There are no translations available.
< უკან დაბრუნება
ქვახვრელი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა, რუკა, მარშრუტები
(ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)
ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.
ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.
სამრეკლოს, რომელიც გამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.
სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს, რომლის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთჳსკენაა მიმართული. კორიდორის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი. ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III) I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).
ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით უფრო დიდია. მას ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი გაჭრილია ჩრდილოეთი კედლის შუა ნიშში და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. ეს კარი II კორიდორში გადის. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან 1 მ-ითაა შემაღლებული. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშია. უფრო ფართო სამხრეთ ნიშში გაჭრილია დამხმარე სადგომში ჩასასვლელი ვიწრო თაღოვანი გასასვლელი. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლის კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილები შემორჩენილია აფსიდის გვერდებთან.
აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში ამ რეგიონში მომხდარა სომეხი ხალხის მიგრაცია.
აქ გამოქვაბულის კედლებზე სომხებს 17 ხაჩკარი ამოუკვეთიათ: 15 _ I კორიდორის აღმოსავლეთ კედლებზე, ხოლო 2 - ეკლესიის საკურთხეველში.
|