topmenu

 

ვ. ჰუმბოლდტი - სხვადასხვა ეპოქის მიხედვით ენათა განვითარების შედარებითი შესწავლა

<უკან დაბრუნება

ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი

სხვადასხვა ეპოქის მიხედვით ენათა განვითარების შედარებითი შესწავლა1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

Faculty of Humanities

ენათმეცნიერების საკითხები

ISSUES OF LINGUISTICS

2015

წყარო

1. შედარებით ენათმეცნიერებას მხოლოდ მაშინ შეუძლია მიგვიყვანოს სანდო და მნიშვნელოვან დასკვნებამდე ენის, ერთა განვითარებისა და ადამიანის ჩამოყალიბების შესახებ, თუკი ის წარმოდგენილი იქნება, როგორც თავისთავადი, დამოუკიდებელი კვლევა, რომელსაც საკუთარი მიზნები და მიღწევები აქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში რთულდება ერთი ენის აღწერაც კი. ყოველი ენის ზოგადი სურათი ადვილად აღიქმება, მაგრამ თუკი შევეცდებით ამ ზოგადი წარმოდგენის საფუძვლების გამოკვლევას, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების აღურიცხავ სიმრავლეში ჩავიკარგებით და მალევე შევამჩნევთ, რომ ენით გამოწვეული შთაბეჭდილება იმდენადვეა დამოკიდებული გარკვეულ, უფრო ფართო და მნიშვნელოვან თვისებებზე, რამდენადაც ეყრდნობა თანაბარ, ცალ-ცალკე ძლივს შესამჩნევ შთაბეჭდილებას, რომელსაც ახდენს ენის ცალკეული ელემენტის აგებულება. სწორედ აქ იჩენს თავს ენათმეცნიერება, როგორც ამ ფაქიზად ნაქსოვი ორგანიზმის ჩვენი ცნობიერებისთვის წარმოდგენის საშუალება, რადგანაც მრავალფეროვანი მოვლენების მთლიანობაში ერთიანი ფორმის დადგენა ამარტივებს ამ ორგანიზმის კვლევას.

2. ისევე როგორც ჩვენმა დედამიწამ განიცადა დიდი გარდაქმნები, სანამ ზღვები, მთები და მდინარეები ახლანდელ სახეს მიიღებდნენ, შემდეგ კი ნაკლებად შეიცვალა, ასევე ენებსაც აქვთ დასრულებული ორგანიზაციის რაღაც წერტილი, რომლის შემდეგაც ორგანული აგებულება, მყარი სახე უკვე აღარ იცვლება. მაგრამ, ამის საპირისპიროდ, მათში, როგორც გონის ცოცხალ წარმონაქმნში, უფრო ფაქიზი სრულყოფა მოცემული საზღვრების ფარგლებშიც შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. როდესაც ენა თავის სახეს იძენს, არსებითი გრამატიკული ფორმები უცვლელი რჩება; ენები, რომელთაც სქესი, ბრუნვა, პასივი ან საშუალო გვარი არ განურჩევიათ, ამ ხარვეზებს აღარ ივსებენ; ასევე, სიტყვათა დიდი ჯგუფები და სიტყვაწარმოების მთავარი ფორმები აღარ იზრდება. მხოლოდ ცნებათა უფრო ფაქიზ განშტოებებში - სიტყვაწარმოებისა და კომპოზიტების წარმოქმნით, სიტყვათა შინაარსის შინაგანი სრულყოფითა და გააზრებული შეკავშირებით, მათი თავდაპირველი მნიშვნელობების გამდიდრებით, ცალკეული შემთხვევებისათვის გარკვეული ფორმების სწორად გამოყოფით, ჭარბის აღმოფხვრით, უხეში ჟღერადობის შერბილებით _ აღმოცენდება ხოლმე ღარიბ და მოუქნელ ენაში ცნებათა ახალი სამყარო და მჭევრმეტყველების მანამდე არნახული ბრწყინვალება, თუკი მას ბედმა გაუღიმა.

3. ყურადღებას იმსახურებს ის მოვლენაც, რომ სრულყოფილი გრამატიკის ჩამოყალიბების საზღვრებს გარეთ არც ერთი ენა არაა აღმოჩენილი, არც ერთი ენა არ არის მოხელთებული თავისი ფორმების დინებად ქმნადობაში. ეს დებულება ისტორიულად უფრო უნდა განმტკიცდეს - ველური ტომების დიალექტების შესწავლისას ერთ-ერთ მთავარ მისწრაფებად ენის წარმოშობის უმდაბლესი მდგომარეობის განსაზღვრა უნდა დაისახოს, რათა, გამოცდილებიდან გამომდინარე, ენის ორგანიზაციის კიბის ქვედა საფეხური მაინც ვიცოდეთ. ჩემმა წინა გამოცდილებამ დამიდასტურა, რომ ე.წ. უხეში და ბარბაროსული დიალექტებიც კი უკვე ყველაფერს ფლობენ, რასაც კი მათი სრულყოფილად გამოყენება მოითხოვს, და გააჩნიათ ფორმები, რომლებსაც საუკეთესო და ყველაზე შესანიშნავი ენები ფლობენ; დროთა განმავლობაში კი შესაძლებელი ხდება მათ მიერ მთელი სულიერი სამყაროს ასახვა და ამგვარად მეტ-ნაკლები სრულყოფილებით ყველა სახის იდეის გამოხატვა.

4. ენას არც შეეძლო წარმოშობილიყო სხვაგვარად, თუ არა ერთბაშად; ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის თავისი არსებობის ყოველ წამს უნდა ფლობდეს იმას, რაც მას მთლიანობად აქცევს. ორგანული არსების ამ უშუალო ამოსუნთქვას, მისი გრძნობადი და სულიერი მნიშვნელობით, ყოველგვარ ორგანულ ბუნებასთან საერთო ის გააჩნია, რომ მასში ერთი მხოლოდ მეორის საშუალებით წარმოჩნდება და ყველაფერი მხოლოდ მთლიანობის გამსჭვალავი ძალის წყალობით არსებობს. ენის არსი მასში მუდამ უწყვეტად მეორდება, ხან უფრო ვიწრო და ხან უფრო ფართო წრეების სახით; ის (არსი) სრულ ერთიანობაშია წარმოდგენილი უკვე მარტივ წინადადებაშიც კი, რამდენადაც ის გრამატიკულ ფორმას ემყარება და რამდენადაც ყველაზე უბრალო ცნებათა დაკავშირებაც კი აზროვნების კატეგორიათა მთელ ქსოვილში იწვევს: დადებითი – უარყოფითს, ნაწილი – მთელს, ერთეული – სიმრავლეს, ქმედება – მიზეზს, სინამდვილე – შესაძლებლობასა და აუცილებლობას, გაპირობებული – უპირობოს, სივრცის ან დროის ერთი განზომილება – მეორეს; ანუ შეგრძნების ყოველი საფეხური მოითხოვს მასთან უახლოეს მეზობლობაში მყოფს. ამიტომ, როგორც კი ხერხდება ნათლად და მკაფიდ იდეების ყველაზე მარტივი შეკავშირების გამოხატვა, ამასთან ერთად უკვე სახეზეა ენის მთლიანობა სიტყვათა სიმდიდრის თვალსაზრისითაც. ყოველი წარმოთქმული ართქმულს წარმოშობს, ან მას ნიადაგს უმზადებს.

5. ამრიგად, ადამიანში ერთიანდება ორი სფერო. ამ სფეროების გამიჯვნა-დაშლა მყარი ელემენტების მოხილვად რაოდენობამდე შესაძლებელია ისევე, როგორც ამ ელემენტთა უსასრულობამდე შეკავშირება. ამასთანავე, ყოველი ნაწილი თავის სპეციფიკურ ბუნებას მუდამ იმასთან მიმართებაში ავლენს, რაც მას ეკუთვნის, ახასიათებს. ადამიანს ამ სფეროთა დანაწევრების უნარი აქვს, გონებრივად - რეფლექსის, ფიზიკურად კი - არტიკულაციის საშუალებით; ასევე, შეუძლია ამ ნაწილების ხელახალი გაერთიანება გონებრივად _ განსჯის სინთეზირებისა, ხოლო ფიზიკურად - აქცენტების საშუალებით, რაც მარცვლებს სიტყვებად და სიტყვებს მეტყველებად აერთიანებს. ამგვარად, როგორც კი ცნობიერება საკმაოდ ძლიერი ხდება იმისათვის, რომ ორივე სფეროში მძლავრად შეაღწიოს, რაც მსმენელში იმავე სფეროებში შეჭრას იწვევს, ის მაშინვე ხდება ამ ორივე სფეროს მათ მთლიანობაში მფლობელი. მათი (სფეროების) ურთიერთშეღწევა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი და იმავე ძალის საშუალებით, ეს კი მხოლოდ გონებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. შეუძლებელია ბგერათა არტიკულაცია - ეს საოცარი განსხვავება პირუტყვსა და ადამიანის მეტყველებას შორის - მხოლოდ ფიზიკურ საფუძველზე ავხსნათ. მხოლოდ ცნობიერების სიძლიერე იწვევს ფიზიკურ ბუნებაში ბგერათა იმ მკვეთრ დაყოფას და მტკიცე გამიჯვნას, რომელსაც ჩვენ არტიკულაციას ვუწოდებთ.

6. საეჭვოა, რომ ენა წარმოშობის საწყის ეტაპზე ყოფილიყო თავიდანვე დახვეწილი და სრულყოფილი, ამას ერები მხოლოდ მრავალი წლის განვითარების შედეგად აღწევენ, დიალექტებისა და ენების ურთიერთგავლენის პირობებში. მრავალი დიალექტისა თუ ენის ამგვარი შერწყმა ენათა წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მომენტს წარმოადგენს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ახლად შექმნილი ენა იძენს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ელემენტებს იმათგან, რომლებთანაც ის ინტეგრირდება, ან კიდევ შერწყმა-შერევის ისეთ შემთხვევაში, როდესაც დახვეწილი ენების გაუხეშება და გადაგვარება იწვევს მათი განვითარების წყნარი მსვლელობის წყვეტას, დახვეწილი ფორმების უგულებელყოფას, დამახინჯებას, სხვა კანონების მიხედვით ჩამოყალიბებასა და გამოყენებას.

7. მართალია, საზოგადოდ ვერ უარვყოფთ მრავალი, ერთმანეთთან ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე წარმოქმნილი, დიალექტის შესაძლებლობას, თუმცა არავითარი საფუძველი არ არსებობს ყველა ენის საერთო ურთიერთკავშირის ჰიპოთეტური დაშვების უგულებელყოფისთვის. დედამიწის არც ერთი კუთხე არ არის იმდენად მიუვალი, რომ არ შეიძლებოდეს მოსახლეობისა და ენის რომელიმე სხვა ადგილიდან იქამდე მიღწევა; იმის უფლებაც არ გვაქვს, უარვყოთ დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული, ადრინდელი შესაძლო განაწილება ზღვებისა და ხმელეთის. თვით ენის ბუნება და ადამიანთა მოდგმის მდგომარეობა, სანამ ის ჯერ არ არის ფორმირებული, ხელს უწყობს ამგვარ კავშირს. ურთიერთგაგებინების მოთხოვნილება წარმოშობს საჭიროებას, მოიძებნოს ორივე მხარისთვის უკვე არსებული და გასაგები საკომუნიკაციო ფორმა, და ვიდრე ცივილიზაცია ერებს უფრო გააერთიანებს, ენები დიდი ხნის განმავლობაში მცირერიცხოვანი ხალხების კუთვნილება იქნება, რომელთაც არც მათი ადგილსამყოფელის ხანგრძლივად დაკავების მიდრეკილება აქვთ და არც მისი წარმატებით დაცვის უნარი. ხშირად ისინი ერთმანეთს ავიწროებენ და იპყრობენ, ერთმანეთში ირევიან, რაც, ბუნებრივია, მათ ენაზეც ახდენს გავლენას. თავიდან ენათა ერთიანი წარმოშობა რომ არც დავუშვათ, მაინც ადვილი წარმოსადგენია, რომ შემდგომ არც ერთი ტომი შეურეველი არ დარჩებოდა. ამიტომაც ენის კვლევისას ძირითადი პრინციპი უნდა იყოს განსხვავებული ენების კავშირების დადგენა მანამ, სანამ მათი რაიმე კვალი შესამჩნევი გახდება; ყოველი ცალკეული ენა კარგად უნდა შემოწმდეს, არის ის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული, თუ მის გრამატიკულ ან ლექსიკურ წყობაში შეიმჩნევა თუ არა სხვა ენასთან შერევის კვალი და, კერძოდ, როგორია ეს შერევა.

8. ამგვარად, ენათა ანალიზის შემოწმების მიზნით, შეიძლება განვასხვაოთ სამი მომენტი:

• პირველადი, მაგრამ ბოლომდე დასრულებული, ენის ორგანული აგებულება;

• უცხო შერევის შედეგად მომხდარი ცვლილებები, სანამ ისინი (ენები) კვლავ მიაღწევენ მდგრადობას;

• ენის შინაგანი და უფრო ფაქიზი დახვეწა (innere Ausbildung), როდესაც სხვა ენებისაგან გამიჯვნა და მისი აგებულება მთლიანობაში უცვლელი რჩება.

პირველი ორი პუნქტის ზუსტად გამიჯვნა შეუძლებელია, მაგრამ მესამე ეფუძნება არსებით და გადამწყვეტ განსხვავებულობას. დროის იმ ზღვრულ მომენტს, რომელიც ენას დანარჩენებისაგან გამოყოფს, წარმოადგენს ორგანიზაციის დასრულებულობა, როდესაც ენა ყველა თავის ფუნქციას ეუფლება და თავისუფლად იყენებს. ამ ზღვრული მომენტის შემდეგ, ენის სტრუქტურა არავითარ ცვლილებებს აღარ განიცდის. ლათინურიდან მომდინარე ენების, ახალბერძნულისა და ინგლისურის ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც ერთი ენის ჰეტეროგენული ნაწილებისაგან წარმოქმნის შესაძლებლობის ერთ-ერთ ყველაზე ყურადსაღებ მოვლენას და ენის კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ მაგალითს წარმოადგენს, შესაძლებელია ამგვარი ორგანიზაციის პერიოდს ისტორიულადაც კი გავადევნოთ თვალი და ამ პროცესის დასრულების მომენტიც რამდენადმე დავადგინოთ; ბერძნული ენა პირველსავე გამოჩენასთან ერთად გვევლინება დასრულებულობის არნახულ დონეზე, მაგრამ ამ მომენტიდან დაწყებული, ჰომეროსიდან ალექსანდრიელებამდე, ის შემდგომი სრულყოფის გზას ადგება; ჩვენ ვხედავთ, რომ რომაული ენა რამდენიმე საუკუნის მანძილზე არ იცვლება, ვიდრე მასში უფრო დახვეწილი კულტურის კვალი არ გახდება შესამჩნევი.

9. ენათა გამიჯვნის ჩატარებული ამგვარი მცდელობა ენათა შედარებითი შესწავლის ორ განსხვავებულ ასპექტს წარმოაჩენს, რომელთა თანაბარ დამუშავებაზეც არის დამოკიდებული ამ შესწავლის სრულყოფა. ენათა განსხვავება წარმოადგენს თემას, რომელიც უნდა დამუშავდეს გამოცდილების საფუძველზე და ისტორიის დახმარებით, სახელდობრ, მისი ისტორიის მიზეზებისა და პროცესების თვალსაზრისით, ბუნებასთან, კაცობრიობის ბედთან და მიზნებთან მის მიმართებაში. მაგრამ ენათა განსხვავება ორმაგი სახით გვევლინება: ჯერ ერთი, ესაა ბუნებრივი ისტორიული მოვლენა, როგორც ტომების განსხვავებისა და განცალკევების გარდაუვალი შედეგი, როგორც დაბრკოლება ხალხთა უშუალო ურთიერთობისა; შემდეგ კი, ესაა ინტელექტუალურ-ტელეოლოგიური მოვლენა, როგორც ერების წარმოქმნის საშუალება, როგორც უფრო მრავალფეროვანი და მეტი თავისებურების მქონე ინტელექტუალური პროდუქტის შექმნის იარაღი, როგორც შემოქმედი ხალხთა ისეთი ერთობისა, რომელიც დაფუძნებულია კულტურის ერთიანობის გრძნობაზე და სულიერი კვანძებით აკავშირებს ერთმანეთთან კაცობრიობის განათლებულ ნაწილებს. ენის გამოვლენის ბოლო ფორმა მხოლოდ ახალი დროისთვისაა დამახასიათებელი. ძველ დროში ის მხოლოდ ბერძნული და რომაული ლიტერატურის კავშირებისთვის არის ცნობილი და ისიც არასრულყოფილად, რამდენადაც მათ აყვავების სხვადასხვა პერიოდი ჰქონდათ.

10. გადმოცემის სიმოკლისათვის გვერდს ავუვლი მცირე უზუსტობას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სრულყოფის პროცესი ჩამოყალიბებულ ენის ორგანიზმზეც ახდენს გავლენას და მას ამ მდგომარეობის მიღწევამდეც უკვე შეეძლო ეს გავლენა განეცადა; და ენათა შედარებითი შესწავლის ორ მხარეს აღვნიშნავ: ენათა ორგანიზმის კვლევა და ენათა კვლევა მათი სრულყოფის მდგომარეობაში. ენის ორგანიზმი ადამიანის საერთო უნარისა და ლაპარაკის მოთხოვნილებისაგან წარმოიქმნება და მთელი ერისაგან მომდინარეობს; ცალკეული ერის კულტურა დამოკიდებულია მის განსაკუთრებულ მიდრეკილებებსა და ბედზე და უმთავრესად ერში ინდივიდთა პერმანენტულად გამოვლენილ წვლილს ემყარება. ენის ორგანიზმი ინტელექტუალური ადამიანის ფიზიოლოგიის სფეროს მიეკუთვნება, კულტურა კი – ისტორიული განვითარების სფეროს. Eენის ორგანიზმის ანალიზს მივყავართ ადამიანის ენისა და ენობრივი უნარის სფეროს შეფასებასა და შემოწმებამდე; ენის განვითარების უფრო მაღალი დონის კვლევას კი მივყავართ იმის შემეცნებამდე, თუ რის მიღწევა შეუძლია ადამიანის მიზანსწრაფვას ენის მეშვეობით. ენის ორგანიზმის შესწავლა მოითხოვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შორს (ისტორიულ სიღრმეში) მიმავალ ფართო შედარებას, დახვეწის პროცესში წვდომა კი ერთი და იმავე ენით შემოფარგვლას და მის უფაქიზეს თავისებურებებში შეღწევას. აქედან გამომდინარე, ანალიზის პირველი ეტაპი მოითხოვს კვლევის გაფართოებას, მეორე - კი სიღრმეს. ამგვარად, ენათმეცნიერების ეს ორივე ნაწილი ერთმანეთს რეალურად რომ დავუკავშიროთ, სასურველია მრავალ ან შეძლებისდაგვარად ყველა ენას შევეხოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა ამოვიდეთ ერთადერთის, ან მცირე რაოდენობის ენათა უფრო ზუსტი ცოდნიდან. ასეთი სიზუსტის უკმარისობა უფრო დიდი ნაკლია, ვიდრე სისრულის თვალსაზრისით ხარვეზები აღწერაში, რის ბოლომდე მიღწევაც შეუძლებელია. ენათა შედარების ემპირიულმა შესწავლამ ამგვარი გადამუშავებისას შეიძლება გვიჩვენოს, თუ რაოდენ განსხვავებული გზებით აყალიბებდა ადამიანი ენას და მასში აზროვნების სამყაროს რა ნაწილის არეკვლა მოახერხა, როგორ გავლენას ახდენდა ამაზე ერების ინდივიდუალობა და რა უკუგავლენას ახდენდა (ამ ინდივიდუალობაზე) ენა. სწორედ ენა, ადამიანის მიერ ენის საშუალებით მისაღწევი მიზნები, ადამიანთა მოდგმა საერთოდ მის პროგრესულ განვითარებაში და ცალკეული ერები წარმოადგენენ ოთხ ობიექტს, რომლებსაც ენათა შედარებითი კვლევა მათ ურთიერთდამოკიდებულებაში უნდა განიხილავდეს.

11. მე ვტოვებ ყველა ზემოთ ნათქვამ მოსაზრებას ენის ორგანიზმთან დაკავშირებით, რომელიც გამოვიყენე ამერიკული ენების შესწავლისას უფრო საფუძვლიანი კვლევისთვის. ამ დიდი კონტინენტის ენები, სადაც მრავალი განსხვავებული ხალხი ბინადრობს და სხვა კონტინენტებთან მათი კავშირის შესახებ რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, წარმოადგენს ნაყოფიერ ნიადაგს ენათმეცნიერებისთვის. ეს ეხება 30-მდე სრულიად უცნობ ენას, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნენ როგორც ბუნების ამდენივე ახალი სახეობა და მათ შეიძლება დაემატოს გაცილებით მეტი რაოდენობის ენა, რომელთა შესახებაც მწირი ცნობები მოგვეპოვება. მნიშვნელოვანია ყოველი მათგანის ზუსტი ანალიზი, რადგან ზოგადი ენათმეცნიერება მხედველობიდან უშვებს იმას, რომ თუ ცალკეული ენების ცოდნას საკმაოდ ვერ ჩავწვდით, მაშინ ესოდენ მრავალ ენათა შედარება ნაკლებად სასარგებლო იქნება. ისიც საკმარისად მიაჩნდათ, რომ გრამატიკის ცალკეულ, დანარჩენებისაგან განსხვავებულ თავისებურებებს შენიშნავდნენ და სიტყვათა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვან მწკრივებს ერთმანეთს ადარებდნენ. მაგრამ ყველაზე პრიმიტიული ერის დიალექტიც კი ბუნების მეტად კეთილშობილი ქმნილებაა იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევით ნამსხვრევებად ქცეული – ფრაგმენტულად წარდგეს დაკვირვების ობიექტად. ენა ორგანული არსებაა და ამიტომაც, უნდა მოვეპყრათ როგორც ასეთს. სწორედ ამიტომ უპირველეს წესად უნდა მივიჩნიოთ ყოველი ცნობილი ენის პირველადი შესწავლა მის შინაგან მიმართებებში, რათა მასში არსებულ ყველა ანალოგიას თვალი გავადევნოთ და სისტემურად მოვაწესრიგოთ იმ მიზნით, რომ მივიღოთ ცოდნა ამ ენებში იდეების გრამატიკული დაკავშირების, აღნიშნულ ცნებათა მოცულობის, ამ აღნიშვნის ბუნებისა და დახვეწისაკენ მათთვის დამახასიათებელი, მეტ-ნაკლებად ცოცხალი, სულიერი მისწრაფების შესახებ. ცალკეული ენებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიების გარდა, შედარებითი ენათმეცნიერება მოითხოვს სხვაგვარ შესწავლასაც, რაც ენის აგებულების ცალკეულ ნაწილებს ეხება, მაგალითად, ზმნის განხილვას ყველა ენაში ერთდროულად. შედარებითმა ენათმეცნიერებამ დამოკიდებულების ყველა ძაფი უნდა მოძებნოს და ერთმანეთს დაუკავშიროს, მათ შორის კი ზოგი, თითქოს ყველა ენის მსგავსი ფრაგმენტების მეშვეობით ფართოვდება, ზოგიც, ყოველი ენის განსხვავებული ფრაგმენტებით მიდის სიღრმეში. პირველნი თავის მიმართულებას ყველა ენის ენობრივი მოთხოვნილებისა და უნარის იგივეობისაგან იძენენ, მეორენი კი ყოველი ცალკეული ენის ინდივიდუალობისაგან. ამ ორმაგი დამოკიდებულების საშუალებით პირველად შევიცნობთ, კაცობრიობა განსხვავებათა რა მოცულობით, ცალკეული ერი კი რა თანმიმდევრულობით ქმნის თავის ენას. და, ამდენად, ორივე, ენაც და ერების ენობრივი ხასიათიც, უფრო ნათლად წარმოჩინდება მაშინ, როდესაც ენის იდეა დანახული იქნება მრავალფეროვან ინდივიდუალურ ფორმაში გატარებული, ერების ენობრივი ხასიათი კი ერთდროულად ზოგადობასა და სხვა მსგავს სახეობებთან დაპირისპირებაში. მხოლოდ ამგვარად შეიძლება საფუძვლიანი პასუხი გავცეთ მნიშვნელოვან კითხვას, შესაძლებელია თუ არა და როგორ არის შესაძლებელი ენების დაყოფა მათი შინაგანი აგებულების მიხედვით მცენარეთა ოჯახების მსგავს კლასებად. ყველაფერი, რაც ამის შესახებ მანამდე თქმულა, როგორი გამჭრიახობითაც არ უნდა ყოფილიყო ის წვდომილი, მკაცრი ფაქტობრივი შემოწმების გარეშე ვარაუდად რჩება. ენათმეცნიერება, არა ცალმხრივად, არამედ მხოლოდ სრულყოფილად დაგროვებულ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოს. ამასთანავე, ენების მიხედვით ერების ერთმანეთისაგან წარმოშობის შესახებ მსჯელობასაც საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი ენებისა და დიალექტების ჯერ კიდევ ჩასატარებელი ზუსტი ანალიზი, რომელთა ნათესაობა სხვა დროს ისტორიულად არის დამტკიცებული. სანამ ამ დარგშიც ცნობილიდან უცნობზე გადასვლა არ მოხდება, ჩვენ მოლიპულ და სახიფათო გზას ვადგავართ.

12. მაგრამ რა სიზუსტითა და როგორი სრულყოფილებითაც არ უნდა იქნეს შესწავლილი ენები, მაინც მხოლოდ მათი გამოყენება განსაზღვრავს მათ ფუნქციონირებას, რადგანაც ის, რასაც ენათა მიზანდასახული გამოყენება იძენს ცნებათა სფეროდან, უკუგავლენას ახდენს მათზე - ამდიდრებს და აყალიბებს ენებს. ამიტომაც კაცობრიობის მიზნების მისაღწევად მხოლოდ ის კვლევა შეიძლება იყოს ღირებული, რომელიც სრულყოფილად დახვეწილი ენების მასალაზე ხორციელდება. ასე რომ, ეს არის ენათმეცნიერების ქვაკუთხედი, მეცნიერებასა და ხელოვნებასთან მისი შეხვედრის წერტილი. თუკი ეს კვლევა აქამდე არ მიდის, თუკი ორგანიზმის მრავალსახეობას მისი საშუალებით ენობრივი უნარის უმაღლეს და უმრავალფეროვანეს გამოყენებაში წვდომის მიზნით არ განიხილავენ, მაშინ ენათა დიდი რაოდენობის ცოდნა, საუკეთესო შემთხვევაში, საზოგადოდ ენის აგებულების შემეცნებისა და ცალკეული ისტორიული კვლევისათვის რჩება სასარგებლო. ეს არცთუ უმართებულოდ აფრთხობს გონებას ფორმათა და ბგერათა სიმრავლის შესწავლისაგან, რასაც, ბოლოს და ბოლოს, ერთსა და იმავე მიზნისკენ მივყავართ და რაც ერთსა და იმავეს აღნიშნავს, თუმც განსხვავებული ჟღერადობით. თუ უშუალოდ ცხოვრებისეულ გამოყენებას გამოვრიცხავთ, მაშინ მხოლოდ ლიტერატურის მქონე ენების შესწავლა იძენს მნიშვნელობას. ეს შესწავლა ლიტერატურას ექვემდებარება, რაც ფილოლოგიის სავსებით სწორად გაგებულ თვალსაზრისს წარმოადგენს. ფილოლოგია შეიძლება დავუპირისპიროთ ენათა ზოგად შესწავლას, რომელიც ზოგადი ენათმეცნიერების სახელს ატარებს, რადგანაც ცდილობს გამოიკვლიოს ენა ზოგადად; ამასთანავე, ზოგადი ენათმეცნიერება ამას ცდილობს არა იმიტომ, რომ უბრალოდ სურვილი აქვს მოიცვას ყველა ენა - ეს უფრო იძულებითია და მხოლოდ მისი მიზნით არის გაპირობებული.

13. მაგრამ თუ იძულებულები ვართ, განვითარებული ერების ენებს მივმართოთ, პირველ რიგში, ისმის კითხვა, აქვს თუ არა ყოველ ენას მსგავსი ან თუნდაც რაღაც მნიშვნელობის მქონე კულტურის შექმნის უნარი? ანდა, ხომ არ არსებობს ენობრივი ფორმები, რომლებიც ჯერ უნდა აუცილებლად დაიყოს, გამოცალკევდეს, რომ ერებმა მეტყველების საშუალებით კაცობრიობის უმაღლეს მიზნებს მიაღწიონ? ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ჰგავს სინამდვილეს. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ენა უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანში უშუალოდ ჩადებული, რამდენადაც მას ვერ მივიჩნევთ ადამიანის გონების მიერ შექმნილად. ვერაფერს შველის მისი წარმოშობის ათასწლეულებით უკან გადაწევა. ენის გამოგონება შეუძლებელი იქნებოდა, რომ მისი (ენის) ტიპი ადამიანის გონებაში უკვე არ ყოფილიყო ჩადებული. ადამიანმა თუნდაც ერთი სიტყვა რომ გაიგოს, როგორც არა გრძნობადი სტიმული, არამედ როგორც ჭეშმარიტად არტიკულირებული, რაღაც ცნების აღმნიშვნელი ჟღერადობა, ამისათვის ენა უკვე მთლიანად და ერთიანად უნდა არსებობდეს მასში. ენაში არ არსებობს არაფერი განცალკევებული, ყოველი მისი ელემენტი თავს იჩენს მხოლოდ როგორც მთელის ნაწილი. რაოდენ ბუნებრივიც არ უნდა იყოს ენათა თანდათანობითი ჩამოყალიბების ვარაუდი, მათი გამოგონება მაინც შეიძლება მხოლოდ ერთბაშად მომხდარიყო. ადამიანი ადამიანია მხოლოდ ენის საშუალებით, მაგრამ ენა რომ გამოეგონებინა, ის უკვე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ვისაც ჰგონია, რომ ეს თანდათანობით და საფეხურებრივად, თითქოს მონაცვლეობით ხდებოდა _ ენის დაუფლებული ნაწილის წყალობით ადამიანი თანდათან ყალიბდებოდა ადამიანად, ხოლო ამ ზრდის შედეგად ენის გამოგონების მეტ შესაძლებლობას იძენდა - ის ვერ ხედავს ადამიანის ცნობიერების განუყოფლობას ადამიანის ენისაგან და გონების იმ აქტივობის ბუნებას, რომელიც აუცილებელია ერთადერთი სიტყვის გასაგებად და ამასთანავე, საკმარისია მთელი ენის გასაგებად. მაგრამ, ამის გამო, არ უნდა ვიფიქროთ ენაზე, როგორც მზა სახით მოცემულზე, რადგანაც ამ შემთხვევაშიც ასევე გაუგებარი დარჩებოდა, როგორ შეძლებდა ადამიანი მოცემულის გაგებას და მის გამოყენებას. ენა აუცილებლად თვით ადამიანისაგან ჩნდება და, რა თქმა უნდა, მხოლოდ თანდათანობით, მაგრამ არა ისე, რომ ენის ორგანიზმი სულის წყვდიადში უსიცოცხლო მასის მსგავსად იმყოფებოდეს, არამედ ის ჩნდება როგორც კანონი, რომელიც აზროვნების ძალის ფუნქციებს განაპირობებს, და, ამგვარად, პირველივე სიტყვა მთელ ენას აჟღერებს და წინასწარ, იმპლიკაციურად მოიცავს. ამრიგად, თუკი იმის, რასაც აზროვნების მთელ სფეროში ბადალი არ გააჩნია, სხვა რამესთან შედარება დასაშვებია, მაშინ შეიძლება ცხოველთა ბუნებრივი ინსტინქტები გავიხსენოთ და ენას გონების ინტელექტუალური ინსტინქტი ვუწოდოთ. ისევე, როგორც ცხოველთა ინსტინქტი ვერ აიხსნება მათი სულიერი შესაძლებლობების საფუძველზე, ასევე შეუძლებელია ენათა გამოგონება გავიაზროთ ამ ენების შემქმნელი ველური ერების ცნებათა და აზროვნების უნარზე დაყრდნობით. ამიტომაც არასოდეს შემეძლო წარმომედგინა, რომ რომელიმე ენის თანმიმდევრული და თავის მრავალფეროვანებაში დახვეწილი წყობა აზროვნების დიდ ჩვევას უნდა გულისხმობდეს წინაპირობად და რაღაც გამქრალ კულტურაზე უნდა მიუთითებდეს. ასეთი ენა შეიძლება ყველაზე პრიმიტიული ბუნებრივი მდგომარეობიდან აღმოცენდეს, რადგანაც თვითონ ბუნების, ოღონდ ადამიანის გონების ბუნების, პროდუქტია. თანმიმდევრულობა და ერთგვაროვნება, რთულ სტრუქტურაშიც კი, ყველგან ასახულია ბუნების ქმნილებებში და მათი წარმოქმნის სიძნელე არაა უმთავრესი. ენის გამოგონების ნამდვილი სიძნელე მდგომარეობს არა იმდენად მრავალრიცხოვანი ურთიერთმიმართებების დალაგებასა და დაქვემდებარებაში, რამდენადაც გონების იმ უბრალო მოქმედების მიუწვდომელ სიღრმეში, რომელიც საერთოდ ახლავს ენის გაგებასა და წარმოქმნას მისი ერთადერთი ელემენტის შემთხვევაშიც კი. ეს თუ მოცემულია, ყველაფერი დანარჩენი მას თავისით მოსდევს, მისი შესწავლა კი შეუძლებელია - ის იმთავითვე უნდა იყოს ადამიანში. მაგრამ ადამიანის ინსტინქტი ნაკლებად არის შეზღუდული და ადგილს ტოვებს ინდივიდუალობის გამოვლენისათვის. ამიტომაც გონების ინსტინქტის ქმნილებას (ენას) შეუძლია მეტ ან ნაკლებ სრულყოფამდე განვითარდეს მაშინ, როდესაც ცხოველური ინსტინქტის წარმონაქმნი უფრო მდგრადი ერთგვაროვნებით გამოირჩევა; ამასთანავე, ენის ცნებას არ ეწინააღმდეგება ის, რომ ზოგ ენას იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ მათ ვხედავთ, განვითარების დასრულებულ ეტაპამდე არ მიუღწევია. მართალია, მრავალი ენიდან თარგმანთან დაკავშირებული გამოცდილება - ყველაზე პრიმიტიული და განუვითარებელი ენის გამოყენება რელიგიის საიდუმლო მოძღვრებათა სწავლების გადმოცემისთვის - გვიჩვენებს, რომ ყოველ ენაში, თუმცა სხვადასხვა წარმატებით, მაგრამ მაინც, შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა იდეა, მაგრამ ეს უბრალოდ ყველა ენის საერთო ნათესაობის და მათ ცნებათა და ნიშანთა მოქნილობის შედეგს წარმოადგენს. თვით ენების და მათი ერებზე გავლენის სასარგებლოდ მოწმობს მხოლოდ ის, რაც მათ წიაღში ბუნებრივად წარმოიშობა, რისკენაც ისინი მოგვიწოდებენ და რასაც შთაგვაგონებენ, და არა ის, რასაც მათ იძულებით ვახვევთ თავს.

14. ზოგიერთი ენის არასრულყოფილების მიზეზების დადგენას, ცალკეულ შემთხვევებში, ისტორიულ დაკვირვება იძლევა. მე კი აქ სხვა საკითხი უნდა განვიხილო: სახელდობრ, შესაძლებელია თუ არა რომელიმე ენის სრულად ჩამოყალიბება და მომწიფება ისე, რომ მან არ გაიაროს მრავალი გარდამავალი მდგომარეობა, თანაც სწორედ ისეთი, რომლის გამო წარმოდგენის პირვანდელი სახე იმდენად დამსხვრეულია, რომ ელემენტთა საწყისი მნიშვნელობა უკვე აღარაა სავსებით ნათელი? ეს რომ სინამდვილეს ჰგავს, ამას ადასტურებს ნიშანდობლივი დაკვირვება, რომ განუვითარებელი ენების დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს თანმიმდევრულობა, ხოლო ჩამოყალიბებული ენებისას - ანომალია მათი აგებულების მრავალ ნაწილში და, ასევე, საგნის ბუნებიდან მიღებული საბუთებიც. ენაში გაბატონებულ პრინციპს არტიკულაცია წარმოადგენს; ყოველი ენის უმნიშვნელოვანესი ღირსება არის მყარი და ადვილი დანაწევრება, ეს კი გულისხმობს მარტივი და თავის თავში განუყოფელი ელემენტების მანამდე არსებობას. ენის არსი ისაა, რომ საგანთა და მოვლენათა სამყაროს მატერია აზრების ფორმაში ჩამოაყალიბოს; მთელი მისი მისწრაფება ფორმალურია და რაკი სიტყვები საგნებს ენაცვლება, მათაც, როგორც მატერიას, რაღაც ფორმა უნდა დაუპირისპირდეს, რომელსაც ისინი დაექვემდებარებიან. მაგრამ პირვანდელი ენები მარცვალთა ერთსა და იმავე ჯგუფს მრავალი შინაარსით ტვირთავენ და ფორმით გაგებინების აშკარა უკმარისობას განიცდიან. მათი საიდუმლოების ამოსახსნელად უნდა დავადგეთ გზას, რომელიც, პირველ რიგში, სრულად უგულებელყოფს გრამატიკის ცოდნას, მეორე მხრივ, ითვალისწინებს, რომ ენაში მნიშვნელობის მქონე სიტყვები ერთმანეთის გვერდით უნდა მოთავსდნენ. ფორმა აზროვნებაში ფიქსირდება რომელიმე თავისთავადი მნიშვნელობის მქონე სიტყვის მეშვეობით, რომელიც, აგრეთვე, როგორც ასეთი - ე.ი. როგორც მასალა - ისე აღიქმება. განვითარების მეორე დიდ საფეხურზე მატერიალური ხასიათის მნიშვნელობა ფორმალიზაციას უთმობს ადგილს და აქედან ჩნდება ბრუნება-უღლების გრამატიკა და გრამატიკული, ე.ი. ფორმალური, მნიშვნელობის მქონე სიტყვები. მაგრამ ფორმა მხოლოდ იქ მოინიშნება, სადაც მას ცალკეული გარემოებები, მეტყველების სფეროდან, ასე ვთქვათ, მატერიალურად მოითხოვს, და არა იქ, სადაც მას იდეების შეკავშირება ფორმალურად საჭიროებს. მრავლობითი, თუმცა როგორც სიმრავლე გაიაზრება, მაგრამ მხოლობითი გაიაზრება არა როგორც ცალკეული, არამედ როგორც ცნება საერთოდ; ზმნა სახელს თანხვდება, თუკი პირი ან დრო არ მოითხოვს გამოხატვას. გრამატიკა ენას ჯერ კი არ განაგებს, არამედ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოჩნდება ხოლმე. როდესაც უკვე არც ერთი ელემენტი აღარ გაიაზრება, როგორც უფორმო, მასალა კი, როგორც მასალა მთლიანად დაძლეულია მეტყველებაში, მხოლოდ მაშინ მიიღწევა მესამე საფეხური. ამას კი ყველაზე განვითარებული ენებიც ძლივს აღწევენ იმდენად, რომ ყოველ ელემენტში ფორმის მინიშნება ისმოდეს, თუმცა მხოლოდ ამას ემყარება პერიოდების აგებულების არქიტექტონული ევრითმიის შესაძლებლობა. თანაც ჩემთვის არც ერთი ენა არაა ცნობილი, რომლის გრამატიკული ფორმებიც, თვით მათ უმაღლეს დასრულებულობაშიც კი, თავდაპირველ მარცვალთა აგლუტინაციის უტყუარ კვალს არ ატარებდეს. სანამ განვითარების ადრინდელ საფეხურებზე სიტყვა, თითქოს თავის მოდიფიკაციასთან გაერთიანებული, თავის სიმარტივეში მოდიფიცირებულად არ გვევლინება, მანამ ელემენტებს ადვილად გამოყოფის უნარი აკლიათ. გონი, ამ დროს, მძიმდება მნიშვნელობის მატარებლის მოუქნელობით, რომელიც ყოველ ძირითად ნაწილაკს ახლავს, და ფორმალურის შეგრძნების საშუალებით ფორმალური აზროვნებისკენ მისწრაფებას არ იძენს. ბუნებრივ მდგომარეობასთან ახლოს მდგომი ადამიანი წარმოდგენათა ერთხელ მიღებულ სახეობას ადვილად მისდევს ძალიან შორს, ყოველ საგანს და ყოველ მოქმედებას მათ თანმხლებ გარემოებებთან ერთად იაზრებს, ის ენაში გადმოაქვს და შემდგომ, რაკი ცოცხალი ცნება ენაში სხეულებრივად ქვავდება, ის იძულებულია ენას დაემორჩილოს. ამ მდგომარეობამდე მისასვლელად და მატერიალურ მნიშვნელობათა ძალის შესამცირებლად ქმედით საშუალებას წარმოადგენს ერების და ენების ერთმანეთთან შეჯვარება. წარმოდგენათა ახალი სახეობა უკვე არსებულს უერთდება, ერთმანეთში შერეულმა ტომებმა ერთმანეთის დიალექტების ცალკეული სიტყვების შედგენილობა კი არ იციან, არამედ მათ ფორმულებივით მთლიანობად იღებენ; არჩევანის შესაძლებლობის შემთხვევაში, უფრო არახელსაყრელი და მოუქნელი ადგილს უთმობს უფრო ადვილსა და მოქნილს. რამდენადაც გონი და ენა ცალმხრივად შეზრდილნი აღარ არიან, პირველი უფრო თავისუფლად იმორჩილებს უკანასკნელს. მართალია, პირვანდელი ორგანიზმი ირღვევა, მაგრამ ახლად დამატებული ძალა ასევე ორგანულია და, ამრიგად, პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს მრავალფეროვანი განვითარების პერსპექტივით. ამგვარად, უძველესი ტომების თითქოსდა ქაოსურმა შერევამ მოამზადა ნიადაგი მეტყველებისა და სიმღერის ასაყვავებლად შორეულ საუკუნეებში.

15. ზოგიერთი ენის ზემოხსენებულ არასრულყოფილებას ჩვენ აქ აღარ განვიხილავთ. მხოლოდ თანაბრად სრულყოფილი ენების გამოკვლევით - ან ისეთების მაინც, რომელთა განსხვავებულობა განვითარების დონის მიხედვით უშუალოდ არ გაიზომება - შეიძლება პასუხი გაეცეს ზოგად კითხვას: საერთოდ როგორ უნდა მივუდგეთ ენათა შორის განსხვავებას ადამიანთა მოდგმის განვითარებასთან მიმართებაში? როგორც მხოლოდ შემთხვევითს - ენათა ცხოვრების თანმხლებ გარემოებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მოხერხებულად და იოლად, თუ როგორც იდეათა სფეროს დამუშავების აუცილებელ, სხვა რამით შეუცვლელ საშუალებას? და ეს იმიტომ, რომ ყველა ენა, როგორც შემხვედრი (convergierende) სხივები, მისკენ (ამ სფეროსკენ) მიისწრაფვის და მათი მიმართება ამ სფეროსთან, როგორც მათ საერთო შინაარსთან, ჩვენი კვლევის საბოლოო მიზანს წარმოადგენს. თუკი შესაძლებელია, ეს შინაარსი ვაქციოთ ენისაგან დამოუკიდებლად, ან ენობრივი გამოხატულება გავხადოთ შინაარსისთვის მნიშვნელობის არმქონედ, მაშინ ენათა განსხვავების შესწავლას მხოლოდ განპირობებული და დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - აუცილებელი და გადამწყვეტი.

16. ყველაზე დამაჯერებლად ამის შეფასება შეიძლება უბრალო სიტყვისა და უბრალო ცნების ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. მართალია, სიტყვა ენას არ ამოწურავს, მაგრამ ის მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, სახელდობრ, ისეთსავე ნაწილს, როგორსაც ცოცხალ სამყაროში ინდივიდუუმი. ამასთანავე, სულაც არ არის ღირებულებას მოკლებული ის, თუ რომელიმე ენა აღწერითად გამოხატავს იმას, რასაც სხვა - ერთი სიტყვით (ეს არც გრამატიკული ფორმებისათვის არის უმნიშვნელო), რადგან აღწერითი გამოხატვის შემთხვევაში, წმინდა ცნების ფორმის საპირისპიროდ, ისინი გვევლინებიან არა როგორც მოდიფიცირებული იდეები, არამედ როგორც მოდიფიკაციის მაჩვენებლები; ამავე დროს, არც ცნებების აღნიშვნისათვის არის ეს სულერთი. დანაწევრების კანონი აუცილებლად ზიანდება, როდესაც ცნებაში წარმოდგენილი ერთიანობა გამოხატულებაში ასეთსავე ერთიანობად არ გვევლინება, და სიტყვის, როგორც ინდივიდუუმის, ცოცხალი ქმედითობა ამგვარ გამოხატულებას მოკლებული ცნებისთვის იკარგება. გონების აქტს, რომელიც ცნების ერთიანობას წარმოშობს, შეესატყვისება სიტყვის ერთიანობა, როგორც გრძნობადი ნიშანი. აზროვნებაში მეტყველების მეშვეობით ორივე რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან, რადგანაც ისევე, როგორც რეფლექსიის ძალა არტიკულაციის საშუალებით ახდენს ბგერათა დანაწევრებას და ინდივიდუალიზებას, ასევე ეს არტიკულაცია დამანაწევრებელ და გამაცალკევებელ უკუგავლენას უნდა ახდენდეს აზრობრივ მასალაზე და მას უნდა შეაძლებინოს ერთი განუყოფლიდან მეორისკენ მისწრაფებით გაიაროს აბსოლუტური ერთიანობისაკენ მიმავალი გზა.

17. ხოლო აზროვნება დამოკიდებულია არა მარტო ენაზე ზოგადად, არამედ, გარკვეულ დონემდე, ყოველ ცალკეულ კონკრეტულ ენაზეც. მართალია, შეიძლება მოვინდომოთ სხვადასხვა ენის სიტყვები ისეთი ზოგადი მნიშვნელობის ნიშნებით შევცვალოთ, როგორსაც მათემატიკა სიმბოლოების აღრიცხვის სახით ფლობს, მაგრამ ამით გააზრებადის საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება ამოიწუროს, რადგანაც ეს ნიშნები, მათი ბუნების თანახმად, მხოლოდ ისეთ ცნებებს ესადაგება, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნან წმინდა კონსტრუირების მეშვეობით ან უშუალოდ გონებით. მაგრამ იქ, სადაც შინაგანი აღქმის და შეგრძნების მასალა ცნებებში უნდა აღიბეჭდოს, საქმე ადამიანის წარმოდგენის ინდივიდუალურ, მისი ენისაგან განუყოფელ უნარს ეხება. ყოველი ცდა, რომ ცალკეული ნიშანი თვალით ან ყურით აღსაქმელი ზოგადი ნიშნით ჩავანაცვლოთ, მხოლოდ თარგმნის შემოკლებულ მეთოდს წარმოადგენს. სულელური ოცნება იქნებოდა წარმოგვედგინა, რომ ამის საშუალებით შესაძლებელია, ყველა ენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ მშობლიური ენიდან გამოღწევაც კი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ენის შუაწერტილი (Mittelpunkt) მოსაძიებელიცაა და საპოვნელიც. ისიც აუცილებელია, რომ ენათა შედარებითი შესწავლისას, როგორც გრამატიკულ, ასევე ლექსიკურ ნაწილშიც, ამ შუაწერტილს მხედველობიდან არ ვკარგავდეთ, რამდენადაც ორივეს მოეპოვება ისეთი ობიექტების რაღაც რაოდენობა, რომელთა სრულიად a priori განსაზღვრა და ერთი განსაკუთრებული ენის ყველა პირობისაგან გათიშვა შესაძლებელია. ამის საპირისპიროდ, არსებობს ისეთ ცნებათა - და აგრეთვე გრამატიკულ თავისებურებათა გაცილებით უფრო დიდი სიმრავლეც, რომლებიც თავიანთი ენის ინდივიდუალურობაში ისე განუყოფლად არიან ჩაქსოვილნი, რომ არც ყველა ენის კუთვნილებას წარმოადგენენ და ვერც გადატანილნი იქნებიან შეუცვლელად რომელიმე სხვა ენაში. ამგვარად, ყოველი ენის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად უდავოდ არის დამოკიდებული ამ ენაზე, რომ მისი გამოხატულება შეუძლებელია შინაარსისგან დამოუკიდებელი იყოს.

18. სიტყვა, რომელიც პირველად აქცევს ცნებას აზროვნების სამყაროს ინდივიდუუმად, თვითონვე მნიშვნელოვნად ავსებს ამ აზროვნებას; და იდეა, იძენს რა სიტყვის წყალობით გარკვეულობას, ამავე დროს შესაბამის ფარგლებშიც ექცევა. მისი ჟღერადობა და მსგავსი მნიშვნელობის სხვა სიტყვებთან ნათესაობა, ამ სიტყვის მიმართებები აღქმასა თუ შეგრძნებასთან - გარკვეულ შთაბეჭდილებას ქმნის, რომელიც, თავის მხრივ, ჩვეულებად იქცევა და ამით მანამდე თავისთავად უფრო გაურკვეველი და უფრო თავისუფალი ცნების ინდივიდუალიზაციას ახდენს. მნიშვნელობის მქონე ნებისმიერ სიტყვას ერთვის მის მიერ პერმანენტულად გამოწვეული შეგრძნებები, შემთხვევით წარმოქმნილი სახეები და წარმოდგენები. სხვადასხვა სიტყვის ნაერთები თავისი თავის იდენტური რჩებიან იმ მიმართებებშიც, რომლებშიც მათი გამოვლენა იჩენს თავს. სიტყვა შესაბამისი ობიექტის წარმოდგენასაც იწვევს და ხშირად შეუმჩნევლად თავისი და ობიექტის შესატყვის შეგრძნებასაც აღვიძებს. ამგვარად, ადამიანის ფიქრების უწყვეტ თანმიმდევრობას თან სდევს შეგრძნებათა ასევე უწყვეტი თანმიმდევრობა, რომელიც, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია წარმოდგენილი ობიექტითაც, მაგრამ, პირველ რიგში, მისი ხარისხითა და შეფერილობით, ანუ სიტყვების და ენის ბუნებითაც. ობიექტი, რომლის გამოჩენას ცნობიერებაში ყოველთვის თან სდევს ენის მიერ ინდივიდუალიზებული, მუდამ განმეორებადი შთაბეჭდილება, ამგვარად მოდიფიცირებული სახით წარმოიდგინება. ცალკეულ შემთხვევაში ეს ნაკლებად არის შესამჩნევი, მაგრამ მთლიანობაში ქმედების ძალა თანაზომიერებისა და შთაბეჭდილების მუდმივ დაბრუნებაში მდგომარეობს. რამდენადაც ენის ხასიათი ყოველ გამოხატულებასა თუ გამოხატულებათა შეკავშირებას ახლავს, ამდენად წარმოდგენათა სრული სიმრავლეც მისგან მომდინარე შეფერილობას იძენს.

19. რადგან ენა არ არის ერთი ადამიანის თავისუფალი წარმონაქმნი, არამედ ეკუთვნის ყოველთვის მთელ ერს, ის შემდგომ თაობებს წინა თაობებისგან გადაეცემა. იმის გამო, რომ ენაში ხდება შერევა, იწმინდება და გარდაიქმნება ადამიანთა წარმოდგენები - ჯერ ტომის ყველა ასაკის, სქესის, წოდების მრავალგვარი ხასიათისა და გონების მქონე ადამიანთა მიერ. შემდგომ ეტაპზე ხალხების მიერ სიტყვათა და ენათა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე ყალიბდება ადამიანთა მოდგმა მთლიანობაში, ენა ხდება სუბიექტურობის ობიექტურობაზე გარდაქმნის უმნიშვნელოვანესი იარაღი - ნიადაგ შეზღუდული ინდივიდუალურობიდან თავის თავში ყველაფრის ერთდროულად მომცველ არსებობაზე. პირველად გაგონილი ბგერითი ნიშნების აღმოჩენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ენათა წარმოშობა ადამიანის გამოცდილების ფარგლებს სცილდება. იქ, სადაც ადამიანს მნიშვნელობის მქონე რაღაც ბგერები მემკვიდრეობით აქვს შეძენილი, ის თავის ენას ამის მიხედვით ქმნის და მეტყველების დიალექტს მოცემულის ანალოგიით აგებს. სწორედ ეს იმალება ყოველი ენის ყველა ნაწილისა და ელემენტის ურთიერთგაგებინების მოთხოვნილებაში, და აგრეთვე ყველა ენის ერთმანეთთან საყოველთაო ურთიერთკავშირსა და ენის უნარის ერთგვაროვანებაშიც. თვით ენის გრამატიკული განმარტებისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივად მხედველობაში გვქონდეს, რომ ჩვენამდე მოღწეული ენების შემქმნელი ტომები იოლად კი არ იგონებდნენ, არამედ საკუთარი ნებით მოქმედების დროსაც უკვე მოცემულს ანაწევრებდნენ და იყენებდნენ. მხოლოდ აქედან ამოსვლით შეიძლება ავხსნათ გრამატიკული ფორმების მრავალი ფაქიზი ნიუანსი. ამ ტომებისთვის განსხვავებული აღნიშვნების გამოგონება რთული იქნებოდა, პირიქით კი, უკვე არსებულ განსხვავებულ აღნიშვნათა სათანადო გამოყენება ბუნებრივი იყო. სწორედ ენის მთავარი ელემენტები, სიტყვები, პირველ რიგში, წარმოადგენენ იმას, რაც ხალხიდან ხალხში გადადის. გრამატიკული ფორმებისთვის ეს უფრო ძნელია, რადგანაც ისინი უფრო ფაქიზი ინტელექტუალური ბუნებისანი არიან - უფრო გონებაში ბუდობენ და მატერიალურად ბგერას თავისი თავის ამხსნელად არ უკავშირდებიან. ამრიგად, ადამიანთა მუდამ მონაცვლე თაობათა და წარმოსადგენ ობიექტთა სამყაროს შორის დგას უსასრულო რაოდენობის სიტყვები, რომლებიც – მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების კანონების თანახმად წარმოიშვნენ და ნიადაგ ამგვარად გამოიყენებოდნენ, ადამიანების და ობიექტების მსგავსად უნდა განიხილებოდნენ როგორც თავისთავადი, მხოლოდ ისტორიულად ასახსნელი, ადამიანის შემთხვევის ერთიანი ძალით წარმოდგენილი ერთეულები. სიტყვათა რიგი წარსულის წყვდიადში ისე შორს იკარგება, რომ დასაბამის დადგენა უკვე შეუძლებელია და მათი განშტოებები ადამიანთა მთელ მოდგმას მოიცავს. სიტყვათა რიგის ქმედების და მუდმივი წარმოქმნის გაგრძელების შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი ყველა დღემდე არსებული თაობა მოისპობოდა და გადმოცემის ყველა ძაფი (Fäden) გაწყვეტილი აღმოჩნდებოდა. რამდენადაც ეს ხალხები უკვე არსებული ენობრივი ელემენტებით სარგებლობენ და თავის ბუნებას ობიექტის წარმოდგენაში ურევენ, გამოხატულება მნიშვნელობას არაა მოკლებული, ცნება კი ენისაგან დამოუკიდებელი არ არის. ენაზე დამოკიდებული ადამიანი კი მასზე უკუქმედებს და ამგვარად, ყოველი ცალკეული ენა სამი განსხვავებული თანმხვედრი ქმედების შედეგია: ობიექტის რეალური ბუნების, რადგანაც იგი სულში (Gemüth) აღიბეჭდება, ერის სუბიექტურობისა და ენის თავისებურების, მასში შერეული უცხო წარმოშობის ძირითადი მასალითა და იმ ძალით, რომლითაც ყველაფერი მის მიერ შეძენილი, თუნდაც თავიდან სრულიად თავისუფლად შექმნილი, ანალოგიის გარკვეულ ფარგლებში დასაშვებს ხდის შემდგომ წარმოქმნას.

20. აზრის და სიტყვის ურთიერთდამოკიდებულება სავსებით ნათელს ხდის, რომ ენები სინამდვილეში წარმოადგენენ არა უკვე შეცნობილი ჭეშმარიტების ჩამოყალიბების, არამედ მანამდე უცნობის აღმოჩენის საშუალებას. მათ შორის სხვაობა არა ბგერათა და ნიშანთა, არამედ თვით სამყაროს ხედვათა (Weltansicht) შორის განსხვავებაა. ესაა მთელი ენობრივი კვლევის საფუძველიც და საბოლოო მიზანიც. შესამეცნებლის ტოტალურობა, როგორც ადამიანის გონის მიერ დასამუშავებელი ნიადაგი, მოქცეულია ყველა ენის შუაგულში და მათგან დამოუკიდებლადაც; ადამიანს არ შეუძლია ამ წმინდა ობიექტურ არეს სხვანაირად მიუახლოვდეს, თუ არა თავისი შემეცნებისა და შეგრძნების ხასიათის შესატყვისად, ე.ი. სუბიექტური გზით. სწორედ იქ, სადაც კვლევა უმაღლეს და უღრმეს წერტილებს აღწევს, გონების მექანიკური და ლოგიკური გამოყენება, რომელიც ყველა განსაკუთრებული თავისებურებისაგან ყველაზე ადვილად გამოცალკევდება, ქმედითობის თავის ზღვარს აღწევს და ძალაში შედის შინაგანი აღქმის და შემოქმედების პროცესი, საიდანაც ნათელი ხდება, რომ ობიექტური ჭეშმარიტება სუბიექტური ინდივიდუალობიდან მომდინარეობს. ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ ენით და ენის საშუალებით. ენა კი, როგორც ერის შორეული წარსულის წარმონაქმნი, ადამიანისთვის რაღაც უცხოს წარმოადგენს; ის, ერთი მხრივ, მას ბოჭავს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმის საშუალებით, რაც ენაში წინა თაობებმა შექმნეს, ამდიდრებს, აძლიერებს და სტიმულს აძლევს. ენა, როგორც სუბიექტური, უპირისპირდება შესამეცნებელს, ადამიანს კი ობიექტური სახით ევლინება. რადგანაც ყოველი ენა ადამიანის ზოგადი ბუნების გამოძახილია და ენათა ერთობლიობა ადამიანის სუბიექტურობას სრულყოფილად ვერასოდეს ასახავს, ენები ამ მიზანს მაინც განუწყვეტლივ უახლოვდებიან; ხოლო მთელი კაცობრიობის სუბიექტურობა თავის თავში ისევ რაღაც ობიექტურობად იქცევა. ამრიგად, სამყაროსა და ადამიანს შორის საწყისი შესაბამისობა, რომელსაც ჭეშმარიტების შემეცნების ყოველგვარი შესაძლებლობა ემყარება, ნაწილ-ნაწილ და თანდათანობით აღდგება მისი გამოვლენის გზაზე. რადგანაც სინამდვილეში ობიექტური მარად მისაღწევი რჩება, როდესაც ადამიანი მას ენის თავისებურებების მეშვეობით სუბიექტური გზით უახლოვდება, ამიტომ მისი შემდეგი მისწრაფება იმაში მდგომარეობს, რომ ისევ, თუნდაც ერთი ენობრივი სუბიექტურობის მეორეთი შეცვლის საშუალებით, გამოაცალკევოს სუბიექტური და, რაც შეიძლება წმინდა სახით, გამოყოს მისგან ობიექტი.

21. თუკი მრავალი ენის არაგრძნობადი საგნების გამოხატულებებს შევადარებთ, ერთნაირი მნიშვნელობის მქონენი მხოლოდ ისინი აღმოჩნდებიან, რომლებსაც, მათი კონსტრუირებადი სახის გამო, არ შეუძლიათ მოიცავდნენ მათში ჩადებულზე მეტს. ყველა დანარჩენი კი მათ შორის მდებარე არეში იჭრება (თუ შეიძლება მათ მიერ აღნიშნულ ობიექტს ასე ეწოდოს), ანაწევრებს მას და ზოგი მეტ, ზოგი ნაკლებ სხვადასხვა მნიშვნელობას შეიცავს. მართალია, გრძნობადი საგნების გამოხატულებები ერთი და იმავე მნიშვნელობისანი არიან იმდენად, რამდენადაც ისინი ერთსა და იმავე საგანს მოიაზრებენ, თუმცა გამოხატულებები საგნის წარმოდგენის მხოლოდ გარკვეულ ასპექტს გამოსახავენ და, ამდენად, მნიშვნელობებიც განსხვავებულია, ვინაიდან საგნის ინდივიდუალური ხედვის გავლენა სიტყვის წარმოქმნაზე - სანამ სიტყვა ცხოველმოქმედია - იმასაც განსაზღვრავს, თუ როგორ ეხმიანება სიტყვა საგანს. სიტყვათა დიდი რაოდენობა წარმოიქმნება გრძნობად და არაგრძნობად გამოხატულებათა შეკავშირებით, პირველთა (გრძნობად გამოხატულებათა) ინტელექტუალური დამუშავების შედეგად. ამიტომაც სიტყვები გრძნობადებად უკვე ვეღარ აღიქმებიან და იზიარებენ უკანასკნელების (არაგრძნობადების) შთაბეჭდილებებს მაშინ, როდესაც (გრძნობადების) კვალი დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, უნდა გამქრალიყო. რადგან ენა ერთდროულად ასახვაცაა და ნიშანიც - არც მხოლოდ საგნების მიერ გამოწვეული შთაბეჭდილების პროდუქცია და არც მთლად მეტყველის თვითნებობის წარმონაქმნი - ამიტომაც თითოეული მათგანი ყოველ თავის ელემენტში ამ პირველი (გრძნობადი გამოხატულების) თვისების კვალს ატარებს, მაგრამ ამ კვალის ამოცნობა, მისი საკუთარი სიცხადის გარდა, სულიერ განწყობასაც ემყარება - სიტყვა მიღებული უნდა იყოს როგორც ასახვა, თუ უფრო როგორც ნიშანი. და ეს იმის გამო, რომ სულს (Gemüth) შეუძლია აბსტრაქციის ძალით არაგრძნობადს მიაღწიოს, მაგრამ ისიც შეუძლია, რომ ათვისების ყველა საშუალებით ენის მთელი მასალის თავისებურებას სრულად ჩასწვდეს. მეტყველს შეუძლია თავისი მიდგომით გეზი მიმართოს ან აბსტრაქციის, ან ენობრივი მასალისაკენ. ამრიგად, რომელიმე პოეტურ, პროზისათვის უცხო გამოხატულების გამოყენებას ხშირად სხვა არავითარი ზემოქმედება არ გააჩნია, თუ არა ის, რომ სული განაწყოს, რათა ის ენას, როგორც ნიშანს კი არ უყურებდეს, არამედ მის სრულ განსაკუთრებულობას ეზიაროს. თუკი მოვინდომებთ ენის ეს ორგვარი გამოყენება ერთმანეთს ჟანრების სახით დავუპირისპიროთ, რაც ენაში ამ ორგვარ გამოყენებას უფრო მკვეთრად გამიჯნავს, ვიდრე ეს სინამდვილეში შეიძლება მოხდეს, მაშინ ერთს მეცნიერული, მეორეს კი ორატორული შეიძლება დავარქვათ. პირველი, ამავე დროს, საქმიანობას (Geschäfte) ესადაგება, უკანასკნელი კი - სიცოცხლის ბუნებრივ ვითარებას, რადგანაც თავისუფალი გამოყენება ხსნის იმ არტახებს, რომლითაც აღქმის სულისმიერი უნარი შეიძლება ყოფილიყო შებოჭილი. მეცნიერული გამოყენება, აქ მიღებული გაგებით, მხოლოდ წმინდა აზრობრივ-კონსტრუქციული მეცნიერების და ცდისეულ მეცნიერებათა გარკვეული ნაწილებისათვის არის გამოსადეგი; ყოველი შემეცნების დროს, რომელიც ადამიანის განუყოფელ ძალებს მოითხოვს, ორატორული გამოყენებაც შედის ძალაში. სწორედ შემეცნების ეს სახეობა ნათელსა და სითბოს ჰფენს ყველა დანარჩენს, სწორედ მას ემყარება საერთო სულიერ განვითარებაში წინსვლა; და ერს, რომელიც თავისი განათლების სიმძიმის ცენტრს არ ეძებს და არ პოულობს პოეზიაში, ფილოსოფიასა და ისტორიაში, რომლებიც შემეცნების ამ სახეობას განეკუთვნებიან, ენის კეთილისმყოფელი უკუგავლენა მალე აკლდება, რადგანაც ენა საკუთარი მიზეზით ვეღარ ასაზრდოებს ერს იმ მასალით, რომელსაც ერთადერთს შეუძლია მას სიჭაბუკე, ძალა, ბრწყინვალება და მშვენიერება შეუნარჩუნოს. საკუთრივ ამ არეში პოულობს ადგილს მჭევრმეტყველება, თუკი მას გავიგებთ ფართო და არა ჩვეული მნიშვნელობით, როდესაც ენა თვით ახდენს არსებით გავლენას ობიექტების გადმოცემაზე, ან მიზანდასახულად გამოიყენება ამისთვის. ამ უკანასკნელი სახით მჭევრმეტყველებას შეუძლია, სამართლიანად ან უსამართლოდ, მეცნიერულ და საქმიან გამოყენებაშიც იყოს გადატანილი. ენის ასეთი მეცნიერული გამოყენება კი პირობითისაგან (conventionelle) უნდა განვასხვაოთ. საზოგადოდ, ეს ორივე ერთსა და იმავე კლასს ეკუთვნის, რამდენადაც ისინი ენის, როგორც თავისთავადი მასალის, თავისებურ ქმედებას სპობენ და უნდათ, რომ მასში მხოლოდ ნიშანი დაინახონ. მაგრამ მეცნიერული გამოყენება ამას იქ აკეთებს, სადაც ეს დასაშვებია, და აღწევს ამას იმით, რომ ცდილობს, გამოხატულებას ყოველგვარი სუბიექტურობა ჩამოაცილოს, ანდა, უფრო ზუსტად, სული სრულიად ობიექტურად განაწყოს, რაშიც მას წყნარი და გონივრული საქმიანი გამოყენებაც მიჰყვება. ენისადმი აქ წარმოდგენილი მიდგომა კონვენციონალურ გამოყენებას ისეთ არეში გადაიტანს, რომელიც ამთვისებლობის თავისუფლებას უნდა მოითხოვდეს, გამოხატულებას ხარისხის და შეფერილობის მხრივ გარკვეულ სუბიექტურობას ახვევდეს თავს და ცდილობდეს სულსაც ასეთივე განწყობა მიანიჭოს. ამგვარად, ის შემდგომ სამეტყველო არეში გადაინაცვლებს და განაახლებს მჭევრმეტყველებასა და პოეზიას. არსებობენ ერები, რომლებიც, მათი ხასიათის ინდივიდუალობიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ყალბ გზებს ირჩევენ, ანდა სწორ გზას ცალმხრივად მიჰყვებიან; ისეთებიც არსებობენ, რომლებიც თავის ენას მეტ-ნაკლები წარმატებით (glücklich) იყენებენ; და როდესაც ბედის წყალობით, შინაგანი სმენისა და ხმის თვალსაზრისით, მჭევრმეტყველებისა და სიმღერისადმი განწყობილი ხალხი რომელიღაც დიალექტის ორგანიზმის გადამწყვეტ წერტილს აღწევს, მაშინ ჩნდება დიდებული და ყველა დროისათვის გასაოცარი ენები. მხოლოდ ბედის ასეთი წყალობით შეიძლება აიხსნას ბერძნული ენის წარმოშობა.

22. შეუძლებელია, რომ ენის ეს უკანასკნელი და ყველაზე არსებითი გამოყენება უცხო იყოს მისი თავდაპირველი ორგანიზმისათვის. მასში იმყოფება მომავალი განვითარების პირველი ჩანასახი. აქ ერთიანდება ენათა შედარებითი შესწავლის ადრე გათიშული ორივე ნაწილი. ყველა ენის გრამატიკისა და სიტყვათა მარაგის კვლევის საფუძველზე, რამდენადაც შესაბამისი საშუალებები გაგვაჩნია, აგრეთვე, უფრო განვითარებული ენების წერილობითი ძეგლების კვლევით, თანამიმდევრულად და ნათლად უნდა იქნეს წარმოდგენილი იდეათა წარმოქმნის ხარისხი და სახე, რომელსაც ადამიანთა ენებმა მიაღწიეს, და გამოვლინდეს მათ აგებულებაში სხვადასხვაგვარი თვისებების გავლენა მათ საბოლოო სრულყოფაზე.

23. მე აქ ის განზრახვა მქონდა, რომ ენათა შედარებითი კვლევის არე მთლიანობაში მომენიშნა, მისი მიზანი დამედგინა და მეჩვენებინა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ენათა წარმოშობა და სრულყოფა ერთიანად უნდა მივიღოთ მხედველობაში. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ ენები უფრო და უფრო ნაკლებად იქნეს განხილული, როგორც პირობითი (willkührlich) ნიშნები, და რომ სულიერ ცხოვრებაში უფრო ღრმა წვდომით მათი აგებულების თავისებურებაში ვპოვოთ ჭეშმარიტებისა და, ასევე, განწყობათა და ხასიათის წარმოქმნის კვლევისა და შემეცნების საშუალება. რამდენადაც განვითარების უფრო მაღალ დონემდე მიღწეულ ენებში სამყაროს საკუთარი ხედვა არის დაცული, ამდენად, მათი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს არა მარტო ერთმანეთთან, არამედ მთელ მოაზრებად ტოტალობასთანაც. ამრიგად, ენებთან დაკავშირებით ისეთივე მდგომარეობაა, როგორც თვით ადამიანთა ხასიათებთან - ან, შესადარებლად უფრო მარტივი ობიექტი რომ შევარჩიოთ, როგორც ღმერთების იდეალებთან დაკავშირებით სახვით ხელოვნებაში, სადაც ტოტალობა შეიძლება აღმოჩენილ იქნეს და მანკიერი წრე შეიკრას - რადგანაც ყოველი მათგანი ერთი გარკვეული მხრიდან წარმოადგენს ზოგად იდეალს, რომლის ინდივიდუალიზება ყველა ამაღლებული თვისების თანადროული ხორცშესხმის სახით არის შესაძლებელი. მაგრამ არ უნდა ვივარაუდოთ ერთ ენაში ყველა ღირსების არსებობა და სინამდვილის მიმართ ძალადობას ჩავიდენდით, თუკი ხასიათების ან ენათა განსხვავებულობების (ისტორიულად) ასე წარმოდგენას მოვინდომებდით. შეიძლება ვილაპარაკოთ ენის მხოლოდ გარკვეულ მიდრეკილებებსა და არა მკაფიო მიმართულებებზე; ისევე, როგორც ადამიანებისა და ერების შემთხვევაში და, აგრეთვე, ენათა და ხასიათების წარმოშობასთან დაკავშირებით (რაც წარმოადგენს არა გარეგანის რაღაც კანონისადმი დამორჩილებას, არამედ არსის მიახლოებას იდეალთან). შეიძლება ვიფიქროთ, თითქოს იდეალის მიერ მოცემული მიმართულების რაღაც გზას ვადგავართ, რომელიც ყველა მისი მხარის ამომწურავ სხვა გზებსაც მოიცავს. იმ ერების მდგომარეობა, რომელთა ენებისთვისაც ეს მართებულია, უმაღლეს და დასრულებულ მდგომარეობას წარმოადგენს, სადამდეც კი ერი ტომების განსხვავებას მიჰყავს; ის ვარაუდობს ადამიანთა დიდ მასებს, რადგანაც ენები ამას მოითხოვენ იმისთვის, რომ თავის სრულყოფას მიაღწიონ. მას საფუძვლად უდევს უმდაბლესი მდგომარეობა, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. ის ადამიანთა მოდგმის გარდაუვალი დანაწევრებითა და განშტოებით წარმოიქმნება და მას ენები თავის წარმოშობას უმადლიან; ეს მდგომარეობა მრავალ მცირე მასებსაც მოიცავს, რადგანაც ენათა წარმოშობა მათში უფრო ადვილია. ამასთანავე, მრავალი ენა უნდა შეერიოს და შეერწყას ერთმანეთს, რომ მდიდარი და კარგად აგებული (bildsame) ენა გაჩნდეს. ორსავე მდგომარეობაში ერთიანდება ის, რაც მთელ დედამიწაზე ადამიანთა მოდგმაში მოიპოვება; ის, რის დასაბამსაც ბუნებრივი აუცილებლობა და ფიზიკური მოთხოვნილება წარმოადგენს, მაგრამ პროგრესულ განვითარებაში ორივე უმაღლეს სულიერ მიზნებს ემსახურება.

თარგმნა გიორგი ჩიკოიძემ

 

-------------------------------------------------------------------------

1. Wilhelm von Humboldt, Über das vergleichende Sprachstudium in Beziehung auf die verschiedenen Epochen der Sprachentwicklung, წაკითხულია მოხსენებად 1820 წლის 29 ივნისს, ბერლინში.