახ. ნაშრ., ტაბ. IV, სურ. I.

210. Г.Н. Чубинашвили, Хандиси, სურ.71, 74

211. იქვე, სურ.74, სტელის პირველი ორი წახნაგი.