topmenu

 

ლაქიობიდან სტამბის ხელმძღვანელობამდე - ე.მახარაშვილი

<უკან დაბრუნება...<<<სახელოვანი ქართველები // ქართული საგალობლები>>>

მაქსიმე შარაძე

ე.მახარაშვილი - ლაქიობიდან სტამბის ხელმძღვანელობამდე // გაზეთი 24 საათი,  20.03.10

მისი მომავალი, პრინციპში, ილია ჭავჭავაძესთან შეხვედრამ განსაზღვრა. თანამედროვეთა გადმოცემით, თავდაპირველად ის ილიას ლაქია ყოფილა. ერთგულად ემსახურებოდა თავის სათაყვანებელ ადამიანს და კეთილი და სასარგებლო საქმეების კეთებაზე ოცნებობდა. სტამბის გახსნამდე დიდი და რთული გზა განვლო... დაიბადა გურიაში, სოფელ ეწერში, როსტომ და ნინო შარაძეების ოჯახში. დედის ადრე გარდაცვალებამ და ხელმოკლეობამ საფუძვლიანი სწავლა-განათლების მიღებაში დიდად შეუშალა ხელი. სოფლის სასწავლებელში უნიჭიერეს მოსწავლედ ითვლებოდა, თავი ოზურგეთის სკოლაშიც გამოიჩინა, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ვაჭრობა დაეწყო. თუმცა როცა საშუალება მიეცემოდა და ცოტაოდენ დროს გამონახავდა, მაშინვე განმარტოვდებოდა და კითხულობდა. წიგნი იყო მისი ერთგული და უახლოესი მეგობარი. განსაკუთრებით რელიგიური ლიტერატურა იტაცებდა და კარგადაც შეითვისა საღმრთო რჯული. სხვებსაც ხშირად ესაუბრებოდა ღვთის ძალასა და მადლზე. სრულიად ახალგაზრდამ თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. სიზმარშიც თბილისი ელანდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი სახლიდან გაიპარა და ისევ საოცნებო ქალაქის გზას დაადგა. სწორედ მაშინ მოხვდა ჭავჭავაძეებთან. თავიდან ილიასთან დაახლოვებული პირები ისე უყურებდნენ, როგორც ერთ ჩვეულებრივ მსახურს. ეს არტემ ახნაზაროვის მოგონებიდანაც ჩანს: "ივერიის" რედაქციის მოლარედ და სამეურნეო ნაწილის გამგედ იყო ვინმე მაქსიმე შარაძე, ილიას სახლის ყოფილი მოსამსახურე და შემდეგ სტამბის პატრონი, რომელშიც გაზეთი "ივერია" იბეჭდებოდა. ეს მაქსიმე შარაძე გაუნათლებელი კაცი იყო, მაგრამ სოფლის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და წიგნის კითხვას ეტანებოდა. ერთ დროს ისე გაიტაცა საღმრთო წერილისა და სასულიერო შინაარსის წიგნების კითხვამ, რომ სხვა თავის ამხანაგებთან ერთად სექტასავით რაღაცა ამხანაგობა დააარსა, რომელსაც "უდაბურ წყალწმინდის ძმობა" ეწოდებოდა. ამ ძმობას ეს მაქსიმე შარაძე მეთაურობდა, ბოლოს მან სტამბაც დააარსა. წმ.მამათა ცხოვრებიდან სასულიერო შინაარსის პაწია წიგნებსა ჰბეჭდავდა და საზოგადოდ ასკეტურს ცხოვრებას ეწეოდა. თვით სტამბა მოთავსებული იყო "ივერიის" რედაქციის ქვედა სართულში, კალინინის ქუჩაზე, ილიას დის ელისაბედ საგინაშვილის სახლში. ამ მაქსიმე შარაძის შესახებ ასეთი ხმა იყო გავრცელებული: ილიასთან ორიოდე წლის ნამსახურობის შემდეგ შარაძე ერთ მშვენიერ დღეს შესულიყო მასთან კაბინეთში და განეცხადებინა: თქვენთვის, თქვენის მონდობილებით, სანოვაგესა, სურსათსა და ათასს სხვა რასმეს რომ ვყიდულობდი, ფულს გადავარჩენდი ხოლმე და ოც თუმანზე მეტი შევკრიფე. ეხლა ვგრძნობ, რომ ასეთი საქციელი დიდი ცოდვაა და ამიტომ გიბრუნებ ამ ფულსაო. ამოიღო თურმე და ფული მაგიდაზე დაუწყო. ილიამ ეს ფული ჯიბეში ჩაიდო და უთხრა: ძალიან კარგად მოქცეულხარ აგრე სჯობსო." სხვათა შორის, ამ შემთხვევის გამო ერთი ამბავი ატყდა - ამბობდნენ, რა ძუნწია ილია, მაქსიმეს ან როგორ გამოართვა ფული, ან ცოტა მაინც ვერ აჩუქაო... ამ ხმებმა ილიას ყურამდეც მიაღწია. - როგორ, მოპარული ფული რომ უკან დამებრუნებინა, თუნდაც ნაწილი იმ ფულისა, განა ამით შეურაცხებას არ მივაყენებდი? სად გაგონილა, რომ ქურდს ნაქურდალში წილი დაუდონ? ის კაცი მართალ გზას დასდგომია და ჩემის ასეთის უმართებულო საქციელით ამ მართალ გზას ხომ გადავაცდენდიო. - უყვირია აღშფოთებულ ილიას. სამაგიეროდ, ამ ამბის შემდეგ მაქსიმეს თვალდახუჭული ენდობოდა ასე მომჭირნე ილია ჭავჭავაძე. თქვენ წარმოიდგინეთ, სტამბისთვის სწრაფ-მბეჭდავი მანქანა გამოუწერა, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა. ამ თანხის თავდებად თვით ილია დაუდგა მაქსიმეს. მანაც, რა საკვირველია, ვალი დათქმულ დროში და კეთილსინდისიერად გაისტუმრა. ფაქტია, მაქსიმე უცნაური ადამიანი ყოფილა, მაგრამ, რაც შეეხება, არტემ ახნაზაროვის ირონიით ნახსენებ "უდაბურ წყალწმინდის ძმობას", ნამდვილად არ გახლდათ სექტანტური დაჯგუფება, ეს იყო "მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტი", რომელიც უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქართველი ერისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასარგებლოდ. მისი წევრი გახლდათ წმიდა ექვთიმე აღმსარებელი - ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე. ნელ-ნელა სხვებმაც შეამჩნიეს მაქსიმეს კეთილსინდისიერება და სიკეთე. თანდათან ფართოვდებოდა მისი მეგობრების წრეც. არტურ ლაისტი თავის მოგონებებში ასე ახასიათებს მას: "ივერიის" რედაქციაში რამდენიმე წელს მუშაობდა ერთი საუკეთესო პიროვნება, ეს იყო მაქსიმე შარაძე. ის 1887 წელს ილიას ლაქიად ჰყავდა. ამ ადამიანმა თავისი რიგიანობითა და შრომისმოყვარეობით მალე ილიას სრული ნდობა დაიმსახურა. ილია მას სხვადასხვა საქმეებს ანდობდა ხოლმე. შარაძე ვეგეტარიანელი და დიდი ღვთისმოშიში კაცი იყო. მან პატარა წიგნაკიც დაწერა, სადაც აღწერილი აქვს თავისი ზნეობრივი ცვლილება, რომელსაც მიაწერდა მცენარეულ საჭმელზე გადასვლას. რამდენიმე ხანს შარაძე, როგორც მახსოვს, "ივერიის" სტამბაში ასოთამწყობად და გაზეთის კორექტორადაც მუშაობდა. ბოლოს ბერად შედგა ზედაზნის მონასტერში. აქ დიდხანს არ დარჩენილა, დაბრუნდა და თბილისში გარდაიცვალა კიდეც." რაღაც დროის განმავლობაში ექსპედიტორადაც მუშაობდა და სწორედ მაშინ იყო ყველაზე მოწესრიგებული "ივერიის" გავრცელების საქმე. ასე გადიოდა დრო... ერთ მშვენიერ დღეს კი მაქსიმემ და მისმა მეგობრებმა სტამბის გახსნა გადაწყვიტეს. წმიდა ექვთიმე აღმსარებელი იგონებს: "1890 წელს მოვისურვეთ საბეჭდავი სტამბის შეძენა. ამაზედაც იტყოდა ხოლმე მაქსიმე: იმისთვის კი არ გვინდა სტამბის შეძენა, რომ ბევრი ფული მოვიგოთ და მდიდრულად ვიცხოვროთ, არა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი სტამბით ბევრ კეთილ საქმეს აღვასრულებთო. სწორედ ამავე 1890 წელს გამოეწერა თავის თვიური ჟურნალის საბეჭდავად და გამოსაცემად სომხის მღვდელს ნიკოლოზს, რომლის გვარი არ მახსოვს, გერმანიის უპირველეს საბეჭდავ მანქანათა ფაბრიკიდგან, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდა დიდი და მშვენიერი ახალი მსწრაფლმბეჭდავი მაშინა, სამი ათას მანეთად ღირებული და რადგან იმას რუსის მთავრობამ ნება არ მისცა სტამბის გახსნისა, ამის გულისთვის თავის ახლად გამოწერილ სტამბის გაყიდვა დააპირა და სწორედ ჩვენ შევხვდით და შევისყიდეთ ეს ხსენებული საბეჭდავი მანქანა, აგრეთვე საკაზმავი, საჭრელი და საპრესო მანქანები იმავე ფასებში, როგორც თვითონ ეყიდა მის ანგარიშის ჩვენებით და ჩვენგან იმ პირობით, რასაც ის ჩვენთან დაბეჭდავდა ჟურნალს თუ ანუ სხვას, ნახევარ ფასში, ასოები კი მისი იყო, ამავე დროს გუბერნატორისგან სტამბის გახსნის ნებართვა მივიღეთ ამ ფორმით: მ. შარაძე და ამხ. სტამბა.

ეს ჩვენი ახალი შეძენილი სტამბა გავხსენით ნიკოლოზის ქუჩაზე N21, იმ სახლში, სადაც თვით ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა და თავისი გაზეთ "ივერიის" რედაქცია იქვე მოთავსებული ჰქონდა. ხოლო ქართული, რუსული და ფრანგული ასოები ასოთჩამომსხმელ მადერისაგან შევიძინეთ მეტი ნაწილი ნდობით. ჩვენ სტამბის ამხანაგები ვიყავით ოთხი კაცი: მაქსიმე შარაძე, ექვთიმე კერესელიძე, ვასილ გრძელიძე და ივანე ზაქარაშვილი. და ჩვენ ერთმანეთ შორის იყო ამნაირი პირობა დაწერილი: ჩვენ ოთხი ამხანაგები, ესა და ეს პირნი, ვსდებთ ერთმანეთს შორის ასეთ პირობას: სტამბაში ყველა ამხანაგებმა უნდა ვიმუშაოთ და სტამბისგან რაც სარგებლობა შემოვა, უნდა მოვახმაროთ საზოგადო საკეთილ-მოქმედო საბეჭდავ საქმეებს: ქართული ზნეობრივი წიგნებისა და წიგნაკების ბეჭდვა, გალობის გავრცელება, ნოტებზე გადაღება და დაბეჭდვა და სხვა... ჩვენ ვიმუშაოთ უჯამაგიროდ და ხარჯი კი საერთო თანხიდან, ისიც უბრალო და მცირე ოდენი. და თუ ჩვენ ამხანაგთაგან ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი კუთვნილი სტამბა და შეძენილი ქონება რჩება მის დანარჩენ ამხანაგებს, ამავე დადგენილ საკეთილო მიზნის გაგრძელებისა და აღსრულებისათვის. ასე რომ, მემკვიდრეობაზე და ნათესაობაზე მიცვალებულის კუთვნილი ქონება არ გადადიოდა და ეს ჩვენი პირობა ნათესავებმაც იცოდნენ და ჩვენც უნდა გვეცხოვრა პატიოსნებით." მაქსიმეს და მისი მეგობრების სტამბაში უამრავი კარგი წიგნი დაიბეჭდა და, რაც მთავარია, 1891 წლიდან 1901 წლამდე აქ იბეჭდებოდა ილიას "ივერია". მაქსიმე შარაძე კარგ მგალობლადაც ითვლებოდა. დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე იგონებს: "მაქსიმე შარაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქართული გალობის საქმეს; მისი თაოსნობით შედგა თბილისში პატარა ძმობა, რომელმაც განიზრახა ქართული გალობის შესწავლა და შეძლებისდაგვარად იმისი გავრცელება. მართლაც არ გასულა დიდი ხანი, რომ ეგრედ წოდებულ "მაქსიმეს კაბინეთში" გაჩაღდა გალობისა და ნოტების სწავლა-სწავლება. მაქსიმემ მოკლე ხანში იმდენად შეისწავლა ქართული გალობა, რომ ის თბილისის სემინარიაში გალობის მასწავლებლად მიიწვიეს... იგი აღვიძებდა ჩვენში მშობლიურ ეკლესიურ ჰანგებისადმი სიყვარულს." იმ ხანად თბილისში დაბრუნებული ფილიმონ ქორიძე მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით დაუკავშირდა მაქსიმე შარაძეს და ესტატე კერესელიძეს და სწორედ ამ დღიდან დაიწყეს ფიქრი ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანაზე და მათ დაბეჭდვაზე. თავდაპირველად უნდა შეეძინათ სპეციალური შრიფტი. "1891 წელს ვკითხეთ ფილიმონს, თუ სადმე არის რუსეთის ქალაქებში ნოტების შრიფტი (ასოები), ჩვენ გვინდა გამოვიწეროთ და შევიძინოთ-მეთქი. გვითხრა: მოსკოვში უნდა იყოსო, იმიტომ ვიცი, რომ მე შევხვედრივარ იქაურ სტამბაში ნოტებით დაბეჭდილ სიმღერა გალობის წიგნებსაო, იქ მიკითხვა და გამოძებნა უნდაო. ამის შესახებ იფიქრა მაქსიმე შარაძემ და მივიდა ილია ჭავჭავაძესთან საკითხავად და უთხრა: გვსურს ნოტების ასოები შევიძინოთ, აქ თბილისში არ არის მისი შრიფტი, გვითხრეს მოსკოვში არისო, ხომ არავინ გყავს იქ ნაცნობთაგანი კაცი რომ მივსწეროთ და გვაშოვნინოს ნოტების შრიფტი. მან უთხრა: როგორ არა, მყავს იქ ერთი კარგი მეგობარი ქართველი კაცი, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი, ის მოგვიხერხებს მაგ საქმესო. თვითონაც წერილი მისწერა და მაქსიმესაც მისამართი გადასცა: ამ მისამართით მისწერეთო. ჩვენ მივსწერეთ და მან მოგვწერა: არის მხოლოდ ამნაირიო, მინუში გამოეგზავნა, რომელიც იყო სულ ძველებური მოდა, ოთხ-ოთხ კუთხიანები. ეს ნოტების მინუში უჩვენეთ ფილიმონს და სთქვა: ეს არ ივარგებსო, ეს კი არა, ახალი სისტემა უნდა, რომელსაც ახლა ხმარობენ სიმღერა-გალობაზეო. ჩვენც ასე მივსწერეთ... ერთი თვის შემდეგ ნოტების ასოები მივიღეთ, სამი ათას მანეთად ღირებული. ჩვენ ძალიან გაგვეხარდა ნოტების ასოების მიღება 1891 წელს 10 დეკემბერს. ეს იყო მთელ საქართველოში პირველი შემოღება ნოტების ასოებისა." ექვთიმე კერესელიძე ასე გადარჩა, ასე მოვიდა დღემდე უამრავი საგალობელი. ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდა წიგნები თუ კრებულები. მაქსიმე შარაძის და მისი მეგობრების სტამბაში ცხოვრება დუღდა. რაც შეეხება პარტნიორებს, ი.ზაქარაშვილი მალევე გამოსულა ამხანაგობიდან, ვასილ გრძელიძე კი ადრე გარდაცვლილა. ერთ ხანს სტამბა დაუხურავთ პროკლამაციების ბეჭდვის და გავრცელების ბრალდებით, მაგრამ თბილისის გიმნაზიის მასწავლებლის არისტო ქუთათელაძის დახმარებით მწიგნობრებისთვის მალევე მიუციათ მუშაობის საშუალება. ილიას მკვლელობის შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლა, რამდენიმე თვეში 49 წლის ასაკში დალია სული. "ერის გული ზღვაა. მის ლურჯსა და კამკამა წყალს ვერ აამღვრევთ. და აი, ამ ზღვიდან ამოვიდა მაქსიმე, ამოვიდა წმინდა და მოკვდა წმინდა. რაც სათნოება, უმაღლესი ზნეობა, დიდი გრძნობა სიყვარულისა ერსა ჰქონდა ძველად შეთვისებული მემკვიდრეობის კანონით, თითქო მასში გამოიხატა, მას ჰქონდა შემოსილი." - ამ სიტყვებით გამოეთხოვა გრიგოლ ყიფშიძე თავის მეგობარს, თანამშრომელს, თანამოაზრეს... კაცს, რომელიც ქართული წიგნითა და გალობით საზრდოობდა და უნდოდა ეს საზრდო სხვებისთვისაც უანგაროდ გაეყო.

ეკა მახარაშვილი

http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-03-20/4553