There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ქართული საგალობლები>>>
მ.სუხიაშვილი - ქართული საეკლესიო გალობა // რედაქტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი), საქართველოს საპატრიარქო, საეკლესიო გალობის ცენტრი, 2002 წ.
ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში (საბაწმიდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.). წმიდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი კულტურის მრავალრიცხოვანი მონაპოვარი იქნა დაუნჯებული. ამას მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ძველი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები, რომლებიც მიეკუთვნება ადრებიზანტიური პერიოდის (VI-VII ს.ს.), საბაწმიდური (VIII-IX ს.ს.), ტაო-კლარჯეთის (IX-X ს.ს.), ათონის მთის (XI ს.-დან) და ა.შ. ქართული სამონასტრო სკოლების მოღვაწეობის ხანას. უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საწყისი ეტაპია წარმოდგენილი, იერუსალიმური ლექციონარია. იგი ასახავს იერუსალიმური ღვთისმსახურების სურათსV საუკუნის II ნახევრიდან VIII საუკუნის შუა წლებამდე. ლექციონარის ნუსხებიდან უმნიშვნელოვანესია "ქართული ხანმეტი ლექციონარის" ფრაგმენტი და "იერუსალიმური ლექციონარი VII საუკუნისა". ეს უკანასკნელი ქრისტეს საფლავის ეკლესიის სამრევლო ღვთისმსახურების განგებას წარმოადგენ. „ხანმეტ ლექციონარში“ ჰიმნოგრაფიული მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ფსალმუნური გალობით და რამდენიმე ისეთი საგალობლით, რომლებიც ღვთისმსახურებაში გალობათა უძველეს ფენას შეადგენს. კრებულში დასტურდება გალობის უძველესი ფორმის - რესპონსორული ფსალმოდიის არსებობა, რაც მგალობლისა და მრევლის მონაცვლეობით გალობას გულისხმობს. „იერუსალიმურ ლექციონარში VII საუკუნისა“ ასახულია გალობის ფორმების განვითარება, კერძოდ, რესპონსორულიდან ანტიფონურ გალობაზე გადასვლა (ხელნაწერში ანტიფონური გალობის აღმნიშვნელი ქართული ტერმინია „ჴმათა მიმოგდებით“). ნიშანდობლივია დღესასწაულთა განგებების გამდიდრება ახალი პოეტური საგალობლებით, შუაღამის დასდებლებით და ჟამისწირვის მონოსტროფული ჰიმნებით. ამას მუსიკალურ-ლიტურგიკულ ტერმინთა სიმრავლე მოწმობს. ზოგიერთი მათგანი ზოგადი ხასიათისაა და მიუთითებს საგალობლებზე, რომლებშიც ამა თუ იმ დღესასწაულის ძირითადი თემაა გადმოცემული: „ოხითაჲ“ „იბაკო“; ზოგიერთი მიანიშნებს ადგილს, რომელიც მათ ღვთისმსახურებაში განეკუთვნება: „განიცადე“, „ერის განტევებაჲ“, „სტიქარონი“, „წარდგომა“, „ჴელთბანისაჲ“; ან ადგილს, რომელიც მათ რთული კომპოზიციის ჰიმნებში (სტიქარონებში, გალობანში და ა.შ.) უკავიათ: მაგალითად, „დასადებელი“ (იგი აღნიშნავს საგალობელს, რომელიც ერთვის რთული კომპოზიციის ჰიმნის ძირითად „მუხლებს“); რიგი ტერმინებისა საგალობლის საწყის სიტყვებს წარმოადგენს: „ალილუია“, „აღავსე“, „დიდებაი მაღალთაჲთ“, „უფალო ღაღადყავი“, „და ღირსმყვენი“ და ა.შ. ხელნაწერში მითითებულია, თუ რომელ ხმაზე იგალობება ესა თუ ის საგალობელი. ჩანს, რომ ამ დროისათვის ქართველ ჰიმნოგრაფებს ბერძნული საღვთისმსახურო პრაქტიკიდან უკვე შეთვისებული ჰქონდათ „ჴმეანი გალობის“, ანუ საგალობლების რვა ხმაზე გაწყობის წესი, რომელიც სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს. შეტანილია ქართველ წმინდანთა ხსენებები: კოზმასი, კათოლიკოსისა პამასი, „ყოველთა წმიდათაჲ“ (რომლებიც ქართლში მოწამეობრივად აღესრულნენ) და მცხეთის ჯვრის დღესასწაული. VI საუკუნის მანძილზე, საეკლესიო კალენდრის შევსებასთან ერთად, მოზღვავდა დიდი რაოდენობა საგალობლებისა, შეიქმნა ჰიმნის ახალი სახეობები: სტიქარონები და გალობანი (კანონი). ყოველივე ამან ხელი შეუწყო ახალი ტიპის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის, იადგარის, ჩამოყალიბებას. იადგარი, ისევე როგორც ლექციონარი, ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპს ასახავს. იგი წმინდანთა მოსახსენიებელ საგალობელთა კრებულს უნდა აღნიშნავდეს. ჩვენამდე მისი ოთხი ძირითადი ნუსხაა შემორჩენილი, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ჭილ-ეტრატის იადგარი. მასში თავმოყრილია ყველა ის დიდი წიგნი, რომლებიც აუცილებელია ეკლესიაში სახმარებლად: თვენი, მარხვანი, ზატიკნი და პარაკლიტონის ადრეული, თავისებური სახე. ჭილ-ეტრატის იადგარი, სავარაუდოდ, გადაწერილია IX საუკუნეში ხარიტონის ლავრაში, ეწ. პალავრაში. უძველესმა იადგარმა შემოგვინახა სტიქარონების და გალობანის ადრეული, არქაული სახე. გალობანი, ძირითადად, წარმოდგენილია არასრული კანონის (ორი ან სამი გალობისაგან შემდგარი) სახით. უძველესი იადგარის კანონი წინადამასკელისეული ეპოქის კანონად არის ცნობილი, ვინაიდან კანონის კლასიკური სახის ჩამოყალიბება იოანე დამასკელის სახელთან არის დაკავშირებული.
ჭილ-ეტრატის იადგარში შესულია წმიდა აბოს სახელზე შეთხზული სტიქარონები (ღაღადყავსა, აქებდითსა); არასრული, ორი გალობისაგან შემდგარი კანონი (აკურთხევდითსა, ადიდებდითსა) და ჴელთბანისაჲ (ჟამისწირვის მონოსტროფული ჰიმნი). საგალობლები ქართველი ჰიმნოდის მიერ არის დაწერილი. ძნელია, დაბეჯითებით ვიმსჯელოთ, თუ როგორ ჟღერდა უძველესი ქართული საგალობლები. დასაწყისისათვის მათში ყველაზე მეტად ბერძნული ჰიმნების ზეგავლენას უნდა ეჩინა თავი. „ძველად ქართველნი გალობდნენ ბერძულის ხმითაო“ - წერს იოანე ბატონიშვილი. მაგრამ როგორც პირველი ეკლესიების მუსიკის ნიადაგზე აღმოცენებულმა ბერძნულმა საეკლესიო გალობამ მიიღო ნაციონალური ხასიათი და გათავისუფლდა სირიულ-ებრაული ჰიმნების ზეგავლენისაგან, ასევე ქართულ საეკლესიო გალობაშიც იმძლავრა ბუნებრივმა ტენდენციამ ეროვნული თვითმყოფადობისაკენ. ასეთი ცვლილება მას, ერთი მხრივ, ქართული ენის ბუნებამ უკარნახა (ცნობილია, რომ საეკლესიო გალობაში, სადაც სასულიერო პოეტური ტექსტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, მკაფიოდ იგრძნობა ჰანგის მელოდიურ-ინტონაციურ წყობაზე სიტყვის ზეგავლენა), მეორე მხრივ - ეროვნული მუსიკალური აზროვნების თავისებურებებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბერძნულ კილოთა გაქართულება დიდი ხნით არ დაყოვნებულა. VIII საუკუნიდან ქართველმა მოღვაწეებმა გაიზიარეს ჰიმნოგრაფიის განთქმული წარმომადგენლების, იოანე დამასკელისა და კოზმან იერუსალიმელის მიერ ჩამოყალიბებული თვისობრივად ახალი საგალობო სისტემა. ამიერიდან საცისკრო გალობანში, კანონში, ძლისპირი და ტროპარები ერთმანეთს შეესაბამება როგორც მელოდიური, ისე პოეტური საზომის („მარცვლედოვნების“) თვალსაზრისით. აქ მუსიკალური საწყისი დომინირებს. დასდებლების პოეტური ტექსტის საზომი ძლისპირის ჰანგის გათვალისწინებით ყალიბდება. პირველად ახალი ტიპის გალობანი შევიდა „საგალობელნი იადგარში“, რომელიც X საუკუნის I ნახევარშია გადაწერილი. კრებული შედგენილია საბაწმიდის მონასტერში (შემდგენელია გიორგი საბაწმიდელ-სინელი, ხოლო გადამწერი - იოან ზოსიმე). საბაწმიდის მონასტერშია, აგრეთვე, ნათარგმნი, ახალი ტიპის იადგარები: შინ.1 და შინ.14. ხელნაწერთა პოეტურ ტექსტებს დართული აქვს რიტმული პუნქტუაციის ნიშნები და ნევმები, რომლებიც დღემდე არ არის ახსნილი. დროთა განმავლობაში გალობათა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ძლისპირები თავის ღმრთისმშობლისანითურთ ცალკე კრებულებში გაერთიანდა. ამ ხელნაწერებს „ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი“ ეწოდა. დასაწყისში ისინი იადგარის დანართის ფუნქციას ასრულებდნენ, შემდგომ კი ცალკე, დამოუკიდებელი კრებულების სახით განაგრძეს არსებობა. ასეთი კრებულები სასწავლო სახელმძღვანელოებს წარმოადგენდა. ვინც მრავალრიცხოვან ძლისპირებს შეისწავლიდა, მან უკვე იცოდა, მითითებული ძლისპირის ჰანგის გათვალისწინებით, რა კილოზე იგალობებოდა დასდებლები. ძლისპირთა ასეთი დამოუკიდებელი წიგნის შესანიშნავი ნიმუშია იორდანეს ძლისპირთა ნევმირებული კრებული, რომელიც 870-ზე მეტ ძლისპირს შეიცავს. ქართული სანოტო ნიშნები და ნევმირების პრინციპი მეტად თვითმყოფადი და თავისი მოხაზულობით საკმაოდ ორიგინალურია. მისი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ზოგიერთი ნევმა საეკლესიო საგალობლის პოეტური ტექსტის სტრიქონს ზემოთ იწერება, ზოგი კი - სტრიქონს ქვემოთ, რასაც ვერ შევხვდებით სხვა (არაქართულ) ჰიმნოგრაფიულ კრებულებში. ქართული ნევმირებული ხელნაწერები X საუკუნემდე არ გვხვდება. ამას თავისი ახსნა მოეპოვება. ძველი პროფესიული სასულიერო მუსიკალური კულტურა ზეპირი ტრადიციის მქონეა. ნევმური სისტემის შემუშავების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩებოდა საგალობელთა შესწავლა და გავრცელება ზეპირი გადმოცემით. ნევმებით მხოლოდ მელოდიური ნახაზის ზოგადი მიმართულების ჩვენება შეიძლება და მგალობელს მისთვის უკვე ცნობილ ჰანგს შეახსენებს. ქართული ნევმური სისტემა პირველად საბაწმიდური წარმოშობის ხელნაწერებში გვხვდება. საეკლესიო გალობის ისტორიული განვითარება, ქართული ორიგინალური სემიოგრაფიის ჩამოყალიბება ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ სწრაფად ეხმიანებოდნენ პალესტინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანთმთავრები ყველა სიახლეს, რაც ბიზანტიელ ჰიმნოდთა წრეში იბადებოდა. ამ გამოცდილებათა დანერგვა ქართულ ნიადაგზე შესანიშნავ პირობას ქმნიდა ორიგინალური პროფესიული სასულიერო მუსიკის შემდგომი წინსვლისათვის. ქართული საეკლესიო გალობის განვითარებამ საბაწმიდიდან გადაინაცვლა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებში, რომელთა მესვეური IX ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი იყო. მას თავად შეუდგენია, შეუთხზავს საგალობელთა კრებული, იადგარი, რომელიც იყო „ჴელითა მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა“. ამ კრებულმა ნიადაგი მოუმზადა ორიგინალური ჰიმნოგრაფიის შემდგომ განვითარებას. X საუკუნის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებში იგრძნობა ეროვნული შემოქმედებითი ნაკადის ზრდის ტენდენცია. ბიზანტიური წარმომავლობის ნათარგმნი იადგარები უფრო ინტენსიურად ივსება ქართველ ჰიმნოგრაფთა თხზულებებით. შეიქმნა ორიგინალური ჰიმნები, მიძღვნილი წმიდა ნინოსა და წმიდა აბოსადმი (ამ უკანასკნელს საგალობლები მიუძღვნეს იოანე ქონქოზისძემ და სტეფანე სანანოისძემ), აგრეთვე საბა განწმედილის სახელზე, რომლის ხსენება განსაკუთრებით აღინიშნებოდა საქართველოში (ჰიმნების ავტორია ბასილი საბაწმიდელი), მცირე პარაკლიტონი (მიქაელ მოდრეკილისა), მარხვანის თითქმის მთელი სტიქარონული ნაწილი (იოანე მინჩხისა) და სხვ. ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უდიდესი მიღწევები თავს იყრის X ს.-ის II ნახევრის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებში, როგორებიც არის მიქაელ მოდრეკილის იადგარი და იორდანეს ძლისპირთა კრებული. ორივე მათგანი ქართული საეკლესიო გალობის საბაწმიდური და ტაო-კლარჯეთის სკოლების შემაჯამებელ და დამაგვირგვინებელ ეტაპს ასახავს. მიქაელ მოდრეკილრ კრებულის განსაკუთრებული ღირსება იმით აიხსნება, რომ მასში თავმოყრილი და სისტემატიზირებულია მანამდე არსებული მთელი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა (ძლისპირები, გალობანი, სტიქარონები, ოხითაჲ), სხვადასხვა ავტორთა საგალობლები, როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი. მას, გარდა საკუთარისა, შეტანილი აქვს იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელის, ეზრას, იოანე ქონქოზისძის, გიორგი მერჩულეს, ბასილი ხანძთელის, კურდანაჲს და ზოგიერთი ანონიმი ავტორის ჰიმნები. ბიზანტიური ჰიმნოგრაფია წარმოდგენილია მხოლოდ ანდრეა კრიტელის, იოანე დამასკელისა და კოზმან იერუსალიმელის საგალობლებით. საგალობელთა კრებული მიქაელს 977-988 წლებში შეუდგენია და აღუკაზმავს რიტმული პუნქტუაციის ნიშნებითა და ნევმებით. ჰიმნოგრაფის ანდერძიდან ირკვევა, რომ იგი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა კილოს „სიწმიდეს და სისწორეს“, სამუსიკო ნიშნების უცდომელობას. იგი საგალობლების არა უბრალო შემკრებია, არამედ შესანიშნავი მუსიკოს-მგალობელი, მუსიკის თეორეტიკოსი და ხელოვანთმთავარი. მიქაელ მოდრეკილის ანდერძი შეიცავს კიდევ ერთ მეტად საგულისხმო ცნობას, საიდანაც ირკვევა, რომ ამ პერიოდისათვის ქართველები თხზავდნენ ორიგინალურ ძლისპირებს და მათ კილოებს. იადგარიდან ჩანს, რომ X საუკუნეში საქართველოში მოღვაწეობდა ჰიმნოგრაფთა მთელი პლეადა, რომელთაც ერთნაირად ხელეწიფებოდათ როგორც საგალობლის კილო-მოდელებზე სასულიერო პოეტური ტექსტების მისადაგება, ისე საგალობელთა ახალ, ორიგინალურ კილოთა შეთხზვა. საღვთისმსახურო პრაქტიკაში რომ ოდითგანვე ტრადიციული, ქართული ორიგინალური კილოები გამოიყენებოდა (მათ შორის, ოთხ საუკუნეზე მეტი ხნოვანებისა), ნათლად ჩანს გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფიული „მარხვანის“ ანდერძიდან. XI საუკუნიდან ქართული ქრისტიანული ლიტერატურისა და მუსიკის უმძლავრესი კერაა ათონის ივერთა მონასტერი. წმიდა ექვთიმე და წმიდა გიორგი ათონელებმა ხელი მიჰყვეს უკვე კონსტანტინეპოლური რედაქციის ლიტურგიკული წიგნების თარგმნას, სადაც გალობას დიდი ადგილი ეთმობოდა. განსაკუთრებულია გიორგი მთაწმიდელის ღვაწლი. მას ეკუთვნის ყოველდღიურ სადღესასწაულო გალობათა (კანონთა) კრებული „თთუენი“ (12 წიგნად). ამ ნაშრომში გიორგი მთაწმიდელმა გამოიყენა საბაწმიდურ და ტაო-კლარჯულ ძლისპირთა კრებულები და ადრე ნათარგმნი გალობანი, თავი მოუყარა ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილ ყველა ავტორის საგალობლებს. მასვე ეკუთვნის პარაკლიტონისა და სადღესასწაულოს ახალი თარგმანები. ეფრემ მცირე აღნიშნავს, რომ მსგავსი სისრულით „თთუენი“ ბერძნულ ენაზეც არ არსებობდა. ათონელი მოღვაწე არა მხოლოდ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა, არამედ თავადაც ქმნიდა ორიგინალურ ტექსტებს (მაგალითად, ექვთიმე მთაწმიდელის, იოდასაფის სახელზე) და კილოებს. „მარხვანის“ ანდერძში ბერძნულიდან თარგმნილი ძლისპირების ჰანგთან შეფარდების შესახებ მსჯელობისას იგი ამბობს: „ჩუენ თუმცა ავაჯი დაგუედვაო“. ამ სიტყვებიდან ირკვევა, რომ გიორგის თავად ხელეწიფებოდა ორიგინალური ავაჯის (ჰანგის) შეთხზვა. „დასდებლის მეცნიერების“ კანონების ცოდნა გიორგი მთაწმიდელმა მემკვიდრეობით მეხელებისაგან მიიღო და კიდევ უფრო გააღრმავა. XII საუკუნიდან ადგილობრივ საგანმანათლებლო-სულიერ კერებს შორის უმნიშვნელოვანესია გელათის მონასტერი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ცენტრი იყო. სწორედ გელათის დიდ საეკლესიო მოღვაწეს, იოანე პეტრიწს, ეკუთვნის ცნობა ქართული მუსიკის მრავალხმიანობის შესახებ. იგი ასახელებს სამი ხმის იმდროინდელ სახელწოდებებს: „მზახრ“ (ნიშნავს „მძახებელს“), „ჟირ“ („ორი“), „ბამ“ (იგივეა, რაც ბანი) და აღნიშნავს, რომ ამ ხმათა შეწყობა კეთილხმოვანებას ქმნის. მრავალხმიანობა ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმა. იგი ასახვას პოულობს როგორც პროფესიულ (სასულიერო), ისე ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში. ქართული საეკლესიო გალობის გამრავალხმიანების პროცესი VIII-IX საუკუნეებიდან უნდა ვივარაუდოთ და, შესაძლოა, უფრო ადრეც. პროფესიული სასულიერო მუსიკალური ხელოვნება საქართველოში ძველთაგანვე დაწინაურებული იყო. მუსიკალური განათლება სრულყოფილ, ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენდა. IX-X საუკუნეების საქართველოში საგალობო ხელოვნების სწავლებას „ჴმითა სასწავლელი სწავლა“ ან სულიერი შესხმის „მოძღვრება“ ეწოდებოდა. გიორგი მერჩულე წერს, რომ წმიდა გრიგოლ ხანძთელმა ყმაწვილობაშივე „მსწრაფლ... დაისწავლა დავითი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ“, გიორგი საბაწმიდელ-სინელი (X ს.) კი „საგალობელნი იადგარნის“ ანდერძში შემდეგი სიტყვებით მიმართავს გალობის შემსწავლელთ: „იხარებდით მოძღურებითა სულიერად შესხმისაჲთა, ჵ კრებულო მსწავლელთაო.“ „მსწავლელთა კრებულის“ მასწავლებელს IX-XI საუკუნეების საქართველოში „გალობის მოძღვარს“ ან „მგალობელთ-უხუცესს“ უწოდებდნენ. გრიგოლ ხანძთელის შესახებ გიორგი მერჩულე აღნიშნავს, რომ იგი „წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწადისა განგებითა მოძღუარი იყო განუკითხველად“. ცნობილია, რომ გიორგი მთაწმიდელი, „მიიღო რა პატივი მღდელობისაჲ, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა, უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა“, ე.ი. მღვდლად კურთხევის შემდგომ იგი მგალობელთა გუნდის მასწავლებლად, მგალობელთუხუცესად ყოფილა დადგენილი. ქართულ საგალობო კერებში სასულიერო პოეტური ტექსტების თარგმნა და მათი გაწყობა რვა ხმის მრავალრიცხოვან კილოებზე ცალკე სწავლებად ჩამოყალიბდა. IX-XI საუკუნეების საქართველოში იგი „დასდებლის მეცნიერების“ სახელით იყო ცნობილი. ვინც ამ მაღალ ხელოვნებას ფლობდა, X საუკუნის ჩათვლით „მეხელად“ იწოდებოდა („მეხელი“, ისევე როგორც „მეხური“, ბერძნულ ήχος-ს, „ხმას“ უკავშირდება). XII საუკუნეში ორიგინალური კილოების შემთხზველებს „ჴელოვანთ-მთავრები“ ერქვათ. არსენ იყალთოელის ანდერძის თანახმად, მისი თანამედროვე ქართლის კათოლიკოსი იოანე, გამორჩეული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, ხელოვანთმთავარი ყოფილა. დავით აღმაშენებელს მისთვის ანდრეა კრიტელის დიდი კანონის ახალი თარგმანისათვის „ჴმისა დადებისა ჴელყოფა“, ანუ ჰანგის შეთხზვა უბრძანებია. დაახლოებით XVIII საუკუნიდან ჩნდება ტერმინი „სრული მგალობელი“. იგი სულხან-საბას ლექსიკონში „ლოდბარის“ პარალელური ტერმინია (მოგვიანებით „ლოდბარი“ მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის მნიშვნელობას იძენს). საფიქრებელია, რომ სრული მგალობლობა არა მხოლოდ მთელი წლის საგალობო რეპერტუარის ზეპირად ცოდნას გულისხმობდა, არამედ „დასდებლის მეცნიერების“ კანონების სრულყოფილ ფლობასაც.
კანონები თაობათა შორის მკაცრად იყო დაცული, მათი უგულებელყოფა საეკლესიო გალობის კანონიკის უხეშ დარღვევად ითვლებოდა. ეს ნათლად ჩანს კათოლიკოს ანტონ პირველის სიტყვებიდან: „და უწყოდენ ესე ყოველთა, ვითარმედ წმიდათა მამათა თარგმანთა ჩუენთა: რაიცა განაწესს ხმა გალობისა, ნურავინ ჰსცუალებს მას, და ნურცა ვის ჰგონიეს თავი თვისი უბრძნეს მათსა, და უკეთუ არცაღა ბრალი მიიღოს შრომისა მათისა გარე-განგდებისა, მითხრას უკუე, რომლისა სამუსიკოსა კანონის ქუეშე შეიყვანს ახალსა მას კილოსა, და თუ გარეშე კანონისა იქმს თავხედობით, ნიადაგ არა საქებელ არს ჩუენი თვინიერ კანონთა ყოველთა ცხოვრება“. ცნობილია, რომ მგალობელთა სახელმძღვანელო-ჰიმნოგრაფიულ, ე.წ. მეხურ კრებულებში საგალობლის კილოს ძველთაგანვე სამუსიკო ნიშნებით, ნევმებით აღნიშნავდნენ. ავაჯის სიზუსტით აღბეჭდვა, ნევმური ნიშნების უცდომელად დასმა მხოლოდ საგანგებოდ განსწავლულ პირებს შეეძლოთ. მათ „მნიშვნელნი“ ეწოდებოდათ. მეხელები ამ ცოდნასაც სრულად იყვნენ დაუფლებულნი. სწავლების ამგვარი დიფერენცირება, პროფესიული დახელოვნების მრავალდარგობრიობა ქართული საეკლესიო მუსიკალური კულტურის მაღალ დონეზე, ძველთაგანვე მის სწრაფ აღმავლობასა და დაწინაურებაზე მიუთითებს. XIV-XVI საუკუნეებში ქართული საგალობო კულტურის განვითარება, მძიმე ისტორიული ვითარების გამო, შეფერხდა. თუმცა ამით ძირძველი ტრადიციების მემკვიდრეობითობა არ მოშლილა. ამაზე მიუთითებს ჩვენამდე მოღწეული, XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული არაერთი ჰიმნოგრაფიული კრებული (ქუთ. №368, Q-298, H-2282, A-1154), რომლებიც გალობის ზეპირი სწავლების სახელმძღვანელოებად გამოიყენებოდა (მათ შორის ყველაზე ცნობილი ფიტარეთის ძლისპირთა კრებულია). ხელნაწერებში სიტყვიერად არის განმარტებული, თუ როგორ უნდა იგალობებოდეს (რისი მსგავსია) ჰიმნის თითოეული მუსიკალური ფრაზა და მუხლი, რომლებიც მელოდია-მოდელებად ჩამოყალიბდა. მათ, ზოგადად, „ჭრელებს“ უწოდებენ. გვიანდელი ხანის (XIX ს.) ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ნევმირებული ხელნაწერები იმსახურებს (651 - „შემოქმედის ზატიკი“, Q-830, Q-ნ34, H-657). ეს კრებულები, სამუსიკო ნიშნების თვალსაზრისით, გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს X-XI საუკუნეების ნევმურ ნოტაციასთან - ქართველ მგალობლებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული წინაპართაგან მიღებული ცოდნა. XIX საუკუნეში, ეგზარქოსობის პერიოდში, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიკანონიკური აქტით გაუქმდა, საგალობო სკოლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და სასულიერო მუსიკის ძირძველ ტრადიციებს აღმოფხვრის საშიშროება დაემუქრა. ამ დროს სასულიერო და საერო პირების დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ერის კულტურულ წარსულთან უწყვეტი მემკვიდრეობითი კავშირის შენარჩუნება - საეკლესიო საგალობლების ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა. XIX საუკუნეში ჩაწერილ ძველ საეკლესიო საგალობლებს შორის ვხვდებით სადა და გამშვენებული მუსიკალური სტილის როგორც ქართლ-კახური, ასევე იმერულ-გურული კილოს ნიმუშებს (დღეისათვის გამოცემულია 20-მდე პარტიტურა, ხოლო ხელნაწერის სახით მოღწეულია დაახლოებით 8000 საგალობელი). ქართული პროფესიული სასულიერო მუსიკის ეს ორი განშტოება დაკავშირებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებული გალობის სამონასტრო სკოლების ორ ძირითად ტრადიციასთან. ეს ორი შტო აერთიანებდა საქართველოს მრავალი სკოლის თვითმყოფად კილოს. ცნობილი იყო გელათის, მარტვილის, შემოქმედის, დავითგარეჯის, შიო-მღვიმის და სხვა მონასტრებთან არსებული საგალობო სკოლები, რომელთაც საეკლესიო გალობის ინდივიდუალური ტრადიციები გააჩნდათ. მიუხედავად ამგვარი მრავალფეროვნებისა, მათ ერთი ძირი აკავშირებს, რაც ერთიან კანონიკაში ვლინდება; უცვლელია საგალობლის ჰანგის კანონიკური ღერძი (იგი ზედა ხმაშია მოცემული), რომელსაც XIX საუკუნის მგალობლები „კილოს“ უწოდებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართულ საეკლესიო საგალობლებში, ისევე როგორც ზოგადად მართლმადიდებლურ სასულიერო მუსიკაში, მუსიკალური განვითარების ლოგიკა მკაცრად არის შეთანხმებული პოეტურ ტექსტთან. პოლიფონიური თვალსაზრისით მაღალგანვითარებულ საგალობლებშიც კი რიტმული სინქრონულობის რღვევა არ იწვევს სიტყვიერი ტექსტის სინქრონულობის რღვევას, რაც მისი მკაფიოების აუცილებელი პირობაა და გათვალისწინებულია საეკლესიო მუსიკის კანონიკით. განვითარებული პოლიფონიური ხელოვნება აქ არ აკნინებს სიტყვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. კომპოზიციური თვალსაზრისით, ქართული საეკლესიო საგალობლები, ისევე როგორც ბიზანტიური, სირიული, სლავური, სერბული და სხვ. ემყარება რვა ხმის განსაზღვრული რაოდენობის კანონიზებულ მელოდიურ ფორმულებს (მელოდიურ არქეტიპებს). მათი წმიდად დაცვა ხელოვანთმთავართა და მგალობელთა ღირსებად მიიჩნეოდა, ახალი ჰანგის დამკვიდრება კი მისი კანონიზაციის რთულ პროცესს უკავშირდებოდა. ჩვენამდე მოღწეული დასავლური შტოს საეკლესიო საგალობლების უდიდესი ნაწილი გელათისა და მარტვილის მონასტრების საგალობო სკოლების საუკეთესო ტრადიციებს ასახავს, ხოლო ქართლ-კახური კილოს სასულიერო მუსიკა დავით-გარეჯის, შიო-შღვიმისა და მარტყოფის სამონასტრო კერების სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ცნობილია, რომ იმერულ-გურული კილოს საგალობლების დიდი ნაწილის ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა მოხდა იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძის) მიერ მოწვეული საუკეთესო, სრული მგალობლებისაგან. მათ ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული მხცოვანი ლოტბარი ანტონ დუმბაძე. იგი გელათის მონასტერში აღიზარდა და იქ დაეუფლა მაღალპროფესიულ საგალობო ხელოვნებას. ანტონ დუმბაძე მოღვაწეობდა, აგრეთვე, ათონის ქართველთა სავანეში მგალობელთა გუნდის ლოტბარად. ქართლ-კახური კილოს საგალობლების ჩაწერა შესაძლებელი გახდა გორის ეპისკოპოსის, წმიდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევითა და უშუალო თანადგომით მღვდლების, პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან. გალობის ტრადიციების გადარჩენისათვის XIX-XX საუკუნეების არაერთმა მოღვაწემ გასწია დიდი შრომა; მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან: იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, ფილიმონ ქორიძე, დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე, მღვდელ-მონოზონი ნესტორ კონტრიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე და სხვები. მათ მომავალ თაობებს ღვთისა და ერისადმი უანგარო, თავგანწირული მსახურების მაგალითი დაუტოვეს. ამ მოღვაწეთა საერთო სულისკვეთება იღუმენ ექვთიმე კერესელიძის ერთ-ერთი ხელნაწერის (საგალობელთა კრებულის) ანდერძშია გამოხატული: „დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე! ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამის მხიარულებით. და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
ტექსტის შემდგენელი: მაგდა სუხიაშვილი
რედაქტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი)
საქართველოს საპატრიარქო
საეკლესიო გალობის ცენტრი, 2002 წ.
http://www.orthodoxy.ge/
|