topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ.ფხაკაძე - დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის კულტურისა და მაიკოპის კულტურის ურთიერთობის საკითხები

<უკან დაბრუნება

გ.ფხაკაძე

დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის კულტურისა და მაიკოპის კულტურის ურთიერთობის საკითხები

(გამოქვაბულების მასალების მიხედვით)

ტაბ I-IV

საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, 1985, III,

თბილისი, გამ. მეცნიერება გვ.22-37

Г.Г.ПХАКАДЗЕ - К ВОПРОСУ О ВЗАИМОСВЯЗИ ЗАПАДНО-ГРУЗИНСКОЙ РАННЕБРОНЗОВОЙ И МАЙКОПСКОЙ КУЛЬТУР // Вопросы археологии Грузии, III, стр.22-35

არქეოლოგიურად დასავლეთ საქართველო ამიერკავკასიის მასშტაბით ყველაზე ნაკლებ შესწავლილი მხარეა, მითუმეტეს ეს ითქმის ადრელითონის ხანის ძეგლების შესახებ. ადრებრინჯაოს ხანაში კავკასიაში ორი დიდი კულტურა შემოიხაზა: აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით - მტკვარ-არაქსის კულტურა, ჩრდილო-დასავლეთით - მაიკოპის კულტურა. ამ ორ მძლავრ კულტურულ კერას შორის მოთავსებული დასავლეთი საქართველოს ტერი-ტორია, ბუნებრივია, განიცდის ორივე მათგანის გავლენას, მაგრამ ძირითადად აქ ვითარდება მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომების კულტურა, რომელსაც ბევრი აქვს საერთო წინამორბედ კულტურებთან. სწორედ ადგილობრივი ნეოლითური კულტურის ტრადიციების დიდხანს შემორჩენა - შემონახვა კერამიკასა და განსაკუთრებით ქვის ინდუსტრიაში წითელ ხაზად გაუყვება მთელი დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანას და მის ერთ-ერთ უმთავრეს დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. დას.საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის დეტალურმა შესწავლამ და ძეგლების ურთიერთშედარებამ დაგვანახა, რომ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ძეგლების სამი ჯგუფის გამოყოფა შეიძლება:

1. იმერეთის გორა-ნამოსახლარები: დაბლა გომი, არგვეთი, საჩხერის ყორღანები - მტკვარ არაქსის კულტურის წრეში ექცევიან თავიანთი არსებობის გარკვეულ პერიოდში.

2. იმერეთისა და აფხაზეთის გამოქვაბულები, რომლებიც ახლო კავშირს ავლენენ ყუბანისპირეთის - მაიკოპისა და ნოვოსვობოდნაიას მასალებთან.

3. კოლხეთის დაბლობი და აფხაზეთის ზღვისპირა ზოლი, რომელიც ხასიათდება ნეოლითური კერამიკული ტრადიციების გაგრძელებითა და განვითარებით და ელემენტებით, რაც შემდგომშიც გვიანბრინჯაოს ხანის კოლხურ კულტურას ახასიათებს.

ჩვენი დღევანდელი კვლევის საგანს წარმოადგენს გამოქვაბულები, მათი თავისებურებანი და ურთიერთკავშირები. დასავლეთ საქართველოში ადრელითონის ხანის ძეგლები ყველაზე მეტად და უკეთ არის შესწავლილი იმერეთის ტერიტორიაზე. ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნაშთები აქ უპირატესად გამოქვაბულებში გვხვდება - მდინარე ყვირილასა და მისი შენაკადების აუზში, ესენია: საგვარჯილე სამელე-კლდე, სამერცხლე-კლდე, ძუძუანა, ცუცხვათი, დარკვეთი, მოწამეთა, თეთრი მღვიმე და სხვა.

სამელე-კლდე1 მდებარეობს მდ.ჯრუჭულას ხეობაში, სოფ.ზოდთან. მარჯვენა ნაპირზე, 70 მეტრის სიმაღლეზე. მშრალი, ნათელი გამოქვაბულია. დადასტურებულია ზედა ენეოლით - ადრებრინჯაოსა და ქვედა ქვის ხანის ფენები. ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კულტურული ნაშთების შემცველი ფენის სისქეა 3,30 მ. დაფიქსირებულ იქნა სამი ჰორიზონტი, რომელიც ერთ კულტურულ ეპოქას განეკუთვნება. სამივე ჰორიზონტში აღმოჩენილი მასალები თითქმის ერთგვაროვანია. თავდაპირველად გ.ჯავახიშვილი ყველა ჰორიზონტის მასალას ენეოლითურად მიიჩნევდა. შემდეგ ამავე ფენის II ჰორიზონტში ტიგელებისა და ლითონის ოთხწახნაგა სადგისის აღმოჩენის გამო მან სამელე კლდის ზედაფენა ადრებრინჯაოს მიაკუთვნა, თუმცა სულ ქვედა, III ჰორიზონტი, მასში უხეში და პირდაკეჭნილი კერამიკისა და კაჟის  გეომეტრიული ფორმის იარაღების (ტრაპეცია, სეგმენტი) არსებობის საფუძველზე ისევ ენეოლითის ფარგლებში რჩება (ტაბ.I1-2).

სამერცხლე კლდე2 მდებარეობს მდ.ჯრუჭულას მარჯვენა ნაპირზე, სოფ.დარკვეთისა და ზოდის გამყოფ ზოლზე. იგი კარსტული წარმოშობისაა; სულ 7 ფენაა ფიქსირებული, საერთო სიმძლავრით - 3 მ მე-2, მე-3 და მე-4 ადრებრინჯაოს ეპოქის ფენებია, მათ ქვეშ კი ქვედაპელეოლითი დევს. ენეოლით-ადრებრინჯაოს ეპოქის ნაშთების შემცველი ფენის სისქეა 1,35-1,75 მ. გათხრებს აწარმოებდა 1962-64 წლებში მ.ნიორაძე, ხოლო შემდეგ, 1966 წ., ამ გამოქვაბულში მუშაობდა სახ.მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია დ.თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. შესასვლელთან, მარცხენა მხარეს, ბავშვის ძალზე დაზიანებული სამარხი აღმოჩნდა. ნეშტი ორმოში იყო ჩასვენებული მოკრუნჩხული პოზით თავით დასავლეთით; თან ახლდა 2 წითელპრიალა ნახევარსფერული მთლიანი ჭურჭელი, კაჟის ყუნწიანი ისრისწვერი, შურდულის ქვა და სხვ. მასალა ჩვეულებრივი ნივთებითაა წარმოდგენილი: კერამიკა, ქვისა და კაჟის იარაღები, ძვლისა და რქის ინვენტარი. სამერცხლე-კლდის ზედაფენაში ნანახია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელები, ნამზადის ფორმა და ყალიბი.

ძუძუანა მიკვლეულია 1966 წ. მდებარეობს ჭიათურის რ-ში, სოფ.მღვიმესთან, მდ.ნიკრისის მარჯვენა ნაპირზე. კარსტული წარმოშობის მშრალი გამოქვაბულია. 1968 წ. სისტემატურად ითხრებოდა საქ. სახ.მუზეუმის ქვის ხანის შემსწავლელი ექსპედიციის მიერ3. დადასტურდა ზედა ენეოლით-ადრე-ბრინჯაოს ხანის ფენა და მომდევნო ზედა პალეოლითის ნაშთების შემცველი ფენა. ნეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ფენა ინტენსიურად შემონახული იყო მღვიმის წინა ფართობზე. მასალა წარმოდგენილია კერამიკით, ქვისა და კაჟის იარაღებით, ძვლისა და რქის ინვენტარით.

საგვარჯილე მდებარეობს თერჯოლის რ-ნის სოფ.ძევრში, მდინარე ძევრულის ნაპირზე. მშრალი, კარსტული წარმოშობის გამოქვაბულია. ითხრებოდა 1951-52 წლებში4. დადასტურდა 12 კულტურული ფენა, აქედან ზედა 1,50 მ-მდე დაზიანებულია სხვადასხვა დროის სამარხებით. მას მოსდევს 3 მეტრი სისქის ფენა, რომელიც შეიცავს ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კულტურულ ნაშთებს. ბოლოს კი მეზოლითისა და ორი ზედაპალეოლითის ფენებია. ნ.ბერძენიშვილი თავდაპირველად მას ნეოლით-ენეოლითის ფენებად იხსენიებდა, შემდეგ კი ლითონის ნივთების ანალიზისა და გათხრილი ძეგლების საფუძველზე იგი ენეოლით-ადრებრინჯაოს ეპოქას მიეკუთვნა5. მასალა წარმოდგენილია კერამიკით, ქვისა და კაჟის იარაღებით, ძვლისა და რქის ინვენტარით.

დარკვეთის ეხი მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა ნაპირზე, კირქვებში, მდ.დონიდან 5 მ სიმაღლეზე; გზის გაყვანით ეხის წინა ფართობი ჩამოიჭრა. სადღეისოდ გადარჩენილია ფართობი 15X5 კვმ. პირი ჩრდ–აღმ. არის მიმართული. დადასტურდა რამდენიმე კულტურული ფენა. ზედა, ძალზე თხელი ფენა, ადრებრინჯაოს ხანის ნაშთების შემცველია, მის ქვეშ ენეოლითური ეპოქის ორი ჰორიზონტი დევს (III და II), ქვემოთ უკერამიკო ნეოლითი და მეზოლითის ფენებია. მასალა წარმოდგენილია კერამიკით, ქვისა და კაჟის იარაღებით, ძვლისა და რქის ინვენტარით6.

ცუცხვათი ანუ ბრინჯაოს გამოქვაბული მდებარეობს ჭიათურის რაიონში, სოფ.მღვიმევთან, მდ.ნიკრისის მარცხენა ნაპირზე, ძუძუანას მღვიმის პირდაპირ; მასალა იგივეა, რაც ზემოჩამოთვლილ გამოქვაბულებში - კერამიკა, ქვა, კაჟი, ძვლისა და რქის იარაღები7.

მოწამეთას ფარდული მდებარეობს ქუთაისიდან საკაჟიასაკენ მიმავალ გზაზე, მოწამეთას ეკლესიის პირდაპირ მთის წვერზე. იგი პატარა ზომისაა: სიმაღლე 0,65 მ. შესასვლელი ამოვსებული იყო ქვის ყორით. ლიტერატურაში სრულიად უცნობი ფარდულია. გაითხარა 1967  წ. მასალები ინახება ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჩვენ ვინახულეთ ეს კოლექცია, აღვწერეთ და შევისწავლეთ8. მასალა უმეტესად კერამიკითაა წარმოდგენილი. სხვა გამოქვაბულების მასალას ერთად განვიხილავთ მათი ერთგვაროვნების გამო, მოწამეთას ფარდულის მასალები კი მაინც განსხვავებულ სურათს გვაძლევენ და ამიტომ მათზე უფრო დეტალურად შევჩერდებით. სამელეს, სამერცხლეს, ძუძუანას, საგვარჯილესა და დარკვეთის მასალებთან შედარებით, რომლებშიაც, როგორც შემდეგ დავინახავთ, მტკვარ-არაქსის კულტურის ნაკეთობანი ნაკლებადაა წარმოდგენილი და ისიც მხოლოდ ზედა ჰორიზონტებში გვხვდება, მოწამეთას ფარდულის კერამიკის უდიდესი ნაწილი მტკვარ-არაქსის ტიპისაა: შავპრიალა ღია სარჩულზე ან წაბლისფერი პრიალა; არის ნახევარსფერული ყურებით ან ცრუ ყურებით ტიპიური მტკვარ-არაქსული პროფილის ქოთნები და კოჭბები. მაგრამ ამათ გვერდით დასავლეთ საქართველოს უძველესი ნასახლარებისათვის დამახასიათებელი ქილები და ქოთნებიც გვხვდება მურა-მოშავო ან მონაცრისფროდ გამომწვარი დაკეჭნილი შვერილებით, რელიეფური, დაჭდეული ზოლებით, მარცვლისებური ნაჭდევებით, სავარცხლის კბილის ანაბეჭდით და ა.შ. ამ მასალების საფუძველზე ფარდული სხვა დანარჩენებზე მოგვიანოდ გამოიყურება. ერთი საერთო რამ, რაც აკავშირებს ერთგვარად მოწამეთას იმერეთის სხვა გამოქვაბულებთან, ესაა აღმოჩენა თხელი წითელპრიალა კერამიკის ფრაგმენტებისა მრგვალი ფორმის ძირებით.

თეთრი მღვიმე წყალტუბოს რაიონში მდებარეობს. იგი კარსტული წარმოშობისაა; სადღეისოდ ბნელი და დახშულია, მაგრამ თავის დროზე საცხოვრებლად ვარგისი ყოფილა. ითხრება 1954 წ. ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ9. მღვიმეში ორი კულტურული ფენა დადასტურდა: ქვედა-ზედა პალეოლითური და ზედაენეოლით-ადრებრინჯაოს ხანისა (სისქე 30-45 სმ). მასალა წარმოდგენილია ქვის, ძვლისა და რქის იარაღ–სამკაულით, კერამიკით, თიხის ქანდაკებებითა და კვირისტავებით.

იმერეთის ზემოჩამოთვლილ გამოქვაბულებს გარკვეულად უკავშირდება ადლერის რ-ნში გათხრილი ვორონცოვის გამოქვაბული10. იგი ორი სართულისაგან შედგება: ზედა უფრო ძველი წარმოშობისაა, ქვედა ახალი და კარსტული წყლების ზემოქმედებას განიცდის. ქვედა სართულში მდებარეობს მღვიმე „ოჩაჟნი“, ზევით კი მღვიმეები: „კოლოკოლნი“ და „ზალოჟენი“. ყველა მათგანში აღმოჩენილი იყო კერამიკა, ქვის ინვენტარი, ძვლის იარაღები „ოჩაჟნი“ მღვიმე ლ.სოლოვიოვის მიერ ნეოლითურად იყო მიჩნეული. შემდეგ ა.ფორმოზოვმა იგი ადრემაიკოპის ეტაპს მიაკუთვნა, ხოლო „ზალოჟენი“ და „კოლოკოლნი“ მაიკოპური კულტურის გვიან ეტაპს - ნოვოსვობოდნაიას. "ზალოჟენი" მღვიმეში „მარგალიტოვანი“ ორნამენტით შემკულ ჭურჭლებთან ერთად აღმოჩნდა ლითონის პატარა ზომის სატევარი, მომრგვალებული პირით, ორმხრივლესილი, შემორჩენილი ყუნწის ნაწილით. ლ.სოლოვიოვი მის ანალოგიას პოულობს თეფე-გავრას VI ფენაში, რომელიც კ.შეფერის მიერ 2300-2100 წწ. თარიღდება და ამ საფუძველზე ასევე ათარიღებს ზედა სართულის გამოქვაბულებს. ყველა ზემოჩამოთვლილი ფარდულის, ეხისა თუ გამოქვაბულის მასალები: კერამიკა, ქვა, კაჟი, ძვალი და რქა იმდენ საერთოს პოულობს ერთმანეთთან, რომ აღარ მივიჩნიეთ საჭიროდ მათი ცალ-ცალკე განხილვა. ერთად აღვწერთ და დავახასიათებთ მათ. ქვის იარაღები წარმოდგენილია რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულებით, სათლელებით, სატეხებით, ხელჩაქუჩებით, სალესებით, შურდულებით (ტაბ.1,2). კაჟის იარაღებიდან აღსანიშნავია საფხეკები, სახოკები, საჭრისები, ნუკლეუსები, შალაშინები, დანისებური ლამელები, ზურგდაბლაგვებული ლამელები. სამელე-კლდეში, საგვარჯილეში, დარკვეთსა და ძუძუანაში, რომლებიც სხვა გამოქვაბულებთან შედარებით ადრეულად გამოიყურებიან, არის მიკროლამელებიც და გეომეტრიული ფორმებიც: ტრაპეცია, სეგმენტი (ტაბ.1,2). ძალზე დამახასიათებელია შესანიშნავად ორმხრივდამუშავებული შუბისა და ისრისპირები - ყუნწიანი, ფრთებსწორი ან ფრთებდაშვებული, სწორფუძიანი, ქუსლამოღარული. ვორონცოვის გამოქვაბულში ასიმეტრიული ფორმის ქუსლამოღარული ისრისპირებიც არის. ძვლის იარაღები წარმოდგენილია ნემსებით სადგისებით, მახათებით, რაც ნაკეთებია ლულოვანი ძვლებისაგან ან ძვლის მრგვალგანივკვეთიანი ღეროებისაგან. ზოგს შერჩენილი აქვს ეპიფიზი (ტაბ.III). ირმის რქის იარაღებიდან ყველაზე მეტია თოხები (საგვარჯილე), საჩიჩქნელები, წვერწამახული იარაღები, რომლებსაც ზოგჯერ სატარე ნაწილში ნახვრეტი აქვს გაკეთებული ტარის დასაგებად. სამელე-კლდეში ნანახია რქის ჩარჩო ვიწრო ღარით, რომელშიც მიკროლამელები უნდა ჩამაგრებულიყო (ტაბ.II1). ქვის ნივთებიდან ცალკე ჯგუფად უნდა გამოიყოს ქვის სამაჯურები, რომლებიც ყველა ზემომოყვანილ ფარდულში, ეხსა თუ გამოქვაბულში გვხვდება (ტაბ.II2). ისინი ნაკეთებია მერგელისაგან, სერპანტინისა ან ფიქალი ქვისაგან. კარგად არის გახეხილი და გაპრიალებული. წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმის სამაჯურები - ოთხკუთხა, სამკუთხა, მრგვალბრტყელი, მრგვალი ან წახნაგოვანი განივკვეთებით. ამგვარი სამაჯურები ცნობილია ჩრდ.კავკასიის ძეგლებიდანაც: ნალჩიკი, მეშოკო, სკალა, ვესიოლი, კამენომოსტსკაია და სხვა. საგვარჯილეს გამოქვაბულებში გვხვდება თიხის სამაჯურებიც - ფართო და ბრტყელი, რომლებიც ზემოდან რელიეფური ზოლებითაა შემკული. გამოწვა იმდენად ძლიერია, რომ სამაჯურები ქვისაგან ნაკვთების შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი პარალელი ცნობილია მხოლოდ ჩრდ.კავკასიიდან: იასენოვა პოლიანა და ვესიოლი. მასალის უდიდეს უმრავლესობას ყველგან მაინც კერამიკა წარმოადგენს. იგი უპირატესად უხეშად ნაძერწია, თიხის ცომს ურევია ქვიშა, ხვინჭა, კვარცი, ქარსი, კვარცის მოზრდილი ნატეხი ზოგჯერ ზედაპირზედაც კი იჩენს თავს. ასეთი ჭურჭლები უმეტესად გარედან და შიდაპირიდანაც მოლესილია თიხის შედარებით სუფთა თხელი ფენით. ბევრ მათგანს კარგად ეტყობა, რომ ჭურჭელი ფენებად შენების გზითაა ნაკეთები. გვხვდება საშუალო სისქის კეცის ნაპრიალები ფრაგმენტებიც, მურა–მოყავისფრო ან მოწაბლსფრო რომლებიც შედარებით მოზრდილი ზომის ჭურჭლებისა უნდა ყოფილიყვნენ, და თხელი, წითელი პრიალა ჭურჭლის ფრაგმენტები ყოველგვარი მინარევის გარეშე. მიუხედავად დიდძალი მასალისა, იშვიათად თუ მოხერხდა ჭურჭლის აღდგენა, მაგრამ პირგვერდისა და ძირის ფრაგმენტებით შესაძლებელი შეიქნა მთელი რიგი კერამიკული ფორმებისა და დანიშნულების გარკვევა. კარგად გამოიკვეთა ხუთი ტიპის ჭურჭელი: 1.ქილის ან ქოთნისებური, 2.ჯამფიალისებური, 3.ტაფისებური 4.ქოლბისებური, გრძელი მილისებური ყელით (ზოგიერთ ძეგლზე), 5.დერგის ფორმის დიდი ზომის ჭურჭელი. სამერცხლე და სამელე-კლდეში თიხის ტიგელებიც გვხვდება პატარა ჯამის ფორმებისა; სამელე-კლდეში თიხის ფორმაა ნაპოვნი ლითონის ნამზადისათვის. თიხის ნივთებს განეკუთვნება კონუსური და ბიკონუსური კვირისტავები. ზოგიერთი მათგანი ორნამენტითაცაა შემკული. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა სამელე-კლდე, სადაც ყოველ ჰორიზონტში გვხვდება კვირისტავები და უმრავლესი მათგანი შემკულია წერტილოვანი ორნამენტით ან სხივისებური ნაკაწრები დაჰყვება ზედ. სხივისებური ნაკაწრები თეთრი მღვიმის კვირისტავებსაც ახასიათებთ. ძუძუანას მღვიმეში კვირისტავები ამოღარული, კონცენტრული წრეებითაა შემკული. ასეთი კვირისტავები, წერტილოვანი და ხაზოვანი ორნამენტით შემკული, ცნობილია მაიკოპის ნასახლარებიდანაც (მეშოკო, სკალა). თიხის მცირე ნივთებიდან აღსანიშნავია ქანდაკებები. ძუძუანაში აღმოჩენილი ქანდაკებების ნაწილი უკანა ფეხებითა და კუდით ძალიან ჰგავს მეშოკოს ცხოველის ქანდაკებას, რომლისგანაც ასევე უკანა ფეხები და კუდის ნაშთია შემორჩენილი. საგვარჯილეში, გამოქვაბულის წინ ფერდზე, სადაც გრძელდება ენეოლით–ადრებრინჯაოს ფენა, ნანახი იყო ქალის ფიგურის ფრაგმენტი (ტაბ.VI2). ანტროპომორფული და ცხვრის ქანდაკებები ნანახია თეთრ მღვიმეშიც. ზემოთ, კერამიკის საერთო აღწერის დროს, აღვნიშნეთ, რომ უმეტესობა არათანაბრად არის გამომწვარი და ხელით ნაძერწია ფენებად შენების გზით. იგი მოვარდისფრო-მორუხო (ძუძუანა), მურა მოყავისფრო, მუქი წაბლისფერი, შავი ლაქებით (სამელე-კლდე, სამერცხლე, საგვარჯილე) ან მონაცრისფრო-მორუხოა (დარკვეთი). ბევრ ფრაგმენტს, მიუხედავად იმისა, თუ რა ფერია იგი, ეტყობა წითელი და ოქროსფერი საღებავის კვალი. სამელე-კლდეში ბევრი ფრაგმენტი პირდაპირ შეთითხნილია საღებავით, შიდაპირზედაც კი. უხეში დამზადებით განსაკუთრებით დერგის ტიპის ჭურჭლები გამოირჩევა. დერგები რუხი-მონაცრისფრო ან მოშავო-მოყავისფროა, პირგადმოწეული, თითქმის უყელო, მრგვალმუცლიანი ან მოგრძო კვერცხისებრი ტანით, ძირვიწრო, წითელი საღებავის კვალით. ჩვეულებრივ, არაფრით არ არიან შემკულნი (ტაბ.III1). ყველაზე დიდ ჯგუფს ქილები და ქოთნები შეადგენენ. ოდნავ გადმოშლილი პირითა და სწორი კედლებით უმეტესად ქილები ხასიათდებიან, ხოლო ქოთნებს გადმოშლილი პირი, გამოყვანილი, თითქმის ცილინდრული ყელი ახასიათებთ, რომელიც თანაბრად და თანდათან გადადის ბირთვისებურ ან კვერცხის ფორმის კორპუსზე. სხვადასხვა ზომისანი არიან, ძირები მომრგვალებული აქვთ. ქილები და ქოთნები უპირატესად მოყავისფრო-მურა ან მოვარდისფროა შავი ლაქებით. ბევრი მათგანი ანგობირებულია და მურა-წაბლისფრად ან მოყავისფროდაა ნაპრიალები. ესენი უფრო თხელკედლიანებია და მინარევიც უფრო წვრილადაა დაფხვნილი, თუმცა კვარცი და ქარსი მაინც ურევია. ქილებისა და ქოთნების გვირგვინები ხშირად დაკეჭნილია ან თითის დაპერითაა დაჭდეული ჯერ კიდევ სველ თიხაზეპირის დაჭდევის ტრადიცია ნეოლითური კერამიკიდან მოდის: ანასეულის, ოდიშის, მამათის და სხვა ძეგლების ჭურჭელთა პირის უმეტესობა დაკეჭნილ-დაჭდეულია (ტაბ.I1, ტაბ.III2). ზოგიერთ ქილის ფორმის ჭურჭელზე პატარა შვერილიც დასტურდება პირს ქვემოთ  (დარკვეთსა და სამელეში). ყურები არ ახასიათებს.

მესამე ჯგუფი ტაფისებური ჭურჭლებია, ჩვეულებრივ ხასიათდებიან ბრტყელი ძირით და სწორი, ძალზე გადაშლილი კედლებით. პირი სწორი აქვთ, მომრგვალებული ან დაკეჭნილი-დაჭდეული. გამომწვარი არიან სუსტად; ნაკეთები არიან მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან კვარცის დიდი მინარევებით; ხშირად თიხის ანგობა გადაცლილი აქვთ და ხვინჭანარევი შიდა ფენა გაშიშვლებულია. ტაფისებური ჭურჭლები უპირატესად მოვარდისფროა ან მონაცრისფრო-აგურისფერი. პირს ქვეშ ნასვრეტები შემოუყვება ან მეჭეჭისებურად ამოზნექილი ორნამენტი აქვს. იგი კეთდება სველ თიხაზე ჭურჭლის შიგნიდან დაწოლით. შიდა მხარე კი გაჩენილი ღრმულის ამოსავსებად შელესილია (ტაბ.III2). ასეთი მეჭეჭები და „მარგალიტები“ ბევრია სამერცხლეს, ძუძუანას და დარკვეთის გამოქვაბულებში, განსაკუთრებით კი ვორონცოვის გამოქვაბულის ზედა ორ მღვიმეში: "ზალოჟენი" და "კოლოკოლნი". სამელე კლდის მასალებში ტაფისებური ჭურჭლის პირქვეშ ნასვრეტები გვხვდება. ასევეა საგვარჯილეში, სადაც მარგალიტოვანი ორნამენტი თითქმის სულ არ არის წარმოდგენილი. „მარგალიტოვანი“ ორნამენტი ფართოდ არის გავრცელებული მაიკოპის კულტურის ძეგლებში და მის ერთ-ერთ დამახასიათებელ სამკაულს წარმოადგენს. იგი გვხვდება მეშოკოში, სკალაში, ხაჯოხში, კამენომოსტსკაიაში, მაიკოპის კულტურის როგორც ადრეულ (უფრო ნაკლებად), ასევე მოგვიანო ნოვოსვობოდნაიას ეტაპზე.

ჭურჭლების მეოთხე ტიპი ჯამ-ფიალებია. ისინი თავისთავად ორგვარნი არიან: პირმოყრილი და პირსწორი, მოვარდისფრო-მოყავისფრო ან მოვარდისფრო-მონაცრისფრო. ზოგიერთ მათგანს დაჭდეული პირი აქვს. ძუძუანასა და საგვარჯილეს სწორპირა ჯამებს მრგვალი ძირი ახასიათებს და გაპრიალებულია, ერთ ჯამს პაწია ცრუყურიც აქვს (ტაბ.IV1-2). განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს ძალზე თხელფენიანი წითელი ან წაბლისფერი გაპრიალებული უყურო ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ყოველგვარი მინარევისაგან თავისუფალია. იგი გვხვდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გამოქვაბულში, ფარდულსა და ეხში: საგვარჯილე, სამელე, სამერცხლე. დარკვეთი, ძუძუანა, მოწამეთა, თეთრი მღვიმე, ვორონცოვი. ნანახია სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სოფ.აბასთუმანშიც. ასეთი წითელი და მოწაბლისფრო პრიალა კერამიკა ცნობილია ყუბანისპირეთიდან, ადრემაიკოპის ხანის ნასახლარებიდან. სამწუხაროდ, მიუხედავად ამგვარი ფრაგმენტების საკმაო სიმრავლისა, იშვიათად თუ ხერხდება ჭურჭლის ფორმის აღდგენა. ძუძუანა მღვიმეში წითელპრიალა ფრაგმენტებით აღდგა მილისებურყელიანი ოდნავ პირგადმოშლილი, მუცელმრგვალი ჭურჭელი - ქოლბისებური. მოხაზულობის მიხედვით ძირიც მრგვალი უნდა ჰქონოდა. რამდენიმე სხვადასხვა დიამეტრის მილისებური ყელის ფრაგმენტი დადასტურდა საგვარჯილე ენეოლით-ადრებრინჯაოს ფენაში (ტაბ.IV1). აბასთუმანში აღმოჩენილი ბირთვისებურმუცლიან, მრგვალძირიან პრიალა ჭურჭელს კი ძაბრისებური ყელი უნდა ჰქონოდა. ასეთივეა სამერცხლე-კლდის მღვიმეში აღმოჩენილი სამარხის ორივე ჭურჭელი (III1) ძაბრისებურყელიანი, მრგვალძირიანი ჭურჭელი აღმოჩნდა საგვარჯილეს სამარხშიც (III1). წითელპრიალა, თხელკედლიანი, მრგვალძირიანი ჭურჭლები ბევრია თეთრ მღვიმეშიც. ამ ტიპის არც ერთ ჭურჭელს ყური არა აქვს. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა ვორონცოვის გამოქვაბულების წყება, სადაც ჭურჭლის წამყვანი ფორმა სწორედ ძაბრისებური ყელი და ბირთვისებური ტანია ჯერ კიდევ ქვედა, უფრო ადრეულ "ოჩაჟნი" მღვიმეში. ზედა სართულის მღვიმეებში (კოლოქოლნი, ზალოჟენი) ასეთ კერამიკაზე მარგალიტოვანი ანუ მეჭეჭისებური ორნამენტი ჩნდება (ტაბ.V1,2).

აღწერილი ტიპის კერამიკა თავის უახლოეს პარალელს პოულობს მაიკოპის კულტურაში ისეთ ნასახლარებზე, როგორიცაა მეშოკო, სკალა, ხაჯოხი, კამენომოსტსკაია, იასენოვა პოლიანა და სხვა, რომლებიც მკვლევრების მიერ ადრემაიკოპის ეტაპშია მოთავსებული. მაიკოპის კულტურა III ათასწლეულით თარიღდება. იგი ფართო ტერიტორიაზე ვრცელდება: მოიცავს ყუბანისპირეთს, სადაც აღმოჩენილია ამ კულტურის ყველაზე ადრეული ძეგლები, შემდეგ კი ვრცელდება უფრო აღმოსავლეთით, ბალყარეთში. ხოლო ჩეჩენ-ინგუშეთის ტერიტორიაზე, სადაც მაიკოპის კულტურა ერევა მტკვარ-არაქსისას, შერეული ხასიათის ძეგლები ჩნდებიან (ლუგოვოე, სერჟენ-იურტი)11. ყირიმსა და შუა დნეპრზედაც შეიმჩნევა მსგავსი კერამიკული ფორმები და ორნამენტი თანმხლებ ქვის ინვენტართან ერთად. კემიობის კულტურასა და ყირიმის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის ნიჟარების გროვების კულტურაში ცნობილია ე.წ. "მარგალიტური" ორნამენტი, რომელიც ნოვოსვობოდნაიას ანალოგიით III ათასწლეულის შუახანებითა და დასასრულით თარიღდება. საინტერესოა ჭურჭლის დაკეჭნილი გვირგვინების აღმოჩენა ამავე ტერიტორიაზე12. მაიკოპის კულტურის წარმოშობის საკითხში დღემდე ბევრი რამ არის გაურკვეველი. მასში ძირითადად ორ ეტაპს გამოყოფენ: მაიკოპისა და ნოვოსვობოდნაიას. თუმცა, მკვლევარები: ე.სტოლიარი13 და ბ.ლატინინი მიიჩნევენ, რომ აქ ორი სხვადასხვა კულტურაა და არა ერთი და იმავე კულტურის განვითარების ორი საფეხური. მეშოკოს ნასახლარის გათხრამ 1958 წელს თითქოს გადაჭრა ეს საკითხი. მეშოკოს ნასახლარი მდ.ფარსისა და მდ.ბელაიას შორის კონცხზე მდებარეობს, 1,5 ჰა უკავია. იგი გამაგრებული იყო ღია მხრიდან; შემორჩა თიხატკეპნილი იატაკები, სარლასტიანი კედლები. ამ ნასახლარზე, ქვედა დონეზე, მაიკოპის ტიპის მასალები დადასტურდა, ზემოთ კი ნოვოსვობოდნაიას ტიპის. ნამოსახლარები გათხრილ და შესწავლილ იქნა ხაჯოხში, სკალაში, კამენომოსტკაიაში. ხუტორ ვესიოლიში, იასენოეა პოლიანაში და სხვა. ა.ფორმოზოვმა შეისწავლა მაიკოპის კულტურის ძეგლების მასალები, შეიმუშავა მათი პერიოდიზაცია და ისინი სამ ეტაპად გაყო14. პირველ ეტაპად გამოყოფილია მეშოკოს ქვედა ფენა, ყუბანის დიდი ყორღანი, ვერხნი აკბაშის ყორღანი, სოფ.ტულსკაიასთან N11 ყორღანი; შუა ანუ გარდამავალ ეტაპში მოთავსებულია შემდეგი ძეგლები: მეშოკოს ზედა ჰორიზონტი, ვესიოლი, სკალა, ოჩაჟნი მღვიმე. ადრე და შუა მაიკოპის პერიოდისათვის დამახასიათებელი ელემენტებია: გეომეტრიული მიკროლითები (სეგმენტები), ქვის ნახეხ-ნაპრიალები სოლისებური ცულები, სატეხები, კაჟის ისრისპირები, ფიქალის სამაჯურები სხვადასხვა პროფილის: სამკუთხა, ბრტყელი რომბისებური, წახნაგოვანი, ოვალური. განსაკუთრებით საინტერესოა კერამიკა. თხელკედლიანი, გაპრიალებული პატარა და საშუალო ზომის ჭურჭლის ფრაგმენტები უპირატესად მოვარდისფრო ან ღია მოწაბლისფრო - მოყვითალო ფერისაა და ახლოს დგანან მაიკოპის ყორღანში აღმოჩენილ კერამიკასთან; როგორც შემორჩენილი ნატეხებიდან ჩანს, ჭურჭელი მრგვალძირიანი, ოდნავ ძაბრისებურყელიანი უნდა ყოფილიყო, სრულიად უყურო და უპირატესად სადა. მხოლოდ იშვიათად გვხვდება ორნამენტი და ისიც რელიეფური - მოგრძო, ოვალური დანაძერწები კონცენტრული წრეები ან კლაკნილი ტალღისებური სახეები ერთ შემთხვევაში კოპებთან კომბინაციაში. ეს უკანასკნელი ზოგჯერ დაძერწილი კი არ არის, არამედ სველ თიხაზევეა ხელით ამოწეული. აქვე ბევრია ჯამი და მინიატურული ჭურჭლები გამოსახული ცილინდრული ყელით. ჭურჭლების უმრავლესობა, ფორმის მიუხედავად, მრგვალი ძირითა და ბირთვისებური ან კვერცხისებური კორპუსით ხასიათდება. მაიკოპის ადრეული ეტაპის ძეგლები და მთლიანად მაიკოპის კულტურის დათარიღების საკითხი დიდი ხანია მკვლევართა ყურადღების ცენტრში დგას. გადაუჭრელია  მისი წარმომავლობის საკითხიც. მაიკოპის კულტურას, კერძოდ კი მისი დათარიღების საკითხს, მრავალი გამოჩენილი მკვლევარი შეეხო: ვ.გოროდცოვი, მ.როსტოვცევი ბ.ფარმაკოვსკი, ა.ტალგრენი, ა.ფორმოზოვი. ყველა მათგანი უკავშირდება მაიკოპის მაღალხარისხოვანი ხელოვნების ნივთებს, მცირე აზიისა და მესოპოტამია-ირანის: ტროას, ალაჯას, თეპე-ჰისარის, ურის, ლაგაშისა და სხვა მასალებს. ალ.იესენის მიერ შემოთავაზებულია დათარიღება ლითონის იარაღების შედარებითი პერიოდიზაციის საფუძველზე15. ძვ.წ. III ათასწლეულის შუახანები და დასასრული ყველაზე მიღებულ თარიღად ითვლება16. რ.მუნჩაევი კიდევ უფრო ამტკიცებს ამ თარიღს რადიოკარბონული მონაცემების მოშველიებით; მილის სტეპის ყორღანი უჩ-თეფე, რომელიც მაიკოპის კულტურის მთელი რიგი ნიშნებით ხასიათდება, თარიღდება 3530-120 წწ. ძვ.წ., ხოლო უსტ-ჯეგუტინსკის სამაროვანი იძლევა მაიკოპისათვის ზედა თარიღს - 1950-60  წწ. ძვ.წ. ამრიგად, მას გამოჰყავს აბსოლუტურ ციფრებში 2500-2000 წწ. ძვ.წ. მაიკოპის კულტურისათვის, თუმცა უშვებს შესაძლებლობას მისი საწყისების ძიებისა III ათასწ. პირველ ნახევარშიც17. ამავე დროს რ.მუნჩაევს სამართლიანად მიაჩნია, რომ მაიკოპის კულტურა ადრებრინჯაოს მიეკუთვნოს18 და არა ენეოლითს როგორც აქამდე ფიქრობდა ა.ფორმოზოვი. მაიკოპის კულტურის მკვლევრები თავიდანვე აკავშირებდნენ მას მცირე აზიასა და მესოპოტამია-ირანთან, მაგრამ ეს პარალელები მოიცავდა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს და ლითონის ინვენტარს, რაც უპირატესად ალაჯა-ჰუიუკისა და ურის სამეფო სამარხებთან იყო დაკავშირებული, რაც სრულიად უყურადღებოდ ტოვებდა მასობრივ მასალას: ქვასა და კერამიკას, რომელსაც უნდა განესაზღვრა ამ საკვლევი კულტურის ხასიათი. ძლიერი წინააზიური გავლენა, რომელიც გამოიხატა ყობანის დიდი ყორღანების არა მარტო უნიკალურ ნივთებში, არამედ კერამიკულ მასალაშიც, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინამორბედ ადგილობრივ ნაწარმთან და საოცარ ერთიანობას ამჟღავნებს იმპორტულად მიჩნეულ ლითონისა და ვერცხლის ჭურჭლებთან, იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ არსებობდა რაღაც განსაზღვრული ცენტრი, რომლის გავლენითაც ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა მთლიანად. მაიკოპის კულტურის საწყისების ძიებას მ.ანდრეევა მიჰყავს მესოპოტამიის, სირიისა და პალესტინის IV ათასწლეულის ძეგლებთან, სადაც იგი პოულობს მაიკოპის კერამიკულ ფორმებს. ამუქ F ფაზაში, გავრა XII-VIII-ში, კალათ-ერრუსში (19-17), ხამა M-ში, ბიბლში (ენეოლითური ნეკროპოლი), ხალაფშიც და ირანის გეოი-თეფეს ქვედა ფენაში (ტაბ.VI1) საოცარი ერთობა კერამიკის ფერის, ფორმის, ტექნოლოგიისა და ლითონის ინვენტარის სიახლოვე ავტორს აძლევს შესაძლებლობას, ადრემაიკოპის თარიღი ძვ.წ. IV ათასწ მეორე ნახევრისაკენ გადაწიოს19.

რ.მუნჩაევი პირდაპირ მიუთითებს ადრემაიკოპური ძეგლების წინააზიურ, კერძოდ კი მესოპოტამიურ წარმოშობაზე, მოჰყავს რა პარალელები თეფე-გავრასა და ტელ–ატ-ტელალატიდან (ძვ.წ. IV ათასწ.), საერთოდ მიაჩნია არა მარტო კერამიკული ფორმები, ფერი და დამზადების ტექნიკა, ასევე კაჟის ისრისპირებიც. მომდევნო ეტაპზე მესოპოტამიური წარმოშობისად მიაჩნია მას ის კერამიკული ჩარხიც, რომელიც ჩრდ.კავკასიაში გამოიყენება20. ფიქრობენ, რომ ეს კავშირები აღმოსავლეთ ანატოლიასთან, სირიასთან, პალესტინა-ირანთან, ალბათ, ამიერკავკასიის გზით ხორციელდებოდა21. თუმცა ზოგიერთ მკვლევარს საწინააღმდეგო აზრიც აქვს გამოთქმული: ვ.მარკოვინი ფიქრობს, რომ კავშირები შესაძლოა ზღვით ან ბალკანეთის გზით წარმოებდა22. ქართველ მკვლევართა მიერ სამელე-კლდის მასალების ანალიზის საფუძველზე ჯერ კიდევ ადრე იყო გამოთქმული მოსაზრება მაიკოპის კულტურის ჩამოყალიბებაში ამიერკავკასიის მონაწილეობის შესახებ. ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამელე-კლდის და სამერცხლე-კლდის კულტურამ, ერთი მხრივ, გავლენა მოახდინა შიდა ქართლის მტკვარ–არაქსის კულტურაზე და, მეორე მხრივ, მონაწილეობა მიიღო მაიკოპის კულტურის ჩამოყალიბებაში23. პროფ ო.ჯაფარიძეს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ მტკვარ-არაქსის ტომების მოძრაობამ დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, იმერეთის ტერიტორიისაკენ, გამოიწვია დასავლეთის ტომების გავრცელება ჩრდ.დასავლეთის მიმართულებით24. მტკვარ-არაქსის ძლიერი გავლენები სწორედ შესანიშნავადაა ასახული იმერეთის ტერიტორიის ძეგლებზე. ამ მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამოქვაბულის ზედა ჰორიზონტებში მტკვარ-არაქსის კერამიკის გამოჩენა როგორც  ფრაგმენტებად, ასევე ჩაშვებული სამარხების სახით. ეს ნაწარმი მტკვარ–არაქსის ადრეული ვარიანტებითაა წარმოდგენილი და ერთგვარად გამოქვაბულების ზედა თარიღის საზღვრადაც შეიძლება გამოდგეს - ძვ.წ. III ათასწ. დასაწყისი. საინტერესოა, რომ ამავე ფენებში თავს იჩენს სწორედ მაიკოპური კერამიკაც, რაც მათ გარკვეულ თანადროულობაზე მიგვითითებს. ამ სინქრონულობის მეტყველი ფაქტია ცენტრალურ ჩრდილო კავკასიაში, ჩეჩენ-ინგუშეთში, ლუგოვოეს ნასახლარი, სადაც მაიკოპისა და მტკვარ-არაქსის კულტურების შერწყმა ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ გამოქვაბულების ზედა ჰორიზონტებში გამოჩენილი მტკვარ-არაქსის გავლენა იმერეთის ტერიტორიაზე თანდათან ძლიერდება. გამოქვაბულთა შორის ყველაზე გვიანი ძეგლი, მოწამეთას ფარდული, თითქმის მთლიანად მტკვარ–არაქსული ნაწარმით ხასიათდება. ამავე პერიოდში გამოქვაბულები, როგორც ნასახლარები, წყვეტენ არსებობას და ცხოვრება გრძელდება გორანასახლარებზე (დაბლაგომი და არგვეთი), რომლებიც  ძირითადად მტკვარ–არაქსის კულტურას მიეკუთვნებიან, სანამ მას მოგვიანებით კოლხეთის დაბლობის ძველი მოსახლეობის კულტურა არ შეცვლის25. ახლა, როდესაც ზოგადად განხილულია პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს გამოქვაბულების მასალები და მაიკოპის კულტურის ძეგლები თავიანთი დამახასიათებელი ელემენტებით, ჩვენ საშუალება გვეძლევა, აღვრიცხოთ ბევრი საერთო ნიშანი მათ შორის. დავიწყოთ ქვის ინდუსტრიით. ორივე ადგილას ქვის ინდუსტრია ადგილობრივი წინამორბედი კულტურიდან გამომდინარე ნიშნებს ატარებს. ნეოლითური ტრადიციების შემორჩენა ქვაში ახასიათებს როგორც დასავლეთ საქართველოს გამოქვაბულის ტიპის ნასახლარებს, ასევე ადრემაიკოპის ძეგლებსაც:

1. თითქმის ერთნაირია ქვის იარაღები: ნახეხ - ნაპრიალები ცულები, სატეხები, სათლელები, კაჟის ისრისპირები ორმხრივდამუშავებული ყუნწით, სწორფუძიანი და ქუსლამოღარული. აქა-იქ  გვხვდება გეომეტრიული მიკროლითების შემორჩენის ფაქტი;

2. ფართოდ გამოიყენება ძვლისა და რქის ნაწარმი.

3. ძალიან ნიშანდობლივ და მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს ორივე კულტურაში ქვის სხვადასხვა ჯიშის სამაჯურების არსებობა, და არა მარტო არსებობა, არამედ დამზადებისა და ფორმების სრული იდენტურობაც;

4. საერთო კერამიკული ფორმები: ძაბრისებურყელიანი, ბირთვისებურ-მუცლიანი და მრგვალძირიანი ჭურჭლები, რაც შედარებით წმინდა მინარევებით, საშუალო ყელითა და ზედაპირის მოგლუვება - მოპრიალებით გამოირჩევა; სადაა და უყურო. ადრემაიკოპის კულტურაში უკლებლივ ასეთივე ფორმებია წარმოდგენილი, ხოლო დასავლეთ საქართველოს გამოქვაბულების მასალებში მათ გვერდით ჩანს ჯერ კიდევ ნეოლითისათვის დამახასიათებელი მსხვილმარცვლოვანი, უხეში ქარს და კვარცნარევი ჭურჭლები დაკეჭნილი პირებით და დაჭდეული წიწვისა თუ მარცვლისებური ორნამენტით.

5. ბევრია თიხის კვირისტავი, ორივეგან შემკული სხივისებური ნაკაწრებით, წერტილებითა და კონცენტრული წრეებით.

6. მსგავსება შეიმჩნევა ცხოველთა ქანდაკებებსა და ქალის ფიგურებშიც.

ძალიან ბევრი ჩანს საერთო დას. საქართველოს ადრებრინჯაოს და მაიკოპის კულტურების დასახლების ტიპშიაც. ჯერ ერთი, უმეტესობა გამოქვაბულია ორივე კულტურაში; ჩვენთან: დარკვეთი, საგვარჯილე, ძუძუანა, სამელე-კლდე; სამერხცლე-კლდე; თეთრი მღვიმე, ვორონცოვის მღვიმეების წყება; ყუბანისპირეთში: კამენომოსტსკაია, სკალა, ხაჯოხის სამი ფარდული. ორივეგან ღია ნასახლარები გამაგრებულია. მეშოკოში აღმოჩნდა ქვის კედელი, რომლითაც კონცხზე მდებარე ნასახლარი იყო გამაგრებული. საინტერესოა, რომ ძუძუანს სამერცხლესა და დარკვეთის შესასვლელთან დადასტურდა ქვის მშრალი წყობის კედელი, რაც გამაგრების მიზნით იქნებოდა აგებული. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ნიშნები, ცხადია, შემთხვევითობაზე არ უნდა ლაპარაკობდეს და დას. საქართველოს ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის გამოქვაბულებისა და მაიკოპის კულტურის გარკვეულ, საკმაოდ მჭიდრო კავშირზე უნდა მიგვითითებდეს. აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ ადრემაიკოპის ეტაპის კერამიკა არა ჰგავს ადგილობრივ ნეოლითურ მასალებსა და საკმაოდ განსხვავდება მომდევნო ნოვოსვობოდნაიას ეტაპის ჭურჭლისაგანაც, რომელიც უფრო შეიძლება ადგილობრივ ნეოლითურ ტრადიციებს დაუკავშირდეს, თუმცა ქრონოლოგიურად უფრო შორეულს. ადრემაიკოპური კულტურის ასეთი ორმაგი ბუნება (ქვის ინდუსტრიის ადგილობრივი ტრადიციები და კერამიკის სრულიად უცხო, არაადგილობრივი ხასიათი) არაერთხელ იყო შემჩნეული მკვლევართა მიერ (ა.ფორმოზოვი, რ.მუნჩაევი, ო.ჯაფარიძე, ა.სტოლიარი, მ.ანდრეევა, ა.იესენი) და ძლიერი უცხოური გავლენებით ახსნილი. ეს გავლენები უპირატესად მცირე და წინა აზიიდან - სირია, პალესტინა, ჩრდილო-მესოპოტამიიდან იგულისხმებოდა - სწორედ ამიერკავკასიის მეტ–ნაკლებად მიმდებარე ტერიტორიებიდან. ამ გავლენებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ლითონს. ირანსა და ანატოლიასთან კავშირზე მიუთითებს ყუბანის დიდ ყორღანებში აღმოჩენილი ნიკელის შემცველობის სპილენძის ნივთები (ჩერნიხი). ამასვე თუ დავუმატებთ ადრე არერთგზის ხსენებულ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებსაც მკვლევრები ისევ მცირე და წინა აზიას უკავშირებენ (ტალგრენი, შმიდტი, ლემლეინი ფარმაკოვსკი და სხვა), მართლაც, ძნელი იქნება მაიკოპის კულტურის წინააზიური საწყისების ხელაღებით უარყოფა. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ გავრცელდა ეს კულტურა ჩრდ.კავკასიისაკენ, იგი, ალბათ, ამიერკავკასიის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ამაზე უნდა მიუთითებდეს ის ძეგლები, რომლებიც მაიკოპის ტიპის კერამიკასა და სხვა ინვენტარს შეიცავენ. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა სამხრეთ საქართველოში - ჯავახეთის ახალქალაქში და ახალციხის რაიონში, აბასთუმანში, მაიკოპის ტიპის წითელპრიალა, თხელკეციანი, მრგვალმუცლიანი ჭურჭლის აღმოჩენა26. კერამიკის ერთეული ეგზემპლარები დამოწმდა ზღვისპირა ზოლშიაც - ფოთთან, დოშაკის გამოქვაბულში (სამეგრელო), გუანდრაში (ახალ ათონთან); ისე რომ, მთლად მართებულად არ გამოიყურება იმ მკვლევართა მოსაზრებანი, რომლებიც ამტკიცებენ მაიკოპის კულტურის გავრცელებას ამიერკავკასიის გვერდის ავლით (მარკოვინი, მუნჩაევი). ის ფაქტიც, რომ ჩვენი გამოქვაბულების მასალაში ერთმანეთის გვერდით გვხვდება ადრემაიკოპისათვის  დამახასიათებელი მასალები (სამაჯურები, ნაპრიალები მრგვალძირიანი კერამიკა, კაჟის ისრისპირები) და ცილინდრულყელიანი ჭურჭლები, მარგალიტოვანი ორნამენტი და დროშის ფორმის ისრისპირები - რაც შემდეგში ნოვოსვობოდნიას ეტაპშიაც გვხვდება, იქნებ ზემოთქმულ მოსაზრებას უჭერდეს მხარს. მაიკოპის კულტურის განვითარების შემდგომ ეტაპზე საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ხდება მაიკოპის კულტურის გავრცელება უკვე სამხრეთისაკენ -მცირე აზიაში (კოშაი, პიგოტი, მიმბუტასი, ბარნეი)27. ალაჯა-ჰუიუკის "სამეფო სამარხები" ამის თვალსაჩინო დადასტურებაა. ა.იესენი ამტკიცებდა, რომ ალაჯასთან შედარებით ნოვოსვობოდნაიაც კი ადრეულიაო, ე.ი. ამ კულტურის გავრცელება სამხრეთით საკმაოდ გვიან უნდა მომხდარიყო28. რაც შეეხება დას. საქართველოს ენეოლით–ადრებრინჯაოს ხანის კულტურისა (გამოქვაბულები) და მაიკოპის კულტურის ზემოჩამოთვლილ მსგავსებებს, იგი გარკვეულ ეტაპზე ამ ორი კულტურის ურთიერთქმედების მაჩვენებელია. ზოგიერთი მკვლევარი (ფორმოზოვი, სულიმირსკი)29 უფრო შორს მიდის და ვარაუდობს, რომ მაიკოპის კულტურა მტკვარ–არაქსის კულტურის გავლენასაც განიცდიდა, უთითებენ რა ადრემაიკოპური რელიეფური ორნამენტის მტკვარ - არაქსულ წარმოშობაზე30. აქვე უნდა ითქვას, რომ რელიეფური კონცენტრული წრეები, ზიგზაგები და დანაძერწები ზოგჯერ მაიკოპურ ფორმებთან ერთად ადრესამიწათმოქმედო ძეგლებზედაც გვხვდება (ტეხუტა, არახლო, იმირი). შესაძლოა, მართლაც, ძვ.წ. III ათასწლეულისათვის მტკვარ - არაქსის მატარებელი ტომების დას.საქართველოში გადანაცვლებამ გამოიწვია აქაური მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთით, რასაც თან ამ კულტურათა გავრცელება მოჰყვა შედეგად. გარკვეული გავლენა ჩანს ნოვოსვობოდნაიას ეტაპზედაც, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ფაქტზე, როგორიცაა დარიშხანიანი სპილენძის ნივთების გაჩენა ნიკელიანი სპილენძის ნაცვლად, რომელიც ადრემაიკოპის ეტაპზე იყო გავრცელებული. უკანასკნელ დროს გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ მთელ დასავლეთ კავკასიაში ადრემაიკოპის ხანაში გავრცელებული იყო ერთიანი კულტურა და რომ მაიკოპი და დასავლეთ ამიერკავკასია ამ კულტურის ლოკალური ვარიანტებია31. ჩვენი აზრით, სადღეისოდ ასეთი მტკიცებისათვის მყარი საფუძველი არ გაგვაჩნია. ჯერ ერთი, როგორც ცნობილია, თვით დას.ამიერკავკასიაში ამ პერიოდში ერთიანი კულტურა არ ჩანს და მაიკოპთან კავშირს ავლენს მხოლოდ გამოქვაბულების მასალები. შემდეგ, გარდა მსგავსებისა მათ შორის ისეთი არსებითი განსხვავებებიცაა, რომლის გვერდის ავლა შეუძლებელი იქნებოდა:

1. ადრემაიკოპის კულტურის კერამიკა უკლებლივ პრიალა, ბირთვისებურ-ტანიანი, მრგვალძირა, ძაბრისებურყელიანი ჭურჭლებითაა წარმოდგენილი. ჩვენს გამოქვაბულებში კი ასეთ ნაწარმს გაცილებით ჭარბობს ადგილობრივი ნეოლითური ტრადიციების მქონე უხეში მურა–მოვარდისფრო ან ნაცრისფერი, ძირბრტყელი ან ძირქუსლიანი, ქილისებური და ქოთნისებური ჭურჭლები. ზოგჯერ პირდაკეჭნილი, ნასვრეტებით და ნაკაწრებით შემკული.

2. ადრებრინჯაოს კულტურაში აღმოჩენილი ლითონის ნივთები ნიკელიანი სპილენძისაა, ხოლო დას.საქართველოს გამოქვაბულებში წარმოდგენილი ლითონის ნივთები (ოთხწახნაგა სადგისი, ანკესები საგვარჯილედან; ისრისპირები თეთრი მღვიმიდან, დანისპირის ფრაგმენტები -ვორონცოვიდან; ოთხწახნაგა სადგისი სამელე-კლდიდან) დარიშხანიანი სპილენძისაგანაა ნაკეთები.

3. ადრემაიკოპის კულტურაში დაკრძალვის ყორღანული წესია გავრცელებული, დას.ამიერკავკასიაში კი ასეთი არ ჩანს და სხვა.

ზემოთქმულის საფუძველზე სადღეისოდ ცოტა ძნელი იქნებოდა დას.ამიერკავკასიისა და მაიკოპის კულტურის ერთ კულტურად აღიარება. სადღეისოდ შეიძლება ითქვას, რომ დას.ამიერკავკასიის მოსახლეობას ადგილობრივ ნეოლითურ ტომებთან ერთად განსაზღვრული როლი უნდა შეესრულებინა მაიკოპის კულტურის ჩამოყალიბებაში როგორც თავისი მატერიალური კულტურით, ასევე როგორც საშუალედო რგოლს ჩრდილო კავკასიასა და წინა  აზიას შორის.

-------------------------------------------------------

1 გ.ჯავახიშვილი, ყვირილის ხეობის არქ. ექსპედიციის მიერ ჭიათურის რ-ში, სოფ.ზოდში, გამოქვაბულ სამელე-კლდეში ჩატარებული მუშაობის ანგარიში. სსაე 1969.

2 მ.ნიორაძე გამოქვაბული სამერცხლე-კლდე და მისი ფაუნა. თბ., 1967.

3 დ.თუფაბრამიშვილი, ყვირილის ხეობის არქ ექსპედიციის მიერ 1972-73 წწ. ჩატარებული  სამუშაოს ძირითადი შედეგები. სსმაე IV. 1975.

4 ნ.კილაძე, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი "საგვარჯილე", საქ.მეცნ. აკად. მოამბე, XIV-9, 1953; ნ.ბერძენიშვილი, გ.ფხაკაძე, გამოქვაბული "საგვარჯილე“ (ენეოლით-ადრებრინჯაოს ფენა), თბ., 1976.

5 დ.თუშაბრამიშვილი, ლ.ნებიერიძე, ყვირილის ხეობის და ცუცხვათის არქ ექსპედიციის  1970-71 წწ. ძირითადი შედეგები. საქ. მუზეუმის ანგარიშები, 1974, №3.

6 ლ.ნებიერიძე, დარკვეთის მრავალფენიანი ეხი, თბ., 1978.

7 ძუძუანას, სამერცხლისა და ცუცხვათის გამოქვაბულები შესწავლის პროცესშია. მათზე მუშაობს აკად.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ.მუზეუმის უმც. მეცნ. თან.ლ.ჟორჟიკაშვილი

8 გ.ფხაკაძე, იმერეთის ძვ.წ. IV-III ათასწლ. მატერიალური ძეგლები, ხელნაწერი.

9 А.Н.Каландадзе, К.С.Каландадзе, Белая пещера. Археологические исследования на новостройках Груз. ССР, Тб., 1976, с.87. .

10 Л.Н.Соловьев, Новый памятник культурных связей стоянки Воронцовской пещеры. Сборник АБНИ 29, Сухуми, 1958, с.135

11 А.А.Щепинский, Раковинные кучи на энеолитических стоянках Крыма. С.А. М., 1974, №1.

12 А.Ф.Столяр, Поселение Мешоко и проблема двух культур кубанского энеолита.

13 А.А.Формозов, Каменный век и энеолит Прикубанья. Мю, 1965. г.

14 იქვე

15 А.А.Иессен, К хронологии «больших» кубанских курганов. С.А. XII, М., с.200.

16 ო.ჯაფარიძე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1976. გვ.202.

17 Р.М.Мунчаев, Кавказ на заре бронзового века. М., 1975, с.335.

18 იქვე,  გვ.334.

19 М.В.Андреева, К вопросу о новых связях Майкопской культуры. СА., №1, 1977, გვ.41.

20 Р.М.Мунчаев, დასახ. ნაშრ., გვ.329.

21 А.А.Формозов, დასახ. ნაშრ., გვ.208

22 В.Г.Марковин, К вопросу о происхождении долменной культуры Западного Кавказа, М., с.240

23 А.Джавахишвили, Г.Джавахишвили, Я.Киквидзе, Д.Тушабрамишвили, Некоторые итоги полевых работ 1964 г.

24 ო.ჯაფარიძე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1976. გვ.204.

25 გ.ფხაკაძე, მტკვარ - არაქსისა და დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის კულტურათა შეხვედრები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ”საქართველოს არქეოლოგიის საკითხები“, ტ.I, თბ., 1978, გვ.2.

26 კ.კალანდაძე, უძველესი ნასოფლარის ნაშთი აბასთუმნიდან. საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიება, 1973, თბ., 1974, გვ.9.

27 H.Kosay, Ausgrabungen von Alaqa Huyuk. Ankara, 1944, გვ.180; S.Piggot, Ancient Europe, Edinburg, 1965, გვ.81; C.A.Burney. D.M.Lang, The peoples of the Hills ancient Ararat and Caucasus. 1971, Cambrige, გვ.82.

28 А.А.Иессен, დას.ნაშრ., გვ.177.

29 T.Sulimirski, Prehistoric Russia, London, 1970.

30 А.А.Формозов, დასახ. ნაშრომი.

31 ლ.ნებიერიძე, დასახ. ნაშრომი, გვ.85.


Г. Г. ПХАКАДЗЕ

К ВОПРОСУ О ВЗАИМОСВЯЗИ ЗАПАДНО-ГРУЗИНСКОЙ РАННЕБРОНЗОВОЙ И МАЙКОПСКОЙ КУЛЬТУР

(Табл. I-VI)

Резюме

В эпоху ранней бронзы в Западной Грузии выделяются три группы памятников:

1 - Холмы-поселения Дабла-Гоми, Аргвети и Сачхерские курганы входящие в ареал распространения Куро-Араксской культуры.

2 - Пещерные стоянки Имерети и Абхазской АССР, тяготеющие к Майкопской культуре.

1 - Памятники Колхидской низменности, отличающиеся как от материалов пещер, так и холмов - поселений Имерети.

Изучение пещерных стоянок Имерети (Самеле-клде, Самерцхле-клде, Дзудзуана, Дарквети, Сагварджиле и др.) показало, что они содержат почти всегда мощные (З м) культурные отложения, содержащие материалы энеолитической и раннебронзовой эпохи. На протяжении всей мощности культурных отложений каменная индустрия, роговые и костяные изделия остаются почти неизменными, главным отличительным элементом нижних и верхних горизонтов пещер является керамика.

Местная керамика нижних энеолитических слоев продолжает существовать и в верхних раннебронзовых горизонтах, но здесь к ней примешивается керамика совершенно другого типа. Она тонкостенна, без грубых примесей, красноокрашена и хорошо залощена, характеризуется круглыми днищами, округлым туловом, удлиненным или расширенным воронкообразным горлышком. В то же самое время на сковородообразных сосудах ощущается выдавленный изнутри шишечный т. н. «жемчужный» орнамент. Эта керамика находит близкие аналоги в майкопской культуре: Мешоко, Скала, Ходжох, Каменомостская и др.

Связь с майкопской культурой распространяется и на другие элементы культуры; аналогичны каменные браслеты, костяные и роговые изделия, неолитические традиции в каменной индустрии, трактовка фигурок, глиняные пряслица, использование в качестве жилищ пещер и др. Такие совпадения не могут быть случайными, они указывают на тесную связь между пещерными комплексами Западной Грузии и майкопской культурой, но объединить все Западное Закавказье в единую культуру все-таки было бы несколько преждевременным, тем более, что раннебронзовые памятники Колхидской низменности выглядят несколько обособленно.

Датировка верхних слоев пещер, содержавших майкопские материалы опирается на факт обнаружения в этом же горизонте Куро-араксской керамики раннего облика (Сагварджиле, Самеле-клде, Самерцхле-клде, Дарквети). На этом основании раннебронзовый пласт пещер Западной Грузии можно отнести к концу IV, началу III тысячелетия до н. э. К этому времени относятся и связи с майкопской культурой.