topmenu

 

მ. ვაშაყმაძე - ბრინჯაოს პლასტიკა ვანში

<უკან დაბრუნება


მანანა ვაშაყმაძე

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი

ბრინჯაოს პლასტიკა ვანში..

(ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით)

მატიანე - ვანის რაიონის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევის ცენტრის კრებული, N4, ვანი, 2015 წ., გვ.15-22

დღევანდელი ვანი, შუაგულ იმერეთში, მდინარე სულორის ულამაზეს ხეობაშია გადაშლილი. სახელწოდება, „ვანის წერილობით წყაროებში მხოლოდ XVIII საუკუნის 70-იან წლებში ჩნდება გერმანელი მეცნიერის ნაწერების გამოქვეყნებისას.

მთელ მსოფლიოში უკვე საყოველთაოდ ცნობილი ანტიკური ნაქალაქარი კი, საკუთრივ ვანში მდებარეობს პატარა გორაკზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ახვლედიანების გორას“ უწოდებს. ვანის ნაქალაქარმა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მიიქცია სიძველის მოყვარულთა ყურადღება.

საზოგადოების ფართო წრეებში ვანის გათხრები ტრადიციულად ოქროს ბრწყინვალე სამკაულებთან ასოცირდება, უკანასკნელი სამი ათეული წლის აღმოჩენებმა კი ბრინჯაოს ნაკეთობების არანაკლებ შთამბეჭდავი კოლექცია შემატეს ვანის საგანძურს, რომ არაფერი ვთქვათ ვანში დაფლული განძის უნიკალურ ჭრაქებსა და სამკაულებზე, ასე რომ გვაოცებენ თავიანთი უჩვეულო კომპოზიციით, მდიდარი სიმბოლოკით და თემების არჩევანით, ჩვენს ხელთაა სხმული ბრინჯაოს ათასამდე ფრაგმენტი და უკვე კარგად ცნობილი ჭაბუკის ტორსი. რამდენადაც, ვანის ბრინჯაოს ათასამდე ფრაგმენტი ნგრევის ფენიდან მომდინარეობს, რომელიც ძვ.წ.აღ I -ს. განსაზღვრული, ჩვენ მხოლოდ მათი განადგურების თარიღზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არა შექმნის დროზე. არის ვარაუდი, რომ მათი უმეტესობა ჩამოსხმულია ქალაქის არსებობის ფინალურ სტადიაზე, დაახლოებით, II-I სს-ში.

ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი მასალა ძირითადად ძველი წ.აღ. VII-VII სს. თარიღდება. ესაა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა, ბრინჯაოს ქანდაკებები, ქვის არქიტექტურული და სკულპტურული დეტალები, ლითონის სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, ოქროსა და ვერცხლის უნიკალური სამკაული.

ამჯერად, მხოლოდ ბრინჯაოს მასალასა და იმ მონაპოვარზე ვისაუბრებთ, რომელიც არა მარტო ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, არამედ ვანის სხვა ადგილებშიც.

ვანის სატაძრო ქალაქი ბრინჯაოს ქანდაკებებით და სკულპტურული კომპოზიციებით იყო მორთული. არქიტექტურულ ნაგებობათა მდიდრულ მორთულობასა და მის სილამაზეს მოწმობს ბრინჯაოს ქანდაკებათა ის უამრავი ფრაგმენტი, რომელიც ყოველწლიურად ჩნდება ნაქალაქარის საიდუმლოებით მოცულ კულტურულ ფენებში. როგორც მეცნიერები და, მათ შორის, ვანის დიდი ქომაგი და მოამაგე პროფესორი, აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე ვარაუდობდა, ქალაქი ორჯერ იქნა დანგრეული შემოსეული მტრის მიერ. მტერი კი ანადგურებდა ყველაფერს, ძარცვავდა ტაძრებს, მიჰქონდა ყველაფერი კარგი და ძვირფასი. ბრინჯაო კი ერთ-ერთი საჭირო და საუკეთესო ნედლეული გახლდათ ახალი ქანდაკების, ან საბრძოლო იარაღის დასამზადებლად.

როგორც აღვნიშნეთ, ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალაში ძალზე ბევრია ბრინჯაოს ქანდაკებათა ფრაგმენტი, მაგრამ აქ საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, მათი უმეტესობა ერთ ადგილზე ცენტრალური ტერასის დასავლეთით ნაწილში, თორმეტსაფეხურიანი საკურთხევლის არეშია მიკვლეული.

საკულტო კომპლექსის ირგვლივ, მის ნანგრევებში ნაპოვნია ბრინჯაოს ქანდაკებების ათასამდე ფრაგმენტი. (მ. ფირცხალავა, გ. ყიფიანი, „ცენტრალური ტერასის დასავლეთ ნაწილში 1978-1981 წწ. ჩატარებული საველე მუშაობის შედეგები“) მათში გამოირჩევა ადამიანის სხეულის (მხარის, ტერფის, მარცხენა ყურის, თმის კულულების, ტანსაცმლის დრაპირების, ცხოველთა ჩლიქების, ყურების, ლომის, გველის) სკულპტურული გამოსახულებები. ბრინჯაოს ქანდაკებების ფრაგმენტები აღმოჩნდა სხვა უბნებზეც და ასევე უხვადაა მიკვლეული ვანის შემოგარენშიც. ახლა მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ თქვენ ყურადღებას და ვისაუბრებთ მათი დამზადების ტექნოლოგიის თავისებურებებსა და ქანდაკებათა მხატვრულ ღირებულებაზე.

გვიანი ბრინჯაოს ხანის დადგომამ, კარდინალური ძვრები გამოიწვია ქვეყნის სოციალურეკონომიკურ ცხოვრებასა და კულტურაში, ხდება დემოგრაფიული ცვლილებები. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გადაადგილებები, წარმოიშობა მსხვილი დასახლებები და ბრინჯაოს მეტალურგია განვითარების უმაღლეს საფეხურზე ადის. ბრინჯაოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნიმუში სკულპტურულგამოსახულებიანი ცული ნაპოვნია სოფელ სულორში. იგი წარმოადგენს ბრინჯაოს რეწვის ბრწყინვალე მაგალითს, რომელიც იხვეწებოდა ათასწლეულების განმავლობაში. „კოლხური ცული“ ხშირად მორთული იყო პლასტიკური გამოსახულებებით და წარმოადგენდნენ ძველკოლხურ, ბრინჯაოში შესრულებულ ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს. ძვ.წ.აღ IX-VII - სს. ძალზედ გავრცელებული იყო ცულის ტარის ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკობა. „სულორის ცული“ – ძვ.წ.აღ VIII-VII სს. თარიღდება, იგი შემკულია ცხენებზე ამხედრებული ორი მხედრის გამოსახულებით. მხედრებს ფრიგიული, წოწოლა ქუდების მსგავსი თავსაბურავი ამშვენებთ, ხელში კვერთხი უჭირავთ, ხოლო ზურგზე ისრებიანი კაპარჭები აქვთ მოგდებული. ეს ორი მხედარი გაიგივებულია „დიდი დედის (მიწათმოქმედების ღვთაების) მხედრებთან."

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცული სოფელ სულორში იქნა აღმოჩენილი, უფრო სწორად, იგი შემთხვევითი მონაპოვარია. სულორშივე იქნა აღმოჩენილი სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო ბრინჯაოს ნაკეთობების დასამზადებლად. თიხის ყალიბები, თიხის კოვზები რომლის საშუალებით გამდნარ ლითონს თიხისვე ყალიბებში ასხამდნენ, უხვად აღმოჩნდა საწარმოო ნაშთები, ნაღვენთები, ბრინჯაოს ზოდები.

არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე, აშკარაა ბრინჯაოს ტექნოლოგიის განვითარების მაღალი დონე, ტექნიკური პროგრესის სწრაფი ტემპი, ფიქსირდება სხვადასხვა ტექნიკური სიახლეების დანერგვაც, განსაკუთრებით, აღსანიშნავია მაღალხარისხოვანი დარჩილვა, რამაც ასე თუ ისე კარგი პირობები შექმნა მეტად სრულყოფილი საბრძოლო საშუალებების, განსაკუთრებით, კი, ნაირგვარი მორთულობების შესაქმნელად.

კოლხური ბრინჯაოს კულტურის ჩამოყალიბება დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი და ხანგრძლივი პროცესი გახლდათ, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით ძვ.წ.აღ II - ათასწლეულიდან დაიწყო და გაგრძელდა მომდევნო საუკუნეებში, ეს დაკავშირებული იყო მეგრულ-ჭანური (კოლხური) მოსახლეობის სამოსახლეო არეალის გაშლასთან.

ვანის ნაქალაქარი უდაოდ ლამაზი იქნებოდა უძველეს დროში, შემკული ბრინჯაოს მრავალრიცხოვანი ქანდაკებებით და მორთულობებით, რასაც აქ მიმდინარე არქეოლოგიური კვლევა-ძიებები ადასტურებენ. იმ უამრავ მასალაში, რომელიც ფიანდებში ინახება, ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფთ (სტატიის ფორმატიდან გამომდინარე), და შედარებით ვრცლად ვისაუბრებთ მათ შესახებ. ორი სხვადასხვა ზომის ბრინჯაოს ფიგურის ფრაგმენტი: ერთია ცხოველის ფაფარს ჩავიდებული მარცხენა ხელის მტევანი, ნატურალური ზომის, დაახლოებით 1:2; მთლიანადაა გამოსახული ცერი, საჩვენებელი და შუათითები სანახევროდ ფაფარშია ჩაფლული, ხოლო ორი დანარჩენი თითი მთლიანად დაფარულია. სახსრები ღრმა ნაჭდევებითაა გადმოცემული, ფაფარი გადმოცემულია არათანაბარი სიღრმის მორკალული ნაკაწრებით. იქნებ ეს ნემეის ლომთან შერკინებული ჰერაკლეს ხელია? ამაზე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხოლო, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ესაა - ბრინჯაოს პლასტიკის გასაოცარი ოსტატობა, ბრწყინვალება და სილამაზე.

მეორე ფრაგმენტი ასევე მარცხენა ხელის მტევანს წარმოადგენს, ის ნატურალურ ზომას რამდენადმე აღემატება და მასზე, მხოლოდ სამი თითია შემორჩენილი - შუა, უსახელო და ნეკი. თითები რბილადაა მოდელირებული, ნატურალისტურადაა გადმოცემული ფრჩხილები და ნუნები, ხოლო სახსრები მათთან შედარებით სქემატურადაა ნაჩვენები – ორი ან სამი არა ღრმა ჰორიზონტალური შტრიხით. ფრაგმენტი დაფარულია მომწვანო-შაბიამნისფერი კეთილშობილური პატინით, იგი დაახლოებით ორ მეტრიანი ქანდაკების ნაწილი უნდა ყოფილიყო. ახლა ამ მცირე ფრაგმენტით ძნელია იმსჯელო იმაზე, თუ ვის წარმოადგენდა იგი თავის დროზე, მაგრამ აშკარაა რა სილამაზესთან და გრაციოზულობასთან გვექნებოდა საქმე. სავარაუდოდ, ქალაქში ნატურალური ზომის ცხენის (მხედრიანად?) ქანდაკებაც მდგარა. ამის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე ფრაგმენტი, რომელთაგან ერთ-ერთი ცხენის ჩლიქია. თვით ჩლიქის ზედაპირი გლუვია, ხოლო სახსრის არეს ირგვლივ ბეწვი შემოუყვება, რომელიც გადმოცემულია ღრმა, მორკალული ნაჭდევებით; სახსრის არე ამოზიდული, ირგვლივ ქედებითაა გამოსახული. ჩლიქის ამგვარი სკულპტურული წარმოსახვა ცნობილია გვიანელინისტური ხანის ძეგლებზე. ასევე გვაქვს ცხენის სხვა ფრაგმენტები, ყურები, კუდი და ჯავშნის ნაწილი. შეჯავშნული სამოსის შემადგენელი ნაწილია სამხედრო მოსასხამი. ვანის კოლექციაში გვაქვს დრაპირების ფრაგმენტები, რომელთაგან ერთი გამოსახავს კვანძად მოკეცილი საბრძოლო მოსასხამის ნაწილს, ხშირად მოსასხამი ფოჩებით ბოლავდებოდა და ჩვენს კოლექციაში მოსასხამის ქობის ნაწილად არის მიჩნეული.

მრავალრიცხოვან ნატეხებს შორის გამოიყოფა რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც ერთი ქანდაკების - ქალის სკულპტურის ნაწილებადაა მიჩნეული. ესენია: ქალის ორივე ხელის, ბარძაყის მუხლითურთ, მარცხენა ტერფის და მარჯვენა მხარის ფრაგმენტები, სულ ხუთი არტეფაქტი. ერთ-ერთი პოპულარული თემა ელინისტური პერიოდის ხელოვნებაშია, მითოლოგიურ სიუჟეტებთან ერთად, ქალღვთაებათა და საერთოდ, ქალის სილამაზის ასახვა იყო. განსაკუთრებით გავრცელდა ქალღმერთ აფროდიტეს შიშველი ქანდაკებები.

ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული ბრინჯაოს ფრაგმენტების მიხედვით განსაზღვრა იმისა, თუ როგორი იყო ქალის მთლიანი სკულპტურა, საკმაოდ ძნელია, თუმცა საკმარისია იმისათვის, რომ ის მივიჩნიოთ კლასიცისტური სტილის ქანდაკებად და დათარიღდეს ძვ.წ. II-I სს. ქალის ფიგურა შიშველი იყო; შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ის ჯგუფური კომპოზიციის, ანდა დეკორატიული ქანდაკების ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც განკუთვნილი იყო ბაღის და საერთოდ სახლგარე მიდამოს მოსართავად.

ცალკე აღსანიშნავია, ბრინჯაოს მოოქრული ფირფიტები, შემკული გრავირებული მცენარეული ორნამენტით; ფირფიტა პალმეტის გრავირებული გამოსახულებებით, აკანთის ღეროს დამახასიათებელი განტოტებებით და ბაფთით და ჩვეული ხვიით. მსგავსი ორნამენტი, რომელსაც ქმნის აკანთის მოტივის უსასრულო რიგი, ღეროთა ანალოგიური მოდელირებით, კარგადაა ცნობილი გვიანელინისტური ხანის სხვადასხვა ნაწარმზე, განსაკუთრებით პოპულარულია ეს მოტივი ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობებზე. ის შეადგენს ორნამენტის ცალკე ჯგუფს, რომელიც „აკანთის არშიის“ სახელითაა ცნობილი და გვხვდება ოქროს დიადემებზე, ვერცხლის ჭურჭელზე, ოქროს ფირფიტებსა და არქიტექტურულ დეტალებზე.

ელინები სულის სიღრმემდე ეტრფოდნენ სილამაზეს. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ მათ გამოიკვლიეს სილამაზის ზუსტი კანონები. როგორი უნდა იყოს ადამიანის აღნაგობა, მისი სიმაღლე, თვალის ზომა, მკლავის სიგრძე და ა.შ. და მათი ერთმანეთთან შესაბამისობა. სილამაზის ამ კანონებს ბერძნებმა „პროპორციის კანონები“ დაარქვეს. საქართველოს ანტიკურ საბერძნეთთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორია გააჩნია, რამაც მას ძველი ბერძნების, ანუ ელინების მიღწევების გაცნობის საშუალება მისცა. საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი, ვანში და მის შემოგარენში, მოპოვებულმა მდიდარმა არქეოლოგიურმა მასალამ, ეს თვალნათლივ დაადასტურა.

ანტიკური სამყარო ევროპული ცივილიზაციის საფუძველია. ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურამ განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად კაცობრიობის ისტორიაზე და ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი და გასაოცარი აღმოჩენა ვანის ნაქალაქარზე გახლდათ 1988 წელს „ახვლედიანების გორის“ ცენტრალურ ტერიტორიაზე ნაპოვნი ბრინჯაოს ტორსი. „ვანელი ჭაბუკის“ სახელით ცნობილი მთელ მსოფლიოში.

„გასაოცარი მრავალი რამ არის ამქვეყნად, ადამიანზე საოცარი კი არაფერია“ - ძვ.წ.აღ V-საუკუნის დიდი ტრაგიკოსის სოფოკლეს ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს, რომ ძველი ბერძნების მსოფლმხედველობის ქვაკუთხედს ადამიანი წარმოადგენდა. ამიტომ, არქიტექტურაშიც კი ნაგებობების ზომებს და პროპორციებს ადამიანური მასშტაბები განსაზღვრავდა. თუ ძველ ეგვიპტეში შექმნილი ნაგებობები თავისი გრანდიოზულობით იქცევდა ყურადღებას, ბერძნული ტაძრების მთავარი ხიბლი, არქიტექტურული ფორმების ჰარმონიული ურთიერთშეთანხმება იყო.

ძველ საბერძნეთში ადამიანის სხეულის მშვენიერების სრულყოფილად გადმოცემა მთავარ ამოცანად იქცა სახვითი ხელოვნების ყველა დარგისთვის. ქანდაკების თუ კერამიკის მოხატულობის ნიმუშები დღემდე რჩება იდეალური სილამაზის ეტალონად. არქაული ხანის შემდგომ ბერძნული, თუ ელინური ხელოვნების განვითარება, ზომიერების, ჰარმონიის, წონასწორობის პრინციპის ძიების გზით წარიმართა. ყოველივე ამან განსაზღვრა ახალი კლასიკური ეპოქის ხასიათი. სწორედ კლასიკურ ხანაში დაიხვეწა ქანდაკებაში ფიგურის პლასტიკური გამომსახველობის ხერხები, გადაწყდა ფიგურის დაყენების, თუ მოძრაობის გადმოცემის ამოცანების ქანდაკება სახვითი ხელოვნების სპეციფიკური დარგია, რომელსაც ფერწერისაგან განსხვავებული გამომსახველობითი საშუალებები გააჩნია. არც ერთ სხვა სახის ხელოვნებაში ელინისტური ეპოქის არსი და ხასიათი არ ასახულა ისე ნათლად და სრულყოფილად, როგორც ქანდაკებაში. მხატვრულ სახეს მოცულობითი ფორმა წარმოაჩენს, რომლის წყალობითაც იქმნება რეალობაში არსებული ობიექტის ერთგვარი სამგანზომილებიანი მოდელი. მრგვალი ქანდაკების თემატიკა შეზღუდულია. ის უმეტესად ადამიანის ფიგურას გამოსახავს და მისთვის უცხოა მხატვრობისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი თემები და ჟანრები.

სახელგანთქმულმა მოქანდაკემ პოლიკლეტმა ადამიანის ფიგურის პროპორციული აგების კანონებს თეორიული ნაშრომი მიუძღვნა. მანვე თავის სკულპტურაში „შუბოსანი“ - შეიმუშავა ერთ ფეხზე დაყრდნობილი ფიგურის გადმოცემის პრინციპები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოქანდაკეებისათვის სანიმუშოდ იქცა. ანტიკურ ეპოქაში შექმნილი ქანდაკებები საუკუნეების მანძილზე სრულყოფილების ნიმუშად ითვლებოდა და დღემდე აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი აღმოჩენაა ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი. იგი 1988 წელს ცენტრალურ ტერასაზე აღმოჩნდა, ძვ.წ.აღ I-ს. შუა ხანებში დანგრეული შენობის გათხრისას. სავსებით აშკარა იყო, რომ ის გადმოგდებული გახლდათ სხვა ადგილიდან, ამ შენობის დანგრევისთანავე. მას კედლების ნანგრევების და ჩაქცეული სახურავის კრამიტყრილზე მიაკვლიეს. ქანდაკების გადარჩენილი ნაწილის სიმაღლე 1 მეტრი და 5 სანტიმეტრია, დაფარულია მომწვანო, მონაცრისფრო ფერის კეთილშობილი პატინით. შემორჩენილი ტორსი წარმოადგენს სხეულს კისრიდან მუხლებამდე. არ აქვს კიდურები და თავი, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჭაბუკს თავი ოდნავ მარცხნივ, მხრებისკენ აქვს მიბრუნებული და მტკიცედ დაყრდნობია მარჯვენა ფეხს. ტორსის შემორჩენილი ნაწილი გვიჩვენებს ათლეტურად აგებული ჭაბუკის ტანის სილამაზეს და დინამიკას. სრული ჰარმონიაა სრულყოფილებისა. არც ერთი კუნთი არ გამოირჩევა რაიმე ხაზგასმულობით. მხრები თითქმის ჰორიზონტალურია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბერძნებს იდეალურ სილამაზემდე დაჰყავდათ თავიანთი ქანდაკებები. ამიტომ რომელიმე ღვთაების, ან თუნდაც მამაკაცი პერსონის სკულპტურა თითქმის ქალურად ნაზი ნაკვეთებით გამოირჩევა. რაც შეეხება „ვანელ ჭაბუკს“ - იგი რამდენადმე ცდება ამ სტილს და საქმე გვაქვს უფრო „ვაჟკაცურ“ ფიგურასთან, მკვეთრად გამოკვეთილი კუნთებით, მუცლის პრესით და დახვეწილობით. ჩვენს წინაშეა ელინისტური ეპოქის ე.წ. კლასიცისტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში. სავარაუდოდ, ქანდაკება 1,75 – 1,80 სმ. სიმაღლისა იქნებოდა, იმის გამო, რომ იგი ძლიერ დაზიანებულია. ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ ვის გამოსახავდა იგი - უბრალოდ ათლეტს, ღვთაებას თუ ჰერიოზირებულ მმართველს.

„ქანდაკება შეიძლება ჰერმესს გამოსახავდეს, ღმერთების შიკრიკს“ - მისი აღმოჩენიდან ძალიან მოკლე დროში დაიწერა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემაში „ის აპოლონია (სინათლისა და ხელოვნების მფარველი ღმერთი) თავისი უნაკლო სხეულით“ — არსებობს სხვა ვარაუდიც. ერთი კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ქანდაკება ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და შესრულებულია უდიდესი ოსტატობით. იგი ე.წ. ცვილის მოდელის გამოყენებითაა დამზადებული. ტორსის შიგნით დაფიქსირდა რკინის კონსტრუქცია, რკინის ღერო, რომელიც ფეხებთან ორად იყო განტოტვილი და მერე საყალიბე მიწით იყო შემოფენილი.

ასეთი ზომის ქანდაკების შესაქმნელად თითქმის სავალდებულო და ნორმა გახლდათ ძუძუმკერდისა და თვალების ინკუსტრაცია. ანტიკურ ხანაში მოქანდაკენი ხშირად მიმართავდნენ ამ წესს, ვერცხლის, გაუმჭვირვალე მინის, ძვირფასი ქვების და სპილოს ძვლის ჩადგმული თვალები მეტად ხშირია ბრინჯაოს სკულპტურებზე. ჩვენი ქანდაკების შემთხვევაშიც აქეთკენ მივდივართ, როგორც ჩანს, ქანდაკება უხეში ძალის გამოყენებით დაამსხვრიეს, ტორსზე გარკვევითაა შემორჩენილი მძიმე საგნის რტყმევის კვალი, მკერდზე ფოსოები ცარიელია და ეტყობა ძვირფასი თვლები საგანგებოდ ამოაგდეს. ქანდაკების თავს ჯერ-ჯერობით ვერ მივაკვლიეთ (იმედს ვიტოვებთ, რომ წინ უამრავი დიდი აღმოჩენა გველოდება), მაგრამ, სავარაუდოდ, ქანდაკების თავი მოოქროვილი კულულებით და ძვირფასი თვლებით ინკუსტრირებული უნდა ყოფილიყო, კისრის ადგილზე ჩანს კვალი, თუ ძალის გამოყენებით, როგორ მოაცილეს სხეულს თავი, როგორც ძვირფასი ნადავლი (?) ე.წ. მკაცრ სტილში შესრულებული ქანდაკება, ფიგურის აგებითა და გარკვეული დეტალების გადმოცემით, მსგავსებას ავლენს „კრიტოსის ჭაბუკთან“. „ვანელი ჭაბუკიც“ კრიტოსის ჭაბუკივით“ ეყრდნობა ორივე ფეხის ბრტყლად მდგარ ტერფს. ამავე წრის ქანდაკებებს ეკუთვნოდა, როგორც ჩანს, პროტოტიპი რომაული ხანის იმ ქანდაკებებისა, რომელნიც „აპოლონ ომფალოსის“ სახელითაა ცნობილი. მიუხედავად მთელი რიგი მსგავსებისა, ვანელი ჭაბუკის ტორსი მაინც გამოირჩევა რიგი თავისებურებებით. პირველ რიგში ესაა უფრო მეტი სრულყოფილება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამაკაცურობა.

რაც შეეხება ქანდაკების დათარიღებას, ვიდრე არაა აღმოჩენილი თავდაპირველი ადგილსამყოფელი, ძნელია რაიმის გადაჭრით თქმა, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქანდაკება ვანში ძვ.წ.აღ II ს. (მეორე ნახევარში) აღიმართა. ყოველ შემთხვევაში ვანში აღმოჩენილი ქანდაკება უძველესია დღემდე ცნობილი ელინისტური ხანის იმ კლასიცისტურ ქანდაკებებს შორის, რომლებიც მკაცრ სტილზეა ორიენტირებული. ახლა საფიქრალი ისაა, ქანდაკება ადგილზე დამზადდა, თუ აუცილებლად შემიტანილი უნდა იყოს?

ცხადია, ბერძნულ-ელინისტური კულტურის გავლენა, ბრინჯაოს დამუშავებისა და რეწვის მეთოდის მსგავსება თვალშისაცემია, მაგრამ ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი შეიძლებოდა ადგილზეც დაემზადებინათ ადგილობრივ ოსტატებს უცხოური სტილის ზეგავლენითა და მიბაძვით? განა არ შეეძლოთ კოლხ ოსტატებს მსგავსი ქანდაკებების შექმნა ადგილზე, თუ ოქრომქანდაკებლობის ისეთ ბრწყინვალე ნიმუშებს ქმნიდნენ, რომელთაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებათ? ვანში აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობათა მრავალრიცხოვნება და თავისებურებანი მათი ტექნიკური და მხატვრულ-სტილისტური ერთიანობა ხომ აშკარად მიუთითებს, ადგილობრივ პროფესიონალ ოქრომჭედელთა ძლიერი სკოლის არსებობაზე.

ახლა დაბეჯითებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ძვ.წ.აღ VI-IV საუკუნეებში პირველ რიგში სწორედ ვანში არსებობდა პროფესიონალ ოქრომჭედელთა ძლიერი კერა, რომელიც ურთულესი ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით (კერვა, ჭედვა, რჩილვა, გავარსი, ტვიფრვა) საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს. გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ძვ.წ.აღ. VI-IV სს. მახლობელი აღმოსავლეთის ოქრომჭედლობის ცნობილი ცენტრების (აქამენიდური, ირანი, ეგვიპტე, კვიპროსი, ლიდია) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ და სწორედ ამიტომ იბადება კითხვა: რატომ ვერ შეძლებდნენ კოლხები ბრინჯაოს ქანდაკებების შექმნას, თუნდაც ანტიკური სტილის რომაელი მიმბაძველებივით აქ, ადგილობრივ?

ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ბრინჯაოს ფრაგმენტია ფიქსირებული, ამათგან კიდევ რამდენიმე ასეული სხვადასხვა ქანდაკებისაა, ანუ ნაწილი გაურკვეველი ფორმისაა, გამოდის რომ ქალაქში ათეულობით ქანდაკება მდგარა. აქედან, რამდენიმე სანტიმეტრიანი სკულპტურით დაწყებული, მონუმენტურ ქანდაკებამდე დამთავრებული. მიუხედავად წერილის ფორმატისა, არაფრით არ შეიძლებოდა ყურადღების მიღმა დაგვეტოვებინა ვანის მონაპოვარის მნიშვნელოვანი ექსპონატი - გამარჯვების ქალღმერთი „ნიკე“, ის 1968 წელს ცენტრალური ტერასის ე.წ. „მოზაიკურიატაკიანი ტაძრის“ გათხრისას აღმოჩნდა. ფრთოსანი ქალღმერთი გამოსახულია მაღლა აწეული მკლავებით და ფრთებით, ერთი ფრთა ოდნავაა დაზიანებული, ერთი ფეხი წინ აქვს წამოწეული და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ქალღმერთი ეს-ესაა ოლიმპოს მთიდან დაეშვა. ქანდაკება 18 -სან. და დიონისეს წრის ღვთაებათა ნიღბებით შემკულ ბრინჯაოს ჭურჭელს აგვირგვინებდა.

ბრინჯაოს ნივთებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სიუხვე მცირე ზომის სწორკუთხა, ზოგჯერ პოლიგონალური ბრინჯაოს თხელი ფირფიტებისა, ე.წ. ჩასართებისა, რომლებიც განკუთვნილი იყო ბრინჯაოს სხმული ქანდაკებების ზედაპირზე არსებული დეფექტების დასაფარავად. მათი აღმოჩენა უყოყმანოდ მიუთითებს დიდი მასშტაბის სკულპტურის არსებობაზე. პარალელურად ნაპოვნია ქანდაკების ფრაგმენტები, რომელთაც ხედაპირზე ფოსოები აქვთ ამოკვეთილი. ესაა გლუვფსკერიანი ოთკუთხა, ზოგჯერ მრავალკუთხა ბუდეები, რომლებიც ამოკვეთილია ქანდაკების ზედაპირზე იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ბუშტულებმა ჩამოსხმისას წარმოქმნეს ნახვრეტები, ანუ ე.წ. ნიჟარები. მათი დაფარვის მიზნით ხდებოდა ნიჟარების ნაპირების შემოჭრა და ფსკერის გაგლუვება, გაქლიბვა, რათა გამლღვალი ლითონი კარგად ჩამჯდარიყო მათში. შემდეგ ზედაპირის დამუშავების შედეგად, ეს ნაკერი შეუმჩნეველი ხდებოდა. თუ არა საგანგებო ძალით, ძნელია ამ ჩასართების ბუდეებიდან ამოყრა. ცხადია, ყველა ეს ქანდაკება ადგილზე დაიმტვრა, სწორედ ამით აიხსნება მათი ფრაგმენტულობა და ჩასართების თავმოყრა ერთ ადგილას. არსებობს სარგონის სასახლის რელიეფი, სადაც ასეთი სცენაა: — ასურელები ბრინჯაოს დიდ ქანდაკებას ადგილზე ამსხვრევენ ცულებით. - ასე იქცეოდნენ ლითონის ძიების მიზნით, მიჰქონდათ ის როგორც ძვირფასი ნადავლი და მერე საკუთარი ქანდაკების, თუ საბრძოლო იარაღების ჩამოსასხმელად იყენებდნენ.

საფიქრებელია, რომ ბრინჯაოს ქანდაკების დამზადება ხდებოდა ვანშიც, ადგილობრივი ოსტატების მიერ, რომლებიც ბრწყინვალედ იყვნენ დაუფლებულნი ელინისტური ხანის ხელოვნების კანონებს და ლითონის ჩამოსხმის ტექნიკას. 1989 წელს, ვანში, ცენტრალურ ტერასაზე, მის ჩრდილოეთ ნაწილში, გამოვლენილია ბრინჯაოს სამსხმელო სახელოსნოს ნაშთები, წარმოდგენილი სამსხმელო ორმოთი და მასთან მიერთებული არხებით. საბერძნეთში არსად არ არის შემორჩენილი ლითონის სადნობი ქურა - ქურა ტიგელი ან ქურა - შახტა. (საბერძნეთში მიკვლეულია, ძირითადად, მხოლოდ სამსხმელო ორმოები.) როგორც ჩანს, იგი ძვ.წ.აღ მეორე საუკუნის დასასრულისას და პირველის დასაწყისში ფუნქციონირებდა. ესაა კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი ოვალური ფორმის ორმო, რომლის კედლები მორგებულია ერთმანეთთან თიხით დაკავშირებული კრამიტის ნატეხებით. ორმოს ორივე მხარეს, გარეთ გამართულია არხები, როგორც ჩანს, ცვილისა და ბრინჯაოს თხევადი მასების გამოსასვლელად. ყალიბის ირგვლივ ცეცხლი ინთებოდა ცვილისა და ყოველგვარი სინოტივის გამოსაწვავად. სწორედ, სამსხმელო ორმოა ნაპოვნი ვანის სამსხმელო სახელოსნოს ნაშთებთან. მის ძირზეც ძლიერი ცეცხლის კვალია. ის წარმოადგენს თირში ამოკვეთილ ოვალურ ორმოს, საფეხურისებურად ჩაჭრილი და წაგრძელებული ფორმით.

ვანის სამსხმელო ორმოს ძირი ძლიერ დამწვარია, მის ცენტრში კი ქვის ფილა – ყალიბის ბაზისი დევს. სამხრეთის მხრიდან არხი უფრო დაბალია, ჩრდილოეთის მხრიდან კი ღრმა. სივრცე ორმოსა და არხს შორის ქვითაა ამოქოლილი. გარდა ქვის ბაზისისა, ორმოს შიგნით ჩარჩენილი იყო ყალიბების ფრაგმენტები. ვანის სამსხმელო ორმოს მიმდებარე ფართობიდან ასევე ყალიბების ფრაგმენტები, უამრავი ბრინჯაოს შლაკი, ძაბრის - სასხამის ბრინჯაოს წვეთები — ე.წ. ნაღვენთები. ისინი ხშირად იჩენს თავს, სადაც ლითონია შეგროვებული ხელახალი გადადნობისთვის.

ძნელია იმის თქმა, თუ რა ტიპის ქანდაკებები იყო ჩამოსხმული ამ სამსხმელოში, მაგრამ ყალიბისა და საბამის მასშტაბის მიხედვით აქ დიდი სკულპტურა ჩამოისხმებოდა. სამსხმელო ორმოს ზომები ამის უფლებას გვაძლევს. ალბათ ამ სახელიასნოში უნდა შექმნილიყო ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი, ამ მოსაზრებას განამტკიცებს ზოგიერთი ტექნიკური ხასიათის ნიშანიც, ესაა ბერძნულისთვის უჩვეულო შენადნობის შედგენილობა.

რაც შეეხება ვანის სკულპტურების ბერძნულ ხასიათს, ცნობილია, რომ ოსტატები და მოდა ელები ბერძნულ ცენტრებს ძლიერ დაშორებულ ქვეყნებში მოგზაურობდნენ და ასე ვრცელდებოდა კანონიკური მხატვრული სახეები ელინისტური სამყაროდან მოწყვეტილ რეგიონებში,ზემოაღწერილი მონაცემები მოწმობს, რომ ანტიკური ხანის კოლხეთში და არა მარტო კოლხეთში კარგად იცნობდნენ ბრინჯაოს ღრუ ქანდაკების ჩამოსხმის ხელოვნებას და მისი დამუშავების ტექნოლოგიებს.

---------------------------------------------------------------

გამოყენებული ლიტერატურა

1. ვანი VIII.

2. Отар Лорткипанидзе, "Наследие древней Грузии"

3. ე. გიგოლაშვილი, ვ. თოლორდავა, მ. ფირცხალავა, „ბრინჯაოს ქანდაკება და ბრინჯაოს წარმოების ნაშთები ვანის ნაქალაქარზე."

4. ოთ. ლორთქიფანიძე. „ვანი - „ოქრომრავალი“ კოლხეთის უძველესი რელიგიური ცენტრი.“