topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი II)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან

თბილისი - 1968

ნაწილი II

<<დასაწყისი (ნაწილი I)...

(32) მთავარი საფუძველი საქართველოს, განსაკუთრებით კახეთის მიმართ შამხლის სამტრო განწყობილებისა ის იყო, რომ თურქეთ – ყირიმხანის ხელშეწყობით მას სურდა ეს მდიდარი საქრისტიანო ქვეყანა მთიელებისათვის ტყვეებისა და სხვა საშოვრის დაუშრეტელ წყაროდ ექცია43. საშამხლოს მსგავსი მიზნები გააჩნდა ყაბარდოსადმი გარდა იმისა, რომ ყაებარდო მას ჩრდილო კავკასიაში ბატონობისათვის ეცილებოდა. თვით ყაბარდო თავისთავად წარმოადგენდა ნოყიერი საძოვრებით მეტად მდიდარ მხარეს, რომელიც არანაკლებ მიმზიდველი იყო დაღესტნის მესაქონლეობრივი მეურნეობისათვის. ყაბარდო ამასთანავე საკმაოდ „მდიდარი“ იყო აგრეთვე ტყვე - მონებითაც. ასე რომ, საშამხლო-დაღესტნის საკითხი საქართველო - ყაბარდოს დაახლოების ერთი ძირითადი მიზეზთაგანი იყო. ყაბარღო და კახეთი უფრო ძლიერ  ფეოდალურ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ ვიდრე საშამხლო, ამიტომ საშამხლო კახეთ-ყაბარდოს მიმართ აშკარად ერიდებოდა ომს. იგი უმეტეს წილად კმაყოფილდებოდა სერიული, ქურდული, პატარა თავდასხმებით. ასეთ დაძაბულ მდგომარეობას კახეთ - საშამხლოს შორის უდიდესი ზიანი მოჰქონდა ვაჭრობისათვის, რადგან იკეტებოდა ძირითადი სავაჭრო - სამიმოსვლო გზა კახეთიდან თერგსა და ასტრახანზე. ამის გამო ფეოდალური კახეთი, XVI ს. საქართველოს ყველაზე უფრო დაწინაურებული მხარე, განსაკუთრებული სიძნელის წინაშე აღმოჩნდა. საშამხლოს წინააღმდეგ უნდა გამოძებნილიყო მოკავშირე, რომელიც კახეთის მსგავსად სისხლხორცეულად იქნებოდა დაინტერესებული და ერთობლივი მოქმედებისათვის ძალ - ღონეს არ დაიშურებდა. ასეთი კი სწორედ ყაბარდო იყო. 1557 წ. ყაბარდოელთა დიდი ელჩობა მოსკოვში და მათი განცხადება, რომ მათთან „ერთი ფიცითა და პირობით შეკრულნი არიან ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა", ზემოთ მოყვანილი მოსაზრების ფაქტობრივი დადასტურება უნდა იყოს. მოსკოვისადმი მიმართულ თხოვნაში მკაფიოდ ჩანს ორივე მხარის საერთო ინტერესები44. ყაბარდოელთა და ქართველთა ეს მოქმედება, რასაკვირველია, საშამხლო - დაღესტნის ყურადღებას არ შეიძლებოდა გამოპარვოდა, რამდენადაც იგი მის წინააღმდეგ რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს ბლოკს გულისხმობდა, რაც, რასაკვირველია, მისთვის არ იყო ხელსაყრელი. ჯერ ერთი, აღნიშნული ბლოკი ბარიერად იმართებოდა ამხანად დაახლოებულ თურქეთ - ყირიმხანსა და საშამხლო - დაღესტანს შორის; მეორე (33) - აშკარად აძლიერებდა მის მეტოქეებსა და მეზობლებს - საქართველო - ყაბარდოსა და მესამე, ამ ბლოკს არ შეიძლებოდა არ ემოქმედა საშამხლოს ეკონომიურ ინტერესებზე, მის ვაჭრობაზე ვოლგა-ასტრახანის დიდ მაგისტრალზე. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ 1557 წელსვე მოსკოვს ჩამოსული საშამხლოს ელჩებიც, მეფეს უპირველეს ყოვლისა მფარველობაში მიღებასა და ასტრახანში თავიანთი ვაჭრების თავისუფლად მიმოსვლის ნებართვას თხოვენ45. საშამხლოს ამ თხოვნაში აშკარად ჩანს მისი დაინტერესება ვოლგა - ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალით და ბუნებრივია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა მასზე; არა და ასტრახანი ამხანად უკვე ერთ მძლავრ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა კასპიის ზღვის სანაპიროზე, სადაც ასტრახანის სარდლების სიტყვით, მრავლად მოდიოდნენ ყოველგვარი საქონლით შემახიიდან, დერბენტიდან საშამხლოდან, ტიუმენიდან გურგენჯიდან; ზარაიჩიკიდან და სხვა ადგილებიდან46. მოდიოდა ტყავი და ტყავეული, ხისა და ლითონის ჭურჭლეული, ლაგამ - აღვირ - უნაგირი, დანები, პური, ხორცეული, სხვადასხვა საკვები პროდუქტები და მრავალი ათასი წვრილმანი47. ასე რომ, შამხალი ასტრახანთან ურთიერთობის გაწყვეტას ასე იოლად ვერ შეელეოდა და ამდენადვე რასაკვირველია გასაგებია მისი ელჩობაც მოსკოვის სამეფო კარზე. 1558-1567 წწ. ყაბარდო - საშამხლო - დაღესტნის ურთიერთობა ძალზე დაძაბულია. ბუგუდაი შამხალი ყაბარდოს დიდი მთავრის თემურყვას მოქიშპე ფშეაფშუკი კაიტუკინის დახმარებით რამდენჯერმე ლაშქრობს ყაბარდოში და ამარცხებს თემურყვას. ყაბარდო - საშამხლოს კონფლიქტში ივანე IV აშკარად ყაბარდოს მხარეზეა და მის დასახმარებლად დიდი რაოდენობის ჯარებსაც გზავსის, მიუხედავად იმისა, რომ ამხანადვე შამხალიც თხოვდა მას დახმარებას ყაბარდოელთა წინააღმდეგ; საერთოდ ამ მიზნით ყაბარდოში ექვსჯერ ჩამოვიდა რუსული ელჩობა და ოთხჯერ კი სამხედრო დახმარება. მეტიც, თემურყვას თხოვნით ასტრახანის სარდალმა ი.ჩერემისინოვმა ერთხელ თვით საშამხლოც დალაშქრა48. (34) რუსეთის მხრიდან თემურყვასადმი სამხედრო დახმარებათა შორის ყურადღებას იპყრობს გ.პლეშჩევისა და გ.ვრასკის 1563 წ. სამხედრო ექსპედიცია. სარდლებმა ყაბარდოში კაიტუკინის მამულების დარბევის შემდეგ აიღეს ნაწილი თაგაურის ოსეთისა და აგრეთვე "მშანსკიე" და "სონსკიე კაბაკი"49, რომლებიც, როგორც წყაროების შეჯერებიდან ვიცით, თავისთავში აუცილებლად გულისხმობდა საქართველო - ყაბარდოს სასაზღვრო რაიონებში მდებარე არაგვის საერისთავოს რომელიმე ნაწილს50. ის ფაქტი, რომ ფშეაფშუკო კაიტუკინს გარდა საკუთრივ ყაბარდოული მამულებისა დაულაშქრეს აგრეთვე მის ბატონობაში მოქცეული არაყაბარდოული ტერიტორიებიც - "ტატსკიე ზემლი“, "მშანსკიე“ და „სონსკიე კაბაკი“ ანუ თაგაურის ოსეთისა და არაგვის საერითავოს ნაწილი, მიგვანიშნებს, რომ ბუგუდაი შამხლის მოკავშირე ფშეაფშუკო კაიტუკინს ხევ-ყაბარდოს გზა ჩაკეტილი ჰქონია. ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ე.კუშევას აზრს, რომ ყაბარდოში 1562-1563 წწ. სამხედრო ექსპედიციების ერთ მთავარ მიზანთაგანს, საქართველოსთან ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებით ურთიერთობის უზრუველყოფაც შეადგენდა51. საამისო საფუძველს, თითქოს მოვლენების ლოგიკური განვითარებაც იძლევა. ასე, მაგალითად, 1563 წ. აპრილში შემახიაში შეხვედრას უშუალოდ მოსდევს ამავე წლის ზაფხულ - შემოდგომაზე (ოქტომბრამდე - თ.ბ.) პლეშჩევისა და ვრასკის ლაშქრობა ფშეაფშუკო კაიტეკინზე. ამავე წელსვე გამგზავრებულა მოსკოვში, როგორც ჩანს, ლევან კახთა მეფის ელჩობა, რომელიც უკან მხოლოდ 1564 წ. ნოემბერში გამობრუნებულა თხოვნადაკმაყოფილებული. ის ფაქტიც, რომ უკანდაბრუნებული ქართველთა ელჩობა საქართველოში ყაბარდოზე გამოვლით52 მოდის, თავისთავადაც მრავლისმეტყველია. ელჩობა კი როგორც ვიცით, დამთავრდა იმით, რომ ივანე IV ლევან კახთა მეფეს მფარველობა შესთავაზა და ჯარიც მისცა კახეთის ციხეებში ჩასაყენებლად53. (35) ყაბარდო - საქართველოს დაახლოებამ და რუსული რაზმების გამოჩენამ ორივე ქვეყანაში, რასაკვირველია, სათანადო რეაქცია გამოიწვია, ერთი მხრივ, თვით ყაბარდოს ანტირუსულ დაჯგუფებაში, ხოლო მეორე მხრივ, საშამხლო - დაღესტანში. ის ფაქტი, რომ 1565 წ. თემურყვასთან ყაბარდოში ხელმეორედ გამოიგზავნა რუსული რაზმები დაშკოვისა და რჟევსკის სარდლობით, რომლებმაც 1566 წ. ზაფხულში კვლავ დაარბიეს ფშეაფშუკო კაიტუკინის მამულები54 და რომ ზუსტად ამავე წლის ზაფხულში ყაბარდოში დაიღუპნენ ბუგუდაი შამხალი და მისი ძმები, კაიტუკინის დასახმარებლად მოწყობილი ლაშქრობისას, თითქოს ეჭვს არ უნდა ტოვებდეს შამხლისა და ფშეაფშუკოს სამხედრო - შეიარაღებული ძალების ერთობლივ მოქმედებაზე საქართველო - ყაბარდოს ბლოკის წინააღმდეგ. მოსკოვის აშკარა და გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველო - ყაბარდოსადმი55, რასაკვირველია, თავისი გამართლება ჰქონდა. საქმე ისაა, რომ 50-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა ვერ შესძლო განეხორციელებინა თავისი ფართო შეტევითი გეგმები ყირიმის სახანოს წინააღმდეგ. ამ ფაქტორმა გამოიწვია საკუთრივ მისი საყრდენი პოზიციების თითქმის დაკარგვა ჩრდილო კავკასიაში, ერთი მხრივ, ადიღე - ჩერქეზეთში, ხოლო, მეორე მხრივ, ნოღაეთში56. ბუნებრივია, ამ გარემოებამ უფრო გაააქტიურა თურქეთ - ყირიმ - ხანი და საშამხლო. რუსეთს ამჯერად ჩრდ.კავკასიაში ერთადერთ დასაყრდენად მხოლოდ ყაბარდო დარჩა, ხოლო როდესაც ამ უკანასკნელს საქართველოც შეუერთდა, ჯერ 1557 წ ყაბარდოელებთან „ერთი ფიცითა და პირობით შეკრულობის“ საფუძველზე, ხოლო 1563 წ. კი ყაბარდოელებისაგან დამოუკიდებლივადაც, რასაკვირველია, კავკასიაში რუსეთისათვის ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არ იყო და ისიც თავისთავად ცხადია, ყველა საშუალებებით შეეცადა მტკიცედ დაეცვა თავისი ეს უკანასკნელი პოზიციები. საქმე იქამდისაც კი მივიდა, რომ რუსეთის სამეფო კარი აშკარა პოლიტიკური მოსაზრებებით დაუნათესავდა ყაბარდოს დიდი მთავრის თემურყვას ოჯახს. 1561 წ. ივანე IV ცოლად შეირთო თემურყვას ქალიშვილი კუჩენეი, რომელსაც ქრისტიანობის მიღების შემდეგ მარია ეწოდა57. რაკი საქართველო - ყაბარდოს ურთიერთკავშირი გამოწვეული იყო საშამხლო - დაღესტნის აგრესიული მოქმედებით, და ამ უკანასკნელის გამოც იყო აგრეთვე მათი რუსეთთან ურთიერთობა განპირობებული, ბუნებრივია, რომ (36) ასეთ სიტუაციაში მოხვედრილმა რუსეთმა, მხარი უფრო ყაბარდო - საქართველოს დაუჭირა, ვიდრე საშამხლოს, მიუხედავად, მისი მხრიდანაც მფარველობა - ხელდებულებაზე - დაფიცებისა. რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს დაახლოების ერთ-ერთი ფაქტორი ერთმორწმუნეობაც იყო (ქრისტიანული), რომელიც ფეოდალურად განვითარებული ქვეყნებისათვის ერთგვარ "იდეოლოგიურ" ერთიანობას წარმოადგენდა და თავის მხრივ რამდენადმე ამტკიცებდა კიდეც ამ ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ - ეკონომიურ და კულტურულ ურთიერთობას; მით უფრო, რომ თურქეთ - ყირიმხანი, ირანი და საშამხლო - დაღესტანი საქართველო - ყაბარდოს მიმართ აშკარად ეწეოდნენ ე.წ. "ჰაზავატს" ანუ საღმრთო ომს - ბრძოლას, ასე ვთქვათ, ურწმუნოების წინააღმდეგ. რელიგიურ საბურველში გახვეული ეს ძალმომრეობა ტყვე-მონებისა თუ სხვა საშოვრის მოსაპოვებლად, რამდენადმე მართლდებოდა კიდეც. ამის ერთი კონკრეტული ფაქტია, ყაბარდოში 1566 წ ლაშქრობისას დაღუპული ბუგუდაი შამხლისა და მისი ძმების საფლავის ქვა ტარკში, რაზეც გარკვევით აწერია, რომ ისინი დაიდუპნენ როგორც შაგიდები, ანუ დაიღუპნენ რწმენისათვის ბრძოლაში58. ნიშანდობლივია თეიმურაზ ბატონიშვილის შენიშვნაც "არაბ მოლათა" საქმიანობის შესახებ დაღესტანში, რომლებიც ლეკებს „ასწავლიდნენ... ქრისტიანობათა მტერობასა სამოთხესა შემყვანებლად."59. რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს ბლოკის თურქეთ - ყირიმხანისა და მათ გავლენაში მოქცეულ საშამხლოზე აშკარა გამარჯვება იყო მდ.თერგისა და მდ.სუნჯის შესაყართან 1567 წ. თერგის ციხე - ქალაქის აგება, რომლის ინიციატორიც ყაბარდო იყო60. თერგის ციხე - ქალაქმა თავისი ბრწყინვალე სტრატეგიული მდებარეობით უშუალო კონტროლს დაუქვემდებარა თურქეთ - ყირიმხანისათვის ჩრდილო კავკასიის მაგისტრალური გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ61 და, პირიქით, მათი აგრესიისათვის გადაიქცა იგი დამაბრკოლებელ ზღუდედ ჩრდ.კავკასიაში. თურქეთ - ყირიმხანი ამ აქტს ძალზე მტრულად შეხვდა. მათ უმალ იგრძნეს საშიშროება ყაბარდო - საშამხლოს დაკარგვისა, რომლებიც ყირიმის ხანის სიტყვით, თურქეთის სულთნის ქვეშევრდომები და მასთან ერთად ერთი მუსლიმანური სარწმუნოებისანი იყვნენ62. მდგომარეობა დაიძაბა და გამწვავდა. პირველი ნაბიჯი, როგორც მოსალოდნელი იყო, (37) საშამხლომ გადადგა. 1567 წ. შამხალი ივანე IV-ს თავის ელჩს სეტიკიმალდეშას უგზავნის ძვირფასი საჩუქრებით და მას მფარველობაში მიღებას თხოვს. თურქეთ - ყირიმხანის "დიპლომატიურმა ბრძოლამ" ამ "ახალი ქალაქის" თაობაზეც63 და ამასთან ერთად 1569 წ. სულთან სულეიმანის მიერ ასტრახანზე ლაშქრობამ, მიუხედავად მისი მარცხიანი ბედისა, რუსეთი, რომელიც 70-80-იან წლებში საგარეო და საშინაო გართულებებში მოჰყვა, იძულებული გახადა ხელმეორედ აღდგენილ - აშენებული თერგის ციხე - ქალაქი ჯერ 1571 წ., ხოლო შემდეგ 1578-1579 წწ. კვლავ მოეთხარა. 1574 წ. გარდაიცვალა ლევან კახთა მეფე და კახეთის სამეფო ტახტი დაიკავა ბრწყინვალე ქართველმა პოლიტიკოსმა, ალექსანდრემ, რომელსაც განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში მოუხდა მოღვაწეობა. XVI ს. ბოლო მეოთხედში კავკასიის ხალხები ისტორიულ მოვლენათა დაძაბულობის ახალ ბრუნვაში მოხვდნენ. თურქეთის ახალმა სულთანმა მურად III (1574-1590 წწ.) ისარგებლა რა თავისი საუკუნოებრივი მეტოქის - სეფევიდების ირანის შესუსტებით, ახალი ძალით შეეცადა ამიერკავკასიის ხელში ჩაგდებას. დაიწყო თურქეთ-ირანის დიდი და ხანგრძლივი ომი 1578 - 1590 წწ. რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 1578 წ. გაზაფხულზე თურქეთის ასი ათასიანი არმია მუსტაფა ლალა - ფაშას სარდლობით საქართველოს გზით დაიძრა ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად. საქართველოს დალაშქვრის შემდეგ ამავე წელს მან აიღო შემახა და დერბენტი64. შარვანის მმართველად სულთანმა ოსმან ფაშა დანიშნა. 1582 წლისათვის თურქეთმა მართალია მიაღწია თითქმის მთელი ამიერკავკასიის დაპყრობას, მაგრამ მისი ბატონობა არც თუ მყარი იყო ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების დაუცხრომელი ბრძოლის გამო. ასე, მაგალითად, 1582 წ. დასაწყისში შარვანის მმართველად დაყენებული ოსმან-ფაშა სპარსელების მოწოლისა და შარვანელთა აჯანყების შედეგად იძულებული იყო შამახა დაეტოვებინა და დერბენტში გაქცეულიყო65. მურად III უმალ გადამჭრელი ღონისძიებები მიიღო. 1582 წ. მისი ბრძანებით ყირიმის სახანოდან ოსმან ფაშას მისაშველებლად დაიძრა ყირიმის ხანი მუჰამედ - გირეი და კაფას ბეგლარბეგი ჯაფარ - ფაშა 3000 იანიჩრით66. (38) ყირიმის ხანი, როგორც წყაროებიდან ირკვეეა, ლაშქრობას ჩამოცილებია67 და მარტო ჯაფარ - ფაშას მოუწია ოსმან ფაშასთან ჩასვლა. ამ ლაშქრობამ კავკასიის ხალხებში დიდი შიში გამოიწვია. ი.ფეჩევის ცნობით: "შამხალი და დაღესტნის სხვა მელიქები და საქართველოს თავადები ერთმანეთს დაუკავშირდნენ.... ვიდრე ესენი შირვანის ქვეყნის შემდეგ ჩვენს სამემკვიდრეო სამფლობელომდე მოვიდოდნენ თუ ჩვენ დროულად თადარიგი არ დავიჭირეთ. ეჭვი არ არის, რომ მათგან აოხრება ჩვენც არ აგვცდება. შემდეგ ყველა შეთანხმდა და განჯის ხანს იმამ - ყული ხანს წერილი მისწერეს და აცნობეს... შევკავშირდეთ სასწრაფოდ და ესენი მოვსპოთ, თუ არა ერთ - ორ წელიწადს კიდევ ასე თუ გაგრძელდა, ესენი ჩვენ ბოლოს მოგვიღებენ"68. განჯის ხანმა ასეთი ბლოკის შეკვრაზე შაჰს მისწერა, რომელმაც მას მხარი დაუჭირა და „უყოყმანოდ თვითონ აიღო მთავარსარდლობა“. ჯარის შეკრებისას გაირკვა, რომ "როცა მათ საქართველოსა და დაღესტნის ჯარები შეუერთდებოდა ძალიან დიდი ლაშქარი შედგებოდა"69. ასეთი კოალიციის შექმნისდა მიუხედავად, ოსმალებმა ოსმან ფაშას სარდლობით მაინც შეძლეს 1583 წ. მაისში მდ.სამურზე ამ გაერთიანებული ჯარების დამარცხება70. 1584 წ ოსმალებმა აიღეს ბაქო, 1585 წ. - თავრიზი. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ოსმალები საომარ მოქმედებას იწყებდნენ ჩრდილო კავკასიაში და შემდეგ თვით ასტრახანის წინააღმდეგაც. სულთან მურად III-სთან 1584 წ. გაგზავნილი რუსი ელჩის ბორის ბლაგოვის ცნობებიდან ირკვევა, რომ ოსმალეთს მთელს ჩრდილო კავკასიაში ნდომებია გაბატონება და ამდენად თავისუფალი მიმოსვლის დამყარება ყირიმიდან ასტრახანსა და ირანამდე71. 1585 - 1586 წწ. თურქეთ - ყირიმხანმა თერგზე ციხე - ქალაქის ჩადგმა განიზრახა და საამისოდ სათანადო მზადებასაც შეუდგა. თურქეთ - ყირიმხანის ასეთი "მუდმივი" გაბატონება, რასაკვირველია, არ სურდათ დაღესტნის მმართველებს და ისინიც ამიერკავკასიის სხვა გაერთიანებების გამგებლებთან ერთად საწინააღმდეგო ბრძოლის გზას დაადგნენ. ამასთან დაკავშირებით, ყურადღების ღირსია საშამხლოში მყოფი პრორუსული ორიენტაციის ყირიმის უფლისწულის სეადეტგირეისა და თვით შამხლის პოზიცია, რომელთაც გადაწყვიტეს ოსმალეთისა (39) და ყირიმის ჯარებისათვის სპარსეთზე სალაშქროდ გზა არ მიეცათ და ამასთან არც ხაზინა გაეტარებინათ აზოვიდან დერბენტამდე. კახთა მეფე ელექსანდრეც, როგორც ჩანს, მათი თანამოაზრე ყოფილა. საქმე ისაა, რომ სეადეტ - გირეისა და შამხალს იგი აყენებდა საქმის კურსში თუ რა ხდებოდა პირაქეთ კავკასიაში. ანტიოსმალური განწყობა იმდენად დიდი იყო კავკასიის ხალხებში, რომ 1586 წ. შემოდგომაზე, როდესაც შეიქმნა მცირე ნოღაეთზე და თვით ყირიმის სახანოზე ლაშქრობის სიტუაცია, მოსკოვიდან რუსული ორიენტაცის ყირიმელ უფლისწულს პირდაპირ მიეთითა, რომ მას დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს აგრეთვე დიდ ნოღაელებს, შამხალს, ტიუმენის ხანს, ქართველთა მეფეს, ყაბარდოელებსა და ყველა სხვა მთიელ თავადებს72. საშამხლო - დაღესტანი რომ ამხანად აშკარა ანტიოსმალურ ორიენტაციაზე იდგა, ჩანს ერთი მომენტიდანაც: ასე, მაგალითად, 1586 წ. შამხალს მოსკოვში თავისი ელჩი ხანბულატი გაუგზავნია, და გარდა მფარველობაში მისი მიღებისა, თერგზეც ხალხის გამოგზავნა მოუთხოვია, რათა მათ თურქები არ გაეტარებინათ და მათთვის არც საშუალება მიეცათ იქ ციხე - ქალაქის ჩადგმისათვის73. ასე რომ, საგარეო ფაქტორებმა საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ კავკასიელ ხალხთა ერთ ეტაპზე გაერთიანება გამოიწვია. შესაძლოა, ანტიოსმალური განწყობისა და ამ ნიადაგზე საშამხლო - დაღესტნის კახეთთან დაახლოებით აიხსნას ის ფაქტიც, რომ თევდორე მეფისადმი 1586 წ. მიწერილ კახთა მეფის სიგელში თერგზე ციხის აგებისა და საშამხლო - კახეთის გზის დაჭერის თაობაზე არაფერი იყო ნათქვამი74. სიგელი მოსკოვში ქართველმა ელჩებმა ჩაიტანეს, რომლის შემადგენლობაში იყვნენ იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ჩერქეზი ხურშიტი. კახთა მეფე თავის "აჯაში" მხოლოდ მფარველობაში შესვლასა და ურჯულო მტრების - თურქებისაგან დაცვას მოითხოვდა. კახეთის მეფის ასეთი ნაბიჯი, რასაკვირველია, არ ნიშნავდა იმას, რომ კახეთისათვის საშამხლოს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ის ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეიძლება ყოფილიყო გარკვეული პერიოდი; როდესაც უნდა დაცულიყო ასე ვთქვათ "მშვიდობის სტატუსი", მართალია ხანმოკლე, მაგრამ მაინც არსებული, ანგარიშგასაწევი და აღსანიშნავია. ეს კარგად ჩანს თვით საქართველოში 1587 წ. საპასუხო ელჩობიდან (როდიონ ბირკინი და პეტრე პივოვი). ასე, მაგალითად, არც მათ დანასაქმებში არსად არ არის აღნიშნული, რომ რუსთა მეფე თავის თავზე აღებულ ვალდებულებაში (40) კახთა მეფეს, იღებს რა თავის მფარველობა - ხელდებულებაში, დაიცავს საშამხლოსაგან ან გაწმენდს საშამხლო - კახეთის გზას. ბირკინისა და პივოვის ელჩობიდან მათი ორი ძირითადი მიზანი ჩანს: კახთა მეფისაგან მფარველობა - ხელდებულების ფიცის მიღება და თერგზე ციხე - ქალაქის მშენებლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი კახთა მეფის მოსკოვურ თხოვნაში არ იყო, რაც მოვლენებს შედარებით სხვა ჭრილში წარმოგვიდგენს. კახეთის მხრიდან ამ "თითქოს რეალურ ინციატივაზე“ ეჭვი, და სამართლიანადაც, ნ.ბერძენიშვილმა მიიტანა75. ამიტომაც ცოტა უცნაურად გვეჩვენება ე.კუშევას დებულება თითქოს 1586 წ. კახთა ელჩობა მოსკოვში დაჟინებით სვამდა თერგზე რუსული ციხე - სიმაგრის აშენებისა და შიგ „ბევრი  ხალხის" ჩაყენების საკითხსო76. წყაროებშიც საამისო ვარაუდის არაფერი ჩანს77. ხოლო თუ  საკითხი საკითხის დაჟინებით დასმას ეხება, შეიძლება ითქვას, რომ იგი, პირიქით, სწორედ რომ რუსეთის მხრიდან მოდიოდა. ე.კუშევა აღნიშნავს, რომ საკითხი თერგ-ქალაქის აღდგენის შესახებ მოსკოვში ჯერ კიდევ ადრე იყო გადაწყვეტილი ვიდრე 1586 წ. სექტემბერს ასტრახანში ქართველი ელჩები ჩამოვიდოდნენო78. კახელთა და ყაბარდოელთა დაცვის გარდა, თერგ - ქალაქის მშენებლობაზე, როგორც ს.ბელოკუროვი წერს, გავლენა იქონია აგრეთვე მოსკოვის ხელისუფალთა სურვილმაც, რათა განემტკიცებინათ თერგზე თავისი მდგომარეობა, უზრუნველეყოთ იგი და არ დაეშვათ რაიმე ცვლილებები თურქეთის მხრიდან79. ე.კუშევაც თითქმის ამასვე ფიქრობს; რომ ძირითადი მიზეზი ამ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებისა იყო თურქეთის ჯარებისათვის გზის გადაკეტვა ამიერკავკასიაში და ასტრახანზე სალაშქროდ, ხოლო, მეორეს მხრივ ის, რომ სულთანს თერგზე ციხე - ქალაქების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აეღო80. თ.ტივაძესაც მიაჩნია, რომ რუსეთს ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი თერგზე ციხე - სიმაგრის აგება და რომ ქართველი და ყაბარდოელი ქვეშევრდომების თხოვნა მისთვის  მხოლოდ საუკეთესო საბაბი აღმოჩნდა ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად81. ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობთ, რომ კახეთ - საშამხლოს ურთიერთობა საქართველო - რუსეთის ურთიერთობის განახლებისას არც თუ ისე დაძაბული უნდა ყოფილიყო. (41) იგი, როგორც ჩანს, კახთა მეფის მიერ 1587 წ. (28 სექტემბერი) ხელდებულების ფიცის მიღების შემდეგ უნდა გართულებულიყო, რაც უმალ და ქმედითად აისახა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობაში სწორედ რომ ამ მომენტის შემდეგ. საამისო საბაბი ამჯერად თითქოს ის უნდა ყოფილიყო, რომ ფიცის მიღებისას ალექსანდრემ რუსეთს შამხლისგაგან თავის დაცვა მოთხოვა82. ფიცის მიღებისას ოფიციალურ ცერემონიალზე საშამხლო- დაღესტნის მტრად გამოცხადება და რუსეთის სამეფო კარისაგან დაცვის თხოვნა, ბუნებრივია, შამხალს გამოწვევა უნდა მიეღო. ეს ფაქტი კი თავისთავად სულ ცოტა იმ კავშირის გამეორებასა ჰგავდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 60-იან წლებში (საქართველო - ყაბარდო - რუსეთი). შემდგომმა მოვლენებმა საამისო საფუძველი უფრო მეტად გაუმაგრა შამხალს. 1588 წ. ივნისში მოსკოვში ჩამოვიდა ყაბარდოელთა ელჩობა "მთელი ყაბარდოს მიწიდან", რომლის შემადგენლობაში იყვნენ ყაბარდოს დიდი მთავრის კამბულატ იდაროვის შვილი კუდენეტი და თემურყვას შვილი მამსტრიუკი. ელჩობამ თერგზე ციხე - ქალაქის ჩადგმა და თურქეთ - ყირიმხანისაგან თავდაცვა მოითხოვა. ამასთან აღნიშნეს რომ ისინი არასდროს არ მიუდგებიან არც თურქეთს, არც ყირიმის სახანოსა და არც შამხალს83. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყაბარდოელთა ეს ელჩობა რამდენადმე გამოძახილი იყო რუსეთ - კახეთის ურთიერთობის განახლებისა. ინტერესთა ერთობამ, როგორც ჩანს, კახეთ - ყაბარდოს ურთიერთობა კვლავ გამოაცოცხლა, რასაც თვალნათლივ მოწმობს 1588 წ. დასასრულისათვის მოსკოვში ჩამოსული კახეთ - ყაბარდოს ერთობლივი ელჩობა, რომელსაც, რასაკვირველია შემთხვევითი ხასიათი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ გაერთიანებული ელჩობიდან ირკვევა, რომ 1587-1589 წწ საშამხლო - დაღესტანთან მათი ურთიერთობა საკმაოდ გამწვავებულა და მისი მოგვარებაც მათ გადაუდებელ ამოცანად გადაქცეულა. ყაბარდოელები კუდენეტი და მამსტრიუკი (იდაროვების ფეოდალური საგვარეულოდან - თ.ბ.) მოსკოვს, გარდა თურქეთ - ყირიმხანისაგან დაცვისა და თერგზე ციხექალაქის აგებისა, ითხოვდნენ აგრევე იმ ყაბარდოელი თავადებისა და მთავრების წინააღმდეგ დახმარებას, რომლებიც ერთგულებდნენ და ემსახურებოდნენ ყირიმის ხანსა და შამხალს84. ქართველმა ელჩებმა კი (ყაფლან ვაჩნაძე, ბერი კირილე და ჩერქეზი ხურშიტი) მეფეს შესჩივლეს: შამხლის მთიელები ღამით მოდიან და გლეხებს გვიტყვევებენო, ისინი თან მიჰყავთ და მუსლიმანებად აქცევენო85". (42) ქართველებმა მკვეთრად მოსთხოვეს საშამხლოს დალაშქვრა, ტარკის აღება და თერგ-კახეთის გზის დაკავება86. ელჩებმა ასევე პირდაპირ მოახსენეს: ალექსანდრე მეფემ იმიტომ ითხოვა მფარველობა - ხელდებულობა, რომ იგი შამხლისაგან დაგეცვათ, ხოლო თუ თქვენი ჯარი საშამხლოს არ დალაშქრავს, მაშინ მისგან ქართულ ქვეყანას ომით არც მომავალში ექნება მოსვენება. ამიტომ იყო საქართველომ თქვენ მოგმართათ, თორემ ისე მას დახმარებისათვის თურქეთისა და სპარსეთისათვისაც შეეძლო მიემართაო"87. ქართველებთან ერთად ჩამოსულ ყაბარდოელებსა და ჩეჩნეთ - ინგუშეთის წარმომადგენელს რუსეთის მეფისადმი თითქმის იგივე სათხოვარი ჰქონდათ88. ხელდებულთა ასეთმა დაჟინებითმა მოთხოვნამ, როგორც ჩანს, იმოქმედა რუსეთის სამეფო კარზე. ელჩებს მოახსენეს, რომ თევდორე მეფემ ბრძანება გასცა შამხალზე თერგქალაქიდან და ასტრახანიდან ჯარი გაეგზავნათ და ამასთან ერთად თერგ-კახეთის გზაც გაეწმინდათ, რათა მათ შორის თავისუფალი მიმოსვლა ყოფილიყო89. ყაბარდო - კახეთ - ჩეჩნეთ - ინგუშეთის ურთიერთობა რუსეთთან და ამ უკანასკნელის აშკარა საომარი მზადება საშამხლოს წინააღმდეგ, რასაკვირველია, შამხლისათვის უცნობი არ უნდა დარჩენილიყო და მან ამჯობინა მათთვის დაესწრო. 1589 წ. შამხალმა დრო იხელთა და კახეთს დაესხა თავს, მაგრამ ალექსანდრე კახთა მეფის მიერ დამარცხებული და უკუგდებული იქნა90. საინტერესოა ამ ლაშქრობის საბაბი. 1589 წ. ახლო ხანებში კახთა მეფე, როგორც ჩანს, შეცდილა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შამხალთან დაემყარებინა კეთილმეზობლური ურთიერთობა; მან შამხალს თავისი ელჩი გაუგზავნა და თან შეუთვალა: თუ გინდა მშვიდობით ცხოვრება, მაშინ ჩვენც მეგობრულად ვიცხოვროთ ერთმანეთში, როგორც ცხოვრობდნენ ადრე ჩვენი მამებიო. შამხალი დათანხმებულა და ამ შეთანხმების განმტკიცების მიზნით კახთა ელჩებისათვის მძევლებად კახეთში თავისი ვაჟი და ქალიშვილი გამოუყოლებია, რომლებიც შემდეგში კახთა მეფის კარზე ცხოვრობდნენ. მაგრამ, როგორც ირკვევა, ესეც მოჩვენებითი საქციელი ყოფილა, რადგან კახთა მეფის სიტყვით, ამიერიდან არა თუ მშვიდობა დამყარებულა, არამედ შამხალს უფრო გაუხშირებია კახეთზე თავდასხმები. გაბეზრებულ ალექსანდრეს მძევლები თავისთან დაუბარებია და უთქვამს: თქვენ მე არცერთი არ მადგებით და ამიტომ სჯობს ისევ თქვენ მამასთან იყოთო, და ისინი კვლავ (43) უკან საშამხლოში გაუგზავნია91. ამით შეურაცხყჯოფილ შამხალს ჯარები შეუყრია და კახეთს დასხმია თავს. შამხალი ამასაც არ დაჯერებულა და ანტირუსული ორიენტაციის ყაბარდოულ მთავრებს შორის მოკავშირეებიც გამოუნახია - სოლოღი და ალკასი92. მიზანი ასეთი ახლო კავშირისა ის იყო, რომ სოლოღი და მისი ხალხი "შამხალთან და ყუმიკელ თავადებთან ერთად კავშირში ყოფილიყვნენ ხელმწიფის ხალხის წინააღმდეგ"93. (ე.ი.რუსეთის - თ.ბ.). ცოტა უფრო გვიან ცნობილი გახდა, რომ ამ კავშირს კიდევ უფრო შორეული მიზანდასახულება ჰქონია. თვით შამხლის შვილიშვილი აღიარებით, რადგან ალექსანდრე კახთა მეფე ხელდებული შეიქნა და მას საშამხლოს დალაშქვრასა და მისი გაქრისტიანებაა სთხოვდა, ამიტომ ვიდრე ალექსანდრე კახთა მეფეს მოსკოვის მეფე დაიცავდა, მანამდე შამხალს, სოლოღს ალკასს და თურქთა რაზმეულებს 1590 წ. ზაფხულისათვის კახეთი უნდა დაეპყროთ და ძაგემშიც ციხე - ქალაქი ჩაედგათ"94. შამხლის ასეთი გააქტიურება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ 1589 წლისათვის თურქეთ-ყირიმხანი თერგზე გავლით დიდ ლაშქრობას აპირებდა ამიერკავკასიასა და ირანში95. მართალია ეს ლაშქრობა არ შემდგარა, მაგრამ მისთვის მზადებას არანაკლები ეფექტი უნდა მოეხდინა შამხლის მოქმედებაზე. ალექსანდრე კახთა მეფეს სულთანმა წერილიც კი მოსწერა რომ ჯარების გამოგზავნას და ციხეების ჩადგმას აპირებდა კახეთში, რადგან მან რუსეთის, მფარველობა მიიღო96. ამისდა მიუხედავად, შამხალი დიპლომატიურად მოსკოვის ნეიტრალიზებასაც ცდილობდა და ამ მიზნით დროდადრო თერგ ქალაქში სარდლებთან თავის ელჩებს გზავნიდა (რის შესახებაც არაერთხელ ატყობინებდა თვით მეფეს ა.ხვოროსტინინი97). ასე თუ ისე, შამხალმა თავისას მიაღწია. თერგზე სარდლებმა ბრძანება მიიღეს, რომ საშამხლოზე რუსულ რაზმეულებს სალაშქროდ გაგზავნა არ დაეჩქარებინათ, რადგან ამ შემოდგომით შამხალი მფარველობის სათხოვრად მეფესთან თავისი ელჩის გამოგზავნას აპირებსო98. მოსკოვის უკან დახევა საშამხლო - დაღესტნის საკითხში გამოწვეული იყო რიგი ფაქტორებისა გამო: ჯერ ერთი, საშამხლოს აშკარა დაპყრობას შეეძლო ომი გამოეწვია თურქეთთან, ხოლო მეორეც იმიტომ რომ საშამხლო კახეთის მსგავსად ირანის ყოფილი მოხარკე იყო; (44) მაგრამ, იმისდა მიუხედავად, რომ იგი თურქეთ - ყირიმხანს იყო მიტმასნებული, შაჰი მას მაინც თავის საყმო ქვეყნად თვლიდა, ხოლო რადგან რუსეთმა ირანს უკვე ერთი ასეთივე „ყმა“99 - კახეთი ხელიდან გამოაცალა, მიუხედავად "მეგობრობისა", მეორე გამოიწვევდა ირანთან მდგომარეობის გაუარესებას, რასაც, რუსეთი ჯერჯერობით მოერიდა. მოსკოვი ასევე იძულებული იყო ანგარიში გაეწია თავისი ხელდებულების ყაბარდო - კახეთისათვისაც, რადგან კავკასიაში ამხანად მხოლოდ ესენი შეადგენდნენ მის ერთგულ და რეალურ დასაყრდენს და მათი დაკარგვაც, ბუნებრივია, მას არ უნდოდა. 1588 წ. რუსეთმა კახეთ - საშამხლოს ურთიერთობის მოგვარება ირანის საშუალებითაც სცადა, მაგრამ შამხლის მოთოკვა ირანით, მაშინ როდესაც ფაქტიურად იგი ამხანად თურქეთის ყმა იყო, უშედეგოდ დამთავრდა. ირანი კი ამის გაკეთებას მხოლოდ მაშინ თვლიდა შესაძლებლად თუ რუსეთი და ირანი ერთად შეკავშირდებოდნენ საშამხლოს წინააღმდეგ100. საქმეს არანაკლებ ართულებდა თვით შამხალიც, რომელმაც ქვეყნის საკითხი ოსტატურად გახლართა რუსეთ - ირან - ოსმალეთის პოლიტიკურ  ინტერესებში. იგი, ნ.ბერძენიშვილის უტყუარი შეფასებით მოსკოვს ზოგჯერ ხმლით ებრძოდა, ზოგჯერ კიდევ მოჩვენებით მორჩილებას უცხადებდა, ელჩებს უგზავნიდა, ყმობას უცხადებდა, ფეხს ითრეედა, დროს იგებდა (ოსმალეთს, ხან ირანს ემხრობოდა) და ამავე დროს კახეთს სასტიკად არბევდა და არც თერგ - კახეთის გზის გახსნას აპირებდა101. ასე რომ, 1589 წ. საქართველოშო მომავალ ს.ზვენიგოროდსკისა და ტ.ანტონოვს, კახთა მეფისათვის უფრო საშამხლოს დალაშქვრისა და თერგ - კახეთის გზის გახსნის დაპირება მოჰქონდათ, ვიდრე მისი განხორციელების რეალური საშუალებები; მიუხედავად იმისა, რომ კახთა მეფისადმი მისართმევ წყალობის სიგელში გარკვევით ეწერა, თითქოს მეფეს უკვე ებრძანა თერგისა და ასტრახანის სარდლებისათვის, რათა მათ საშამხლო დაელაშქრათ და თერგ - კახეთის გზა გაეხსნათ102 - მაგრამ, როგორც ჩანს, კახთა მეფეს მაინც დაბადებია ეჭვი და უნდობლობა, რადგან რუსი ელჩები ბოლო ხანებში თავგამოდებით ცდილობდნენ მის გაფანტვას103. კახეთის სამეფო კარი ჯიუტად მოითხოვდა ელჩებისაგან საშამხლოს დალაშქვრას და თერგ - კახეთის გზის გახსნას104. საამისო საფუძველი ქართველებისათვის დიდი იყო, რამდენადაც საშამხლომ ამხანად (45) ძალზე გაახშირა საქართველოს მიმართ თავდასხმები. ს.ზვენიგოროდსკისა და ტ.ანტონოვთან საუბარში ქართველები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ კახ ბატონთან ყველაზე მტრულ დამოკიდებულებაში შამხალი იყო, რომ იგი დღისით და ღამით მალულად ესხმოდა მთებიდან კახეთს და დიდ ვნებას აყენებდა105,რომ სწვავდა სოფლებს, მიჰყავდა ხალხი ტყვედ და მერე ძალით სარწმუნოებას აცვლევინებდაო106. თუ რუსეთი კახთა მეფეს არ დაეხმარებოდა, მაშინ უფრო გათამამდებოდა შამხალი107. მართალია, რუსეთი საშამხლოს წინააღმდეგ ამჯერად, როგორც ჩვენს მიერ ზემოთ იყო მოცემული, აშკარა საომარ მოქმედებას მოერიდა, მაგრამ ქართველების თხოვნა მთლად უპასუხოდ მაინც არ დატოვა. რუსი ელჩების ჯერ კიდევ კახეთში ყოფნისას 1589 წ. შემოდგომაზე (ნოემბერი), რუსეთმა გ.პოლტევის საკმაოდ დიდი რაზმით ანტირუსული ორიენტაციის ყაბარდოელი ფეოდალების მამულები დალაშქრა (უმთავრესად სოლოღ ტაპსარუკოვისა), დაიპყრო და გადასწვა მისი სოფლები108. ე.კუშევას მიაჩნია, რომ ეს პრორუსული ყაბარდოელი მთავრების იდაროვებისა და კაიტუკინების თხოვნით იყო გამოწვეული; ჩვენ კი ვთვლით რომ ეს უბრალოდ საბაბი უნდა ყოფილიყო. ძირითადი მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თურქეთ - ყირიმხანი, შამხალი და ყაბარდოელი სოლოღი სწორედ ამხანად საომარ მზადებაში იყვნენ და არცთუ უიმედოდ აპირებდნენ გაერთიანებულ ლაშქრობას, ერთი მხრივ თვით რუსეთის109, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ110. მოვლენების შემდგომი მსვლელობა სავსებით ადასტურებს ამ მოსაზრებას. ჯერ ერთი, რუსეთმა, გრიგოლ პოლტევის რაზმეულით სასტიკად დაარბია ყაბარდოში სოლოღი და მისი მომხრე თავადები, რომელთა მამულები ხევ - ყაბარდოს გზაზე იდო და, რომლებიც მეგობრულ კავშირში იყვნენ თურქეთთან, ყირიმთან, საშამხლოსთან და სხვა ყუმიკელებთან111 და მეორეც, რაც ასევე ნიშანდობლივია, რუსეთს ამ ლაშქრობის ძირითად წარმატებად სწორედ რომ ხევ - ყაბარდოს გზის გახსნა მიაჩნია112. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, თვით შამხალიც არ უნდა დარჩენილიყო "ყურადღების" გარეშე. მართლაც თერგ - ქალაქის სარდლებმა შამხალი მდ.კოისუზე ისე შეავიწროვეს, რომ თითქმის კიდეც განდევნეს მის ახლო სანახებიდან და აქ ფეხისმოკიდების მიზნით პატარა (46) ციხე-ქალაქის ჩადგმაც კი განიზრახეს113. ამის შესახებ, სხვათაშორის, შამხალმა თვით კახთა მეფესაც მისწერა. რუსი ელჩების საქართველოში ყოფნა, ამ დროს რუსეთის მიერ მისი შევიწროება და მდ.კოისუს წართმევა, ამის თანადროულადვე მისი მოკავშირე ყაბარდოელი მთავარ - თავადების სასტიკი დარბევა, მაშინ როდესაც თურქეთ-ყირიმხანი ჯერ კიდევ ირანით იყო დაკავებული - რასაკვირველია, შამხლისათვის ვითარება არც თუ ისე სახარბიელო იყო და შექმნილი სიტუაციისდა მიხედვით მანაც გადაწყვიტა შესაფერისად ემოქმედნა. 1590 წ. აპრილის ბოლო რიცხვებში, როგორც ირკვევა, შამხალს მოციქულის პირით კახთა მეფისათვის შემოუთვლია: ამას წინათ ჩვენ ორნივე ოსმალეთის ხელქვეშ ვიყავით და ურთერთს ვმეგობრობდით. ეხლა შენ მოსკოვის ხელმწიფის საფარველში შეხველ და მე მარწმუნებდი, რომ შენი სურვილია რუსთა ჯარის გამოყვანა ოსმალთა ციხის, დარუბანდის, წინააღმდეგო. ეხლა კი ირკვევა, რომ შენ რუსთა ჯარი ჩემ წინააღმდეგ აგიმხედრებია, ტიუმენის ციხიდან დიდად შემავიწროვეს, კოისუც წამართვეს და იქ ციხის ჩადგმას აპირებენ. მოდი ისევ ძველი მეგობრობა განვაახლოთ; გავიგე ჩემი ძმის კრიმშამხალის ქალი შენი ვაჟის, გიორგისათვის გითხოვია. ჩემ ქალსაც გამოგიგზავნი და ჩემი ძმისასაც: აირჩიე, ერთი გიორგი ბატონიშვილს შერთე, მეორე, ყიზილბაშში რომ შვილი გყავს, იმას გაუგზავნე იმას გაუგზავნე, და შევიქნებით ურთიერთის ერთგული და ერთად ვიქნებით მტრების წინააღმდეგო114. შამხალთან ურთიერთობის გამოცდილებიდან კახთა მეფისათვის იმთავითვე ცნობილი გახდა რომ ესეც ცბიერული ნაბიჯი იყო. შამხალმა, როგორც ჩანს, ეს დიპლომატიური ნაბიჯი ყოველი შემთხვევისათვის გადადგა თუმცა კარგად იცოდა, რომ ნდობა დიდი ხანია რაც დაკარგული ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ მან როგორც ხელდებულმა თურქეთს თავისი თავი შეახსენა. დაუხმარებლობის შემთხვევაში შამხალმა სულთანს საკმაოდ მძიმე პერსპექტივა დაუსახა, რასაც არ შეიძლებოდა, მისი აზრით, თურქეთის ყურადღება არ მიექცია115. ჯერ ერთი, დღე-დღე ალექსანდრე კახთა მეფე რუსეთის დახმარებით საშამხლოს დაიპყრობდა და გააქრისტიანებდა; მეორეც, დაიპყრობდნენ რა საშამხლოს, ისინი შემდეგ დერბენტს, შემახას, შარვანს, განჯას და ყველა იმ ქალაქს მიადგებოდნენ, რომლებიც სულთანმა სპარსეთს წაართვა და, რაც მთავარია, ყველა ეს ქალაქი მოსკოვის მეფის ხელთ აღმოჩნდებოდა; ხოლო ამის შემდეგ, შამხლის აზრითვე, რუს - სპარსელთა გაერთიანებულ ჯარებს, ალექსანდრე კახთა მეფისა და სიმონ ქართლის (47) მეფის ჯარებთან ერთად, თვით სტამბულამდე ვერაფერი ვერ გააჩერებდა116. როგორც ვხედავთ, ხელდებულები ყოველ ღონეს მიმართავდნენ თავიანთი მფარველების მიმართ, რათა ისინი თავის დასაცავად აემოქმედებინათ; თუმცა "პირველ რიგში" ჯერ "საკუთრივ“ მფარველის ინტერესებიდან გამოდიოდნენ. ასე იყო კახეთის მხრიდანაც. კახეთის სამეფო კარზე ს.ზვენიგოროდსკისა და ტ.ანტონოვის ყურადღებას ორი მიმართულებით ამახვილებინებდნენ: ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთისათვის საშამხლოს დაპყრობის მნიშვნელობისა და ამ საქმეში კახეთის როლზე, ხოლო მეორე მხრით, კი თუ რუსეთი საშამხლოს არ დაიპყრობდა, მაშინ კახეთი მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეწყვეტდა117. 1590 წ. მაისში რუს ელჩებთან ერთად კახეთიდან მოსკოვს საპასუხო ვიზიტით გაემგზავრნენ თავადი სოლომონი და ჩერქეზი ხურშიტი. წყაროების შეჯერებისას ირკვევა, რომ ამ ელჩებს ყაბარდოდან მოსკოვში თან ყაბარდოელ მთავართა ელჩებიც გაჰყოლიათ, სულ 15 კაცის შემადგენლობით118. ქართველთა პირველი საჩივარი ამჯერადაც საშამხლოზე იყო და როგორც ყოველთვის, მეფისაგან ახლაც მისი დაპყრობა და თერგ-კახეთის გზის გახსნა მოითხოვეს119. ვფიქრობთ, აქ საქმე უნდა გვქონდეს ქართველ - ყაბარდოელთა კიდევ ერთ ერთობლივ ელჩობასთან. სულ მალე ამ ელჩობას მართლაც მოჰყვა 1591 წ. რუსთა და ყაბარდოელთა გაერთიანებული ლაშქრობა საშამხლოზე120, რომლის კონკრეტული გეგმაც ალბათ მოსკოვში შემუშავდა ქართველების, ყაბარდოელებისა და რუსების მიერ. რუსეთის მხრიდან ასეთი რადიკალური ზომის მიღება საშამხლოს მიმართ, როგორც ნ.ბერძენიშვილი აღნიშნავს, გამოწვეული იყო ირან - ოსმალეთის 1590 წ. ზავით, რის გამოც რუსეთ - ირანის პოლიტიკური მეგობრობა დროებით შეწყდა. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მარტო ირანთან მეგობრობის საკითხი არ არის, ან თუნდაც კახეთის დაჟინებული მოთხოვნა წლების მანძილზე. მართალია, ყოველივე ამან გარკვეული სტიმულატორის როლი შეასრულა, მაგრამ ძირითადი მაინც თურქეთთან დაკავშირებული მოვლენები უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ 1590 წ. თურქეთ - ირანის ომი, რომელიც 1578 წლიდან გრძელდებოდა, დამთავრდა სეფევიდების ირანისათვის არც თუ მომგებიანი ზავით. ოსმალეთმა (48) თითქმის მთელი ამიერკავკასია ჩაიგდო ხელში121. ამიერკავკასიაში ფეხმოკიდებული თურქები შეუდგნენ ხანგრძლივი ბატონობისათვის მზადებას. დაიწყეს მთელი რიგი ქალაქების გამაგრება: განჯის, ბაქოს, შემახას, დერბენტისა და სხვ. რომლებშიც კი ოსმალთა გარნიზონები იდგნენ. კასპიის ზღვაზე გამოსვლამ თურქებს საშუალება მისცა აქ საკუთარი ფლოტის შექმნისა. ასე, მაგალითად, ნიზაბადასთას, სადაც ადრე რუსული სავაჭრო გემები მოდიოდნენ, ახლა უკვე თურქულს აკეთებდნენ ბუნებრივია; ყველაფერი ეს კეთდებოდა დაღესტნისა და საერთოდ ჩრდ.კავკასიის მიმართ აგრესიის შემდგომი გაგრძელებისათვის. მართალია საშამხლო - დაღესტანი თურქეთ - ყირიმხანის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავდა, იმას, რომ თურქეთი მას უშუალოდ იარაღით არ დაიპყრობდა, მით უფრო, რომ საშამხლო მის მიმართ ისე როგორც სხვების მიმართაც მთლად ერთგულიც არ იყო. ასეთ ვითარებაში, საშამხლო - დაღესტნის დაკავება - დაპყრობა, თურქეთის მხრიდან უკვე აშკარა საფრთხეს უქმნიდა რუსეთს, თერგ - ქალაქსა და ასტრახანს, როგორც მის დასაყრდენ პუნქტებს აღმოსავლურ და კავკასიურ პოლიტიკაში. საშამხლო - დაღესტნის საკითხი რუსეთის მხრივაც რადიკალურ გადაწყვეტას მოითხოვდა და მანაც ისარგებლა რა ხელსაყრელი სიტუაციით, რომელიც მას შემდგომში იურიდიულად გაამართლებდა, საშამხლოს აშკარა დაპყრობაზე წავიდა. მართლაც გამამართლებელი ბევრი რამ იყო. ჯერ ერთი, შამხალი და მისი ძმა კრიმშამხალი ერთმანეთს ებრძოდნენ საშამხლოს ტახტისათვის და მომავალი მემკვიდრე აშკარა პრორუსულ ორიენტაციაზე იდგა. მეტიც, იგი რუსეთს სთხოვდა დახმარებას შამხლის წინააღმდეგ ბრძოლაში. შამხლის წინააღმდეგ თხოვდნენ აგრეთვე დახმარებას ხელდებული ყაბარდო და კახეთი. ასე რომ, საშამხლოს დაპყრობით რუსეთი სამ მიზანს აღწევდა: პირველი, საშამხლო - დაღესტანს იერთებდა, იქ თავის კანდიდატურას სვამდა და ამით თითქმის უშიშარყოფდა თურქეთ - ყირიმისაგან თერგ - ვოლგა - ასტრახანის დიდ სავაჭრო მაგისტრალს, მეორე, ასრულებდა ხელდებულების თხოვნას და კავკასიაში თითქმის უკვე კრავდა კიდეც რეალურ საიმედო სამკუთხედს - ყაბარდო - საშამხლო კახეთს. ეს ლაშქრობა, ასე ვთქვათ, იყო თურქეთ - ყირიმხანისათვის დასწრება, ვიდრე ისინი თვით დაიპყრობდნენ საშამხლოს. აღნიშნული ლაშქრობა საშამხლოზე, როგორც ვიცით, მოეწყო 1591 წ. ზაფხულში. ზასეკინმა მართალია აიღო ენდერი122 და სუნჯა - თერგის შესაყართან პატარა ციხეც აღადგინა123, მაგრამ ამ სამხედრო (49) ექსპედიციამ კახეთისათვის საშამხლოს საკითხი ვერ გადაწყვიტა. იგი კვლავ ღიად დარჩა. თვით რუსეთმა კი ამხანად საკმაოდ მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩრდილო კავკასიაში, ჯერ თერგ - ქალაქის, მერე სუნჯის ციხისა და მდ.კოისუს ხელში ჩაგდებით. ასე რომ, ამჯერად რუსულმა ციხე - სიმაგრეებმა და რუსეთის ურთიერთობამ ყაბარდოელებთან და სხვა მთიელებთან უფრო საიმედოდ ჩაკეტა თურქეთ - ყირიმისათვის გზა დერბენტის "რკინის კარებისაკენ", ვიდრე ეს იყო 60-იან წლები124. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ე.კუშევას: "რადგან სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და სპარსეთის შაჰებს, ხუდაბენდისა და შაჰ-აბასს შორის, თურქეთის წინააღმდეგ შესაძლებელ სამხედრო კავშირის თაობაზე და ამავე დროს დერბენტ - ბაქო - შემახას შეერთებაზე რუსეთთან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაღესტანზე რუსეთის ლაშქრობები უფრო დიდ მიზნებს ისახავდნენ, კერძოდ, რუსული გავლენის განმტკიცებას დაღესტანსა და აზერბაიჯანში"125. რაკი საშამხლოზე რუსეთის 1591 წ ლაშქრობამ კახეთისათვის საჭირბოროტო საკითხები ვერ გადაწყვიტა, იგი კვლავ მთელი სიგრძე - სიგანით დაისვა 1592 წელსაც, როდესაც მოსკოვში კახთა მეფის ახალი ელჩები თავადი იორამი და კირილე არქიმანდრიტი ჩავიდნენ. ელჩები მეფეს საშამხლოს დაპყრობას, შამხლის მორჩილებაში მოყვანას, თერგ - კახეთის გზის გახსნასა და ტარკში რუსული ჯარების ჩაყენებასა სთხოვდნენ126. კახთა მეფე იმასაც ატყობინებდა მოსკოვს, რომ კრიმშამხალი, რომელსაც მთელი ყუმიკეთის ნახევარი ემხრობა, მასთან დიდ სიყვარულსა და მეგობრობაშია და ღვთის წყალობით შამხალსაც საქმე ცუდად წაუვიდა კრიმ - შამხალთან მტრობისა და შინააშლილობისა გამო127. საქმე ისაა, რომ ალექსანდრეს ამხანად ბატონიშვილ გიორგისათვის ამ კრიმ - შამხლის ელიმ - სალტნის ქალიშვილი დაუნიშნია და ამდენადვე დამოყვრებულა მასთან128. ამ ფაქტს კი ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ადრე კახთა მეფისათვის თვით შამხალს შეუთავაზებია თავისი ქალიშვილი თუ და, რაზეც ალექსანდრეს უარი უთქვამს და ამიტომ შამხალიც განუწყენებია.

-------------------------------------------------------------------------

43 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., 1944, ნაკვ.I, გვ.13.

44 თ.ბოცვაძე, საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1963, გვ.24-25

45 Кабардино-русские отношений..., т.I, стр.5; ПСРЛ, Т.XIII, I-я пол., стр.284.

46 იქვე, გვ.5

47 Английские путешественники..., стр.172.

48 Кабардино-русские отношения.., т.I, стр.7-8; ПСРЛ, т.XIII, 1-я пол., стр.284; т.XIII, 2-я пол., стр.313, 322, 324, 330, 338, 371; Н.И.Веселовский, Памятники..., т.II, стр.27, 43, 53, 347; С.А.Белокуров, Сношения..., стр.II, III, VII; Л.И.Лавров, Тарки XVI в., Ученые записки Института истории, языка и литературы, т.IV, 1958, стр.17; მისივე, Из эпиграфических находок Дагестанской экспедиций, „Сборник Музея антропологии и этнографий", т.XVII, Л., 1957, стр.379-380.

49 ПСРЛБ т.XIII, 2-я пол., стр.371.

50 თ.ბოცვაძე, დას. ნაშრ., გვ.41 - 43; ნ.ბერძენიშვილი მასალები..., ნაკ.I, 1944, გვ.19-21; М.А.Полиевктов, Экономические.., стр.29-30, 38; დ.გვრიტიშვილი, დას. ნაშრომი გვ.93-94; С.А.Белокуров, Сношения.... стр.156; Е.Н.Кушева, Народы..., стр.240-241.

51 Е.Н.Кушева, Народы..., стр.212.

52 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.12; ПСРЛБ т.XIII, 2-я пол., стр.391.

53 საქართველოს ისტორია, დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, 1958, გვ.280; ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოც., 1913, გვ.163.

54 Кабардино-русские отношения..., т.I, стр.13.

55 Е.Н.Кушева, Народы..., стр.237.

56 იქვე, გვ.222-224

57 ПСРЛБ т.XIII, 2-я пол., стр.333. Кабардино-русские отношения..., т.I, стр.9-10.

58 Л.И.Лавров, Из эпиграфических.., стр.379-380.

59 ისტორია ქმნილი..., გვ.37

60 Кабардино-русские отношения .., т.I, стр.13.

61 Н.А.Смирнов, Кабардинский вопрос в русско-турёцких отношениях XVI-XVIII вв., Нальчик, 1948, стр.5-6, 16.

62 Кабардино-русские отношения.., т.I, стр.14, 23.

63 М.Н.Тихомиров, Россия в XVI столетии, М., 1962, стр.517.

64 А.П.Новосельцев, Русско-иранские политические отношении во 2-й пол. XVI в. "Международные связи России до XVII в.", М., 1961, стр.451-452; А.Бакиханов, Ук. соч., стр.83.

65 იქვე, გვ.84

66 "იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ", თბილისი, 1964, გვ.67-68

67 Н.А.Смирнов, стр.34; Е.Н.Кушева, стр.260.

68 იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები..., გვ.69

69 იქვე.

70 იქვე, გვ.73; А.Бакиханов. Ук. соч., стр.85; Н.А.Смирнов, "Россия" и Турция в XIV-XVII вв., т.I, М, 1946, стр.127-128;

71 Н.А.Смирнов, Ук. соч., стр.34-35.

72 Ногайские дела, 1586, т.18, л.100.

73 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.113-114.

74 С.А.Белокуров, Сношения..., стр.10-13.

75 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., 1944, ნაკვ.I, გვ.18.

76 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.269.

77 С.А.Белокуров, Сношения..., стр.10-13.

78 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.269

79 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.13.

80 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.269.

81 თ.ტივაძე, დას. ნაშრ., გვ.178-179.

82 С.А.Белокуров, Сношения..., стр.41.

83 იქვე, გვ.45-46,49

84 იქვე, გვ48-50, 53

85 იქვე, გვ.55-56.

86 С.А.Белокуров, Сношения..., стр.58, 61.

87 იქვე

88 იქვე, გვ.60

89 იქვე, გვ.57, 60

90 იქვე, გვ.155,215.

91 С.А.Белокуров, Сношения..., стр.214.

92 იქვე, стр.136, 182-184.

93 იქვე, გვ.136.

94 იქვე, გვ.184

95 Н.И.Веселовский, Памятники.., т.I, стр.138-139.

96 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.169, 173.

97 იქვე, გვ.79

98 იქვე, გვ.80

99 С.А.Белокуров, Сношения..., стр.263-564.

100 იქვე

101 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., 1944, ნაკვ.I, გვ.3.

102 С.А.Белокуров, Сношения..., стр.88, 96, 100, 162, 174.

103 იქვე, გვ.192-193, 200, 201.

104 С.А.Белокуров, დასახ. ნაშრ., გვ.163, 170, 173, 175, 185.

105 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.155.

106 იქვე, გვ.213

107 იქვე, გვ.215

108 იქვე, გვ.182

109 იქვე, 136

110 იქვე, გვ.182, 184

111 იქვე, გვ.181

112 იქვე, გვ.182

113 С.А.Белокуров, Сношения..., стр.181, 185, 189, 193.

114 იქვე, გვ.202, ნ.ბერძენიშვილი, მასალები..., ნაკ.I, 1944, გვ.39

115 С.А.Белокуров, Сношения..., стр.

116 С.А.Белокуров, Ук. соч., 203.

117 იქვე, გვ.234

118 იქვე, გვ.237

119 იქვე, გვ.225, 234

120 С.А.Белокуров, დასახ.ნაშრ., გვ. CIV, 203, 255; ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., ნაკ.I, 1944, გვ.51; История Азербайджана, т.I, стр.261.

121 С.А.Белокуров, დასახ.ნაშრ., გვ.203, 255; ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., ნაკ.I, 1944, გვ.51.

122 С.А.Белокуров, Сношения..., стр. CIV, 253, 255.

123 Очерки истории Дагестана, გვ.131.

124 Е.Н.Кушева, Народы..., стр.278.

125 Е.Н.Кушева, Русско-дагестанские отношения XVI-XVII вв., стр.17.

126 С.А.Белокуров, Ук. соч., стр.253, 255.

127 იქვე, გვ.255-256

128 იქვე, გვ.202, 213.