topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

დიღომი (სოფელი) და მისი ძეგლები

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთის რ-ონის ძეგლები>>>

დიღმის  ხეობა (მცხეთის რაიონი) - სოფელი დიღომი თბილისის ქვაბულსა და დიღმისწყლის ხეობაში (ზღვის დონიდან 520 მ, მცხეთიდან 15 კმ) მდებარეობს. დიღმის ხეობის რამდენიმე ადგილას აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები და სამაროვნები, საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა, აგრეთვე ეკლესიების ნანგრევები. ხეობა უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1969 წლიდან (რ. აბრამიშვილი). ხეობის ქვედა წელზე, თრელიგორებად წოდებული ბორცვების მახლობლად მიწის ზედაპირზე აკრეფილია მუსტიეს ხანის კაჟის იარაღი. დიღმისწყლის მარცხენა ნაპირზე გამოვლენილია ადრეული ბრინჯაოს ეპოქის ნამოსახლარი (ქ.წ. IV-III ათასწლეულის მიჯნა). ოთხკუთხა შენობები რიყის ქვებით არის ნაშენი. თიხატკეპნილი იატაკის ცენტრში თიხის ან რიყის ქვების ოვალური კერებია გამართული. იატაკში ამოთხრილია მსხლისებური ორმოები, რომლებიც ბათქაშითა და თიხის ჭურჭლის ნატეხებით არის ამოვსებული. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელ ჭურჭლის ფორმებთან ერთად აღმოჩენილია ბზენარევი კერამიკაც, რაც ენეოლითის ეპოქისთვის არის დამახასიათებელი. თრელიგორებზე გაითხარა მრავალფენიანი ნამოსახლარი, რომლის ძირითადი ფენები გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ეპოქას (ქ.წ. XI-VI სს.) მიეკუთვნება. გვიანდელი ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ხანის დასახლებები ტერასებადაა განლაგებული. ნახევრად მიწური სახლების კედლები ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვებით, შელესილია თიხით. იატაკები თიხატკეპნილია, ზოგჯერ ფილაქვით მოფენილი. ყველა საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩენილია ღუმელები, თიხით შელესილი ბაქნები, სხვადასხვა ფორმის საკურთხევლები. თრელიგორების აღმოსავლეთით, დიღმის ველზე ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ნამოსახლარი და სხვადასხვა პერიოდის სამარხები გაითხარა. განსაკუთრებულად მდიდრული იყო ქ.წ. VIII-VII საუკუნეების გორასამარხები, რომლებშიც ოქროს, ბრინჯაოს, რკინის ნივთები და დიდი რაოდენობით კერამიკული ჭურჭელია ნაპოვნი. გამოვლენილია თიხის პრიალა შავზედაპირაიანი ზოომორფული რიტონები. ქ.წ. III-I საუკუნეების სამარხებში ადგილობრივი წარმოების ნივთებთან ერთად რომაული გემები და მონეტებია ნაპოვნი. ამავე პერიოდის სამარხები სოფელ დიღომშიც გაითხარა, ხოლო დიღმის ველზე, დიღომში, ვაშლიჯვარში, თელოვანში, დიდგორზე, ჯოიანში, ბაჭყალაში, ლელობში და ა.შ. - ადრეული შუა საუკუნეების (ქ.შ. IV-VIII სს.) სამაროვნები. ქვაყუთებსა და ქვის ფილებით გადახურულ ორმოსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ქრისტიანული წესით. მათ ჩატანებული ჰქონდათ სამკაულები და ტანსაცმლის ლითონის აქსესუარები. დიღმის ხეობის თავში, სოფელ ლელობთან, ქ.შ. XIII-XIV საუკუნეების ნამოსახლარი აღმოაჩინეს, რომელსაც "ნაქალაქარი" ეწოდა. მიწის ზედაპირზე ეკლესიის, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევებია შემორჩენილი. შენობები მშრალი წყობით არის ნაშენი. ორ-სამსართულიან ნაგებობებს სამეურნეო დანიშნულების სათავსები ეკვრის (მარანი, ფარეხი და სხვ.), შენობათა იატაკებში ჩაჭრილია ხაროები. მოპოვებულია არქეოლოგიური მასალა - თიხის მოჭიქული ჭურჭელი, მინის ჭურჭლისა და სამაჯურების ნატეხები, ქართულ-ჰულაგუიდური მონეტა და სხვ. შუა საუკუნეების ეპოქას განეკუთვნება დიღმის ხეობაში შემორჩენილი სარწყავი სისტემის ნაშთები - კაშხლები, აკვედუკები და კლდეში ნაკვეთი არხები.

რ. აბარმიშვილი, ვ. ნიკოლაიშვილი, ა. რამიშვილი - არქეოლოგიური გათხრები დიღმის ხეობაში, „მაცნე,“ 1972.

http://heritagesites.ge/?lang=geo&page=432

დიღომი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.276-280

გამოყენებული ბმული: http://dzeglebi.com/view.php?id=295

074. სოფელი დიღომი - სოფელი, ისტორიული ძეგლი. მდებარეობს დიღმის წყლის ხეობაში მცხეთიდან 15 კილომეტრი. დიღომი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება დიღუამისა და დიღვამის სახელწოდებით. შუა საუკუნეებში იგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის - დიღმის ხევის ცენტრი იყო. დიღმის ხევი მოიცავდა ახლანდელ სოფელ დიღომს და თბილისის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიებს. არსებობდა სამოხელეო თანამდებობაც - "დიღმის ხევის გამგებელი". IX-XI საუკუნეებში დიღმის ხევი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შედიოდა. ხოლო საამიროს გაუქმების შემდეგ სამეფო სახლის ხელდებულ მიწებად ითვლებოდა. აქ განვითარებული იყო ინტენსიური სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მევენახეობა. ხევის ქვედა ნაწილი მეფეთა სანადირო ადგილსა და საძოვრებს წარმოადგენდა. სამხრეთ-დასავლეთ მხრიდან დედაქალაქზე წამოსული მტერი ყოველთვის ხევის მიდამოებში იდებდა ბანაკს. (ა) 1567 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი), რომელიც ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული, ციხიდან გამოვიდა და სიმონ I-ის ლაშქარს შეება დიღმის ველზე. ამ ბრძოლაში დაუთ - ხანი დამარცხდა. ერთ - ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. (ბ) 1580 წელს დიღომში სიმონ I-ს თავს დაესხა კახეთის მეფე ალექსანდრე II.

კ. კახაძე

075. ზეგარდის წმ.გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ველზე, სოფელ მუხათგვერდის მახლობლად. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი, ფასადებზე საპირე ქვები ამოცვენილია, ჩამოშლილია საკურთხევლის სარკმლის საპირე. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდია. სატრიუმფო თაღის საბჯენი პილასტრები აფსიდის ნახევარწრის ხაზიდან წინ არის გამოწეული. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. თითო სარკმელია დარბაზის გრძივ კედლებშიც. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი. დასავლეთის ფასადს ვიწრო ფილების სადა ზოლი გასდევს. შესასვლელის არქიტრავის ქვა და საკურთხევლის სარკმელი გრეხილი ორნამენტითაა შემკული.

გ.გაფრინდაშვილი

076. თეთრი გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მთაზე. შესასვლელის თავზე, მოზრდილ ნაცრისფერ ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია 1863 წელს აუშენებია ვინმე ზაქარიას. ეკლესია დარბაზულია (7,15X5,1 მ), ნაგებია საშუალო ზომის თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ინტერიერში კედლები და კამარა შელესილია. ბათქაშის კვალი გარედანაც ეტყობა კედლებს. ეკლესიის ირგვლივ ძველი სასაფლაოა. აქ მრავლადაა XIX საუკუნის წარწერიანი და მარტივრელიეფიანი საფლავის ქვები.

გ.გაფრინდაშვილი

077. კავთის წმ.გიორგის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით, მთავარ გზასთან. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (12,25X7,85 მ) შვერილაფსიდიანი, ნაგებია ქვიშა-ქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთის კარი გაუქმებულია ეკლესიას ექვსი თაღოვანი სარკმელი აქვს: ერთი აფსიდშია, ორ-ორი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში, ერთი დასავლეთის კედელში, კარის თავზე. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი ხის კონსტრუქციის ცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილია. იატაკზე მოგებულია თლილი ქვის კვადრები. დასავლეთის ფასადზე კარის არქიტრავს ასრულებს არქივოლტი. არქიტრავის ზემოთ სწორკუთხა ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას წრეთარგითა და ლილვით შედგენილი ლავგარდანი აქვს.

კ.გიორგობიანი

078. კვირაცხოვლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, მინდორში. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (11,15X5,15 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია წყვილ პილასტრზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია.

დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი მარტივკაპიტელიანი მასიური პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი სამი თაღი. გრძივი კედლები შეკრულია კამარის საბჯენ თაღების ფუძეებში ჩასმული მრგვალი ხის ძელებით. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთისაში ორი. ინტერიერში კედლები შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია მოხატული ყოფილა - ფრაგმენტები გადარჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში. სიუჟეტი გაურკვეველია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, კედლის წყობაში გამოსახულია ჯვარი.

თ.სანიკიძე


ფოტოების წყარო: http://www.orthodoxy.ge/restavratsia/digomi/digomi.htm

079. მაჩხანის ეკლესია - არქიტექტურული არქეოლოგიური ძეგლი, დგას სოფელ დიღმის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. აგებულია IX საუკუნის შუა ხანებში. ეკლესია დარბაზულია (7,4X4,6 მ), ნაგებია თლილი ქვით.

გარედან შემოსილია შირიმის ქვით. დაზიანებულია - ჩანგრეულია კამარის დასავლეთ მონასკვეთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და ღრმა ნიშია. ერთი სარკმელი სამხრეთის კედელშია. ცილინდრული კამარა კაპიტელებიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სამხრეთის ფასადზე ჯვრებია გამოსახული, ხოლო კარის არქიტრავის ქვაზე სამშენებლო წარწერაა. ქართულ ასომთავრულ წარწერაში ჩართულია არაბული ტექსტი, ორივე ტექსტის მიხედვით ეკლესია აუგია ჰომად კიტრისძეს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარჯვნივ, არის კიდევ ერთი წარწერა ["ქ სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა შეწევნითა წმიდისა თევდორესითა აეშენა საყდარი ესე დიდგორის ხევისუფლობასა გელსაბისაი (გულსაბისაი?) ქალაქისა უფლობასა ამირაისა ღიავარისა (?) იოვანეს უფალო შეუნდვენ ამინ"]. ეკლესიას შემოვლებული აქვს უწყვეტთაღედიანი ქვის ლავგარდანი. ეკლესიის ირგვლივ ფეოდალური ხანის ნასოფლარია, რომელიც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვის შენობებისა და კლდეში გამოკვეთილი სამალავი ქვაბის ნაშთები.

ჯ.გვეტაძე, პ.ზაქარაია

080. ნაეკლესიარი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს დიდგორის მთის წვერზე. მთლიანად დანგრეული ფეოდალური ხანის ეკლესიის საკურთხეველთან აღმოჩენილი ქვის ფალოსი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ჯ.გვეტაძე

081. ნასოფლარი თეთრანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის განაპირას, დასავლეთით, წყალსაცავის ჩრდილო - დასავლეთით 100 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე, რომელიც ამჟამად იხვნება, შემორჩენილია კირის ხსნარითა და ნატეხი ქვით ნაგებ შენობათა ნაშთები.

082. ნაქულბაქევის წმ.გიორგის ეკლესია არქიტექტურული ძეგლი. დგას საქართველოს სამხედრო გზის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, საქართველოს სას.სამ.ინ-ტის დიღმის სასწ.საცდელი მეურნეობის დეკარატიული განყოფილების ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,3 X 6,6 მ), ნაგებია ნატეხი პირმოსწორებული ქვით; კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია თლილი ქვა. ამჟამად ნაგებობის საურავი აღარა აქვს (გადახურული ყოფილა კრამიტით). (ამჟამად ეკლესია აღდგენილია - თ.ჭ.) შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთ კარი ამოშენებულია. ორივე კარი გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ ღრმა აფსიდში ოთხი ნიშია - სამი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი მარტივკაპიტელებიან მასიურ პილასტრებს ეყრდნობა. დარბაზის კედლებს გასდევს რიყის ქვის დაბალი ჩამოსაჯდომი. ეკლესიას ოთხივე მხარეს თითო სარკმელი აქვს. სარკმლების ქვედა ნაწილი ძლიერ დამრეცი და საფეხურებიანია. სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლები თაღოვანია. დასავლეთის სარკმელი გარედან მრგვალია. ეკლესია შელესილი ყოფილა. სამხრეთის და დასავლეთის ფასადებზე, შესასვლელების თავზე წრეში ჩასმულია ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი. XIX საუკუნეში ეკლესიისათვის აგურის ლავგარდანი შემოუყოლებიათ და ფასადები შეულესიათ.

გ.გაფრინდაშვილი

083. ონადირის წმ.გიორგის ეკლესია არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის სამხრეთით 2 კილომეტრზე, ხევის მარცხენა ნაპირზე. აგებულია X საუკუნეში. სახელწოდება "ონადირი" დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის მიხედვით მეფე ფარნავაზი (ძვ.წ. III ს.) ამ ადგილებში ნადირობის დროს გამოჰკიდებია დაჭრილ ირემს და მოუღწევია კლდეებში მდებარე გამოქვაბულებამდე, სადაც ძვირფასი განძი უპოვია. ახლაც არსებულ ოთხიარუსიან გამოქვაბულებს "ქვაბისთავი" ეწოდება. ეკლესია დარბაზულია (5,9X4,4 მ), ნაგებია თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია, მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და დასავლეთის კედელი; ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებიდან მცირე ნაწილია გადარჩენილი; ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებისაგან შემორჩენილია მხოლოდ პილასტრების კვალი. აღმოსავლეთით ეკლესიას აქვს არაღრმა ნახევარწრიული აფსიდი. გრძივი კედლების შუაში თითო რთულპროფილიანი პილასტრია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ფასადები მოპირკეთებულია კარგად დამუშავებული ქვებით. აქა - იქ მკაფიოდ შემოხაზული გლუვი დისკოებია.

გ.გაფრინდაშვილი

084. სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 4 კმ-ზე, ქვემო დიდგორის მთის ძირში, ადგილ მისალოცავში. სამაროვანზე გამოვლინდა ფეოდალური ხანის ქვაყუთი.

085. სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ უბანში. თარიღდება ფეოდალური ხანით. სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები. აქვეა ეკლესიის ნანგრევები.

086. სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ადგილ ბაღების თავში. სამაროვანზე გამოვლინდა ფეოდალური ხანის ქვაყუთები. ტერიტორია ამჟამად იხვნება.

087. სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის მამდალაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალური ხანით. სამაროვანზე დადასტურდა ქვაყუთები; შემოჩენილია ეკლესიის ნანგრევები.

088. სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ადგილ წვერწვერაში. ჯაგნარით დაფარულ სამაროვანზე გამოვლინდა ფეოდალური ხანის რამდენიემ ქვაყუთი.

ჯ.გვეტაძე

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

089. სარწყავი სისტემა, არქიტექტურული ძეგლი. შედგება ორი კაშხალისგან. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. პირველი კაშხალი მდებარეობს სოფლის ბაღების თავში, ნასოფლარ თეთრაძიანის ბოლოს, ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. მისი საძირკველი დამყარებულია წყალგაუმტარ ქვიშა-ქვისა და თიხაქვის ზოლზე. კაშხალი ზიანდება (ქვას იყენებენ საშენ მასალად). ნაგებობის დანიშნულება იყო წყლის დაგროვება და სარწყავი არხის წყლით უზრუნველყოფა. კაშხალი (კედლის ნაშთის სიგრძე 22 მ, სიგანე 6მ., სიმაღლე 6-7 მ) აგებულია ვაკეზე, სადაც წყალი მდორედ მიედინება. წყალსაცავის კედლის წინ, 40-50 მეტრის დაშორებით ხევი დამუხლულია (წყლის პირდაპირი დარტყმის ძალის შესამცირებლად). საცავიდან გამოყვანილი იყო მთავარი არხი ანუ რუ.

კაკლების ხევზე რუს გადასაყვანად გამოყენებულია დუღაბით ნაგები თაღოვანი ხიდი, რომელზედაც 6 მ. სისქის კედელია ამოყვანილი. კედელზე გადიოდა არხი, რომელიც დუღაბის კედლითზე იყო შემოკავებულ - ამოშენებული. ამ მთავარ სარწყავ რუს ჰქონდა მრავალი განშტოება - "უკუღმარუ", მათი საშუალებით ირწყვებოდა სიღმის ხეობის სოფლები. დიღმის ხევის მარჯვნვენა ნაპირის მოსარწყავად იყენებდნენ მეორე კაშხალს. მისი კედელიც ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. კედელი "ხანჯლისპირული" წყობითაა დასრულებული. აქაც წყალსაცავისათვის შერჩეულია ნაკე ადგილი. საცავს (სიგრძე 27,7 მ., სგანე 30 მ., სიმაღლე 4 მ.) შუა ნაწილში აქვს წყლის გასასვლელი თაღიანი კარი (სიგ.2 მ), რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეობაში უშვებდა წყალს. წყალსაცავიდან გამოდიოდა რუ. კაშხალები ადრინდელი ფეოდალური ხანის საირიგაციო მშენებლობის მაღალ დონეს მოწმობს.

ჯ.გვეტაძე

090. ღვთისმშობლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ზემო უბანში, ფერდობზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,95X5,65 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული მოზრდილი ქვებით. გვიანდელი შეკეთების დროს გამოუყენებიათ აგური და ფოქალი. ეკლესია დაზიანებულია - კამარა, სახურავი და კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის არაღრმა აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დარბაზის სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები დანაწევრებულია წყვილი დეკორატიული თაღით. თაღები კუთხეებში კონსოლებს, ხოლო ცენტრში პილასტრებს ეყრდნობა. ასეთივე თაღია დასავლეთის კედელზეც. დარბაზის დასავლეთ მონაკვეთში, გრძივ კედლებზე მიშენებულია კონტრფორსების მსგავსი გაურკვეველი დანიშნულების სქელი კედლები (შემორჩენილია ფრაგმენტები). აგურისა და ქვის დიდი ლოდებით ნაგები კანკელი (ამჟამად დანგრეულია) გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. შესასვლელს გარედან ქვის არქიტრავი აქვს (სიგრძე 2,5 მ), რომლის ცენტში, წრეში ჩასმული ჯვარია ამოკვეთილი.

თ.სანიკიძე

091. ცორცორას სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ნაოქიანის ხევის ჩრდილოეთით, ე.წ. ცორცორას მთაზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამარხები 0,5-1 მ-ის სიღრმეზე თირშია ჩაჭრილი და ქვიშაქვის ფილებისაგან შეკრულ ქვაყუთებს წარმოადგენს. მათი უმეტესი ნაწილი კოლექტიურია. თითოეულ მათგანში 2-5 მიცვალებული ესვენა გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. ცორცორას სამაროვანზე აღმოჩენილი ინვენტარი (ბრინჯაოს და რკინის მშვილდსაკინძები, გემიანი ბეჭედი და სხვ.) ინახება აკც-ში.

ვ.ნიკოლაიშვილი

092. წმ.გიორგის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. აგებულია X-XI საუკუნეებში. ეკლესია დარბაზულია (8,1 X 5,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. XVI-XVII და XIX საუკუნეებში ეკლესია შეუკეთებიათ, საშენ მასალად გამოუყენებიათ აგური. დგას სწორკუთხა სამსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი შეისრული კონქით მთავრდება. აფსიდის ცენტრში სარკმელია, რომლის გვერდებზე ორი პატარა და ორი დიდი ნიშია. საკურთხეველში სწორკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია. შესასვლელის მარცხნივ, დასავლეთ კედლის კუთხეებთან მდებარე პილასტრები ორსაფეხურიანია, ხოლო მარჯვნივ - ერთსაფეხურიანი. გვიანდელი შეისრული კამარის საბჯენი თაღი ამ პილასტრებს ეყრდნობა. სამხრეთის კედელში ერთი სარკმელია. ინტერიერში კედლები შელესილია და დაფარულია XIX-XX საუკუნეების მდარე მხატვრობით. აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტებია სარკმელი და რელიეფური გამოსახულებები (ხელის მტევანი, ლომები, ფრინველები, სხვადასხვა ტიპის ჯვრები და ორნამენტები). აღმოსავლეთ სარკმლის დეკორს მხოლოდ თავსართი წარმოადგენს. სამხრეთის სარკმელი სიგანით ორჯერ მეტია აღმოსავლეთისაზე. ამ ფანჯრის ორივე მხარეს ბაზისიანი და კაპიტელიანი ნახევარწრიული შეწყვილებული ნახევარსვეტებია, რომლებსაც, ზემოთ ორმაგი გრეხილი აერთიანებს. სამხრეთ ფასადზე სამი წარწერაა, აღმოსავლეთისაზე ოთხი. ამ წარწერებით ირკვევა, რომ ეკლესიის აგებაში მონაწილეობა მიუღია რამდენიმე პირს, რომლებიც ისტორიული წყაროებით არ არიან ცნობილი. დამწერლობა ნარევია - ასოების უმრავლესობა ასომთავრულია, ბევრია ნუსხურიც. ეკლესიაზე დასავლეთით მიშენებულია გეგმით კვადრატული (4,5X4,8 მ) ნაგებობა, რომელიც XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. კარი სამხრეთითაა. მის პირდაპირ ერთი სარკმელია. დასავლეთ კედელში ჩაშენებულია ნახევარწრიული ბუხარი, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. სათავსის ოთხივე კედელი მაღლა თითო საფეხურით არის შეწეული; შეწეულ არეს ზემოდან საზღვრავს ოვალური თაღი, რომელიც ტრომპების საშუალებით გადადის სფერულ გუმბათზე. ფასადი მოპირკეთებულია თლილი კვადრებით. ნაგებობას მარტივი ფორმის ლავგარდანი აქვს. სახურავი სამფერდაა. მასზე დაშენებულია სამრეკლო - ოთხ სვეტზე მდგარი ფანჩატური. სვეტებს აქვთ კაპიტელები და ორსაფეხურიანი ბაზისი.

პ.ზაქარაია

093. წმ.მარინეს ეკლესია არქიტექტურული ძეგლი. დგას შუა სოფელში. მიეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას. XIX საუკუნეში იგი გადაუკეთებიათ (დაუგრძელებიათ დასავლეთის მხარე). ეკლესია დარბაზულია (14,1X6,25 მ), ნაგებია აგურით და მთლიანად შელესილი ყოფილა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გარედან გადახურულია არქიტრავით, შიგნიდან - ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გრძივ კედლებზე ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული საბჯენი თაღები. პილასტრებს შორის გადაყვანილი ნახევარწრიული დეკორატიული თაღები ღრმა ნიშებს ქმნის. სამხრეთის კედელში სამი ფართო სარკმელია, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში - თითო. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის ორივე მხარეს ორი დაბალი სამკუთხა ნიშია, რომელთა კონქური სათაურები მთლიანი ქვისგანაა გამოკვეთილი. ეკლესიას აგურის ორი რიგისგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.

თ.სანიკიძე