topmenu

 

გ.ქორიძე - ფილიმონ ქორიძე-ქართული საეკლესიო გალობის დასავლურ–ქართული კილოს გადამრჩენი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქართული საგალობლები // სახელოვანი ქართველები>>>

გაგა ქორიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანობის ისტორიის სპეციალობის II კურსის მაგისტრანტი) - ფილიმონ ქორიძე-ქართული საეკლესიო გალობის დასავლურ-ქართული კილოს გადამრჩენი // ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი - "ქრისტიანობის კვლევები", VI, თბილისი 2011, გვ 103 -111

ქართველი მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ფილიმონ ქორიძე დაიბადა 1829 წელს გურიაში. მან მუსიკალური განათლება იტალიაში მიიღო. იგი იყო მაღალი დონის ოპერის მომღერალი, გასტროლებით მოიარა სამხრეთ ამერიკა, გამოდიოდა ლასკალას თეატრში, მოგვიანებით მოღვაწეობდა პეტერბუგის საიმპერატორო ოპერაში. 1882 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და ხელი მოჰკიდა ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერის საქმეს, წლების მანძილზე დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და გალობის მცოდნეთაგან ნოტებზე იწერდა სხვადასხვა კილოს საგალობლებს. ამ საქმიანობით გადაარჩინა და მომავალ თაობებს შემოუნახა ათასობით საგალობელი, რომელთაგან თითოეული მათგანი გამორჩეულია თავისი კილოთი. ქორიძის ნაშრომებიდან გადარჩენილია 5532 საგალობელი. თანამედროვე მუსიკათმცოდნეებმა ამ ჩანაწერების მიხედვით აღადგინეს დასავლურ– ქართული კილოს გალობა. ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფილიმონ ქორიძე დაიბადა გურიის ერთ პატარა სოფელში, რომელსაც გამოჩინებული ჰქვია, მისი მამა იასე ქორიძე, ამავე სოფლის მღვდელმსახური იყო. ოჯახს სამი შვილი ჰყავდა: ფილიმონი, ლაზარე და მზეხასა. ფილიმონმა პირველდაწყებითი განათლება გურიაში მიიღო, შემდეგ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნა მამამ, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, თბილისის სასულიეორ სემინარიაში გააგზავნეს ცოდნის გასაღრმავებლად, რომელიც ასევე წარმატებით დაამთავრა. სიმღერა - გალობის ნიჭი ბავშვობიდან აღმოაჩნდა. ქუთაისში და მოგვინებით თბილისში სწავლისას იგი გალობდა სემინარიის და შემდეგ ეგზარქოსის გუნდში. თბილისში ცხოვრების დროს ერთ–ერთ ოჯახში სტუმრობისას გაიცნო იტალიელი ოპერის მომღერლები, მათ მოისმინეს ფილიმონის სიმღერა და მოეწონათ მისი ხმა. ურჩიეს საოპერო სიმღერა შეესწავლა. საოპერო სიმღერის საუკეთესოდ შესწავლა იმ პერიოდში იტალიაში იყო შესაძლებელი. დიდი სურვილის მიუხედავად ფილიმონს იქ სწვალის ეკონომიური შესაძლებლობა არ გააჩნდა. 1867 წელს ფილიმონმა ცოლად შერთო შეძლებული ოჯახის შვილი, ვინმე ხანჟაღაძის ასული. ამ ოჯახის დახმარებით იგი გაემგზავრა იტალიაში საოპერო ხელოვნების შესასწავლად. ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი, რომელიც საოპერო მუსიკის დასაუფლებლად ჩავიდა იტალიური ოპერის ცენტრში – მილანში. სამწლიანი სწავლების პერიოდში, უცხოელ მომღერლებთან ერთად გასტროლებით მოიარა სამხრეთ–ამერიკა და გამოდიოდა ლასკალას თეატრში. საკმაო წარმატება მოიპოვა და ჩამოყალიბდა მაღალი დონის საოპერო მომღერლად. 1870 წელს მეუღლის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა საქართველოში, თუმცა მეუღლე უკვე გარდაცვლილი დახვდა. იტალიაში დაბრუნება ვეღარ შეძლო, თუმცა უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი 1872 წელს პეტერბურგის საიმპერეატორო ოპერაში მიიწვიეს. იტალიურ საოპერო ტრადიციებზე აღზრდილი ქართველი მომღერალი ვერ მიიღო რუსეთის საოპერო საზოგადოებამ. 1873-74 წლებში ისევ მილანში გაემგზავრა ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო უკრაინელი სენატორის ასული ნატალია ვორობეცი, განათლებული ქალი და კარგი პიანისტი. იტალიაში რვაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ 1881 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და თბილისის ოპერაში დაიწყო სასიმღერო მოღვაწეობა. სწორედ ამ პერიოდიდან დაინტერესდა ფილიმონ ქორიძე ქართული საეკლესიო და საერო სიმღერა-გალობის ბედით. ფილიმონის საქართველოში ჩამოსვლის დროს, ქართული სიმღერა-გალობა რთულ მდგომარეობაში იყო. არსებობდა ტრადიციული ქართული კილოს დაკარგივის საფრთხე. საქართველოში ტრადიციულად საგალობლები და სიმღერები თაობიდან–თაობას ზეპირი სახით გადაეცემოდა, გალობა ძირითადად ეკლესია–მონასტრებში ისწავლებოდა. XIX საუკუნეში რუსეთის მმართველობის პერიოდში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება რუსულით შეიცვალა, ასევე ქართული გალობაც შეიცვალა რუსული გალობით. ამან გამოიწვია ის, რომ XIX საუკუნის ბოლოს მხოლოდ ასაკოვან ხალხს თუ ახსოვდა ჭეშმარიტად ქართული კილოს სიმღერა–გალობა. ამ თაობის წასვლის შემდეგ კი ეს კილო დაიკარგებოდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ფილიმონ ქორიძის საქართველოში ჩამოსვლა. მისივე სიტყვებია: "ქალაქებში და განსაკურთებით თბილიში, ჩვენი მუსიკა, ძველი რომანსები, სუფრული სიმღერები  ევროპული, ე.ი. იტალიურ–რუსული გემოვნების გავლენის ქვეშ მოექცა..

ფილიმონი ცენტრში თავის გუნდთან ერთად (ფოტოს წყარო გაზეთი 24 საათი)

საქართველოში დაბრუნებისთნავე, პირველსავე წელს, ვხედავდი რა მდგომარეობაშია ჩვენი მუსიკა, მისი ზეპირი წესით შენახვა სახიფათო იყო. ფილიმონ ქორიძემ გადაწყვიტა, ქართველი ტრადიციული კილოს მცოდნე მომღერლებისაგან ჩაეწერა და ნოტებზე გადაეტანა საგალობლები და საერო სიმღერები. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მათი გარკვეული სახით გადარჩენა და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. თბილისში ჩამოსული უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი, დაუახლოვდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებს - ალ. ყაზბეგს, ა.წერეთელს და სხვებს. მათი მხარდაჭერით დაიწყო ფილიმონმა საგალობლების ნოტებზე გადატანის საქმე. პირველი ჩანაწერები გაკეთდა 1882 წელს ფილიმონის ბინაზე, თბილისში, სადაც მოწვეული იყვნენ სრული მგალობლები იმერეთიდან. საზოგადოების დიდი ნაწილი გულგრილად შეხვდა მის საქმიანობას, რადგან ხალხს ეგონა, რომ ქართული სიმღერა იტალიურ ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ვერ ჩაიწერებოდა. ხალხის გასათვითცნობიერებლად ფილიმონმა მოაწყო საჯარო ჩვენება და მაყურებელთა თანდასწრებით ნოტებზე გადაიტანა უცხო სიმღერები, შემდეგ კი გუნდმა ნოტების მეშვეობით შეასრულა ისინი. დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ჩვენებამ, გარკვეულმა პირებმა ფინანსური დახმარებაც აღუთქვა ამ საქმეს. საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელი იყო საქმის წარმართვისათვის, განსაკუთრებით დაინტერესდა სამღვდელოების პროგრესული ნაწილი. 1885 წელს ფილიმონ ქორიძე მიიწვიეს ქუთაისში, გაბრიელ ეპისკოპოსის კანტორაში. მუსიკოსს უნდა ჩაეწერა იმერულ-გურული კილოს საგალობლები. შეთანხმების პიროებები ასეთი იყო: ორი წლის მანძილზე ნოტებზე უნდა გადაეღო 400 საგალობელი, ანაზღაურება - თითო საგალობელში 6 მანეთი. ფილიმონი ოჯახით გადასახლდა ქუთაისში და შეუდგა საქმეს. ხელშეკრულების გასამყარებლად,გაბრიელ ეპისკოპოსის თხოვნით ფილომონმა ქუთაისში მოაწყო კონცერტი, სადაც შესრულდა მის მიერ ჩაწერილი საგალობლები. კონცერტის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსმა მისი საქმიანობა ასე შეაფასა: "ვმადლობ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენს ნიჭერი ერის შვილს ფილიმონს დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყანაში სწავლა დაასრულებინეს და მერე მობრუნდა საყვარელ ქვეყანაში და მათი სწავლა-განათლება, ჩვენს ხალხს და ერს ძღვნად მოუტანა". ქუთაისში ორწლიანი მუშოაბის შემდეგ 1887 წლის აპრილში გაბრიელ ეპისკოპოსის კანტორას ჩააბარა 560 ფურცელზე შესრულებული 400 საგალობელი, რომლებიც დასავლეთ საქართველოშ მცხოვრები სხვადასხვა სრული მგალობლებისგან ჩაიწერა. უამრავი სიმღერა–გალობის ნიმუში კი პირადად ჰქონდა ჩაწერილი და შენახული1. ფილიმონ ქორიძის საქმიანობას მუდმივად თან სდევდა გადაუჭრელი სირთულე, ეს იყო ნოტების დაბეჭდვის საკითხი. მუსიკოსი ხელით იწერდა საგალობლებს, ხელნაწერი კი დროთა სვლაში ვერ შეინარჩუნებდა თავის სახეს. ამიტომ საჭირო იყო მათი დაბეჭდვა, ამას კი თანხა სჭირდებოდა. მუსიკოსი მუდმივად სპონსორის ძიებაში იყო. ქუთაისში ცხოვრებისას იგი დადიოდა გურია–სამეგრელოსა და იმერეთის სოფლებში, სადაც იწერდა ძველთაძველ კილოებს, ამასთან მართავდა კონცერტებს და უბრალო ხალხისგან იღებდა შესწორებებს. ამ საქმიანობით უამრავი მასალა დააგროვა, ამ მასალის დაბეჭდვას თავისი სახსრებით აპირებდა, მაგრამ ის იტალიური ბანკი, სადაც თავის დანაზოგს ინახავდა, გაკოტრდა და ქუთაისში მცხოვრები ქორიძის ოჯახი უსახსროდ დარჩა. ამ პერიოდში ფილიმონი და მისი მეუღლე იძულებული გახდნენ მუსიკისა და ფორტეპიანოს მასწავლებლობით ერჩინათ თავი. თუმცა ფილიმონი აქტიურად განაგრძობდა საგალობლების ჩაწერას. 1889 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ  იგი თბილისში გადასახლდა. ფილიმონის მიერ ჩაწერილი 400 საგალობლის დაბეჭდვა უსახსრობის გამო იმერეთის სამღვდელოებამ ვერ შეძლო. მათი დაბეჭდვის საქმე ითავა გაზეთ ივერიის სტამბის ხელმძღვანელმა მაქსიმე შარაძემ. საქართველოში არა არსებობდა სტამბა, რომელსაც ექნებოდა სანოტო შრიფტი და შესაძლებელი გახდებოდა ხელნაწერი ნოტების დაბეჭდვა. 1891 წელს პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილისა და ილია ჭავჭავაძის დახმარებით მოსკოვიდან ჩამოიტანეს სანოტო შრიფტი მ.შარაძის სტამბისათვის. სწორედ ამ შრიფტით დაიბეჭდა 1895 წელს ფ.ქორიძის ნაშრომები. მ.შარაძემ წერილობით ითხოვა ნებართვა გაბრიელ ეპისკოპოსისაგან: უმორჩილესად გთხოვთ საკუთარი სახსრებით დავბეჭდო ისინი და ამით დავაზღვიო ის ყოველგვარი შემთხვევისაგან".

გაბრიელ ეპისკოპოსმა თანხმობა მისცა: "ნებას ვრთავ დაბეჭდოს ბატონ ქორიძის მიერ შედგენილი გურულ-იმერული კილოს საეკლესიო საგალობლები". დაბეჭდილი საგალობლები შეადგენდა ოთხტომეულს, შემდეგი სახელწოდებით: "ქართული გალობა ლიტურგია იოანნე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელმთავრისათვის, გარდაღებული ფილიმონ ქორიძის მიერ". ამავე სტამბაში დაიბეჭდა ხალხური სიმღერების რამდენიმე ვარიანტი 9600 ეგზემპლიარად, ბროშურის სახით. ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ ხელნაწერებისა, რასაც ფილიმონი აგროვებდა წლების მანძილზე. 1893 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დახმარება გაუწია და გურიაში გააგზავნა ფილიმონ ქორიძე, სადაც უნდა ჩაეწერა ადგილობრივი კილოს სიმღერა-გალობა, ამ საქმისათვის შეუძინეს ინსტრუმენტი "ფისჰარმონია", რომელიც დაეხმარებოდა ნოტების წერაში მუსიკოსს. მან მოიარა გურიის სოფლები და ასაკოვანი ხალხისგან, ასევე ძველ მონასტრებიდან ჩაიწერა უამავი კილოს საგალობელი. ფილიმონ ქორიძემ, მას შემდეგ რაც საგალობლების ჩაწერის საქმეს მოჰკიდა ხელი, საბოლოოდ მიატოვა საოპერო მოღვაწეობა და მთლიანად ამ საქმეს მიუძღვნა თავისი ცხოვრება. უკვე საკმაო მოხუცი მუსიკოსი, საკუთარ შვილთან საუბრისას იგონებდა: "რა გერჩია მამაჩემო, საოპერო ასპარეზი თუ ქართული მუსიკის გარშემო მუშაობა? საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა. ვამაყობდი რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე, ტაშს მიკრავდნენ, წერდნენ სახელოვანი კაცი ხარო, შემდეგ კი დავფიქრდი: დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, წარმავალია. დღეს ხელით გატარებენ, გადიდებენ, მოვკვდები და ჩემი ხსენებაც გაქრება, ჩემი კვალიც არ დარჩება, ჩემს ქვეყანას, შთამომავლობას ვარაფერს ვერ ვუტოვებ. ჩემი დღევანდელი მუშაობა საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე. ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო და საჭირო, ჩემი ნამუშევარი, ჩაწერილი და დაბეჭდილი არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს".2 ფილიმონ ქორიძე, საგალობლების ჩაწერის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მართალია იგი ხალხისგან ნოტებზე წერდა საგალობლებს, მაგრამ მათი წაკითხვა ცოტამ თუ იცოდა საქართველოში, ამ მიზნით მან შექმნა წიგნი "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვს". იგი ხშირად აქვეყნებდა სტატიებს იმდროინდელ პრესაში და ცდილობდა საზოგადოების დაინტერესებას ამ საქმით. მოვუწოდებ ქართველ ახალგაზრდა ქალებსა და ვაჟებს და ვურჩევ, საფუძვლიანად შეისწავლონ თავიანთი მამა-პაპური მუსიკა და სიმღერა, რომელიც ვგონებ ყველა მამულის მოყვარულისათვის ვისაც კი ნიჭი აქვს მუსიკისა, სავალდებულოა, გაიცნონ მისი ავკარგიანობა, მისი ისტორიული მიმდინარეობა, მისი მნიშვნელობა".3 მუსიკოსი თავის თავზე იღებდა სიმღერა-გალობის შესწავლის საქმეს "და თქვენ ხომ არა გეხარჯებათ რა, ერთი საათის მეტი დღეში, სწავლება და გადმოცემა უსასყიდლოდ გექმნებათ, გარდა ქართულისა მზად ვარ გასწავლოთ აგრეთვე ევროპული მუსიკა და სიმღერა, რომელს ენაზედაც გსურთ". ქორიძემ შეასწავლა ნოტების ჩაწერა მ.შარაძის სტამბაში მბეჭდავად მომუშავე ახლაგაზრდას ესტატე კერესელიძეს, რომელმაც კარგად აითვისა ეს საქმე და სუფთა ხელით წერდა ნოტებს. ფილიმონი მხოლოდ მას ანდობდა თავის ხელნაწერებს და ჩანაწერებსაც ამ სტამბაში ინახავდა. მუსიკოსი, მიუხდევად ღრმად მოხუცებულობისა, ისევ განაგრძობდა მოგზაურობას დასავლეთ საქართველოში  და გალობა-სიმღერის ჩაწერას, თუმცა მათი დაბეჭდვა კვლავაც ვერ ხერხდებოდა, საზოგადოების შეძლებული ნაწილი სათანადოდ ვერ აფასებდა ამ განძს და დამფინანსებელი ცოტა თუ იყო ამ საქმისა საქართველოში. ფილიმონმა გადაწყვიტა ხელნაწერთა გარკვეული ნაწილი იტალიაში წაეღო და ძველი ნაცნობების დახმარებით დაებეჭდა. იტალიაში გამგზავრებამდე დასასვენებლად და ძალების მოსაკრებად ბახმაროზე წავიდა. 1911 წლის ზაფხულში 82 წლის ასაკში, ბახმაროს კურორტზე ასვლისას, მუსკოსი ცხენიდან ჩამოვარდა და მიღებული ტრამვით გარდაიცვალა. საზოგადო მოღვაწე ფილიმონ ქორიძე დაკრძალეს ქალაქ ოზურგეთში, საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. სიცოცხლის ბოლო წლებში ფილიმონი გამუდმებით წუხდა თავის ნაშრომებზე, თუ რა ბედი ეწეოდა მათ. საგალობელთა ის ნაწილი, რომლის წაღებაც იტალიაში სურდა მუსიკოსს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, დანარჩენი კი მ.შარაძის სტამბაში ინახებოდა, რომელიც დიდი განსაცელების მიუხედავად განადგურებას გადაარჩინა ასევე დიდმა მოღვაწემ ესტატე, ბერად აღკვეცის შემდეგ - ექვთიმე კერესელიძემ, საგალობლების ეს ნაწილი შეადგენს 5532 საგალობელს და დღესდღეობით ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. მ.კეზევძე, "ქართული გალობა დასავლეთ საქართველოში", 2004, გვ. 117.

2. მ. ქორელი (ქორიძე), "მოგონებები და წერილები", ქუთ, 1952, გვ. 11-12

3. გაზ. "ივერია", 1901 წ–ის 3 მაისი

 

 

Gaga Koridze

(Ivane Javakhishvili Tbilisi State University Faculty of Humanities Direction-History of Christianity, II year, MA degree)

Philimon Koridze - The Saver of the Georgian Church Music

Summary

The musician and public figure, pilimon Furr was born in 1829 in Guria. He received his musical education in Italy. It was a high-level opera singer, was shown in South America tours, appeared Laskalas theater, and later worked in the Imperial Opera in St. Petersburg. In 1882 he returned to Georgia and Georgian chants hand write notes on the case, he went on for years in various parts of the notes on the recording of different dialect mtsodneta and chanting hymns. In this work, and saved for future generations saves thousands of hymns, which are each distinguished by its kiloti. Koridze papers have been saved from a 5532 song. This entry was restored by modern musician Western - Georgian chant dialect.