topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი VII)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

ქართლის ხარჯზე კახეთის გადარჩენა, რასაკვირველია, საერთო საქართველოს თვალსაზრისით ვერაფერი საქმე იყო, მაგრამ იმ დროს კახეთისათვის ეს პატარა ამოსუნთქვაც ალბათ რაიმედ ღირდა. სამწუხაროდ, კონსტანტინე ლეკებს მარტო ოსმალთა წინააღმდეგ არ იყენებდა. მას ისინი შამშე ერისთავის წინააღმდეგაც მიუმართავს და ამდენად ქართულ შინაფეოდალურ ომში ლეკებისათვის გარკვეული წვლილიც მიუზღვევია. (151) საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე ანტიოსმალური განწყობის მოღვაწე იყო და ლეკებსაც უმეტესად მათ წინააღმდეგ იყენებდა. დაღესტნელთა მოკავშირეობა ოსმალეთის წინააღმდეგ, მათი მარტო უბრალო დაქირავებულობით არ შეიძლება აიხსნას. საქმე ისაა, რომ ვიდრე "ოსმალობა" გაბატონდებოდა ქართლ - კახეთში და საერთოდ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშიც ლეკებს მოსწონდათ კიდეც ოსმალებთან ახლო ურთიერთობა - კავშირი, რამდენადაც ოსმალეთი მათ ხელს უწყობდა საქართველოზე თავდასხმისა და ამდენად დასუსტების საქმეშიც. ოსმალების გაბატონების შემდეგ ურთიერთობა ოსმალებსა და ლეკებს შორის მკვეთრად შეიცვალა. ეს მოვლენა ორი გარემოებით შეიძლება აიხსნას: "ჯერ ერთი "ოსმალობის" ასეთი გაბატონება დაღესტნელი ფეოდალებისათვის არ იყო ხელსაყრელი, რამდენადაც არ იყო გამორიცხული, რომ ოსმალები ასევე შეეცდებოდნენ დაღესტნისა და ჭარ-ბელაქნის დამორჩილებასა და მათ დახარკვას; მეორე, რამდენადაც ოსმალები ქართლ - კახეთს თავის საბატონო ქვეყნებად თვლიდნენ, ამდენადვე ქართლ-კახეთში მოთარეშე ლეკები უკვე თავიანთ მტრებად მიაჩნდათ74, მით უფრო, რომ ისინი მათ ქვეყნის მატერიალური დოვლათის დატაცება - განაწილებაში საკმაოდ მოურიდებლად ეზიარებოდნენ. მეორე მხრივ, ლეკებისათვის ოსმალების მხრიდან საქართველოზე თავდასხმების მოშლა ნიშნავდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათი "სამეურნეო საქმიანობის" ერთ-ერთი ძირითადი დარგის მოშლასაც, რაც უკვე თავის მხრივ ლეკებს აღარ მოსწონდათ და იწვევდა მათში ანტიოსმალურ განწყობას. ასე რომ, დაღესტან - ჭარელი ფეოდალები ოსმალებს მხოლოდ ამიერკავკასიის საზღვრებს გარეთ ცნობდნენ და არა აქ გაბატონებულთ და ამდენადვე პოტენციაში მათთანაც გასაბატონებლად გამზადებულთ. დ.მეგრელაძე კახელების და ლეკების კავშირს ცოტა სხვანაირად ხსნის. მას მიაჩნია რომ კახელებისთვის ლეკები ნაკლებ საშიშნი იყვნენ, ვიდრე ოსმალები, რადგანაც ოსმალებს შეიძლება აქაც "ოსმალობა" მოეტანათ, ხოლო თავდამსხმელი ლეკებისაგან კი ასეთი საფრთხე არ ჩანდა75. აქედან გამომდინარე, დ.მეგრელაძე ასკვნის: "მიუხედავად იმისა, რომ აქ გაბატონებული ოსმალები საკმაოდ ენერგიულად გამოდიოდნენ ლეკების წინააღმდეგ, სავარაუდოა ეს შეჯახებანი ოსმალ-ლეკთა შორის ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა"76. (152) ჩვენ მიგვაჩნია, რომ დ.მეგრელაძის დებულება მთლად სწორად ვერ ასახავს არსებულ მდგომარეობას. ჯერ ერთი, კახელებისათვის ლეკები და ოსმალები ერთნაირი მტრები იყვნენ და სხვანაირად არც შეიძლებოდა, ისეთ პირობებში, როდესაც ვ.დონდუას სიტყვით, თურქთა მძარცველური მმართველობა და დაღესტნელ ფეოდალთა თარეში ერთიმეორეს ემატებოდნენ77. ქართველთა კავშირი ამ შემთხვევაში ლეკებთან იმდენად იყო განპირობებული, რამდენადაც ლეკებიც იბრძოდნენ ოსმალების წინააღმდეგ და ეს კი თავისთავად არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი იყო ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი დებულებების გათვალისწინებით. ასე რომ, ლეკ-ოსმალთა ბრძოლა "ოსმალობის" პერიოდში (1723-1735 წწ.) სრულებით არ იყო, როგორც დ.მეგრელაძე ფიქრობს, ეპიზოდური ხასიათისა, არამედ პირიქით, მათი შეჯახება სწორედ რომ სისტემატურ ხასიათს ატარებდა; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ შეჯახებისას ლეკები გამოდიოდნენ გამარჯვებულები. ასე გრძელდებოდა მათ შორის ურთიერთობა ვიდრე ქართლ-კახეთში "ყიზილბაშობა" დამყარდებოდა. ქართველებისა და ლეკების დაახლოების ეს ფაქტორი კი სულაც არ გამორიცხავდა თავისთავად პარალელურად მოქმედ მეორე ფაქტორსაც - საკუთრივ ლეკების მიერ ქართლ - კახეთისა და სამცხე - ჯავახეთის რბევას. მაგრამ, ამასთან ერთად, არც ის ფაქტორი ჩანდა უჩვეულო, როდესაც დროდადრო ქართველ - ოსმალთა გაერთიანებაც ხდებოდა ლეკების წინააღმდეგ. ერთადერთი რაც აიცილებლად შეიმჩნევა ამ ფაქტორების მოქმედებისას ისაა, რომ ქართველები ძნელბედობის ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავისი თავის გადასარჩენად ძალას არ ზოგავდნენ და ხან ორივეს წინააღმდეგ იქნევდნენ ხმალს, ხან კი დროის შესაბამისად ერთ-ერთ მათგანს უკავშირდებოდნენ მეორის წინააღმდეგ. ასეთი ვითარება გრძელდებოდა 1735 წლამდე. "ოსმალობის" ბატონობის თითქმის მთელ მანძილზე. საამისო ტიპიური მაგალითები, საკმაოდ  ბლომად მოიპოვება ქართულ საისტორიო წყაროებში. ასე, მაგალითად, 1724 წ. ყაზახთან და გუფთასთან ცნობილი ბრძოლების დროს, ქართველები ოსმალების წინააღმდეგ ლეკებთან გაერთიანებული ძალით გამოდიან78. 1728 წ. ქართლში სარბევად შემოსულ ლეკებს კი მუხრანთან იუსუფ-ფაშა და ისაყ-ფაშა შებმიან "სპითა ოსმალ-ქართველთა" და ლეკები დაუმარცხებიათ კიდეც. ცოტა (153) ხნის შემდეგ "კვალად ნადარბაზევს ეკვეთა ლეკთა მაჰმად - ბეგ ოსმალ - ქართველთა სპითა". აქ გამარჯვება ლეკებს დარჩენიათ79. 1728-1729 წწ. "კვალად გორიდამ მომავალთა ოსმალთა სპათა ემთხვიათ ლეკნი ნიჩბისის ბოლოს, კუეთებასავე აოტნეს ლეკთა და მოწყვიტნეს უმრავლესნი" ანუ ლეკებს გაემარჯვათ80. ლეკებმა რაკი "მრავალგზის მოწყვიტეს ოსმალთა" და ეს უკანასკნელნი მათ ვერღარა წინააღუდგებოდნენ", ბუნებრივია, რომ მათ თავიანთი სამოქმედო ასპარეზი უფრო გააფართოვეს და ქართლ - კახეთთან ერთად "უწყეს სამცხე-ჯავახეთსაც რბევა და ტყვევნა"81. ვახუშტის აღწერილი აქვს სხვა შემთხვევებიც: (ჯავახეთიდან  ტყვე-ნადავლით დატვირთულ ლეკებთან ქართველ - ოსმალთა ბრძოლა დიდგორთან და თელადგორის ბოლოს, სადაც ლეკები სასტიკად იქნენ დამარცხებულნი82. სეხნია ჩხეიძეს მოთხრობილი აქვს 1730-1731 წწ. ბაიდართან, ნიჩბისთან და სხვ. ქართველ - ოსმალთა ბრძოლის მსგავსი ტიპიური მაგალითები და კიდევ მრავალი სხვ.)83. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. საქმე ისაა, რომ კახელები ლეკების წინააღმდეგ დახმარებისათვის ოსმალებს არ მიმართავდნენ, ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა მაგალითად ქართლში: პირიქით, მიუხედავად ლეკების კახელებისადმი დაძაბული ურთიერთობისა, კახელები მაინც იმას ამჯობინებდნენ, რომ ლეკები შეეკავშირებინათ ოსმალების წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკა კი ალბათ იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ კახეთში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ლეკებისადმი ასე ვთქვათ, "უბატონობის" განწყობა. მეორეც, ქართლში ოსმალებისა და ქართლელების ბრძოლას ლეკების წინააღმდეგ ნაკლები ეფექტი ჰქონდა და ბოლოს გამოდიოდა, რომ ლეკების წინააღმდეგ მებრძოლი ოსმალეთი კონსტანტინეს თავის ფეხით უნდა მოეყვანა კახეთში. რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა მის მიზანს. ამიტომ მოხდა, რომ კონსტანტინე, რომელიც ერთი მხრივ, თანმიმდევრული მებრძოლი იყო ლეკებისა და ოსმალების წინააღმდეგ, მეორე "მხრივ" დროდადრო ლეკებთანაც ზავდებოდა, ან გზას აძლევდა მათ ქართლზე, რათა მომენტის შესაბამისად გამოეყენებინა ისინი ოსმალების წინააღმდეგ84. ოსმალები (154) ხედავდნენ ამას და ცდილობდნენ კონსტანტინეს როგორმე ხელში ჩაგდებას, მით უფრო რომ იგი სხვაზე ნაკლებ არ ავლენდა რუსეთისადმი მიდრეკილებას (იგულისხმება 1724-1725 წწ. როსებასა, თავად დავით გარაკანიძის ელჩობები და თვით კონსტანტინეს მიმართვები პეტრე I და რუს სამხედრო სარდლებთან - თ.ბ.). 1729 წ. ხანგრძლივი ბრძოლით დაქანცული კონსტანტინე ოსმალებს დაეზავა და მათ სასარგებლოდ ხარკიც იკისრა. ასევე უნდა დაზავებოდა წყაროების მიხედვით, იგი ჭარელებსაც86. მიაღწია რა თურქეთმა ერთგვარ წარმატებას, ამიერკავკასიაში, ის შეეცადა ყირიმის ხანის დახმარებით ასევე მოქცეულიყო იმიერკავკასიაშიც, მით უფრო, რომ თურქეთი სწორედ ამ ხანისათვის - 1729 წლისათვის აპირებდა რუსეთის კასპიისპირეთიდან განდევნას87. 1729 წ. ყაბარდოს თავს დაესხა ყირიმის ხანის ერთ-ერთი სულთანი ბახტი-გირეი. სულ მალე ყაბარდოს დიდ მთავართა ნაწილი აღმოჩნდა თურქეთ - ყირიმხანის გავლენის ქვეშ, რამაც მას, როგორც ჩანს, ჩაუსახა იმედი, მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი უპირატესობა კავკასიაში ბატონობის დასამყარებლად, ამას ისახავდა, ალბათ ის მიზნად, როდესაც 1729 წ. დააპირა დიდი ციხე-სიმაგრის აგება საქართველოს მხრიდან ყაბარდოს საზღვარზე, უფრო სწორედ ხევ-ყაბარდოს გზაზე, რომელიც ერთი მხრივ, დააშორებდა დიდი ხნის მოკავშირეებს საქართველოსა და ყაბარდოს, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთს მოუშლიდა საიმედო საყრდენებს იმიერსა და ამიერკავკასიაში. თურქეთის მიერ ციხე - სიმაგრის მშენებლობის განზრახვა პირველად გილანიდან მოსკოვს მიმავალმა ვახტანგ VI გაიგო, რომელიც ამ ხანად რუსეთის სამეფო კარის მიერ სპეციალური დიპლომატიური მისიით ირანში იყო მივლინებული. 1729 წ. იგი ვ.დოლგორუკოვს ახსენებს, რომ მას დანამდვილებით შეატყობინეს ქსნის საერისთაოდან ჩრდილო კავკასიაში თურქული ციხე - სიმაგრის აგების შესახებ, კერძოდ, "ხევში... ყაბარდოსა და ჩაჩნეთის ახლოს“. ამასთან ვახტანგი თავის მოსაზრებასაც გამოთქვამდა: თუ რომ თურქები იმ ადგილის ხელში ჩაგდებასა და იქ ციხე - სიმაგრის აგებას შეძლებენო, მაშინ იმ მხარის ხალხები ჩაჩანი, ძურძუკი, ღლიღვი და ლეკები, ხოლო ამ მხარისა კი მთელი ოსეთი, დიდი და მცირე ყაბარდო, ყირიმი და ყუბანი ყველა გაერთიანდება და მათთან იქნებიანო88. (155) ახსებდა რა თავის მხრივ ამის თაობაზე ვ.დოლგორუკოვი საგარეო საქმეთა კოლეგიას, აღნიშნავდა, რომ თუ თურქეთი ამ ციხის აგებას მართლა შეძლებდა, მაშინ ის მთლიანად ყაბარდოსაც დაიმორჩილებდა... ამიტომ ყაბარდოელებმა სხვა მთიელებთან ერთად თურქებს ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა შეუშალონ ხელი მის აგებაშიო; ამისთვის კი საჭიროა ყაბარდოელების გადმობირება მომხრობა თურქეთ-ყირიმხანისა და დაღესტნელების წინააღმდეგ, რომლებთანაც ყაბარდოელებს აშკარა მტრობა აქვთო89. ვ.დოლგორუკოგი იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ ციხე-სიმაგრის აგებით შეწყდებოდა აგრეთვე საქართველო - რუსეთის ცხოველი ურთიერთობაო. თურქეთი ხედავდა, რომ მისი იდეის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა ვიდრე ყაბარდო და საქართველო უშუალოდ არ იქნებოდა დაპყრობილი, რამდენადაც ყაბარდო კვლავ განაგრძობდა ბრძოლას ყირიმელი ხანების წინააღმდეგ, ხოლო საქართველოში კი კახეთი არ ნებდებოდა; ამასთან, ჭარელები არა თუ ხელს უწყობდნენ მისი ბატონობის განმტკიცებას ქართლსა და კახეთში, არამედ, პირიქით, პრაქტიკულადაც კი იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. თურქეთ - ყირიმხანმა თითქმის ერთდროულად წამოიწყო ყაბარდო - კახეთ - ჭარზე შეტევა. ასე, მაგალითად, 1731-1734 წწ. ყირიმის ხანმა რამდენჯერმე მოაწყო ლაშქრობა დიდსა და მცირე ყაბარდოში. თუმცა მიზანს საბოლოოდ მაინც ვერ მიაღწია90, - ამიერკაეკასიაში შემოჭრას. 1731 წ. თურქებმა ქედმოუდრეკელ კახეთსაც გადამწყვეტად შემოუტიეს. მათ როგორც იქნა მოახერხეს კონსტანტინე კახთა მეფეს ვერაგულად მოკვლა ამავე წელს კახეთის   დასაუძლურებლად მათ კახეთი ყაზი-ყუმუხის მფლობელ სურხაი-ხანს დაალაშქვრინეს და შემდეგ თვით დაიპყრეს. თურქებმა ამავე დროს ყარაღაჯის ციხე აიღეს, შიგ თავიანთი მეციხოვნეები ჩააყენეს და საგულდაგულოდ გაამაგრეს. ოსმალთა ხელთ მოქცეული ყარაღაჯის ციხე, რომელიც ზღუდავდა ლეკ-ჭარელთა ქართლ-კახეთზე თავადებულ თარეშს, ბუნებრივია ლეკ-ჭარელებს არაფრად სიამოვნებდათ და ისინიც მას "მრავალგზის ეკირთებოდნენ", მაგრამ ბოლოს მაინც შეურიგდნენ ამ ამბავს და ვახუშტის სიტყვით, რომ ვთქვათ "მიერთაგან ვერღარა იკადრეს რბევად და კირთებად"91. ყიზიყუმუხელი სურხაი-ხანისადმი ასეთი "პატივი", შედარებით ჭარელებთან, განპირობებული იყო სხვა მომენტითაც. (156) საქმე ისაა, რომ სურხაი თურქეთის მიერ დაღესტნისა და შარვანის ხანად იქნა აღიარებული ჰაჯი-დაუდის შემდეგ, და ამის საფასურად სურხაი თურქეთისავე მხარდაჭერით რუსეთის კასპიისპირეთიდან განდევნას აპირებდა92. მეტიც, 1729 წ. ოქტომბერ - ნოემბერში თურქეთს სურხაი - ხანის საშუალებითვე სომხების, ქართველებისა და მუღანელების დამშვიდება და მათი სრულ მორჩილებაში მოყვანა ნდომებია93. ამავე წელს, როგორც ვიცით, თურქეთმა ხევ-ყაბარდოს გზაზე სტრატეგიული ციხე-სიმაგრის აგება განიზრახა. მართალია, 30-იან წლებში მან საერთოდ ერთგვარ წარმატებას მიაღწია იმიერსა და ამიერკავკასიაში, მაგრამ პრინციპში თავისი სტრატეგიული მიზანი - საქართველოსთვის მტრული გარემოცვის რკალის ბოლომდე შეკვრა მაინც ვერ განახორციელა. რუსეთი თანაუგრძნობდა ყაბარდოსა და საქართველოს ბრძოლას თურქეთ - ყირიმხანის წინააღმდეგ, რამდენადაც ეს ბრძოლა ობიექტურად მის ინტერესებსაც მოიცავდა. შეიძლება თურქეთს უფრო მეტისთვისაც მიეღწია, რომ იგი ერთის მხრივ, მომძლავრებულ ირანს არ შეეჩერებინა, ხოლო მეორე მხრივ კი თვით თურქეთში დაწყებულ შინაურ არეულობებს94. ირანი ფეხზე დადგა, შაჰ-თამაზის ნიჭიერმა სარდალმა ნადირმა 1729-1730 წწ. ირანიდან ჯერ ავღანელები განდევნა, ხოლო შემდეგ კი ენერგიულად შეუტია თავის საუკუნოებრივ მეტოქეს თურქეთს. 1730 წ. მან ჰამადანი, ქერმანშასი და თავრიზი აიღო. საერთოდ ირანის მომძლავრება და მისი წარმატებები თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენად შესამჩნევი იყო, რომ პეტრე დიდის მემკვიდრეები იმთავითვე ირანის მიმართ თავისებური "დათმობის" პოლიტიკას დაადგნენ; ხოლო მთელი მათი მცდელობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ "დათმობის" საფასურად რაც შეიძლებოდა მეტი ღირებულების ფასეულობა მიეღოთ - კავშირი, შესაძლებელ რუსეთ - თურქეთის ომში, ან სულ მცირე, ნეიტრალიტეტი მაინც95. რუსეთის სამეფო კარის ანგარიშით, როგორც ჩანს, სჯობდა პეტრე დიდის მიერ შემოერთებული კასპიისპირეთის პროვინციები, რომელზეც იგი ფაქტიურად ვერ ახორციელებდა თავის ხელისუფლებას, ისევ ირანს დაბრუნებოდა "მეგობრობის" ნიშნით, ვიდრე მას (157) დაიპყრობდა ძალით ირანი ან სულაცდა თვით თურქეთი. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, სავსებით კანონზომიერ შედეგად მოჩანში 1732 წ. ჯერ რეშტის ტრაქტატი, ხოლო 1735 წ. კი განჯისა, რომლის მიხედვით ფაქტიურად ირანმა უბრძოლველად დაიბრუნა ყველაფერი ის, რაც პეტრე I მოიპოვა ლაშქრობით. რუსეთს მხოლოდ მდ.სულაკის მარცხნივ მდებარე მცირე ტერიტორია შერჩა, სხვა დანარჩენი კი გილანი, მაზანდარანი, ასტრაბადი, ბაქო - დერბენტი და სხვ. კვლავ ირანს დაუბრუნდა96. თურქეთის სულთანი არ ცნობდა განჯის ტრაქტატს და ყირიმის ხანის საშუალებით კვლავ ცდილობდა დაღესტნისა და შარვანის ხელში ჩაგდებას. ასე, მაგალითად, 1735 წ. ყირიმის ხანი დიდი ლაშქრით დაძრულა კიდეც დერბენტისაკენ, მაგრამ დერბენტში მისულს დიდხანს ვერ გაუძლია და უკან დაბრუნებულა უკვე მის წინააღმდეგ ამხედრებული ნადირის შიშით97. ირანის უპირველეს მიზანს რაკი თურქეთის აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან განდევნა შეადგენდა, ბუნებრივია მას მისი საყრდენები ჯერ შარვანსა და ქართლ-კახეთში უნდა მოეშალა. ამას ისახავდა ალბათ ის მიზნად, როდესაც ოსმალებს ჯერ კიდევ ადრე 1734 წ. შარვანში შეუტია და შამახაც აიღო. შარვანის აღება, სხვათა შორის, ოსმალთა ბატონობის  წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების აჯანყების დაწყების მანშნებელი აღმოჩნდა, მათ შორის ქართ- კახეთშიც. ირან - ოსმალეთის დაჯახებამ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში პრინციპული ცვლილება გამოიწვია მათ ურთიერთობაში დაღესტანთან. დაღესტნელ მფლობელთა დიდი ნაწილი და ჭარელები კვლავ ოსმალთ დაუკავშრდნენ. დაღესტან - საქართველოს ურთიერთობა უფრო გამწვავდა და მასთან ერთად ფართო მასშტაბიც მიიღო, "ლეკიანობამ მოიცვა ქართლ - კახეთი, სამცხე - ჯავახეთი, საქართველოს მთიანეთი და დასავლეთ საქართველოც ანუ საერთოდ უკვე მთელი საქართველო. ასე, მაგალითად, 1731 წ ბარძიმ არაგვის ერისთავი ვახტანგ VI აცნობებდა, რომ "ათი ათასი ლეკი სნოსა და დარშას მოხდომოდათო". ხევსურეთი გამოევლოთ და სნოზედ ჩამოსულ იყოო"98. 1732 წ. სეხნია ჩხეიძის მიხედვით, საქართველოში ჩამოსულ ლეკებს (158) სამცხე - ჯავახეთ - სომხითი, სააბაშიო, საჩხეიძეო, ხარაგაული, საციციანო, და სხვა "ბევრი სოფელი" მოურბევიათ99, იმდენად ძლიერი ყოფილა ამხანად დაღესტნელი ფეოდალების შემოსევები საქართველოში, რომ ალექსანდრე იმერთა მეფე მოსკოვის სამეფო კარზე პირდაპირ წერს საქართველოში "ლეკთა მძლავრებააო"100. 1734 წ., როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ყიზილბაშთა მიერ შემახას აღება ქართლ - კახეთში "ოსმალობის" ბატონობის წინააღმდეგ აჯანყების ერთგვარ დასაწყისად იქცა. ვახუშტის სიტყვით: "მაშინ ქართველთა მოსწყვიტნეს ოსმალნი ტფილისის გარეთანი სრულიად, ეგრეთვე გივი ამილახორი შეეტყუა გორის - ციხეს ოსმალთა და მოსრნა იგინი"... "შეითქვნენ კახნი აბელ მოურავისა - თანა და ღამით დაესხნენ ოსმალთა, მოსრნეს მრავალნი"101. იგივეს წერს ომან ხერხეულიძეც: "მეფემან თეიმურაზ შემოიკრიბნა კახნი, მოვიდა ღამე და თავს დაესხა და გაემარჯვათ ოსმალთა ზედა"-ო102. შექმნილ სიტუაციაში ქართველები ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლ ყიზილბაშთა მხარეზე აღმოჩნდნენ, ხოლო ლეკები კი კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ მოკავშირე - ოსმალებს. ასე რომ, დაღესტნელი ფეოდალები და ოსმალები ერთი მხრივ ყიზილბაშებს ურტყამდნენ, ხოლო მეორე მხრივ კი ქართველებს, ან ორივეს ერთად. ომანი ამ მომენტს მეტად ლაკონურად აღნიშნავს: "რა იხილეს ოსმალთა უკუდგომა ქართველთა, ამისთვის გაიერთეს ლეკნი და მოიმწეს მუნით სპანი და აოხრებდენ ქართლ - კახეთსაო"103. ლეკების მხრიდან აქ მოულოდნელი არაფერი იყო. ჯერ ერთი, ნადირის შარვან - ქართლ - კახეთში გაბატონებას აუცილებლად მოჰყვებოდა მსგავსივეს მიღწევა დაღესტან - ჭარში, ხოლო ამ სიკეთესთან ერთად კი აუცილებლად ყოველგვარი თავდასხმების აღკვეთა ირანს დამორჩილებულ პროვინციებში, მათ შორის, რასაკვირველია, ქართლ - კახეთშიც. ლეკებს საამისო გამოცდილება უკვე "ოსმალობიდან" ჰქონდათ მიღებული, როდესაც თვით მათ მოკავშირე ოსმალებმაც კი დაპყრობილ პროვინციებში ლეკთა თარეშის მოსპობა მოინდომეს. ახლა მას მით უფრო არ დაუშვებდნენ ყიზილბაშები. მართლაც, 1735 წ. ნადირმა თეიმურაზ II კახთა მეფეს "მოსცა სპანი დიდნი და წარმოავლინა შემუსრვად ჭარისად". ამის მცნობმა ოსმალებმა უმალ დატოვეს ყარაღაჯის ციხე და თბილისისაკენ დაიხიეს. კახელებმა ყარაღაჯის ციხე აიღეს და შემდეგ (159) ყიზილბაშებთან ერთად ჭარს დაესხნენ თავს, სადაც, ვახუშტის სიტყვით, "შემუსრნეს კოშკნი და სიმაგრენი მათნი და მოსტყვენნეს, აღიღეს ალაფი დიდი და წარმოვიდნენ"104. ყიზილბაშთა და ქართველთა ჭარზე ლაშქრობა ორივე მხარის ინტერესებს ემთხვეოდა. ასე, მაგალითად, რაკი ქართველთათვის ჭარი საქართველოს მიწა-წყალზე ფეხმოკიდებული და იმავე დროს თავდამსხმელ ლეკთა ბუდე იყო, ბუნებრივია, თუ მას ისინი აიღებდნენ, მაშინ ბრძოლაც თვით დაღესტნელ ფეოდალთა წინააღმდეგ უფრო ეფექტური იქნებოდა. რაც შეეხება ყიზილბაშებს, აქაც შეიძლება ის ითქვას, რომ არც მათ სურდათ მოზიარედ ჰყოლოდათ ვინმე ქართლ - კახეთის დოვლათში. ბაგვანთან ოსმალების დამარცხების შემდეგ ნადირმა თითქმის უბრძოლველად ჩაიგდო ერევანი, განჯა, ლორე და თბილისი. თბილისში ოსმალებს სხვათა შორის, დამხმარე ძალად ყაზი-ყუმუხელი სურხაი - ხანის შვილი მურთუზ - ალი-ბეგიც ჰყოლიათ მოწვეულიო105. ქართლ - კახეთში დამყარებული "ყიზილბაშობა" "ოსმალობაზე" არანაკლებ სულის შემხუთავი აღმოჩნდა. მისი დამყარების პირველივე დღეებიდან ჩანდა, რომ ნადირიც საქართველოს საკითხის გადაჭრას ისეთივე საშუალებებით აპირებდა, როგორც თავის დროზე შაჰ-აბასი106. სასტიკად ააოხრა მანაც ქვეყანა და უკვე მერამდენეჯერ ათიათასობით ტყვე ირანის შორეულ გზას გაუყოლა107. ქართლ - კახეთმა ნადირს აჯანყებით უპასუხა. 1736 წ. მუღანში ნადირმა თავი შაჰად იკურთხა და ამიერიდან ფორმალურადაც ირანის ერთმმართველი გახდა. მან ქართლს სამი ათას სამასი თუმანი შეაწერა და თან 500 თავისი ხარჯით აღჭურვილი მოლაშქრის გამოყვანაც მოსთხოვა108. ქართლ - კახეთის აჯანყებას უფრო მეტი ალი მოედო. მართალია თავიდან აჯანყების ჩასაქრობად გაწვეული ყიზილბაშთა რაზმები ერთიმეორის მიყოლებით მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ შეძლეს მოქიშპე ქართველ თავადთა შორის მტრობის ჩამოგდება და ამდენად აჯანყების შესუსტებაც. 1736 წ. სექტემბერში სეფი-ხანმა ქართველ აჯანყებულთა მიმართ ხერხი იხმარა: აღუთქვა რა ნადირის წინაშე შუამდგომლობა მათი უშიშარყოფისა და ხარკის რამდენადმე შემცირების თაობაზე, მან შეძლო თავისთან მიეყვანა თეიმურაზ II, (160) ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახორი, ლუარსაბ თარხანი სახლთუხუცესი გივი ჩოლაყაშვილი, თამაზ ანდრონიკაშვილი და ქაიხოსრო ჩერქეზიშვილი. სეფი - ხანმა აჯანყების მოთავენი "ერთპირათ დაიჭირა" და "წარუვლინა ისპაჰანს შაჰ-ნადირს"109. ქართლ - კახეთის ასეთი დაცლა, რასაკვირველია, არ გამოპარვიათ დაღესტნელ ფეოდალებს და ამავე წლის ოქტომბერში ქართლს შემოესივნენ სარბევად. მომხვდურები აბდულა - ბეგ იასეს ძემ დაამარცხა ყიზილბაშთა ჯარით. ისპაჰანს ჩასული ქართველობა ნადირ-შაჰმა პატივით მიიღო, რაც, რა რასაკვირველია, სხვა ანგარიშით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ასე, მაგალითად, მათი სიკვდილით დასჯა, როცა ქართლ-კახეთში აჯანყება აღმავლობის გზით მიდიოდა, ხოლო აზერბაიჯანსა და დაღესტანშიც მას თავგამოდებულ წინააღმდეგობას უწევდნენ110, როგორც ჩანს, მაინცადამაინც მომგებიანად არ გამოიყურებოდა და მეტიც, მას შეეძლო სულაც და ეს აჯანყება საერთო - საყოველთაოში გადაეზარდა. ნადირ - შაჰმაც ამჯერად დაყვავებით სცადა საქმის მოგვარება. მან ისპაჰანში (თავისთან დაიბარა ქართლ - კახეთის სხვა მმართველებიც და ისინი მასთან მყოფ ადრე ჩამოსულ "პატიმარ" თავადებთან ერთად ყანდარს წაიყვანა სალაშქროდ111. 1737 წ. მარტში ყანდარის აღების შემდეგ ნადირ - შაჰმა მასთან "ვინცა - ვინ ქართველნი" ან "ქართველკახნი" იყვნენ "ყოველი დაითხოვა და გამოისტუმრა"112. მან თეიმურაზ II კახეთი მისცა ხოლო ქართლის მმართველად კი ისევ თავისი კაცი ხანჯანხანი დასვა, რომელმაც მოსვლისთანავე "დასდვა ხარკი და ჭირი დიდი, რამეთუ ხეთა, ვენახთა, სახნავთა და პირუტყვთა, ამათ ყოველთაგან იღებდნენ"113. ამან ისედაც ანთებულ აჯანყებას უფრო შეუნთო ცეცხლი. აჯანყების ალი დაღესტანსა და აზერბაიჯანშიც მატულობდა114. წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ დაღესტნელ ფეოდალთა და ჭარელთა თავდასხმები საქართველოზე 1734-1738 წწ არცთუ ინტენსიური იყო. ვფიქრობთ, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო, ერთი მხრივ, ნადირის მიერ დაღესტნის წინააღმდეგ ბრძოლით და მეორე მხრივ კი, დაღესტნელთა საპასუხო რეაქციით - აჯანყებით. ინდოეთის შორეულ ლაშქრობაში მიმავალი ნადირ - შაჰისათვის, რასაკვირველია, არ იყო ხელსაყრელი აღმ.ამიერკავკასიაში აჯანყება, (161) განსაკუთრებით, დაღესტანსა და ჭარშიჭ და როგორც ჩანს, მან ეს საქმე თავის ძმას იბრაჰიმ-ხანს მიანდო. იბრაჰიმ-ხანს პირველ რიგში დაღესტან ჭარი და ქართლ - კახეთი უნდა მოეყვანა სრულ მორჩილებაში, მაგრამ რაკი ქართლ - კახეთი შედარებით წინარებთან უფრო მორჩილებდა, ამიტომ იბრაჰიმ - ხანმა 1739 წ. პირველი იერიში მოუსვენარ ჭარელებზე მიიტანა, რამდენადაც წარი ქართველებისათვის უკვე ერთ - ერთ სასიცოცხლო პრობლემად იყო ქცეული, ჩანს მისი მოგვარება ქართველებს ყიზილბაშთა ლაშქრობაში აქტიური მონაწილეობით უცდიათ, მაგრამ იბრაჰიმ - ხანის ლაშქრობა და მასთან ერთად ქართველებისაც სასტიკი მარცხით დამთავრდა115. ამ დიდი გამარჯვების შემდეგ დაღესტნელი ფეოდალები და ჭარელი ლეკები ძარცვა - რბევით თითქმის მთელ აღმ. ამიერკავკასიას მოედგნენ. ვახუშტით რომ ვთქვათ, "გარნა კვალად ამით ჭარელთა იწყენ მაგრება და განძლიერდენ. ხოლო კახეთს იყო კვალადცა დაღისტნელთა ლეკთაგან ტყვევნა, კლვა და ოხრებანი"116. 1739-1741 წწ. ყველაზე მსხვილ რბევათაგან მნიშვნელოვანი იყო დაღესტნელ, ყაბარდოელ და ჩეჩენ ფეოდალთა გაერთიანებული თავდასხმა ვინმე მალაჩის ხელმძღვანელობით. ამ ლაშქრის ერთი ნაწილი ქართლს შესევია, მეორე ერევანს, მესამე ყირბულახის მხარეს, ხოლო მეოთხე კი ყარსისკენ დაძრულა117. იბრაჰიმ - ხანის მარცხიანმა ლაშქრობამ, როგორც ჩანს, ნადირ შაჰს მტკიცედ გადააწყვეტინა დაღესტნის საფუძვლიანად დაპყრობა, რადგან ის კარგად ხედავდა, რომ მისი დაპყრობის გარეშე შეუძლებელი იყო მდიდარი ამიერკავკასიის ქვეყნების შენარჩუნება118. დრო თითქოს ნადირ-შაჰის სასარგებლოდ მოქმედებდა - მისი მოქიშპე რუსეთ - თურქეთი ეს-ეს არის 1735-1739 წწ. ომიდან იყვნენ გამოსულები და ამდენად ჯერ ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა ირანის წინააღმდეგ აშკარად გამოსვლას. ნადირ-შაჰი შეუდგა მზადებას დიდი ლაშქრობისათვის. პირველ რიგში აღწერა და დახარკა მის მიერ დაპყრობილ - დამორჩილებული ამიერკავკასიის ყველა მხარე. მაგალითად ქართლში იმდენად მძიმე იყო შეწერილი ხარკი, რომ პაპუნას სიტყვით, "მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა, მრავალი კაცი ვენახსა და ბაღებსა ხელით კაფიდის და აოხრებდის"119. (162) 1741 წ. ზაფხულის პირს ნადირ - შაჰმა თავისი 150 000 არმიით გამოვლო აზერბაიჯანის ქალაქები ბარდა, ყაბალა და აქედან დაღესტანში შესული, ყაზი-ყუმუხს მიადგა. დაიწყო სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა. ნადირი ცეცხლითა და მახვილით მიიკვლევდა გზას  დაღესტნის მთებში, მაგრამ მისი ცდები, წელში გაეტეხა თავისუფლების მოყვარე მთიელები, სასტიკი მარცხით მთავრდებოდა, თითოეული აულის აღებისათვის ნადირს ლამის გენერალური ბრძოლის გადახდა უხდებოდა. დაღესტნისათვის ბრძოლამ ნადირის დიდი ძალები შეილია, მაგრამ გამარჯვება კი ჯერ არსად ჩანდა. ასეთ დღეში ჩავარდნილმა ნადირმა სხვებთან ერთად ქართლიდანაც მთელი გადასახადი მხოლოდ პურით მოითხოვა. "ებრძანა ხელმწიფეს, - წერს პაპუნა, - რაც ქართლის ქვეყანას ჩემი ხარჯი აძევსო იმისი სულ ლიტრა ერთ ბისტათ პური მამეცითო" და ეს მაშინ, როდესაც, პაპუნას სიტყვითვე, "ქართლში პური ასე ძვირი იყო, რომ ბევრჯერ ვნახეთ ბალახის კურკას გაახმობდიან, დაფქვიდენ და ამას სჭამდენო"120. რაკი ნადირს დაღესტანში ომი გაუჭიანურდა და ძალებიც შეუთხელდა, მან ქართლში განლაგებულ ყიზილბაშთაგან დამატებითი ძალები გამოითხოვა და ამასთან ერთად ქართლის თავადებსაც დაავალა თავისი რაზმებით დაღესტანსა და ჭარში სალაშქროდ თან გამოჰყოლოდნენ. "ამავ ქორონიკონს (1741 წ.) - წერს პაპუნა, - დაებარებინ  იმამ ყული - ხანი ქართლის ჯარით ადრიბეჟანის სარდალს ფათალი - ხანს, რომელსა გამოელაშქრებინა ჭარისა ქვეყანა ზედა"121. ნადირი ამასაც არ დაჯერდა "მოითხოვა ქურივნი ქალნი, ქალწულნი, ქალნი და ვაჟნი სამას-სამასნი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური" (ანუ 200 000 ლიტრა პური - თ.ბ.). ქართლიდან დაღესტან-ჭარს წასასვლელი ჯარი ჯერ კიდევ ივრის პირს იყო დაბანაკებული, როდესაც ქართლში აჯანყება დაიწყო გივი ამილახორის მოთავეობით. აჯანყების დაწყების უშუალო საბაბი ნადირის მიერ ზემოთ აღნიშნული 200000 ლიტრი პურის მოთხოვა იყო. დაღესტნის თავგამოდებული ბრძოლის პირობებში ნადირ - შაჰისათვის, რასაკვირველია, არ იყო ხელსაყრელი ქართლის აჯანყება და უფრო მეტი გამწვავების თავიდან ასაცილებლად მან მისი მშვიდობიანად მოგვარება სცადა. ამილახორს მოციქულები მიეგზავნა აჯანყების მიზეზის გამოსარკვევად. გივის პასუხი ძალზედ მოკლე იყო: "ქვეყანა ოხერი შეიქნა და არა გამოდიოდის რაო, ვეღარ შევძელ სამსახური ხელმწიფისა და წაველო"122. ვახუშტის, ვფიქრობთ, უფრო სრულყოფილად უნდა ჰქონდეს გადმოცემული ეს ამბავი. მას ქართველებისათვის (163) ასე მიუმართავს: "არა ძალ-გვიცს ყოფად და განვდგეთ, ვინადგან ვერა ნებისაებრ დაიპყრა შაჰ - ნადირ ლეკნიო"123. აქ აჯანყების დაწყების მიზეზი თითქოს სავსებით ნათელია. ეს არის დაღესტანში ნადირ-შაჰის ლაშქრობის წარუმატებლობა და გივი ამილახორის მიერ ამ მძიმე მომენტის გამოყენება აჯანყებისათვის. ასე რომ, დაღესტნელი ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ  ნადირ-შაჰის წინააღმდეგ ობიექტურად შეუწყო ხელი სხვა მეზობელი ხალხების, მათ შორის ქართველების ბრძოლასაც იგივე ნადირის წინააღმდეგ. ასევე ობიექტურად შეიძლება ითქვას, რომ ქართლის აჯანყებამაც რამდენადმე შეუწყო ხელი დაღესტნის ხალხების წარმატებით ბრძოლას ირანის წინააღმდეგ. ასე, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ქართლის აჯანყების შედეგად დადესტან - ჭარში სალაშქროდ გამზადებული და ივრის პირს დაბანაკებული ქართველთა ჯარი ყიზილბაშთა რაზმებთან ერთად, რომლებიც ალაზანზე ფათალი-ხანს უნდა შეერთებოდნენ, კვლავ უკან გააბრუნეს და ამდენად ლაშქრობაც მოიშალა, თავისთავად უკვე მრავლის მთქმელია"124. ქართლის აჯანყება ნადირისათვის ზურგში ხანჯლის ჩაცემა იყო: მან კვლავ სცადა მისი მშვიდობიანად მოგვარება, მაგრამ ამილახორმა ამჯერადაც თავი განარიდა125. ქართლის თავადებმა ნადირისა და ამილახორის ურთიერთობის მაგალითზე დაინახეს, ალბათ, რომ ნადირი რამდენადმე მოტეხილი ჩანდა და მათაც სცადეს, როგორც ეტყობა, ამ მომენტის გამოყენება. ქართლის იმ თავადებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ აჯანყებულები, ნადირ-შაჰს არზა მოართვეს, სადაც მათ "ქვეყნის სიღარიბე და შეუძლებლობა" და ამდენად ხარკის შემსუბუქებაც მოსთხოვეს126. ბუნებრივია, ასეთი "თხოვნა", როცა ქართლის ნახევარი აჯანყების ალში იყო გახვეული, როგორც ნ.ბერძენიშვილი აღნიშნავს, მართლაც უფრო მოთხოვნასა ჰგავდა127. ამისდა მიუხედავად, ნადირმა ქართლში კვლავ გამოგზავნა ბრძანება და "სამი ათასი შებმული ურემი" მოითხოვა, რათა შემახიიდან პური მიეტანათ დაღესტანში. იგი არც ამით დაკმაყოფილდა და დამატებით კიდევ ორი ათასი ხარი მოითხოვა, რომელსაც ასევე "აკიდეს პური ბარდიდან და მიიტანეს დაღესტანს"128. ასეთმა ხელაღებითმა ძარცვამ, რასაკვირველია, ქართლის აჯანყებას უფრო შეუნთო ცეცხლი და რაკი გივი ამილახორთან სხვა გზით არაფერი გამოდიოდა (164) ნადირმა თავის ხანს უბრძანა მასზე გალაშქრება და მორჩილებაში მოყვანა129. ყიზილბაშებსა და აჯანყებულ ქართლს შორის ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყო. აჯანყების შემდგომი გაფართოების შიშით ნადირ-შაჰი ერთგვარ დათმობაზე წავიდა. ასე, მაგალითად, ქართლს "ზოგი ღვინისა ხარჯი მოუჭრა", "ზოგი ხუცებისა და საყრდების" და საერთოდ კი "ქვეყანას სამი ათასი თუმანი მოაკლო"130. ნადირმა კიდევ ერთხელ სცადა ამილახორთან შერიგება თეიმურაზ II კახთა მეფის საშუალებით, მაგრამ მისი ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა. ყიზილბაშთა წინააღმდეგ აჯანყებულმა ამილახორმა თავის ძირითად მოკავშირეებად დაღესტნელი ფეოდალები და ჭარელი ლეკები გაიხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჯანყების დაწყების წინ მან საამისოდ ჯერ თეიმურაზ II მიმართა "რათა უკუნდგნენ შაჰ-ნადირისაგან, მაგრამ, როგორც ვახუშტი წერს, კახთა მეფემ მას "არა უსმინაო"131. თეიმურაზის ამ უარს თავისი გამიზვნა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ კახეთი ნადირ-შაჰთან თავისი ურთიერთობით სულ სხვა ინტერესებიდან გამოდიოდა, ვიდრე ქართლის ლიდერი ამილახორი. ქართლისა და კახეთის ასეთი ურთიერთობა განპირობებული იყო ერთი მხრივ, მათი სხვადასხვა პოზიციებით დაღესტან - ჭართან ურთიერთდამოკიდებულებაში, ხოლო, მეორე მხრივ კი, უმეფოდ დარჩენილი ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე ასევე განსხვავებულ შეხედულებებისა გამო. ასე, მაგალითად, თეიმურაზ II ინტერესებს სავსებით პასუხობდა ნადირ-შაჰის დაღესტან-ჭარზე ლაშქრობა და მათი დაუძლურება, რამდენადაც დაღესტან - ჭარი კახეთის ძირითადი საჭირბოროტო საკითხი იყო, ხოლო საკუთარი ძალებით კი მისი მოგვარება ჯერ არცთუ შესაძლებელად მოჩანდა. ამიტომ არცაა გასაკვირი თუ რატომ ეხმარებოდა ასე ნებაყოფლობით თეიმურაზ II ჯარებით ნადირს ჭარზე სალაშქროდ და ნადირსაც თავის მხრივ, რასაკვირველია, სჭირდებოდა კახეთი. ჯერ ერთი, იგი მას დამხმარე ძალად ჰყავდა დაღესტან - ჭარზე ლაშქრობისას, ხოლო მეორე მხრივ, ქართლის აჯანყების პირობებში კახეთის სიმშვიდე ხელსაყრელი იყო, რადგან ერთად აჯანყებული ქართლ-კახეთი მეტად საშიშ ძალას წარმოადგენდა. თეიმურაზ II თავისი ერთგული სამსახურის საზღაურად ნადირ - შაჰისაგან მოელოდა უმეფოდ დარჩენილ ქართლის სამეფო ტახტს. საამისო საფუძვლად სხვასთან ერთად ისიც გამოდგებოდა, რომ მისი მეუღლე, დედოფალი თამარი, ვახტანგ VI ასული იყო, ხოლო ეს კი შესაფერის ვითარებაში ქართლის სამეფო ტახტზე მის პრეტენზიებს უფრო კანონიერ ფორმას მისცემდა. ამიტომ კახთა მეფეს, ბუნებრივია (165) გივი ამილახორის წინადადება აჯანყებაში მონაწილეობის მიღების თაობაზე არაფერს არ აძლევდა, მით უფრო რომ გივი ლეკებთან იყო შეკრული და ამ სიკეთესთან ერთად ქართლის სამეფო ტახტზე დიდის დაჟინებით ვახტანგ VI მემკვიდრე ბაქარსაც ეპატიჟებოდა132. უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომი მოვლენები ისტორიულად უფრო თეიმურაზ კახთა მეფის პოლიტიკური ანგარიშის მიხედვით განვითარდნენ და ობიექტურადაც კახეთისათვის უფრო სასარგებლო და მომგებიანი აღმოჩნდნენ. ჯერ ერთი, შაჰმა კახეთი 1742 წ. მასზე თავდაპირველად დაწესებული ხარკისაგან გაათავისუფლა133, ხოლო მეორეც, თუ მოვლენებს წინ გავუსწრებთ, ნადირმა 1744 წ. თეიმურაზ II ქართლის, ხოლო მისი ძე ერეკლე II კი კახეთის მეფედ დანიშნა. ამასთან, ნადირმა თეიმურაზს შაჰ–აბას I დროს მიტაცებული ლორე, ბორჩალო და ბაიდარიც დაუბრუნა. ყველაფერი ეს, რასაკვირველია, ნადირ-შაჰის წყალობა არ იყო, არამედ იყო, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ნ.ბერძენიშვილი, ქართველთა ასორმოცდაათწლოვანი მედგარი ბრძოლით მოპოვებული უფლება134, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძოლასაც სჭირდებოდა კრიტიკულ მომენტებში გონივრულად წარმართვა. ჩვენ სავსებით გეთანხმებით ამ შემთხვევაში ო.მარკოვას შეფასებას, რომ ეს იყო შედეგი კახეთის ბაგრატიონთა შორსმჭვრეტელი პოლიტიკისა135. რაც შეეხება გივი ამილახორის აჯანყებას, როგორც ერთიან მოვლენას, იგი მაინცადამაინც არ მიგვაჩნია პროგრესულად, თუმცა ზოგი ავტორი თვლის, რომ 1742 წ. აპრილი - 1743 წ. გაზაფხულის აჯანყების პერიოდი პროგრესული იყო136. გივი ამილახორის აჯანყება, ჩვენის აზრით, თავადური აჯანყება იყო; მის მიზანს შეადგენდა ყიზილბაშთა ბატონობის შეცვლა თავადური ბატონობით, რომელიც ისეთივე რეაქციული იყო, როგორც თვით ყიზილბაშობა. ამილახორმა უბრალოდ სცადა ნადირ - შაჰის წინააღმდეგ საერთო - სახალხო აჯანყების განწყობა თავადური ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ამის გამო მოხდა, რომ აჯანყება, რომელიც თითქოს თავიდანვე სწორ გზაზე იდგა, ქართველობის (166) გამოხსნასა და ყიზილბაშობის მოსპობას რომ ისახავდა მიზნად137, სულ მალე აცდა სწორედ ამ გზას. ჩვენის აზრით, სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალები იყო არა ხალხური, არამედ თავადური - ქართლისა და დაღესტანის ფეოდალები, უფრო გვიან კი ოსმალები. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, გივი ამილახორის ეს აჯანყება სრულიად კანონზომიერად გადაიქცა თავადთა ურთიერთთავდამსხმელ ავანტიურად. აჯანყებულ გივის, რომელსაც ადრე შაჰმა მისცა "ქსნის ერისთაობა და დასდვა იმ ქვეყნის ბელადობა"138, უმეფოდ დარჩენილი ქართლის მეფობა უნდოდა როგორც ჩანს. მაგრამ რაკი ნადირმა მას თეიმურაზ - ერეკლე ამჯობინა, ამდენად იგი ნადირს გაემიჯნა და იმავ დროს თვიმურაზ - ერეკლესაც აუჯანყდა. ამილახორისათვის, როგორც მსხვილი ფეოდალისათვის, სულერთი უნდა ყოფილიყო ქართლის ტახტზე ვინ იჯდებოდა ვახტანგ - ბაქარი თუ თეიმურაზ - ერეკლე. ორივე შემთხვევაში ის მათი ვასალი უნდა ყოფილიყო და თუ მისი აზრით, ერეკლეს ასვლა ქართლ - კახეთის გაერთიანებას მოასწავებდა, გააძლიერებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და შექმნიდა პირობას ცალკეულ სათავადოთა პოლიტიკური ძალის ლიკვიდაციისათვის139. ასევე შეიძლებოდა მომხდარიყო ვახტანგ - ბაქარის დროსაც, რამდენადაც ისინიც არა მარტო კახეთის, არამედ მთელი საქართველოს გაერთიანებასაც ცდილობდნენ. რუსეთში მყოფი, ტახტს რეალურად მოშორებული ბაქარის მოწვევა, უბრალოდ დიპლომატიური ფინდი იყო სხვა ქართველ ფეოდალ - თავადთა თვალში. გივის ეს განზრახვა უცნობი არ უნდა ყოფილიყო ქართლის თავადთა ერთი ნაწილისათვის, რომელიც მას თავიდანვე განუდგა და რაც კარგად გამოიყენეს კიდეც ყიზილბაშებმა. ამიტომ მოხდა, რომ აჯანყების პირველივე ეტაპზე გივი ამილახორს თავის მოკავშირე ლეკებთან ერთად ყიზილბაშებთანაც მოუწია ბრძოლა, ხოლო, მეორე მხრივ კი, იმ თავადების წინააღმდეგ, რომლებმაც მას მხარი არ დაუჭირეს? ასე, რომ, აჯანყების პარალელურად სასტიკი შინაფეოდალური ომი გაჩაღდა. 1742 წ. გაზაფხულისათვის ამილახორს თავისთან ლეკთა დიდი რაზმი მოუწვევია და თავის მამულში დაუყენებია. "მას ხანში, - წერს პაპუნა, - შვიდი ათასი ლეკი, მოსლოდა და თავისთან უდგა, ულუფას აძლევდაო". "ამ ლეკების თავი ერთი გალეგა იყო"... "ერთი თავი მალაჩი და სხვა წვრილი ბელადები ბევრი"140. გივის მიერ აჯანყების, ასე ვთქვათ, "დასახმარებლად" (167) მოწვეული დაღესტნელ - ჭარელები ერთი მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამილახორის "ნების" გარეშე მოქმედებდნენ. ხოლო მეორე მხრივ კი, თვით ამილახორის ბრძანებით, უმეტესწილად ქართველი თავადებისვე წინააღმდეგ. ერთ შემთხვევაში, პაპუნას ცნობით, "წავიდა ამ ლეკის ერთი ბელადი თავის ჯარითა, გარდიარეს თრიალეთი, დაესხნენ თავ-ფარავანს და მთლივ საქონლით და ტყვით სული აიკლეს და ნაშოვარი წამოიღეს ურიცხვი"141; მეორე შემთხვევაში კი "რევაზ ამილახორი და გალეგა და ორი სხვა ბელადი ლეკისა კაის ჯარით ფავლენისშვილს იორამს მისდგომოდა ერეთის ციხეზე, დიაღ შეეწუხებინათ"... "მოვიდა ჯარი ლეკისა ურიცხვი და ჩამოდგა ორბელიანთ მამულში, ააოხრეს, დაწვეს"142, ან "წამოვიდა ჯარი ლეკისა, რაც ამილახვართან იყო მალაჩი ბელადი და ორი სხვა თავ-კაცით დიდის ჯარით დაესხნენ ბოლნისებს"143 და სხვ. ამილახორთან მყოფმა ლეკებმა ამილახორისვე ხელშეწყობით, პაპუნას სიტყვით რომ ვთქვათ, "წაახდინეს" საბარათაშვილო, საციციანო, სამაჩაბლო, საორბელიანო და ქართლის კიდევ სხვა მრავალი ადგილი144. ასე რომ, გივის მოწვეული დაღესტნელი ფეოდალები უმეტესწილად ისევ ქართველ ფეოდალთა ყმა-მამულებს არბევდნენ ვიდრე იბრძოდნენ ყიზილბაშთა წინააღმდეგ. პაპუნას ერთ მეტად ლაკონურ შენიშვნაში ძალზედ კარგად ჩანს ამ დროის ქართლის მდგომარეობა: "ქართლი,- წერს პაპუნა, გათავებული იყო თავად ლეკისაგან, მერმე ბევრის სათხოვარისაგან"145. ასეთ ვითარებაში თავი მშვიდად არც თვით ამილახორს უნდა ეგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო, ასე ვთქვათ, მათი დამქირავებელი და თითქოს ამდენადვე მბრძანებელიც. ერთ-ერთი მოლაპარაკებისას, მაგალითად ამილახორმა არცთუ ისე უბრალოდ "მოსთხოვა თეიმურაზს: "ამდენი ლეკი შინ მიდგასო, ეს გამაცალეთ და მე ჩამოვალო"146. უფრო გვიან, 1744 წ. ქსნის ხეობაში მისულ თეიმურაზს, სხვათა შორის, თითქმის იგივე უთხრეს ქსნისხეველებმაც: "ამდენი ლეკი შინ გვიდგასო, ეს აქედამ გაგვაცალეო და თქვენს სამსახურში მოვალთო"147. აღნიშნულ მომენტს, თუ მას რასაკვირველია, "საკუთარი სისუსტის დონედ“, "უცხო ძალის“ გამოყენების თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საქმე გვქონია უფრო მეორე შემთხვევასთან, კერძოდ, როდესაც ეს "უცხო ძალა" დამქირავებელზე უფრო ძლიერია, ანუ მასზე ვინც ის მოიყვანა "საკუთარი სისუსტის დონედ". ასეთ (168) ვითარებაში კი ცნობილია, რომ ეს "უცხო ძალა" ქვეყანას სამმაგად აწვებოდა. ჯერ ერთი, მას ქირა ეძლეოდა, რომელიც ძირითადად გლეხობას ეკისრებოდა; მეორე, ეს მოწვეული თუ დაქირავებული, მეზობელ ფეოდალთა ყმა-მამულს არბევდა და ბოლოს არცთუ ისე იშვიათად იმ ფეოდალის ყმა - მამულსაც გაჰკრავდა, რომელმაც ის სულაცდა თავისთან მოიყვანა. გივი ამილახორისა და შემდეგ ქსნისხეველების განცხადება თეიმურაზ კახთა მეფისადმი სწორედ რომ ამის ნათელი დადასტურებაა. მაგრამ "საკუთარი სისუსტის ღონედ" უცხო ძალის გამოყენებას სხვა პრინციპულად განსხვავებული მომენტებიც ახასიათებს. ერთი, როცა იგი ქვეყნის პროგრესს ემსახურება და, პირიქით, როცა იგი მის საზიანოდ მოქმედებს. ხოლო თუ ვიხელშძდვანელებთ საერთოდ ნ.ბერძენიშვილის სამართლიანი შენიშვნით, რომ უცხო ძალის მოშველიების მომენტით კი არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ პოლიტიკღური მოღვაწის შეფასება, არამედ იმით, თუ რა მიზანს მოახმარა ამ პოლიტიკურმა მოვაწემ ეს ძალა148. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამილახორის მიერ მოშველიებული "უცხო ძალა" ჯერ დაღესტნელი ფეოდალებისა და შემდეგ ოსმალების სახით, მოხმარდა უფრო მის თავადურ ინტერესებს ვიდრე საერთო - სახალხო აჯანყებას. ვიდრე ქართლში ამილახორის აჯანყება და უფრო სწორედ კი თავადთა ურთიერთთავდამსხმელი ავანტიურა გრძელდებოდა, თეიმურაზ II იმხანად თანმიმდევრულად განახორციელა თავისი მიზნები და კახეთმაც სული მოითქვა. მომაგრებულმა კახეთმა ლეკური საკითხიც მოაგვარა რამდენადმე. "მას ჟამში, - წერს პაპუნა, კახეთი ლეკისგანც მოსვენებული იყო და არც ხელმწიფის (ნადირ-შაჰის. - თ.ბ.) ეთხოებოდისო, ვინც გზას იშოვნიდის ქართლის კაცნი, თავადნი ანუ გლეხნი იქ იხსნებოდიან, კარგადაც აპატივებდნენ მისულს კაცს, რომ არაფერს აწუხებდენ"149. კახეთში შექმნილი ეს მდგომარეობა მიზიდულობის დიდ ძალად იქცა განაწამები ქართლისა და მთიანეთისათვის. ასე, მაგალითად, 1743 წ. ნადირ-შაჰის ბეგარა - სამსახურით გაწამებულმა არაგველებმა ბეჟან არაგვის ერისთავი მოჰკლეს და თავისი ნებით მიუვიდნენ თეიმურაზს. არაგვის საერისთავოს გაუქმებით თეიმურაზ - ერეკლემ "თავადური რეაქციის ერთ-ერთი მთავარი საბუდარი მოშალეს"150, ხოლო 1744 წ. ქსნის საერისთავოს შემოერთებით მეორე ასეთივე საბუდარი დაანგრიეს; ეს უკანასკნელი მით უფრო მნიშვნელოვანი (169) იყო, რომ იგი ასე ვთქვათ, ლეკთა საბუდარიც იყო. საქართველოს მთიანეთის ორი დიდი ერთულის არაგვისა და ქსნის საერისთავოების შემოერთება ამ დროისათვის ქართლ - კახეთის თითქმის ფაქტიურად გაერთიანებულ სამეფოსთან, უდიდესი პროგრესული მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ მოვლენას თავის მხრივ კიდევ ის პროგრესული მხარე ჰქონდა, რომ ხევ-ყაბარდოს გზა გათავისუფლდა და ამდენად საქართველო - რუსეთისა და საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობაც უფრო ცხოველმყოფელური შეიქმნა, რამაც დიდი როლი შეასრულა XVIII ს. მეორე ნახევარში. ხოლო რამდენადაც აღნიშნული მოვლენები თითქმის ნადირ-შაჰის ირანის ძლიერების დასასრულის დასაწყისს დაემთხვა, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს "გამოხსნის და აღდგომისათვის" ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

74 დ.მეგრელაძე, დასახ.სადის. ნაშრ., გვ.109.

75 იქვე, გვ.113-114.

76 იქვე

77 ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.104.

78 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.133-134, 211. ვ.დონდუა, დას. ნაშრ., გვ.105-107.

79 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.137.

80 იქვე

81 იქვე

82 იქვე, გვ.137-138.

83 სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თბილისი, 1913, ზ.ჭიჭინაძის გამოც., გვ.41-43.

84 Хроника войн Джара, стр.11-13.

85 М.Броссе, Переписка..., 164-169; Г.Пайчадзе, Ук. стр.50-52, 68-69.

86 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.213; Хроника войн Джара, стр.13.

87 АВПР, Ф. Сношения России с Турцией, 1729, д.6, лл.125 об,-126; Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения..., стр.128-129.

88 АВПР, Ф. Сношения России с Грузией, 1729, д.№3, л.1.

89 Кабардино-русские отношения ..., т.II, док.38, გვ.40-41; АВПР, ф. Сношения России с Грузией, 1729, д.3, л.4 об.-2; იქვე, 1730 г., д.№I, л.3-4.

90 Русско-кабардинские отношения..., т.II, док. №44, გვ.48-49; Н.А.Смирнов, Политика России..., стр.74.

91 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.214.

92 АВПР, ф. Сношения России с Персией, 1729, д. № 6, л.75.

93 АВПР, ф. Сношения России с Турцией, 1729. д. №7, лл.275 об.-276.

94 Н.А.Смирнов, Описание о бунтах 1730 и 1731 годов в Константинополе, Археографический ежегодник за I960 год.., М., 1962, стр.321-344.

95 О.П.Маркова, დას. ნაშრ., გვ.120-121; Г.Г.Пайчадзе, დას. ნაშრ., გვ.154, 161; Очерки истории Дагестана, т.I. Махачкала, 1957. стр.164.

96 АВПР, Ф. Сношения России с Персией. 1732 г., Д. 5, л.31; ПСЗ, т.IX, №6707; Т.Юзефович, Договоры России с Востоком, Политические и торговые, СПб, 1869, стр.194-207.

97 А.Бакиханов, Ук. соч., стр.117-119; Очерки ист. Дагестана, т.I, стр.164.

98 М.Броссе, Переписка..., стр.191.

99 ს.ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, გვ.41-43.

100 М.Броссе, Переписка..., стр.195.

101 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.139, 215.

102 ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა მეფისა თეიმურაზის ძისა, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1913, გვ.243.

103 იქვე, გვ.243.

104 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.215-216; Хроника войн Джара, стр.20-21.

105 Хроника войн Джара в XVIII в., стр.21

106 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.167.

107 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.140-141, 216; ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.48

108 ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.49.

109 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.140, 216-217; ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.50-51; ო.ხერხეულიძე, დას.ნაშრ.,  გვ.244.

110 Г.Алкадари, Асари-Дагестан, Махачкала, 1929, стр.66.

111 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.140, 217; ს.ჩხეიძე, საქ-ს ც-ბა, გვ.51; ო.ხერხეულიძე, დას.ნაშრ.,  გვ.244.

112 იქვე, გვ.140-217; იქვე, გვ.52, 245.

113 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.141

115 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.218. დას. ნაშრ., გვ.120.

116 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.218.

117 М.Броссе, Переписка ..., стр.226.

118 А.Абдурахманов, Азербайджан во взаимоотношениях России, Турции и Ирана, Баку, 1964, стр.74.

119 პაპუნა ორბელიანი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1913, გვ.56.

120 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.59.

121 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.143.

122 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.64.

123 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.143.

124 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.63-64.

125 იქვე.

126 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.64.

127 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.176.

128 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.65.

129 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.64.

130 იქვე, გვ.68-69.

131 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.219.

132 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.143; პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.69.

133 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.219-220.

134 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.183.

135 О.П.Маркова, Ук. соч., стр.125

136 დ.გვრიტიშვილი, ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ, მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.131

137 დ.გვრიტიშვილი, ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ, მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.127.

138 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.57.

139 მ.ქიქოძე,ნქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.112.

140 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.69-70.

141 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.69.

142 იქვე, გვ.70.

143 იქვე, გვ.76.

144 იქვე, გვ.77-79.

145 იქვე, გვ.70.

146 იქვე, გვ.69.

147 იქვე, გვ.79.

148 ნ.ბერძენიშვილი, კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობაში, საქს ისტ.. საკ.,ტ.II, გვ.14.

149 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.87.

150 დ.გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან. თბილისი, 1955. გვ.45.