topmenu

 

მ. ივანიშვილი - ხეების სახელები ქართველურში: ნეკერჩხალ-, ურთხელ-, ძმერხლ-, წყავ-

<უკან დაბრუნება

მარინე ივანიშვილი

ხეების სახელები ქართველურში:

ნეკერჩხალ-, ურთხელ-, ძმერხლ-, წყავ-

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

Faculty of Humanities

ენათმეცნიერების საკითხები

ISSUES OF LINGUISTICS

2015

წყარო

მცენარეთა სახელები, მათი მნიშვნელობები და ამ სახელებთან დაკავშირებული რეალური ბოტანიკური სახეობები შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთმანეთზე დამოკიდებულ სისტემათა სიმრავლე. ამ სისტემათა ბუნება და ერთმანეთზე დამოკიდებულება აიხსნება სამი მიდგომის გაერთიანების საფუძველზე.

პირველი მიდგომა არის ლინგვისტური, უპირველეს ყოვლისა, ფონოლოგიური და მორფოლოგიური, რომლის საფუძველზე გვეძლევა ძირითადი ინფორმაცია პროტოფუძეების (ძირების) ფონოლოგიური და მორფოლოგიური შედგენილობის შესახებ. პროტოფონოლოგიასა და მორფოლოგიას ეფუძნება პროტოსემანტიკური ინტერპრეტაციები. ამ შემთხვევაში სინტაქსი ნაკლებ მნიშვნელოვანია პროტოტექსტების არარსებობის გამო, გარდა იმ მცირე გამონაკლისებისა - პროტოსინტაგმებისა, რომლებიც ხეთა სახელებს შეიცავენ. ფონოლოგიური და მორფოლოგიური პარამეტრები შეადგენენ ლინგვისტურ სისტემას.

მეორე, პროტოფორმათა მნიშვნელობა უნდა აიხსნას, ერთი მხრივ, სიტყვისა და სიტყვათა ოჯახების ტრადიციული მეცნიერული ეტიმოლოგიებისა და, მეორე მხრივ, თანამედროვე ლინგვისტური ეთნოგრაფიისა და სტრუქტურული სემანტიკის მონაცემების კომბინაციის საფუძველზე. ეს უკანასკნელი ემყარება მორფემათა და სიტყვათა სიმრავლეებსა და ამ სიმრავლეთა განსაზღვრულ სემანტიკურ ნიშანთა შორის არსებულ კონტრასტულ და ვარიანტულ მიმართებებს. აღნიშნული ფილოლოგიური და ეთნოგრაფიული პარამეტრები შეადგენენ სემანტიკურ სისტემას.

მესამე, რეკონსტრუირებული ლექსიკონი შეიძლება მიემართებოდეს მონაცემებსა და სისტემებს, რომლებიც არც ლინგვისტურია და არც სემანტიკური. ამგვარი მონაცემები შეიძლება იცვლებოდეს არქეოლოგიური აღმოჩენებიდან (მაგ., მუხის ძელის შედგენილობა), პალეობოტანიკური მტვრის დიაგრამებამდე. არალინგვისტურ და არასემანტიკურ მთლიან ინფორმაციულ ველს ექსტერნალურ სისტემას უწოდებენ.

ასეთი კომპლექსური მიდგომა მომდინარეობს იქიდან, რომ ლინგვისტიკა სწავლობს ბგერებისა და მნიშვნელობების სისტემებს ბუნებრივ ენაში და რეალობის ამ ორ დონეს შორის კავშირს; ივარაუდება, რომ ლინგვისტური (აქ ლექსიკური) მნიშვნელობა დაკავშირებულია ადამიანის ყოფასა და კულტურასთან. კომპლექსური მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ ერთ ხაზს ენობრივი იერარქიისა, არამედ ეძიებს ყველა ღირებულ საბუთს იმისათვის, რომ მოგვცეს სრული ინფორმაცია წინარე ენის მატარებელთა ყოფისა და კულტურის შესახებ (Friedrich 1970). (103) მცენარეთა სახელები პარადოქსულ სურათს ქმნიან. ერთი მხრივ, ისინი არიან ბაზისური სემანტიკური პრიმიტივები (საწყისი ერთეულები), მეორე მხრივ, მათი რეფერენტების ბუნებიდან გამომდინარე, იცვლებიან ეკოლოგიური ვითარებისა და ამა თუ იმ ენაზე მეტყველთა ერთობის ახალ რეგიონებში მიგრაციასთან ერთად. ამიტომ მცენარეთა სახელების შესწავლა, ერთი შეხედვით, თითქოს არ უნდა იძლეოდეს იმგვარი უნივერსალური, გაფართოებადი მოდელების აგების შესაძლებლობას, როგორიც ნათესაობის ტერმინების, ან ფერთა აღმნიშვნელი სახელების შემთხვევაში გვაქვს (Berlin, Kay 1969; სოსელია 1979, 1999) და თავდაპირველად შეიძლება მხოლოდ ენის ისტორიის, ან ამა თუ იმ ენის მატარებელთა პირველსაცხოვრისის დამახასიათებელი მცენარეული სამყაროს დადგენისა და იდენტიფიცირების საშუალებად მიგვეჩნია. მაგრამ სწორედ ამ რიგის საკითხების კვლევისას წარმოჩინდება ის უაღრესად საინტერესო პრობლემატიკა, რომელიც ადამიანის აზროვნების უმნიშვნელოვანეს სფეროს - გარე სამყაროს კატეგორიზაციის მექანიზმს უკავშირდება. ენის კოგნიტიური ფუნქცია, რომლის შესახებ ჯერ კიდევ გ. ახვლედიანი წერდა (ახვლედიანი 1949), ყველაზე ნათლად სწორედ ამ მიმართულებით იჩენს თავს. ამ თეორიული წანამძღვრების საფუძველზე ვიძლევით ნეკერჩხალ-, ურთხელი-, ძმერხლ-, წყავ- – ფუძეების ანალიზს ქართველურ ენებში.

1. "ნეკერჩხალი"

ნეკერჩხალი ფოთლოვანი ხეა; აქვს სამ-ხუთნაკვთიანი ფოთლები და ორფრთიანი ნაყოფი. იზრდება ტყეებში. მერქანს ფართო გამოყენება აქვს სახარატო საქმეში (ქეგლ). ა. მაყაშვილის "ბოტანიკურ ლექსიკონში": ნეკერჩხალი (Acer) სბ. ნეკერჩხალი; გურ. ლეკერჩხალი; სვან. ფიხვრა, ბიკინჩხალ; (Acer campestre L.) ქართლ. და კახ. ნეკერჩხალი, ნაკერჩხალი; მთიულ. ნაკენჩხალი; ფშ. კემერჩხალი; ხევს. კიმერჩხალი, ხემაგარა; ფშ., ხევს. კენერჩხალი; ზმ.-იმ. მეკერჩხალი; გურ. ლეკონჩხალი; ინგილ. ნეკLრჩხალ; აჭ. ლეკმაკენჩხა; მეგრ. ლაკინჩხა, მეხიკალი; სვან. ბიკენჩხალ. ქართ. ნეკერჩხ-ალ-ი; მეგრ. ლაკინჩხ- ლაკინჩხ-ა "ნეკერჩხალი" ფუძეების შეპირისპირების საფუძველზე *ნე-კერჩხა- არქეტიპი ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის აღადგინა გ. კლიმოვმა (Klimov 1998:140).

ქართულ ნეკერჩხ- ფორმას შეესატყვისება მეგრული ლაკინჩხ- (<*ნაკინჩხ-< <*ნაკირჩხ-; რჩ>ნჩ გადასვლა პოზიციურია, იხ. ჟღენტი 1953:123-124; ნ-ნ>ლ-ნ დისიმილაციით, რაც ახასიათებს დასავლურ ქართველურ არეალს. ჩ-ს შემდეგ ქ არ განვითარდა ხ-ს დისიმილაციური ზეგავლენით; ამ მოვლენის შესახებ მიუთითა გ. მაჭავარიანმა, იხ. გამყრელიძე 1959:21; ქართ. ე: მეგრ. ი: ლაზ. ი პოზიციური შესატყვისობისათვის იხ. მელიქიშვილი 1975:122-128). (104) სავარაუდებელია, ნეკერჩხ- რთული შედგენილობის ფუძე იყოს (ფენრიხი, სარჯველაძე 2000). ზემოთ მოხმობილ მასალაში სვანური ეკვივალენტის შესახებ არაფერია ნათქვამი. არს. ონიანის ლექსიკონში აღნიშნული ფუძე შემდეგნაირად არის განმარტებული: ბეკენჩხალ- მეგემ ლი ი ბალას ი თოთ კელს ლგჯე ხოგ, клёнь - ნეკერჩხალი ხე არის და ნორჩ ღეროში რძე უდგას. ბიკენჩხალ - ხოჩა მეგემ ლი. ამშა ფაუ ლახ ჯეღჳენი, მათხეფ ლოქ დეშ ხეთხფენი - ნეკერჩხალი კარგი ხე არის, მისი ჯოხი თუ გიჭირავს (გაქვს), მოჩვენება (ავი სული) არ გავნებს (ონიანი 1917).

ვ. თოფურიასა და მ. ქალდანის "სვანურ ლექსიკონში" ბიკენჩხალ-ისა და მისი ვარიანტების შესახებ ვკითხულობთ: ბიკენჩხალ (-იშ, -ხალარ) ბზ., ბიკენჩხალ, ბიკუნჩხალ, ბიკგნჩხალ (-იშ, -არ) ლაშხ., ბიკინჩხალ (-იშ, -ხალალ ლნტ.) - ნეკერჩხალი. ბიკენჩხალ ხოჩა მეგემ ლი (ლაშხ., ხორ.5) - ნეკერჩხალი კარგი ხეა, შდრ. ნაკუერცხ. ბიკინჩ იგივეა, რაც ბიკ. ბიკინჩხალ იგივეა, რაც ბიკენჩხალ. ბიკგნჩხალ იგივეა, რაც ბიკენჩხალ. ბიკ (-იშ, -არ ზს., ლნტ., -არ ლშხ.), ბიკინჩ ლნტ. - კუნძი, ჯირკი. ბიკ ჯიცხახა? (ბზ) - კუნძი გირჩევნიათ?... და სხვ. გადატ. ზარმაცი, შეუგნებელი, უჯიათი, გაუგებარი ადამიანი. იმჟი ბიკ ხი? (ბზ.) - რა გაუგებარი ხარ? (თოფურია, ქალდანი 2000). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გ. კლიმოვის, ჰ. ფენრიხისა და ზ. სარჯველაძის ვარაუდით, ნეკერჩხ- რთული შედგენილობის ფუძე უნდა იყოს, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სვანური ფუძეც; ქართ. ნე-კერჩხ-ალ: სვან. ბი კენჩხ-ალ. აქაც, როგორც მეგრულში, რჩ>ნჩ გადასვლა პოზიციურია, ხოლო ჩ-ს შემდეგ ქ არ განვითარდა ხ-ს დისიმილაციური ზეგავლენით (შდრ. *კრჩხ-, *ჩხ-, *ჩხამ-, *ჩხართუდა სხვ.). ამგვარად, შესაძლებლად მიგვაჩნია ქართულ და მეგრულ შესატყვისებს დაემატოს სვანური ფუძეებიც და *ნეკერჩხ- არქეტიპი აღდგეს უკვე საერთო-ქართველური ფუძეების დონეზე.

2. "ურთხელი"

ურთხელი მაღალი, წიწვოვანი ხეა; აქვს მეტად ძვირფასი მოწითალო ფერის გამძლე მერქანი, მობრტყო წიწვი და მაგარი თესლი, რომელიც თითქმის მთლიანად დაფარულია კაშკაშა-წითელი, მოტკბო რბილობით; იზრდება მთის ტყიან სარტყელში, უმთავრესად წიფლნარებში (ქეგლ). ა. მაყაშვილის "ბოტანიკურ ლექსიკონში" ურთხელის შესახებ შემდეგი ცნობებია მოტანილი. ურთხელი (Taxus, baccata L.), კახ., ფშ., ხევს. უთხოვარი; რაჭ., ლეჩხ., იმერ., გურ. ურთხმელა, ურთხველა; აჭ. მადა, ურთხმელა, სატილია; ქვ.- რაჭ. წუთული (ნაყოფი); ქართლ. ურთხლი; სბ. საჯი; მეგრ. ურთხელი; სვან. ურთხელ, შაჲრა. (105) აღნიშნული ფუძე დასტურდება სულხან-საბასთან: ურთხლი (ურთხლი ABCDE) (ხე) ძელი ულპოლველი ZAB. უთხოვარი, საჯი CD. მეგრულში, როგორც ჩანს, ქართულიდან ნასესხები ფუძეა: ურთხელ-ი/-ა: ურთხელიში ოფორალი, ჯორი გედგ ბზაკალიში: ქხს, I გვ. 339 - ურთხელის საფარველი (აქვს), ჯორი უდგას ბზისა (ქაჯაია 2002). რაც შეეხება სვანურ ფუძეს, არს. ონიანის ლექსიკონში: ურთხელ ლეჩხ. "ურთხელა" (негной дерево); ურთხელა ბიმბილაჲ, ურთხლა მეგემს ხეშან წგრნი ბიმბილარ, მეჳარ მუჭხჳი ლი ლეზობდ. ჩულუქჳელემი ჟაგ ლოგ ლი - ურთხლის ხეს ასხია წითელი ბიბილები. ძალიან ტკბილია საჭმელად. გაციების წამალი არის (ონიანი 1917). იგივე ფუძე აქვს მოტანილი კ. დონდუასაც: ურთხელ - ურთხელი (Тис) (დონდუა 2001). ქართულ და სვანურ ძირთა საერთო-ქართველური სტრუქტურა გვავარაუდებინებს საერთო-ქართველურ *ურთხ-ელ- არქეტიპიდან მათ წარმომავლობას.

3. "ძმერხლი"

ქვევრებისა და ჭურების გასარეცხად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დღემდე ხმარობენ სარცხელს, სარცხს (შდრ. მეგრ. ორჩხაშე, ორჩხეში || ორჩხიში, "რეცხა" ზმნისგან ნაწარმოები ტერმინი: ორჩხუ-ში = სარცხ-ის-ი), რომელიც წარმოადგენს გრძელ, მაგარ, სწორ სარს, ბოლოში წამოცმული და ორივე მხრიდან დამაგრებული ალუბლის მრავალკეცი ქერქით (ჯავახიშვილი 1986:659). სამეგრელოსა და გურიაში სარს ბოლოში ძმერხლის ფოთლების კონა აქვს წამოცმული. "ბოტანიკურ ლექსიკონში": ძმერხლი (Ruscus hypophyllum L.) იმერ. ჯმერხლი, რაჭ., ლეჩხ. ჯილმეხი; ლაზ. ზერმეხი, ზურმეხი; მეგრ. ზორმეხი; სვან. ზგმეხ. ო. ქაჯაიას "ქართულ-მეგრულ ლექსიკონში": ზორმეხი - ბოტან. ძმერხლი, შდრ. ლაზ. ზერმეხი, ზურმეხი (ნ. მარი, ა. მაყაშვილი). ქართ. ძმერხლ-: მეგრ. ზორმეხ-: ლაზ. ზერმეხ- || ზურმეხ-: სვან. ზგმეხ- "ძმერხლი" შესატყვისობის საფუძველზე შესაძლებელია აღვადგინოთ ს.- ქართველური *ძმერხლ- არქეტიპი შემდეგი გარდაქმნების საფუძველზე: ს.-ქართ. *ძმერხლ- ფუძემ ქართულში მოგვცა ძმერხლ-, -ლ სუფიქსური ელემენტია, რაზეც მეგრულის, ზანურისა და სვანურის შესაბამისი ფუძეები მიგვანიშნებს. მეგრულსა და ლაზურში ადგილი ჰქონდა შემდეგ გარდაქმნებს: ს.-ქართ. *ძმერხლ- : ზან. ძრმეხლ-, რომელმაც მოგვცა მეგრ. ზორმეხ- და ლაზ. ზურმეხ-; ანუ განხორციელდა შემდეგი ფონეტიკური პროცესები: ძ >ზ დეზაფრიკატიზაცია, სონანტი რ-ს მეტათეზისი და რ> ორ (S>VS) გარდაქმნა. სვანურში ძ>ზ დეზაფრიკატიზაციისა და ძირის შემდგომი გამარტივების (რ>Ø) შედეგად, გვაქვს ზგმეხ- "ძმერხლი" ფუძე.

4. "წყავი"

მწყავი (ხე) - ბალს ჰგავს. ZABCDE - ასე განმარტავს სულხან-საბა. "ბოტანიკურ ლექსიკონში": წყავი (Laurocerasus officinalis Roem). ქართლ. ჩქერი; ქვ. რაჭ., ლეჩხ. შკერი; ზმ. რაჭ. ლეშკერი, ლეშკი; სბ. მწყავი, ლაზ. მწკო, მწკოლი, წუ; მეგრ. წყილი, წყი, წყივი, წყოვი, წყოი; სვან. წყავ, წყევ. მეგრულში: წყი, წყიი (Кипшидзе 1914); წყიჲ - წყავი (ჭარაია 1997); წყე-ი, წყი-ი, წყი, წყილი, წყოვი, წყოი; შდრ. ლაზ. მწკო, მწკოლი, წუ (მაყაშვილი 1961): თუნთის წყიშა ვემკალენია: ხალხ. სიბრძნე 1994:56 - დათვი წყავს გვერდს ვერ აუვლისო (ქაჯაია 2002). სვანურში: წყეუ (-იშ, -არ) ზს., წყაუ (-არ) ლაშხ., ბოტან. 1. ბზ. ძაღლყურძენა. 2. ბქ. წყავი. ნენჩას ხაგ წყეუ (ბქ. 228) - ტყეში წყავი არის (დგას). ჰ. ფენრიხსა და ზ. სარჯველაძეს წყავ- ფუძე ეტიმოლოგიურ ლექსიკონში არა აქვთ შეტანილი. გ.კლიმოვი აღადგენს *წყავ- არქეტიპს საერთო-ქართველური ფუძეენისთვის. მისი აზრით, ზანური გახმოვანება მიგვანიშნებს კონსონანტური აუსლაუტის თავდაპირველობაზე. ქართული და სვანური ფორმები ბოლოკიდური *ვ-ს სიძველეზე (შდრ. ტოპონიმი წყავაშ-). თავკიდური მ ლაზურში მეორეულია. ნ.მარი თვლიდა მეგრულ ფორმას ქართულიდან შესულად (Марр 1915), ქართული და ზანური ფუძეები შეაპირისპირა არნ. ჩიქობავამ (ჩიქობავა 1938:130; Климов 1964). ზანური ფუძე ქართულიდან არ არის შესული, ის ქართულის კანონზომიერი შესატყვისია ს.-ქართვ. * წყაუ-ი > ქართ. წყავი : ზან. * წყოუ-ი > მეგრ. ჭყოი, წყიი, ||წყი "წყავი", მეგრულისთვის დამახასიათებელი ხმოვანთშერწყმის შემდეგი წესის თანახმად: ო - ი → ი. ხმოვანთა ამგვარი შერწყმა ხდება - VCV - მიმდევრობაში ინტერვოკალური C თანხმოვანის ჩავარდნის შედეგად, როდესაც ორი ხმოვანი ერთმანეთის მეზობლობაში აღმოჩნდება (ძირითადად, ვ თანხმოვანის შემთხვევაში). ანალოგიური შემთხვევებია: *მკლაუ-ი > ქართ. მკლავი : ზან. *მკ£ოუ- ი > მეგრ. *კილოვი, *კილოი, კილი "მკლავი"; *ს1თაუ- ი > ქართ. თავ-ი: ზან. თოU- ი > მეგრ. *თოი, თი "კერძი, თავი" და სხვ. (გუდავა, გამყრელიძე 1981). ასე რომ, *წყავ- არქეტიპი უდავოდ საერთო-ქართველური ფუძეა.

ლიტერატურა

ახველდიანი 1999: გ. ახვლედიანი, ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, სპუ, თბილისი.

გამყრელიძე 1959: თ. გამყრელიძე, სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა, თბილისი.

გუდავა, გამყრელიძე 1981: ტ. გუდავა, თ. გამყრელიძე, თანხმოვანთა კომპლექსები მეგრულში, თსუ კრებული `აკაკი შანიძეს~, თბილისი.

დონდუა 2001: კ. დონდუა, სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი, სპუ, თბილისი.

თოფურია, ქალდანი 2000: ვ. თოფურია, მ. ქალდანი, სვანური ლექსიკონი, ქართული ენა, თბილისი.

მაყაშვილი 1961: ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, საბჭოთა საქართველო, თბილისი.

მელიქიშვილი 1975: ი. მელიქიშვილი, ე>ი პროცესი ზანურ დიალექტებში და ხმოვანთა შესატყვისობის ერთი დარღვევა ქართველურ ენებში, "მაცნე", ენისა და ლიტერატურის სერია 4, თბილისი.

ონიანი 1917: არს. ონიანი, ხეებისა და მცენარეების სვანურ სახელთა ლექსიკონი, პეტროგრადი (Сборник сванских названий деревьев и растений, Петроград).

ჟღენტი 1953: ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თსუ, თბილისი.

სოსელია 2009: ე. სოსელია, სემანტიკური უნივერსალიები და ქართველური ენები: ფერთა კატეგორიზაციის მოდელები, ნეკერი, თბილისი.

ფენრიხი, სარჯველაძე 2000: ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, სპუ, თბილისი.

ქეგლ 1950-1964: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, 1-8 ტომი, მეცნიერება, თბილისი.

ქაჯაია 2002: ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკინი, 1-3 ტომი, ნეკერი, თბილისი.

ჩანტლაძე, ნაკანი 2014 : ი. ჩანტლაძე, ნ. ნაკანი, სვანეთის ფლორა, თბილისიმესტია-ბათუმი.

ჩიქობავა 1938: არნ. ჩიქობავა, ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა, ტფილისი.

ჭარაია 1997: პ. ჭარაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, სპუ, თბილისი.

ჯავახიშვილი 1986: ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, „თხზულებანი თორმეტ ტომად“, ტ.V, საქ. მეცნ. აკად., თსუ, თბილისი.

ხალხ. სიბრძნე 1994: ხალხური სიბრძნე, ტ. I, მეგრული და ლაზური ანდაზები, შემდგ.: რ. შეროზია, ო. მემიშიში, რედ. ქ. ლომთათიძე, თბილისი.

Кипшидзе 1914: И. Кипшидзе, Грамматика мингрельского (Иверского) языка с хрестоматией и словарем. Материалы по яфетическому языкознанию, С.-Петербург.

Климов 1964: Г. А. Климов, Этимологический словарь картвельских языков, изд-во АН СССР, Москва.

Марр 1915: Н. Я. Марр, Яфетические названия деревьев и растений (pluralia tantum), I-III, ИАН, Санкт-Петербург.

Berlin , Kay 1969: B. Berlin, P. Kay, Basic Colour Terms: Their universality and evolution, University of California Press, Berkley.

Friedrich 1970 : P. Friedrich, Proto-Indo-European Trees, The University of Chicago Press, Chicago and London.

Klimov 1998: G. Klimov, Etymological Dictionary of Kartvelian Languages, Mouton, Berlin/New York

Marine Ivanishvili

Tree Names in Kartvelian: nek’erčxal-, urtxel-, ʒmerxl-, c’q’av

Summary

Tree names are somehow paradoxical. On the one hand, they are basic-semantic primitives, but, on the other, tree names, because of the peculiarities of their referents, are sensitive to ecological changes and migration processes of a speech community.

Exact semantic reconstructions of the proto-forms call for the scrupulous etymological analysis of the reconstructed stems towards the proper lexical-semantic groups allowing to restore the initial meanings of the stems in the systems, to explain the word transitions from one lexical subsystem to another, etc.

The foregoing theoretical discussion prompts us to bring to light new roots of Proto-Kartvelian plant names, make a more precise analysis of old ones, to show the existence of borrowed forms on the proto-level.

On the basis of this theoretical preconditions, the article gives the analysis of the stems nek’erčxal-, urtxel-, Zmerxl-, c’q’av- in the Kartvelian languages.

1. *nek’erčx- “maple” (Acer)

For the Proto-Kartvelian level a complex stem *nek’erčx- is reconstructed on the basis of the following correspondence: Geo. nek’erčx-al-; Megr. lak’inčx- lak’inčx-a; Svan. bik’enčx-äl-; cf. *ne-kerčx-a (Klimov).

2. *urtxel- “yew” (Taxus, baccata L.)

Megr. urtx- must be borrowed from Georgian; a similar structure of the Georgian and Svan roots gives us sufficient ground to assume their origin from Proto-Kartvelian archetype *urtx-el-: Geo. urtx-el- ; Megr. urtx-el (Georgian borrowing); Svan. urtx-el-.

3. *ZmeÕxl- “ruscus” (Ruscus hypophyllum L.)

In Georgian l is a suffix element; in Zan and Svan Z > z is the result of desaffricatisation, is followed by: Proto-Kartvelian Õ > Zan or; and in Svan – ∅. Geo. Zmerxl-; Megr. zormex- ; Laz. zermex- | zurmex- ; Svan. z´mex-.

4. *c’q’av- “cherry-laurel” (Laurocerasus officinalis Roem.)

*c’q’av- is undoubtedly a Proto-Kartvelian stem, which is reconstructed on the basis of the following reconstruction: Geo. c’q’av- ; Megr. c’q’ol-, c’q’e-, c’q’i- ; Laz. mc’k’o(l)-, c’u- ; Svan. c’q’av-, c’q’ev-; сf. *mc’q’aw- (Fähnrich).