topmenu

 

შოთა მესხია - ლუარსაბ I და სიმონ I

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს მეფეები>>>

შ. მესხია - ლუარსაბ I და სიმონ I // გამ.“მეცნიერება“, თბილისი, 1991 წ.,

ოთხასი წლის წინათ, ე.ი. მე-XVI საუკუნეში, საქართველო მტრებით გარშემორტყმული ქვეყანა იყო. დასავლეთიდან მას ძლიერი ოსმალეთი მეზობლობდა, აღმოსავლეთიდან კი სეფიანთა ირანი. ორივე მეზობელი ჩვენი ქვეყნის დაპყრობა-დამონებას ცდილობდა. ქართველი ხალხი გმირულად იცავდა თავს მოძალადეებისაგან, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური დაშლილობა დიდად უშლიდა ხელს თავდაცვის სიძლიერეს. ამ დროს საქართველო რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ იყო დაყოფილი. ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოების გვერდით წარმოშობილიყვნენ მესხეთი, ოდიშის, აფხაზეთის და გურიის სამთავროებიც, რომლებიც აგრეთვე განცალკევებისაკენ მიისწრაფოდნენ. უცხოელ მოძალადის წინააღმდეგ ეს სამეფო - სამთავროები ერთის პირით ვერ გამოდიოდნენ. ხშირად კი ურთიერთშორის კინკლაობდნენ და უცხოელ დამპყრობელის წარმატებას ამით უნებურად ხელს უწყობდნენ. საქართველოს მდგომარეობა იმით კიდევ უფრო მძიმდებოდა, რომ მას უცხოელ მოძალადეებთან ბრძოლაში დამხმარე-მოკავშირე არავინ ჰყავდა. საქართველოს მეზობელი ძველი კულტურული ქვეყნები სულ ერთიანად ყიზილბაშებსა და ოსმალებს დაემონებიათ. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა მთელი ამ საუკუნის მანძილზე, მოკავშირეშემოცლილი, მარტო ებრძოდა ოსმალ-ყიზილბაშ მტაცებლებს. მიუხედავად ამ სიძნელეებისა ქართველმა ხალხმა პატიოსნად დაიცვა თავი. ძლიერმა მტერმა ვერ გასტეხა ჩვენი ქვეყანა, ვერ დაიმონა. თავდადებული გმირული ბრძოლით ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა საკუთარი კულტურა, საყვარელი მიწა-წყალი და პოლიტიკური თავისუფლება. სამშობლოს ამ გმირ დამცველებს XVI საუკუნეში ღირსეული ხელმძღვანელებიც ჰყავდათ. ამ პატარა წიგნში მხოლოდ ორ მათგანზე შევჩერდებით, მამა-შვილ მეფეზე, ლუარსაბსა და სიმონზე. ლუარსაბ დავითის ძის ქართლში მეფობის დროს (1534-1558 წ.წ.) ირანში შაჰთამაზი ხელმწიფობდა. საქართველოს წინააღმდეგ შაჰთამაზმა პირადად არაერთჯერ ილაშქრა, მაგრამ ქართლის მეფე ვერ დაიმორჩილა. ლუარსაბმა, ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, "თვითონ სხვათა ყმობის თქმა არ იკადრა. ამის ჯავრით ხუთჯერ შაჰთამაზ ყაენმან იმაზედ ილაშქრა და ვერას საქმით ვერც მოამშვიდა და ვერც მოკლა და ვერც დაიჭირა და ვერც შეიხვეწია". 1541 წ. დიდი ჯარით ყარაბაღს მოსულმა შაჰთამაზმა 12 ათასი ომნახული და მამაცი ვაჟკაცი შეარჩია მოულოდნელად, ღამით თბილისს მოადგა; სწრაფად ქალაქში შევიდა, მეფე იქ არ დახვდა. მტერმა ქალაქს ცეცხლი გაუჩინა და მრავალი სული დახოცა. შაჰმა ქალაქის ციხეც ხელთ იგდო და შიგ სპარსელი მეციხოვნეები შეიყვანა. ლუარსაბ მეფე ამ დროს თავისი ლაშქრით შიდა-ქართლს იყო. მტრის მოლოდინში ქვემო ქართლის თავადნი, აზნაურნი და სხვა თავკაცნი ბირთვისის ციხეში გამაგრდნენ. "ციხე შიგნიდან გატყდებაო"- ამბობს ქართული ანდაზა. მართლაც, ბირთვისის ციხე, რომელიც, ისტორიკოსის სიტყვით, "ომითა და ძალით... არ აიღებოდა", ღალატმა და სულმოკლეობამ დასცა. შაჰმა მისი წყალობის მოიმედე სამშობლოს მოღალატე ქართველებიც არ დაინდო. ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძის თქმით, წყალობის "მაგიერათ ვინც არ გათათრდა, თავები დააყრევინეს და ცოლ-შვილი ტყვედ წაუსხეს". შაჰთამაზს ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდება სურდა. მან ყიზილბაშთა დიდი რაზმი ამ მიზნით შიდა ქართლს გაგზავნა. ლუარსაბი დიდგორს დაუხვდა მოძალადეებს. შაჰთამაზმა მიზანს ვერ მიაღწია. „მრავალგვარად ცდაში იყო ყაენი, რომ ლუარსაბ მეფე ან მოკლას, ან დაიჭიროს, ან შეირიგოს. არ იქნა" და მტერიც მოიღალა ამ უშედეგო დევნითაო, მოგვითხრობს ფარსადან გორგიჯანიძე. მეფე ლუარსაბი კი დაუცხრომელ პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა მტრის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგის დიდ ჯარს ლუარსაბი უკუეცლებოდა, აჩრდილივით აედევნებოდა, შესაფერ მომენტს შეურჩევდა, ვიწრო გზებს შეუკრავდა, ან სხვა მოხერხებულ ადვილს მოიმწყვდევდა, უკანმავალს ან ცალკე რაზმებს ესხმოდა და დიდ ზიანს აყენებდა მას. ხუთი წლის შემდეგ, ე.ი. 1546 წელს, შაჰთამაზი კვლავ შეეცადა ლუარსაბ მეფის დამორჩილებას და მეორედ ილაშქრა საქართველოში. ვერც ამჟამად მიაღწია მან მიზანს. კიდევ მეტი, სწორედ ამ ხანებში ლუარსაბმა თბილისი ხელიდან გამოგლიჯა შაჰის მეციხოვნეებს, ხოლო ქვემო ქართლში ჩამომსხდარ თურქმან მომთაბარეებს "კუდით ქვა ასროლინა", - დამპყრობელები სამშობლოს საზღვრებს იქით გარეკა. ამ დროს ყაენის "მფარველობა" მიიღო სასოებამიხდილმა მესხეთის ათაბაგმა. ეს ქართველი მთავარი განსაკუთრებულ გასაჭირში იყო.

შინ მეფეების ეშინოდა, სამთავროს ჩამომართმევენო, გარედან ოსმალეთი და ირანი მოსდგომოდნენ და გზადაბნეულმა მთავარმა საქართველოს გამაოხრებელი მტრის საშუალებით სცადა თავისი ბატონობა გადაერჩინა... ირანის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები დიდად ააღელვა ამ ამბავმა. ამასობაში ოსმალეთი ძლიერად მოიწევდა სამცხე-საათაბაგოსაკენ. 1551 წ. არზრუმის ფაშამ არტანუჯი დაიჭირა. მაშინ მეფე ლუარსაბი შეეცადა სამცხის აღმოსავლეთი ნაწილი დაეპყრო, რომ ამით ოსმალეთის შემდგომი წინსვლისათვის გზა შეეკრა. ლუარსაბმა ათაბაგის მოწინააღმდეგე მესხების შემწეობით შესძლო ჯავახეთისა და სამცხე-არტაანის ნაწილის დაპყრობა. ქაიხოსრო ათაბაგმა დახმარებისათვის თავის "მფარველს“, შაჰთამაზს მიმართა. შაჰთამაზი სწრაფად გამოეშურა საქართველოსაკენ. ეს იყო მისი მესამე შემოსევა. ყიზილბაშებმა დაარბიეს ჯავახეთი, აიღეს და გაძარცვეს ვარძიის დიდებული მონასტერი. გასწყვიტეს ლუარსაბის მომხრე მესხები. შაჰთამაზმა ამჯერადაც ვერ მიაღწია თავის ძირითად მიზანს. მძიმე მსხვერპლის ფასად მან, მართალია, ქვეყანა დაარბია, მაგრამ ქართლი მაინც ვერ დაიმორჩილა, ლუარსაბი ძველებურად ქედმოუდრეკელი იბრძოდა. ორმოცდაათწლიანი ომის შემდეგ ირანსა და ოსმალეთს შორის 1553 წ. ზავი დაიდო. ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, თუ როგორ გაიყო ირანმა და ოსმალეთმა ამ ზავით საქართველო ქართველ მეფეების უნებურად და დაუკითხავად. მისი სიტყვით, ხონთქარი (ოსმალეთის მბრძანებელი) და ყაენი (ირანის მეფე) მაჰმადიანები იყვნენ და მრავალი დიდრონი ქვეყანა ეჭირათ. საქართველო კი თავად პატარა იყო და მერე მრავლად გაყოფილი, ერთმანეთის მოწინააღმდეგე, ურთიერთ მაწყინარ და მარბევ სამთავროებად: ამიტომ, განაგრძობს იგი, საქართველოს ,,იქით ურუმნი არბევდეს და აქეთ ყიზილბაშნი და ამისთანას ორს დიდს ხელმწიფეებს შვაში ბევრს ეცადნენ (ქართველები), აქეთ იქნიეს ხმალი და იქით და მრავალი ნავნებიც ქნეს, მაგრამ არ იქნა და ვერცა რას თავს გაუვიდნენ. ხონთქარმან და ყაენმან საქართველო შვა გაიყვეს: სამცხე და ქართლი და კახეთი ყაენსა; იმერეთი, ოდიში და აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა ხონთქარსა". ამგვარ დაყოფას საქართველოს ბევრი მეფე - მთავარი იძულებით შეურიგდა დროებით. მხოლოდ ქართლის მეფემ ლუარსაბმა არ მოიხარა ქედი მოძალადეთა წინაშე: "მეფე ლუარსაბ არ სჯერიყო და კიდეც თაკილობდა, ამისთვის უფრო ურჩობდა და აქეთ ირანის თემსა და იქით ურუმის ქვეყანას არბევდაო". ქედმოუხრელ ლუარსაბის წინააღმდეგ, ოსმალეთის ზავის შემდეგ, შაჰთამაზმა მეოთხედ ილაშქრა. ქართველები დიდ ზიანს აყენებდნენ მოწინააღმდეგეს და ბრძოლით უკან იხევდნენ. შაჰთამაზმა აიღო გორი, წედისის ციხე, ვერის ციხე. შაჰთამაზის ლაშქარი ატენის ციხეს გარშემოერტყა.

თამაზ დუნდუას ფოტო

ციხე მაღალ კლდეზე ქვითკირით ნაგები და მიუდგომელი იყო. ატენის ციხეში იყვნენ ლუარსაბ მეფის დედა და მრავალი თავადი და აზნაური. იქ მყოფი ქართველები გმირულად იცავდნენ თავს. ყიზილბაშები ციხეს ვერც შესათხრელად მიუდგნენ, ვერც ზარბაზნები მიუყენეს. მაგრამ მტერმა ციხის აღება ერთი სულმოკლე ქართველის შემწეობით შეძლო. ყიზილბაშებმა ტყვედ ჩავარდნილი დედოფლის მსახური, კავთისხეველი ბეთიაშვილი აიძულეს ციხის საიდუმლოება გაეცა. მშიშარამ უჩვენა მოწინააღმდეგეს ციხის წყაროს სათავე. ყიზილბაშებმა ციხეს წყარო დაუწყვიტეს და უწყლოდ დარჩენილი სიმაგრეც მტერს დანებდა. მეფის დედა და სხვა ტყვეები შაჰთამაზმა სწრაფად გამოიყვანა. აჩაბეთში გამაგრებული მეფე ლუარსაბი შაჰთამაზს უკან აედევნა და არა ერთი შებმით დიდი ზარალი მიაყენას მის ლაშქარს, მაგრამ ტყვეები მაინც ვერ დაიხსნა. როცა ტყვე დედოფალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი გამოხსნა შეუძლებელია, არ შეამთხვია თავისთავს ის უპატივობა, რომელიც მას მოელოდა და თავი მოიწამლა... გმირის დედამ ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია. მეოთხე ლაშქრობამაც ვერ უშველა შაჰთამაზს. მართალია, ქართლი დიდად დაზიანდა, მტერმა ამ ლაშქრობისას 30 000 ტყვე წაიყვანა, თბილისიც კვლავ აიღო შაჰთამაზმა და ქვემო ქართლის ციხეებიც დაიჭირა, მაგრამ ლუარსაბი ვერც ხელთ იგდო, ვერც დაიმორჩილა. პირიქით, ცოტა ხნის შემდეგ ლუარსაბმა თანდათან ძალები შემოიკრიბა, შიდა და ქვემო ქართლის ციხეები კვლავ დაიპყრო და თბილისის აღებასაც შეეცადა. თბილისში მყოფმა ყიზილბაშებმა დახმარებისათვის ყარაბაღის ბეგლარბეგს (შაჰის მოხელე, ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო მმართველი), შაჰვერდი ზიადოღლი ყაჯარს მიმართეს. 1558 წ. ბეგლარბეგი შაჰვერდი დიდი ლაშქრით თბილისისაკენ წამოვიდა. გორიდან ლუარსაბის ლაშქარიც დაიძრა მტრის შესახვედრად. მოხუცმა მეფე ლუარსაბმა ამ ომში ჯარის სარდლობა თავის მამაც შვილს სიმონს გადასცა. სიმონმა გაბედული საბრძოლო ხერხი იხმარა. ქართველებმა პირველი შეტაკებისასვე განზრახ უკან დაიხიეს, რომ მტერი მოხერხებულ ადგილში შემოეტყუებიათ. ომი გარისს მოხდა (მდინარე ხრამის ხეობაში). ქართველების მთავარმა რაზმმა ვიწრო ხეობაში შემოსულ მტერს, მამაცი სარდლის, ბატონიშვილის სიმონის მეთაურობით გვერდიდან დაჰკრა, "ვითარცა ლომმა ჯოგთა კანჯრისათა". ყიზილბაშებმა პირი იბრუნეს. თვით ბეგლარბეგმა ძლივს უშველა თავს. მეფე ლუარსაბი კი ამ დროს, ომის ამბის მოლოდინში, მახლობელ ბორცვზე იდგა სხვა მოხუცებთან ერთად. ყიზილბაშთა დაფანტული ლაშქრის ნარჩენები ტყეს აფარებდა თავს. ყაზილბაშების ერთ-ერთი რაზმი, მაჰმად სულთანის ხელმძღვანელობით, სამალავადან გამოსული სულთანი გაქცევას აპირებდა, როცა ის მეფე ლუარსაბს და მასთან მდგომთ თავს წაადგა. მტერს სხვა გზა აღარ ჰქონდა და იძულებული გახდა მეფესა და მისი ამალისათვიბ შეეტია. გახურებულ ომში მეფეს შუბი და სხვა საბრძოლო იარაღი შემოემტვრა, მაგრამ უიარაღომ, გაიმარტოხელა თუ არა მაჰმად სულთანი, ცხენი შეაძგერა და ის ცხენკაცითურთ მიწას დაანარცხა. ამის შემდეგ მეფემ სხვებისკენ გაიწია. მაგრამ გაჭენებულ ცხენს ფეხი ხვრელში ჩაუგარდა. ცხენი წაიქცა და მხედარიც გადმოვარდა. წაქცეულ მეფეს მაჰმად სულთანის მხლებელმა ზაქირმა ისარი დაასო, თითონ მის ცხენს მოახტა და გაჰქუსლა. იგი შორს არ წასულა. ქართველი მეომრები წამოეწივნენ და ისიც სხვა ყიზილბაშებთან ერთად გაათავეს. ბატონიშვილი სიმონი მტრის უკანასკნელ რაზმებს ანადგურებდა, როცა მამის სასიკვდილოდ დაჭრის ამბავი მიიღო. მეფეს დიდხანს არ უცოცხლია. გმირის წმინდა ანდერძი მისი შესაფერისი იყო. "ჩემს გლოვას დაეხსენითო და ქვეყნის შენახვას გაუფრთხილდითო". ლუარსაბ მეფე, როგორც პიროვნება, სამაგალითო იყო მთელი ხალხისათვის და პირველ რიგში მისი ლაშქრისათვის. XVIII ს. ისტორიკოსის, ეგნატაშვილი ბერის სიტყვით, იგი "იყო კაცი ბრძენი და გონიერი... ღვაწლ-მრავალი და ბრძოლასა შინა მხნე და ახოვანი და მაბრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი.. მეორე ისტორიკოსი, ფარსადან გორგიჯანიძე, დასძენს, რომ ლუარსაბი საქართველოს ძველ და ახალ მეფეთა და თავადთა შორის საქები იყო თავისი მამაცობით, თვითონაც კარგი სარდალი იყო, გულოვანი, უხვი და უშურველი, სამართლიანი, თავისი საქმისათვის სამშობლოსათვის თავდადებით მებრძოლი. მას ძლიერი მტრისადმი ბრძოლის საკუთარი ხერხიც ჰქონდა, რომლითაც იგი ხშირად აღწევდა გამარჯვებას რიცხობრივად ჭარბ მტერზე. ფარსადა გორგიჯანიძის სიტყვით, მეფე ასწავლიდა ქართველ მხედრობას: "მამაცმან კაცმანო უნდა თავის თავი მგელს ამსგავსო და მტრის ლაშქარი ცხვარი ეგონოსო. როგორც მგელი ცხვარს, ისრე მტერთ უნდა მოუხდესო... სადამდისინ ცოცხალი  იყო, ასე უნდა ქნა"-ო. ამგვარი მამაცური წესით გაწაფულ ლაშქარს "ომში კოხტა და უშიშარი" მეფე თვით უძღოდა და საკუთარი გმირული მაგალითით ამხნევებდა მას. ლუარსაბს არაერთხელ დაუმარცხებია მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი თავისი შედარებით მცირე, მაგრამ მამაცი მხედრობით. ისტორიკოსი ეგნატაშვილი ბერი აი რას მოგვითხრობს ლუარსაბ მეფის ბრძოლის ხერხებზე: მეფე ლუარსაბს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: თუ ჯარი საკმაოდ ჰყავდა, მტერს არ დაერიდებოდა თუნდაც მრავალრიცხოვანი ყოფილიყო იგი. თუ კი მეფის ლაშქარი მცირე იყო, დააცლიდა მტერს, რომ მოხერხებული დრო შეერჩია. თუ მტრის მოთარეშეთა რაზმებს შენიშნავდა, ან მცირე ჯარს მოულოდნელად თავს დაესხმოდა და გაანადგურებდა. ასეთი ხერხით, ამბობს ისტორიკოსი, "წყუეტდა მცირითა კაცითა ფრიადსა ჯარსა თათართასა". ლუარსაბ მეფის ბრძოლა ყიზილბაშებისა და სხვა მოძალადეების წინააღმდეგ მარტო ერთი კუთხის ქართლის, ინტერესებს როდი ემსახურებოდა. იგი იყო ბრძოლა ქართველობისათვის, ბრძოლა საერთოდ საქართველოსათვის. ასე ესმოდათ იგი ძველად, ასე ჰქონდა წარმოდგენილი თვით ლუარსაბსაც მის მიერ გადახდილი ომების მნიშვნელობა. ამიტომ, როცა ლუარსაბს საქართველოს რომელიმე კუთხის მეფეთაგანი საერთო მტრის წინააღმდეგ დახმარებისათვის მიმართავდა, იგი უარს არ ამბობდა. პირიქით, ამგვარ თხოვნას სიხარულით გამოეხმაურებოდა და თავის ძალებს არ ზოგავდა საერთო საქმისათვის. მაგალითად, როცა იმერთა მეფე ბაგრატმა სთხოვა ლუარსაბს ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება, იგი დათანხმდა; რაკი გული შესტკიოდა "საქართველოსათვის, ვითარცა მამასა შვილთათვის, შეიყარა სპა თვისი და წარვიდა ბაგრატთანა". იმდროინდელ ქართველებს კარგად ესმოდათ, რომ ლუარსაბ მეფის ბრძოლა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის დიდი საქმე იყო. უკეთუ აღნიშნავს ეგნატაშვილი ბერი, "მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და, რაოდენიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხმლისა მისისაგან არიან". ქართველმა ხალხმა თავდადებული მეფის გმირული ბრძოლა ღირსეულად შეაფასა. ლუარსაბის ხსოვნა თავის წმიდა გულში მადლობით ჩაიმარხა და მისი სახელი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლის დროშად აქცია.

ქართლის სამეფო ტახტი სიმონ ლუარსაბის ძემ დაიჭირა. მამის მიერ დაწყებული საქმე მამაცმა შვილმა განაგრძო. მას ერთი წუთით არ შეუნელებია ყიზილბაშთა და სხვა მოძალადეთა წინააღმდეგ ბრძოლა და სიკვდილამდე არ უღალატნია გმირი მამის წმინდა ანდერძისათვის. პირველ რიგში სიმონი შეეცადა თბილისი გამოეგლიჯა ყიზილბაშთა ხელიდან და 1561 წელს გადამწყეეტი იერიშის მიტანა დააპირა. თბილისში მყოფ ყიზილბაშებს ყარაბაღის ბეგლარბეგი დაეხმარა. ყიზილბაშთა სარდალმა შეუმჩნევლად გაიარა ქვემო ქართლი და მოულოდნელად თავს დაესხა ქართველებს. ქართული სიბრძნე ამბობს: "ციხეს კარი უნდა, კარს უკან კი კაციო". დევის ნამუხლარს მყოფი ქართველების ყარაული, ციხის კარს უკან მდგომი კაცი "ბუზიყლაპია აღმოჩნდა". საგუშაგოს მეთაური ფარეშა გერმანოზიშვილი, აღდგომის ღამის წირვაზე წასულიყო მახლობელ სოფელში და, როცა მტერმა ეს ადგილი გაიარა, უდარდელი ყარაული გადამწყვეტ მომენტს თავის საგუშაგოზე არ აღმოჩნდა. მტერმა ამით ისარგებლა და მოულოდნელად თავს დაესხა ციხე - დიდს დაბანაკებულ ქართველებს. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. სიმონ მეფე თავის ლაშქართან ერთად მხნედ იბრძოდა. მრავალი მამულიშვილი მოიკლა ამ ომში. მათ შორის კახთა მეფის შვილი გიორგი. მიუხედავად ყიზილბაშების დიდი ზარალისა, გამარჯვება მაინც მათ დარჩათ. მეფე სიმონი იძულებული გახდა ბრძოლით გაცლოდა მტერს და შიდა ქართლში წასულიყო. ქართლსა და ქართლის მეფეს ყიზილბაშთა წინაშე ქედი არ მოუხრია. ამ ომმაც საქმე საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტა. მტერმა დაინახა, რომ ხმლით ქართლის დამორჩილება შეუძლებელია, ძველ, ნაცად ხერხს მიმართა - მოსყიდვით თანდათან გადაიბირა ზოგიერთი თავადი. სამშობლოს მოღალატეთა შორის სიმონ მეფის ძმა დავითიც იყო. დავითმა, ისტორიკოსის სიტყვით, "გასცა ძმა და ქვეყანა თვისი" და 1564 წელს ყაზვინში შაჰთამაზს ეახლა. მოღალატე ბატონიშვილმა მაჰმადიანობა მიიღო და დაუთხანად იწოდა. შაჰთამაზმა შეწყალებულ მოღალატეს ქვემო ქართლისა და თბილისის მეფობა უბოძა და ყიზილბაშთა ლაშქრით საკუთარი ძმის წინააღმდეგ გამოისტუმრა. მეტად აწუხებდა "მეფესა სვიმონსა და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე (დავითის ღალატი, შ.მ.). შეიყარა ჯარი მეფემან სიმონ და წარვიდა დაუთხანზედა" - მოგვითხრობს ეგნატაშვილი ბერი. სამშობლოს მოღალატე ძმას მხნედ შეება სიმონ მეფე და ორგზის სასტიკად დაამარცხა დავითი ქართველი მოღალატეებით და ყიზილბაშების ლაშქრით. ორჯერ ზედიზედ დამარცხებულ დაუთხანს, 1569 წელს, შაჰთამაზმა დიდძალი ჯარი მოაშველა. დამპყრობლებს ქვეყნის ორგული აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი მეგზურობდა. ყიზილბაშთა ლაშქარი ფარცხისს მოვიდა. სიმონ მეფეც აქ დაუხვდა მოძალადეს. მოღალატე ძმის მოძულე მეფემ პირველმა მიიღო ბრძოლა. აი როგორ აგვიწერს ფარსადან გორგიჯანიძე ფარცხისის ომის დაწყების მომენტს: "დავით ყიზილბაშების ლაშქრის სიახლოვეს მოვიდა და ყიზილბაში გარეშემოს არბევდა. ეს მეფე სვიმონს ეჯავრებოღა და საომრად წინ მიეგება. მეფე სვიმონ შუბი ხელთ, თავისებურათ. ამაყურათ, მამაცობით, კისკასობით, კოხტაურად, "დაკა აი ამათა" ძახილითა თათართა ლაშქარში გამოერია... შუბით მრავალი თათარი გადმოჰყარა და ქართველნიც მიეტივნეს და შეიქნა შუბთა ძგერება, ლახტისა და ხმლის ტკაცატკუცი. ზოგნი ქვეითად რკენასა და ჭიდებაშიგან იყვნენ.. მეფეს შუბი გაუტყდა"... ომში ვაჟკაცურად შეჭრილი მეფე თანდათან დაშორდა თავის მხედრობას და ყიზილბაშთა ლაშქარში ღრმად შევიდა. სამშობლოს გამყიდველმა, კახაბერ ყორღანაშვილმა, ომის დროს მცირე გუნდით განმარტოებული მეფე იცნო და მტერს აცნობა. მეორე, აგრეთვე მოღალატე, ქართველმა მეფეს შუბი ჰკრა და ის ცხენიდან გადმოსვა და როცა ყიზილბაშებმა მეფე სიმონი დაქვეითებული ნახეს, ზედ მიეტივნენ და დაატყვევეს იგი. გულადი მეფის დატყვევებამ ქართველთა ლაშქარი გატეხა...

შაჰ - თამაზი I

ტყვე მეფე ყიზილბაშებმა შაჰთამაზს მიგვარეს. ყაენი სიმონ მეფის გამაჰმადიანებას შეეცადა. ზოგჯერ ქრთამი აძლია და ზოგჯერ კიდევ სასტიკი დასჯით დაემუქრა, მაგრამ სამშობლოსათვის თავდადებული მეფე ვერ გატეხა და მტკიცე გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. გაბრაზებულმა ყაენმა ქედმოუხრელი სიმონი წლობით ალამუდის ციხეში დაამწყვდია. ქართველი ხალხი შეუბრალებლად სჯიდა ლაჩრებს, სულმოკლეებსა და მოღალატეებს. კახაბერ ყორღანაშვილს ქართველმა მამულიშვილებმა არ შეარჩინეს ღალატი. ერთხელ, როცა მეწინავე დროშის სარდალი, სიმონ მეფის ერთგული, საჩინო ბარათაშვილი კოჯრის გზაზე მიდიოდა, გელიყარის ციცაბო კლდის თავზე კახაბერ ყორღანაშვილი შემოეყარა. ბარათაშვილმა შეიპყრო იგი და გელიყარის კლდეზედ გადააგდო. მეისტორიეს სიტყვით, ხალხმა, თავისი კმაყოფილების გამოსახატავად, ეს შემთხვევა ლექსად გამოსთქვა.

"ყორღანასძე ქარაფინდა

ხელი ჰკრეს და გადაფრინდა".

სიმონ მეფის ქართლში დაბრუნების შემდეგ კი მოღალატის ოჯახსაც იგივე ბედი ეწია. ყორღანაშვილის ცოლი, შვილი და სახლეული შეიპყრეს და იმავე გელიყარის კლდიდან გადააგდეს და "იტყოდენ პირველსავე მას ლექსსა", დასძენს ეგნატაშვილი ბერი. სეფიანთა ირანში 1576 წლიდან დიდი არეულობა დაიწყო. ტახტის მემკვიდრეთა შორის ატეხილი დაუსრულებელი ქიშპით და ურთიერთ ხოცვით ისარგებლა ოსმალეთმა და 1577 წელს ზავი დაარღვია. დაიწყო ირან - ოსმალეთის მეორე კიდევ უფრო სასტიკი ომი. 1578 წლიდან ოსმალთა ჯარის სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა ირანელთა მიერ თავმინებებულ საქართველოს დაპყრობას შეუდგა. საქართველო ამჟამადაც საერთო ძალით ვერ გამოვიდა სასტიკი მოძალადის წინააღმდეგ. ბევრი ღია ომს უიმედოდ სთვლიდა, ზოგმა "ნებით" ყმობა ირჩია და ყოველწლიური ხარკი იკისრა. მხოლოდ ქართლი და სამცხე - საათაბაგო განაგრძობდნენ შეუნელებელ ომს მოძალადის წინააღმდეგ. ოსმალთა მიერ დამარცხებულმა შაჰმა (ამ დროს უკვე შაჰთამაზის შვილი ყაენობდა) 1578 წელს სიმონ მეფე ხანგრძლივი პატიმრობიდან გაათავისუფლა და ოსმალთა წინააღმდეგ საომრად საქართველოში გამოისტუმრა. სამშობლოს მოღალატე დაუთხანმა თავის მფარველს, ირანის შაჰსაც, უღალატა, ხონთქარის ჯარს ქართლის ციხეები ჩააბარა და თვით სტამბოლს გაიქცა. სიმონ მეფის ქართლში დაბრუნებისას ოსმალებს უკვე ქართლის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები დაეპყრათ. რამდენიმე წლის განმავლობაში სიმონი დაუღალავად ებრძოდა ძლიერ მტერს საქართველოს გულში (ქართლი) ოსმალური წესების შემოღების წინააღმდეგ. იგი შეეცადა ოსმალთა მიერ დაპყრობილი ციხეები თანდათან დაებრუნებინა. არა ერთგზის დაამარცხა ოსმალთა ძლიერი მხედრობა თავისი მცირერიცხოვანი, თავდადებული ლაშქრით. სიმონ მეფის ეს ოცწლიანი თავგანწირული ბრძოლა სავსეა მრავალი გმირული ეპიზოდით, არა ერთი მოხერხებული თავდასხმით და ლაშქარმრავალ მოძალადეებზე თავგანწირული კვეთებით. აი ერთი ეპიზოდთაგანი ამ მრავალწლოვან ბრძოლიდან: სიმონ მეფემ ლორე დაიპყრო და თბილისის დაპყრობასაც შეეცადა. ესმა თუ არა ხონთქარს სიმონის წარმატებები, დიდი ლაშქარი გამოგზავნა ქართლში "თავგასული" ქართლის მეფის წინააღმდეგ. ოსმალთა ლაშქარმა ლორე ისევ დაიბრუნა და ხატისოფელს დაბანაკდა (მაშავერის ხეობაში). დამპყრობლებს მეფე სიმონი ხატისოფლის გამოღმა დაუხვდა. მტრის ჭარბ ძალას მეფემ ხერხი დაუპირისპირა. "ხერხი სჯობია ღონესა" ამბობდა ქართველი ხალხი. ქართველებს, ღონისა და იარაღის გარდა, ხშირად ხერხისთვისაც მიუმართნიათ და მტრის რიცხვისათვის დაუპირისპირებიათ. სიმონმა "მოიხელოვნა", მოგვითხრობს ისტორიკოსი, "მოირთო ელჩად და მივიდა ფაშასთანა". ელჩის ტანისამოსგადაცმულმა მეფემ ქართლის მეფის სახელით მოახსენა ფაშას უკვე მეყოფა ამდენი ომი ირანის შაჰისათვის. ჩემთვის სულერთია, თუ ვინ იქნება ჩემი ბატონი - ოსმალთა ბრძანებელი თუ ირანის შაჰიო. უფრო კი, თქვენთვისაც და ჩემთვისაც, შერიგება აჯობებდაო. ფაშამ სიმონ მეფის სახელით "ელჩის" მიერ წარმოთქმული წინადადება, შერიგების შესახებ, სიხარულით მიიღო და "ელჩს" მეფესთან თანხმობა დააბარა. შერიგების მოლოდინში ფაშამ ლაშქრობის თადარაგს თავი ანება. სიმონ მეფემ კი "ელჩობისას" მტრის ძალა და საბრძოლო განლაგება დაზვერა. სწრაფად დაბრუნდა თავის ბანაკში, აჰყარა ლაშქარი. შეუმჩნევლად, ბნელ ღამეში მოუარა ხატისოფელს და მოულოდნელად თავს დაესხა ზავის მომლოდინე ოსმალოთა ლაშქარს, გამარჯვება სიმონ მეფესა და მის მხედრობას ერგო. ურუმთა უმეტესობა გასწყვიტეს, ზოგი შეიპყრეს და ზოგმა კიდევ გაქცევით უშველა თავს. ირანისა და ოსმალეთის 1590 წლის ზავმა მთელი საქართველო ოსმალთა საკუთრებად იცნო. სიმონი ზავის პირობებს ქართლისათვის სავალდებულოდ არ სთვლიდა და დამპყრობელის წინაშე ქედის მოხრას არ ფიქრობდა. ქართლი ფარ-ხმალს არ ჰყრიდა. მართალია, ქართლის ციხე სიმაგრეებში ოსმალები ისხდნენ მაგრამ თემი მეფეს სვიმონს ჰქონდა და მეფის შიშით ურუმნი (ე.ი. ოსმალები) ციხით ვერ გავიდოდნენ". ოსმალეთი იძულებული გახდა ბოლოს და ბოლოს ეცნო ქრისტიანი სიმონი ქართლის მეფედ. ეს იყო შეურიგებელ მოწინააღმდეგეთა მოჩვენებითი შერიგება: ოსმალეთი ქართლში თავისი წესების დამკვიდრებას ცდილობდა, მეფე სიმონი კი, მოძალადის წინააღმდეგ ომის ხელახლა გაჩაღებისათვის შესაფერ ტაროსს უცდიდა. 1590 წლიდან 1598 წლამდის ქართლელებსა და ოსმალებს შორის დროებით შექმნილი მშვიდობიანობა სუფევდა. სიმონ მეფე შეეცადა ამ მდგომარეობით ესარგებლნა და ქართლთან იმერეთის სამეფოს შემომტკიცება მოინდომა. ამ მიზნით სამჯერ ილაშქრა იმერეთს, მაგრამ საქართველოს გაერთიანების ცდამ, იმავე ოსმალთა წინააღმდეგობის გამო, უშედეგოდ ჩაუარა. 1598 წლიდან სიმონ მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ომის განახლების სამზადისს შეუდგა. გორი ოსმალებს ეპყრათ და ქართლის მეფის შეტევაც აქედან უნდა დაწყებულიყო. გორი შიდა ქართლის გული იყო. ოსმალებს კარგად ესმოდათ მისი სტრატეგიული მნიშვნელობა და ციხე ძლიერ გაემაგრებინათ. მეფემ მტრის მეციხოვნეთა დამორჩილება ხანგრძლივი ალყით სცადა. თავისი ლაშქრით გორს შემოეწყო და ციხეს ყოველმხრივ გზები შეუკრა. ახლო მდებარე სოფლების დარბევით ცდილობდნენ ისინი სურსათის მარაგის შევსებას. ოსმალთა ერთ-ერთ ასეთ მოთარეშე რაზმს ხუთასი რჩეული ვაჟკაცით გოჩა ბატონიშვილი შეებრძოლა და სასტიკად დაამარცხა ისინი. ალყამ ცხრა თვეს გასტანა. მეციხოვნენი ფრთხილობდნენ და მედგრად იცავდნენ გორის ციხეს. 1599 წ. დიდ მარხვაში ქართველებმა ალყა მოხსნეს და ციხეს უკუეცალენ. ოსმალებმა იცოდნენ, რომ ქრისტიანები დიდ მარხვაში ომსა და შუღლს ერიდებიან და სიფხიზლე მოადუნეს. აქაც ხერხმა გაიმარჯვა. სიმონ მეფემ მეციხოვნეთა ამ შეცდომით ისარგებლა და მოულოდნელი თავდასხმისათვის სამზადისს შეუდგა.

მეფემ გორის ყოფილ მოურავს სულხან თურმანიძეს და ფარსადან ციციშვილს უბრძანა: თავიანთ მამულში საჩქაროდ მრავალი კიბე გაეკეთებინათ და ლაშქარი მოემზადებინათ. ნაბრძანები უყოყმანოდ შესრულდა. ყველაფერი მზად იყო თავდასხმისათვის, პაემანიც დაინიშნა. ბნელი, მთვარის დალევის ღამე იყო. მეფე ქართლის ლაშქრით დანიშნულ ადგილზე მოვიდა - მტკვრისა და ლიახვის შესართავის ბოლოს, ჭალაში. ქართველთა ლაშქარი "მუნჯივით ხმა გამოუღებელი ციხეს მიეპარა" და კედელზე მიდგმული კიბეებით გადასვლა იწყო. როცა ლაშქრის უმრავლესობა ციხის კედლებზე გადაიპარა, მაშინ გაიგეს ოსმალებმა მოულოდნელად თავზე დატეხილი რისხვის მთელი სისასტიკე. ქართველ მოიერიშეებს მეფის ძმა ვახტანგი და გოჩა ბატონიშვილი უძღოდნენ. მხნედ იბრძოდა ქართველთა ლაშქარი, ბრძოლამ გათენებამდის გასტანა. მტერმა ქართველებით ავსებული ციხე რომ ნახა, ბრძოლა წაგებულად ჩათვალა და იარაღი დაჰყარა... სიმონ მეფემ გორი დაიბრუნა. აჯანყებული ქართველების ესოდენი წარმატება ოსმალებს გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა: ამიტომ, ხონთქარმა, თავრიზის ბეგლარბეგს, ჯაფარ-ფაშას აჯანყების ლიკვიდაცია დაავალა და მრავალათასიანი ლაშქრით საქართველოსაკენ გამოგზავნა. მეფე სიმონმა შიდა ქართლის ჯარის შეყრა ბრძანა და მეთაურობა თავის შვილს გიორგის დააკისრა. თვით კი მცირეოდენი ლაშქრით საბარათიანოს გადავიდა მეწინავე დროშის ლაშქრის შესაყრელად. ჯაფარ-ფაშა ამასობაში ნახიდურსა (აწინდელი სოფ.არახლუ, მდ.ხრამზე) მოსულიყო და თბილისისაკენ მოიწევდა. დრო არ იცდიდა. მეფემ გადაწყვიტა ხელი შეეშალა მტრის წინსვლისათვის და მცირე ლაშქრით შებმა არჩია. საქმე სახიფათო ჩანდა, მაგრამ "მამაცობით ამაყი და შეუპოვარი" მეფე გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა და "უარი ვეღარავინ მოახსენა". ომი ნახიდურს მოხდა. სამშობლოს დაცვის წმინდა საქმისათვის სამსხვერპლოდ გამზადებული ქართველები მტერს თოფის მისაწევზე მიუახლოვდნენ. შეტევის დაწყების ნიშნად მეფემ ცხენი დაძრა "და ქართველნი შუბდაგდძელებულნი ცხენჭენებით მიეტივნეს ანაზდეულად. ვითაცა ჩქაფის წვიმა, სეტყვის ღვარნი - გააპეს რაზმი ურუმთა და გადმოყარეს მრავალნი და გაიარეს შიგა ყველამ თავგამომეტებით და ძალმიცემით" - ასე აგვიწერს ფარსადან გორგიჯანიძე გადამწყვეტი შეტევის დასაწყისს. თითო ქართველი, განაგრძობს იგი, ოთხ-ხუთ ურუმს აგდებდა ცხენიდან. თვით მეფემ კი მტრის არა ერთი დროშა მოშალა და გადაქელა. ოსმალთა ლაშქრის სიმრავლე და შეიარაღების უპირატესობა  აშკარად ჩანდა. ისტორიკოსის სიტყვით ათი დღის თავგანწირული ბრძოლაც საკმარისი არ იქნებოდა მათ ამოსაწყვეტად. ქართველთა რაზმი კი შეთხელდა და ხუთსაათიანი განუწყვეტელი ბრძოლით მოიქანცა. თანამოლაშქრეებმა სიმონ მეფე ძლივს დაარწმუნეს უკან დახევის აუცილებლობაშა. იგი იძულებული გახდა ბრძოლით უკუქცეულიყო. უკან მიმავალ მეფეს ფარცხისის ახლო ვიწრო გზიდან ცხენი საფლობში გადაუვარდა. ტალახში ჩაფლულ მეფეს ოსმალო მდევრებიც წამოეწიენ. მრავალი მებრძოლი შეაკვდა მტერს მეფის გამოსახსნელად. მხლებლებშემოცლილი, ხუთსაათიან მძიმე ომგადახდილი მეფე მშვილდს კიდევ მარჯვედ ეზიდებოდა და მტერთაგანს ახლო არ იკარებდა. ოსმალთა სამსახურში მყოფმა მოღალატე ფეოდალმა, ბარათაშვილმა, იცნო სიმონ მეფე და ოსმალებს უბრძანა არ ესროლათ მისთვის. შექმნილი მდგომარეობა ოსმალთა სარდალს აცნობეს. ჯაფარ-ფაშამ ბრძანა ცოცხლად დაატყვევონ სიმონი, მაგრამ ვერ გასჭრა ბარათაშვილის ვერც სულმდაბლურმა მუქარამ და ვერც ტკბილმა სიტყვებმა. მეფე არ ნებდებოდა. მან მამის მზე დაიფიცა, რომ ცოცხლად თვით ჯაფარ-ფაშის მეტს არავის დარჩებოდა. მეფის სურვილი სარდალს მოახსენეს, ისიც მოვიდა. საფლობი გასჭრეს და მეფე გამოიყვანეს. ოსმალთა სარდალი მას დიდი პატივით მიეგება. გამარჯვებული ოსმალები სწრაფად აიყარნენ და ტყვე მეფითურთ ბრძოლის ველს გაშორდნენ. მამის დატყვევების სამწუხარო ამბავი გიორგი ბატონიშვილმა გორში გაიგო. იგი ცხენკეთილი ლაშქრით სწრაფად გაემართა მამის დასახსნელად, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ოსმალთა ლაშქარი წინადღით აყრილიყო და საქართველოს საზღვრებს გასცლოდა. დატყვევებული მეფე ჯაფარ-ფაშამ 1601 წ. ზაფხულს სტამბოლს გაგზავნა. მასთან ერთად, გამარჯვებულმა სარდალმა, ხონთქარს სხვა "ძღვენიც" აახლა - ომში დახოცილ ქართველ მამულიშვილთა თავების საპალნეები, რომელშიც სიმონ მეფის ერთგული ძმის თავიც ერია. ოსმალეთის წინააღმდეგ ოცი წლის განმავლობაში თავდადებით მებრძოლი ქართლის მეფის დატყვევება ხონთქრისათვის დიდი გამარჯვება იყო. მან ბრძანება გასცა, სიმონ მეფის დატყვევების აღსანიშნავად, ოსმალეთის დიდ ქალაქებში სამ ღღეს ზეიმი გაემართათ. ტყვეობაში მყოფ მეფეს დიდი წყალობა შეაძლია ხონთქარმა, ოღონდ ქართველ მეფეს თავის ხელმწიფედ ეცნო ეს მოძალადე და ქართლზე ოსმალთა ბეგარა დაედო. მაგრამ, ქართველი ხალხისავის დაუღალავმა მეომარმა ხონთქრის მუხანათური წანადადება უარყო და მისი სულმდაბლური წყალობაც ზიზღით უკუაგდო. საპასუხოდ, ოსმალთა სასტიკმა მბრძანებელმა უტეხი გმირი ედიყულეს ყრუ ციხეში სამუდამოდ გამოჰკეტა. ამაოდ ცდილობდნენ ქართველები დაეხსნათ მეფე ხონთქარმა უამრავი ქრთამი აიღო და სიმონ მეფის შვილიშვილიც მძევლად დაიტოვა, მაგრამ სიმონი კი არ გაანთავისუფლა. "ედიყულეს ციხის ყრუ კედლებში გაცივდა გმირის მგზნებარე გული"... ასე შეეწირა "ქართველობას" სიმონ მეფე, რომელმაც "ქართლს ხმალი შეარტყა" და 46 წელიწადს ღირსეულად იცავდა დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დროშას ერანის თუ ოსმალეთის მოძალადეებისაგან" (ნ.ბერძენიშვილი). ასე იბრძოდა ქართველი ხალხი XVI საუკუნეში ირანელ და ოსმალ დამპყრობლების წინააღმდეგ. ბევრმა ჩვენმა მეზობელმა ვერ გაუძლო მოზღვავებულ მოძალადეებს და დამპყრობელთ დაემონა, დაჰკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, კულტურა, ენა. არაერთი ხალხი საბოლოოდ გადააშენა აგრესორთა ძალამ. ქართველმა ხალხმა კი შეინარჩუნა თავისი ეროვნული დამოუკიდებლობა და ღირსება.