topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი IV)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

1604 წ. ზაფხულში ყუმიკელები მრავალგზის დაესხნენ თავს კახეთს, ხოლო ამავე წლის ივნისში, ისარგებლეს რა კახთა მეფის ალექსანდრეს (66) შაჰ-აბასთან ყოფნით, თურქებთან ერთად კახეთის ისეთი ცენტრიც კი აიღეს, როგორიც ძაგემი იყო. ხოლო შემოდგომაზე თურქებთან ერთად სულაც, ერთი მხრივ, ჩრდილო კავკასიაში რუსულ ციხე - სიმაგრეებზე და, მეორე მხრივ, მთელ ქართლ - კახეთზეც აპირებდნენ თავდასხმას178. რუსულ ციხე - სიმაგრეებზე თავდასხმას, როგორც წყაროებიდან ირკვევა, შამხალი და მისი მოკავშირეები მაინც მორიდებიან, მაგრამ მეორე განზრახვის მიმართ მათ უკან არ დაუხევიათ. 1604 წ. ოქტომბერში, როდესაც რუსი ელჩები ტატიშჩევი და ივანოვი უკვე კახეთში იყვნენ, კახეთს ერთი მხრიდან სალთან - მაჰმუდი მოადგა ყუმიკელთა გაერთიანებული ჯარით, ხოლო მეორე მხრიდან კი ოსმალთა რაზმები179. თურქთა და ყუშიკელთა რაზმები, როგორც ჩანს, თავდაპირველად ვერ გაერთიანებულან და კახეთში მარტოდ დარჩენილან. გიორგი ბატონიშვილსაც ამით უსარგებლია მას ჯერ ძაგემის მახლობლად თურქები დაუმარცხებია, ხოლო ერთი დღის შემდეგ ყუმიკელთა წინააღმდეგაც დაძრულა, მაგრამ სალტან - მაჰმუდს შებმა ვერ გაუბედია და კვლავ უკან გაბრუნებულა მთებში180. ორივე შემთხვევისას, სხვათა შორის გიორგი ბატონიშვილს თან რუს ელჩებს ამალად ჩამოყოლილი მეთოფეებიც ახლდნენ. გიორგი ბატონიშვილი თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისათვის რუს ელჩებს საქართველოში რუსეთის ჯარების გამოგზავნას, აქ ორისამი ციხესიმაგრის აგებასა და შიგ ამ ჯარის ჩაყენებას თხოვს181. თურქთა და შამხლის ასეთი გააქტიურების მიზეზი ქართლ - კახეთის მიმართ ის იყო, რომ ორივეს მეფეები გიორგი და ალექსანდრე, ნუგზარ არაგვის ერისთავთან ერთად შაჰ-აბასთან იყვნენ გაწვეულები თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად182. ასე რომ, 1602 - 1604 წწ. შამხალი და მისი ყაბარდოელი მოკავშირეების გააქტიურება საქართველოს წინააღმდეგ აშკარად თურქეთ - ყირიმხანის პოლიტიკით იყო გამოწვეული და მიმართული იყო, ასე ვთქვათ, ერთდროულად რუსეთის, საქართველოსა და ირანის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, რუსეთი გულგრილი ვერ დარჩებოდა და ისიც დროისდა შესაბამისად ამოქმედდა. რამდენადაც საშამხლო - დაღესტანი თურქეთ - ყირიმხანის პოლიტიკის გატარების ერთი პირველი ორგანიზატორთაგანი იყო, ამდენად რუსეთმა თავისი დარტმაც (67) მის წინააღმდეგ მიმართა მით უფრო, რომ თურქეთ - ირანი უკვე ომში იყვნენ ჩართულნი. 1604 წ დასასრულსა და 1605 წ დასაწყისში რუსეთმა, მიუხედავად იმ ცნობის, რომ კახეთ - საშამხლო დაზავებული იყო და ამ უკანასკნელს ვითომ მოსკოვის ქვეშევრდომობაც კი სურდა, ეს "ზავი" არა სცნო და ამჯერად კახთა მეფის სურვილისდა მიუხედავად, საშამხლოს დასაპყრობად დიდი სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ივანე ბუტურლინის სარდლობით. მეტიც, მან კახეთში დარჩენილ გიორგი ბატონიშვილს კახეთის მხრიდან საშამხლოზე ლაშქრობაც კი მოსთხოვა ბუტურლინის ლაშქრობის თანადროულად183. რუსეთი კახეთ - საშამხლოს დაზავების უარყოფას ჯერ ერთი იმით აპირებდა, რომ ეს ლაშქრობა თვით ქართველების მიერ იყო მოთხოვნილი, ხოლო მეორეც ასეთი ზავი ადრეც მრავალჯერ დარღვეულა184. რუსეთი, რომელიც კახეთ - საშამხლოს რეალურ ურთიერთობაში არანაკლებ იყო გათვითცნობიერებული, რასაკვირველია, ცდილობდა საშამხლოზე ლაშქრობა კახეთის თხოვნად გაეფორმებინა და ამით თურქეთ - ირანის წინაშე რამდენადმე გაემართლებინა კიდეც თავისი მოქმედება. რუსეთმა, ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, საშამხლოს დაპყრობა, კახეთის შემოფიცება, თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებად და ირანისადმი "მეგობრობის" აქტად ჩათვალა. ამასვე აღნიშნავს ი.კუშევაც. მისი აზრით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაღესტნის დალაშქვრის თაობაზე, რომელიც ალექსანდრე კახთა მეფის გამოგზავნილი სიგელისდა მიუხედავად მიიღეს (1604 წ. მარტი), თავისთავში უფრო ფართო მიზნებს ისახავდა, ვიდრე კახთა მეფისადმი დახმარებას შამხლის წინააღმდეგ. ეს იყო სამხედრო მოქმედების წყალობით შაჰისაგან დათმობის გზით დერბენტ - ბაქო - შემახას მიღება185. 1605 წ. იანვარში ი.ბუტურლინი ცალკე კახთა მეფე ალექსანდრესა და ცალკე კახეთში მყოფ მიხეილ ტატიშჩევსა და ანდრია ივანოვს ატყობინებდა, რომ მათ აიღეს "ანდრეევის სოფელი" ანუ ენდერი, ერპელი, ყარა-ბუტაკი, ტარკი და რომ ამ ახალ ქალაქ ტარკში აიგო ქვის ციხე - სიმაგრე186. რუსეთის ასეთი აქტიური გამოსვლა, რასაკვირველია, არც თურქეთ - ყირიმხანისა და არც ირანისათვის არ იყო ხელსაყრელი; მით უფრო, რომ კახეთის პოლიტიკური მესვეურები რუსეთის ლაშქრის (68) საქართველოში გამოგზავნასა და ორი - სამი ციხე - სიმაგრის ჩადგმას მოითხოვდნენ, რაც ასე მიუღებელი იყო შაჰისათვის, რომელმაც სწორედ იმხანად უკვე ფაქტიურად დაიბრუნა თავისი საყმო ქვეყანა - კახეთი. ბუტურლინის საპასუხო რეაქცია შაჰის მხრივ ის იყო, რომ 1605 წ. მარტში მან მის კარზე გაზრდილ, გამაჰმადიანებულ კონსტანტინე ბატონიშვილს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ალექსანდრე და ძმა გიორგი მუხანათურად დაახოცვინა. ხოლო მეორე მხრივ თურქეთისა და დაღესტნის ფეოდალთა გაერთიანებული ჯარების აქტიურმა მოქმედებამაც ბუტურლინის ლაშქრობის ბედი საბოლოოდ მარცხით დაასრულა; ამ ორი მოვლენით, ასე ვთქვათ, დასრულდა კიდეც ამ ურთიერთობათა ერთი მთლიანი ციკლი, რომელიც ასე რთულად და გადახლართულად მიმდინარეობდა XVI ს. მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მის ბოლო მეოთხედში. ასე რომ, დაღესტნის საკითხი რუსეთ - თურქეთ - ირანის პოლიტიკურ ურთიერთობაში XVI-XVII სს. მიჯნაზე ისეთ "გორდიუსის კვანძად" იქცა, რომ მისი გადაჭრა ხმლის ერთი მოქნევით შეუძლებელი ხდებოდა. XV-XVI სს. მოვლენების საბოლოო გაანალიზებისას შეიძლება ითქვას, რომ საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა ორ პერიოდს მოიცავს: XV-XVI სს. პირველი ნახევარი, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ახორციელებს, ასე ვთქვათ, შეტევით პოლიტიკას და XVI ს. მეორე ნახევარი, როდესაც დაღესტანი საქართველოსაგან ერთგვარ დამოუკიდებლობას აღწევს და მეტიც, თურქეთ - ყირიმხანით ზურგმომაგრებული უკვე თვით გადმოდის შეტევაზე. ამავე პერიოდში კახეთისათვის ნათელი ხდება, რომ მტრული გარემოცვიდან თავდასაღწევად და რუსეთთან ურთიერთობის დასამყარებლად ლეკური საკითხი მისთვის ერთი პირველი სასიცოცხლო საკითხთაგანია. მართალია კახეთმა „ლეკურ საკითხს“ აღნიშნულ პერიოდში ასე თუ ისე გაართვა თავი, კახთა მეფისვე თქმით, "ხან მეგობრობით ხან საჩუქარ - ჯამაგირით და ხან ხმლის ძალით"187, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გადაუწყვეტია. კახეთისათვის კი ერთმორწმუნე რუსეთი უფრო ორგანული შეიქმნა მას შემდეგ, როდესაც იგი რამდენადმე გათვითცნობიერდა რუსეთის ინტერესებში დაღესტნის მიმართ, ანუ დაახლოებით XVI ს. ბოლო მეოთხედში. საქმე ისაა, რომ რუსეთისათვის ჩრდილო კავკასიის გზის მთლიანად ჩასაკეტად მთლად საკმარისი არ აღმოჩნდა ყაბარდო და თერგ - ქალაქი, რადგან ამ საიმედო ჩამკეტების მიმართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროთურქული ორიენტაციის საშამხლო - დაღესტანი "ციხის (69) შიგნიდან გამტეხის ძალად გამოდიოდა და ამდენად თურქეთ - ყირიმსაც შესაძლებლობას აძლევდა ვოლგა - ასტრახანისაკენ გასაჭრელად. ამიტომ იყო, რომ რუსეთი ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდა მის დასალაშქრად. რიგ შემთხვევაში ყაბარდო - საქართველოს თხოვნით, ხოლო რიგ შემთხვევაში კი ამ ორივესაგან დამოუკიდებლივ. მართალია XVI ს. რუსეთი მიზნად არ ისახავდა კავკასიის მიმართ თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას თურქეთ - ყირიმხანთან და ირანთან დიდი კონფლიქტების გამო, მაგრამ მან იმდენი მაინც გააკეთა, რომ როგორც ერთს, ისე მეორეს საშუალება არ მისცა განეხორციელებინათ თავიანთი გეგმები, რაც ობიექტურად რამდენადმე ადგებოდა კავკასიის ხალხების წარმატებით ბრძოლას თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის სამხედრო ფეოდალური სახელმწიფოების წინააღმდეგ. მართალია, XV-XVI სს. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა ძირითადად მხოლოდ კახეთ - საშამხლოს ურთიერთობით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით კახეთმა მთელი საქართველოსათვის ერთი საერთო საკითხი დასვა - საქართველო - რუსეთის ურთიერთობისა და მტრული გარემოცვიდან ამ გზით თავის დაღწევისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ამხანად საშამხლოს საკითხი კახეთისათვის დადებითად ვერ გადაწყვიტა.

თავი მეორე

საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVII-XVIII სს. 10-იან წლებამდე

XVI-XVII სს. მიჯნაზე ძალთა განწყობილება წინა აზიის საერთაშორისო ურთიერთობაში ირანის სასარგებლოდ შეიცვალა და მან თავის მხრივ ძველი ვითარების გადასინჯვის საკითხი მკვეთრად დააყენა. რუსეთის პოზიციების შესასუსტებლად და ამიერკავკასიაში თავისი სრული ბატონობის უზრუნველყოფის მთავარ საწინდრად შაჰ-აბასმა, ამიერკავკასიის ქვეყნების სამხედრო - პოლიტიკური დაპყრობის გარდა, მათი ეკონომიური დაქვეითებაც მიიჩნია, რათა მომავალში მის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველგვარი საფუძველი მოეშალა მათთვის. ამიტომ იყო, რომ შაჰ-აბასმა, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ვ.გაბაშვილი, მტკიცედ გადაწყვიტა ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა და მათი ინკორპორაცია, რისთვისაც, ბუნებრივია ეკონომიური ომის საშუალებებმა მის პოლიტიკაში მთავარი დაიკავეს1. ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელების პირველი აკორდი ე.წ. "დიდი სურღუნი" - არეზის ჯუღის მოშლა იყო, რომელიც ამიერკავკასიის ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებდა როგორც ვაჭრობის ცენტრი და რომელიც XVI-XVII სს. მიჯნაზე წარმოადგენდა აბრეშუმის გასაღების ნამდვილ ბირჟას2. ამასთან ერთად, 1603 წ. დაწყებული ირან-ოსმალეთის ომი ირანის უპირატესობით წარიმართა და 1612 წ. დროებით შეწყდა კიდეც სტამბოლის ზავით, რომლის მიხედვით ირანმა დაიბრუნა აზერბაიჯანი, ქურთისტანის დიდი ნაწილი, ქართლ - კახეთი, სამცხე - საათაბაგოსა და სომხეთის ჩრდილო ნაწილი. შაჰის ფართო გეგმების განხორციელებას (71) თითქოს აღარაფერი უდგებოდა წინ: თურქეთი დამარცხებული იყო, ხოლო რუსეთი, რომელმაც ეს-ეს არის თავი დააღწია გართულებულ საშინაო და საგარეო მდგომარეობას, ირანთან ომს ვერ გაბედავდა. მაგრამ შაჰს მაინც საქართველოს ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოვების პერსპექტივა აფიქრებდა, რამდენადაც ქართველებთან ერთმორწმუნეობა მას საფუძველს აძლევდა აქაურ საქმეებში ჩასარევად3. შაჰი არცა ფარავდა საერთოდ თავის დიდ განზრახვას, რომ სურდა თუნდაც სიცოცხლის ფასად გაეწმინდა ეს მხარე შავ ზღვასა და ყირიმამდე4. შაჰმა სცადა რუსეთისათვის დაესწრო და ყაბარდო - კახეთ - დაღესტნის საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტა. მან ქართლ - კახეთიდან დაიწყო, რადგან ისინი ყიზილბაშობის წინააღმდეგ იბრძოდნენ ყოველგვარი ხერხით და ამით შაჰ-აბასის საერთო კავკასიურ გეგმასაც ძირს უთხრიდნენ5. 1614 წ. ზაფხულში შაჰ-აბასი "დიდი რისხვიანობითა და მრავლის ლაშქრით" წამოვიდა ქართლ-კახეთზე. ასეთი დიდი შემოსევისათვის ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა და ბუნებრივია, რომ მას მოჰყვა სასტიკი აოხრება, განსაკუთრებით კახეთისა. გ.ჟორდანია სხვადასხვა წყაროების შეჯერების საფუძველზე სამართლიანად ასკვნის, რომ შაჰ-აბასის ამ პირველი ლაშქრობის ხანგრძლივობა ყოფილა არა 50 დღე, როგორც ეს მიღებულია ისტორიულ ლიტერატურაში, არამედ, დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვე6. 1614 წ. ლაშქრობის მიზანი, როგორც წყაროებიდან ირკვევა, მარტო ქართლ-კახეთის დაპყრობა არ ყოფილა; შაჰს, როგორც ჩანს, განზრახული ჰქონია აგრეთვე იმიერკავკასიაშიც, ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობა. ასე, მაგალითად, თერგ - ქალაქის სარდალი პ.გოლოვინი 1614 წ. აგვისტოში მეფეს ატყობინებდა, რომ შაჰი ჯერ ყაბარდოზე, ხოლო შემდეგ ყუმიკეთში აპირებს ლაშქრობასო7, ხოლო იქ საიმედოდ ფეხისმოსაკიდებლად კი თვით ტარკში სპარსული ციხექალაქის ჩადგმასაცო8. (72) შაჰ-აბასს ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობა მხოლოდ ქართლ - კახეთის დაპყრობის რასაკვირველია, ხევ-ყაბარდოს და თერგ-კახეთის გზების საშუალებით. ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო, მას საამისოდ წინასწარ ნიადაგიც უნდა შეემზადებინა, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ასეთი დიდი ლაშქრობის მოწყობა იმიერკავკასიაში მეტად სარისკო იქნებოდა. მართლაც, ნუგზარ არაგვის ერისთავი, ხევ-ყაბარდოს გზის ერთი ძირითადი ბატონ-პატრონთაგანი, ამხანად შაჰს გადაებირებინა და მასთან ერთად ის ყაბარდოელი მთავრებიც, რომლებიც იმიერკავკასიაში უშუალოდ ამ გზის მეორე ნახევარს ფლობდნენ9, რაც რასაკვირველია მას ერთგვარ გარანტიას მისცემდა კავკასიის მთებში უშიშარყოფისათვის. შაჰს მსგავსი ნიადაგი უნდა შეემზადებინა დაღესტანშიც, მაგრამ მისი პოლიტიკა აქ ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა. ასე, მაგალითად, იგი დაღესტნის სხვადასხვა გაერთიანების მთავართა მიმართ, ერთი მხრივ თითქოს არ იშურებდა ძღვენ - საჩუქრებს, ძვირფას ხალათებს, წყალობის ფირმანებს და სხვ.10, რომელთა მიზანიც ვითომ ის იყო, რომ ისინი გაერთიანებულიყვნენ ტარკის მფლობელ გირეისთან, ხოლო, მეორე მხრივ, შაჰი აშკარად ემზადებოდა დაღესტანში სალაშქროდ, რისთვისაც მან შემახიის ხანს შიხ ნაზარს ბრძანებაც კი მისცა 12000-იანი რაზმით ყუმიკეთის დაპყრობის თაობაზე11. მიუხედავად ამისა, შაჰმა მაინც შეძლო დაეყოლებინა ზოგიერთი დაღესტნელი მფლობელი საქართველოზე სალაშქროდ. ასე, მაგალითად, ტარკის მმართველი გირეი მზად იყო თავისი 1500-იანი რაზმით მონაწილეობა მიეღო ამ ლაშქრობაში12. ქართლ - კახეთში შაჰის გამანადგურებელმა ლაშქრობამ არც თუ ისე უსაფუძვლოდ გამოიწვია ყაბარდო - დაღესტნის ფეოდალურ გაერთიანებათა შორის ძალთა გარკვეული გადაჯგუფება, მით უფრო, რომ შაჰი ლაშქრობას აპირებდა ყაბარდოსა და დაღესტანში. ამას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამაც. ამხანად რუსეთი შვეცია - პოლონეთის ინტერვენციის კრიზისიდან გამოვიდა და ამდენად ზურგმომაგრებულს საშუალება მიეცა კავკასიის მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკის (73) წარმოებისათვის. ახალი დროისდა შესაბამისად ამოცანებიც შეიცვალა: თუ მაგალითად XVI ს. მის ძირითად კავკასიურ პოლიტიკას ყაბარდოსთან კავშირი შეადგენდა, ამჟამად მის წინაშე უფრო ფართო გეგმები დაისახა ქართველი ფეოდალების თავის მხარეზე მომხრობა; სომხურ სავაჭრო კომპანიებთან გარიგება აბრეშუმით ვაჭრობის განვითარებასთან დაკავშირებით და ბოლოს საკუთარი ვაჭრების საშუალებით შემახას ბაზართან და მასთან ერთად ირანის სხვა სავაჭრო ქალაქებთან დაკავშირება13. შაჰ-აბასის აგრესიის მზადებას ჩრდილო კავკასიაში არ შეიძლებოდა სათანადო გავლენა არ მოეხდინა კავკასიურ ქვეყნებსა და მის მმართველ პოლიტიკურ წრეებზე. ასე, მაგალითად, ყაბარდოელი თავადები სოლოღი, აიტეკ მურზა და სხვ. შაჰ-აბასს გაემიჯნენ და რუსეთს მიემხრნენ, ხოლო მუნდარ ალკასოვი, მისი ძმები და სხვ. პირიქით14. ასეთივე სიტუაცია შეიქმნა დაღესტანშიც, სადაც სხვადასხვა გაერთიანებების დიდმთავართა ნაწილი შაჰს ჩამოსცილდა და 1614 წ. შემოდგომაზე რუსეთს დაეფიცა ერთგულებაზე. ასე, მაგალითად, ტარკის მფლობელი გირეი, ყაზი-ყუმუხისა - ალიბეკი, ავარიის - მახტი, ყარაბუდაღის - სურხაი, ერპელის - ბუდაჩევი, შამხლის შვილი - ალბირიუი და სხვ. მფლობელები, რომლებიც მათი ძმები, შვილები ან ბიძაშვილები იყვნენ15. ტარკის მმართველმა ყუმიკელმა გირეიმ ცოტა მოგვიანებით საკუთარი ელჩიც კი (ტომოლდუკა) გაგზავნა მოსკოვში ერთგულების დასამტკიცებლად და მფარველობაში შესასვლელად; რუსეთმა მიიღო იგი, მიუხედავად იმისა, რომ ყუმიკელი ელჩის მოსკოვში ყოფნისას თვით გირეი შაჰ-აბასის კარზე იმყოფებოდა16. მიხეილ თევდორეს ძემ ასეთსავე მფარველობაში მიიღო ყუმიკეთის მეორე დიდი ენდერის მთავარი სულთან - მაჰმუდი17. თერგ-ქალაქის სარდლის პ.გოლოვინის სიტყვით ეს დაღესტნელი მთავრები აცხადებდნენ, რომ ისინი ერთმანეთში შეთანხმებულნი არიან, სურთ ერთგულად ემსახურონ დიდ ხელმწიფეს, იყვნენ საუკუნოდ მისი უდიდებულესობის ხელქვეით და რომ თერგ - ქალაქზე საომრად არასდროს არ წავლენ18. რუსეთის მიერ დაღესტნის მთავრების მფარველობაში მიღება მაშინ, როდესაც შაჰი დაღესტნის დაპყრობას აპირებდა, რასაკვირველია (74) გამოწვევა უფრო იყო, ვიდრე შაჰისადმი ე.წ "ძმობის, მეგობრობისა და სიყვარულის" დამტკიცება. კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში რუსეთ - ირანის ინტერესები ერთმანეთს არანაკლებ უპირისპირდებოდნენ. რუსეთი, ბუნებრივია, გულგრილი ვერ დარჩებოდა შაჰ-აბასის ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობისას და ისიც მსგავსად შაჰისა, უკვე ნაცად "ძმობის, მეგობრობისა და სიყვარულის“, ასე ვთქვათ, მოჯადოვებული წრის ფარგლებში ამოქმედდა. შაჰის ლაშქრობით შეშინებულმა შამხალმა თავი მაინც შაჰის ყმად ცნო, რათა მისივე სიტყვით, შაჰ-აბასს საშამხლო ისევე არ დაერბია, როგორც საქართველო19. მიუხედავად შაჰის მიერ ყაბარდო - საშამხლოზე სალაშქროდ ნიადაგის წინასწარ შემზადებისა და თითქოს ერთგვარი წარმატებებისა, მან ვერ შეძლო მიზნის განხორციელება. ამისი პირველი მიზეზი უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლა იყო შაჰის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველი ციხე, ეკლესია-მონასტერი, სასახლე, ტყე, ხევი და სხვ. ომით უნდა აეღო20. ბუნებრივია, რომ იმიერკავკასიაში რაიმე წარმატებაზე ფიქრი ზედმეტი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, განსაკუთრებით, ქართლ-კახეთ-შარვანის საბოლოოდ დამორჩილების გარეშე, მაგრამ ქართლ-კახეთი, მიუხედავად სასტიკი აოხრება - განადგურებისა, ბრძოლას კვლავ დიდის შემართებით განაგრძობდა. შაჰის მიერ ქართლ-კახეთის აოხრება თვალნათლივი მაგალითი უნდა ყოფილიყო ყაბარდო - დაღესტნის მოსახლეობისათვის, მით უფრო, რომ შაჰი ამის შემდეგ მათზე აპირებდა თავდასხმას. საქმე იქამდის კი მივიდა, რომ შაჰის ერთგულმა ტარკის მთავარმა გირეიმ, რომელსაც განზრახული ჰქონდა თავისი ლაშქრით შაჰს მიშველებოდა საქართველოზე 1614 წ ლაშქრობისას, ვერ შეძლო ხალხის შეკრება, რადგან, მისივე სიტყვით, ყუმიკელებმა გირეის არ დაუჯერეს და მას შაჰ-აბასისათვის მისაშველებლად საქართველოზე სალაშქროდ არ წაყვნენ21. ამასვე ახსენებს 1615 წ. ლუკინო მიხეილ თევდორეს ძეს, ყუმაყელები ამბობენო, რომ ისინი შაჰს არც ქვეშევრდომობას სთხოვენ და არც მის სამსახურს აპირებენ. ხოლო თუ შაჰი მათზე წამოვა, მაშინ ყველა აღსდგება მის წინააღმდეგ და მას თავიანთ ქვეყანაში არ შემოუშვებენო22. (75) 1612 წ. სტამბულის ზავით მართალია ირანი გამაჯვებული აღმოჩნდა, მაგრამ თურქეთისათვის ეს დროებითი მოვლენა იყო და ბუნებრივია შაჰის აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში 1614-1615 წწ. დიდი ლაშქრობა მის ყურადღებას არ გამოპარვია. სწორედ ამ წლებში სულთანმა მეჰმედმა არაერთხელ მოსთხოვა შაჰს დაებრუნებინა მისთვის შემახა, დერბენტი, განჯა და სხვ. ამასთან სულთნის ელჩები გადაჭრით ითხოვდნენ პასუხს, რატომ დალაშქრა შაჰმა საქართველო, მაშინ როდესაც საქართველო მისი მოხარკეა, ხოლო ყუმიკელი მფლობელები კი მის სამსახურში არიანო23. თურქეთი ასეთსავე პრეტენზიას აცხადებდა ყაბარდოზეც. ასე რომ, იმიერკავკასიაში სალაშქროდ გამზადებული ირანისათვის თურქეთის მხრიდან თავის გახსენება არცთუ შემთხვევითი იყო. თურქეთის მოთხოვნები თუ მისაღები არა, ანგარიშგასაწევი მაინც იყო, რადგანაც 1615 წ. გაზაფხულზე ოსმალეთის ლაშქარი დიდი ვეზირის მეჰმედ - ფაშას სარდლობით დაიძრა ირანის საზღვრებისაკენ, მაგრამ იყო აგრეთვე ერთი ფაქტორიც, რომელსაც გარკვეული ზეგავლენა უნდა მოეხდინა ირანის აღნიშნული ლაშქრობის ჩასაშლელად. იმიერკავკასიაში 1616 წ. თერგ-ქალაქის სარდლის პრიკლონსკის მიერ მეფისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ შაჰის მოსალოდნელი ლაშქრობის თავიდან ასაცდენად, ყაბარდო - დაღესტნის მმართველებს დახმარებისათვის მიხეილ თევდორის - ძისათვის მიუმართავთ; მეფეს 1615 წ. იანვარში შაჰისათვის მართლაც თავისი კაცი შახნატოვი გაუგზავნია საგანგებო სიგელით და "მეგობრობისა და ძმობის" ნიშნით ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობის მოშლა უთხოვია24. რუსეთიც თავის მხრივ გულგრილად ვერ მოეკიდებოდა შაჰის მიერ ყაბარდო - დაღესტნის დაპყრობას და მან მისი მოგვარებაც უფრო "მეგობრობისა და ძმობის" ნაცადი ხერხით სცადა, ვიდრე იარაღით, როგორც ამას თურქეთი აპირებდა ასეთ საერთო ვითარებაში შაჰს არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწია რუსეთისათვის მით უფრო, რომ ქართლ-კახეთის თავდადებული ბრძოლის პირობებში მისი "თხოვნა" კარგი გამოსავალი იქნებოდა, რამდენადაც მას ყაბარდო-დაღესტანზე ლაშქრობა აღარ შეეძლო და მისი მოშლა ამით გამართლდებოდა, ხოლო მეორე მხრივ კი თვით, რუსეთს დაუმტკიცებდა თავის "ძმობასა და მეგობრობას". სხვათა შორის, შაჰმა აოხრებული საქართველოდან წასვლაც რუსეთისადმი ამ "ძმობის და მეგობრობის" ნიშნით გაასაღა25. (76) ასეა თუ ისე, შაჰის უკან დახევა რუსეთის წარმატება იყო და მას რასაკვირველია, საკმაო ხვედრითი წონა შეემატა კავკასიელი ხელდებულების თვალში, რაც უმალ გამოიხატა კიდეც რუსეთთან მათი ურთიერთობის განახლებასა და მის შემდგომ ქმედით განვითარებაში. შაჰ-აბასის ლაშქრობის ჩაშლამ იმიერკავკასიაში აუცილებლად გადაარჩინა იქ მოსახლე ხალხები საუკუნოვან უბედურებას. მომავალ 1615 წ. ამ ლაშქრობის განხორციელება მით უფრო შეუძლებელი გახდა კახეთში შაჰ-აბასის წინააღმდეგ დიდი სახალხო აჯანყების დაწყებასთან დაკავშირებით. იგი 1615 წ. სექტემბერში, ალავერდობას დაიწყო. აჯანყება მოედო აგრეთვე შარვანსაც. კახთა მეფის თეიმურაზისა და შირვანელი დელი-მელიქის ერთობლივი ღონისძიებებით აჯანყებულებმა კახეთისა და შირვანის ციხეები აიღეს, მეციხოვნეები გაწყვიტეს და ორივე ქვეყანა ყიზილბაშთაგან გაწმინდეს26. შაჰ-აბასი გამძვინვარდა. ისქანდერ მუნშის სიტყვით, მაზანდარანში მისი „მძვინვარების ისეთი ცეცხლი ავარდა, რომ ყოველი მისი ნაპერწკალი ქვეყნიერების დამწველი მეხი იყო... შაჰმა მტკიცედ გადაწყვიტა საქართველოზე გალაშქრება და იქაურ ურჯულოთა დაქცევა"27. გამძვინვარებული შაჰის შურისძიებით გამოწვეული ლაშქრობის წინააღმდეგ კახეთიც შეუდგა მზადებას. ასეთ დროს, რასაკვირველია, მოკავშირე იყო საჭირო. დიდ სახელმწიფოთაგან ასეთი რუსეთი ან თურქეთ - ყირიმხანი, ხოლო პატარათაგან ყაბარდო და დაღესტანი უნდა ყოფილიყვნენ. უშუალო განსაცდელის წინ, 1616 წ. თებერვალში თეიმურაზ კახთა მეფემ თერგ - ქალაქის სარდალს პრიკლონსკის და ყაბარდოელ თავად მუნდარის აზნაურ არდაშოვის ხელით წერილი გაუგზავნა და მოახსენა, რომ "იგი მოსკოვის ძველ ხელმწიფეთა და ასევე ახალი მიხეილ თევდორის ძის მსახურია"28. თუ კონკრეტულად რას მოითხოვდა იგი, ამის შესახებ პრიკლონსკი არაფერს ამბობს, მაგრამ რაკი თეიმურაზი შაჰ-აბასის მიერ საქართველოს აოხრება - განადგურების შესახებ წერდა, ამდენად "სავარაუდებელია, რომ იგი სამხედრო დახმარებას ითხოვდა. თუმცა რუსეთმა უყურადღებოდ არ დატოვა თეიმურაზის თხოვნა და მას მართლაც გაუგზავნა თერგ-ქალაქის ცხენოსანთა ასეულის მეთაური ვ.ნადობნოვი, რომელმაც ყაზიყუმუხეთამდეც კი მიაღწია29, მაგრამ მას შაჰის საქართველოზე მეორედ ლაშქრობამ მოუსწრო და ამდენად მიზნებიც ჩაიფუშა; თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს (77), რომ არც ეს იყო თეიმურაზის თხოვნის სრული დაკმაყოფილება. ამის მიზეზი ძირითადად თვით რუსეთ - ირანის ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ შაჰის თვალსაზრისით, ყაბარდო - დაღესტანზე ლაშქრობის მოშლა, თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო რუსეთისათვის, რათა მას ამჯერად თავი შეეკავებინა შაჰის ქართლ - კახეთთან დამოკიდებულების საკითხში. ამის დამატებით საფასურად შაჰი იქამდეც მიდიოდა, რომ იგი თითქოს ხელსაც კი უწყობდა რუსეთს ჩრდილო - კავკასიაში მისი გავლენის განმტკიცებაში, რაც სხვათა შორის ორ არცთუ უმნიშვნელო მომენტში ვლინდებოდა. პირველი - შაჰი რუსეთს იქით თხოვდა, რათა მას სუნჯაზე და კოისუზე ხელმეორედ ჩაედგა რუსული ციხეები, რომ ყირიმამდე არ ჰყოლოდა მას მტრები, ხოლო მეორე მხრივ კი შაჰი დაღესტნის მთავრების თხოვნას რუსეთის მიმართ მფარველობა - ხელდებულობის თაობაზე „გაგებით“ ეკიდებოდა, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ფორმალურად თუ ფაქტიურად, მაგრამ ცნობდა კი დაღესტნის მთავრების, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაორებულ ქვეშევრდომობა - ყმობას რუსეთისა და ირანისადმი. თავის მხრივ, რასაკვირველია, ყველაფერი ეს მაინც შაჰის დიდი პოლიტიკის სარგებლიანობით იყო ნაკარნახევი, რუსეთის საშუალებით თურქეთ- ყირიმხანისათვის ჩრდილო კავკასიის გზების ჩაკეტვა და ამით თავისი კავკასიური ზურგის რამდენადმე უშიშარყოფა. რუსეთი, რასაკვირველია, გრძნობდა შაჰის ამ პოზიციას და ამიტომაც იყო რომ იგი მ.პოლიევქტოვის სამართლიანი შენიშვნით, XVII ს. დასაწყისში ირანისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებას იჩენდა, რაც თავისთავად გულისხმობდა აგრეთვე თურქეთის პოზიციების შესუსტებას კავკასიაში30. ასეთ საერთო ვითარებაში ალბათ რუსეთმა ქართველი ხელდებულებისადმი აშკარა მხარდაჭერა შაჰის "ძმობისა და მეგობრობის" საზღვრების დარღვევად მიიჩნია და როგორც ჩანს, თავი შეიკავა. დრო არ ითმენდა და როგორც წყაროებიდან ირკვევა, თეიმურაზს თურქეთ - ყირიმხანისათვის “მიუმართავს. 1615-1616 წწ. მას თურქეთსა და ყირიმის სახანოში თავისი წარმომადგენელი ხარიტონი ორჯერ გაუგზავნია. თურქეთისთვის მომენტი სწორედ რომ მეტად ხელსაყრელი იყო, მით უფრო, რომ იგი გამალებით ემზადებოდა ირანის წინააღმდეგ. თურქეთმა თეიმურაზს შაჰ-აბასის წინააღმდეგ ჯარით დახმარება სწრაფად აღუთქვა, რაც, სხვათა შორის, არც რუსეთისათვის და არც ირანისათვის საიდუმლოდ არ დარჩენილა31. ასე, მაგალითად, 1615 წ. მაისში მიხეილ თევდორეს ძემ და შაჰ-აბასმაც იცოდნენ, (78) რომ თურქეთი ქართველთა დასახმარებლად საქართველოში შაჰის წინააღმდეგ ყაბარდოსა და ყუმიკეთზე გავლით თავის ვასალს ყირიმის ხანს აგზავნიდა32. უეჭველია, რომ ასეთი ფართო ღონისძიების მიღებისას, კახთა მეფე თავის მხრივ უნდა მოლაპარაკებოდა ყაბარდო - დაღესტნის მმართველ წრეებს, რომ თურქეთ-ყირიმხანის ჯარები საქართველოში მომავალ გზებზე მშვიდობით გამოეტარებინათ. სხვა შემთხვევაში ასეთი რამ აშკარად გამორიცხული იყო, რის ფაქტობრივი დადასტურებაც XVII-XVIII სს. ისტორიაა, როდესაც თურქეთ - ყირიმხანი თავისი ძლიერების პერიოდში იარაღითაც კი ვერ ახერხებდა ამის განხორციელებას. ეს გარემოება თავის მხრივ შეიძლება ორი მომენტით აიხსნას: პირველი, რომ ყაბარდო - დაღესტანს არ ავიწყდებოდა შაჰ-აბასის 1614-1615 წწ. ცდა მათზე ლაშქრობაზე, ხოლო მეორე კი, ის, რომ თეიმურაზის ცდებს ყაბარდო - დაღესტნის მმართველ წრეებთან, როგორც ჩანს, მაინც რაღაც წარმატება მოჰყოლია. ასე, მაგალითად, თვით დაღესტანში ყაზი - ყუმუხეთძა მთავარს ალიბეკსა და ენდერის მთავარ სულთან მაჰმუდს თეიმურაზისათვის კიდეც აღუთქვამთ შაჰ-აბასის წინააღმდეგ თავიანთი რაზმებით დახმარება33. შაჰმა, რასაკვირველია, კარგად იცოდა თუ რას ნიშნავდა თურქეთ - ყირიმხანის ასეთი დახმარება კახეთისათვის, და ამასთან ერთად ყაბარდო-დაღესტნის მიმხრობაც. ამ კოალიციას შეეძლო მისი კავკასიური პოლიტიკისათვის სასიკვდილო ლახვარი ჩაეცა და ისიც ჩვეული ენერგიით ამოქმედდა. მან ყაბარდო-დაღესტნიდან დაიწყო. გზის მოსაჭრელად შაჰმა პირიქით, თვით მოითხოვა ყაბარდოსა და დაღესტნის მთავრებისაგან "დახმარება", რაც სხვას არაფერს  ნიშნავდა თუ არა ყირიმის ხანისათვის გზების ჩაკეტვასა და მის წინააღმდეგ სალაშქროდ გამოსვლას34. ასეთ ვითარებაში კი, რასაკვირველია, თავისთავად უკვე გამორიცხული იყო ამ უკანასკნელთა დახმარება საქართველოსათვის, რაც მის მიზანს შეადგენდა კიდეც. მაგრამ ეს არ იყო "თხოვნა"; შაჰმა დაღესტნისა და ყაბარდოს მთავრებს პირდაპირ უბრძანა ჯარებით დერბენტში "შეჭრილიყვნენ", ან არა და მათ სასტიკად ააოხრებდა35. შაჰმა მოხერხებულად შეატრიალა საქმე: ჯილდოების, ძვირფასი ხალათებისა და ფასიანი საჩუქრების უხვად გაცემით, ხოლო ზოგიც მუქარითა და ზოგიც კი ინტერესთა დამთხვევით, შაჰ-აბასმა ასე თუ ისე, მაინც შეძლო დაღესტნის რიგ გაერთიანებათა მთავრების გადაბირება (79) და ამჯერად მათი საქართველოზე ამხედრება. ასე, მაგალითად, მიიმხრო კაიტაღის უცმი რუსტამ ხანი, დერბენტის ხანი, ტაბასარანის მაისუმი, ყაზი-ყუმუხეთის მმართველი ალიბეკი და როგორც ჩანს, ტარკის მმართველი გირეი და თვით სურხაი შამხალიც36. მდგომარეობა ქართველთათვის მით უფრო კრიტიკული შეიქმნა, რომ თურქეთმა ვერ შეძლო თავისი დაგეგმილი თავდასხმის განხორციელება ირანზე, ხოლო ყირიმის ხანის ლაშქრობაც თითქოს საქართველოს დასახმარებლად, დასაწყისშივე ჩაიშალა37. თეიმურაზი მარტოდმარტო აღმოჩნდა გამძვინვარებული შაჰ-აბასის პირისპირ. დადგა საქართველოს ყოფნა-არყოფნის დღე38. 1616 წ. შემოსევის შედეგად ისქანდერ მუნშის სიტყვით, რომ ვთქვათ, კახეთში „მოსახლეობის სუნიც კი აღარ იყო არსად დარჩენილი..." ისეთი ქვეყანა, რომელიც ყოველწლივ ურიცხვ სარგებელსა და შემოსავალს იძლეოდა, დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული"39. შაჰმა ხელი არც განჯას, არეშს, შემახას, შებერანს, ნახჭევანს, ბაქოს და სხვას დააკლო. ასე რომ, ამიერკავკასიის დიდ სავაჭრო-სახელოსნო ქალაქებში ვაჭარ - ხელოსნების აყრა, კულტურული მეურნეების ირანის სხვადასხვა ადგილებში გაფანტვა და მათ საცხოვრებელზე ყიზილბაშური ტომების შემოყვანა სრულიად გარკვეული პოლიტიკური (და ეკონომიური ომის) მიზანდასახულობის შესაბამისად იყო გამართული40. მართალია შაჰ-აბასის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა, მაგრამ რამდენადაც შაჰმა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შესძლო, ესეც მის დამარცხებას უდრიდა. მისი იმიერკავკასიაში ლაშქრობის საკითხი ამჯერადაც მოიხსნა დღის წესრიგიდან. მართალია შაჰ-აბასის მეორე შემოსევისას მის ლაშქარში იყვნენ დაღესტნის რიგი მთავრების რაზმებიც, მაგრამ მძიმე განსაცდელის ჟამს შაჰ-აბასისაგან დევნილმა ქართველობამ თავი კახეთის განაპირა დაღესტნის მთებსა და რაიონებს - დიდოეთს, ავარიას, წახურს და სხვ. შეაფარა თავი, რომელთაც არ შეასრულეს შაჰ-აბასის ბრძანება. რომ „რომელნი შემოვიდნენ თქვენ კერძთა მთათა შინა, თქვენ მონრენით იგინი და აღგავსნე მეცა ნიჭითა"41(80) შაჰ-აბასის 1614-1616 წწ. შემოსევებმა ხერხემალში გატეხეს კახეთი და ამდენადვე მთელი საქართველოც. საქმე ისაა, რომ კახეთი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ XVI-XVII ს. თავისი სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობით წარმოადგენდა არა მხოლოდ ერთიანი საქართველოსათვის რეალური ძალის მქონე მებრძოლ ქვეყანას, არამედ საერთაშორისო ურთიერთობაში, იგი რამდენადმე მთელ საქართველოდაც იგულისხმებოდა, გამოხატავდა რა იმავ დროს სხვა ე.წ. "საქართველოებისათვისაც" ერთიან ინტერესებს რუსეთთან თუ თურქეთთან, ირანთან თუ დას.ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაში. კახეთს საამისოდ ხელს უწყობდა ჯერ ერთი მისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, ხოლო მეორეც სიახლოვე საერთაშორისო დიდ სავაჭრო-სატრანსპორტო და სატრანზიტო მაგისტრალებთან და ამისდა შესაბამისად ცხოველი ურთიერთობა ამ მარშრუტებზე განლაგებულ ცნობილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებთან42. გავერანება კახეთისა, რომელიც XVI და XVII სს. დასაწყისში წარმოადგენდა საქართველოს საიმედო სიმაგრესა და თავშესაფარსაც, სადაც მორბოდნენ ფეოდალური ექსპლოატაციის ზრდისა თუ გარეშე მტრების მოწოლით აყრილ-გაქცეული გლეხები იმერეთიდან, ქართლიდან, სამცხე-საათაბაგოდან, სომხეთიდან თუ აზერბაიჯანიდან43, რასაკვირველია, საქართველოს მომავალი განვითარებისათვის დიდად საზიანო ფაქტორი იყო. ამ შედეგმა ყველაზე რელიეფურად თავი საქართველო - დაღესტნის ურთიერთობაში იჩინა, რამდენადაც იგი თავის მხრივ აღმოჩნდა ერთი ძირითადი მიზეზთაგანი XVII-XVIII სს. საქართველოს საწარმოო ძალების სტაგნაციისა. კახეთ - დადესტნის ურთიერთობა, რომელმაც XVI ს. ბოლო მეოთხედში მწვავე ხასიათი მიიღო, XVII ს. პირველ ათეულშიც ასეთივე გამწვავებული დარჩა; მომრავლდა წვრილ-წვრილი თავდასხმები, რაც კახეთის სიძლიერის გამო ჯერ ვერ იზრდებოდა თავახსნილ თარეშში. უმეტესი ასეთი თავდასხმა, როგორც ჩანს, სათანადო საპასუხო (81) დარტყმას იღებდა. ამ ხანის შესახებ ვახუშტი მოგვითხრობს: "არამედ უკეთუ მტერობდნენ ლეკნი, გარნა ვერ იკადრებდნენ ცხადად თვინიერ პარვით: ამისთვის წარავლინა თეიმურაზ ომანი - შვილი ქაიხოსრო... ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დასდგა მთასა ზედა, უწყო რბევა სრვა და ოხრება, და... ვერავინ წინააღუდგნენ“44. ასეთი ვითარება ალბათ შაჰ-აბასის შემოსევებამდე გრძელდებოდა. 1614-1616 წწ. შაჰ - აბასის ლაშქრობებმა და ე.წ. „ეკონომიურმა ომმა“ ქართლ-კახეთის ძლიერება, განსაკუთრებით კახეთისა, საუკუნოდ გატეხა, მაგრამ შაჰი, „გურჯისტანის საკითხს“ მაინც გადაუწყვეტლად თვლიდა და ეს მას არ ასვენებდა. საამისო საფუძველი შაჰს ის ჰქონდა რომ ქართლ - კახეთის ხმალი კვლავ ამოღებული იყო, ხოლო თეიმურაზ კახთა მეფე ერთი მხრივ მის წინააღმდეგ დასახმარებლად მოსკოვში წერილებსა და ელჩებს გზავნიდა (ასე, მაგალითად, 1617-1618 და 1642 წლებში)45, მეორე მხრივ კი, არც თურქეთს ივიწყებდა შაჰის წინააღმდეგ ასამხედრებლად. ასე, რომ, შაჰ-აბასს საკმაო საფუძველი ჰქონდა დაესაჯა კახეთი, რადგან იგი ირანს რუსეთს, თურქეთ-ყირიმხანს, ან კიდევ ორივეს ერთად უმხედრებდა. 1624 წ. შაჰ-აბასი დიდი ჯარით დაიძრა ქართლ-კახეთის "აღსაგავად მიწისა პირისაგან". მარტყოფის ველზე ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით ბრწყინვალე საშთამომავლო გამარჯვებას მიაღწიეს46 და შაჰ-აბასის იდეა ქართველობის სრულად მოსპობისა საბოლოოდ დაასამარეს. თანამედროვე თურქი ისტორიკოსის ი.ფეჩევის სიტყვით, მთელი "ორმოცი წლის განმავლობაში შაჰს ასეთი მძიმე დანაკლისი არ ჰქონია"47. მარაბდის ომი შაჰ-აბასის მხოლოდ პრესტიჟის დაცვისა თუ აღდგენის ცდა იყო და მას შაჰისთვის, გამარჯვებისდა მიუხედავად, უკვე არსებითი მნიშვნელობა არა ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი ეს დიდი სისხლის ფასად დაუჯდათ ქართველებს. შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ "საქართველო - დაღესტნის ურთიერთობაში ახალი ტეხილი იწყება. საქმე ისაა, რომ თუ აქამდე დაღესტნის მთიელების კულტურულ და პოლიტიკურ მეურვეობაზე საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნდა მაორგანიზებელი ძალა, რომელიც მართალია რამდენადმე შეირყა თემურ-ლენგის აგრესიულ - მაჰმადიანური (82) პოლიტიკის შედეგად, ახლა იგი შაჰ-აბასის ყიზილბაშურ - თურქმანული შემოტევის შემდეგ თითქმის მთლიანად გაქრა. დაუძლურებული კახეთ - ბარი დაღესტნის მთის სიმძიმის ქვეშ მოყვა. შაჰ-აბასის შემოსევებისას განსაკუთრებით წახურელი ალი სულტანი გაისარჯა, რომელმაც სანაქებო ერთგულების გამოჩენისათვის შაჰის ნდობა და საგანგებო პატივისცემა დაიმსახურა. "ოდეს შაჰ-აბაზ - ყაენი, - წერს ბერი ეგნატაშვილი, - მოიწია იავარყოფად კახეთისა და მოაოხრა სრულიად კახეთი, მაშინ თანაშემწე ეყო სულთანი იგი წახეთისა და ქმნა მრავალი ბოროტი მან კახეთსა ზედა"48. 1616 წ. შაჰ-აბასი თავის ფირმანში წახურელ ალი სულთანისადმი წერდა: "კვალად გვეუწყაო თქვენი ერთგული სამსახურის შესახებ ჩვენი ტახტისადმიო. ქება თქვენ! თქვენ ღირსეულად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა ერთგულებისა... განაგრძეთ სამსახური ასეთივე გულმოდგინებით და იმოქმედეთ ისე, რომ იგი ყოველმხრივ სასარგებლო იყოს ჩვენი სახელმწიფოსათვის"49. წახური დაღესტნის ის განაპირა რაიონი იყო, რომელიც კახეთს უშუალოდ საზღვრავდა და კახთა მეფეებს ალექსანდრესა და ლევანს თავის დროზე ყმადნაფიცობდა50. შაჰ-აბასის საქართველოდან გაცლის შემდეგ თეიმურაზმა ყოფილ ყმას თავისი უზღო. 1626-1628 წწ ზურაბ ერისთავის მოთავეობით კახელები "დაესხნეს თავსა სულთანსა წახეთისას და მოსრეს პირითა მახვილისათა ყოველნი მუნ მყოფნი... თვით იგიცა სულტანი შეიპყრეს და მოკლეს“51. ქართველებმა შამხალ-დაღესტნელ აბრაგებსაც მოხედეს, რომლებმაც ძნელბედობის პერიოდში ქართლ-კახეთს არც თავისი ხელი დააკლეს. გიორგი სააკაძის დაუღალავი ცდის შედეგად ეს თავდასხმებიც დროებით აღიკვეთა და ქვეყანამაც შედარებით თავისუფლად ამოისუნთქა. მართალია მარტყოფსა და მარაბდას ირანის სამეფო კარი თითქოს საბოლოოდ უნდა დაერწმუნებინა "გურჯისტანში" "ქართველების“ ლეკვიდაციის მიუწვდომლობაში და საქართველოს თურქმანულ-ყიზილბაშური ტომების სამომთაბაროდ გადაქცევის შეუძლებლობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, შაჰ-აბასს ეს განაზრახი ანდერძად თავის მემკვიდრეებისათვის მაინც დაუტოვებია. ამის გამო მისი სიკვდილის შემდეგ (83) მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა, როდესაც ირანის სამეფო ტახტზე შაჰ-სეფი დაჯდა. ასე, მაგალითად, 1630-1631 წწ., როდესაც ილდარ შამხალი რუსეთს უმტკიცებდა, ყველა ჩემი ყუმიკი შენი პირდაპირი ყმააო და რუსეთის ქალაქებში მისი ვაჭრების უბაჟოდ გატარების ნებართვას სთხოვდა52, იმავე დროს შაჰ - სეფის ბრძანებით საიდუმლოდ აგროვებდა ხალხს, რომ მის მხარეზე გადასული ყირიმელი უფლისწულის შაგინ - გირეის სარდლობით დაღესტნიდან დაძრულიყო, რათა ირანული ციხე - სიმაგრეები ჩაედგათ ყაბარდოში და ყაბარდოს გასწვრივ - სუნჯაზე, ტატარტუპთან და ქალაქ ელეცკისთან53. (ეს უკანასკნელი ე.კუშევას მიაჩნია, რომ არის მდ.თერგის მარჯვენა მხარეზე მდებარე ჯულადი - თ.ბ.). ტატარტუპის ხსენება, რომელიც ხევყაბარდოს გზის დარიალის მისადგომებთან მდებარეობდა, ალბათ შაჰის განზრახვაზე უნდა მიუთითებდეს, რათა უზრუნველეყო თავისი ლაშქრობა საქართველოზე ჩრდილო საზღვრებიდან54. 1632 წ. როგორც მოსალოდნელი იყო, შაჰ-სეფიმ წერილით მიმართა ილდარ შამხალსა და დაღესტნის სხვა მთავრებს, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო ექსპედიციაში. შამხალი მართლაც დათანხმებულა მიშველებოდა შაჰს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და თითქოს ძალზედ ჩქარობდა კიდეც; მაგრამ, როგორც წყაროებიდან ირკვევა, ენდერის მმართველ სულთან მოჰამედთან შინა აშლილობის გამო იგი საქართველოში მაინც ვერ ჩამოსულა55. დაღესტნის ფეოდალთაგან ამ ლაშქრობაში მხოლოდ ყაზიყუმუხელ მთავარს ტიუჩელევ-მურზას მიუღია მონაწილეობა თავისი 1500-იანი რაზმით56. არ არის გამორიცხული, რომ ამ მომენტისათვის ილდარ შამხალს აშკარა მოქმედებისაგან თავი შეეკავებინოს. საქმე ისაა, რომ სწორედ ამხანად (და საერთოდაც XVII-XVIII სს. ო.ბ.) საშამხლო - დაღესტანი ცხოველ სავაჭრო ურთიერთობაში ჩაება ყაბარდოსთან, თერგ - ქალაქთან, ასტრახანთან, მოსკოვთან და სხვა რუსულ ქალაქებთან. რაც მთავარია, მათ ვაჭრებსა და სხვა წარგზავნილებს, როგორც გამონაკლისს მათივე თხოვნით ძირითადად უბაჟოდ ვაჭრობის ნება (84) ჰქონდათ მთავარი ისიც იყო, რომ რუსეთი თერგ - ქალაქით და 1635 წ. სუნჯაზე რუსული ციხე-სიმაგრის განახლებით, თითქმის სრულ კონტროლს უწევდა ერთი მხრივ ე.წ. "ყაბარდოსა და მიჩკიზის გზას" (საერთოდ მიჩკიზის მიწად იწოდებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთი - თ.ბ.), ანუ გზას  დაღესტან - ყაბარდო - ჩეჩნეთ - ინგუშეთს შორის და მეორე მხრივ კი დაღესტან - ასტრახანის გზას, რომლებსაც სისხლხორცეული მნიშვნელობა ჰქონდათ დაღესტნისათვის, მის სავაჭრო და სხვა ეკონომიური ურთიერთობისათვის გარე სამყაროსთან. ეს იყო სწორედ ერთი ძირითადი ეკონომიური საფუძველთაგანი მთელ XVII-XVIII სს., რომელიც აიძულებდა დაღესტანს პოლიტიკურად დაახლოებოდა რუსეთს - მიუხედავად მისი ხშირ შემთხვევაში უკვე ქვეშევრდომობისა თურქეთ - ყირიმხანისა და ირანისადმი. იყო აგრეთვე სოციალური ხასიათის ფაქტორიც, რომელიც არანაკლებ აიძულებდა დაღესტნის ფეოდალებს დაახლოვებოდნენ რუსეთს. ეს იყო, ერთი მხრივ, საკუთარი ყმა - გლეხების აყრა და გაქრისტიანებით ჩრდილო კავკასიის რუსულ ციხე-სიმაგრეებში თავის შეფირება, ხოლო, მეორე მხრივ, მეზობელ მხარეებზე თავდასხმის შედეგად მოპოვებული ტყვე - მონების რუსეთის მფარველობაში შესვლა59. დაღესტნელი ფეოდალები იძულებული იყვნენ თხოვნით მიემართათ რუსეთისათვის მათი უკან დაბრუნების შესახებ, რაზეც რუსეთი დროისდა შესაბამისად, უფრო სწორედ მათი ერთგულებისა და სამსახურის მოხედვით, ხან მიდიოდა დათმობაზე, ხან არა60. ეს გარემოება თავის მხრივ არცთუ უმნიშვნელო იყო, რადგან თვით ილდარ შამხლის სიტყვით, მათ ამ გაქცეული ხალხის გამო უდიდესი ზარალი მოსდიოდათ და ამასთან ხშირად თითქმის უხალხოდაც რჩებოდნენ61. რუსეთსაც არ შეეძლო დაღესტნისათვის გვერდი აევლო. აღმოსავლეთთან სავაჭრო ურთიერთობაში დაღესტანი თავისი სტრატეგიული და პოლიტიკური მდგომარეობით რუსეთისათვის გასავლელი ბარიერი იყო, რომელსაც შეეძლო ეს ურთიერთობა ან დაეჩქარებინ ან, პირიქით, დაებრკოლებინა. საინტერესოა მიხეილ თევდორის ძის (85) წერილი ილდარ კრიმშამხლისადმი 1622 წ მაისში. ჩვენი სახელმწიფოს ბევრ ვაჭარზე - აღნიშნავდა მეფე წერილში, რომლებიც "თავის საქონლით მიმოდიან სპარსეთში ყუმიკეთზე გავლით, როგორც ცნობილი გახდა, შენ მათზე ძალმომრეობ, ძარცვავ და ამასთან ერთად ყველა საქონელზე ძალით ახდევინებ დიდ ბაჟს; ასევე ძალით ართმევ საუკეთესო საქონელს, ხოლო იმ ვაჭრებს კი რომლებიც გემებით მიდიან ან ყიზილბაშთა ქვეყანაში, ან დერბენტში, ან შემახაში, როგორც მაგალითად, ყაზანელები, ასტრახანელები, იაროსლავლელები, კოსტრომელები - და სხვ. და უამინდობის გამო მოადგებიან ხოლმე ტარკს ან ყუმიკეთისა და ყარაბუდახის სანაპიროს თქვენ მათაც ართმევთ ძალით საქონელს"62. საშამხლო - ყუმიკეთს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა დაღესტნის მეორე დიდი გაერთიანების კაიტაღის საუცმიოც. თერგ - ქალაქის სარდალი ხვოროსტინინი 1625 წ. მეფეს ატყობინებდა, რომ უცმი რუსტემი თერგ ქალაქ - შემახას გზაზე ჩვენ სავაჭრო ხალხს თავის სოფლებზე არ ატარებს და თანაც ძარცვავსო; არადა შემოვლა შეუძლებელია სხვა გზების უქონლობის გამოო. გარდა ზემოაღნიშნული მომენტისა, იყო კიდევ მეორეც. საქმე ისაა, რომ თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის მოძალებისას დაღესტნის წონა კიდევ უფრო იზრდებოდა, რამდენადაც მათ პოლიტიკაში იგი გასაღები იყო ვოლგა - ასტრახანის მაგისტრალზე გასასვლელად. ეს კი რუსეთისათვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთი დაღესტანს მეტ ანგარიშს უწევდა, ვიდრე საქართველოს, როგორც მთელ XVI-XVII სს., ისე XVIII ს. პირველ ნახევარშიც. ასეთია საერთოდ რუსეთ-დაღესტნის დაახლოების ფაქტორები. მაგრამ აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაღესტანს რუსეთისაგან აშორებდა და ამდენადვე აკავშირებდა მას თურქეთ - ყირიმხანთან და ირანთან. საქმე ისაა, რომ რუსეთი მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იჩენდა დაღესტნის იმ თავდასხმებით, რომლებსაც ის აწარმოებდა ყაბარდო - საქართველოზე, როგორც მის ხელდებულებზე, რადგან რუსეთს ისინი დაღესტნის წინააღმდეგ დახმარებასა სთხოვდნენ და ისიც დროდადრო იძულებული იყო მათ დაჰყოლოდა. რადგან ყაბარდო - საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში უფრო თანმიმდევრულები იყვნენ, ვიდრე დაღესტანი. ამიტომ იყო, რომ XVI ს. მეორე ნახევარსა და XVII ს-ის მთელ მანძილზე შამხალი, რომელიც ასე თუ ისე თანხმდებოდა თუ ურიგდებოდა საქართველოს ქვეშევრდომობა ყმობას თურქეთ - ყირიმხანისა თუ ირანისადმი, თითქმის ყოველთვის შეურიგებელ პოზიციას იკავებდა, როდესაც საქმე ეხებოდა რუსეთ - საქართველოს, რუსეთ - ყაბარდოსა და საქართველო - ყაბარდოს დაახლოებას. ძირითადი საფუძველი შამხლის ასეთი პოზიციისა (86) ის იყო, რომ მუსლიმანური თურქეთ - ყირიმხანი და ირანი პრინციპში მას საქართველოსთან ურთიერთობაში ხელს ვერ უშლიდნენ მიუხედავად იმისა, დროდადრო თითქოს გაბატონებასაც კი ახერხებდნენ ისინი დაღესტანსა თუ ქართლ-კახეთში. ამ მხრივ სულ სხვა პოზიციაზე იდგა რუსეთი. საქმე ისაა, რომ ქრიატიანული რუსეთისა და საქართველოს დაახლოება შამხლის თვალში საქართველოს რამდენადმე გაერთიანებას ნიშნავდა და ამდენადვე მასზე თავდასხმების აღკვეთასაც. ამასთან ერთად, რუსეთი არა თუ მყიდველი იყო ამ ტყვე - მონებისა, არამედ, პირიქით აქრისტიანებდა მათ და შემდეგ ამ „მონათლულებს“ საერთოდ ათავისუფლებდა შამხლისა თუ სხვა მთავრების ბატონობისაგან. 1635 წ. ილდარ შამხლის გარდაცვალების შემდეგ "ყუმიკეთის მთელმა მიწამ" შამხლად აირჩია სულთან მუჰამედი, რომელმაც ღრმა მოხუცებულობის გამო ეს ტიტული თავის შვილს აიდემირს გადასცა. აიდემირის შამხლად არჩევა და 1635 წ. ახლო ხანებში ენდერის მთავრის თხოვნით მდ.სუნჯაზე რუსული ციხე - სიმაგრის აღდგენა ამ ხანისათვის მეტად დიდი მოვლენა იყო, რამდენადაც ციხე- სიმაგრე ყაბარდო - დაღესტნისა და ამიერკავკასიაში მომავალი გზების თითქმის გზაჯვარედინზე იდო და თერგ-ქალაქის სარდლის სიტყვით  მისთვის გვერდის ავლას ვერავინ შეძლებდა63. ამასთან ისიც არის აღსანიშნავი, რომ კაიტაღის საუცმიოც პრორუსული ორიენტაციისა იყო64. შეიძლება ითქვას, რომ XVII ს. 30-იან წლებში რუსეთმა დაღესტანში შედარებით სტაბილურ მდგომარეობასა და გავლენას მიაღწია. ამ პოზიციებს ჩრდ. კავკასიაში ისიც ამაგრებდა, რომ ყაბარდო მთლიანობაში კვლავ მისი ერთგული იყო. თეიმურაზისათვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო რუსეთის წარმატებები ჩრდილო კავკასიაში. ასე, მაგალითად, 1638 წ. საქართველოში ჩამოსულ ელჩებს ვოლკონსკისა და ხვატოვს კახელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ყაბარდოელი და ყუმიკელი თავადაზნაურობა და მთელი მთა თქვენი დიდი ხელმწიფის მორჩილებაშიაო65. ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება თეიმურაზს, როგორც ჩანს მაშინვე უცდია, როცა 1635 წ. მოსკოვში თავისი ელჩი ნიკიფორე მიტროპოლიტი მიავლინა. ქართველთა ელჩმა მიხეილ თევდორეს ძეს მოახსენა რომ ისინი ურწმუნო ლეკებისაგან შეურაცხყოფილნი არიან, რომ ეს ლეკები როგორც თქვენი უდიდესებულობისათვის, ასევე ჩვენთვის (87) არაკეთილმოსურნე მეზობლები არიან და ცოტა არეულ დროს ელოდებიანო. ადრე ლეკები ჩვენი მფლობელობის ქვეშ იყვნენ, როგორც მონები, ხოლო მათი წარჩინებულთა შვილები კი ჩვენი მძევლები იყვნენო; როცა ჩვენ შაჰთან წავიჩხუბეთ ამ დროს აჯანყდნენ ლეკები ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენზეც წამოვიდნენო... ახლა გთხოვთ თქვენი მხრიდან მცირე რაიმე ჯარი გამოგზავნოთ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ჯარით დავესხმით და ასე რიგად ღვთის წყალობით გავანადგუროთ და უწინდებურად მორჩილებაში მოვიყვანოთო66. და ბოლოს თეიმურაზი მეფეს მფარველობაში აყვანას და ყველა მტრისაგან დაცვასა თხოვდა67. 1637 წ. მოსკოვიდან დაბრუნებულ ნიკიფორესთან ერთად რუსი ელჩებიც ჩამოვიდნენ - თევდორე ვოლკონსკი და არტემ ხვატოვი, რომელთაც თან მხოლოდ საერთო დახმარების დაპირება და ერთგულების საფიცრის წიგნი მოჰქონდათ68. მიხეილ თევდორეს ძე თავის პასუხში უკიდეგანო მომავალი დაპირებით დაკმაყოფილდა - მოვიცადოთ და ვნახოთ როგორ იქნებაო; ფაქტიურად ეს უპასუხობას უდრიდა69, რაც ასეც გაიგეს ქართველებმა და აგრძნობინეს კიდეც ეს რუს ელჩებს. რუსმა ელჩებმა საქართველოში 1639 წ. აპრილამდე დაჰყვეს, ჩამოვიდნენ კი 1638 წ. აგვისტოში. ქართველებმა მათ ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან ციხე - სიმაგრის ჩადგმაც მოსთხოვეს, რაც, მათი აზრით, რუსეთისათვის ამჟამად, ადვილდებოდა, რადგან ყაბარდოელი და ყუმიკელი თავადაზნაურობა მისი უდიდესებულობის ხელქვეით იყვნენ და ამის გარდა თვით მეფეც შაჰთან, "ძმობასა და სიყვარულში" იყოო70. თეიმურაზის მთავარი საწუხარი ელჩებთან საუბარში ის არის, რომ მისი ქრისტიანული ქვეყანა მთლად ნადგურდება, ერთი მხრივ, შაჰისაგან, მეორე მხრივ, თურქეთისაგან და მესამე მხრივ ლეკებისაგან; რომ ეს უკანასკნელნი არბევენ მის ქვეყანას და მრავალი ხალხი მიჰყავთ ტყვედ71. თეიმურაზის მთავარი საზრუნავი ის არის, რომ რაიმე იმედის მომცემ დახმარებას მაინც მიაღწიოს მიხეილ თევდორის ძისაგან. ელჩებმა დაღესტნელთა ასეთი გამუდმებული თავდასხმები კახეთზე იმით ახსნეს, რომ თეიმურაზი დიდი ხელმწიფის მფარველობის ქვეშ არ იყო და ამიტომ საჭირო იქნებოდა მისი ქვეშევრდომად გახდომა და ერთგულების წიგნზე დაფიცება72. (88) თეიმურაზი კი უფრო პრაქტიკული თვალით უყურებდა საქმეს და ძირითად გამოსავალს ჯარის გამოგზავნასა და მის სამფლობელოში რუსული ციხე-სიმაგრის ჩადგმაში ხედავდა, რათა ლეკებს  მომავალში ვეღარ შესძლებოდათ თავდასხმა და მისი ქვეყნის გაპარტახება73. 1639 წ. აპრილში უკან დაბრუნებულ ელჩებს თეიმურაზმა მოსკოვს თავისი ელჩი ნიკიფორე ბერძენი გააყოლა, რომელსაც ბერძნულად დაწერილი დიდი სიგელი მიჰქონდა. ამ სიგელით კახეთის სამეფო კარს  თავის პირველ და უდიდეს სათხოვრად მეფისადმი ის მიაჩნდა, რომ მას ქართველთათვის ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად ერთი დიდი მთავართაგანი ჯარითურთ გამოეგზავნა, რამდენადაც თეიმურაზის სიტყვით, ამ ლეკებმა მთელი კახეთი ააოხრეს, ქრისტიანული ეკლესიები დაანგრიეს და იგი შაჰზე და დანარჩენ სხვა მტრებზე უარესად გაძარცვეს. "...იმიტომაა, რომ გევედრები, - მიმართავს თეიმურაზი მეფეს, - ლეკების წინააღმდეგ დაგვეხმარო განსაკუთრებით და, თუ შესაძლებელია, სწორედ იმ ადგილას, სადაც ალექსანდე მეფის დროს ციხე იყო აგებული, ციხე კვლავ ააშენო, თუ არა და აქ, ჩვენი ქვეყნის მახლობლად იყოს აგებული ჩვენი მთების იმ ალაგას სადაც საუკეთესოდ გამაგრებული ადგილი გვეგულება. ეს ციხე იმდენად იყოს ჩვენგან დაშორებული, რამდენადაც თერგი ჩერქეზეთიდანაა. ამ ციხეში დამცველი ხალხი ჩასხი. მაშინ ლეკებიც თავიანთს მოიშლიან და დაწყნარდებიან, თუ არა და მაშინ ერთი მხრით თქვენ თქვენი ჯარით, მეორე მხრით მე მოვადგები და წინანდებურად დავიპყრობ და დავიმორჩილებო"74 (ვსარგებლობთ ივ.ჯავახიშვილის თარგმანით - თ.ბ.). თეიმურაზის აზრით, ეს ციხე-ქალაქი თუ სიმაგრე კარგი საიმედო თავშესაფარი იქნებოდა, მეორე მხრივ კი მას ამით სპარსეთთან ბრძოლის დროს ზურგიც გაუმაგრდებოდა. თეიმურაზის ეს განზრახვა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩენია ირანს. თანამედროვე მოჰამედ თაჰერი პირდაპირ წერს, რომ თეიმურაზმაო "მზაკვრულად ურჩია (რუსთა ხელმწიფეს) რომ მიზანშეწონილი იქნება თუ ყოისუს ციხის სანახებში რამდენიმე სხვა ციხეც იქნება აშენებული, რომლებითაც ჩაიკეტება ჩერქეზეთიდან (ღვთის მიერ) დაცულ ქვეყანაში (ირანში) მოსასვლელი გზა და თუ რუსების (89) მხრიდან დახმარება წამოვა საქართველოს ოლქში - ეს (ე.ი. დახმარების გამოგზავნა) ადვილად მოხერხდებაო"75.

----------------------------------------------------------------------------------------

178 С.А.Белокуров, Сношения..., стр.465-466.

179 იქვე, გვ.476.

180 იქვე, გვ.477.

181 იქვე, გვ.476, 482

182 იქვე, გვ.448, 455.

183 С.А.Белокуров, Сношения..., стр.454, 481.

184 იქვე, გვ.432.

185 Е.Н.Кушева, Народы..., стр.287; Русско -дагестанские отношения в XVI-XVII вв., стр.19.

186 С.А.Белокуров, Сношения..., стр.480.

187 С.А.Белокуров, Сношения..., стр.200.

თავი მეორე

1 ვ.გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო ურთირთობათა შუქზე, ნარკვევები მახლ. აღმ. ქალაქების ისტორიიდან", თბილისი, 1966, გვ.180-181.

2 ვ.გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, მასალები.., ნაკ.I, გვ.62.

3 ვ.გაბაშვილი, ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, მასალები.., ნაკ.I, გვ.110-112; .

4 Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.381.

5 საქართველოს ისტორია, ტ.I, დამხ. სახ., თბილ., 1958, გვ.290.

6 გ.ჟორდანია, ქართული აბრეშუმის კულტურის განადგურების ერთი ცდის შესახებ, "ცისკარი", №5, 1963, გვ.142.

7 С.А.Белокуров, Сношения.... стр.541, Русско -дагестанские отношения XVII-первой четверти XVIII вв. (документы н материалы), Махачкала, 1958, док.№3. стр.33-34: Н.И.Веселовский, Памятники.... т.II, стр.350-351.

8 Н.И.Веселовскии, Памятники... т.II, стр.223, 348, 353 და სხვ.

9 დ.გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1955, გვ.334; თ.ბოცვაძე, დას. ნაშრ., გვ.65-66; Кабардино-русские отношения..., т.I, стр.88; С.А.Белокуров, Сношения..., стр.541. Н.И.Веселовский, Памятники... т.II, стр.223, 299.

10 А.Бакиханов, დასახ. ნაშრ., გვ.96; Г.Алкадари დასახ. ნაშრ., გვ.59

11 H.И.Веселовский, Памятники... т.II, стр.350-351

12 იქვე, გვ.352.

13 Н.А.Смирнов, Политика России на Кавказе в XVI-XIX вв, М., 1958, стр.47.

14 С.А.Белокуров, Сношения.... стр.541.

15 Русско-дагестанские отношения..., док.№4, стр.35; док.№5, стр.37.

16 იქვე, საბუთი N6, გვ.40-42; საბ.N9, გვ.47.

17 იქვე, საბ.N7, 8, გვ.43-46

18 იქვე, საბ.N5, გვ.37.

19 С.А.Белокуров, Сношения..., стр.539; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.353.

20 ნ.ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია, თბილისი, 1946, გვ.335.

21 Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.352.

22 იქვე, გვ.381.

23 Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.330-344, 350.

24 М.А.Полиевктов, Материалы но истории грузино-русских взаимоотношений (1615-1640 гг.), Тбилиси, 1937, док.№2. стр.31; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.533.

25 Русско-дагестанские отношении..., док.6, стр.42.

26 А.Бакиханов, Ук. соч., стр.97-98; М.А.Полиевктов, Материалы… стр.24.

27 გ.ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბილისი, 1964, გვ.106.

28 М.А.Полиевктов, Материалы… стр.32.

29 იქვე, გვ.33.

30 М.А.Полиевктов, Материалы… стр.XXVII

31 იქვე, გვ.25, 29-30.

32 М.А.Полиевктов, Материалы… стр.29-30; Кабардино-русские отношения..., т.I, док.№58, стр.91-92.

33 М.А.Полиевктов, Материалы… стр.25.

34 იქვე, გვ. 30-31.

35 იქვე, გვ.31.

36 А.Бакиханов, დასა. ნაშრ., გვ.98-99; М.А.Полиевктов, Материалы… стр.42.

37 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.91-92, 405.

38 საქართველოს ისტორია, 1946, გვ.335.

39 გ.ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბილისი, 1964, გვ.111-112.

40 ვ.გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები.., ნარკ. მახლ. აღმ. ქალაქ. ისტორია, თბილისი, 1966, გვ.181.

41 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.178.

42 ნ.ბერძენიშვილი, Очерк из истории развития феодальных отношений В Грузии (XIII-XVI вв.), საქართველოს ისტორიის „საკითხები“, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.90-91 და სხვ.; Ш.А.Месхиа, Города и городской строи феодальной, Грузии XV-XVIII вв, Тбилиси. 1959, стр.99. და სხვ. ვ.გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები..,ნარკვევები.., თბილისი, 1966, გვ.174-175; კ.კუცია, სეფიანთა ირანის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება, თბილისი, 1966, გვ.25-32, 47, 55 და სხვ.

43 ვ.გაბაშვილი, XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები.., გვ.175.

44 ვახუშტი, საქს ც-ბა, გვ.175.

45 М.А.Полиевктов, Материалы… стр.41-42.

46 ნ.შენგელია, თურქი ისტორიკოსის მუსტაფა ნაყიმის ცნობები გიორგი სააკაძის შესახებ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ.33, 1960, გვ.256-257.

47 ი.ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ტექსტი თარგმანითურთ გამოსცა ს.ჯიქიამ, თბილისი, 1964, გვ.85.

48 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, თბ., 1959, გვ.414; იხ. "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა", არჩილიანი, ტ.II, 1937, გვ.82, ალ.ბარამიძის და ნ.ბერძენიშვილის რედ.

49 საქ. ცსსა, ფონდი 236, აღწერა 2, საქმე 88, ფურცელი 11.

50 С.А.Белокуров, Сношения..., стр.59.

51 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქ-ს ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, ტ.II, გვ.414

52 Русско -дагестанские отношения.., док.№38, стр.90-91; док.№40.

53 იქვე, საბN43, გვ.94-95; Е.Н.Кушева, Народы..., стр.309-310.

54 Е.Н.Кушева, Народы..., стр.310, 313.

55 Русско -дагестанские отношения.., док.№45, стр.97; док.№46, стр.100-101.

56 იქვე, საბ.N46, გვ.100.

57 Русско -дагестанские отношения.., документы №28, 29, 30, 38, 39, 40, 49, 50.  стр.97; док.№46, стр.100-101. И.Попко, Терские казаки с стародавних времен, вып.I, СПб., 1880, стр.XI, 183 და სხვ. Хождение купца Федота Котова в Персию, Москва, 1958, стр.69, 72; А.Олеарий, Описание путешествия в Московию, СПб., 1906, стр.463-464.

58 Русско-дагестанские отношения..., документы №№ 10, 36, 50, 60, стр.49, 88, 110-112, 133 და სხვ.

59 Русско-дагестанские отношения..., документы №№ 47, 49, 50, 74, 75, стр.102, 107, 110-113, 161, 163 и т.д.

60 იქვე, საბ.76, გვ.164 და სხვ.

61 იქვე, საბ.47, გვ.102.

62 Русско-дагестанские отношения..., док. №№ 20, 49, გვ.74, 104, და სხვ.

63 Русско-дагестанские отношения..., док. №60, стр.133;

64 Р.Г.Маршаев, «Сношения Кайтага и Казикумуха с Русским государством в перв. пол. XVII в.», Москва, 1954, автореферат канд, диссертации.

65 М.А.Полиевктов, Материалы..., стр.280.

66 М.А.Полиевктов, Материалы..., გვ.117-118, 197, 308; М.Броссе, Переписка..., стр.XXVIII.

67 М.А.Полиевктов, Материалы, стр.192, 273, 277 и т.д.

68 იქვე, გვ.170-173.

69 იქვე, გვ.197, 308; დ.მეგრელაძე, დას. ნაშრ., გვ.79.

70 იქვე, გვ.280, 308.

71 იქვე, გვ.310-311, 335.

72 იქვე, გვ.311.

73 М.А.Полиевктов, Материалы..., стр.312, 316.

74 М.Бросе, Переписка на иностранных языках Грузинских царей с Россйскими государями от 1639 г. по 1770 г., СПб., 1861, стр.20-21, 42; М.А.Полиевктов, Посольство князья Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию, Тифлис, 1928, стр.32.

75 მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები ვ.ფუთურიძის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ.30, თბილისი, 1964, გვ.384.