topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე - "მზის საყრდენი" //გ. მახობეშვილი - რატომ მოაკვლევინა საქართველოს მონღოლმა დედოფალმა თორღვა პანკელი და როგორ დაისაჯა უნებლიეთ ფიცის გატეხისთვის ბერი ხორნაბუჯელი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე - "მზის საყრდენი"

წყარო

შორეულ წარსულში ჰერეთის შუაგულში, ცივ-გომბორის ქედის დასასრულს, იქ სადაც ივრის ზეგანი ფრიალო კბოდეთი გადადის ალაზნისპირეთში, აუგიათ მიუვალი ციხე-სიმაგრე ხორნაბუჯი. ეს სახელი მრავალნაირად აიხსნება. "მზის საყრდენს" ნიშნავს ძველ ირანულად ხორნაბუჯი. ზოგი ფიქრობს, რომ ამ სახელში შემონახულია უძველესი ქართული ტომის ხორე-ბის მთავარი საცხოვრისი, სხვაგვარი განმარტებაც არის: "ხორნაბუჯი - ხორების ყურეაო“ ანდა ქორა-ხოშას“ უკავშირებენ, ტომის მამასახლისის ადგილსამყოფელს გულისხმობენ. ოდესღაც არსებობდა სახელგანთქმული არისტოკრატიული საგვარეულო ხორხორუნები, მეტსახელად მალხაზ-ხორხორუნები. ასეთი ვარაუდიც გამოითქვა, ხორხორუნები და მათი "მალხაზები" ("მალხაზი" მამასახლისთანაა გაიგივებული) უხსოვარი დროიდან სწორედ ხორნაბუჯში ბინადრობდნენ. ზოგი თვლის, რომ სახელწოდებაში აისახა "ხორანბუდი", ე.ი. ქვეყნის დაბა ან "მზის ბურჯი", ცხადი მხოლოდ ერთია: ხორნაბუჯი ყოველთვის იყო ქართველთა საიმედო ციხე-სიმაგრე და მშვენიერი, ლაღი, ამპარტავანი ქალაქი. მისი დაარსება მიეწერება მეფე ბაკურს, IV ს-ში მოღვაწე მეფეს (მეფე ვარაზ-ბაქარსაც ასახელებენ). V ს-ში მეფე ვახტანგ გორგასლანმა ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. VI ს-ში ციხე-ქალაქს ირანელები დაეპატრონენ, დიდხანს იდგა ირანული გარნიზონი ამ ქალაქში. გარნიზონის უფროსი მთელ მხარეს აკონტროლებდა, ცნობილია ხორნაბუჯის ირანელი მმართველი ვინმე ვეჟან ბუზბირი, ირანის მეფის ნაცვლის ბარამ ჩუბინის მოხელე. მოვიდნენ სამხრეთიდან პირველი ბაგრატიონები, მათ შორის ასამ და ვარაზვარდიმ აუჯანყეს ქართველობა ირანელებს, დაეუფლნენ ხორნაბუჯს, ზესთა (ე.ი. ყველაზე მაღალ) კოშკზე ეროვნული დროშა ააფრიალეს, მაშინ ბაგრატიონები ჯერ სამეფო დინასტიად არ იყო გადაქცეული. იმძლავრეს ხორნაბუჯელმა ბაგრატიონებმა, შორს, დასავლეთით გასწიეს საზღვრები. მათი განაყარნი არიან ჰერეთის ბაგრატიონები.

ქ. ხორნაბუჯი დიდხანს გადადიოდა ხელიდან ხელში, მის შეუვალ კედლებს ერკინებოდნენ: არაბები, თურქ-სელჯუკები, სპარსელები. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით XII ს-მდე (ე.ი. თვით ისტორიკოსის ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდამდე) ხორნაბუჯის მმართველები კვლავ ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ. XII ს-დან ჰერეთის ბაგრატიონები რამდენიმე გვარად გაიყვნენ, მათგან წარმოიშვა გრიგოლისძეთა და მახატლისძეთა საგვარეულოები. მახატლისძეები დაეუფლნენ ხორნაბუჯის საერისთაოს, რომელიც მოიცავდა თანამედროვე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მიდამოებს. მეფე თამარის ეპოქაში გამოირჩევა სახელგანთქმული ერისთავთერისთავი საღირ მახატლისძე, სწორედ მან მიაყენა უდიდესი დარტყმა თამარის პირველ მეუღლეს გიორგი რუსს, რომელიც 1191 წ. განძის ლაშქრით შემოიჭრა კამბეჩოვანში, ანუ გვიანდელ ქიზიყში (ხორნაბუჯის საერისთაო მთლიანად მოიცავდა კამბეჩოვანის ქვეყანას ანუ გვიანდელ ქიზიყს). მახატლისძეებს საქართველოს ისტორია იცნობს ხორნაბუჯელთა სახელით, იმდენად ძლიერი იყო ხორნაბუჯელთა ავტორიტეტი, რომ ძველი გადმოცემებით "შიშითა ხორნაბუჯელებისა, ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა ბარდალს, განძას და შირვანს“. მონღოლთა ბატონობის შემდეგ საერისთაო უაღრესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთმანეთს დაუპირისპირდა მონღოლთა ორი იმპერია: ოქროს ურდო (მოიცავდა ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთს, ვოლგისპირეთს, ციმბირს, ყაზახეთს, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს) და ე.წ. საილხანო ანუ სამხრეთ-მონღოლური სახელმწიფო (მოიცავდა ავღანეთს, ირანს, ერაყს, მცირე აზიას, სირიას). ჩრდილოელი და სამხრეთელი მონღოლები ერთმანეთს ებრძოდნენ შირვანსა და აზერბაიჯანში, უშუალოდ ხორნაბუჯის საერისთაოს სიახლოვეს, ეს კი აიძულებდა ქართველობას თავის სურვილის წინააღმდეგ აქტიურად ჩაბმულიყო მონღოლთა პოლიტიკურ ვნებებში. XIII ს-ის შუალედისთვის ხორნაბუჯელთა არისტოკრატიული გვარი კვლავ საკმაოდ ძლიერი იყო. საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოირჩეოდა ხორნაბუჯის პატრონი, შესანიშნავი დიპლომატი და ბრწყინვალე მხედარი ბერი ხორნაბუჯელი (ბერი საკუთარი სახელია). ბერი ულუ-დავითის ეპოქაში გადიოდა სამეფო კარის უმაღლეს წრეებში. იგი დაახლოებული იყო, როგორც მეფე ულუ-დავითთან, ასევე დედოფალ ჯიგდა-ხათუნთან. ულუ-დავითი ცდილობდა მონღოლთა გულის მოგებას, ამიტომაც მისი ორი ცოლი ჯიგდა-ხათუნი და ესუქნი მონღოლთა ნოინების ასულები იყვნენ. სანამ მონღოლთა ორი საყაენო ერთმანეთს დაეჯახებოდა, საქართველოზე კონტროლს ახორციელებდა ოქროს ურდო. ოქროს ურდოს ყაენმა თავისთან გამოიძახა დავით-ულუ. მეფემ საგანგებო რწმუნებანი მისცა დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და ვინმე მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა ძალზე მცირე მოხელეობა იყო. დიდებულებმა იწყინეს ჯიქურის მართვა-გამგეობა, მაგრამ ჯიქურს ზურგს უმაგრებდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, რომლის უკან იდგნენ გავლენიანი მონღოლი ნოინები. ულუ-დავითმა გაითვალისწინა ქართველი დიდებულების პატივმოყვარეობა და ყაენთან წასვლის წინ თითოეული თემი ანუ მხარე დამატებით ჩააბარა გამორჩეულ ფეოდალებს. კახეთის მმართველად დაინიშნა თორღვა პანკელი...

მეფე ულუ-დავითმა დიდხანს დაჰყო მონღოლებში, სახელმწიფოს განაგებდნენ დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მისი გამორჩეული პირი მესტუმრე ჯიქური. ჯიგდა-ხათუნი აქტიური ქალი გამოდგა, ენერგიულად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. ერთადერთი პიროვნება, რომელიც არ ემორჩილებოდა, იყო კახეთის მმართველი თორღვა პანკელი. რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ზუსტად არ არის ცნობილი. არსებობს ლეგენდა, რომ ჯიგდა-ხათუნს შეუყვარდა თორღვა პანკელი. მთიელმა ჭაბუკმა ფეოდალმა არ იკადრა მეფის სარეცლის შებღალვა, რამაც ძალზე გაანაწყენა ვნებააშლილი დედოფალი. თორღვა პანკელი ჩაიკეტა პანკისის ხეობაში, საგვარეულო ციხე-სიმაგრეში, რომელსაც დღეს თორღვას ციხე ეწოდება. მესტუმრე ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა თორღვას პანკისის ხეობიდან გამოსატყუებლად. მან მოიხმო ბერი ხორნაბუჯელი და თორღვა პანკელთან შუამავლობა დაავალა. ბერი დაახლოებული იყო პანკისის ერისთავთან. აქ მხოლოდ საქმე პირად მეგობრობაში არ არის. საქმე ის არის, რომ პანკისის საერისთაოს ცხვარ-ძროხა იყენებდა ხორნაბუჯის საერისთაოს საძოვრებს. ბერ ხორნაბუჯელს ეეჭვებოდა თორღვა პანკელის ღალატი, ამიტომაც ამ ეტაპზე იგი საქმეში არ ჩაერია.

ძალზე ავი იყო დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, ცბიერი იყო მესტუმრე ჯიქურიც. გადაწყვიტეეს თორღვა პანკელის დაღუპვა. ამ გეგმის შესრულება გადაიდო. გავიდა ხანი და ულუ-დავითი დაჯილდოებული დაბრუნდა ჩრდილოეთიდან. ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით, ე.წ. კაბადას ბოლოს, თეთრ წყალზე მიეგებნენ მეფეს ქართველი დიდებულები.

მათ შორის არ იყო თორღვა პანკელი, ვერ მოვიდა შიშის გამო. ჩამოვიდა მეფე თბილისში. სამი მზგებსი (შვიდეული, ე.ი. კვირა) ზეიმობდა თბილისი მეფის წარმატებას, დაკნინებული იყო მაშინ ქართველთა ცნობიერება, გატეხილი იყო ამაყი სული. თამარის ეპოქას ყავლი გასვლოდა, როდესაც ქართველი მეფეები მხოლოდ ღმერთს სცნობდნენ თავისზე მაღლა მდგომად, უფრო მეტიც მეფე-თამარი ღმერთსაც გაუტოლეს და სამების (მამა-ღმერთი, სულიწმინდა, ძე-ღმერთი) მეოთხე ჰიპოსტაზად ანუ ნაწილად გამოაცხადეს. ახლა კი ულუ-დავითის ეპოქა იდგა. დასავლეთ საქართველო გათიშული იყო, იქ დავით-ნარინი დამოუკიდებლად მბრძანებლობდა. ასეთ შემთხვევაში მონღოლი ყაენის მოწყალე ღიმილიც კი დიდ გამარჯვებად აღიქმებოდა...

არც ამ ზეიმზე გამოჩნდა თორღვა პანკელი, რამდენიმე გზის გამოიძახა მეფემ ქვეშევრდომი, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით ვერ დასძლია შიში თორღვა პანკელმა. ძალზე დიდი იყო დედოფალ ჯიგდა-ხათუნის გავლენა მეფეზე. ჯიგდა-ხათუნი არა მარტო ულამაზესი ქალი იყო, არამედ პოლიტიკურ თუ პირადულ ინტრიგებშიც ფრიად განსწავლული.

არადა არ დაემორჩილა თორღვა პანკელი მეფის ბრძანებას. მესტუმრე ჯიქურმა კვლავ თავისი ვერაგული გეგმა გაიხსენა. ისევ ბერი ხორნაბუჯელს სთხოვა შუამავლობა, ოღონდ ახლა თვით მეფის ბრძანებით. წავიდა ბერი ხორნაბუჯელი თავის ძველ მეგობართან. იქეიფეს ძმადნაფიცებმა ალაზნისპირა ჭალებში. თორღვა პანკელმა გარანტია მოითხოვა, ჩავიდა მეფესთან ბერი ხორნაბუჯელი. ულუ-დავითმა თორღვას უვნებლობის პირობა მისცა, თან დაავალა მეფის სახელით პირობა ფიცით განემტკიცებინა, ხოლო "თორღუა რქუა: "წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მომინდევ“. და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოხსნა ფესვისაგან. ხოლო თორღუამან რქუა: "რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმინდამან გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდამან მთავარმოწამემან სახლი შენი“. და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან, ტაბახმელას, და შეურაცხ-ჰყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თვინიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს“.

მოხდა უდიდესი დანაშაული, დაირღვა ზნეობრივი პრინციპი, გატყდა ფიცი, მრისხანე იყო ალავერდის ტაძრის წმინდა გიორგის ხატის საპასუხო შურისძიება. ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათვის, იხილეთ: "...ბერი ხორნაბუჯელს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, სიკეთე-აღმატებული შალვა, საღირისძეთა უკანასკნელი იმედი. თითქოს გრძნობდა ოჯახი მომავალ უბედურებას. შალვას რამდენიმე ძე და ასული ჰყავდა. თორღვა პანკელის სიკვდილის შემდეგ, შალვას ორი ბავშვი მყისვე მოკვდა: ერთი ფრიალო კლდიდან გადმოვარდა, მეორე შხამიანმა ჯოჯომ დაგესლა. თითქოს ბოლომდე უნდა შეესვა შხამით სავსე ფიალა უკვე სიბერეში შესულ ბერს. ორი შვილიშვილის დაღუპვის შემდეგ მალე მთელი საერისთაო საშინელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ოქროს ურდოს მბრძანებელი ბერქა-ყაენი სამას ათასიანი ლაშქრით დაიძრა სამხრეთის მონღოლთა ურდოს - საილხანოს წინააღმდეგ. ჩრდილოეთელებმა გამოიარეს დარუბანდი და აპირებდნენ ირანში შეჭრას.

1263 წელი იყო, თვე აპრილი.

რაღაც საოცრად ადიდებული მოდიოდა მდ.მტკვარი. ვერაფრით ვერ გადალახეს ბერქას მეომრებმა მდინარე. ჩვენდა საუბედუროდ ვიღაცამ ურჩია ყაენს, გაჰყოლოდა მტკვრის მარცხენა ნაპირს, თბილისში ასულიყო და მეტეხის ხიდით გადასულიყო სამხრეთში. დაიძრა ბერქა და ერთი მზგებსის შემდეგ ხორნაბუჯის საერისთაოში ჩამოაღწია მონგოლ-თათართა უზარმაზარმა ბრბოებმა. მტერმა "მოჭამა“ ივრისპირეთი და ალაზნისპირეთი, გაანადგურა აყვავებული სოფლები, გაძარცვა ეკლესია-მონასტრები, შემუსრა ციხე-სიმაგრეები. ქუდზე კაცი გამოიძახა შალვა ბერის-ძე საღირისძემ. ხორნაბუჯის საერისთაოს ლაშქარი თანამედროვე მაღაროს სამხრეთით განლაგდა, ყათრების ქედის წინამდებარე ველზე. ხუთი-შვიდი ათასი კაცის გამოყვანა შეეძლო მხოლოდ შალვა ერისთავს. აქეთ ხუთი-შვიდი ათასი ქართველი, იქით სამასი ათასი თათარი. არ გაჰყოლია ლაშქარს ბერი ხორნაბუჯელი, ეშინოდა ალავერდის შურისძიებას, მის გამო სხვებიც არ დაეღუპა, ამაო გამოდგა მისი ცდა. ხატის სასჯელი ტანჯვას ნიშნავს, სიკვდილი კი ტანჯვისგან გათავისუფლებას. სანამ ბოლომდე არ შესვამდა შხამის სამსალას ერისთავთ-ერისთავი, მის სულს მიქელ-გაბრიელი არ მიიღებდა. უთანასწორო ფიცხელი ბრძოლა გაიმართა ქიზიყის ბოლოს...

მიწა იწვოდა მხედართა ფეხთა ქვეშ, დაემსხვრათ ქართველებს მახვილები... შემოეფლითათ ჯაჭვის პერანგები... სისხლისფრად შეიღება პატარა მდინარე ოლე... თათართა გვამებისაგან მთელი ბორცვები აღიმართა ივრისპირეთში.

სამი ვაჟით იბრძოდა შალვა საღირისძე, სამივე დაეცა გმირული სიკვდილით... გაშმაგდა მამა... გაარღვია მონღოლ-თათართა რაზმები, მიიჭრა ყაენთან, ხმლით გადაუსერა მხარი, აჩეხეს შალვა მონღოლებმა...

სამი დღის შემდეგ ბერქა-ყაენიც გარდაიცვალა გარეჯის მთებზე.

ისტორიული ტრადიციით ღმერთმა დასაჯა. ლეგენდა კი ამბობს, შალვა ხორნაბუჯელის მახვილისაგან მიყენებულმა ჭრილობამ მოუსწრაფაო სიცოცხლე!

გარეჯის მთებიდან უკან გაბრუნდა მონღოლთა ლაშქარი, თითქოს მართლაც ალავერდის ხატის შურისძიებამ მოიყვანა მომხვდური აქ. მონღოლებმა ხორნაბუჯის საერისთაო შემუსრეს და უკან წავიდნენ. სამი დღე ელოდა ბერი ხორნაბუჯელი საყვარელ ვაჟს და შვილიშვილებს ბრძოლის ველიდან. სამი დღის შემდეგ მიხვდა, არავინ მოვიდოდა ბრძოლის ველიდან, თუნდაც მაცნე. ძალზე ბევრი იყო მომხვდური, ჩანს ერთი კაციც ვერ გამოიმეტა შალვამ მალემსრბოლის როლისათვის. აღიჭურვა ბერი ხორნაბუჯელი, რამდენიმე მოხუცი მეომარი და მღვდელი გამოიყოლა, შვიდი დღე ეძებდა ნაომარ ველზე საკუთარ ნაშიერებს, ვერაფრით ვერ გამოარჩია, ვერც შალვა და ვერც მისი სამი ვაჟი დაღუპული მეომრებიდან. უხმოდ დაბრუნდა დაცარიელებულ ქალაქში, სულ მაღლა, ზესთა კოშკზე ავიდა, ოთხი ანთებული სანთელი ხელში დაიჭირა და ზეცას შეღაღადა: "ალავერდის წმინდა გიორგის ხატო, ხომ ბოლომდე მაჩვენე უბედურება ჩემი, ხომ იცი უბრალო ვარ, მეფის ნდობამ წაბილწა სული ჩემი, ახლა მაკმარე სასჯელი დიდი, მიმიღე!“ მაღალი ფრიალო კბოდედან გადაეშვა ბერი ხორნაბუჯელი, ქვასავით დაენარცხა მიწას...

ქიზიყში ეხლაც გიჩვენებენ ზესთა კოშკის წინ, ოდნავ შეწითლებულ ქვის ბასრ ნატეხს, ამ ქვაზე წამოეგოო ერისთავთ-ერისთავი, სწორედ მისი სისხლით არის შეწითლებული ეს ბასრკბილა, კაჟი ქვა, შეღამებისას კი ზესთა კოშკიდან ისმის ტირილი მოხუცი კაცისა. ქარიან დღეს ეს ხმა კლდის ნაპრალებში დარბის, მაშინ ნათლად გამოიკვეთება სიტყვები: ,,სადა ხარ შალვა, საღირ, დავით, გიორგი“. ეს მოხუცი ბერი ეძახის შვილს და შვილიშვილებს.

ასე დასრულდა ბაგრატიონთა ჩამომავლების, შეუპოვარი მახატლისძეების, ხორნაბუჯელთა სახელოვანი გვარის შვიდასწლიანი ისტორია.

 

რატომ მოაკვლევინა საქართველოს მონღოლმა დედოფალმა თორღვა პანკელი და როგორ დაისაჯა უნებლიეთ ფიცის გატეხისთვის ბერი ხორნაბუჯელი

გიორგი მახობეშვილი

წყარო:

ოქროს ურდოს ყაენმა ბათომ, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა, დავით მეშვიდე ულუს გამოუგზავნა ელჩი და თავისთან დაიბარა. ამ დროს ჰულაგუ, ასევე ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი, ჯერ არ იყო გაბატონებული ირანსა და წინა აზიაში; ჰულაგუიანთა საილხანო ჯერ არ იყო დაარსებული და ამიტომ საქართველო ოქროს ურდოს ვასალად ითვლებოდა. ამ დროს ბათო ყაენი უფროსი იყო ჩინგიზიდთა საგვარეულოში და მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მონღოლთა დიდი ყაენის არჩევაში. ის განაგებდა ოსეთს (ჩრდილო კავკასიის ველები), ყივჩაღეთს, ხაზარეთსა და რუსეთს. მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა მონღოლთა არმიებმა დაამარცხეს პოლონელები, უნგრელები, ხორვატები, რუმინელები, ბულგარელები, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვა ხალხები. დავით ულუს პირველ ცოლად ჰყავდა მონღოლთა ნოინის ასული - ჯიგდა-ხათუნი, რომელიც მას, ალბათ, დიდ ურდოში ყოფნისას მოაყვანინეს, როცა მეფედ დასამტკიცებლად იყო იქ წასული. დიდი საჩუქრებით გაემგზავრა დავით ლაშას ძე ჩრდილოეთისკენ. სასახლეში კი უფროსად დატოვა თავისი მეუღლე, დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მესტუმრე - ჯიქური, ანუ ქვეყანა მათ ჩააბარა.

დავით ნარინი - დავით ულუს მამიდაშვილი და თანამეფე, ამ დროს უკვე ქუთათისში იყო გადასული და დასავლეთ საქართველოს აკონტროლებდა. მესტუმრე ჯიქური ძალიან ნიჭიერი და მეფის ერთგული პიროვნება ყოფილა. მას სამეფოში ისეთი წესრიგი დაუმყარებია, რომ თურმე აღარ არსებობდნენ მპარავები და ავაზაკები და, თუ სადმე გამოჩნდებოდნენ, ძელზე კიდებდნენ. მეფის კარზე მესტუმრის (მესტუმრეთუხუცესის) სახელო, ანუ თანამდებობა, არ იყო სავაზირო, ანუ ერთ-ერთი უმაღლესი სახელო. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მესტუმრე არ იყო მთავრობის წევრი, ის ვაზირ მანდატურთუხუცესის ერთ-ერთ თანაშემწედ ითვლებოდა. მესტუმრის მოვალეობაში შედიოდა სასახლეში უცხოელი ელჩების მიღება, გამგზავრება და სხვა. მემატიანე ჯიქურს „მესტუმრეს” უწოდებს. ალბათ, ჯიქური მესტუმრეთუხუცესი, ანუ, სხვა მესტუმრეების ხელმღვანელი იყო. ან, შეიძლება, მეფესთან დაახლოებამდე, სულაც, ერთ-ერთი სასახლის მესტუმრე იყო მხოლოდ. როგორც ჩანს, ჯიქური არ ყოფილა დიდგვაროვანი, მაგრამ, მეფეს დაუახლოებია და, ფაქტობრივად, სახლთუხუცესის უფლებებიც ჩაუბარებია მისთვის და პირველი ვაზირისაც, რადგან ის განაგებდა თურმე სასახლესაც და სამეფოსაც. არადა, წესით, მეფეს, ქვეყნიდან გამგზავრების შემთხვევაში, მწიგნობართუხუცესისთვის უნდა ჩაებარებინა სამეფო. მესტუმრე ჯიქური ძალიან ეხმარებოდა ქვეყნის გაღატაკებულ მოსახლეობას და უბრალო ხალხში პოპულარულიც ყოფილა. დედოფალი ჯიგდაც ძალიან ენერგიული ქალი ბრძანდებოდა და აქტიურად ერეოდა ქვეყნის მართვაში. საერთოდ, მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქალის რჩევებს და ხშირად დედოფლები მართავდნენ ხოლმე საყაენოს როგორც რეგენტები - ყაენის გარდაცვალებიდან ახალი ყაენის არჩევამდე ან ყაენის საომრად გამგზავრებისას. იმ ხანებში, დედოფლის ბრძანებით, ჯიქურს ისანში აუშენებია ახალი სასახლე. მასვე დაუმორჩილებია და დაუხარკავს ფხოველები - აქ იგულისხმება სახელმწიფოსთვის დაქვემდებარება: ქვეყნის ყველა კუთხის წარმომადგენლები ვალდებული იყვნენ, გადასახადები გადაეხადათ და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მიეღოთ მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ სამეფო იძულებული იყო, ხარკი გაეგზავნა მონღოლებისთვის და მათი არმიისთვის ქართული ჯარი მიეშველებინა. ყაენთან წასვლამდე მეფემ სხვადასხვა კუთხე ჩააბარა ადგილობრივ დიდებულებს. კახეთი ჩაუბარებია ახალგაზრდა თორღვა პანკელისათვის და უბრძანებია, დედოფლის ბრძანებებს დაემორჩილეო. გაემგავრა დავით ლაშას ძე ბათოსთან. ბათო ყაენმა დიდი პატივით მიიღო და, რაც სთხოვა ჩვენმა მეფემ, აუსრულა.

დავით ულუ კარგა ხანს იმყოფებოდა ურდოში. ეგონა თურმე თორღვას, აღარ დაბრუნდება მეფეო და გამაგრებულა პანკისის ციხეში, რომელსაც მერე „თორღვას ციხე” უწოდეს; დაიკავა კახეთი და აღარ მორჩილებდა დედოფალსა და მესტუმრე ჯიქურს. დაუმორჩილებლობის მიზეზი უცნობია, შესაძლოა, დაბალი წარმოშობის ჯიქურის მბრძანებლობას ვერ იტანდა. არის სხვა ვერსიაც: ლეგენდის მიხედვით, ახალგაზრდა თორღვა ჯიგდა-ხათუნს მოსწონებია, მაგრამ მეფის ღალატი და შეურაცხყოფა ვერ იკადრა პანკელმა და ამიტომ არ ემორჩილებოდა ჯიგდასა და ჯიქურსო. იმასაც ამბობდნენ, ჯიგდა ჰყვარობდა ჯიქურს და ამიტომ მოხდა მისი დაწინაურებაო. ეს ლეგენდებია, უფრო - ვარაუდები, მემატიანე კი მხოლოდ თორღვას დაუმორჩილებლობაზე და სახელმწიფოს მართვაში ჯიქურის ნიჭზე, ასევე, მეფისადმი ჯიქურის ერთგულებაზე და უბრალო ხალხის, ღარიბ-ღატაკებისა და ქვრივ-ობლების მიერ ჯიქურისადმი სიმპათიაზე მოგვითხრობს. ყაენმა ბათომ საჩრდილობელი მისცა მეფეს, რაც დიდ პატივისცემას ნიშნავდა. ასეთი პატივით მხოლოდ ყაენები და მათი ნათესავი უფლისწულები სარგებლობდნენ და, როგორც ყაენის წინ არავის შეეძლო დადგომა და დაჯდომა არც პურის ჭამის დროს, არც სხვა სიტუაციაში, ასევე ვერავინ დადგებოდა ჩვენი ხელმწიფის წინ. ასე დაფასებული დავით ულუ გამოემგზავრა სამშობლოში. ჰერეთში მას საქართველოს დიდებულები მიეგებნენ, ხოლო შეშინებული თორღვა არ ეახლა და პანკისში ჩაიკეტა, თავის ციხეში. მეფე დაბრუნდა ტფილისში. ყველას უხაროდა ხელმწიფის მშვიდობიანად დაბრუნება, რამდენიმე კვირა გაგრძელდა ლხინი. თორღვა მაინც არ გამოჩნდა. მოუწოდა მეფემ თორღვას სასახლეში, მაგრამ არ მივიდა პანკელი მეფესთან - ალბათ, ჯიგდასა და ჯიქურის შიშით. მაშინ ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა: მისი დავალებით, ბერი ხორნაბუჯელი წავიდა თორღვასთან და შეჰპირდა, ფიცს მოგცემ და მენდეო. ბერი ხორნაბუჯელი იყო კამბეჩოვანის ერისთავი და მახატლისძეების დიდი გვარის შთამომავალი. თორღვამ უპასუხა: წავიდეთ ალავერდში წმინდა გიორგის ხატის წინაშე და იქ შემომფიცეო. ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე სამოსის ფესვს გამოება თორღვა პანკელი. მივიდა ბერი ხორნაბუჯელი, შეჰფიცა და გამოხსნა ხატისგან. თორღვამ უთხრა: „რასაც მე მიზამ, ის გიქნას შენ წმინდა გიორგიმ, რადგან მარტო ვარ, არ მყავს მემკვიდრე ჯერ და ჩემი სიკვდილით უმკვიდროდ რჩება ჩემი ოჯახი, ასეთივე უმკვიდრო დატოვოს შენი სახლი მთავარმოწამე გიორგიმ, თუ მიღალატოო“. დაიფიცა და გამოხსნა ბერი ხორნაბუჯელმა თორღვა პანკელი. ასე ფიცით შეკრულმა წაიყვანა ტაბახმელას, სადაც სამეფო ოჯახი იმყოფებოდა დასასვენებლად. მიუყვანა ჯიქურსა და დედოფალს, მათ კი მეფეს არ აცნობეს და კლდეკარიდან გადააგდეს. ასე შეწყდა პანკელ ფეოდალთა ის გვარი.

იცოდა თუ არა ხორნაბუჯელმა ჯიქურისა და ჯიგდას ჩანაფიქრი, რომ მეფის უკითხავად მოკვლას უპირებდნენ თორღვას? ალბათ, არა, რადგან, მეფის ბრძანების გარეშე ასეთ საქმეზე არ წავიდოდა და არც წმინდა გიორგის წინაშე დაიფიცებდა ტყუილად. ამის შემდეგ მართლაც უცნაურობები მოხდა: ბერი ხორნაბუჯელს ჰყავდა შვილი - შალვა, სიკეთით აღსავსე ახალგაზრდა. შალვას უკვე შვილები ჰყავდა. მალე პატარები დაიხოცნენ. ბერი ხორნაბუჯელი მწუხარებით მოკვდა, შემდეგ კი შალვა მონღოლებთან შეტაკებაში მოკლეს. ასე დარჩა ხორნაბუჯელის სახლიც მემკვიდრის გარეშე და შეწყდა მისი მოდგმა. ამბობენ, ალავერდის მთავარმოწამემ შური იძია ფიცის გატეხისათვისო. გარკვეული დროის მერე ისევ გაიწვიეს ურდოში დავით მეშვიდე. ბათომ ისევ დიდი პატივით მიიღო ლაშას ძე. ყაენის უახლოესი სარდლების გვერდით დასვეს ქართველი ხელმწიფე. იგი ყაენთან ერთად ესწრებოდა თათბირებსა და მიღებებს. ჯიგდა-ხათუნს შვილი არ მიეცა. აღმოსავლეთში გავრცელებული წესის თანახმად, ჯიგდას ბრძანებითა და თანხმობით, მეფეს მოუყვანეს მხევალი ოსეთიდან, სახელად ალთუნი, რომელსაც შვილები უნდა გაეჩინა დავითისთვის. დედა კი, ოფიციალურად, ჯიგდა გახდებოდა. ასეც მოხდა: ალთუნმა ლაშას ძეს უშვა უფლისწული გიორგი, მერე კი ასული - თამარი. დედოფალმა იშვილა ქმრის ქალ-ვაჟი და ალთუნი უკან გაგზავნეს - ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსეთში. თუმცა, ჯიგდა-ხათუნი მალე გარდაიცვალა. ის დაკრძალეს მცხეთაში, როგორც დედოფალს შეეფერებოდა. ტრაგიკულად დამთავრდა ჯიქურის სიცოცხლეც, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.