topmenu

 

ი. კეკელია - ძიებანი აფხაზეთის ტოპონიმიიდან
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

იგორ კეკელია

ძიებანი აფხაზეთის ტოპონიმიიდან

(დალი, კოდორი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

Faculty of Humanities

ენათმეცნიერების საკითხები

ISSUES OF LINGUISTICS

2015

წყარო

აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიის საკითხებით არაერთი მეცნიერი დაინტერესებულა. უკანასკნელ ხანს საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ამ თემატიკისადმი. გამოქვეყნდა მრავალი მონოგრაფია თუ სტატია, მაგრამ, ასეთი მზარდი ინტერესის მიუხედავად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას შემდეგი: რა კუთხითაც არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხები, აფხაზეთის ტოპონიმთა ლინგვისტური, ექსტრალინგვისტური თუ ისტორიული ანალიზისადმი მიძღვნილი, დღემდე გამოცემული და ჩვენ ხელთ არსებული რამდენიმე მონოგრაფიისა და გამოკვლევის შემთხვევაშიც კი, საბოლოოდ მაინც იმ აპრობირებული შეხედულების აღიარება მოგვიწევს, რის თანახმადაც ბევრი რამ გამოსამზეურებელია და კვლავ საგანგებო კვლევას საჭიროებს. შესასწავლია მრავალი ტოპონიმის ისტორია-ეტიმოლოგიასთან დაკავშირებული, ბურუსით მოცული არაერთი საკითხი. აფხაზეთის საისტორიო გეოგრაფია და ტოპონიმია კვლავ ერთგულ მჩხრეკელსა და გამომცემელს ელის... წინამდებარე ნაშრომში წარმოვადგენთ აფხაზეთის ორი ტოპონიმის – დალისა და კოდორის ისტორიასა და ეტიმოლოგიურ ანალიზს. ისტორიული მისიმიანეთის ფარგლებში შემავალი კოდორის ხეობის ზემო წელი დალის ხეობის, ხოლო ხეობაში მდებარე სოფელი დალის სახელით არის ცნობილი. იგი დასავლეთიდან ხვარაშ-ჯერილის მთაგრეხილით ესაზღვრება მესტიის რაიონს. დალ სვანეთიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთში გადასვლა კი შესაძლებელია კლუხორისა და მარუხის უღელტეხილებით (მარგიანი 1998:134). დალის სვანეთი მოიცავს მდ. კოდორის ოთხი შენაკადის - აძგარის, ყულუჩის, გვანდრისა და საკენის აუზში მდებარე ტერიტორიას. მისი ფართობია 650 ჰა. აქედან 350 ჰა საკარმიდამო და სახნავ-სათიბი მიწებია, დანარჩენი კი - ტყის მასივები და ალპური საძოვრები (მარგიანი-დადვანი 2005:40). "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" ცნობით, დალი ეწოდება ისტორიულ მხარეს კოდორის სათავეებში, ახლანდელ გულრიფშის რაიონის ტერიტორიაზე, რაც წებელდის ნაწილს წარმოადგენს. XIX ს-ში დალი მარშანიების ფეოდალური საგვარეულოს ერთი შტოს გამგებლობაში ყოფილა. 1832 წელს ეს მხარე ფორმალურად, ხოლო 1837 წლიდან, ფაქტობრივად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო... 1867 წელს ცარიზმმა დალის მთელი მოსახლეობა წებელდის სხვა მცხოვრებლებთან ერთად ოსმალეთში გაასახლა. შემდგომში აქ დასახლებულან ზემო სვანეთიდან გადმოსული მოახალშენენი (ქსე III, 1978: 350).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით დალი მოიცავს აჟარისა და ლათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს. XIX საუკუნის 30-იან წლებში აფხაზეთის ოლქში დასახელებულია სოფ. დალი (ხორავა 2004:106, და იქვე მითითებული ლიტერატურა). გ. გასვიანის თქმით, XIX ს-ის 30-იან წლებამდე დალი უშუალოდ სვანეთის მთავარ დადეშქელიანთა მფლობელობაში იყო. ამ მიწა-წყლით მოსარგებლე მარშანიები მათ მნიშვნელოვან იჯარას უხდიდნენ, მაგრამ იმავე საუკუნის 40-იანი წლებისთვის მეფის რუსეთმა ყველაფერი წაართვა ჩრდილო კავკასიასა და დალში (გასვიანი 1991:26-32; მისივე 2011:197). დალის თემის სოფ. დალიდან 1867 წელს, აფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლების დროს, თურქეთში გადაუსახლებიათ 106 სული. აფხაზ მუჰაჯირთა სიაში დასახელებულია შემდეგი გვარები: აგაბაშ-იფა, კოჯბაი (კუჯბა), ცვაცვა, ლამხაშ, სათირგია, თერში, ახბა, გუნბა, არგუნ, კაბბა, ახუბა, ბიგუა, ყურდგელ, ყურდგელია, ამჭიბა, მაზუა, აჰმეთ, აძიმბა, ბიგბა, რაფა-იფა, კვაძბა, მატუა, ფინძაჩა, მარშანია, ბარჩან, აბსაბაშ-იფა, ჩოლია, შვხუაწაა, ჯანბერ, ბადლია, თარბაი, ბუთ, ბადია, ჰაჯიმ, აგრუა (ხორავა 2004:157-159). ბესარიონ ნიჟარაძის თქმით, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დალის ხეობა ბუნებას ყოველგვარი სიუხვით აუვსია. აფხაზების გადასახლებამდე ეს ხეობა მარღანიების თუ მარშანიების საკუთრებას წარმოადგენდა; მათ შემდეგ ამ ხეობაში ხან მეგრელები დასახლებულან, ხან - რუსები. 1878 წელს ბ. ნიჟარაძეს უნახავს აქ მოსახლე ერთი მდიდარი რუსის ოჯახი. ჩუბეხევის საზოგადოების სოფ. ცალერში მცხოვრები გვარმიანები ირწმუნებიან, რომ მათი წინაპრები დალის ხეობიდან ჩამოსახლებულან (ციტირება იხ. ჩანტლაძე, მარგიანი-დადვანი 2007:16). XX ს-ის დასაწყისში დალის ხეობაში სვანების ხელახალი გადმოსახლების პროცესი დაიწყო (იხ. უბილავა 1948: 3-4; მიბჩუანი 1989:130-131). მისიმიანეთში სუანო-კოლხების შერეული მოსახლეობის არსებობის გათვალისწინებით სვანური წარმოშობის ტოპონიმთა გავრცელებას ამ მხარეში პ. ინგოროყვა ბუნებრივად მიიჩნევდა და ხეობისა და სოფლის სახელწოდებას - დალ, სვანთა წარმართული პანთეონის ქალღმერთის სახელს - დალს უკავშირებდა (ინგოროყვა 1954:159). ეს მოსაზრება მოგვიანებით გაიზიარა გ. გასვიანმა, რომელიც წერს: "სვანური ტოპონიმია აგრეთვე კოდორის ხეობის სახელი "დალ" (აფხაზეთის სვანეთის სახელი), რომელიც მისიმიანთა ნასახლარია. დალზე, როგორც ნადირობის ქალღმერთზე, სვანურ ფოლკლორში არაერთი მითი და თქმულებაა გავრცელებული. "დალ", როგორც წარმართული ღვთაება, ღრმადაა ჩამჯდარი სვანურ რწმენა-წარმოდგენათა პანთეონში" (გასვიანი 1991:208).

დალის შესახებ ვრცელი მსჯელობა მოცემულია თ. მიბჩუანის გამოკვლევაში. მატრიარქატის ეპოქის დროინდელი ქალღმერთის, სილამაზისა და მშვენიერების განსახიერების, მიუვალ კლდეებში მცხოვრები ოქროსნაწნავებიანი დალის სახე ფართოდ აისახა სვანურ ხალხურ პოეზიასა და მითოლოგიაში. VIII საუკუნის შემდეგ ისტორიის არენიდან გამქრალი სვანთა ერთ-ერთი ტომის - მისიმიანების განსახლების ადგილს კოდორის ხეობაში დღემდე შემორჩა აღნიშნული წარმართული ქალღმერთის სახელწოდება "დალ". სვანეთში ამ კულტის მოსახელე გეოგრაფიული სახელწოდებების - დალი თანაღ, დალია კოჯარ და სხვ., გავრცელება სვანებში დალის კულტის განსაკუთრებული ადგილის მაუწყებელია (მიბჩუანი 1989:343-344). კოდორის ხეობის ზემო წელის - დალის სახელს ნადირობის მფარველი ღვთაების სახელს უკავშირებენ აგრეთვე გ. გასვიანი, თ. გვანცელაძე, ბ. ხორავა და სხვანი (გასვიანი 1998:83-134; მისივე 2011:192, გვანცელაძე 2013:132; ხორავა 2004: 106-107). აფხაზი მეცნიერი ვ. კვარჭია ხეობის სახელს დალ მარშანიას პირსახელს უკავშირებს (კვარჭია 2002:64). თ. გვანცელაძე აკრიტიკებს ამ თვალსაზრისს და შენიშნავს, რომ ვ. კვარჭიას ვარაუდი რაიმე რეალურ საფუძველს არ ემყარება და მიზნად ისახავს სრულიად გამჭვირვალე ქართველური ეტიმოლოგიის მქონე ტოპონიმთა გააფხაზურებას (გვანცელაძე 2013:131). მისიმიანებისათვის დალი ერთ-ერთ უმაღლეს და უმთავრეს ღვთაებას რომ წარმოადგენდა, ამის მიმანიშნებელია თვით მათი განსახლების ტერიტორიის დღემდე მოღწეული სახელწოდება. ამ მხარეს დალი უნდა რქმეოდა XX ს-ის დასაწყისამდე, ანუ სვანების აქ ხელმეორედ დასახლებამდე. XIX ს-ის 50-იანი წლების ცნობით (ლ. ლიულიე), ამ მხარეს დალ ეწოდება. ამასთანავე, ჩვენ ზემოთ დავიმოწმეთ XIX ს-ის 30-იანი წლების ცნობაში სოფ. დალის დასახელების შესახებ (ხორავა 2004:106). მაშასადამე, თ. მიბჩუანის აზრით, ისტორიული მისიმიანეთი დალის სახელს ატარებს უძველესი დროიდან და არა XX ს-ის დასაწყისიდან. "ამ კუთხის ასეთი სახელი მისიმიანთა სვანურობის ხელშეუვალი არგუმენტია, მით უმეტეს რომ დალ ტერმინი უცხოა აფხაზურისათვის. შ. ინალ-იფა დალ ტოპონიმთან დაკავშირებით არაფერს ამბობს" (მიბჩუანი 1989:137). სვანურში დალ დედოფალს, ხოლო დალოდ დედოფალას ნიშნავს. სვანურში არსებული სიტყვა დედფალ "დედოფალი" ქართულიდან უნდა შემოსულიყო. მაშასადამე, სვანთა შორეული წინაპრებისთვის დალი ცნობილი იყო როგორც დედოფალი, სილამაზისა და მშვენიერების განსახიერება, რისთვისაც დროთა განმავლობაში გააკულტეს. სვანთა განსახლების ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დალის კულტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონში ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებდა (იქვე: 345-346).

კ. დონდუა წერს: "დალი, ნადირობის ქალღმერთი... ლახვს ი თანაღს ხაყლუნიხ დალიშდ ი ალიშდ... = საძოვარ მთებსა და დიდ მთებში ეშინიათ დალის და ალის" (დონდუა 2001:74). ქ. მარგიანის დაკვირვებით, დალ-სვანეთში სოფლებისა და უღელტეხილების სახელწოდებანი აგრეთვე მიკროტოპონიმია, ძირითადად სვანურენოვანია. სვანურ ენაზე აიხსნება ბერძნულ -ბიზანტიურ წყაროებში მოხსენიებული ამ სექტორის გეოგრაფიული სახელწოდებანი. გვხვდება რამდენიმე ათეული აფხაზურენოვანი ტოპონიმი. სამ ათეულამდე სახელწოდება აფხაზური ტოპოფორმანტებით (-რა, ბა, -უა) არის გაფორმებული. ერთეულების სახით დამოწმებულია მეგრული და რუსულენოვანი ტოპონიმებიც (იქვე:136). დალ-სვანეთის ტოპონიმიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი სვანურენოვანია, რაც ქრონოლოგიურად შესაძლებელია ორ შრედ, ორ ფენად გაიმიჯნოს: ახალი და ძველი. ახალ ფენას მიეკუთვნება ძირითადად მიკროტოპონიმები, რაც უკავშირდება დალის ხეობაში სვანთა მეორედ თუ მესამედ ჩამოსახლების პერიოდს, ე.ი. XIX-XX სს. მიჯნას. ძველ ფენას მიეკუთვნება ანტიკური პერიოდის ბერძენ თუ რომაელ ავტორებთან, აგრეთვე შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში დაფიქსირებული ტოპონიმები: ფუსდა//ფუსტა, კლუხორ, დარენ, ჩხალთა (ჩახარ// ჩიხარი), კოდორი (კვარჭია 1985:67; მარგიანი 1998:137-138). ქ. მარგიანიც იმ აზრისაა, რომ ხეობის სახელწოდება დალ მომდინარეობს ნადირობისა და მონადირეთა მფარველი სვანური ღვთაების, ულამაზესი ქალღმერთის – დალის სახელისაგან. ამ სახელს იმოწმებენ შუა საუკუნეების მოგზაურები - ლულიე და ნორდმანი. საისტორიო მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ კოდორის ხეობას ეს სახელი უხსოვარი დროიდან, თვით მატრიარქატის ეპოქიდან უნდა ეტარებინა (იქვე: 138).

ადმინისტარციულ-ტერიტორიული დაყოფისა და კუთვნილების თვალსაზრისით საგულისხმოა სვანთა შემდეგი განმარტება: "ალას ხაჟხა დðლÎð ხეობა, ლითხæÎðრი ღëრბეთ – დðლ იცაæდა ალ ხეობას. დðლð ლðმზéრ ჩიგარუ ლახშხედა ამჩუ მეზგე მêრას, ამჩუ მერდე მêრას, ხოშამ ი ხოხრამ!.. ალა ლი დðლÎð ხეობა, დეÎ სამეგრელო-ზემო სუანეთ... მუშæðნéნქა ამჩუ იუალადეღ დóს ხოჩდა... - ამას ჰქვია დალი[ს] ხეობა, ნადირობი[ს] ღმერთი დალი იცავდა ამ ხეობას. დალი[ს] სალოცავი მუდამ შეეწიოს აქ მცხოვრებ კაცს, აქ მყოფ კაცს, უფროსსა და უმცროსს... ეს არის დალი[ს] ხეობა, არავითარი სამეგრელო-ზემო სვანეთია... სვანის გარდა, აქ არავინ ყოფილა არასოდეს..." (მარგიანი-დადვანი 2007:41-42). დალელი სვანები მიიჩნევენ, რომ დალის ხეობა არც აფხაზეთია და არც სვანეთი. ისინი თავიანთ თავს სვანებს კი არ უწოდებენ, არამედ "დალელს" (მé-დðლ) და "დალელებს" (დალ-ðრ). "ფეტვს დალში აღარავინ თესავს, სვანეთიდან გვიგზავნიანო", - იტყვიან ხოლმე ხეობაში. ქართველმა მეცნიერებმა საველე სამუშაოების დროს გაარკვიეს, რომ სვანები დღესაც კი არ აღიქვამენ კოდორის ხეობას აფხაზეთის ტერიტორიად. ამიტომაც უწოდებიათ ხეობისთვის მათთვის უფრო ახლობელი, სვანური სამყაროსათვის ბუნებრივი ტოპონიმი დალ და არა კოდორ (ჩანტლაძე, მარგიანი-დადვანი 2007:17; ჩანტლაძე 2010: 82). სვანების მიერ დალის ხეობის კუთვნილების საკითხის ასეთი გააზრების მიუხედავად და ტოპონიმ "დალის" წარმომავლობაზე მსჯელობისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო დალი, დალé სიტყვის მეგრულმა მნიშვნელობებმა. ესაა "დასავლეთი, დასავალი, დაისი; სერის მომიჯნავე დაბალი და წაგრძელებული გავაკება" (ქობალია 2010:233). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დალის მეგრული წარმომავლობის ოროგრაფიულ ნომენად, კერძოდ, სერის მომიჯნავე დაბალ და წაგრძელებულ გავაკებად გააზრება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დალის ხეობაში ფიქსირებულ გეოგრაფიულ სახელწოდებებში გამოიკვეთებოდა მეგრულენოვან ტოპონიმთა შედარებით მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ზოგადი სურათით თუკი ვიმსჯელებთ, სადღეისოდ ის გარემოება იკვეთება, რომ ხეობის ტოპონიმურ ფონდში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი მაინც სვანურენოვანია. ამის მიუხედავად, უაღრესად ჰიპოთეტურ დონეზე ტოპონიმ "დალის" ჩვენ მიერ წარმოდგენილ განმარტებას არსებობის უფლება მაინც აქვს, თუკი გავითვალისწინებთ მისიმიანთა ეთნიკური ვინაობის შესახებ დღემდე არსებულ მოსაზრებებს შორის ერთ-ერთს. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს პ. ინგოროყვას მოსაზრება, რომელიც მისიმიანეთის მხარის მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობის შესახებ წერს: ძვ.წ. VI-IV სს-ში ჰეკატე მილეტელისა და სკილაქს კარიანდელის გეოგრაფიულ ტექსტებში მოხსენიებული კოლაელნი ეკუთვნოდნენ კოლხურ შტოს და იყვნენ აბორიგენი მოსახლენი მისიმიანეთის მხარისა. შემდეგ ხანებში, არაუგვიანეს ძვ.წ. I საუკუნისა, აქ სვანები ჩამოსახლებულან (სტრაბონის ცნობა). უფრო გვიან ამ ორი ტომის შერევით წარმომდგარა ნარევი ტომი სვანკოლხებისა (სუანო-კოლხნი) ანუ ეგერ-სვანებისა, მეგრელ-სვანებისა... "ხოლო რაც შეეხება მისიმიანებს (ე.ი. მისიმიანეთის მხარეში მოსახლე სვან-კოლხთა ნარევ ტომს), მათი ენა, როგორც პირდაპირ აღნიშნავს აგათია, არ იყო კოლხური (მეგრულ-ლაზური); ამის მიხედვით მისიმიანეთის მხარის მოსახლეობის ენა ყოფილა ან სვანური, ან ადგილობრივი მისიმიანური დიალექტი, რომელიც სვანური და მეგრული ენის შერევის ნიადაგზე წარმოშობილა" (ინგოროყვა 1954:145). მაშასადამე, სტრაბონის მიხედვით "კავკასიონის მთიან მხარეში, დიოსკურიის ზემოთ", ე.ი. ისტორიული მისიმიანეთის ტერიტორიაზე "სუანო-კოლხების", იმავე სვანების, ჩამოსახლებამდე მისიმიანეთში სახლობდა კოლხური (მეგრული) მოსახლეობა - კოლაელნი. ტოპონიმ დალის გაჩენაც სწორედ ძვ. წ. I ს-მდე პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს.

კოდორი

XVIII ს-ის დიდი ქართველი ისტორიკოსის, გეოგრაფისა და პოლიტიკური მოღვაწის - ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა კოდორის ხეობის შესახებ ლაკონიურია, მაგრამ შეიცავს ზოგიერთ უზუსტობასაც: "...მოქვის მდინარის დასავლით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა. არამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი. გარნა მდინარე კოდორი დრანდამდის დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, გამომდინარე კავკასიიდამ, და დრანდიდამ ზღუამდე დის ჩდილოდამ სამხრით. მოიგო სახელი დაბის კოდორისაგან, რომელი არს დრანდას ზეით, ამ წყალზედ, მთაში" (ვახუშტი 1973:781). კოდორის დინების მიმართულება "აღმოსავლიდამ დასავლეთად" ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფ. ამზარამდეა და არა დრანდამდე. ამზარიდან მდინარე სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიედინება და სოფ. აძიუბჟას სამხრეთით, კოდორის კონცხთან შეერთვის შავ ზღვას. კოდორი თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მდინარეა, რაც წარმოიქმნება ორი მდინარის - გვანდრისა და საკენის სოფ. მარცხენა გენწვიშთან შეერთებით. სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. მდინარის სიგრძე გვანდრის სათავიდან 110 კმ-ია, უშუალოდ კოდორად სახელდებული მონაკვეთისა - 84 კმ. აუზის ფართობი 2030 კმ2-ს შეადგენს. კოდორის უმთავრესი შენაკადებია ჩხალთა, მრამბა, ჯამპალი ამტყელით და სხვ (აფხაზავა ქსე 1980:570). კოდორის აუზის ქვემო ნაწილი (ტერასისებური ხეობით) კოლხეთის დაბლობში შედის, უმეტესი, ზემო ნაწილი კი, მასში შემავალი ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებით (მთავარი წყალგამყოფი ქედი, ჩხალთისა და კოდორის (ფანავის) გამყოლი ქედები, ჩხალთა-საკენის გასწვრივი ხეობა, საკუთრივ კოდორის ხეობა), კავკასიონის მთიანეთის შემადგენელი ნაწილია (მარუაშვილი 1961:3). ვახუშტი შენიშნავს, რომ მდ. კოდორმა "მოიგო სახელი დაბის კოდორისაგან, რომელი არს დრანდას ზეით, ამ წყალზედ, მთაში". მაშასადამე, დაბის სახელი დარქმევია მდინარეს. კოდორის სახელწოდებით დასახლებული პუნქტი ამჟამად კოდორის ხეობის მთიან ნაწილში არ არის. პ. ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვახუშტისეული დაბა კოდორი უნდა შეესაბამებოდეს ანასტასი აპოკრისიარის წერილში მოხსენებულ სკოტორის ციხეს (ინგოროყვა 1954:56; ბერაძე 1971:65; მუსხელიშვილი 1977:119).

კოდორის სათავედ ვახუშტი "კავკასს" ("გამომდინარე კავკასიიდამ") მიიჩნევდა. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი ტოტი კოდორის ქედია. აღნიშნული ქედი ენგურის, ღალიძგის, მოქვისა და სხვა მდინარეთა აუზების წყალგამყოფს წარმოადგენს და შედგება ხოჯალის მთის მასივში ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მონაკვეთისაგან. ერთი მონაკვეთი აფხაზეთის ქედის სახელწოდებითაა ცნობილი. მისი სიგრძე 30 კმ-ია და მიმართულია სამხრეთ-დასავლეთისაკენ, კავკასიონის მთური წყალგამყოფი ქედიდან ხოჯალის მთამდე. ამ ქედზეა მოგუაშირხის მწვერვალი, ხოლო შუა ნაწილში, მდინარეების - საკენისა და ნენსკრის წყალგამყოფზე - ხიდის უღელტეხილი. ფანავის ქედის სახელით ცნობილი მეორე მონაკვეთის სიგრძე 51 კმ-ია, რაც მიმართულია განედურად, ხოჯალის მთიდან მდ. კოდორის ქვემო დინებამდე (მარუაშვილი ქსე 1980: 570. ანასტასი აპოკრისიარი გვამცნობს: "უფალი ამბა ანასტასი და ამ წერილის დამწერი შესხეს ცხენებზე და ასე გაამგზავრეს და ჩაამწყვდიეს: პირველი - აბაზგიის მახლობლად ერთ ციხეში, რომელსაც სკოტორი ეწოდება"; კოტორი მოიხსენიება აგრეთვე გიორგი მთაწმინდელის დიდ სვინაქსარში. ანასტასის წერილიდან მოტანილი ციტატის ქართული ვერსიის შესაბამისი ადგილი ასე იკითხება: "და ძმა ანასტასიოს საეგრითა წარიყვანეს და შეაყენეს ციხესა აფხაზეთისასა, რომელსა ეწოდების კოტორი" (იქვე: 43; ბერაძე 1971:65). მდ. კოდორი გამოსახულია არქანჯელო ლამბერტის 1654 წლის რუკაზე (Coddars Feolim Corax), მას მოიხსენიებს თავის ნაშრომშიც ("სამეგრელოს აღწერა") და აღნიშნავს, რომ კოლხიდაში (ოდიშ სამეგრელო) "ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნდა იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველთა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით - კორაქსი" (ლამბერტი 2011:201). გერმანელი მოგზაურის - იაკობ რაინეგსის ცნობით, აფხაზეთის დაბლობებსა და ღია ველებს მდინარეები - კოდორი და გერჩისი (?) რწყავს (რაინეგსი 2002:112). ედუარდ აიხვალდი შენიშნავს, რომ "კოდორი სათავეს იღებს კავკასიის უმაღლეს მთებში და მოედინება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ ღრმა ხეობაში, ის დიდი რაოდენობით იერთებს მთის ნაკადულებს და სოფელ უხობის ანუ დრანდის უკან ერთვის ზღვას ორ ტოტად, რომელთაგან სამხრეთისა ძალზე ნელა მოედინება და პატარა ნავებისთვის სანაოსნოა" (აიხვალდი 2005:221-222). (132) კოდორი გამოსახულია XIII ს-ის ვენეციურ რუკაზე, ვენეციელი კარტოგრაფების, ძმების - პიციგანების მიერ 1367 წელს შედგენილ რუკაზე, სოლერის ხმელთაშუა ზღვის რუკაზე (1385 წ.), პორტუგალიელი კარტოგრაფის, დიეგო ომენის 1559 წელს შედგენილ რუკაზე, (დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში) იაკობ დე მაიოლოს 1563 წელს შედგენილ რუკაზე (დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში), იტალიელი მისიონერის - ჟან შარდენის 1672 წელს შედგენილ რუკაზე (საზღვარი აფხაზეთ-სამეგრელოს შორის), გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის, რუსეთის უცხო ენათა კოლეჯის პროფესორ რ. კერის მიერ 1732 წელს შედგენილ რუკაზე და ა.შ. (გამახარია, გოგია 1997:312; ზუხბაია, "მახარია", 2002:19). კოდორი გამოსახულია ლიხთ იმერეთის 1737 წელს შედგენილ რუკაზეც (ბურჯანაძე 1959: 194). ბ. კვარაცხელია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ანასტასი აპოკრისიარის წერილში მოხსენიებული "სკოტორი" და ვახუშტისეული დაბა კოდორი აფსილეთის იმ სექტორში მდებარეობდა, "სადაც აფსილეთის მხარე ადგება მდინარე კოდორს, ე.ი. წებელდის აღმოსავლეთით" (კვარაცხელია 2003:187). ჩანს, რომ მკვლევარი იზიარებს პავლე ინგოროყვას თვალსაზრისს, მაგრამ არ მიუთითებს ამ უკანასკნელის ნაშრომიდან შესაბამის გვერდს. პ. ინგოროყვა წერს: დაბა კოდორი... მდებარეობას აბსილეთში, იმ სექტორში, სადაც აბსილეთის მხარე ადგება მდ. კოდორს, ე.ი. წებელდის აღმოსავლეთით" (ინგოროყვა 1954:156). ვახუშტის აღწერის გაანალიზება გვაძლევს შემდეგი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას:

1. კოდორის დინების მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ახლანდელი გულრიფშის რაიონის სოფ. ამზარამდეა და არა დრანდამდე, როგორც ფიქრობს მეცნიერი ბატონიშვილი. ამზარიდან მდინარის დინება სამხრეთ-დასავლეთისკენაა მიმართული და სოფ. აძიუბჟას სამხრეთით, კოდორის კონცხთან უერთდება შავ ზღვას;

2. ვახუშტის აზრით, დრანდის ზემოთ, მთაში მდებარე დაბის სახელი დარქმევია მდინარეს. კოდორის სახელწოდებით დასახლებული პუნქტი ამჟამად კოდორის ხეობის მთიან ნაწილში არ გვხვდება.

კოდორის ეტიმოლოგიით არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა. როგორც აღვნიშნეთ, შუა საუკუნეების ქართულ და ბერძნულ-ლათინურ წყაროებში (გიორგი მთაწმინდელი, ანასტასი აპოკრისიარი) მოხსენიებული დაბა კოდორი მდებარეობდა აფშილეთის იმ სექტორში, სადაც აფშილეთის მხარე ემიჯნება მდ. კოდორს, ანუ წებელდის აღმოსავლეთით. იქვე, კოდორის ხეობაში დამოწმებულია სახელწოდება კოდა, კერძოდ, სოფლები - დიდი კოდა და პატარა კოდა წებელდის რაიონში. პ. ინგოროყვა სახელწოდებაში გამოყოფდა ფუძე-სიტყვას - კოდი, კოდა, და ქართული გეოგრაფიული სახელების ჩვეულებრივ დაბოლოებას, ბოლოკიდურ გრამატიკულ ფორმანტს -ორ. ამ სიტყვების შემცველი გეოგრაფიული სახელწოდებებია კოდი და კოდა - სოფლები ქართლში; კოდიანი - მთა ქართლისა და მესხეთის საზღვარზე; კოდმანი -

სოფელი ქართლში (ინგოროყვა 1954:156). იმავე ნაშრომში, სხვაგან, მკვლევარი შენიშნავს, რომ XIV-XVI საუკუნეთა იტალიურ (133) რუკებზე მდ.კოდორის დელტაში დატანილია პუნქტი კოდოს//კოდას სახელწოდებით, ხოლო დელილი 1738 წელს შედგენილ რუკაზე მიუთითებს იმავე პუნქტს კოდორის ფორმით (იქვე:173). სახელწოდების აფხაზური ვარიანტია კგჲდრ. პროფ. იზა ჩანტლაძე არ იზიარებს საანალიზო ტოპონიმის ქ. მარგიანი-დადვანისა და ზ.ჭუმბურიძისეულ გააზრებას. კერძოდ, ისინი ფიქრობენ, რომ კოდორი მომდინარეობს სვანური სკოდო "ღრმა" ლექსემიდან (ჩანტლაძე 2007:17; მისივე 2010: 82). სკოდ- ფუძის შემცველია აგრეთვე სვანეთის შემდეგი ტოპონიმები: სკოდიარ - 1. ტყე ბეჩოში; 2. გზა კახურაში; სკოდიარ - გზა მურშკელში; სკოდი ღელ - ღელე ლუჯში; სკოდი ღელა - ღელე ღობში; სკოდი ღელი მაჩხაფ - ჩანჩქერი ლუჯში... ი. ჩანტლაძის მოსაზრებით, კოდორ სვანური წარმომავლობისა რომ იყოს, მაშინ უმლაუტიანი ფორმა *კოდუ^ერ უნდა გვქონოდა. "ამასთანავე, აუხსნელი რჩება, აგრეთვე, როგორც ძირისეული ო ხმოვნის სიგრძის დაკარგვის, ისე ანლაუტის ს თანხმოვნის უკვალოდ გაუჩინარების საკითხი. ესეც რომ არ იყოს, რაჭული სკოდორი’ს (მდინარე რიონის ერთი მონაკვეთის სახელწოდება ონსა და ამბროლაურს შორის) ანალოგიური ტოპონიმები დასტურდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში" (ჩანტლაძე და სხვ. 2007:17; მისივე ჩანტლაძე 2010:82). მკვლევარი იმოწმებს მსგავსი წარმოების ტოპონიმებს: სკინდ-ორ-ი, სკანდ-ე (ჭიათურა), კუდ-არ-ო (რაჭა), კვად-ო-ურ-ა (მცირე მდინარე სოფელ ღორეშაში) და კოდ-ა-ურ-ა (ტყე ზემო იმერეთში), და ასლან ლიპარტელიანის განმარტებას, რომ კოდორ "ღრმა, მორევიანი მდინარეა" (იქვე:18; მისივე ჩანტლაძე 2010:83). ი.ჩანტლაძე, ქართველურ ენათა ქრესტომათიული ხმოვანთშესატყვისობის (ქართ. ა: ზან. ო: სვან. ა), აგრეთვე კად- ძირის სემანტიკისა და -ორ სუფიქსის მეგრულში განსაკუთრებულად ფართოდ გავრცელების გათვალისწინებით, შეეცადა კოდორე ლექსემისათვის საერთო-ქართველურ დონეზე აღედგინა *კად- ძირი, რაც აგრეთვე წარმოდგენილია ნა-კად- და ნა-კად-ულ- ფუძეთა სახით. მისი ზანური შესატყვისი უნდა ყოფილიყო კოდ-ორ-, ხოლო სვანურში – ლა-კად-ა. მკვლევარი შენიშნავს, რომ კოდორი არაა სვანური კადარ ("მშრალი, ხმელი ადგილი, ხმელეთი") სიტყვის ზანიზებული ფორმა. იგი შეიცავს ქართველურ კად- ძირს, რაც ალბათ თავის დროზე "წყლის" აღმნიშვნელი იყო, ისეთი წყლისა, მზისგულზე მდებარე მთისძირა გორაკ-ფერდობებიდან რომ იღებდა სათავეს. კოდორის "წყლის" სემანტიკის შემცველ სახელწოდებად გააზრების დასტურად მიიჩნევს ი. ჩანტლაძე სამეგრელოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აბაშაში დამოწმებულ ტოპონიმ კოდორფონს (ჩანტლაძე 2010:83).

კოდორა, კოდორე, კოდორი ლექსემები სამეგრელოში ფართოდ ყოფილა გავრცელებული, რასაც მოწმობს წერილობით წყაროებში ამ ვარიანტების ტოპონიმების სახით დამოწმებაც. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ოდიშის მთავარ ბეჟან დადიანის მიერ 1714 წელს შედგენილი "შეწირულების წიგნი", რაშიც ვკითხულობთ, რომ ანჯელი და "კოდორა გაღმართი" ჭილაძეებს საჭყონდიდლოსთვის შეუწირავთ (კაკაბაძე 1921:113). 1753 წელს შედგენილ "წყალობის წიგნში" გვხვდება "გამოღმა კოდორი": გაბრიელ ჭყონდიდელს რობაში მცხოვრები, მიქელაძეებისგან შეწუხებული სამი გლეხი წამოუყვანია და გამოღმა კოდორში დაუსახლებია. მაშასადამე, გაღმა კოდორი და გამოღმა კოდორი ტოპონიმებად დასტურდება ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. (134) გამოღმა კოდორი სოფელია აბაშის რაიონის ნაესაკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რიონის მარჯვენა ნაპირას. ქალაქ აბაშას დაშორებულია 5 კმ-ით, ხოლო ნაესაკაოს - 3 კმ-ით. სოფლის სახელწოდების ამჟამინდელი ადგილობრივი ვარიანტი პირველი კოდორი უწინ ოფიციალურ სახელწოდებას წარმოადგენდა. სოფ.გაღმა კოდორი მდებარეობს რიონის მარცხენა მხარეს და კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. მისი უწინდელი სახელწოდებაა მეორე კოდორი (კეკელია, ოდიშარია 2012:7, 10, 15). პ. ცხადაია შენიშნავს, რომ სამეგრელოს ტოპონიმიაში კოდორი ყოველთვის წყლისპირა ბექობს მიემართება. მკვლევარი იქვე იმოწმებს კ. კაჭარავას განმარტებას: კოდორი, იგივე კოდმე მდინარის ხაბოა, მაღალი ნაპირია (ცხადაია 2013:45). აქვე მოვიხმობთ საილუსტრაციო მასალას სვანეთ-სამეგრელოს მიკროტოპონიმიიდან:

კოდარ - სათიბ-საძოვარი ჟიბიანში;

კოდარა - ადგილი სოფ. გეზათში, სადაც გადიოდა თურმე სამეგრელო-იმერეთის საზღვარი (ელიავა 1977:19).

კოდორა - გ.ელიავა "ქალაქ აბაშისა და მისი მიდამოების" ტოპონიმთა ნუსხაში მიუთითებს დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე" (ელიავა 1977:39).

კოდორე -

1. ადგილი გეზათში. გ.ელიავას თქმით, მსგავსი მიკროტოპონიმი ამ სოფელში სხვაგანაც გვხვდება. იქვე მოცემულია შემდეგი ხალხური განმარტება: "ტყიანი, მაგარი მიწა, უნაყოფო" (იქვე: 19); პ. ცხადაია შენიშნავს, რომ კოდორე//კოდორა ეწოდება სახნავებს ონტოფოსა და გეზათის საზღვარზე, და იქვე აზუსტებს: გეზათში ადგილს კოდარა ჰქვია, ხოლო ონტოფოში - კოდარე. წარმოდგენილია რესპოდენტის განმარტებაც: "კოდარა ქართული ფორმაა, კოდორე კი - მეგრული" (იქვე:159);

2. ადგილი ძველ აბაშაში. გ. ელიავას წიგნში დასახელებულია დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე (იქვე: 27). უთუოდ ეს კოდორე უნდა იგულისხმებოდეს პ. ცხადაიას მიერ ვაკე -საძოვრების სახელწოდებად დამოწმებულ ტოპონიმში, რაც მდებარეობს სოფ. ონტოფოს საზღვართან, ცუდღარის მარცხენა მხარეს (ცხადაია 2013: 158). მკვლევარი გაღმა კოდორშიც, კერძოდ, ანჯერში, რიონის მარცხენა მხარეს მდებარე სახნავის სახელწოდებად ასახელებს კოდორას// კოდორეს (იქვე:158);

3. სახნავი რიონისა და ტეხურის შესართავს შიგნით, სოფ. გამოღმა ზანათში. პ. ცხადაიას ცნობით, ამ ადგილას "უწინ ყოფილა უღრანი ტყე, მუხნარი, სადაც გარეულ ღორსაც ხშირად მოინადირებდნენ ხოლმე (ცხადაია 2013:158). ტოპონიმ კოდორეს სოფ. ზანათში გ. ელიავა მიუთითებს რიონისა და ტეხურის შესართავთან (იქვე:57);

4. სახნავი ტეხურისა და რიონის შესართავთან არსებულ სამკუთხედში, სოფ.სუჯუნაში. მის გაღმა ისულა და ძონძირია. აქაც უღრანი ტყის არსებობას მიუთითებენ;

5. ამაღლებული ვაკე სოფ. გამოღმა პირველ ხორგის უბან სადოლბაიოში, მდ. სკვიის მარცხენა მხარეს (ცხადაია 2007:143);

6. სახნავები ეტორჩინეში, ტარჩენის ორივე ნაპირზე. სახელდებული ობიექტი მდებარეობს სოფ. ჯოლევში (ცხადაია 2010:202);

7. ადგილი ნაესაკაოში. გ. ელიავას მიერ დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე დამოწმებულ ტოპონიმს ახლავს ხალხური განმარტება: ,,ღარიბი ხალხი – კოდორები (135) ჩამოსახლებულან". მკვლევარი იქვე შენიშნავს, რომ ეს სახელი სოფელში კიდევ ერთ ადგილს ჰქვია (იქვე:51). კოდორეშ ოლური - ნაგზაური, რაც აბაშიდან გადიოდა გეზათში, ნოღელის გაღმა (იქვე:159).

კოდორიშ რჩქონი - ტყე, კუნძული რიონზე, სოფ. გაღმა კოდორში (ცხადაია 2013:159);

კოდორობა - სახნავები გაღმა კოდორში, ანჯერში. ეს ტერიტორია უწინ დასახლებული ყოფილა. კოდორობა მრავლობითი რიცხვის ფორმაა. აკონკრეტებენ: ტიფონიაშ დაბალი, მესხიაშ დაბალი, გალენკოდორე, დინახალენკოდორე, საღლამო... (იქვე:159).

კოდოროუ - ჭალა და სახნავი; მდ. აბაშის მარცხენა ნაპირი ინჩხიას შესართავთან მარტვილში (კეკელია 2008:32; მისივე 2009:73). ასახელებს გ. ელიავაც (ელიავა 1977: 103). პ. ცხადაია გვთავაზობს ტოპონიმის შემდეგ ლოკალიზაციას: "კოდოროუ-  სახნავი მდ. აბაშის მარცხ. ნაპირზე, სტადიონის უკან" (ცხადაია 2010:25).

კოდორფონი - გ. ელიავას ცნობით, ასე ეწოდება კოდორის თავთხელს რიონზე, სოფელ ნაესაკაოში (იქვე:52). პ. ცხადაია იმოწმებს ტოპონიმს კოდოფონის ფორმით, და აღნიშნავს, რომ ასე ეწოდება ტყეს და საძოვარს ოჩარულის წყაროსთან, სოფ. სამიქაოში (იქვე: 159).

კოდორქალაქი - გ. ელიავას მიერ "ნაესაკაოს სასოფლო საბჭოს" ტოპონიმთა ნუსხაში დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე მითითებულ გეოგრაფიულ სახელწოდებას ახლავს ავტორის მიერ ნ. მიმინოშვილისგან ჩაწერილი განმარტება: კოდორი, ვიდრე რიონი სოფელს შუაზე გაყოფდა, წინათ სულ ერთიანი ყოფილა. რიონი მაშინ ფიჩორასთან მიედინებოდა, მაგრამ გურულებს დღევანდელ კალაპოტში გადმოუგდიათ. წინათ ამ ადგილას ქალაქი ყოფილა. კოდორი უწინ იქ ყოფილა, სადაც დღეს გაჭედილია, მაგრამ შემდეგ გადაუტანიათ (იქვე:51). პ. ცხადაიას ცნობით, კოდორქალაქი გამოღმა ანუ პირველი კოდორის სახელწოდებაა და მდებარეობს რიონისა და ცხენისწყლის შესართავთან (ცხადაია 2013:159; იხ. აგრეთვე კეკელია, ოდიშარია 2012:13).

კოდორჭაე - გ. ელიავა დაზუსტებული ლოკალიზაციის გარეშე ასახელებს "კეთილარის სასოფლო საბჭოს" ტოპონიმთა ნუსხაში, ჭალა-საძოვრისა და საყანის სახელწოდებად (იქვე:64). გალენკოდორე "გარეკოდორე" - სახნავი საღლამოს ნაპირზე, დინახალენკოდორეს პირდაპირ, კოდორობაში. სახელდებული ობიექტი მდებარეობს სოფ. გაღმა კოდორში (ცხადაია 2013:124). დინახალენკოდორე "შიგნითა კოდორე" - ლოკალიზაციისათვის იხ. ზემოთ გალენკოდორე. მელენკოდორი - სოფ. გაღმა კოდორის სახელწოდების მეგრული ვარიანტი. სვანურში კადარ, კადარ იგივეა, რაც "ხმელი, მშრალი ადგილი; ხმელეთი". ასევე მეგრულშიც კადარი ეწოდება მზისკენ მიქცეულ ფერდობს, მზიან მხარეს. ო. ქაჯაია იმოწმებს საილუსტრაციო მასალას: კადარი დიხა "ფერდობი ადგილი" (ქაჯაია 2002:97). ა. ქობალიას განმარტებით კადა//კადარი იგივეა, რაც კედელი, კლდე; კლდის (136) ტერასა; ხოლო კადარის განმარტებისას რამდენიმე მნიშვნელობას გვთავაზობს: "კადარი - კლდოვანი ადგილი, ქვიანი ფერდობი; კენჭიანი, კუდარო; უვენახო, უნაყოფო მთიანი ან წყლისპირა ქვიანი ადგილი; მზვარე, მზიანი ადგილი, მთის სამხრეთი კალთა~ (ქობალია 2010:351). მისივე ლექსიკონში დამოწმებულია კადარღალის შემდეგი განმარტება: "კლდისღელე, კლდე-ღრე~ (იქვე). რამდენადაც ბგერათშესატყვისობა სვან. -ა: მეგრ. -ო არ დასტურდება, მაშასადამე, კადარი, კადარა იგივე არაა, რაც კოდორი, მაგრამ კოდორ სიტყვა კოდმე სიტყვის მნიშვნელობის შემცველია, თუმცა სიტყვის ამ მნიშვნელობის მასალობრივი დამთხვევა არ დასტურდება (ცხადაია 2013:45). კოდორი მეგრულში აღნიშნავს კლდოვანს, მდინარის კლდოვან ნაპირს, წყლის კალაპოტს, ხევის კლდოვან ძირს. მდინარის სახელწოდება კოდორი, ჩვენი აზრით, სწორედ კლდოვანი კალაპოტის, ან ქვალოდებიანის შინაარსის ამსახველი უნდა იყოს.

 

ლიტერატურა

აიხვალდი 2005: ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ (XIX საუკუნის პირველი მესამედი), გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი.

აფხაზავა ქსე 1980: ი. აფხაზავა, კოდორი, ქართული საბჭოთაA ენციკლოპედია, V, "მთავარი სამეცნიერო რედაქცია", თბილისი.

ბერაძე 1971: თ. ბერაძე, ვახუშტი ბაგრატიონი და ოდიშის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, IV, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი.

გასვიანი 1991: გ. გასვიანი, ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი.

გასვიანი 2011: გ. გასვიანი, აფხაზეთი ისტორიული საქართველოა, გამომცემლობა შპს "პოლიგრაფ თბილისი", თბილისი.

გვანცელაძე 2013: თ. გვანცელაძე, აფხაზეთის ტოპონიმიის ისტორიის გაყალბების მორიგი მცდელობის შესახებ, კრ. "ქართველური ონომასტიკა", VI, გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი.

დონდუა 2001: კ. დონდუა, სვანურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი, ს-ს. ორბელიანის სახელობის თსპუ გამომცემლობა, თბილისი.

ელიავა 1977: გ. ელიავა, აბაშისა და გეგეჭკორის რაიონების ტოპონიმიკა, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი.

ვახუშტი 1973: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი.

ზუხბაია 2000: ვ. ზუხბაია, ქართული გვარ-სახელები და ტოპონიმები აფხაზეთში, თბილისი.

ბურჯანაძე 1959: შ. ბურჯანაძე, ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა, როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, ხელნაწერთა ინსტიტუტის "მოამბე", I, თბილისი.

ინგოროყვა 1954: პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, გამომცემლობა "საბჭოთა მწერალი", თბილისი.

კვარაცხელია 2003: ბ. კვარაცხელია, ზოგი რამ გულრიფშის რაიონის ისტორიულ წარსულზე, კრ. "საისტორიო ძიებანი", 6, თბილისი.

კაკაბაძე 1921: ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, I, ტფილისი.

კეკელია 2008: ი. კეკელია, მარტვილის რჩეული გეოგრაფიული სახელწოდებანი, გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი.

კეკელია 2009: ი. კეკელია, მარტვილის ტოპონიმია (ეტიმოლოგიურ-განმარტებითი ლექსიკონი), გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი.

კეკელია, ოდიშარია 2012: ი. კეკელია, დ. ოდიშარია, ნაესაკაოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი.

ლამბერტი 2011: არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, გამომცემლობა "მთაწმინდა", თბილისი.

მარგიანი 1998: ქ. მარგიანი, დალ-სვანეთის ტოპონიმია, კრ. "ქართველური მემკვიდრეობა", I, თსუ გამომცემლობა, თბილისი.

მარგიანი-დადვანი 2007: ქ. მარგიანი-დადვანი, ზოგი რამ დალის ხეობის ტოპონიმიიდან, წიგნში: ი. ჩანტლაძე, ქ. მარგიანი-დადვანი, ქ. მარგიანი-სუბარი, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი, კოდორული ქრონიკები (გამოკვლევებითურთ), ტ. I, გამომცემლობა "გლობალპრინტი+", თბილისი.

მარუაშვილი ქსე, 1980: ლ. მარუაშვილი, კოდორის ქედი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, V, "მთავარი სამეცნიერო რედაქცია", თბილისი.

მიბჩუანი 1989: თ. მიბჩუანი, დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან, თსუ გამომცემლობა, თბილისი.

მუსხელიშვილი 1977: დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, "მეცნიერება", თბილისი.

რაინეგსი 2002: ი. რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი.

უბილავა 1948: ე. უბილავა, დალის ხეობა (ნარკვევი), "ლიტერატურა და ხელოვნება", 18 იანვარი. თბილისი.

ქაჯაია 2002: ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ტ.II, თბილისი.

ქობალია 2010: ა. ქობალია, მეგრული ლექსიკონი, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი.

ქსე III, 1978: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.III, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი.

ჩანტლაძე და სხვ. 2007: ი. ჩანტლაძე, ქ. მარგიანი-დადვანი, ქ. მარგიანი-სუბარი, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი, კოდორული ქრონიკები (გამოკვლევებითურთ), ტ.I, გამომცემლობა "გლობალ-პრინტი+", თბილისი.

ჩანტლაძე 2010: ი.ჩანტლაძე, კვლავ "კოდორ"-ის ეტიმოლოგიისათვის, არნოლდ ჩიქობავას საკითხავები, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის XXI სამეცნიერო სესია, მასალები, თბილისი.

ცხადაია, ჯოჯუა 2003: პ. ცხადაია, ვ. ჯოჯუა, სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი.

ცხადაია 2007: პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ხობის რაიონი, ქ. ფოთი, გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი.

ცხადაია 2010: პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, მარტვილის რაიონი (სამხრეთი ნაწილი), გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი.

ცხადაია 2013: პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. აბაშის რაიონი, გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი.

ხორავა 2004: ბ. ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი.

Кварчиа 1985: В. Кварчиа, Ойконимы Абхазии в письменных источниках, Сухуми.

Igor Kekelia

Research into the Toponymy of Abkhazia

(Dali, Kodori)

Summary

Some scientists were interested in Abkhazian historical geography and toponymy. This interest has increased lately. A lot of articles have been published regarding this topic. But despite this we can firmly say that Abkhazian toponyms still require a lot of attention, and special linguistic, extra linguistic and historical analyses should be conducted in this field. Abkhazian historical geography and toponymy still need a devoted researcher and publisher. The presented work is an attempt to investigate Abkhazian toponyms Dali and Kodori historically and etymologically. The researcher analyses Georgian Dali, Kodori and foreign authors’ opinions about these geographical names and, at the same time, offers his own, diverse views. All the toponyms given in this article are explained in Megrelian.

In the author’s viewpoint, when discussing the origin of the place name “Dali”, the Megrelian meanings of the word dali are noteworthy. These are: “West”, “Sunset”, “low and elongated place adjacent to a hill”. The explanation of the place name “Dali”, suggested as a cautious assumption by the author, has a right to exist bearing in mind one of the opinions concerning the ethnicity of the Misimians. In particular, according to Strabo, in the mountainous region of the Caucasus, above Dioscuria, i.e. on the territory of historical Misimianeti, prior to the settlement of the “Svano-Colchians”, the same as the Svans, there lived the Colchian/Megrelian population – the Kolaeans. And the place name “Dali” too must have appeared before the 1st c. BC.

When discussing the etymology of the hydronym “Kodori”, the researcher takes into account the fact that the word kodori in Megrelian denotes “rocky”, “cliffy river bank”, “river bed”, “rocky bottom of a ravine”. In the author’s view, the name of the river “Kodori” must be denoting the semantics of “rocky bed”, or “stony, cliffy place”.