<უკან დაბრუნება
მ. შანიძე - "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"... ერთი ძველი ქართული ხელნაწერი ტყობაერდიდან // [გამოხმაურება ამავე გაზეთის 4 ივნისის ნომერში მოთავსებულ გ. ღამბაშიძის წერილზე: "ტყობა-ერდი - ქართული კულტურის ძეგლი ინგუშეთში"] / მ. შანიძე // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1971. - 16 ივლისი
ლიტერატურულმა საქართველომ ა.წ. 4 ივნისს დაბეჭდა გივი ღამბაშიძის წერილი ("ტყობა-იერდი - ქართულო კულტურის ძეგლი ინგუშეთში), რომელშიც საუბარია ინგუშეთში, მდინარე ასის ხეობაში მდებარე ტყობა-ერთის ქართული ეკლესიისა და მის მიდამოებში ჩატარებული სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ამ ძეგლს ისტორიკოსები და არქეოლოგები კარგად იცნობენ (ეს ამავე წერილშიცაა აღნიშნული), მაგრამ, მოსე ჯანაშვილის ერთი პატარა შენიშვნის გარდა (იხ. "შესანიშნავი ნაშთი", 1895 წ. N132), თითქმის ყველაფერი რაც ტყობა-იერდის შესახებ დაწერილა, სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურას განეკუთვნება და ფართო საზრგადოებრიობისათვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ამიტომაც, შესაძლოა ზედმეტი არ იყოს მკითხველისთვის ზოგიერთი ცნობა, რომლებიც აგრეთვე დაკავშირებულია ქართული კულტურის ამ საინტერესო ძეგლთან. ტყობაერდის ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებამდე დაცული ყოფილა ქართული ხელნაწერი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, ძველთაგანვე აქ ინახებოდა თურმე. ეს ცნობა ეკუთვნის ვ.ა.ვერტეპოვს, რომელსაც ხელნაწერი თვითონვე შეუძენია 1896 წელს1. მისი სიტყვით, იგი ყოფილა ეტრატზე (პერგამენტზე) ნაწერი ფსალმუნი. ხელნაწერი შემდეგ, როგორც ჩანს, გამხდარა კუთვნილება ინგუშეთის სამეცნიერო - საკვლევი ინსტიტუტისა (რომელიც მაშინ ვლადიკავკაზში, ანუ დღევანდელ ორჯონიკიძეში იმყოფებოდა) და 1927 წელს იგი ვლადიკავკაზიდან ლენინგრადში გაუგზავნიათ ნიკო მარისათვის შესასწავლად. ხელნაწერის მოკლე აღწერილობა გამოქვეყნებული აქვს ნ.მარის მოწაფის, კავკასიის მცოდნე ა.გენკოს. იგი წერს, რომ ხელნაწერი (67 ფურცელი ძალზე დაზიანებული) ნაწერია XI - XII საუკუნის ასომთავრულით და მისი ტექსტი ფსალმუნის ნაბეჭდი ტექსტისაგან ხშირად განსხვავდებაო2. ხელნაწერის შემდგომი ბედი ამჟამად უცნობია. იგი ლენინგრადში ა.გენკოს ხელში უნახავს პროფ.იოსებ მეგრელიძეს: ჯერჯერობით არ მოხერხდა გარკვევა, ნამდვილად დააბრუნეს თუ არა ხელნაწერი ლენინგრადიდან ჩრდილოეთ კავკასიაში. იგი არ არის ნ.მარის არქივში და არქივის ცნობის მიხედვით, არც არასდროს, ყოფილა იქ. ქ.გროზნოდან კი, სადაც ინსტიტუტი გადავიდა ორჯონიკიძიდან, ჩემი წერილის საპასუხოდ მომწერეს ნ.მარს ხელნაწერი ლენინგრადიდან უკან არ დაუბრუნებიაო. ამავე დროს, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, რომლის შემოწმება ამჟამად ჭირს, 1941 წლის მახლობელ ხანებში ეს ხელნაწერი თითქო გროზნოს მუზეუმში ყოფილა. ამრიგად, ხელნაწერი დღეს არ ჩანს, არც ისაა მთლად ნათელი, თუ სად უნდა ეძიოს კაცმა მისი კვალი - ლენინგრადში თუ ჩრდილოეთ კავკასიაში (ორჯონიკიძესა ან გროზნოში). მაგრამ არსებობს მისი სამი გვერდის ფოტო, რომელიც ვლადიკავკასიდან ინსტიტუტის თანამშრომელს ლ.სემიონოვს გამოუგზავნია თბილისში აკაკი შანიძისათვის. ამ ფოტოსურათების მიხედვით შეიძლება ზოგიერთი რამის გარკვევა ტყობაერდის ხელნაწერის შესახებ. ტექსტი ნაწერია ასთმთავრულით, რომელიც ფოტოზე ადვილად იკითხება ხელის მიხედვით, ხელნაწერი უნდა იყოს მეათე საუკუნისა და არა მეთერთმეტე მეთორმეტისა, როგორც ვარაუდობდა ა.გენკო. ტექსტი ფოტოზე ფრაგმენტულია - სამივე გვერდი სხვადასხვა ადგილიდანაა აღებული, მაგრამ რაც არის, ისიც იძლევა საშუალებას ხელნაწერის რაობის დადგენისათვის. ფსალმუნი, რომელიც სახარებასთან ერთად, ერთ - ერთ უმნიშვნელოვანესი ძეგლია ქრისტიანული ლიტერატურისა, ქართულად ძალიან ადრე, უკვე მეხუთე საუკუნეში უნდა ეთარგმნათ, რადგან ადრე ქრისტიანული ხანის ლიტურგიკაში მას მთავარი ადგილი ეჭირა. მართალია, ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნუსხები მხოლოდ მეათე საუკუნისაა, მაგრამ სავარაუდებელია, რომ ამ ხელნაწერებში დაცული თარგმანი შესრულებული ბევრად უფრო ადრე (ეგრეთ წოდებულ ხანმეტ ლექციონარში, რომელიც მეშვიდე საუკუნეშია გადაწერილი, მოცემულია დასაწყისი 149-ე ფსალმუნისა: "ხუგალობდით უფალსა გალობითა ახლითა" და მითითებულია, თუ რა დროს უნდა მისი გალობა). სწორედ ამიტომ სახარებისა და ფსალმუნის ძველ თარგმანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ როგორც ქართული ენის ისტორის შესასწავლად, ისე ქართველთა უძველესი კულტურული კავშირების დასადგენად. მეთერთმეტე საუკუნეში გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა გიორგი მთაწმინდელმა, რომელიც საბერძნეთში, ათონის მთაზე მოღვაწეობდა, ხელახლა თარგმნა ბერძნული ენიდან სახარებაცა და ფსალმუნიც, რადგან ძველი თარგმანები იმ დროს კანონიკურად მიჩნეული ბერძნული ტექსტისაგან ძალზე განსხვავდებოდა. მართალია, თანამედროვე მკვლევრის თვალსაზრისით გიორგის ნაშრომი უფრო ძველის გადაკეთება - შესწორებას წარმოადგენს, ვიდრე ახალ თარგმანს, მაგრამ თვითონ გიორგი მას დაბეჯითებით თარგმანს უწოდებს. გიორგისეულ თარგმანებს ადრე - თითქმის მის სიცოცხლეშივე - მოუპოვებიათ საყოველთაო აღიარება. გიორგის ნათარგმნი სახარება და ფსალმუნი იქცა ვულგატად - საეკლესიო პრაქტიკაში მიღებულ და სახმარ წიგნებად. ამიტომაცაა, რომ ნაბეჭდი გამოცემები (გარდა თანამედროვე სამეცნიერო - კრიტიკული პუბლიკაციებისა) სწორედ გიორგისეული თარგმანის ტექსტს შეიცავს. ტყობაერდის ფსალმუნის ტექსტი. რომელიც ფოტოზე კარგად იკითხება, არის არა გიორგისეული თარგმანისა, არამედ ძველისა (სწორედ ამიტომ განსხვავდება იგი ბეჭდურისაგან). ტყობაერდის ფსალმუნი განეკუთვნება გიორგის დრომდე არსვბულ ადრეულ ორ რედაქციათაგან მეორეს, ეს ის რედაქცია უნდა იყოს, რომელსაც თვითონ გიორგი თავის ანდერძში ქართულ დავითნს" ეძახის და რომელიც საყოველთაოდ გავრცელებული იყო საქართველოში გიორგის თარგმნის კანონიზაციამდე. ფსალმუნის ძველი რედაქციების ხელნაწერთა რიცხვი ძალზე მცირეა. ამიტომაცაა, რომ თვითეული მათგანი ძვირფასია, როგროც ქართული ენის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ტყობაერდის ფსალმუნი, მიუხვდავად იმისა, რომ დღესდღეობით მისი რამდენიმე გვერდიღაა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, სხვა მხრივაც არის საყურადღებო. მისი არსებობა კიდევ ერთი საბუთია იმ მჭიდრო კულტურული ურთიერთობისა, რომელიც ადრე ჰქონია საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას. ამ ურთიერთობის დასადასტურებლად შეიძლება სხვა ძველი ქართული ხელნაწერიც დავასახელოთ: ესაა XIII საუკუნის ფსალმუნი, ამჯერად გიორგისეული რედაქციისა, რომელიც აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში (სოფელ ზრამაგაში, ისტორიულ დვალეთში) იყო დაცული3 დიდი ხნის განმავლობაში (ამჟამად ხელნაწერი საქ.მეცნ აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს ეკუთვნის). ტყობაერდის ფსალმუნი მნიშვნელობას არაა მოკლებული თვითონ ამ ტაძრის ისტორიის თვალსაზრისითაც. ის ფაქტი, რომ ხელნაწერი მეათე საუკუნისაა, მხარს უჭერს გ.ჩუბინაშვილის მოსაზრებას ტყობაერდის ადრინდელი მშენებლობის შესახებ. ეს ტაძარი რომ მოქმედი არ ყოფილიყო მეცხრე - მეათე საუკუნეებში, ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა ქართული მწიგნობრულ - კულტურული ცენტრებიდან ასე დაშორებულ პუნქტი ძველი რედაქციის ტექსტის მოხვედრა, რადგან როგორც უკვე ვთქვით. XI საუკუნის შემდეგ საეკლესიო პრაქტიკაში ფსალმუნის გიორგი მთაწმინდლისეული ტექსტი იხმარებოდა ჩვეულებრივ. სამწუხაროდ ტყობაერდის ხელნაწერმა გაიზიარა არა ერთი და ორი დიდებული ძველი ქართული ხელნაწერის ხვედრი - იგი ჯერჯერობით დაკარგულად უნდა ჩაითვალოს. იქნებ კიდევ სადმე შეიძლებოდეს მისი კვალის მიგნება. გავიხსენოთ, რომ ქართულ ხელნაწერთაგან ბევრს ზოგჯერ უცნაური თავგადასავალი გადაჰხდომია. ამის მაგალითად სინური ხელნაწერებიც კმარა, რომელთაგან ზოგიერთი საუკუნეთა განმავლობაში სინას მთაზე, წმ.ეკატერინეს მონასტერში დაცული, იქედან დაკარგული თუ მოპარული, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ავსტრიაში, ქ.გრაცში აღმოჩნდა, ხოლო ამავე ხელნაწერთა ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, ინგლისში, ბირმინგჰემში იქნა მიკვლეული. შეიძლება დავსძინოთ, რომ ქართული ხელნაწერების ძიება ჩრდილოეთ კავკასიაში ჯერ კიდევ საჭიროა. გივი ღამბაშიძის ცნობით, ტყობა-ერდის მიდამოებში მას მიუგნია ქართული ხელნაწერების ფრაგმენტებისათვის, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთა ხელშია. "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ..."
-------------------------------------------------------
1. Г.А.Вертепов, В горах Кавказа. Терский сборник, вып. VI, 1903 г., გვ.118.
2. А.Генко, Из культурного прошлого ингушет. Записки коллегии востоковедов, V, 1930, გვ.737.
3. Г.Ахвледиани, Сборник работ по осетинскому языку, 1960, გვ.173.
|