topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ.ჯალაბაძე - პურის ბეღელი და კოდი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეთნოგრაფიული მასალები>>>

გიორგი ჯალაბაძე (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ მუშაკი) პურის ბეღელი და კოდი //ძეგლის მეგობარი, გამ. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1967 წ.,  №12, გვ.27-30

საქართველოში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, ხორბლეულის შესანახად მრავალი სახის ჭურჭელი იყო ხმარებული. გარდა ჭურჭლისა, ძველთაგანვე ხორბლეულის შესანახ საშუალებად იყენებდნენ: ორმოს, ხაროს და ბეღელს. ხორბლის შესანახი ორმო მიწაში 2 მეტრის სიღრმეზე იყო ამოთხრილი, ფორმა წაკვეთილი კონუსის მაგვარი ჰქონდა. ძირის ფართი 1,5-2 მეტრიან რადიუსს შეადგენდა, პირისა კი - 50-70 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. ანალოგიური ფორმისა იყო ხარო, იმ განსხვავებით, რომ ხარო ქვითკირით იყო ნაგები და უფრო საიმედო ნაგებობას წარმოადგენდა, ვიდრე ორმო. ორმო ისე, როგორც ხარო გავრცელებული იყო მშრალი ნიადაგების რაიონებში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

კახეთში, გაღმა მხარის გამოკლებით და ქართლში ზოგიერთი სარწყავი სოფლების გამოკლებით. ხორბლის შესანახი ორმო და ხარო ქართული ძველი დასახლების კომპლექსისათვის ერთი აუცილებელი შემადგენელი ელემენტია. ამ ორ ერთი და იგივე დანინულების ობიექტს ქვემო ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის სამეურნეო ყოფაში ახალი დანიშნულების შესრულება უხდება, მასში ახლა კარტოფილს ინახავენ. ხორბლეულის შესანახად გამოყენებული იყო აგრეთვე ბეღელი. ბეღელი ფიცრულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ორიგინალური კონსტრუქციით და დაგეგმარებით ხასიათდება. ჩვეულებრივ საშუალო ზომის საჩეხიანი ბეღელი 10-30 კვადრატული მეტრია. ბეღელს გეგმაში მოგრძო ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა. გააჩნდა საჩეხი და გადახურული იყო ორფერდა სახურავით. ბეღელი ჩვეულებრივ მიწიდან შემაღლებულ ბოძებზე იყო შედგენილ-გაწყობილი, ან მაღალ ქვებზე იყო დადგმული ისე რომ, იგი თავისი აგებულებით ხიმინჯიან სახლს წააგავდა. ბეღელს წინიდან აქვს დაბალი და განიერი კარი. ფიცრის ტიხრების საშუალებით ბეღელი შიგნიდან რამდენიმე განყოფილებად იყო დანაწილებული. თვითეულ ამ განყოფილებას, კახეთის გაღმა მხარის სოფლებში ორმოს უწოდებენ. ორმოები სხვადასხვა ზომისაა და ხორბლეულის სახეობათა მოსავლიანობის სიდიდის მიხედვითაა ნავარაუდევი. მაგ.სოფელ საბუეში ჩვენს მიერ აღწერილი ვანო ყანჩაშვილის ბეღელში ყველაზე მეტ ფართიანი ორმო პურისთვის იყო განკუთვნილი. მომდევნო ორმო ქერის ჩასაყრელად ჰქონიათ. მესამე - ფეტვისთვის ყოფილა განკუთვნილი და ასე შემდეგ. ბეღელის სხვენი ღია საბძლური გადახურვით ხასიათდება, რომელიც გამოიყენებოდა ზამთრის სანოვაგის - ხმელი ხილისა და სანელებელი ბოსტნეულის შესანახად (ჩურჩხელა, ჩირეული, ნიორი, ხახვი, ღოლოს გალები, კაკალი, გოგრები). მთხრობელის გადმოცემით: "კარგი ბეღლის აშენება სახლისოდენა ამაგსა და მასალას თხოულობდა". ამ სიძნელის გამო ბეღელი ყველა ოჯახს არ გააჩნდა, თუმცა ქიზიყში აბანოზის ხის ფიცრისაგან აშენებული ბეღლებიც კი ჰქონიათ. ქ.სიღნაღის რაიონული არქივის მასალებში დაცულ გაყრილობის წიგნებში არაერთხელ არის მოხსენებული "ამბარი (ბეღელი) აბანოზის ხისა და აბანოზის მასალა ამბრისათვის" (ხირსის სასოფლო საზოგადოების სასამართლო გააჩინებათა დავთარი საბ.№59, 1911 წლისა). ოჯახები, რომელთაც ბეღლები არ გააჩნიათ, ხორბლის შესანახად იყენებდნენ აგრეთვე კოდებს. პურის კოდი, როგორც ამას კახეთის გაღმა მხარის სოფლებში უწოდებენ, ბეღლის შემდეგ ყველაზე მეტად გავრცელებული სათავსო ავეჯია. კოდი წარმოადგენს მრგვალი ფორმის გულგამოღებული ხის დიდ მორს, რომელსაც ძირი აქვს ჩადგმული. კოდები ძირითადად ვერხვისაგან და ცაცხვის ხისაგან მზადდება, სცოდნიათ აგრეთვე კოდების დამზადება თხილის ხისაგანაც. თხილის ხისაგან დამზადებული ერთი დიდი ზომის კოდი ამჯერად გელათის მონასტერშია დაცული და მას XVI საუკუნის ძეგლად მიიჩნევენ.

ძველად კახეთის გაღმა მხარეში თხილის მოზრდილი ხეებისაგან ხის ავეჯის მრავალსახეობა უმზადებიათ. ასე მაგალითად: სოფელ შილდაში აღნიაშვილების ოჯახში (ლადო აღნიაშვილის მემკვიდრეების ბინაზე) დაცულია თხილის ხისაგან დამზადებული მოზრდილი საწნახელი, კოდები და სხვადასხვა დანიშნულების საგნები. თხილის ხისაგან დამზადებული მოზრდილი საწნახელი, აგრეთვე შემონახულია სოფელ ჭიკაანში, რომლის დიამეტრი მეტრს აღემატება, სიგრძე კი - 6 მეტრია. სხვადასხვა სიდიდის პურის კოდები ხშირად გვხდება ყვარლისა და ახმეტის რაიონებში. ერთი მათგანი 1960 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიულმა ექსპედიციამ შეიძინა სოფ.საბუეში ფ.ნ.ავგაროზიშვილისაგან საქართველოს სახელმწიფო მუზ. კოლ.№ 60-60/1. აღნიშნული კოდის სიმაღლე 190 სმ-ია, ძირის გარშემოწერილობა 390, ხოლო პირის გარშემოწერილობა - 470 სმ. კოდი დაახლოებით 25 კოდ პურს იტევდა, ე.ი. 75 ფუთამდე. იგი აივანზე იდგმოდა და მასში მოთავსებული ხორბლეული საიმედოდ იყო  დაცული. კოდის დამზადება მეტად შრომატევად საქმეს შეადგენდა. ამ სამუშაოს ადგილობრივი კახელი ხელოსნები არ ასრულებდნენ. მთხრობელთა გადმოცემითა "კოდებს უფრო მეტად ფშაველი მხვეწლები ამზადებდნენ. ისინი თურმე შემოდგომით ჩამოდიოდნენ ბარში და კახეთის ტყეებში მებატონეებისაგან ნებართვის მიღების შემდეგ ჭრიდნენ სათანადო ჯიშისა და შესაფერი დანიშნულების ხეებს და ტყეშივე აწარმოებდნენ მის დამზადებას. ძირითადი იარაღი ამ საქმისათვის ჩულუხი, სატეხი, ხვედა, ხერხი და ცული ყოფილა, დიდი ზომის კოდის ამოთხრას ზემოდან იწყებდნენ და თანდათან ძირისკენ ჩადიოდნენ. ფშაველ მხვეწლებს, რომელნიც სამუშაოდ ჯგუფებად მოედინებოდნენ, დიდი ზომის კოდების დამზადება შეკვეთით უწარმოებიათ, ხოლო მცირე ზომის კოდებისა - დაკვეთის გარეშე. საერთო ბაზრისათვის. მცირე ზომის კოდები ფშაველებს მთის მოსახლეობის სამეურნეო დანიშნულებისათვის უმზადებიათ. ბარში თუ თავის ნამზადს ისინი ხორბლეულზე ცვლიდნენ, მთიდან ერბო და ყველი  მოჰქონებიათ. კოდი, როგორც საქართველოს, ისე მთის ყოფისათვის ერთ აუცილებელ სამეურნეო დანიშნულების მუდამ და ხშირად საჭირო სახმარ სათავსო ჭურჭელს წარმოადგენდა. მცირე ზომის კოდები მრავალი დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა (რძის პროდუქტების, მარილის, ლობიოს, მუხუდოს და სხვადასხვა). კოდების დამზადების ხელოვნება აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც ჩანს ფშაველ ტყის მოხელეთა მონოპოლიას შეადგენდა. ბეღლებს კი, გარდა ადგილობრივი ხუროებისა, რაჭიდან ჩამოსული ხელოსნებიც აშენებდნენ. ისინი ხელოსნობის ამ დარგით გარკვეულ ეკონომიურ ურთიერთობაში იყვნენ, როგორც სამიწადმოქმედო, ისე მესაქონლეობის რაიონებთან. ამ ურთიერთობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. კოდისა და ბეღელის ეტიმოლოგიური შესწავლა ნათელყოფს, რომ ქართველთა წინაპრებს სამეურნეო დანიშნულებით, მისი გამოყენება ტომობრივ გათიშვამდე ხმარებაში ჰქონიათ.

ტერმინი "კოდი" გვიანი შუასაუკუნეების ხანაში ხორბლეულის საწყაო ერთეულის გამომხატველიც იყო. კოდის ქვეშ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წონის ერთეული მერყეობდა 2-დან (ხევსურეთი) 4 ფუთამდე (ქართლი). როგორც ბეღელი, ისე კოდი და, საერთოდ, ხორბლეულის შესანახი ჭურჭელ-ნაგებობანი ისეთივე დაცვას და ყურადღებას მოითხოვს, როგორც რომელიმე ისტორიული ძეგლი. სამწუხაროდ, სამუზეუმო დანიშნულების კარგი ბეღლები დღეისთვის იშვიათობად იქცა. თანამედროვე საკარმიდამო დასახლებამ ყოფიდან განდევნა. რამდენიმე ეგზემპლიარი ჯერ კიდევ მოიპოვება, კახეთის გაღმა მხარის სოფლებში. მისი დაცვა სხვა მატერიალური კულტურის ძეგლთა თანაბრად უნდა წარმოებდეს.