topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ.მჭედლიშვილი - ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა

<უკან დაბრუნება


ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/grigol_khandzteli/grigol-khandzteli1.htm

VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წწ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს[1] ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. ღირსი გრიგოლი სამოელ წინასწარმეტყველივით, დედის მუცლიდანვე ღმრთისადმი იყო შეწირული, ხოლო სიყრმიდანვე იოანე ნათლისმცემელივით მარხულობდა და ღვინო და ხორცი არ უგემია. იგი ყრმობიდან არ მონაწილეობდა ბავშვურ თამაშობებში და განმარტოებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ მას დაყუდებულსაც უწოდებდნენ. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-განათლებისადმი, „რამეთუ მსწრაფლ დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა[2] და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. ამასთან ერთად გრიგოლმა წარმართული ფილოსოფიაც საფუძვლიანად შეისწავლა და რაც კეთილი იყო მასში - შეიწყნარა, ხოლო რაც ბოროტი და ქრისტიანისათვის მიუღებელი, - განიშორა. საუბრის დროს მისი სიტყვა იყო მადლმოსილი და წლების მატებასთან ერთად სათნოებებიც ემატებოდა. იგი არ იყო ჭაბუკივით თავმომწონე და ჭამის გულისთქმებს აყოლილი, არამედ მას შეეძლო ეთქვა დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვა „პური გულის სათქუმელი არა ვჭამო“ მე. ჭაბუკი გრიგოლი იყო მოკრძალებული, მორჩილი, მშვიდი, შემწყნარებელი და სულიერი საზრდოს მოსურნე, ამიტომაც მის გულში დათესილი წმინდა თესლი ღმრთისმსახურების ჯეჯილად აღმოსცენდა. ასე ღმრთისათვის სათნოდ ცხოვრობდა სამღვდელო ჭაბუკი, რომელიც შესახედავად იყო გამხდარი, ახოვანი, დიდტანოვანი, სახით მშვენიერი, მშვიდი და ზეციური სათნოებით სხივდაფენილი. აღმზრდელებმა (იგულისხმება ხელისუფალნი - ნერსე ერისმთავარი და მისი ცოლი) და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს და უთხრეს: აჰა, მოიწია დავით წინასწარმეტყველის თქმულის აღსრულების დრო, როდესაც ამბობს: „ვინ აღჳდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. შენ გამოგარჩია ქრისტემ გულით წმინდა და უცოდველი, ადი უფლის მთაზე, დადექი წმინდა ადგილზე და ღირსეულად შესწირე უსისხლო მსხვერპლი ჩვენი სულისა და ხორცის განსანათლებლადო. ჭაბუკ გრიგოლს თუმცა კი სურდა მღვდლობა, მაგრამ ვინაიდან დიდი მოკრძალება ჰქონდა სამღვდელო პატივის მიმართ, შეშფოთდა და უთხრა მათ: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ხოლო მათ უპასუხეს: ქრისტესაგან გამორჩეულო შვილო, ღმრთის შიში სათნოებათა მომხვეჭელია, ბრძენმა სოლომონმა ბრძანა „რამეთუ შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა“ და რადგან სიბერის პატიოსნება არ არის წლების რიცხვზე დამოკიდებული, არამედ მხცოვანება არის კაცის გონიერება და უბიწო ცხოვრება და როგორც იობმა ბრძანა: „არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი“ არამედ „სული იგი ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელმან ასწავის სიბრძნჱ“ და შენ მოგცა ღმერთმან გონებრივი სიმწიფე და დაგვემორჩილე და ემსახურე ქრისტეს პატიოსანი მღვდლობითო. ნეტარი გრიგოლი დამორჩილდა მათ და ღმრთის ნებით იკურთხა მღვდლად, ხოლო ერს უხაროდა როდესაც მისი წმინდა ხელით ეზიარებოდა საღმრთო სისხლსა და ხორცს. შემდგომ მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევა დაუპირეს მას, რადგანაც, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელი ღმრთის ანგელოზი, ისე მიაჩნდათ იგი. ნეტარი მამა ძალიან შეწუხდა, განიზრახა განრიდებოდა ხორციელ დიდებას და ფარულად დატოვა სამეფო კარი. (მისი ფარული წასვლა ემთხვევა ნერსეს მიერ ქართლის მიტოვებას და ხაზარეთში გამგზავრებას, რაზეც აბო თბილელის წამება მოგვითხრობს.) მან თან იახლა სამი თანამოღვაწე - დედის დისწული საბა, შემდგომში იშხნის განმაახლებელი და ეპისკოპოსი, თევდორე - ნეძვის მაშენებელი და წინამძღვარი, და ქრისტეფორე - კვირიკეწმიდის მაშენებელი და წინამძღვარი. ეს ოთხი ბერი შეაკავშირა რწმენამ, ხოლო ღმრთაებრივმა სიყვარულმა კი ერთი მიზნით გააერთიანა, როგორც ოთხ სხეულში დამკვიდრებული ერთი სული. ნეტარმა მამამ ძმები დავით მეფსალმუნის სიტყვებით გაამხნევა: „რაჲ-მე კეთილ, ანუ რაჲ-მე შუენიერ, არამედ დამკვვდრებაჲ ძმათაჲ ერთად“. ძმებმა დაიბეჭდეს თავი უფლის პატიოსანი ჯვრის ბეჭდით და სიხარულით წარემართნენ ღმრთის განგებას მინდობილნი, რადგან, იცოდნენ რომ, უფალი უძღოდა მათ და ხედავდა მათ წმინდა გულებს, წყაროსავით დაუწყვეტელ ლოცვას და ცრემლთა ნაკადულს. ქართლიდან ძმები მივიდნენ კლარჯეთში, ოპიზის მონასტერში, სადაც იოანე ნათლისმცემლის მცირე ეკლესიაში მოღვაწეობდნენ „ძმანი მცირედნი ქრისტეს სიყუარულისთვის“. ხოლო მათი წინამძღვარი იყო მამა გიორგი, რომელმაც გულისხმა-ჰყო მამა გრიგოლის და მისი თანა მოღვაწეების სულიერი ღირსებები და შეიწყნარა, არა როგორც მოწაფენი, არამედ როგორც მასზე აღმატებული მოღვაწენი. ოპიზის მონასტერი კლარჯეთის ყველა სავანეზე ადრე იყო დაარსებული ვახტანგ გორგასლისაგან V ს. II ნახევარში. VIII ს. 30-იან წლებში შავშეთ-კლარჯეთი[3] და განსაკუთრებით კლარჯეთის უდაბნო, დალაშქრა არაბთა მხედრობის მთავარმა ძალებმა თვით მურვან-ყრუს მხედართმთავრობით. ამ აოხრების დროს, სხვა სავანეებთან ერთად გავერანებულა და დაცლილა ოპიზაც. VIII ს-ის ბოლოს, როდესაც პირველი მოახალშენეები მოვიდნენ ამ მხარეში, მათ იპოვეს ოპიზის გადარჩენილი იოანე ნათლისმცემელის მცირე ეკლესია. ოპიზა განუახლებია ამბა სამოელს. იგი იყო პირველი წინამძღვარი ოპიზის სავანისა, მას შემდეგ VIII ს. 60-იან წ.წ. ოპიზის II წინამძღვარი იყო ამბა ანდრია, ხოლო მამა გიორგი იყო ოპიზის მესამე წინამძღვარი. ძმებმა ორი წელი დაჰყვეს ოპიზაში ბერული მძიმე ჯაფით, როგორც იყო მიღებული იმ ხანებში. მამა გრიგოლს სურდა, განმარტოებულად ეღვაწა, რადგან გაგონილი ჰქონდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების შესახებ, რომლებიც იკვებებოდნენ მწვანილითა და ხილით, ხოლო ზოგიერთნი კი მცირედი პურითაც. მამა გრიგოლი ხშირად ნახულობდა მათ და მონაზვნისათვის საჭირო თვისებებსაც მათგან ჰკრებდა: ზოგიერთისაგან - ლოცვასა და მარხვას, ზოგისგან სიმდაბლეს და ურისხველობას, ზოგისგანაც - უქონლობას, მიწაზე წოლას, ზე-ჯდომით ძილს, ხელთსაქმის დუმილით კეთებას და სხვა მსგავს სათნოებებს.

იმ ხანებში ხანძთაში დაყუდებული იყო წმინდა და მართალი ბერი ხვედიოსი, რომელმაც იხილა, რომ იმ წმინდა ადგილზე, სადაც შემდეგში ეკლესია აშენდა, ეკლესიის სახედ გამოხატული იყო ნათელი ღრუბელი, საიდანაც ნელსაცხებლის კეთილსურნელება გამოდიოდა და მოესმა ხმა: „აღეშენოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ადგილსა ამას ხელითა გრიგოლ მღდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა, და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკმეველი აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. და ვინაიდან წმინდა ბერს ჩვეულება ჰქონდა ღმრთაებრივი ხილვებისა, ამიტომ სიხარულით მოელოდა აღთქმის ასრულებას. ამავე დროს, მამა გრიგოლსაც ჩვენებით აუწყა ქრისტემ წმინდა ბერის სათნოებები და სიწმინდე, ასევე იმ ადგილის მისთვის მიბოძება. სულიწმინდით განბრძნობილი ღირსი მამა გაეშურა ხანძთას, მართალ ხვედიოსთან. წმინდა მამებმა სიხარულით მოიკითხეს ერთმანეთი, ილოცეს, ერთმანეთს მიუთხრეს ხილვის შესახებ, მიიღეს ის მწირი საკვები, რაც ბერს ჰქონდა, შემდეგ კი კვლავ გააგრძელეს სულის მაცხოვნებელი საუბრები და ასე, ლოცვასა და გალობაში, გაატარეს ის ღამე, ხოლო განთიადისას ბერმა მამა გრიგოლს დაათვალიერებინა ხანძთის მიდამოები და ძალიან მოეწონა, რის შემდეგაც დაბრუნდა ოპიზაში, გამოეთხოვა მამა გიორგის და ძმებთან ერთად კვლავ ხანძთაში დაბრუნდა. წმინდა ხვედიოსმა გაიხარა მათი ხილვით და ამცნო, რომ აღთქმა ჰქონდა უფლისათვის მიცემული, სიცოცხლის დარჩენილი დღეები განდეგილობაში გაეტარებინა, ხოლო შემდეგ ითხოვა მახლობლად მდებარე გამოქვაბულში წაყვანა და პირობა ჩამოართვა, რომ მის სიკვდილამდე საძმოს არ განამრავლებდნენ. ძმები დამორჩილდნენ, წმინდა ბერი მიიყვანეს გამოქვაბულში, ილოცეს, ამბორისყოფით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და დაბრუნდნენ თავის სამყოფელში, სადაც შეუდგნენ მონასტრის მშენებლობას. წმ.გრიგოლმა შემუსვრილი გულით ილოცა (იხილეთ ლოცვა), შემდეგ ძმებს დავითის ფსალმუნებიდან მუხლები აგალობა. აკურთხა ის ადგილი და დაიწყეს სენაკებისთვის ადგილის დავაკება. კლარჯეთის უდაბნოში ხანძთა გამოირჩეოდა კლდოვანი და ქვაღორღიანი ადგილებით. მათ დიდი შრომითა და ოფლით მოასწორეს სამონასტრო ადგილი და რადგან არ ჰქონდათ სამუშაო იარაღები, ოპიზელმა ბერებმა მისცეს, რაც ხელთ ჰქონდათ - ცული და წერაქვი და გაუწაფავი ხუროებიც მიაშველეს. ნეტარმა პირველად ააშენა ხის ეკლესია, ძმათა სენაკები. თავისი სენაკი „სადაყუდებლო“ და ერთი დიდი დარბაზი სატრაპეზოდ და საწყობად. მალე მოახლოვდა ღრმად მოხუცებული ხვედიოსის „ხორცთაგან განსვლა“ ამ სოფლიდან. ხანძთელი ბერები ესტუმრნენ და ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს მისგან. ნეტარმა მამამ დალოცა ისინი და დაიძინა საუკუნოდ, ხოლო მისი სამყოფელი აღივსო კეთილსურნელებითა და წმინდა ანგელოზთა გალობით, რომელთაც წარადგინეს იგი ქრისტეს წინაშე. მამა გრიგოლმა და ძმებმა წამოაბრძანეს მისი ძლევაშემოსილი გვამი და გალობითა და საკმევლის კმევით დაკრძალეს ხანძთაში. ამის შემდეგ ღმრთის შეწევნით ხანძთაში ქრისტეს მსახურთა რიცხვი გაიზარდა. მამა გრიგოლი ზარმაცს არ მიიღებდა მონასტრის საძმოში. ჯერ გამოცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და თუ ნახავდა, რომ იგი იყო გულით უმანკო, მართალი, უბოროტო და მორჩილი, მას სიხარულით შეიწყნარებდა, ხოლო მისი მოწაფეები ითვისებდნენ მის აურაცხელ სათნოებას და ემსგავსებოდნენ კეთილ მოძღვარს ისე, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს.

VIII ს. ბოლოს ქართლის ერისმთავრად დადგინდა დიდი ბაგრატოვანი,[4] ადარნერსეს ძე, აშოტ I, დიდი (ხს. 29 იანვარი). (ქართლის ერისმთავარი, ანუ დიდი ერისთავი, ანუ მთავარი ითვლებოდა ქართული ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლად არაბთა მთავრობის წინაშე. მას ნიშნავდა ხალიფა და რეზიდენცია ჰქონდა თბილისში, ასევე თბილისში ჰქონდა რეზიდენცია ხალიფატის უზენაეს მოხელეს - ამირას) ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა. აღმოსავლეთი - კახთა მთავარს გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე თეოდოსი I განაგებდა, სამხრეთ საქართველო - მესხეთი კი, ღმრთის ნებითა და გამორჩევით იქცა აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობის სამკვიდრებლად. ქართლის ერისთავად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. ხალიფა ალ-ამინის მეფობისას (809-813 წ.წ.) მემკვიდრეობისათვის ბრძოლის გამო ხალიფატში გამეფდა ანარქია. არაბთა დაუძლურებით ისარგებლა აშოტ ერისთავმა და თბილისიდან განდევნა მტრის ჯარი და საუკუნე ნახევრის უცხოური ბატონობისაგან განათავისუფლა საქართველოს დედაქალაქი. ამ ბრძოლებში მას მხარში ედგა აფხაზეთის მეფე თეოდოსი. სამი წლის მანძილზე ფლობდა აშოტი თბილისსა და ბარდავს. ამ დროს ამირას ტახტზე ავიდა ახალი მბრძანებელი ხალიფა ალ-მუმნი (813-820 წ.წ.) მან გაიმარჯვა მტრებზე და მეტოქეებზე და ბაღდადში დამკვიდრა, რის შემდეგაც არაბთა ბატონობა კავკასიაში კვლავ გაძლიერდა და იწყეს „ძიება აშოტ ერისმთავრისა, მის დასასჯელად“. აშოტმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და იძულებული გახდა თბილისსა და შიდა ქართლს გასცლოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან ჯართან ერთად. ჯავახეთს მიწევნილი ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეთ არაბები დაესხნენ თავს. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევაჲ მათ ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხვნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღმრთის ნიშანი განჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა (813 წ.-ის ახლოს). ეს მთიანი კუთხე, „ქვეყანა კლდოვანი“, რომელიც წარმოადგენდა ბუნებრივ სიმაგრეს, ისტორიულადაც ბუნებრივ თავშესაფრად ითვლებოდა, ანუ როგორც ერთი ქართველი ისტორიკოსი უწოდებდა „საყუდელად“ გარეშე მტერთა შემოსევების დროს. იმ ხანებში, როდესაც აშოტ I შავშეთ-კლარჯეთში დამკვიდრდა, სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მურვან-ყრუსაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ხოლერის ეპიდემიაც დამატებია, რასაც ისედაც განადგურებული მოსახლეობა კიდევ უფრო შეუმცირებია და ქვეყანა უკაცრიელი გამხდარა. მურვან ყრუს ლაშქრობიდან გასული იყო 80 წელი, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო ფეხზე დამდგარი. სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულითა და სიყვარულით მიიღო აშოტ ერისთავი, რომელიც შეუდგა დანგრეული ქვეყნის აშენებას. მოახალშენეთა დიდი ტალღა შავშეთ-კლარჯეთში და მესხეთის სხვა თემებში არაბთაგან დაპყრობილი ქართლის პროვინციებიდან გადმოდიოდა. აშოტმა მრავალი სოფელი ფასით შეისყიდა, ხოლო მრავალიც აოხრებული აღაშენა და ააღორძინა. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და მურვან ყრუსაგან აოხრებული არტანუჯის ციხე-ქალაქი რომელიც ტყით იყო დაფარული. მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა სამკვიდრებელად გამოაცხადა. მესხეთი ნაკლებად მისაწვდომი იყო არაბთა ექსპანსიისათვის, ამასთანავე ეს მხარე მდებარეობდა ბიზანტიის მეზობლად, რომელიც ბუნებრივი მოკავშირე იყო იბერიისა არაბებთან ბრძოლაში. არაბობა ადვილად ვეღარ გაუმკლავდებოდა იბერიის ამ განახლებულ სამეფოს და ახლად შექმნილი პოლიტიკური ცენტრი მესხეთში გადაიქცა ქართული სახელმწიფოებრივობის მკვიდრ ციტადელად. აშოტ დიდმა არტანუჯის მხრიდან დაიწყო ქართველთა სამეფოს გაერთიანება ბიზანტიის მფარველობაში მყოფი ტერიტორიების შეძენის ან დაპყრობის გზით. იწყებს რა ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ შავშეთ-კლარჯეთიდან, აშოტ I თანდათან ათავისუფლებს და აერთიანებს თავის მფლობელობის ქვეშ იბერიის ქვეყნების უმეტეს ნაწილს „მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევაჲ აშოტ კურაპალატსა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“ (813-820 წწ.). მან უპირველესად ბიზანტიასთან გააბა კავშირი. ლეონ V-მ, რომელიც იმავე 813 წელს ავიდა იმპერატორის ტახტზე, სიხარულით მიიღო არაბთა დაუძინებელი მტრის სამოკავშირეო წინადადება და უაღრესი პატივის ნიშნად აშოტს, რომელიც უკვე ატარებდა მეფის ტიტულს, უბოძა ტიტული „კურაპალატისა“. აშოტის მიერ შექმნილ „ქართველთა სამეფოში“ გაერთიანებული იყო შემდეგი ტერიტორიები: 1) მესხეთის მხარეები, (ე.ი. პროვინციები: შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაონი, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი); 2) შიდა ქართლის მხარეები ქსნის ხეობამდე და თბილისამდე, ქართლის მთიულეთის თემებით; 3) ლიხთ-იმერი ქართლი; 4) ქვემო ქართლის ქვეყნები მთლიანად (პროვინციები: ტაშირი, თრიალეთი, აშოცი, გარდაბანი) მდინარეებამდე ბერდუჯი-კოტმანის ხაზამდე, აგრეთვე ქართლის სანაპიროზე მდებარე ალბანეთის თემები. მას შემდეგ რაც (815-826 წწ.) შემოერთებული იქმნა შიდა ქართლი და ქვემო ქართლის ქვეყნები, აშოტ I-მა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, მესხეთის მივარდნილი და განადგურებული კუთხიდან - შავშეთ-კლარჯეთიდან არ გადაიტანა არც მცხეთაში, (რომელიც იბერიის ძველ ისტორიულ დედაქალაქს წარმოადგენდა, ხოლო იმ დროს იყო საეკლესიო და კულტურული მეტროპოლია ყველა ქართული მხარეებისა) და არც ქვემო ქართლის სხვა ქალაქებში. ამის გამო სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული ეს მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი მეფე ღმრთის მოშიში და მოყვარულიც იყო, მაგრამ ის და მისი შვილები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ მამა გრიგოლს.

იმ ხანებში ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნითა და სიმამაცით განთქმული, მეფესთან დაახლოებული წარჩინებული აზნაური გაბრიელ დაფანჩული, რომელსაც რწმენის ერთგულებასაც უქებდნენ. თავისი სულიერი შვილების მატერიალური გაჭირვებით შეწუხებული მამა გრიგოლი დახმარების სათხოვნელად ეწვია დიდებულ აზნაურს, რომელიც სახლში არ დახვდა ბერს, მაგრამ მისი ღმრთისმოყვარე მეუღლე მარიამი მიეგება მას და ჯეროვანი პატივი-სცა. წასვლისას კი თავისი ხალხი გააყოლა გზის შესასწავლად და დაპირდა, რომ ამიერიდან მონასტერს ყოველივეს საჭიროებისამებრ მისი ოჯახი შესწირავდა. გაიხარეს მამა გრიგოლმა და ხანძთელმა ბერებმა, რადგან ღმერთმან პატივი სცა „მადიდებელთა თვისთა“. როდესაც გაბრიელი სახლში დაბრუნდა, ღმრთისმოყვარე მეუღლემ აუწყა მამა გრიგოლის სტუმრობა და სათხოვარი. დიდად გაიხარა დიდებულმა აზნაურმა, ღმერთს მადლობა შესწირა და აკურთხა თავისი ღირსეული მეუღლე, შემდეგ კი მისწერა მამა გრიგოლს და სახლში მიიწვია. იგიც დამორჩილდა მის თხოვნას და კვლავ ესტუმრა. გაბრიელი წინ მიეგება წმინდა ბერს, თაყვანის-სცა სიხარულით, ეამბორა მის წმინდა ხელს და მრავალი დღე პატივით განუსვენა. შემდეგ წარუდგინა თავისი ოთხი ძე. „ყოვლად კეთილნი და ყოვლითავე მსგავსნი გაბრიელ მამისა მათისანი: პატრიკ, გვარამ, არშუშა და აბულასათ“ და სთხოვა ეკურთხებინა. როდესაც წმინდა ბერმა იხილა კურთხეული მეუღლეებისა და მათი შვილების დიდი რწმენა, სიხარულით აღვსილმა დალოცა ისინი და აკურთხა. გაბრიელ მთავარმა უთხრა ბერს: ქრისტემ საქმით დაამტკიცოს შენი დალოცვისა და კურთხევის სიტყვები, ღირსო მამაო, და ჩვენ მოგვცეს უფალმა ძალა, რათა გულმოდგინედ ვემსახუროთ შენ სიწმინდეს, რათა მოციქულის ნათქვამი სიტყვა „თქვენი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისაჲ და მათი ნამეტნავი თქვენისა ნაკლულევანებისაჲ“ - აღესრულოს. ვინაიდან ჩვენთან არის ამქვეყნიური სიმდიდრე, ხოლო თქვენთან არის სულიერი სიმდიდრე, თქვენ ილოცეთ ჩვენთვის თქვენს წმინდა ლოცვებში, ამ ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდგომაც. ჩვენი მიცვალებულები დაკრძალეთ თქვენს მონასტერში და ლოცვები განაწესეთ ჩვენთვის უკუნისამდე, ხოლო ჩვენ აღგითქვამთ, რომ ჩვენი შვილებისა და შთამომავლობის სიცოცხლეში საჭიროებისაებრ ვიღვაწებთ თქვენი მონასტრისათვის. ასევე, წმინდაო მამაო, დედათათვის კეთილი სავანე გამონახეთ, რომ ჩვენი ოჯახიდან გამოსული მონაზონი თუ კაცი იქნება, მისი სამკვიდრებელი იყოს ხანძთა, ხოლო თუ ქალი, თქვენი კურთხეული და გამორჩეული სავანეო. ნეტარმა მონახა სამონასტრო ადგილი გუნათლეს მახლობლად, რომელიც დაფანჩულთა გვარეულობის სამფლობელოს წარმოადგენდა და იქ ააშენა დედათა მონასტერი, რომელსაც ეწოდა „გუნათლეს ვანი“ და გაბრიელის თხოვნით ჟამის მწირველი მღვდელი ხანძთიდან გამოარჩია გაბრიელ მთავარმა მამა გრიგოლს გამოაყოლა კირითხურონი და წარგზავნა ხანძთას ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. გაიხარეს ხანძთელმა ბერებმა, ღმერთს მადლობა შესწირეს და დალოცეს მათი კეთილისმყოფელები. ნეტარმა გრიგოლმა საეკლესიო ადგილი მოასწორა და მშენებლობის დაწყებამდე კვლავ ილოცა (იხილეთ ლოცვა), აკურთხა და დაიწყეს წმ.დიდმოწამე გიორგის სახელზე ეკლესიის აშენება, რომელიც განსრულდა ქრისტეს შეწევნით, წმ.გიორგის მეოხებით, წმ.გრიგოლის ლოცვითა და გაბრიელ მთავრის შეწირულობით. ხანძთის აშენება კარგ ნიმუშად ექცა განდეგილ ბერებს ახალ ტაძართა მშენებლობაში. გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალტს დაწვრილებით აუწყა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლმოსილებისა და წარმომავლობის შესახებ. მეფემ გაიხარა და მამა გრიგოლი პატივით მიიწვია. როდესაც ბერი სასახლის კარზე მივიდა, მეფე წინ მიეგება და კრძალვით მოიკითხა, ხოლო წმინდა მამამ მიმართა მას: უფლისაგან ცხებულო, დავით წინასწარმეტყველისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მისივე მსგავსი მეფობა და სათნოებანი დაგიმკვიდროს ქრისტე ღმერთმა და ამ მხარეში ხელმწიფება არ მოაკლდეთ შენ შვილებსა და შთამომავლებს ქვეყნის აღსასრულამდე და იყვნენ ისინი მყარ კლდეზე უფრო მტკიცენი და განდიდებულნი უკუნისამდეო. შემდეგ წარმოსთქვა ხანძთის სანახების ქება და თან დაამატა: ეს ადგილები ქვაღორღიანია, რის გამოც სათესავად და სათიბად არ ვარგაო. მეფეს ხანძთა არ ენახა და როგორც კი ეს მოისმინა მრავალი ნაყოფიერი ადგილი და ხანძთისათვის სააგარაკოდ შატბერდის სანახები შესწირა მას. ასევე, მეფის სამივე ძემაც უხვი შესაწირი გაიღო. მრავალი კეთილი ნაყოფით აღვსილი მამა გრიგოლი დაბრუნდა ხანძთას. გაიხარეს ძმებმა, დალოცეს მეფის ოჯახი და მადლობა შესწირეს ღმერთს. იმ ხანად მონასტერში გრიგოლის სიყრმის მეგობრები მივიდნენ, ქართლიდან მამა ეპიფანე და მღვდელი მატო, ხოლო სამცხიდან კი დიდი ზენონი. ნეტარი ზენონი აღსასრულამდე არ განშორებია ხანძთას - იგი იყო თავისი სულიერი მამის ღირსეული მოწაფე, ნეტარი, სათნო, მონაზვნობის ნიმუში, კლარჯეთის უდაბნოთა ზღუდე და უკეთურ სულთა განმდევნელი.

არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში, კლარჯეთის უდაბნოში აღმოცენებული მონასტერი გახდა სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. მამა გრიგოლმა განიზრახა თავისი მონასტრისათვის ტიპიკონი შეედგინა, ამავე დროს გადაწყვიტა კონსტანტინეპოლში გამგზავრება, წმინდა ადგილების მოლოცვა და წმინდა ნაწილების მოპოვება. მან იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმინდური წესის (ტიპიკონის) გადმოწერა და გამოგზავნა, თვითონ კი მონასტერი მოღვაწე ბერებს ჩააბარა და დაპირდა მალე დაბრუნებას. თან წაიყვანა დედის დისწული საბა, ერთი მოწაფე და გაემგზავრა კონსტანტინეპოლს, სადაც თაყვანის-სცა ძელი-ცხოველს, წმინდა ნაწილებს და მოილოცა წმინდა ადგილები, ხოლო რადგანაც მრავალი ენის მცოდნე იყო, კეთილი მოძღვრებანი შეჰკრიბა და ბოროტი განიშორა. უკან დაბრუნებულმა ბერებმა ტაოში შეიტყვეს წმინდა მეფის, აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი (836 წ.). ღმრთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ მოვიდა არაბთა მხედართმთავარი, ხალილ იაზიდის ძე და დაიპყრო სომხეთი, ქართლი და ჰერეთი. მეფე საბრძოლველად მოემზადა, და მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნეს სარკინოზნი უეცრად და აოტეს იგი. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და იწყო ძებნად ერისა, რაჲთამცა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“ საუბედუროდ მის მხლებლებში მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს და თავი შეაფარა არტანუჯის ციხეში, თავის აშენებულ წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიას. მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახვილითა საკურთხეველსა ზედა, დაკლეს იგი მუნ ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხეველისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“ - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა“. ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი მეფის სისხლი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ მოიკლა მეფე აშოტი, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწიენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, ამბის წამღებიც აღარ დატოვეს. გულმხურვალედ დასტიროდა საქართველო თავის იმედს, გულწრფელი სიტყვებით დაიტირა მირონცხებული მეფე წმინდა ბერმაც „ჵ, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო, ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელ იყავ, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ჴელმწიფჱ. აწ ვითარ-მე მიეცი ჴელსა შეურაცხთა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდას მსგავსად შენ, უფლისა თვსისა მკულვლ იქმნნეს მოსაკუდინებელად ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე“. ამის შემდეგ დალოცა მისი შვილები „რაჲთა დაიცვას უფალმან ისინი დიდებითა და დღეგრძელობითა კეთილსა შინა ღმრთისმსახურებასა“. წმ.მოწამე აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს წმ.მოციქულთა, პეტრესა და პავლეს ეკლესიაში. IX-X სს. მოღვაწეებიდან ეს სახელწოდება „დიდი“ მიემართება მხოლოდ სამ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს: აშოტ I კურაპალატს - ქართველთა სამეფოს აღმდგენელს: დავით კურაპალატს, რომელმაც ქართველთა სამეფოს საზღვრები ვანის ტბამდე და არზრუმის მხარის დასავლეთ მიჯნამდე მიიტანა და ბაგრატ III - საქართველოს სამეფო-სამთავროთა გამაერთიანებელს ერთ სახელმწიფოში.

ხანძთისაკენ მიმავალმა წმ. გრიგოლმა და საბამ გზად ტაოზე გამოიარეს და ღმრთისაგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილზე მდებარე იშხნის დანგრეული ეკლესიისაკენ მიმავალი გზა, ასევე ის, რომ ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. ტაძრის პოვნით გახარებულ საბას მაშინვე უნდოდა იშხანში დარჩენა, მაგრამ მამა გრიგოლმა ურჩია ხანძთაში დაბრუნება და ძმების მონახულება. ნეტარი მამები მივიდნენ ხანძთაში და მიაბრძანეს წმინდა ნაწილები, წმინდა ხატები და მრავალი სხვა ევლოგია (ანუ კურთხევა). მათ მონასტერში დახვდათ სულიერი სიმშვიდე და გაიხარეს, რადგან მაცხოვრის მადლმა კვლავ ერთად შეკრიბა თავისი ნებისმყოფელები. მცირე ხნის შემდეგ მამა გრიგოლმა საბას ორი მოწაფე გააყოლა და გაუშვა იშხანში[5], ხოლო თვითონ კი ბრძნულად განაგებდა ხანძთას. იმავე ხანებში მამა გრიგოლს იერუსალიმიდან საბაწმინდური ტიპიკონი გამოუგზავნეს, რომლის საფუძველზეც მან თავის მონასტერს ბრძნულად შედგენილი და მრავალი წმინდა ადგილიდან გამოკრებილი მკაცრი წეს-განგება განუწესა. მამა გრიგოლის მოღვაწეობის ხანაში, ხანძთელი ბერების სამონასტრო ცხოვრების წესი ასკეტური იყო. მონასტრის ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, უბრალო ქვეშაგები და თითო წყლის ჭურჭელი. სენაკებში ცეცხლს არ ანთებდნენ და რასაც საერთო ტრაპეზზე იხმევდნენ, ის უნდა ეკმარათ. მრავალი მათგანი სრულიად არ სვამდა ღვინოს და ვინც იგემებდა, ისიც ძალიან ცოტას. ღამე სანთელს არ ანთებდნენ, არამედ ზეპირად ფსალმუნებდნენ, მთელ დღეებს კი წიგნის კითხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ბერები მართალნი რომც ყოფილიყვნენ ძმის წინაშე, მაინც საკუთარ თავს აბრალებდნენ, რადგანაც დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისა. ეკლესიაში არ საუბრობდნენ, არამედ შიშით იდგნენ, როგორც ზეცაში ღმრთის წინაშე წარმდგარნი. კედელს, მოხუცებულების გარდა, არავინ მიეყრდნობოდა. ჟამისწირვას სრულიად აღასრულებდნენ და მწუხრიდან განთიადამდე ნელა და დაწყნარებულად ლოცულობდნენ. გარდაცვლილთათვის ლოცვას აღავლენდნენ მესამე, მეშვიდე და მეორმოცე დღეებში, აგრეთვე წლისთავზე, ამასთანავე ყველა მარხვას დიდი მოღვაწეობითა და კრძალვით იცავდნენ. ნეტარი გრიგოლი დიდმარხვაში უმი კომბოსტოთი იკვებებოდა, ჩვეულებრივ დღეებში კი პურითა და წყლით, ღვინო კი სიყრმიდანვე არ დაელია.

მამა გრიგოლის თანამოღვაწეებმა, ქრისტეფორემ და თევდორემ მონასტრის აშენების სურვილით გადაწყვიტეს რამოდენიმე ძმასთან ერთად ხანძთიდან ფარულად წასვლა. როდესაც სამცხეს მიაღწიეს, ღმრთის განგებით, დიდი აზნაურის მირიანის ძე, არსენი დაიმოწაფეს, რომელიც შემდეგ ქართლის კათალიკოზი გახდა და არსენი I დიდი საფარელი ეწოდა (ხს.25 სექტემბერი). ექვსი წლის ყრმა არსენი მამის სურვილით მორჩილის კაბით შემოსეს და მამას უთხრეს, ჩვენი მოძღვარი გრიგოლ ხანძთელია და თუ უფლის ნება იქნება, არსენიც მისი მოწაფე გახდებაო და წავიდნენ აფხაზეთში (იგულისხმება დასავლეთ საქართველო), სადაც აფხაზთა მეფემ, დემეტრე II დიდი პატივით მიიღო და კარგადაც დააბინავა. როდესაც მამა გრიგოლმა შეიტყო ქრისტეფორესა და თევდორეს წასვლა, შეწუხებულმა ოთხი ბერი თან იახლა და გაემართა მათ მოსაძებნად. როდესაც ქართლს მიაღწია, ძმების ძებნაში, ღმრთის ნებით იპოვა ყრმა ეფრემი, (რომელიც შემდგომში აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი გახდა) და დაიმოწაფა. იგი დაპირდა ეფრემს, რომ აფხაზეთიდან მობრუნებული, მასაც წაიყვანდა ხანძთაში. სამეფო კარზე მისულ მამა გრიგოლს მეფე დემეტრე წინ მიეგება, ვინაიდან თავზარი დაეცა მისი სიწმინდისა და დიდებულების მხილველს. „ვითარცა პირი მოსე წინაასწარმეტყუელისაჲ, იყო დიდებული ამის ნეტარისა სახე, მადლითა ღმრთისაჲთა“. მოკითხვის შემდეგ ბერმა სთხოვა მეფეს ეჩვენებინა თევდორე და ქრისტეფორე. მეფეს უძნელდებოდა მათთან განშორება და ამიტომ უარი უთხრა ბერს, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ბრძანა მათი მოყვანა. მამა თევდორემ და ქრისტეფორემ, როდესაც იხილეს მამა გრიგოლი, აცრემლებულები დაემხვნენ მის წინაშე და სთხოვეს პატიება. წმინდა მამამ წამოაყენა ისინი და მადლობა შესწირა უფალს მათი პოვნისათვის. მეფე შეევედრა ბერს, რომ მოენახა შესაფერისი ადგილი და აეშენებინა მონასტერი. მამებმა მოინახულეს მრავალი ადგილი, მაგრამ მამა გრიგოლს არც ერთი არ მოეწონა და მოახსენა მეფეს, რომ მონაზვნის მთავარი საქმე მარხვაა და ამ მიწაზე ვერ იმარხულებს კაცი ნესტიანი ჰავის გამოო, მაგრამ დამწუხრებული მეფის სანუგეშოდ მდინარე ძირულას ხეობაში ააშენა მონასტერი და უწოდა უბე, (ახლანდელი უბისა), ხოლო მის მამასახლისად დაადგინა იერუსალიმიდან ჩამოსული ღირსეული მოხუცებული ბერი ილარიონი, რომელიც თან წაჰყოლოდა მამა თევდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთში. მას თან ჰქონდა მრავალი საღმრთისმსახურო წიგნი და მამა გრიგოლმაც, თავისი წიგნები მონასტერს დაუტოვა. ხელმწიფემ დიდად გაიხარა და მონასტრის ასაგებად უხვად გაიღო შეწირულობანი, ხოლო მამა გრიგოლს და მის მოყვასებს მიანიჭა 10000 დრამა და სხვაც მრავალი კეთილი მიაგო. წასვლის დროს მეფე დემეტრემ წმინდა ბერს გამოჰკითხა კლარჯეთის უდაბნოთა შესახებ. მანაც დაწვრილებით აუწყა. მეფემ გაიხარა, დიდი სიყვარული მიეცა კლარჯეთის უდაბნოსი და მადლობდა უფალს. მამები დაემშვიდობნენ მეფეს და გაემგზავრნენ სამცხისაკენ. გზაში თევდორემ და ქრისტეფორემ აუწყეს მამა გრიგოლის ყრმა არსენის დამოწაფების ამბავი. ბერმა კი უამბო ყრმა ეფრემის შესახებ. შემდეგ მივიდნენ, სადაც ეფრემი და არსენი იმყოფებოდნენ და წამოიყვანეს. ვინაიდან მონასტერში ყრმებს არ ღებულობდნენ, მამა გრიგოლმა ისინი აღსაზრდელად მამა თევდორესა და მამა ქრისტეფორეს ჩააბარა, შეახსენა მათი მშობლების დიდგვაროვანი წარმომავლობა და რწმენა, რომლის გამოც ყრმა შვილები ოჯახს მოაშორეს, შვილების სიყვარული დაივიწყეს და უფალს მსხვერპლად შესწირეს. ამიტომაც, როგორი უბიწონიც წამოიყვანეს მშობლებისაგან, ასევე წმინდად მოსთხოვდათ უფალი მათ სულებს. როდესაც ხანძთაში მივიდნენ, გაიხარა ქრისტეს საღმრთო კრებულმა სულიერი მამისა და ძმების მშვიდობით დაბრუნებით, მაგრამ ყრმების მიყვანის გამო მათ შორის შფოთი ჩამოვარდა. ძმებმა ჰკითხეს მამა გრიგოლს, თუ რატომ დაარღვია მან თავისი დამტკიცებული წეს-განგება, მაშინ ნეტარმა მამამ უთხრა მათ: „ესრეთ არს ყრმათა ამათ მოწევნაჲ აქა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზის პირით მაუწყა ამათი ყოველი საქმჱ, რამეთუ, ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყუნენ აღზრდილნი უბიწოდ ხანძთასა შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისაო. აწ უკუე შემძლებელ ვართ წინააღდგომად უფლისა ბრძანებისა? რამეთუ უნებელი თანა მაც“ სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა, „უკეთუ არა ვახარებდე, ვაი არს ჩემდა“. ხოლო ამის შემდგომ არავინ შეცვალოს წესი და განგება, და არ მოიყვანოს ყრმა მონასტერშიო - ბრძანა წმინდა მამამ. ძმები დამშვიდნენ და მადლობდნენ უფალს. ღმერთშემოსილი ყრმები კი მამა თევდორემ და მამა ქრისტეფორემ წაიყვანეს თავის სენაკებში, რომლებიც მოშორებით იდგა ძმათა სენაკებიდან და ღმრთის მადლით აღზარდეს კეთილად.

აშოტ კურაპალატის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა დიდ განსაცდელში ჩავარდა. არაბებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს აშოტის მიერ აღდგენილი ქართული სამეფოს ტერიტორიები, გარდა ცენტრის, არტანუჯის მხარისა. როგორც აშოტ I-ის დროს, ისე მისი მემკვიდრეების დროსაც, აქედან, არტანუჯის მხარიდან დაიწყო ქართველთა სამეფოს გაერთიანება. მემატიანის ცნობით, ვიდრე აშოტის მემკვიდრეები მცირეწლოვანები იყვნენ, ქვეყანას აშოტის თანამოღვაწენი განაგებდნენ. სახელმწიფო სათათბირომ სამეფოს მეთაურად, მეფის წოდებით აირჩია აშოტის საშუალო ძე ბაგრატ I, რომელმაც ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო კურაპალატობის პატივიც (840 წ.). მეფე ბაგრატი აღმატებული იყო ძმებზე სიბრძნით, გარეგნობითა და გლახაკთმოყვარებით. ძმები, უფროსი ადარნერსე და უმცროსი გვარამი ძმური სიყვარულით დაემორჩილნენ, რამეთუ ერთზრახვა, ერთსული და ერთნება იყვნენ ისინი. ადარნერსე იყო მმართველად კლარჯეთისა და მიემართებოდა ზედწოდება „ჴელმწიფე“, ხოლო გვარამი იყო მმართველად ქვემო ქართლისა (ტაშირისა, თრიალეთისა და აშოცისა) და აღმოსავლეთ-მესხეთის (ჯავახეთ-არტაანისა) და ატარებდა ტიტულს „მამფალი“.[6] ბაგრატ I-ს არაბთა მფლობელობისაგან გაუნთავისუფლებია მესხეთის მხარეები, ხოლო შიდა ქართლი კვლავ არაბთა გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან მოხერხებულად ისარგებლა არაბთა შინაური განხეთქილებით და როდესაც საჰაკ ამირა[7] განუდგა ხალიფას, მეფე ხალიფას მიერ გამოგზავნილ მხედარმთავარს მიემხრო, რის შემდეგაც მიიღო ქართლი. ნეტარი მამა ეწვია მეფე ბაგრატს, მიულოცა კურაპალატობის მიღება და სთხოვა აშოტ კურაპალატის შეწირულ ხანძთის აგარაკზე ღმრთის სადიდებლად და მისივე სულის საცხოვნებლად აეშენებინა მონასტერი. ბაგრატ კურაპალატმაც სიხარულით მისცა ყველაფერი, რაც საჭირო იყო მონასტრის ასაშენებლად. როდესაც მამა გრიგოლი მივიდა შატბერდში, ცრემლთა მდინარით მორწყო სამონასტრო ადგილი, წარმოსთქვა ლოცვა (იხილეთ ლოცვა), შემდეგ ჯვარი გადასახა, აკურთხა და დაიწყეს ეკლესიისა და სენაკების აშენება. ხანძთის მსგავსად შატბერდიც აშენდა ღმრთის შეწევნითა და ნეტარი მამის ლოცვით, რომელმაც გააერთიანა ორივე მონასტერი და განამტკიცა ძმური სიყვარულით. მეფე ბაგრატმა შატბერდს შესწირა სააგარაკო ადგილები და მრავალი საჭიროც მიუბოძა. იმ ხანებში ღმრთის ნებით, მამა გრიგოლის კურთხევითა და კურაპალატის თანხმობით, მამა საბა იშხნის ეპისკოპოსად დადგინდა. ამ დროიდან მოყოლებული, იშხანი აღორძინდა და იქცა სულიერი განათლებისა და მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად.

დიდად პატივცემული იყო მამა გრიგოლი ღმრთისაგან, ყველა ემორჩილებოდა მის სიტყვას, განსაკუთრებით კი სამეფო ოჯახი. ერთხელ, როდესაც სამივე ძმა ერთად იმყოფებოდა, მამა გრიგოლმა შესთავაზა კლარჯეთის მონასტრების მონახულება. პირველად მივიდნენ შატბერდში, შემდეგ ჯმერკს, ბერთას და დაბას. მეფემ და მთავრებმა დიდძალი შესაწირავი გაუნაწილეს მონასტრებს და ნეტარი მამების ლოცვა-კურთხევით, დიდი მადლიც მოიხვეჭეს. შემდეგ მივიდნენ ოპიზას, ილოცეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ხოლო იქიდან წარემართნენ ხანძთას და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაც მოილოცეს. მამა გრიგოლმა მონასტრების წინამძღვრებიც თან იახლა. კურაპალატმა და დიდებულებმა იხილეს, რომ ხანძთელი ბერები უმკაცრესი ბერ-მონაზვნური წესით ცხოვრობდნენ, ხოლო ადგილი კი მეტად მწირი და უნაყოფო იყო, ძალიან გაუკვირდათ და უმეტესი შესაწირი მიანიჭეს მას. აქვე მოიწია ღირსი და სასწაულთმოქმედი ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი და მონასტრების მაშენებელი მიძნაძორელი დიდი მამა - სანატრელი დავითი და მისი მოწაფეები - ნეტარი ილარიონი, მამა და მაშენებელი წყაროსთავისა, რომელიც შემდეგ გახდა მცხეთის კათოლიკოსი და ნეტარი მამა ზაქარია - ბარეთელთის მაშენებელი. წმინდა მამები პატივისცემით მოიკითხეს მეფემ და დიდებულებმა და დიდად გაიხარეს, ვინაიდან მათგან ისმენდნენ საღმრთო მოძღვრებებს და უთხრეს: წმინდა მამებო, როდესაც გიხილეთ თქვენ, სრულიად დაგვავიწყდა, რომ მიწაზე ვიმყოფებით, არამედ გვგონია, რომ ზეცაში ვართ წმინდანების გუნდთან დამკვიდრებულიო, და სთხოვეს მეოხება ღმრთის წინაშე. წმინდა მამებმა ლოცვით განამტკიცეს ხელისუფალნი და მრავალი სამოძღვრო სიტყვითაც შეაგონეს ისინი, ხოლო ამის შემდეგ ანჩის ეპისკოპოსთან ერთად განიზრახეს მამა გრიგოლის კლარჯეთის უდაბნოთა არქიმანდრიტად[8] დადგინება და მეფეს მოახსენეს. დიდი თხოვნის შემდეგ, ნეტარი მამა დაითანხმეს და იგიც გარდაცვალებამდე კეთილად განაგებდა კლარჯეთის სავანეებს. მეფემ მოილოცა მოძნაძორი, წყაროსთავი და ბარეთელთი, სადაც უხვი შესაწირავი გასცა და იქ მოღვაწე წმინდა მამებისაგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო. ადარნერსე ხელმწიფემ თავისი ძე გურგენი მოანათვლინა მამა გრიგოლს, ხოლო მეფე ბაგრატ I-ის ძე დავითიც ნეტარი მამის მონათლული იყო. შემდგომში გურგენ კურაპალატის (881-891 წწ.) შვილმა, ერისთავთ-ერისთავმა აშოტ კუხმა (896-918 წწ.) ხანძთის ახალი ქვითკირის ეკლესია წამოიწყო და დიდი საფასეც შესწირა. იმ ხანებში ხანძთის წინამძღვარი იყო წარმოშობით დიდგვაროვანი არსენი. მისი სურვილით დაიწყეს ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება „ფიცხელსა მას კლდესა ზედა“. დიდი შრომითა და ქვითკირის მოშველიებით დაავაკეს და გაამზადეს „ადგილი საფუძველისა“ (ხელოვნური მოედანი შექმნეს) ეკლესიის ასაშენებლად. ეკლესია დიდი სიბრძნითა და ხელოვნებით ააშენა ხუროთმოძღვარმა ამონამ. ქვა და კირი შორი გზიდან, დიდი წვალებით ზურგით მოჰქონდათ. 918 წ. გარდაიცვალა ღმრთისმსახური ერისთავთ-ერისთავი აშოტ კუხი და დამარხეს ხანძთას, ხოლო ეკლესია დაასრულა მისმა ძმისშვილმა გურგენმა, რომელიც ბიძის სიკვდილის შემდეგ დაჯდა ერისთავთ-ერისთავად (918-941 წწ.). მამა გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობის ამბავი განითქვა მთელ საქართველოში და მიაღწია ქართლს. შეიტყო დედამისმაც, რომელიც უკვე ასაკს იყო მიტანებული, გულით გაიხარა და მადლობა შესწირა ღმერთს, ვინაიდან მის გარდა სხვა შვილი არა ჰყავდა, რადგან გრიგოლის შობის შემდეგ წმინდად ცხოვრობდა ლოცვასა და მარხვაში. დიდმა სიხარულმა მას სრულიად დაავიწყა შვილის განშორებით გადატანილი მწუხარება, სწრაფად გაეშურა სახედრით, თან იახლა მსახურები და მივიდა მერეს მონასტერში, სადაც დედა თებრონიამ სიხარულით მიიღო და მამა გრიგოლსაც აუწყა. იგიც სწრაფად მივიდა დედასთან, ქრისტეს სახელით დალოცა და მიესალმა, ხოლო შემდეგ კი შენდობა სთხოვა ფარულად განშორებისათვის. ნეტარმა გრიგოლმა წესისამებრ წარმართა დედის ცხოვრება და დააბინავა მერეში, სადაც გაატარა კიდეც სიცოცხლის დარჩენილი წლები. ამასთანავე მის თანმხლებ პირებზეც იზრუნა, დედის ერთი მსახურთაგანი გაათხოვა და მამა ბასილი, ხანძთის მამასახლისი, მისგან იშვა.

იმ ხანებში, როდესაც არსენი და ეფრემი ყრმობის ასაკიდან გამოვიდნენ და სიბრძნით აღივსნენ, მამებმა თევდორემ და ქრისტეფორემ, რომელთაც ჩააბარა მამა გრიგოლმა ყრმები აღსაზრდელად, გადაწყვიტეს ხანძთიდან წასვლა, რადგან ღმერთი უხილავად მოუწოდებდა მონასტრების ასაშენებლად. მათ ღამით ფარულად დატოვეს ხანძთა და რამდენიმე ძმასთან ერთად გაემართნენ ქართლისაკენ. ნეტარ გრიგოლს ეუწყა უფლისაგან, რომ ხელი არ შეეშალა მათთვის კეთილ საქმეში და თანადგომაც გაეწია. ამ მიზნით მოძებნა ისინი სამცხეში და გაჰყვა მათ სამონასტრო ადგილების მოსანახად. წმინდა მამებმა მოინახულეს სამცხისა და ქართლის უდაბნოთა მიდამოები და შეარჩიეს სამონასტრო ადგილები და ორივეგან ააშენეს სენაკები. მამა თევდორეს სამყოფელს უწოდეს ნეძვი, (ნეძვი - მდებარეობს ბორჯომის რაიონში, მდინარე ნეძვის-ხევის მახლობლად.), ხოლო მამა ქრისტეფორეს სამყოფელს - კვირიკეწმიდა. დროებით მოწაფეები იქ დატოვეს, თვითონ კი დაბრუნდნენ ხანძთაში. მამა გრიგოლმა ბერებს აუხსნა, რომ როგორც ხორციელი მშობელი უნაწილებს თავის მონაგებს შვილებს, ასევე ხანძთა სულიერი მშობელი იყო ყველასათვის და როგორც იშხნის მონასტერში გაგზავნეს მოღვაწე ძმები, ასევე საჭირო იყო ახლადმშენებარე მონასტრებიც ხანძთელი გამოცდილი ბერების თანადგომით აღორძინებულიყო. როდესაც სიტყვა დაასრულა, უბრძანა ყველას შეკრება და ხანძთისათვის გადაარჩია ცამეტი უხუცესი ბერი, დანარჩენი ბერები კი გაჰყო სამ ნაწილად: შატბერდში, ნეძვში და კვირიკეწმიდაში წარსაგზავნად. გრიგოლმა ეფრემი მიანიჭა თევდორეს, ხოლო არსენი მასთან დარჩა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ყველა უხმოდ ემორჩილებოდა სულიერ მოძღვარს და არავინ ცდილობდა ადგილის ამორჩევას. ამის შემდეგ ნეტარი მამები წინ წარუძღვნენ ძმებს და მიიყვანეს ნეძვსა და კვირიკეწმინდაში, სადაც აკურთხეს ადგილები ეკლესიებისათვის და საფუძველიც ჩაასხეს, ხოლო მამა გრიგოლი მხარში ედგა მათ ახალმშენებლობაში. როდესაც ნეტარი მამა ხანძთაში ბრუნდებოდა, დალოცა და ჯვარი გადასახა მონასტერს, ხოლო ძმებმა ცრემლით გააცილეს საყვარელი მამა და მოძღვარი. ამის შემდეგ ნეტარი მამა მონაცვლეობით მოღვაწეობდა ხანძთასა და შატბერდში და საღმრთო მოძღვრებით განსწავლიდა თავის მოწაფეებს. „წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწადისა განგებითა მოძღვარ იყო განუკითხველად და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებლად ახსოვდა“. მას ჰქონდა სასიამოვნო და ტკბილი ხმა, ხოლო მისი მეხსიერება საკვირველი იყო, რადგან ახალი და ძველი აღთქმა ზეპირად იცოდა, ამავე დროს წმინდა მამათა მოძღვრებებს უწიგნოდ ქადაგებდა, რაც ადამიანურ ბუნებას დიდად აღემატებოდა. მისი სიბრძნის მდინარით არა მარტო ხანძთა და შატბერდი ირწყვებოდა, არამედ „ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი“. მასთან მიდიოდნენ მონასტრების წინამძღვრები სულიერი რჩევების მისაღებად. მისი ბიოგრაფის, გიორგი მერჩულის სიტყვები - „აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწადო იადგარი,[9] რომლისა სიტყვანი ფრიად კეთილ არიან“. გვაფიქრებინებს, რომ ეს იადგარი სულიწმიდის შეწევნით წმინდა გრიგოლს შეუთხზავს. მართალია ჩვენამდე ვერ მოაღწია ამ იადგარმა, მაგრამ სავარაუდოა, რომ მიქაელ მოდრეკილის იადგარში, რომელიცშედგენილია 978-988 წ.წ. მისი მრავალი საგალობელიც არის შესული.

ვინაიდან მამა გრიგოლის სიწმინდე დიდ პატივისცემას იმსახურებდა ხელმწიფეთა შორის, მათ მრავალჯერ გადაწყვიტეს მისი ეპისკოპოსად კურთხევა, მაგრამ მან არ ინება და განუმარტა, რომ ღმრთის დიდების საყდარნი, უდაბნოს წმინდა ეკლესიანი ნაკლულევანნი არაფრით იყვნენ საეპისკოპოსო საყდართა დიდებისაგან, და როგორც ებრაელებს ერთი ქალაქი მიეცათ კაცისმკვლელთა თავშესაფრად, ასევე წმინდა უდაბნოები (იგულისხმება სავანეები) ამქვეყნიური შფოთისაგან განსარიდებელი მყუდრო ნავსაყუდელიაო, დაარწმუნა წმ. გრიგოლმა მეფე და დიდებულები. იმ ხანად მერეს დედათა მონასტერში გარდაიცვალა მამა გრიგოლის მიერ მივლინებული ჩინებული და პატიოსანი მღვდელი, რამაც საგონებელში ჩააგდო დედა ფებრონია. მამა გრიგოლმა მის მაგივრად გააგზავნა წმინდა მატო, რომელიც თავს არა თვლიდა მღვდლობის პატივის ღირსად, მაგრამ სულიერი მამის ურჩება ვერ გაბედა და დათანხმდა. ორმოცი წელი იყო ღირსი მატო მერეს დედათა მონასტერში მღვდლად და უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი არავის მოუსმენია მისგან. მან მიაღწია უბიწოებას არა მხოლოდ ხორცით, არამედ სიტყვით, სასმენელითა და თვალით. მერეს დეკანოზი, ღმრთისმოყვარე თემესტია ამბობდა, ორმოცი წელი „დეკანოზობასა ჩემსა და მატოს მღდლობასა“, საცეცხლური ჩემი ხელიდან არ აუღიაო. მოუკლებელმა ლოცვამ, წყურვილმა, შიმშილმა, უძილობამ, ზედგომამ და მუხლთადრეკამ დააუძლურა მისი ხორცი, გააძლიერა სული და მრავალი სასწაულიც აღასრულა. ხოლო როდესაც ვეღარ შეძლო თავის მომსახურება, ნათესავები და მეგობრები დაიბარა ბერთას მონასტრიდან და გაჰყვა მათ, რადგან არ სურდა, რომ დედები მომსახურებოდნენ. დედები ძლიერ დამწუხრდნენ სულიერ მამასთან განშორების გამო. წასვლის წინ მოძღვარმა მათ ჯვარი გადასახა და დალოცა, ხოლო, როდესაც ნეტარი მატო ბერთას მონასტრის გზას დააყენეს, მცირე ხნის შემდეგ ისე მოძლიერდა, რომ თავისი ფეხით შესძლო ბერთას მონასტერში მისვლა, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა და წარსდგა „წინაშე უფლისა მხნე, ახოვანი მოღვაწე ქრისტესი და მეოხ არს ჩვენთვის უკუნისამდე“. მისი გარდაცვალებისას ერთდროულად ჰქონდათ ხილვა დედა თემესტია დეკანოზს და ანატოლე დაყუდებულს. ორივე შუაღამისას მივიდა ეკლესიაში და მიუთხრეს ერთმანეთს, რომ იხილეს წმინდა ანგელოზების კრებული და მათ შორის გამოუთქმელი დიდებითა და გალობით ზეცაში აღმავალი წმინდა მატო. ცოტა ხანში ბერთას მონასტრიდან მოვიდა მონაზონი და დედებს წმინდა მამის გარდაცვალება აცნობა, ხოლო ისინი სიხარულით აღვსილნი ადიდებდნენ საკვირველთმოქმედ ღმერთს.

მამა გრიგოლის სულიერი შვილი მიქაელ პარეხელი წარმოშობით შავშეთიდან, სოფელ ნორგიალიდან იყო. იგი თავდაპირველად ბერად შედგა მიძნაძორის მონასტერში, შემდეგ კი გადავიდა ხანძთაში, სადაც დაემოწაფა კიდეც წმინდა ბერს უფრო გვიან მიქაელმა განიზრახა შემდგარიყო მეუდაბნოე მარტოდმყოფად, რაც აღასრულა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო პარეხში, რომელიც იმ დროს მიტოვებული იყო ერთხელ, როდესაც მამა მიქაელი თავის სენაკისაგან მოშორებით მაღალ კლდეზე იდგა, გაკადნიერდა ბელიარი (ეშმაკი) და ძირს გადმოაგდო, მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ უვნებელად დაიცვა იგი. მაშინ მიხვდა მამა მიქაელი, თუ რა ბრძოლა ელოდა მომავალში და მოწაფე მიავლინა თავის სულიერ მოძღვართან და აუწყა ბოროტ სულთაგან აღძრული განსაცდელი. წმ. მამა მაშინვე მივიდა სულიერი შვილის დასახმარებლად და გასამხნევებლად, თავისი ხელით შექმნა ძლევის მომცემელი ქრისტეს ბეჭედი, ხის ორი ჯვარი, მის დასაცავად და მტრის განსადევნად და სენაკისაგან მოშორებით აქეთ და იქით აღმართა, საზღვარი განუწესა და უთხრა: უშიშრად იყავი წმინდა სამების შეწევნითა და პატიოსანი ჯვრის ძალით, ხოლო თუ გადახვალ საზღვარს, პირველზე უარესი განსაცდელი შეგემთხვევაო. შემდეგ ილოცეს და მამა გრიგოლი დაბრუნდა ხანძთაში ნეტარმა მიქაელმა კი მოიპოვა სრული განსვენება, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი და არ მიენდო თავის თავს, როგორც სწერია „ძმაჲ ძმისა შემწუ, ვითარცა ზღუდეა დაუცემელი“. იაკობ მოციქული კი იტყვის „ერთი ერთისათვის ილოცევდით, რათა განიკურნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“ მამა მიქაელმა პარეხში გაატარა მთელი სიცოცხლე. მის შემდეგ პარეხში დამკვიდრდა ბერი ბასილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იქვე მოღვაწეობდა. მამა გრიგოლის აღზრდილი მარადმოსახსენებელი ღირსი მამები, არსენი და ეფრემი, ღმრთის ნებით მწყემსმთავრებად დადგინდნენ. მათ დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთისა და სულიერი მოძღვრისა. დიდი ეფრემი არსენიზე მრავალი წლით ადრე შეიქმნა აწყურის ეპისკოპოსად, ხოლო დიდი არსენი მცხეთას, ქრისტეს კვართის სამკვიდრებელში, ქართლის კათალიკოსად დადგინდა. მიუხედავად საქართველოს მეფე-კურაპალატის ბაგრატის ძმისა და თანამმართველის, გვარამ დიდი[10] მამფალის წინააღმდეგობისა, სამცხის მთავარმა მირიან II-მ რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომითა და კურთხევით ქართლის კათალიკოსად დაადგინა თავისი შვილი არსენი. ქართლის ეპისკოპოსები აღშფოთნენ და ეფრემიც მიემხრო მათ, რადგან სიმართლე ეპისკოპოსების მხარეს იყო. დიდმა გვარამ მამფალმა, რომელიც ცუდად იყო განწყობილი მირიანის მიმართ, მოინდომა არსენ კათალიკოსის გადაყენება და ამ მიზნით მოიწვია სრულიად ქართლის (იბერიის) საეკლესიო კრება ჯავახეთში (845-850 წ.წ.). კრებაზე მამა გრიგოლისა და კლარჯეთის უდაბნოს მამების მისვლამდე ეპისკოპოსებმა იმსჯელეს არსენის შესახებ. ერუშნელმა ეპისკოპოსმა კი თქვა, როდესაც მოვა უდაბნოთა ვარსკვლავი, მაშინ გადაწყდება ეს საქმეო, ხოლო, როდესაც ჰკითხეს, თუ ვის გულისხმობდა, უპასუხა, გრიგოლ არქიმანდრიტს, ხანძთისა და შატბერდის მაშენებელსო. ერთმა ეპისკოპოსმა მოურიდებლად წარმოსთქვა: „იგი არს ვარსკვლავი მნათობი?“ მაშინ ყველამ ერთხმად მიუგო, რომ ჭეშმარიტად მამა გრიგოლი იყო მოძღვრების ნათლითა განმანათლებელი და სულიწმინდით შემკული. ამ დროს გამოჩნდა სახედრით მომავალი წმინდა გრიგოლი. ის მართლაც საკვირველი სანახავი იყო. უბრალო სამოსი, რომელიც მას ემოსა, უბრწყინვალესი ნათლით იყო გაცისკროვნებული, ხოლო მის თავზე კუნკული ისე ბრწყინავდა, როგორც ფასდაუდებელი, პატიოსანი თვალმარგალიტით შემკული გვირგვინი. როდესაც ეპისკოპოსებმა იხილეს მისი ღმრთაებრივი დიდება, ყველა მოწიწებით მიეგება. ამ დროს მივიდა ეფრემ მაწყვერელიც. პირველად მოიკითხა თავისი მოძღვარი და შემდეგ ეპისკოპოსები. ნეტარმა მამამ ფარულად სთხოვა მას, რომ ხელი არ შეეშალა თავისი სულიერი ძმისათვის, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ განრისხებულმა მამამ წყრომით მიუგო: უკეთუ ამას ჩაიდენ ეფრემ, მე უარმყავი, ვითა არა შენი მოძღვარიო. ნეტარი ეფრემი სულიერი მამის სიტყვებზე ატირდა და შეჰპირდა, რომ დაემორჩილებოდა მას. მამა გრიგოლმა უთხრა მას, ეფრემ საყვარელო, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, შენ იცი, რომ ღმრთისაგან ნაბრძანებია არსენის კათალიკოსობა, მაგრამ მამამისის აჩქარებამ საყვედრებელი გახადა. შენ მე დამიჯერე, რადგან განრისხებული კაცი ღმრთის სიმართლეს ვერ შეიცნობს, ხოლო თუ რამე დანაშაული მიუძღვის არსენს, ჩემზედ იყოსო.

გვარამ მამფალმა, როდესაც გაიგო ნეტარი მამების მისვლა, წინ მიეგება სიხარულით და მდაბლად მოიკითხა. როდესაც ყველანი შეიკრიბნენ, გვარამმა მიმართა მათ, წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოენო, ყველამ იცით კანონი, რომელიც არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოსის ძალმომრეობით დადგენასო და მრავალი გამკილავი სიტყვაც წარმოსთქვა და ელოდა მათგან პასუხს, მაგრამ, ყველას მზერა მამა გრიგოლისა და ეფრემ ეპისკოპოსისაკენ იყო მიპყრობილი. ნეტარმა ეფრემმა განაცხადა, სადაც მამა გრიგოლია, მე იქ ვერ გავბედავ ლაპარაკსო. მაშინ მამა გრიგოლმა წარმოსთქვა, სჯობდა პირველად ეპისკოპოსებს ებრძანებინათ, ხოლო აწ ასე ვიტყვიო: ქრისტეს ჭეშმარიტო სამწყსოვ, ისმინეთ მოხუცებული ბერისა, რადგან „არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაათა არს კათალიკოზი“. დაე, მისმა გამკილავებმა შეინანონ, რომ შერცხვენილნი არ იყვნენ ამ ქვეყნადაც და სამარადისოდაცო. თუმცა გვარამ მამფალი ბრძენი და ღმრთისმსახური იყო, მაგრამ მართალი კაცის მხილებამ ძალიან შეაშფოთა, რადგან „ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა“. დიდი ხანი არ მენახა მამა გრიგოლი, მაგრამ გაგონილი მქონდა, რომ მისი ბრძენთაგან გამოუკვლეველი სიბრძნე სიბერისაგან შეცვლილი არისო და ეხლა მოსმენილი თვალითაც ვიხილეო, წარმოსთქვა გესლიანად და მრავალი სჯულის სამოძღვრო სიტყვაც განმარტა, რაც ერისკაცს არ შეეფერებოდა. მაშინ ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: ჰოჲ, ხელმწიფეო, რად განრისხდები ჭეშმარიტებისა მსმენელი? შენ იცი, რომ წმინდა მამათა შეკრებებს მეფენიც ესწრებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად სჯულის მოძღვრებაზე კი არ მსჯელობდნენ, არამედ სჯულის გამოძიებას ეკითხებოდნენ და მათგან სწავლობდნენ ღმრთის მცნებებსა და სწამდათ მათი სიტყვისა. და როგორც წმ. მოციქულებისა და ღირსი მღვდელთმოძღვრების განსაზღვრებულ კანონებშია ნაბრძანები, ერისკაცი ეპისკოპოსებისა და წინამძღვრების მოსაგვარებელ საქმეებს არ უნდა განაგებდეს, რაც სჯულისა და მღვდელთმოძღვრების შეურაცხყოფა არის. ხოლო მე, შენი სიტყვებით, გვარამ, ვარ სიბერისაგან ბუნებაშეცვლილი, მაგრამ როდესაც ღმრთის სამართალი განგსჯის, მაშინ მიხვდები შენს შეცოდებებსო. გვარამ მამაფალი შეძრწუნდა და ეპისკოპოსებს სთხოვა, გამოეთქვათ თავისი აზრი. მათ უპასუხეს, რომ ქრისტესმიერმა სასწაულმა დაადუმა მათი ენა, რადგანაც იხილეს მამა გრიგოლის შემოსვლის დროს მიუწვდომელი ღმრთაებრივი ნათელი. შეშინებულმა მეფემ ნეტარ მამას შეჰღაღადა „წმიდაო ღმრთისაო, შემინდევ, რამეთუ დაგაბრკოლე“, ხოლო მან უპასუხა „ქრისტემ შეგინდოს ცოდვები“-ო. კრების შემდეგ გვარამმა ყველანი პურობაზე მიიწვია, სადაც ღვინით გამხიარულებულ გვარამს ეპისკოპოსებმა უთხრეს, ეს მხილება არსენისათვის საჭირო იყო და კარგია, რომ ქრისტიანობის პატივი მშვიდობიანად აღვასრულეთ, ამიერიდან არსენი არის ქართლის კათალიკოსი, ყველას სულიერი მამა და თავდაპირველი ეჭვი დამცხრალიაო, რაზედაც გვარამიც დაეთანხა მათ. ხოლო არსენს, რომელიც კრებას არ ესწრებოღა, აუწყეს, რომ მისმა მოძღვარმა, გრიგოლიმ დაამტკიცა შენი კათალიკოსობაო, და მანაც დიდად გაიხარა. ეფრემ მაწყვერელმა თავისი სულიერი მამის მცნებისამებრ კვლავ განაახლა სიყვარული და მეგობრობა არსენ კათალიკოსთან. დიდი არსენი 27 წელი იყო კათალიკოსად და ქართლის ეკლესიებსაც მრავალი სიხარული მიჰფინა. ასევე ეფრემ მაწყვერელმაც, მრავალი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას. პირველი საუკუნეებიდანვე მირონი იერუსალიმიდან ჩამოჰქონდათ აღმოსავლეთის კათალიკოსებს. ეფრემმა კი იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით მირონის კურთხევა მცხეთაში დააწესა. „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. სულიწმინდით გაბრწყინებული ეფრემ მაწყვერელი 40 წელი ეპისკოპოსობდა. კაცთაგან ფარულად ჩადენილ ცოდვებს ცხადად ჩადენილივით ამხელდა, სასიკვდილოდ განწირულებს სიტყვით კურნავდა, ხოლო ურჩებს სასჯელს მიაგებდა და ასევე მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა. მადლით აღვსილი მოხუცებული ეპისკოპოსი ეფრემი მიიცვალა უფლისა მიმართ და მორწმუნეთათვის მეოხ-არს უკუნისამდე.

ერთხელ ნეტარი გრიგოლი იმყოფებოდა თავის სენაკში, სადაც არასოდეს ცეცხლი და კანდელი არ დანთებულა. განთიადისას მნათემ იხილა მამა გრიგოლის სამყოფელიდან გამომავალი ნათელი, ეგონა სენაკი იწვოდა და სასწრაფოდ შეატყობინა დეკანოზს, რომელმაც უთხრა: შვილო ნუ გეშინია, ეგ არ არის შემწველი ცეცხლი, არამედ ღმრთის სულია, განმანათლებელიო. რადგან მას მრავალჯერ ენახა მზესავით მბრწყინავი წმინდა მამა სენაკში ხელაღპყრობით მლოცველი, რომლის სხეულიდანაც ჯვრის სახედ გამოდიოდა სინათლის სხივები. ერთხელ, ზამთარში ხანძთის მონასტრის ძმები ყინულზე ძელებს აცურებდნენ და ერთ მოხუცებულ ძმას გაუფრთხილებლობის გამო მოცურებული ძელი უნდა დასცემოდა. შეშინებულმა ბერმა ხმამაღლა დაიძახა: „მამაო, შემეწიე“. მამა გრიგოლიმ ჯვარი გადასახა ძელს და წარმოსთქვა: „სახელითა ქრისტესითა, დადექ ძელო!“ და მისმა სიტყვამ, როგორც უძრავი კლდე, ისე გააჩერა ყინულზე დაქანებული უზარმაზარი ძელი. გახარებული ძმები ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ საკვირველთმოქმედ ბერს. წმინდა მამა უფლის მადლით სნეულებსაც კურნავდა. იგი იყო მაგალითი და მტკიცე დამცველი ზნეობისა და მეფეთა მხილებასაც არ ერიდებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მეფის არასწორი ქმედება ერისათვის დამღუპველი იყო. როდესაც აშოტ კურაპალატმა თავის სასახლეში სიძვის დიაცი მიიყვანა, „რომლისა თანა იმრუშებდა“, მამა გრიგოლი დიდად შეწუხდა. მან მკაცრად გაკიცხა მეფე და როდესაც იგი სასახლეში არ იმყოფებოდა, დედაკაცი დაარწმუნა, რომ მიეტოვებინა მეფე და მერეს მონასტერში დედა ფებრონიას ჩააბარა. როცა აშოტ კურაპალატი სასახლეში მივიდა და დედაკაცი იქ აღარ დახვდა, დაივიწყა თავმოყვარეობა და მერეს მონასტერში მივიდა მის წამოსაყვანად, ხოლო როდესაც დედა ფებრონიასაგან უარი მიიღო, გამწარებულმა წარმოსთქვა, ნეტავი იმ კაცს, რომელიც აღარ არის ცოცხალიო, და სწრაფად დატოვა მონასტერი, რადგანაც მამხილებლად ჰქონდა თავისი გონება. როდესაც მეფეს ხორციელი ვნება განეშორა და მიხვდა თავისი შეცოდების სიღრმეს, უხაროდა, რომ ამქვეყნიური ძლიერებით შემოსილი ხელმწიფე, სძლიეს სულიერად ძლიერმა ადამიანებმა - მამა გრიგოლმა და დედა ფებრონიამ, აქებდა მათ და უფალს ადიდებდა. იმ ხანებში ჩვეულება ჰქონდათ უდაბნოთა წინამძღვარ მამებს, რომ დედა ფებრონიას გარეშე არც ერთ მნიშვნელოვან საქმეს არ გადაწყვეტავდნენ. ხშირად უნახავთ მამა გრიგოლი და დედა ფებრონია განმარტოებულად მოსაუბრენი. ერთხელ, მათ მახლობლად მონაზონმა ჩაიარა და მოესმა რამდენიმე სიტყვა, მეტის მოსმენა კი ვეღარ იკადრა. წმინდა მამა ეკითხსებოდა ნეტარ ფებრონიას: „რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან? - რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის“.

აშოტ კურაპალატის ძეს, ადარნერსე ხელმწიფესაც საშინელი ვნება შეამთხვია ეშმაკმა. მეძავმა ქალმა, რომელთანაც იგი მრუშობდა, მის მეუღლეს, აფხაზეთის მეფის ასულს მრუშობაში დასდო ბრალი. (ადარნერსეს მეუღლე, ბევრეულისი იყო ასული მეფე დემეტრე II ძმის - ბაგრატ უფლისწულისა). ადარნერსე ხელმწიფემ მშობლებთან გაგზავნა დედოფალი და სხვა შეირთო ცოლად. მამა გრიგოლმა მრავალჯერ ამხილა იგი და როდესაც მისი თხოვნა არ შეისმინა, უწინასწარმეტყველა რომ ის და მისი მომავალი შვილები დასნეულდებოდნენ და არ განიკურნებოდნენ, სანამ უსამართლოდ განდევნილი დედოფლისაგან შენდობას არ მიიღებდნენ. მეძავი დედაკაცი კი საშინლად დაისჯებოდა. ცოტა ხანში სრულიად ჯანმრთელ ადარნერსეს ნეკრესის ქარი დაემართა და საშინლად იტანჯებოდა. მან კაცი გააგზავნა დედოფალთან შენდობის სათხოვნელად დედოფალი ბევრეულისი კი ანასტასიას სახელით დიდსქემოსანი მონაზონი გამხდარიყო (ხს. 5 ოქტომბერი). მან ქრისტეს სახელით შეუნდო ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგაც ადარნერსე განიკურნა. მრავალი წლის შემდეგ კი, მისი შვილები, გურგენი და სუმბატიც დასნეულდნენ. საგლახაკოდ შემოსილი შვილები მამამ სასწრაფოდ უკვე გარდაცვლილი დედოფლის საფლავზე წარგზავნა. როდესაც ყრმებმა ილოცეს და შენდობა გამოსთხოვეს ნეტარ დედას, სრულიად განიკურნენ. შემასმენელი მეძავი დედაკაცი კი ეშმაკეული შეიქმნა და მრავალი განსაცდელი შეემთხვა თავისი უკეთური საქმეების გამო. იგი ცრემლითა და გოდებით მივიდა დედა ფებრონიასთან და სთხოვდა, რათა მამა გრიგოლს შეეწყალებინა. დედა ფებრონიამ წერილი მისწერა წმინდა ბერს და ევედრებოდა საბრალო დედაკაცის შეწყალებას, მაგრამ მან არ შეისმინა მისი თხოვნა და შეუთვალა, რომ ძალიან მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და სიცოცხლეში არ ეპატიებოდა, რადგან მართალ ქალს მეძავის სახელი განუთქვა და განაშორა თავის მეუღლეს, ამასთანავე მართალი კაცის სისხლიც მასზეა და თავისი უკეთური საქმეების გამო სიკვდილამდე უნდა იტანჯოსო. დედა ფებრონიაც დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა: „სულები წინასწარმეტყველთა, წინასწარმეტყველთა დაემორჩილებიანო“. მან როგორც შესძლო ანუგეშა სასოწარკვეთილი ქალი, რომელიც სიკვდილამდე მერეში იმყოფებოდა და „ბოროტოა გვემათა შინა იყო“, ხოლო გონება კი ნათელი ჰქონდა. როდესაც გარდაიცვალა, დედა ფებრონიას ბრძანებით მონაზვნების მახლობლად დაკრძალეს, რათა ცოდვილი მართალთა სიახლოვით განმართლებულიყო, მაგრამ უფალმა დიდი სასწაული მოახდინა, მისი გვამი სამჯერ იხილეს აკლდემის გარეთ გამოძევებული. ღრმადმოხუცებულმა დედა ფებრონიამ წერილით შეატყობინა მამა გრიგოლს ეს ამბავი და სთხოვა, შეენდო დედაკაცისათვის. წმინდა მამამ წერილი მისწერა გარდაცვლილ მონაზვნებს: ქრისტეს მოყვარენო დედანო, მძინარენო ხორცითა და მღვიძარენო სულითა, აწ გევედრებით საწყალი დადაკაცისათვის, „ითხოვეთ ქრისტესაგან ბრალთა მისთა შენდობაჲ და ღირს ყვენით ძვალნი მისნი ძვალთა თანა თქვენთა და სული მისი სულისა თქვენისა თანა“. როდესაც წაუკითხეს მამა გრიგოლის წერილი მიცვალებულ მონაზვნებს და დედა ფებრონიას დანაბარებიც აუწყეს, მაშინღა მიიღეს ღირსმა დედებმა მკვდარი დედაკაცი და აღარ განაგდეს. მამა გრიგოლი იყო სიცოცხლეშიც მისი მამხილებელი და სიკვდილის შემდეგაც ღმრთისაგან შენდობა ისევ მან მოუპოვა საბრალო დედაკაცს, რომელსაც ძლიერ შეეწია თავისი სინანულიც. წმინდა გრიგოლი იყო არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების მყუდრო ნავთსაყუდელიც. ერთხელ, მთაში ყოფნის დროს, მონადირეებისაგან დამფრთხალმა ირემმა ძმებს შორის გაიარა, მივიდა წმინდა ბერთან და თავი ხელზე დაადო, თითქოს შველას ითხოვდა მისგან. ნეტარმა მამამ წარმოსთქვა: „სახელითა ქრისტესითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ“. მონადირეები, რომელთაც ეს საკვირველება იხილეს, ადიდებდნენ ღმერთს, მივიდნენ წმინდა მამასთან და დალოცვა სთხოვეს. ბერმა ჯვარი გადასახა მათ, ირმის ნაცვლად კი სხვა სანოვაგე მისცა და მშვიდობით გაისტუმრა. იმავე ხანებში სენაკში მყოფ ნეტარ მამასთან სირბილით შეცვივდა მონადირეებისაგან გამოქცეული ოთხი თხა. მამა გრიგოლი მიხვდა მიზეზს და ანუგეშა ისინი, მონადირეები მშვიდობით გაისტუმრა, თხებიც გამოკვება და გაუშვა. მამა ბასილს ჭაბუკობისას კისერზე ძირმაგარა გამოუვიდა და საშინლად იტანჯებოდა. მამა გრიგოლმა ძლიერად დაჰკრა ხელი მტკივან ადგილზე და სრულიად განკურნა იგი, ხოლო ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ მას.

მას შემდეგ, რაც კლარჯეთის დიდებული უდაბნო აღორძინდა, მათი მღვდლები და დიაკვნები ანჩელი ეპისკოპოსისაგან იკურთხებოდნენ. ანჩის საეპისკოპოსოს მრავალი სასწაულთმოქმედი წინამძღოლი ჰყავდა. ერთ-ერთი მათ შორის იყო მამა ზაქარია, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა. მონასტრის ახლოს დაფერდებულ ადგილას ეკიდა დიდი ლოდი, რომელიც ხშირად იძვროდა, რის გამოც მონაზვნებს ეშინოდათ სენაკში შესვლა. ერთხელ მამა ზაქარიამ მათ უთხრა, რომ ამ ლოდს ხვალ სხვა ადგილზე იხილავთო და მოხდა სასწაული. ისე აღსრულდა მისი ნათქვამი, ქვის შეძვრის ხმაც არ გაუგიათ მამებს. ხოლო, როდესაც ანჩის საზღვრებს კალია შემოესია. ნეტარმა ეპისკოპოსმა ზაქარიამ წინ კვერთხი მიაგება და უფალმა მისი მადლითა და მეოხებით მოსრა ურიცხვი კალია, რომელიც მზის სინათლესაც კი აბნელებდა. საღმრთო მადლის სუფევა კი ყრმა ზაქარიაზე ასე განცხადდა: ერთხელ, როდესაც ცხვრებს მწყემსავდა კლარჯეთის სანახებში, როგორც მღვდელმა, შესაწირავი გაამზადა წმინდა ჯვრის წინაშე და სხვა ბავშვებთან ერთად გალობდა „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ ღმერთსა“ და „უფალო შეგჳწყალენს“-აც მრავალგზის გალობდნენ. ამ დროს გზად ვინმე ანჩელ ეპისკოპოსს გამოუვლია და ყრმის თავზე უხილავს ცად აღწევნილი ნათლის სვეტი. ამ სასწაულის მნახველ ეპისკოპოსს ყრმა ზაქარია თან წაუყვანია და ტბის მონასტრის დეკანოზისათვის ჩაუბარებია აღსაზრდელად.

სათნო ეპისკოპოსებით იყო განთქმული ანჩის საყდარი. სანამ მას არ დაეპატრონა საჰაკ ამირის ძის მიერ აღზრდილი უკეთური ცქირი. მან, როდესაც იხილა ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილი, მოითხოვა აშოტ კურაპალატისაგან ანჩის საყდარი. მრავალი მცდელობის შემდეგ, ძალადობით დაეპატრონა მას და ბოროტებას ბოროტება შესძინა. კლარჯეთის მეუდაბნოე მამები, განსაკუთრებით კი მამა გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ მის უწესო საქციელს. უკეთურმა და ამპარტავნებისაგან დაბრმავებულმა ცქირმა კი ერთი უბადრუკი, ურცხვი და მშვილდოსნობაში გაწაფული ანჩელი კაცი მოისყიდა მამა გრიგოლის მოსაკლავად, რისთვისაც 300 კგ. ფეტვსა და 5 თხას დაჰპირდა. როდესაც აგარაკიდან ხანძთაში მიმავალი მამა გრიგოლი შვილდ-ისრით შეიარაღებულმა ჩასაფრებულმა მკვლელმა იხილა, ძრწოლამ შეიპყრო, რადგან, წმინდა ბერს, რომელიც ეფრემ ასურის თქმულ საკითხავებს ზეპირად აღმოიტყოდა და სულიწმიდის მადლით საღმრთო ხილვები ჰქონდა, ცამდე აღწეული ბრწყინვალე ნათლის სვეტი ჰფარავდა და თავზე ცისარტყელას მსგავსად ჯვარი ედგა. ამ დიდების მხილველი უბადრუკი კაცი ძრწოლამ შეიპყრო, მკლავი გაუშეშდა და ზარდაცემული ძირს დაეცა. მან აღიარა დანაშაული და პატიება ითხოვა ბერისაგან, რომელმაც შეუნდო და განჰკურნა იგი. გაბოროტებულმა ცქირმა ამ ამბის გაგების შემდეგ მრავალი ბოროტება შეამთხვია ნეტარ გრიგოლს და სხვა წმინდა მამებს. მამა გრიგოლის ბრძანებით, ყველაფერი აცნობეს აშოტ კურაპალატსა და ქართლის კათალიკოსს, რომელმაც ღირსეული ეპისკოპოსები გამოგზავნა კრებაზე დასასწრებად; სასწაულთმოქმედმა მეუდაბნოე მამებმა, ანჩის საყდრის მრევლმა და დედა ფებრონიამ ამხილეს ცქირის უსჯულოება და განჰკვეთეს. იგი დედა ფებრონიამ და მამა გრიგოლმა შემოსილი საკურთხევლიდან ჩამოიყვანეს, განძარცვეს და ეკლესიიდან გააძევეს. პატივაყრილი ცქირი თბილისში ჩავიდა საჰაკ-ამირასთან და მისი დახმარებით ხელახლა დაეპატრონა ანჩის საყდარს. მან გადაწყვიტა შური ეძია მამა გრიგოლზე. შეკრიბა ანჩელი ერისკაცები და გააგზავნა ხანძთის მონასტრის დასანგრევად. მზის ამოსვლისას მისულ ხალხს, მამა გრიგოლმა სთხოვა შუადღემდე დრო მიეცათ, სალოცავად. ისინიც დათანხმდნენ, რადგან მრავალჯერ ენახათ მის მიერ აღსრულებული სასწაულები. ნეტარი ბერის ვედრება ისმინა უფალმა და წმინდა ანგელოზის მიერ აუწყა, რომ საღმრთო შურისძიება ეწეოდა მათ მტერს და მალე მოვიდოდა ამბავი მისი სიკვდილისა. გახარებული მამა გრიგოლი ეკლესიიდან გამოვიდა და უთხრა ტაძრის დასანგრევად მისულ ხალხს, ნუღარ გეშინიათ თქვენი ბოროტი მომავლინებელისა, რადგან უფალმა რისხვით მოკლა იგიო. ამ დროს მოვიდა კიდეც კაცი, რომელმაც აუწყა მათ: „ნუღარ იკადრებთ დარღვევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღვეველი მაგისი მოკვდა“-ო. როდესაც ხალხი გააგზავნა ხანძთაში, ცქირი ანჩელ წმინდა მღვდელთან ერთად წავიდა ქორთაში, სადაც განძი ჰქონდა ჩამარხული და უნდოდა იმის თან წაღება. გზაში ჭამეს და როდესაც მიერულა, თავისი უკეთური საქმეებისა და ხანძთელი მამების ბოროტისყოფისათვის საშინელი ჩვენება იხილა, ხოლო მასთან ერთად მყოფ მღვდელს უფალმა გამოუცხადა ცქირის ბოროტად სიკვდილი. მაშინ მღვდელმა სასწრაფრდ გააგზავნა მოწაფე ხანძთაში და წინასწარ აცნობა ცქირის სიკვდილი. ხოლო, როდესაც ისინი ქორთაში მივიდნენ, ცქირი მოკვდა და დაფლეს უპატიოდ.

დიდებული და სასწაულთმოქმედი მამა გრიგოლი იყო სტუმართმოყვარე და გლახაკთა განმკითხველი. დღე და ღამე თავისი ხელით შრომობდა, ვითარცა იტყვის მოციქული პავლე „რომელი არა შვრებოდის, ნუცაღა ჭამ“-ო. იგი ღრმად მოხუცდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო. სახის ფერი არ შესცვლია და არ დაუძლურებულა, რადგან მისი განმაძლიერებელი იყო ქრისტე. ნეტარი მამა მეტწილად შატბერდში იმყოფებოდა, რადგან სხვა მონასტრებში მამასახლისები დაედგინა და ისინი ზრუნავდნენ ძმებზე, ხოლო რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე იყო, მას აცნობებდნენ და ღმრთისაგან მინიჭებული სიბრძნით, რომელიც მუდამ მასთან იყო დავანებული, განაგებდა. როდესაც ხანძთელი ბერები მიხვდნენ, რომ მოახლოვებული იყო მათი სულიერი მამის აღსასრული, ვისაც სიარული შეეძლო, ყველანი გაეშურნენ შატბერდში და სთხოვეს ხანძთაში დაბრუნება, რომელიც მისი შრომისა და ღვაწლის პირველნაყოფი იყო. შატბერდელ ბერებს გაუძნელდათ სულიერ მამასთან განშორება, მაგრამ სიმართლე ხანძთელთა მხარეს იყო და უარი ვერ უთხრეს. მამა გრიგოლმა შატბერდვლ ძმებს მოუწოდა და განუწესა, რომ ამ ორ მონასტერს შორის სამარადისოდ ყოფილიყო სულიერი ერთობა და სიყვარული. ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით შეიტყობს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართო - დამოძღვრა ბერმა და სხვა მრავალი დარიგებაც მისცა თავის სულიერ შვილებს, შემდეგ შევიდა ეკლესიაში, ცრემლმორეულმა ილოცა, ამბორისყოფით დაემშვიდობა ძმებს და გაემართა ხანძთისაკენ. გზად შემაღლებულ ადგილზე შეჩერდა, დიდება შესწირა ღმერთს და წარმოსთქვა: კეთილად აღორძინდი, შატბერდო, შეიმკე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისათა, რამეთუ, მე აწ, ესერა მშვიდობასა დაგიტოვებ შენ და აღარ იხილო პირი ჩემი ხორციელად, ვიდრე უფლის დიდებით მოსვლამდეო და გზა გააგრძელა. მამა გრიგოლის ხანძთაში დაბრუნებას სიხარულით შეხვდნენ ახლომდებარე უდაბნოების მკვიდრნიც. ბერები ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მის სანახავად და სიხარულით აღვსილებს მისი ლოცვა-კურთხევა მიჰქონდათ თან. გაიხარა მამა გრიგოლმაც, როცა თავისი მონასტერი აღორძინებული იხილა და აკურთხა წინამძღვარი მამა ეპიფანე და მონასტრის ძმები.

წინასწარ შეიცნო ნეტარმა სიკვდილთან მიახლოვებისა და ღმერთთან მისვლის დრო. მან უდაბნოს ყველა სავანეში ცვილის კელაპტრები დააგზავნა და შეუთვალა ის დრო, როცა უნდა აენთოთ და ელოცათ მისთვის, ხოლო, როდესაც ის დღე დადგა, როგორც ღმრთისმშობლის მიძინებისას მიიწივნენ წმინდა მოციქულები, ასევე ნეტარი მამის სენაკშიც, დათქმულ დროს მის პატივსაცემად და კურთხევის მისაღებად შემოიკრიბნენ წმინდა მამები. ძმებმა მრავალი საქებარი სიტყვა უძღვნეს სულიერ მამას. ასევე მანაც მრავალგზის დამოძღვრა ისინი: შვილებო, რომელი მცნებაც თავიდანვე მოგეცით თქვენი სულის საცხოვნებელად, აღასრულეთ იგი და მარად მომიხსენეთ ლოცვითა და ჟამისწირვითა, „რამეთუ აჰა, ესერა ვიდრე ჟამამდე კუალად წოდებისა ჴორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან“. ამ სიტყვებს როდესაც ამბობდა, მიუწვდომელი ნათელი დაადგა და პატიოსანი საკმეველის კეთილსურნელებამ აავსო მისი სამყოფელი და ანგელოზთა ბანაკი გარე მოადგა მას. და ვინაიდან მას ჩვეულება ჰქონდა ზეციურ წმინდა ანგელოზთა ხილვისა, მათგანვე ესმა სიხარულის ხმა „ნუ გეშინინ მოსვლად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტჱსო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა, ნეტარსა მას დიდებასა დამკვდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“. ეს სიტყვები ესმოდა ზოგიერთ მის მოწაფესაც, ხოლო დიდებული ხილვა ყველამ იხილა. მაშინ ნეტარმა გრიგოლმა გაიხარა დიდი სიხარულით, ჯვარი გადასახა მონასტერს, თავისი მოწაფეები და ქრისტიანები საუკუნო კურთხევით აკურთხა, შეავედრა უფალ იესო ქრისტეს და შესთხოვა: „მეუფეო ქრისტე, მე, მონაჲ შენი, მაცხოვნე სასუფეველსა შენსა და წყალობით მომიხსენე სუფევითა შენითა“. შეავედრა სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს. სიბრძნით განსრულებული, კეთილად განმგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი ღირსი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 861 წ. 5 ოქტომბერს. წმინდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, სულიერ ძმებს შორის, ხოლო მისი ნეტარი სული დაემკვიდრა „ნათელსა შინა დაუღამებელსა“, როგორც იტყვის ბრძენი სოლომონი „სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისაჲთა ცხოველ არიან“.

--------------------------------------------------------------

[1] - ნერსე II ერისმთავარი იყო ძე ადარნასე ერისმთავრისა და კურაპალატისა, ერისმთავრობდა VIII ს. II ნახევარში 781 წლამდე. იგი იყო ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი და ამიტომაც რამდენჯერმა განიცადა ტყვეობა და დევნა არაბთაგან. გრიგოლი იყო ნერსეს ცოლის ძმისშვილი.

[2] - იგულისხმება ბერძნული ენა და მწიგნობრობა, ასევე სირიული და არაბული.

[3] - კლარჯეთი - მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო წელზე, არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.

[4] - საისტორიო წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი ბაგრატიონები, ვიდრე ისინი გახდებოდნენ ქართლის ანუ იბერიის ერისმთავარნი და შემდეგ მეფენი, ადრე ყოფილან მესხეთის მხარეთა მთავრები და მათი რეზიდენცია იყო კლარჯეთში, ამის გამო ამ სამფლობელოს „კლარჯეთის სახლი“ ეწოდა. ბაგრატიონები პიტიახშის ხარისხს ატარებდნენ.

[5] - იშხნის ძველი ეკლესია VII ს. ააშენა ნერსე იშხნელმა. ხოლო საბას მიერ დაწყებული იშხნის სავანის აღდგენაში და მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო აშოტის ძემ - მეფე ბაგრატ I კურაპალატმა.

[6] - ტიტული „მამფალი“ იგივეა, რაც ირანული ტერმინი „პიტიახში“ - ანუ იგივე „სეფე-წული“. მამფალი სამეფო გვარეულობიდან ინიშნებოდა.

[7] - საჰაკ ამირა ისმაილის ძე - თბილისის ამირა 831-853 წწ. იგი ეურჩებოდა ხალიფას. მის დასასჯელად გამოგზავნილმა ბუთა-თურქმა 853 წ. თბილისი ააოხრა და ამირა სიკვდილით დასაჯა.

[8] - არქიმანდრიტი - მონასტრის წინამძღვარი.

[9] - საწელიწადო იადგარი - ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს მთელი წლის მანძილზე გამოსაყენებელი ლიტრუგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილი იყო ქრისტიანული დღესასწაულების საგალობლები და აგრეთვე წმინდანების ხსენების დღეს შესასრულებელი საგალობლები.

[10] - გვარამისთვის „დიდი“ უწოდებიათ იმის გამო, რომ იგი ყოფილა შეურიგებელი მებრძოლი არაბთა მფლობელობის წინააღმდეგ და ფაქტიური ხელმძღვანელი ანტიარაბული ფრონტისა, როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში.