topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი III)

<უკან დაბრუნება (ნაწილი II)... <<<ნაწილი I

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან

თბილისი - 1968

ნაწილი III

ფაქტია, რომ კახთა მეფეს საშამხლოს კართან დანათესავება დამოყვრებისას არჩევანი გაუკეთებია არა თვით შამხალზე, არამედ მის (50) ძმაზე ელიმ-სალტანზე, რომელიც, როგორც კრიმ - შამხალი, პირველი მემკვიდრე იყო, არსებული წესის მიხედვით, საშამხლოს ტახტისა. ერთი შეხედვით ეს თითქოს კახთა მეფის მიერ დაშვებული შეცდომაა, რამდენადაც შამხალთან დამოყვრებას შეიძლებოდა კახეთისათვის კეთილმეზობლობა მოჰყოლოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კახთა მეფეს ამ არჩევანთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ჰქონდა. ჯერ ერთი, შამხალი აშკარა თურქულ ორიენტაციაზე იდგა და კახთა მეფისათვის იგი თავიდანვე არ იყო ხელსაყრელი; მით უფრო, რომ მისი პრეტენდენტი ელიმ-სალტანი პრორუსული ორიენტაციისა იყო და რუსეთს დახმარებასაც კი სთხოვდა შამხლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამასთან მას ყუმიკეთის დიდი ნაწილიც თანაუგრძნობდა. ასე რომ, კახთა მეფე რეალური პოლიტიკოსი იყო და მომავლის თვალსაზრისით მისი არჩევანი მართლაც სწორი ჩანდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საშამხლოზე რუსეთის ლაშქრობისას კახთა მეფე კრიმ - შამხალსაც რომ გულისხმობდა, როგორც საიმედო მოკავშირეს. შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ 1594 წ. საშამხლოზე გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ვტყობილობთ ბორის გოდუნოვის სიგელში ქართველი ელჩებისადმი, სარდალ ანდრეი ხვოროსტინინს პირდაპირ ევალებოდა ტარკის დაპყრობისას და იქიდან შამხლის განდევნისას, ტარკის საშამხლოზე ალექსანდრე კახთა მეფის მძახალი კრიმ-შამხალი და დაესვა და თან გზებიც გაეხსნა თერგსა და ასტრახანში129. თურქეთ - ყირიმხანი ხედავდა, რომ ზასეკინის 1591 წ ლაშქრობა არ დამთავრებულა და რომ იგი მოსკოვის სამეფო კარზე კვლავ დღის წესრიგში იდგა. ამიტომ სულთანი მურად მეორე დაჟინებით მოითხოვდა მოსკოვისაგან ჩრდ.კავკასიაში რუსული ციხე - სიმაგრეების მოთხრას, დონისა და თერგის კაზაკების ალაგმვასა და თურქეთისათვის გზის გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ყირიმის ხანის საშუალებით რუსეთზე თავდასხმას130. ამასვე იმუქრებოდა ყირიმის ხანი ყაზი გირეი სულთან მურადის სახელით მოსკოვისადმი თავის სიგელებში და რუს ელჩებთან საუბარში131. მაგრამ ყველაფერ ამას ამხანად გავლენა არ მოუხდენია მოსკოვის კავკასიურ პოლიტიკაზე, პირიქით, იგი უფრო გაააქტიურა. ამის პრაქტიკული გამოხატულება ის იყო, რომ ქართველთა მეფის მოთხოვნის საბაბით (თავად იორამისა და კირილე არქიმანდრიტის 1592-1593 წწ. ელჩობა მოსკოვში - თ.ბ.) მოსკოვმა კიდევ (51) ერთხელ გადაწყვიტა საშამხლოს დალაშქვრა. 1593 წელს ზაფხულში გადაწყდა აღნიშნული ლაშქრობა, რომლის სარდლად დაინიშნა ანდრია ხვოროსტინინი. ძირითადი მიზანი  ამ ლაშქრობისა იყო ტარკის დაპყრობა, შამხლის განდევნა, მის ადგილზე კრიმ - შამხლის დანიშვნა, თერგ - კახეთ - ასტრახანის გზების გახსნა - უშიშარყოფა132. შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო აგრეთვე ალექსანდრე კახთა მეფესა და ბატონიშვილ გიორგის133. ა.ხვოროსტინინის ლაშქრობა საშამხლოზე შედგა 1594 წ. ა.ხვოროსტინინს ქართველებმა და კრიმ - შამხალმა ვერ მიაშველეს ჯარები და ამან ალბათ გარკვეული როლიც ითამაშა ამ ლაშქრობის საერთო ბედზე. პირველი დიდი წარმატების შემდეგ ა.ხვოროსტინინი იძულებული გახდა დიდი ზარალის გაღებით კვლავ უკან, თერგ - ქალაქში დაბრუნებულიყო134. ზოგიერთი მკვლევარი მარცხის ერთ - ერთ მიზეზს ქართველებისა და კრიმ-შამხლის მხრიდან პირობის დარღვევაში ხედავს135. ნაწილობრივ შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ ამას თითქოს თავისი მიზეზებიც ჰქონდა. თვით ქართველებს მიაჩნდათ, მაგალითად, რომ მათ დიდმა მთებმა შეუშალეს ხელი. ე.ნ.კუშევას უფრო მეტ საფუძვლად ქართველების მონაწილეობის მიუღებლობისა ამ ლაშქრობაში ის მიაჩნია, რომ თურქეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები ძირითადად კახეთთან ახლოს იყო განლაგებული და კახელებიც მას ხარკს უხდიდნენ. ამასთან, დერბენტშიც თურქეთის ფაშა იჯდა. მეორე მხრივ შესაძლებელია, რომ კახთა მეფეზე შაჰ-აბასმაც იმოქმედა, რომელსაც 1594 წ. შამხალმა თხოვნით მიმართა, რათა გამოქომაგებოდა მას136. ასეთ ვითარებაში ქართველებისათვის მართლაც ძნელი უნდა ყოფილიყო საშამხლოზე ჯარების გაგზავნა, ხოლო გეოგრაფიული გარემოს მომიზეზება კი მათთვის ერთადერთ გამოსავლად ჩანდა; ასე რომ 1594 წ.ა. ხვოროსტინინის ლაშქრობა საბოლოოდ მარცხით დამთავრდა და კახეთისათვის საშამხლოს საკითხი ამჯერადაც ღიად დარჩა. 1594 წ. ბოლოს, ა.ხვოროსტინინის ლაშქრობის შემდეგ, ივანე ვსევოლოდსკისთან ერთად მოსკოვში კახთა მეფის ელჩები თავადი იორამი და ჩერქეზი ხურშიტი ჩავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ელჩობისას (52) კახთა მეფე ბორის გოდუნოვს საშამხლოს დაპყრობის გარდა ყაზი-ყუმუხში ციხე - ქალაქის ჩადგმასა და ყუმიკეთზე გამავალი გზის გათავისუფლებასა სთხოვს, რათა კახთა ჯარებს შესაძლებლობა მიეცეთ რუს ჯართან გაერთიანებისა და ამდენად საშამხლოზე ერთობლივი ლაშქრობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კახთა მეფეს რაიმე წარმატების მიღწევა შეუძლებლად მიაჩნია137. კახელთა ამ ელჩობაში ყურადღებას იქცევს ერთი ახალი გარემოება: საქმე ისაა, რომ კახეთი პრინციპში უარზე არ არის და არც თავს არიდებს საშამხლოზე ლაშქრობაში მონაწილეობას, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც თურქეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები მის საზღვართანაა და შაჰიც ქომაგობს შამხალს მისთვის რასაკვირველია არაა ხელსაყრელი ასეთ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება, რადგან იგი უმალვე დაისჯებოდა თურქეთის ან სპარსეთის მიერ; ამიტომ კახთა მეფე ასეთ ლაშქრობაში მონაწილეობისათვის ერთგვარ გარანტიად მოითხოვს რუსული ციხე - ქალაქების კახეთთან ახლოს ჩადგმას, რათა ირანის თავდასხმის შემთხვევაში რუსთაგან ყოფილიყო ზურგმომაგრებული. 1594 წ. საშამხლოზე ლაშქრობისას კახელთა, ასე ვთქვათ, „დაღალატიანების" მიუხედავად, რუსეთის სამეფო კარი მაინცდამაინც არ „განრისხებულა“ კახეთზე და იგი კვლავ ცდილობს გაგებით მოეკიდოს კახელთა ელჩობებს და მის კიდევ მრავალგზის თხოვნას. საშამხლოზე ამ მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ, რუსეთი თვით შეეცადა შამხალთან თავისი ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა138. 1596 წ. დეკემბერში ქართველ ელჩებთან თავად იორამთან და ჩერქეზ ხურშიტთან ერთად საქართველოში რუსი ელჩები პეტრე სავინი და ანდრია პოლუხანოვი ჩამოვიდნენ, რომელთაც ახალი არაფერი არ ჩამოუტანიათ გარდა იმისა, რომ თითქოს შამხალი რუსეთის მეფის ქვეშევრდომობას აპირებდა და ამიერიდან კახეთს მისგან არც რაიმე ნავნები მოუვიდოდა და თერგ - კახეთის გზაც თავისუფალი იქნებოდა. ხოლო თუ ყველაფერი ეს ასე არ მოხდებოდა, მაშინ ბორის გოდუნოვისაგან თერგ - ქალაქის სარდლებს დავალება ჰქონდათ, რათა მათ საშამხლო შეევიწროვებინათ და მორჩილებაში მოეყვანათ139. საქართველოში რუსი ელჩების სავინისა და პოლუხანოვის ყოფნა, რასაკვირველია, შამხალს არ ეპიტნავებოდა, მით უფრო, რომ ყოველ ასეთ ელჩობას ასე თუ ისე მოსდევდა რუსეთ - საშამხლოს ურთიერთობის გამწვავება და რიგ შემთხვევაში კი რუსეთის მხრიდან ლაშქრობაც. ამიტომ იყო, რომ საქართველოდან დაბრუნებულ რუს (53) ელჩებს ხევ - ყაბარდოს გზაზე პირიქით კავკასიაში თერგ - ქალაქის სარდლები გაძლიერებულ რაზმეულებს ახვედრებდნენ, რათა ისინი დაეცვათ შამხლის თავდასხმებისაგან. ბორის გოდუნოვს მისივე ხალხი მოახსენებდა ამ ამბავს, რომ შამხლისაგან ისინი დიდად შევიწროებულნი არიან, რადგან შამხალი საქართველოში მიმავალ გზას არ იძლევაო და ასევე იქიდან თქვენს სახელმწიფოშიო140. 1598 წლისათვის მდგომარეობა ისე ყოფილა გამწვავებული ერთის მხრივ, რუსეთსა და ანტირუსული დასის მოთავეთა სოლოღ ტაფსარუკოვისა და მის თანამოაზრე ყაბარდოელ თავადებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ კი, შამხალსა და რუსეთს შორის, რომ თერგის სარდლები არცთუ უსაფუძვლოდ ელოდნენ შამხლისა და ყუმიკელთა 15 ათასიანი რაზმეულის თავდასხმას ხევ-ყაბარდოს გზაზე141. თერგ - ქალაქის სარდლებმა საქართველოდან გადმოსულ რუს ელჩებს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად 1300 კაციანი რაზმი დაახვედრეს142. 1599 წ ბორის გოდუნოვს მოსკოვში რუსი ელჩების დაგვიანების მიზეზად პირდაპირ მოახსენეს, რომ შამხალმა მათ გზა არ მისცა, და ელჩები შუა გზიდან ორჯერ დაბრუნდნენ, რადგან საზღვარზე გამცილებლები არ დახვდათ და მათ გარეშე კი შეუძლებელი იყო წამოსვლაო143". ბუნებრივია, რომ თურქეთ - ყირიმხანით ზურგმომაგრებული შამხალი უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადადის, კახელები ამ გარემოების შესახებ პირდაპირ ახსენებდნენ პ.სავინსა და ა.პოლუხანოვს. ადრე შამხალი ჩვენი მეფის ალექსანდრეს დამჯერი იყოო, ხოლო მას შემდეგ რაც თურქებმა საქართველოს საზღვრებთან ყიზილბაშებს ქალაქები წაართვეს და თურქ სარდლებს დაუახლოვდნენ, შამხლისგან კახთა მეფესა და მის ქვეყანას დღენიადაგ მოსვენება აღარა აქვსო144. ალექსანდრე კახთა მეფე, როგორც ირკვევა, დროდადრო შამხალს გარკვეულ საჩუქრებსა და მოსაკითხს უგზავნიდა, რათა თავიდან აეცილებინა ხოლმე მოსალოდნელი თავდასხმა. კახელები 1597 წ. იგივე რუს ელჩებს ასე ახსენებდნენ ამ ამბავს: "ალექსანდრე შამხალს მოსასხამს უგზავნის, რათა მან თავის ხალხს კახეთზე სალაშქროდ წასვლა არ უბრძანოსო145". ან კიდევ, „ალექსანდრე მართალია შამხალთან არ მეგობრობს, მაგრამ ძალაუნებურად მოსაკითხს მაინც უგზავნის, (54) რადგან სხვანაირად არ ხერხდება საქმის მოგვარებაო146. ასეთ საჩუქრებსა და "მოსაკითხს" კახთა მეფეები, სხვათა შორის, შემდგომ საუკუნეებშიც უგზავნიდნენ შამხალსა და დაღესტნის ტომთა სხვა ბელადებს. 1598 წლისათვის ყაბარდოში პრორუსული ორიენტაციის დასისათვის მოვლენები დრამატულად წარიმართა. იგი თითქოს შესავალი აღმოჩნდა 1605 წ. საქართველოში დატრიალებული ტრაგედიისა. ამ წლებში თავადმა ყაზი ფშეაფშიუკოვმა მუხანათურად დახოცა თემურყვას შვილები - ძმები მამსტრიუკი და დომანიუკი, მეტად თანმიმდევრული პრორუსული ორიენტაციის დასის მოთავეები. მათი დაღუპვის ძირითად მიზეზად ე.კუშევა მათ რუსული ორიენტაციისადმი ერთგულებას მიიჩნევს147. ყაბარდოში დატრიალებული ტრაგედია ქართველებისათვის უცნობლად არ უნდა დარჩენილიყო, მით უფრო რომ პრორუსული დასის განადგურების შემდეგ იქ ქართველებისათვის ძალზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა: ჯერ ერთი, თერგ-კახეთის გზა საშამხლოს მტრული მოქმედებისა და მის წინააღმდეგ უეფექტო ბრძოლის წყალობით ისევ და ისევ დაკეტილი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ყაბარდოში ანტირუსული ორიენტაციის დასის გამარჯვებით რუსეთთან ურთიერთობისათვის იკეტებოდა მეორე, მაგრამ ამ პერიოდისათვის ერთადერთი ძირითადი გზაც - ხევ - ყაბარდოსი. ეს მით უფრო საგანგაშო იყო, რომ XVI ს. დასასრულისა და XVII საუკუნის დასაწყისში თურქეთ - ყირიმხანსა და ირანს შორის ამიერკავკასიისათვის კვლავ დატრიალდა ახალი, დიდი ომის სუნი. თავისთავად გასაგებია ქართველთა შიში და მათი კვლავ მიმართვა რუსეთის სამეფო კარისადმი. ქართველებს რუსეთის აქტიური ჩარევა მთელი საქართველოსათვის დიდ სარგებლობად მიაჩნდათ მით უფრო, რომ იგი მისი ქრისტიანი მოკავშირე იქნებოდა, რაც თავისთავად უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო საქართველოს მორალური სიმტკიცისათვის მის მძიმე ბრძოლაში148. 1598 წ. სავინსა და პოლუხანოვს კახთა მეფემ მოსკოვში თან თავისი ელჩები თავადი სოლომონი და მდივანი ლევანი გააყოლა. ელჩები მოსკოვში 1599 წ. ივლისში ჩავიდნენ. ქართველების მოთხოვნის პუნქტებს კვლავინდებურად საშამხლოს დაპყრობა და თერგ - კახეთის  გზის გახსნა შეადგენდა149. ყაბარდოში გამწვავებული შინაფეოდალური ომით შექმნილი სიტუაცია ქართველებს არანაკლებ აწუხებდათ, რადგან მასზე ძალზე იყო დამოკიდებული ხევ - ყაბარდოს გზის ბედი და ამდენადვე (55) რუსეთ - საქართველოს ურთიერთობაც. ამიტომ სავსებით გასაგებია თუ ქართველი ელჩები ამ მხრივაც რატომ სთხოვდნენ ქმედით დახმარებას რუსეთს (რუსეთ - ყაბარდოს მთიან რაიონებში ოთხი ციხე - სიმაგრის ჩადგმას)150. ამ მოთხოვნის შესრულება რუსეთის მხრიდან ყაბარდოს დაპყრობას უდრიდა. საქმე ისაა, რომ სწორედ ამხანად, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყაზი ფშეაფშიუკოვმა ვერაგულად მოჰკლა თემურყვას შვილები. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყაბარდოს დიდ მთავრად სწორედ ამავე პერიოდში აირჩიეს სოლოღ ტაპსარუკოვი - ესეც აშკარა ანტირუსული დასის მოთავე. სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო იყო; თერგის ქალაქის სარდლების სიტყვით (1601 წ. 20/X), სწორედ ამავე პერიოდში მთავარი სოლოღი და თავადი ყაზი ერთმანეთში მშვიდობით მორიგებულან, ყველა სხვა ყაბარდოელ თავადებთანაც დაზავებულან და ორივე ერთად ყუმიკელებთანაც შეკრულან, ისე რომ შამხლის ერთი მემკვიდრის სურხაის შვილი მძევლად სოლოღთან ყოფილა, ხოლო მეორე მემკვიდრის ანდეის შვილი კი თავად ყაზისთან151. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შამხალი არცთუ ნაკლებ ქმედით მონაწილეობას მიიღებდა ყაბარდოში პრორუსული ორიენტაციის დასის მოთავეების განადგურების საქმეში. ასე რომ, ქართველთა თხოვნა ხევ - ყაბარდოს გზისა და ყაბარდოში 4 ციხესიმაგრის ჩადგმის თაობაზე არც თუ ისე რეალურ საფუძველს ყოფილა მოკლებული. თერგ-კახეთის გზის ჩაკეტვის პირობებში ხევ - ყაბარდოს გზის ჩაკეტვაც, რასაკვირველია, რეალურად მტრული გარემოცვის რკალის შეკვრას უდრიდა, რის საწინააღმდეგოდაც ასე გააფთრებით იბრძოდა საქართველო. ქართველი ელჩები მოსკოვიდან 1601 წ. შემოდგომაზე წამოვიდნენ მათ თან ბორის გოდუნოვის ელჩებიც ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევი ახლდათ, რომელთაც კახთა მეფისათვის საშამხლოზე სარდალ ივანე რომოდანოვსკ - რიაპოლოვსკის მეთაურობით ლაშქრობისა და თერგ-კახეთის გზის გახსნის ამბავი მოჰქონდათ152. კახთა მეფის თხოვნისადმი ასეთი ენერგიული ზომების მიღება თითქოს გამოწვეული უნდა ყოფილიყო შექმნილი პოლიტიკური ვითარებით, რომელიც რუსეთისათვის არც თუ სახარბიელოდ წარიმართა. ანგარიშგასაწევია აგრეთვე ერთი სხვა დიდი ფაქტორიც. საქმე ისაა, რომ ეს-ეს არის მზადდებოდა თურქეთ - ირანის დიდი ომი. მომავალი (56) ომის პირობებში რუსეთი კარგად მიხვდა კახეთის მნიშვნელობას, მითუმეტეს თუ იგი საშამხლოსაც დაიპყრობდა, თერგ-კახეთის გზას გახსნიდა და კახეთს უშუალოდ გაესაზღვრებოდა. ამხანად ე.ი. XVII ს. დასაწყისისათვის უნდა შემუშავებულიყო ალბათ რუსეთის კავკასიური პოლიტიკის კიდევ ერთი ძირითადი დებულება - კახეთთან მტკიცე კავშირი, რომელიც თავისთავად დაემატა აგრეთვე XVI ს. რუსეთის პოლიტიკის - ყაბარდოსთან მტკიცე კავშირის დებულებას153. ივანე რომოდანოვსკ - რიაპოლოვსკის ლაშქრობა საშამხლო - დაღესტანზე არ შემდგარა. ე.კუშევას მიაჩნია, რომ ამის მიზეზი ან ასტრახანში გაჩენილი ხანძარი იყო, რომელმაც სალაშქროდ განკუთვნილი სასურსათო მარაგი გაანადგურა, ან კიდევ ის გავრცელებული ყალბი ცნობა, რომლის მიხედვით თითქოს ამ დროისათვის კახთა მეფე გარდაცვლილიყო154. ჩვენის აზრით, აქ უფრო სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა რომ ირან - ოსმალეთი 1590 წ. ამასიის ზავის დადების რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ შეუდგა დიდი ომის სამზადისს. ასეთ პირობებში კი კახეთს უდიდესი როლი ენიჭებოდა, რადგან ამიერკავკასიაში მხოლოდ ის იყო რუსეთის პოლიტიკური დასაყრდენი, რომლის საშუალებით რუსეთი აპირებდა მომავალში არა მარტო თურქეთის, არამედ თვით ირანის მეტოქეობას, მიუხედავად იმისა, რომ ირანი მასთან ერთგვარ მოკავშირედაც კი გამოდიოდა თურქეთის წინააღმდეგ. საამისო დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთ - ირანს შორის უკვე კარგა ხანი იყო რაც "მეგობრულ ვითარებაში" ჰქონდა საფუძველი ჩაყრილი 1594-1595, 1598 და 1600 წლებში155. ა.პ.ნოვოსელცევის გამოკვლევით 1602-1603 წლებში რუსეთ - ირანს შორის იმდენად მჭიდრო ურთიერთობა იყო დამყარებული, რომ თითქოს ერთობლივი ოპერაციების ჩატარებაზეც კი იყო მიღწეული ერთგვარი შეთანხმება თურქეთის წინააღმდეგ, კერძოდ რუსეთს მაგალითად დერბენტი უნდა დაელაშქრა156. ასეთ ვითარებაში კახელთა თხოვნა საშამხლოს თაობაზე რამდენადმე პასუხობდა რუსეთის ინტერესებსაც და ეს უკანასკნელიც ადრეულ წლებთან შედარებით ძალზე ჩქარა დათანხმდა ამ ლაშქრობაზე. მაგრამ, როგორც ირკვევა, მოვლენები სასურველად ვერ წარიმართნენ და ბოლოს რუსეთი იძულებლი გახდა დროებით მაინც შეეკავებინა თავი. (57) ჯერ ერთი საშამხლოს დაპყრობა და დერბენტის აღება აშკარად ნიშნავდა თურქეთის წინააღმდეგ ომის თუ არა დიდი ბრძოლის დაწყებასა და ბუნებრივია რომ რუსეთი ამას მოერიდა. მართალია, თ.ტივაძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ რუსეთი კავკასიაში არ ცდილობდაო ოსმალეთთან შეჯახებას157 და იშველიებს ე.კუშევას, მაგრამ რუსეთ -თურქეთის ურთიერთობა XVI ს. მიწურულსა და XVII ს. დასაწყისში იმის საუცხოო მაგალითია, რომ რუსეთი აშკარად ერიდებოდა თურქეთთან ომს. ამიტომ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ნ.ბერძენიშვილს158, ნ.სმირნოვს159, ი.ლურიესა160 და სხვა ისტორიკოსებს რომლებიც თვლიან რომ რუსეთი არ აპირებდა ოსმალეთთან ომის დაწყებას. რუსეთი მართალია მიდიოდა ოსმალეთთან შეჯახებაზე, მაგრამ იგი ომში არ გადაზრდილა. თ.ტივაძე აღნიშნავს დებულების სახით, XVI ს. მიწურულსა და XVII ს.დასაწყისის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ოსმალეთის იმპერიის მიმართ არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ძალზე დამახასიათებელი თავისებურება შეიმჩნევა, ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობდა თავიდან აეცილებინა ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება და ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა ოსმალეთს არ შეეტყო მისი ირანთან და კახეთთან დაკავშირების ამბავი, ხოლო, მეორე მხრივ, იგივე რუსეთის სახელმწიფო აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ოსმალეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლების საკითხზე161. თ.ტივაძის ამ დებულებას ვეთანხმებით მაგრამ აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ მოლაპარაკების წარმოება გაცილებით სხვა რამაა, ვიდრე უშუალოდ თურქეთთან ომზე წასვლა. მეორეც, შაჰ-აბასი არცთუ მაინცდამაინც მოხარული იქნებოდა რუსეთის მიერ საშამხლოსა და დერბენტის დაპყრობით; მით უფრო, რომ ირანი თავისი ძლიერების აშკარა აღმავლობის გზაზე იდგა და ძალის გამოყენებით თუ მოქნილი პოლიტიკით იგი რუსეთს საშუალებას არ მისცემდა "მეგობრობისდა" მიუხედავად ეს აქტი განეხორციელებინა. (58) ვფიქრობთ, რომ 1601 წ. საშამხლოზე ლაშქრობის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზთაგანი რუსეთ-ირანის ურთიერთდამოკიდებულებაც იყოს. ამ მიმართულებით ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ნ.ბერძენიშვილისა და თ.ტივაძის მოსაზრებას, რომ რუსეთმა ამჯერადაც ირანს გაუწია ანგარიში162. საშამხლოს ლაშქრობაზე ხელის აღება გამოწვეული იყო რუსეთისათვის თურქეთისა და ირანის მიერ შექმნილი არახელსაყრელი სიტუაციით; თუმცა, როგორც შემდგომი მოვლენებიდან ირკვევა, ეს დროებითი თავის შეკავება ყოფილა, რამდენადაც მზადდებოდა თურქეთ-ირანის დიდი ომი და რუსეთი თავისი სამხედრო მოქმედებით შეიძლებოდა აშკარა მოკავშირედ გამოსულიყო ირანისა თურქეთის. წინააღმდეგ რუსეთი კი ასეთ აშკარა, თითქმის იურიდიულად გაფორმებულ კავშირს ერიდებოდა, რადგან მას შეეძლო თურქეთ-ყირიმხანის საპასუხო რეაქცია გამოეწვია. ასე რომ, თურქეთ-ირანის ომის დაწყების წინ რასაკვირველია, სჯობდა ფორმალურად მაინც ნეიტრალურ პოზიციებზე დადგომა. მისი ასეთი პოზიცია პრინციპში ხელსაყრელი იყო ირანის და თურქეთისათვისაც. თუმცა ფაქტიურად უპირატესობა მაინც ირანს ეძლეოდა, რამდენადაც ირანისათვის დახმარების დროშით რუსეთს შეეძლო თავისი პოზიციების განმტკიცება დერბენტ-ბაქო-შემახაში; რაკი თურქეთი უკვე საომარ მოქმედებაში იქნებოდა ჩაბმული ირანის წინააღმდეგ, იგი ერთდროულად ვერ გამოვიდოდა რუსეთ - ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ირანიც წინ ვერ აღუდგებოდა რუსეთს მის ბრძოლაში საშამხლო-დაღესტნის წინააღმდეგ ამიტომ ჩვენ შემთხვევით არ გვეჩვენება, რომ თურქეთ - ირანის დიდი ომის დაწყების წინ, რომელიც გამალებით მწიფდებოდა და გარდაუვალიც იყო, რუსეთი შაჰის მიმართ "მეგობრული ურთიერთობის" განწყობის შენარჩუნების მიზნით, საშამხლოსა და კახეთის მხრიდან შაჰის ყმობაზე მაინცდამაინც უარს არ ამბობდა. ეს გარემოება არცთუ უმნიშვნელოა რუსეთ-ირანის ურთიერთობის შესასწავლად. XVI ს. დასასრულისა და XVII ს. დასაწყისის რუსეთ-ირანის ურთიერთობის გარკვევის მთავარ მომენტად გამოდგება კახეთისა და საშამხლოსადმი მათი დამოკიდებულება. საბჭოთა ისტორიკოსთა ერთ ნაწილში რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ რუსეთისა და ირანის პოლიტიკურ-ეკონომიური ურთიერთობა XVI-XVII სს. მიჯნაზე მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ასე, მაგალითად, ა.ნოვოსელცევი, რომელსაც საგანგებოდ აქვს შესწავლილი სწორედ ეს პერიოდი ასკვნის, რომ "რუსეთისა და ირანის მთავრობებს შორის ურთიერთობის გულწრფელობა ამ პერიოდში არ უნდა გაიდეალდეს: (59) ერთიცა და მეორეც პირველ რიგში თავისი ინტერესებიდან გამომდინარეობდნენ. მაგრამ რამდენადაც ამ შემთხვევაში ეს ინტერესები ემთხვეოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ცალკეული შეხლა-შემოხლისა და ყურადღების გამახვილებისა, რაც სავსებით გასაგებია ფეოდალურ სახელმწიფოებს შორის, რუსეთ - ირანის ურთიერთობა მთლიანობაში მეგობრულ საფუძველზე ვითარდებოდა163. თ.ტივაძე, რომელმაც რუსეთ-ირანის ურთიერთობის თითქმის ეს პერიოდი ასევე სპეციალურად შეისწავლა, უდავოდ იზიარებს მას და თავის მხრიდან კიდეც უმატებს, რომ რუსეთისა და ირანის თითქმის ოცწლიანი ურთიერთობა (1587-1606 წწ.) "მეგობრული და კეთილმეზობლური ხასიათის მატარებელი იყო164. სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებთ ამ დებულებას, რადგან იგი არ დასტურდება ამ პერიოდის სწორედ რომ კონკრეტულ-ისტორიული მოვლენებით. ვიდრე ამ საკითხს განვიხილავდეთ, გვინდა აღვნიშნოთ თვით თ.ტივაძის წინააღმდეგობა თავისსავე დებულებასთან. ხსნის რა თავის დებულებას, იგი წერს: "რუსეთისა და ირანის მეგობრული ურთიერთობა არ გამორიცხავდა დიდი და სერიოზული წინააღმდეგობების არსებობას, აშკარად ეს წინააღმდეგობანი არ გამოვლენილა, რასაც თავისი ახსნა გააჩნია, მაგრამ კონფლიქტის გამოუმჟღავნებლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ არარსებობას. ბუნებრივი არც იქნებოდა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო და მათი ინტერესები არ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ამ ფარული წინააღმდეგობის აუცილებელი არსებობით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ირანი რუსეთისათვის ერთიდაიმავე დროს მოკავშირესაც წარმოადგენდა (ოსმალეთისა და ბუხარის წინააღმდეგ ბრძოლაში) და მოწინააღმდეგესაც (კახეთისა და საშამხლოს მიმართ დამოკიდებულების საკითხში)"165. ჩვენის აზრით, თ.ტივაძე ამაში მართალია, მაგრამ აი აქ დაისმის სწორედ მთავარი საკითხი, თუ რამდენად თავსდება ეს ორი მომენტი ირან-რუსეთის თუნდაც არა გაიდეალებულ გულწრფელობაში, მეგობრულ ურთიერთობაში და რაც მთავარია კეთილმეზობლობაში. ცნობილია, რომ თურქეთ - ყირიმხანის გლობალური სტრატეგიის ერთ პირველ მიზანთაგანს შეადგენდა ირანის მორჩილებაში მოყვანა, კავკასიის დაპყრობა - იმიერში ადიღე - ჩერქეზეთი, ყაბარდო და დაღესტანი, ამიერში საქართველო - სომხეთ - აზერბაიჯანი, ხოლო შემდეგ ვოლგა - ასტრახან - კასპიის ზღვის დიდი მაგისტრალით შუა აზიასთან (ბუხარა) მჭიდრო კავშირის დამყარება. ამ მიზნის მისაღწევად თურქეთი (60) არც დიპლომატიურ "ომს" ერიდებოდა და მით უფრო სამხედრო შეიარაღებული ძალებით ბრძოლებს, ლაშქრობებს თუ მრავალწლიან დიდ ომებს. ამასთან იყო პერიოდები, როდესაც მას ერთდროულად უწევდა ხოლმე თითქმის სამ ფრონტზე ბრძოლა - ევროპულ, რუსულ და ირანულზე. ასე რომ, გაძლიერებულ ოსმალეთს ყირიმის სახანოსთან ერთად თავისი მიზნის მისაღწევად მოქმედების უფრო ფართო მასშტაბი ჰქონდა და იგი ამის განხორციელებას უმეტესწილად იარაღით უფრო ცდილობდა, ვიდრე დიპლომატიით. კავკასიისა და შუა აზიის ფრონტზე მთავარ მტრად მას ირანი მიაჩნდა, ხოლო შემდეგ რუსეთი. თავისი ინტერესები გააჩნდათ, რასაკვირველია, რუსეთსა და ირანსაც. ირანის სტრატეგიულ მიზანს შეადგენდა ამიერკავკასიისა და დაღესტნის დაპყრობა, ამით ვოლგა-ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალზე გასვლა და საერთოდ კასპიის ზღვაზე გაბატონება, თურქეთ - ყირიმხანისათვის როგორც ჩრდილო კავკასიის, ისე სამხრეთის გზის გადაკეტვა შუა აზიასთან და ბუხარის სახანოსთან  დასაკავშირებლად. რუსეთის ინტერესებიც ოსმალთა დამარცხების შემდეგ კასპიის ზღვაზე გაბატონებას გულისხმობდა: ვოლგა-ასტრხანის სავაჭრო მაგისტრალზე თავისი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცებასა და შემახა - ბაქო - დარუბანდ - საშამხლო - თერგის ხაზის ხელში ჩაგდებას. როგორც ვხედავთ, ირან-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არანაკლებ პრინციპულად უპირისპირდებოდნენ და ეჯახებოდნენ, ვიდრე ორივე მათი თურქეთ - ყირიმხანისას; გასაგებია რუსეთი და ირანი ერთმანეთთან რატომ მიისწრაფოდნენ სამხედრო - პოლიტიკური კავშირის  დადებისაკენ და რატომ ამყარებდნენ ერთნაირ იმედს ამ კავშირის შექმნაზე; მით უფრო, რომ ირანი "ნებაყოფლობითაც" კი უთმობდა რუსეთს. ბაქო - დერბენტ - შემახას. საქმე ისაა, რომ ამხანად გაძლიერებული თურქეთ - ყირიმხანი რეალურად ახორციელებდა თავის გეგმებს და შეტევაზე გადმოსული არათუ პრაქტიკულად აყენებდა დარტყმებს რუსეთ - ირანის სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ, რაც მთავარია, იგი საკუთრივ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგაც მოქმედებდა. ასე რომ, რუსეთსა და ირანს პირველ რიგში შეძლებისდაგვარად უხდებოდათ თავისი საკუთარი თავის დაცვაც და მომავალ მიზნებზე ზრუნვაც. ამიტომ მოხდა სწორედ რუსეთ - ირანის არანაკლებ მნიშვნელოვან წინააღმდეგობათა გადანაცვლება მეორე პლანზე და პირველზე კი საერთო მტრის თურქეთ - ყირიმხანის წინააღმდეგ მოქმედება. მთავარი იყო ორივესთვის ამ ეტაპზე აქტიურად მოქმედება, თურქეთ - ყირიმხანის დამარცხება ან შესუსტება. თავისთავად ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთ - ირანს შორის იძულებითი "მეგობრული" ურთიერთობა დამყარდა, რადგან პირველი  ამოცანის შესრულება უფრო სისხლხორცეული იყო, ვიდრე მეორის. ამიტომ ირანი, რომელმაც ორი ხანგრძლივი ომი (61) გადაიტანა თურქეთთან (1545-1555 წწ., 1578-1590 წწ.) და რომელიც ემზადებოდა კიდევ მესამე დიდი ომისათვის (1603-1612 წწ.), რუსეთისადმი რამდენადმე დამთმობი აღმოჩნდა, ხოლო ნეიტრალიზაციისათვის კი ბაქო - დერბენტ - შემახას მიმართ მის აქტიურ მოქმედებას, ასე ვთქვათ, "მეგობრულ ვითარებაში" თანხმობით შეხვდა. მით უფრო, ირანის მხრიდან ეს დათმობა ფაქტიურად არარსებული იყო, რადგან თურქეთ - ყირიმხანის გავლენის ქვეშ მოქცეული საშამხლო - დაღესტანი რუსეთს არ მორჩილებდა და, რუსეთს იგი იარაღით უნდა ჩაეგდო ხელთ. რაც შეეხება ბაქო - დერბენტ - შემახას, ისიც ფაქტიურად თურქეთის ხელში იყო და რუსეთისათვის მისი დათმობით ირანი იმხანად არაფერს არ კარგავდა. ასე რომ, რუსეთ - ირანის მეგობრობა, როგორც ვხედავთ, აშკარად იძულებითი და ანგარიშიანი მეგობრობა იყო, მაგრამ რამდენად იყო იგი თუნდაც გაუიდეალებელი, გულწრფელი; მეგობრული და კეთილმეზობლური, ეს მეტად რელიეფურად გამომჟღავნდა მათ ურთიერთობაში. თ.ტივაძის აზრით, საშამხლოსა და კახეთის საკითხებმა მეტად თავისებური ასახვა ჰპოვეს რუსეთისა და ირანის ურთიერთდამოკიდებულებაში, რაც თითქოს იმაში გამოიხატებოდა, რომ ქრისტიანული რუსეთი კახეთის პატრონად აცხადებდა თავს, ხოლო საშამახლოს კი ირანის ქვეშევრდომად ცნობდა; ამასთან, რუსეთი ირანის ქვეშევრდომის საშამხლოსადმი გატარებულ საგარეო პოლიტიკას ირანის პრეტენზიებს უფარდებდა, ხოლო კახეთთან ურთიერთობის დროს კი იგი საჭიროდ არ თვლიდა, ირანისათვის ანგარიში ჩაებარებინა თავისი საქმიანობის შესახებ166. ჩვენის აზრით, რუსეთ - ირანის ასეთი ურთიერთობა კახეთ-საშამხლოსთან დაკავშირებით უფრო ფორმალურ მხარეს წარმოადგენდა, რაც თავისთავად განპირობდა მათ შორის თურქეთ - ყირიმხანის წინააღმდეგ ერთგვარი სამხედრო - პოლიტიკური კავშირის დამყარების აუცილებლობით და რასაც მართლაც არ შეიძლებოდა არ მიეცა მათი ურთიერთობისათვის მოჩვენებითი გულწრფელობის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის იერი. კონკრეტულ - ისტორიული მოვლენების მიხედვით კი, ჩვენის აზრით თავისებურება ის იყო, რომ რუსეთის ხელდებული კახეთი ფაქტიურად შაჰის საყმო ქვეყანას წარმოადგენდა; დროდადრო იგივე კახეთი ასევე ფაქტიურად ხარკს უხდიდა თურქეთის სულთანსაც. ამასთან ერთად, შაჰმა რუსეთის ხელდებული კახეთი ჯერ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითრია, შემდეგ როცა საშუალება მიეცა, რუსეთის ხელდებული ალექსანდრე და მისი შვილი გიორგი კონსტანტინე ბატონიშვილს დაახოცვინა 1605 წ., ხოლო 1614-1616 წწ. (62) კი მთელ კახეთში მეორედ მოსვლის ტრაგედია დაატრიალა. რაც შეეხება საშამხლოს, აქ უფრო სხვა მდგომარეობა იყო. საშამხლო ფაქტიურად არცერთ საყმო ქვეყანას არ წარმოადგენდა. ა.ნოვოსელცევის სამართლიანი შენიშვნით, იგი ლავირებდა რუსეთს, ირანსა და თურქეთ - ყირიმხანს შორის; უპირატესად კი ამ უკანასკნელისკენ უფრო იხრებოდა, რამდენადაც თურქეთი მისგან გეოგრაფიულად შორს იყო. შამხალს სულთნის დახმარებით რუსეთ - ირანისაგან თავის დაღწევის იმედი ჰქონდა. ხოლო რაკი შამხალი ძირეულად იყო დაინტერესებული რუსეთისა და ირანის დასუსტებით, ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობდა ხელი შეეშალა ერთი მხრივ, რუსეთ - ირანის დაახლოებისათვის, და მეორე მხრივ, რუსეთ - კახეთის ურთიერთობისათვისაც167. ასე რომ, რუსეთის მხრივ საშამხლოს ცნობა შაჰის საყმო ქვეყნად სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ რეალურ სწორედ ასე იყო. თუ საშამხლო მაინცადამაინც საერთოდ შეიძლება ფაქტიურად ვინმეს საყმო ქვეყნად ჩაითვალოს, ეს მხოლოდ თურქეთ - ყირიმხანთან დაკავშირებით ითქმის. ამიტომ იყო, რომ საშამხლოს წინააღმდეგ რუსეთის მოქმედება ირანის მხრიდან არათუ წინააღმდეგობას ხვდებოდა, არაედ პირიქით, ირანი ეთანხმებოდა კიდეც მას, რამდენადაც რუსეთი ამით თურქეთ - ყირიმხნს ამიერკავკასიაში და საკუთრივ ირანში შემოსვლის ჩრდილო - კავკასიურ გზას უკეტავდა. რუსეთმა რასაკვირველია ეს იცოდა და ამიტომაც იყო, რომ იგი საშამხლოს მიმართ თავის საგარეო პოლიტიკას ირანს პრინციპში არ უქვემდებარებდა. რუსეთ - ირანის ურთიერთობას XVI ს. დასასრულსა და XVIII ს. დასაწყისში შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს, მაგრამ რაც შეეხება მეგობრულსა და კეთილმეზობლურს, იგი შეგვეძლია მხოლოდ ბრჭყალებში ჩავსვათ, ისე როგორც ამას სავსებით სამართლიანად ხმარობდა ნ.ბერძენიშვილი168. რუსეთსა და ირანს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, არც თუ ისე უმნიშვნელო წინააღმდეგობები ჰქონდათ და ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ისინიც დროისდა მიხედვით საკმაო ძალით იჩენდნენ თავს, რასაც უკვე აშკარად ვეღარ წვდებოდა მათი “მეგობრული ურთიერთობის” საფარველი. მოითქვა სული თუ არა, შაჰ-აბასმა, უმალ თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას შეუდგა. მან კარგად იცოდა რომ კახეთ - ყაბარდო - საშამხლოს ხელში ჩაგდებას კავკასიაში ბატონობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მანაც თავისი პოლიტიკა სწორედ (63) აქეთკენ წარმართა. ფორმალურად როგორც კახეთი, ისე საშამხლო შაჰის ყმები იყვნენ, თუმცა მისგან „ხელწასულნი“, მაგრამ შაჰი ენერგიულად ამოქმედდა მათ დასაბრუნებლად. ახლა ირანისათვის ისეთი დრო არ იყო, რომ მას კახეთ - საშამხლოს ორმაგი ქვეშევრდომობა ეცნო - რუსეთისა და ირანისა კახეთის მიმართ, ხოლო თურქეთ - ყირიმხანისა და ირანისა საშამხლოს მიმართ, როგორც ეს თურქეთ - ირანის 1578-90 წწ. და ამასიის ზავის შემდგომ წლებშიც იყო. რუსეთი ამ ხრივ საქმის კურსში იყო და დროისდა შესაფერისად იძულებული ხდებოდა კახეთ - საშამხლოს მიმართ ეცნო „მეგობრის“ ეს უფლებები; რაც შეეხება ყაბარდოს, აქ სხვა მდგომარეობა სუფევდა. საქმე ისაა, რომ ყაბარდო არც ფორმალურად და არც ფაქტიურად ირანის საყმო ქვეყანას არ წარმოადგენდა. იგი რუსეთის მფარველობა - ქვეშევრდომობაში იყო შესული და პრინციპში მასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ უკვე ამხედრებულ შაჰ-აბასს აღარ ერიდებოდა "მეგობრის" განაწყენებისა და ყაბარდოს მისაკუთრებაც სცადა, რაშიც, როგორც წყაროებიდან ირკვევა, გარკვეული წარმატებებისთვისაც კი მიუღწევია. 1601 წ. 20/X თერგ - ქალაქის სარდლები ა.ხილკოვი და ვ.სჩეტინი ბორის გოდუნოვს ატყობინებდნენ, რომ ყაბარდოს დიდი მთავარი სოლოღ ტაპსარუკოვი, თავადი ყაზი ფშეფშიუკოვი და მრავალი სხვა ყაბარდოელი თავადი რუსეთს განდგომიან, შამხალთან  შეკრულან და შაჰ-აბასთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გაუბამთ. ასე, მაგალითად, სპარსელი ვაჭრის, მუბიბ უსეინოვის ცნობით, მიმდინარე ზაფხულში (1601 წ.) სოლოღ ტაპსარუკოვს თავისი აზნაური გაუგზავნია შაჰ-აბასთან, რათა შაჰი მას მიდგომოდა და ამავე დროს ეთავდება რუსეთის ხელმწიფის წინაშე, თერგის ციხე-ქალაქში მძევლად მყოფი მისი შვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლების საქმეში169. შაჰი, როგორც ჩანს, დათანხმებულა, რადგან სარდლებისავე სიტყვით, მან გაგზავნა თავისი ელჩი რუსეთის სამეფო კარზე170.  ბუნებრივია, რომ შაჰ-აბასი, ასეთ ბედნიერ შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან. საშამხლოს და ყაბარდოს კავშირი, რომლის დამყარებაში ალბათ დიდი წვლილი შეიტანეს შაჰის აგენტებმა, სრულიად შესაძლებელია, რომ გულისხმობდეს მათ კავშირს კახეთთანაც, რამდენადაც კახეთი ამხანად, მიუხედავად რუსეთის "ხელდებულობისა", კვლავ შაჰთან იყო მისული. თუ  მართლაც ეს ასე იყო, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული ”სამკუთხედის“ ხელში ჩაგდებისას შაჰს, დროებითი წარმატებისთვის მაინც მიუღწევია. შაჰ–აბასის მიერ. ამ "სამკუთხედის" თურქეთის წინააღმდეგ დიდ ომში გამოყენების ცდამ, როგორც ჩანს, ძალთა გარკვეული გადაჯგუფება (64) გამოიწვია ყაბარდო-კახეთ–საშამხლოში არსებულ პოლიტიკურ დასებში. ასე მაგალითად, 1602-1603 წწ. მოსკოვში ქვეშევდრომად მიღების თხოვნით ჩამოვიდნენ შამხლის შვილის კაფირყუმუხი მფლობელის ანდიას ელჩი ატაი, შამხლის მეორე შვილის სურხაის ელჩი იბრაჰიმი და ენდერის მფლობელი შამხლის მესამე შვილის სულთან მაჰომედის ელჩი დერმიში171. შამხალი და მისი შვილები, როგორც ჩანს, სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციისა იყვნენ. 1603 წ. შამხლის შვილებს არც ქართველები ჩამოუვარდნენ და მოსკოვში დაბრუნებულ რუს ელჩებს ივანე ნაშჩოკინსა და ივანე ლეონტიევს კახეთიდან კირილე ქსანტოპული და მდივანი საბა გააყოლეს172. ქართველებმა მოსკოვს ამჯერადაც საშამხლოს დალაშქვრა მოსთხოვეს, ხოლო დაღესტანში სამხედრო მოქმედების სრული წარმატებისათვის კი ტარკსა, ტუზლუკსა (ბუზლუკი) და ბოინაკში ციხე-სიმაგრეების ჩადგმა; მათი აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ყუმიკეთის, კაიტაღის და ყველა სხვა მთიელთა მეფის მორჩილებაში მოყვანა173. ქართველები, როგორც ჩანს, ძალზე კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი დაღესტნის ამ ადგილების სამხედრო - სტრატეგიულ და ეკონომიურ მნიშვნელობაში, რადგან მათი აზრით აქ ციხე - სიმაგრეების ჩადგმით შეეძლო მხოლოდ რუსეთს არათუ მთელ დაღესტანზე კონტროლის გაწევა, არამედ ასეთივე კონტროლის დაწესება, ერთი მხრივ, ტარკიდან დერბენტ - ბაქო - შემახაში მიმავალ, ხოლო, მეორე, მხრივ კი, ტარკიდან საქართველოში მიმავალ გზებზე, რამდენადაც ყველა ისინი სწორედ ამ ქალაქებზე გადიოდნენ174. ასე რომ, წარმატების შემთხვევაში რუსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა თერგ - ტარკ - დერზენტ - ბაქო - შემახასა და თერგ-კახეთის გზები, რაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც საკუთრივ რუსეთისათვის, ისე საქართველოსთვისაც. ქართველები ამასთანავე დასძენდნენ, რომ საშამხლოზე ლაშქრობისას ყაბარდოელებიც მიიღებდნენ მონაწილეობას175. რუსეთის სამეფო კარმა ქართველ ელჩებს პირდაპირ განუცხადა, რომ იგი ალექსანდრე მეფის თხოვნას აკმაყოფილებდა, ი.ბუტურლინის მეთაურობით დიდ ჯარს აგზავნიდა შამხალზე სალაშქროდ და რომ მასთან ერთად იქ ქალაქების ჩადგმასაც აპირებდა176. (65) ქართველ ელჩთა მოსკოვში ყოფნისას (1603-1604 წწ.) მოხდა ერთი მეტად საყურადღებო მოვლენა, რომელსაც საგრძნობი კორექტურა შეაქვს რუსეთ - ირანის, რუსეთ - კახეთის, კახეთ - საშამხალოსა და საშამხლო - ირანის ურთიერთობებში. საქმე ისაა, რომ 1603 წ. ივნისში, კახთა ელჩების საქართველოდან გამგზავრებიდან 1604 წ. მარტამდე (ალექსანდრე კახთა მეფის მიერ თერგ - ქალაქში სარდლებისადმი წერილის გაგზავნამდე. - თ.ბ.) როგორც ირკვევა, კახეთ - საშამხლო დაზავებულან და ამას სათანადო გაფორმებაც მიუღია. ასე, მაგალითად, 1604 წ. მარტში კახთა მეფე თერგის სარდლებს ნიკიფორე ტრახანიოტოვსა და ვლადიმერ მოსალსკის საგანგებოდ ატყობინებდა, რომ ახლა მას ლეკებთან და შამხლის ხალხთან ერთად ყოფნის და საერთო მტრის წინააღმდეგ გამოსვლის პირობა აქვს დადებული; რომ ლეკები და შამხალი თავს უკრავენ დიდ ხელმწიფესა და თან საუკუნო ქვეშევრდომობაში აყვანასა სთხოვენ177. ალექსანდრე კახთა მეფის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, როდესაც მისი ელჩები მოსკოვში, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საშამხლოს დაპყრობასა და დაღესტანში დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ციხესიმაგრეების ჩადგმას მოითხოვდნენ, რასაკვირველია, არც თუ ისე უმნიშვნელო გარემოებებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია საკუთრივ თვით საშამხლო - კახეთის ასეთი მორიგება; ვფიქრობთ, რომ საშამხლო - კახეთის ამ მორიგებაში შაჰ-აბასის ხელი უნდა ერიოს. ამხანად ირანთან დაახლოებული საშამხლოს დაპყრობა რუსეთის მიერ რასაკვირველია, შაჰისათვის არ იყო ხელსაყრელი და მანაც, როგორც ჩანს, საშამხლოზე ამ ლაშქრობის მოშლა რუსეთის კარზე მუდამ მომჩივანი კახეთის საშუალებით სცადა, მაგრამ შაჰის ამ სურვილს ერთდროულად დაუპირისპირდა რუსეთ - თურქეთის ინტერესები და საკუთრივ საშამხლოსიც. საქმე ისაა, რომ შამხალმა რაკი ირან - კახეთი, პირველი რუსეთის "მეგობარი", ხოლო მეორე იგივე რუსეთის ხელდებული ან, თუნდაც ირანის ყმა, ვერ გამოიყენა მასზე სალაშქროდ გამზადებული რუსეთის შესაჩერებლად, მან დახმარებისათვის ისევ თურქეთ - ყირიმხანს მიმართა, რომელმაც არ დააყოვნა და მასთან მისულ შამხალთან ერთად კახეთის დაპყრობის დიდი საბრძოლო გეგმა შეიმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ კახეთი ამხანად რუსეთის ფორმალური ხელდებული და ირანის ფაქტიური ყმა იყო.

--------------------------------------------------------------------------------

129 С.А.Белокуров, Ук. соч.

130 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.68; С.А.Белокуров, Сношения..., стр. СXIX; Н.А.Смирнов, დასახ. ნაშრ., стр.140-148.

131 Крымские дела, кн.18, лл.234-238 об., 253 об.- 254 об., кн.19, лл.. об.-312, кн.20 лл.18, 24 об.-25; кн.21, л.281.

132 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.257.

133 იქვე, გვ.257, 260-261, 263.

134 ПСРЛ, т.XIV, I пол., стр.45-46; С.А.Белокуров, Сношения..., стр.266.

135 Е.Н.Кушева, Народы..., 283.

136 Н.И.Веселовский, т.I. III, 264, 273, 276, 286, 302, 317, 322. A.П.Новосельцев, Ук. соч., გვ.455, 457; Е.Н.Кушева, გვ.283.

137 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.264, 267.

138 Н.И.Веселовский, Ук. соч., т.II, стр.44.

139 С.А.Белокуров, Сношения..., стр.274-275, 277, 282.

140 С.А.Белокуров, Сношения..., стр.318.

141 იქვე, გვ.292-29 3,350; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.44.

142 С.А.Белокуров, Сношения..., стр.291, 350.

143 იქვე, გვ.318.

144 იქვე, გვ.350.

145 იქვე, გვ.302.

146 С.А.Белокуров, Сношения..., стр.303.

147 Е.Н.Кушева, Народы..., стр.285.

148 ნ.ბერძენიშვილი, მასალები, ნაკვ.I, 1944, გვ.79.

149 С.А.Белокуров, Сношения..., стр.319, 321, 324.

150 С.А.Белокуров, Сношения..., стр.324, 337.

151 იქვე, გვ.350.

152 იქვე, გვ.330, 336-337, 353.

153 Н.А.Смирнов, Политика России... стр.47.

154 Е.Н.Кушева, Народы..., стр.286; С.А.Белокуров, Сношения..., стр.430.

155 Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.44, 28-141; მისივე, т.I, გვ.287, 298-299, 352-371.

156 А.П.Новосельцев, Русско-иранские политические отношения во 2-й половине XVI в. "Международные связи России до XVII в.", М., 1961, стр.456.

157 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.211-212; Е.Н.Кушева, Народы..., стр.290.

158 ნ.ბერძენიშვილი, მასალები.., ნაკ.I, 1944, გვ.35.

159 Н.А.Смирнов, Россия и Турция в XVI-XVII в. "Учёные записки", т.I, М., 1961, стр.441.

160 Я.Лурье, Русско-английские отношения и международная политика второй половины XVI в. "Международные связи России до XVII в.", М., 1961, стр.441.

161 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.211

162 ნ.ბერძენიშვილი, მასალები.., ნაკ.I, 1944, გვ.84-85, 88; თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.195.

163 А.П.Новосельцев, Русско-иранские..., стр.455.

164 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.206.

165 იქვე, გვ.206-207.

166 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.208-209.

167 А.П.Новосельцев, Русско-иранские..., стр.456-457.

168 ნ.ბერძენიშვილი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.., მასალები, ნაკვ.I, 1944.

169 С.А.Белокуров, Сношения..., стр.350.

170 იქვე, 412.

171 С.А.Белокуров, Сношения..., стр.364-374; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.2, 4, 22, 27, 53.

172 იქვე, გვ.372.

173 იქვე, გვ.391, 395, 400-401, 402.

174 С.А.Белокуров, Сношения..., стр.401, 405.

175 იქვე, გვ.405

176 იქვე, გვ.402, 412.

177 С.А.Белокуров, Сношения..., стр.412.