topmenu

 

გ. ქავთარაძე - ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (საინტერესო სტატიები)...<<უძველესი საქართველო//ქართველური ტომები>>>

გიორგი ქავთარაძე

ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის

თბილისი, გამ. "მეცნიერება", 1985 წ.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ივ. ჯავახიშვილის სახ.ისტორიის,

არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი.

არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. არქეოლოგიური კომისია.

 

http://www.scribd.com/doc/2443500/-G-L-Kavtaradze-Kartvelian-Tribes-in-Anatolia-in-Georgian

ნაშრომში, ძირითადად, ძველი წერილობითი წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, ნავარაუდევია ძვ.წ. I ათასწლეულის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლება; ნაჩვენებია ანატოლიის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის დიდი მნიშვნელობა ქართველური წარმომავლობის ტომების უძველესი ისტორიისათვის. რედაქტორი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ოთ.ჯაფარიძე, რეცენზენტები: პროფ. რ.გორდეზიანი, პროფ. გ.ლორთქიფანიძე

წინასიტყვაობა

ანატოლია, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის აზიური ნაწილი, ახლო აღმოსავლეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოიცავს. ტერმინი "ანატოლია" მცირე აზიის ნახევარკუნძულის აღმნიშვნელად პირველად გამოიყენა X ს. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა. Ἀνατολή ბერძნულად ნიშნავს "განთიადს", "მზეს", "აღმოსავლეთს". ტერმინი "მცირე აზია", აზიის კონტინენტისაგან რომაული პროვინციის "აზიის" განსასხვავებლად პირველად იხმარა Vს. ისტორიკოსმა პაგანოს ოროსეელმა, თუმცა, თავად ეს სახელწოდება ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები "ანატოლია" და "მცირე აზია" ფაქტიურად სინონიმებად არის მიჩნეული, მათ შორის გარკვეული სხვაობაც არსებობს. კერძოდ, "მცირე აზიისაგან" განსხვავებით, "ანატოლია" არ შეიცავს ტავროსის ქედის სამხრეთით მდებარე ხმელთაშუაზღვის სანაპიროს, ხოლო "მცირე აზია" არ უნდა ვრცელდებოდეს საკუთრივ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, რომლის აღმოსავლეთ მიჯნას ხმელთაშუაზღვის ისკანდერუნის ყურისა და შავი ზღვის ე.წ. "შემაერთებელი ხაზი" წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიახლოებით თანხვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის პირობით საზღვარს მდინარეების მელეთის (შავ ზღვაში ჩაედინება ქ. ორდუსთან) და გიოქსუს (მდ.ჯეიჰანის დასავლეთი ტოტი) "შემაერთებელი ხაზის" გაყოლებაზე. ამდენად, ცნებას "ცენტრალური ანატოლია" უნდა შეესაბამებოდეს - "ჩრდილო-აღმოსავლეთი მცირე აზია". ანატოლია უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენების მხარეა; ამას აქ გათხრილ ძეგლთა სახელწოდებებიც მოწმობენ: ტროა და ბოღაზქიოი,ალიშარი და ალაჯა ჰუიუქი, ჰაჯილარი და ჩათალ ჰუიუქი, ქიულთეფე და ბეიჯესულტანი. არქეოლოგიურმა მასალამ ცხადყო, რომ ანატოლია ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული მხარე იყო. თვალსაჩინოა მისი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში; კერძოდ, საკვებ წარმოებითი ეკონომიკის, სპილენძისა და რკინის მეტალურგიის, პროტოურბანული საზოგადოების, დედა-ღვთაების კულტის წარმოქმნა-ჩამოყალიბებაში. საკვებ წარმოებითი მეურნეობა ევროპაში ანატოლიიდან არის გავრცელებული. ანატოლიის არქეოლოგიური მასალის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის კვლევის დროსაც.

როგორც ცნობილია, ამიერკავკასია სამი მხრიდან - დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, შემოფარგლულია ბუნებრივი ზღუდეებით: შავი ზღვით, კავკასიონის ქედით და კასპიის ზღვით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მას შესაბამისად ანატოლია და ირანი ესაზღვრებიან. ამიტომ ბუნებრივია, რომ დასავლეთი ამიერკავკასია, პირველ რიგში, სწორედ ანატოლიასთან ავლენდა ხოლმე კავშირს, ხოლო აღმოსავლეთი ამიერკავკასია - ირანთან. ანატოლიის გეოგრაფიული მდებარეობა ძველი სამყაროს სხვადასხვა მხარეების შემაერთებელ გზაჯვარედინზე იმთავითვე აპირობებდა მისი განვითარების თავისებურებას. ანატოლია ირანთან ერთად "შემაერთებელი ხიდი" იყო ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, ხოლო კავკასიასთან ერთად ერთმანეთთან აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას. ჩრდილოეთი ანატოლია და დასავლეთი კავკასია, ამავე დროს, ქმნიდნენ ე.წ. ცირკუმპონტური ზონის სამხრეთ და დასავლეთ მხარეებს, ხოლო დასავლეთი და სამხრეთი ანატოლია წარმოადგენდა ხმელთაშუაზღვისპირეთული, ე.წ. ცირკუმმედიტერანული ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ ანატოლიის სამხრეთი და დასავლეთი მხარეების უძველესი (წინახეთური) ხანების კულტურა საგრძნობლად განსხვავდება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ანატოლიურისაგან, რაც, შესაძლოა, განსხვავებულ საფუძველზე მისი ჩამოყალიბების ნიშანი იყოს. ანატოლიის რთული რელიეფი, ერთმანეთისაგან განცალკევებული ხეობების სიმრავლე, კლიმატური პირობების მკვეთრი რეგიონალური სხვაობა, ხელს უწყობდა მის ტერიტორიაზე განსხვავებული წარმომავლობის, კულტურისა და ეკონომიკური ბაზისის მქონე მოსახლეობის თანაარსებობას. ანატოლიური მოსახლეობის ჰეტეროგენულობას, რაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ისტორიკოსებს ჰქონდათ შემჩნეული, არ შეიძლებოდა ხელი არ შეეწყო "სიმბიოზური კულტურების" ჩამოყალიბებისათვის და არ დაეჩქარებინა ადგილობრივ მიმდინარე სოციალური სტრატიფიკაციის პროცესი. ანატოლიის განსაკუთრებული სიმდიდრე ლითონის წიაღისეულით, მას ძველთაგანვე მიმზიდველ მხარედ ხდიდა. კულტურულ-ისტორიული ხასიათის საკითხების კვლევის გარდა, ანატოლიის შესწავლას კავკასიის არქეოლოგიისათვის წმინდა სოციოლოგიური ასპექტიც ახლავს. კავკასიისათვის, განსხვავებით მესოპოტამია - ეგვიპტისაგან, დამახასიათებელია კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების ანატოლიური გზა, რომელიც, მკვლევართა აზრით, ხასიათდება კლასთა წარმოქმნის პროცესის შენელებული ტემპით, მიწათმოქმედების ნაკლები პროდუქტიულობით, მეზობლად არსებულ ცივილიზაციებთან კონტაქტების შედეგად ქონებრივი დიფერენციაციისა და ხელოსნობის განვითარების სტიმულირებით. ამავე დროს, ანატოლიაში, კავკასიასთან შედარებით, სახელმწიფოს წარმოქმნის ბევრად ადრეული თარიღი, შესაძლებლობას იძლევა დავადგინოთ ამ ორ რეგიონს შორის სოციალური განვითარების უთანაბრობის გამომწვევი მიზეზი, რაც, თავის მხრივ, კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესის ძირითადი განმსაზღვრელი ნიშნების გამოყოფის შესაძლებლობას მოგვცემდა საზოგადოდ "ანატოლიური მოდელის" მქონე საზოგადოებებისათვის და დაგვეხმარებოდა კავკასიის ადრეულ სახელმწიფოთა გენეზისის გაგებაში. ანატოლიაში პირველი სახელმწიფოს წარმოქმნისათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა მის ცენტრალურ, საკვანძო ნაწილში, ვრცელი, ირგვლივ მთებით შემოზღუდული ზეგანის არსებობას (ზღვის დონიდან 1000-1500 მ), რომელსაც ხეთურ ხანაში ქვეყნის ძირითადი ბირთვის ფუნქცია დაეკისრა. ცენტრალურ, ანუ შიდა ანატოლიას, თითქმის მთელ მის სივრცეზე გასდევს ანატოლიის უდიდესი მდინარე კიზილ-ირმკი (ანტიკური და მომდევნო ხანების ჰალისი, ხეთური მარასანთია). ეს მხარე ჩრდილოეთიდან შავი ზღვით შემოიზღუდება, სამხრეთიდან - კონიის ნახევარუდაბნოთი და ტავროსის ქედით, დასავლეთიდან მდ.საქარიის შუა წელით, აღმოსავლეთისაკენ, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით მდინარეების მელეთისა და გიოქსუს "შემაერთებელი ხაზამდე" ვრცელდებოდა. ცენტრალური, ანუ შიდა ანატოლია სამ ძირითად ნაწილად იყოფა. მის ჩრდილოეთ ნაწილს ისტორიული პონტო შეადგენს და თანამედროვე ქალაქების ჩორუმის, ზილესა და თოქათის ჩრდილოეთით მდებარეობს. ცენტრალური ნაწილი უმთავრესად მდ.კიზილ-ირმაკის რკალის შიგნითექცევა და ამასთანავე მოიცავს კიზილ-ირმაკისა და საკარიის შუამდინარეთს. სამხრეთი ნაწილი, ჩრდილოეთიდან მდ.კიზილ-ირმაკითა და სამხრეთიდან ტავროსის ქედით შემოისაზღვრება. ცენტრალური, ანუ შიდა ანატოლიის უდიდესი ნაწილი ანტიკურ და უფრო გვიანდელ ხანებში "დიდი კაპადოკიის" (ანუ "კაპადოკიის") და "პონტოს კაპადოკიის" (ანუ "პონტოს") სახელით არის ცნობილი. ცენტრალური ანატოლიის აღმოსავლეთით მდებარე აღმოსავლეთ ანატოლია - თურქეთის რესპუბლიკის უკიდურესი აღმოსავლური ნაწილის შემცველი, ძირითადად, აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთს (სომხეთის ზეგანს) უკავია. ჩრდილოეთიდან იგი აღმოსავლეთ-პონტოს მთებით (გირესუნის, გიუმიუშჰანეს, ტრაბზონისა და ლაზისტანის ქედები), ხოლო სამხრეთიდან - აღმოსავლეთის ტავროსით (ერგანისა და ბითლისის ქედები) არის შემოზღუდული. აღმოსავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში სომხური და ქართული სამეფო - სამთავროების ფარგლებში იყო მოქცეული.

თავი პირველი

ანატოლიის, ამიერკავკასიისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი

ქართულ ისტორიოგრაფიასა და ჰაგიოგრაფიაში იმთავითვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ანატოლიას, კერძოდ მის ცენტრალურ ნაწილს, კაპადოკიას. "კაბადუკიელები" იყვნენ ქართველთა უმთავრეს პატრონად მიჩნეული წმინდა გიორგი და ქართველთა განმანათლებლად წოდებული წმინდა ნინო (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 328 - 330)[შენ.1: მოქცევაჲ ქართლისაჲ, 1979]. "ბიბლიის" "დაბადების", "შესაქმეთა წიგნისა" და "ეზეკიელის წინასწარმეტყველების" თოგარმადან (Gen., 6:4; 10:3; 1 Chr., 1:6; Ezek., 38:1-8) მომდინარე ჰაოსისადა ქართლოსის მამის თარგამოსის (ლეონტი მროველი, I, 3-4) [2ლეონტი მროველი 1955, 1-71.] სახელი უკავშირდება კაპადოკიის ტერიტორიაზე მდებარე ასურული წყაროების ქალაქის თილ-გარიმუს სახელწოდებას, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ადრეული ხანის ხეთური ოლქის - თეგარამას სახელიდანაა წარმომდგარი [3 ივ.ჯავახიშვილი 1950, 132-133; ჯანაშია 1937, 239; Toumanoff 1963, 55n.49; Дьяконов 1981, 50-51,53, 60.]. "მოქცევაჲ ქართლისაჲს” ტექსტის მიერ ქართლის პირველ მეფედ მიჩნეული აზოს(მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320) სამშობლო მხარე, "ქართლის ცხოვრების" მონაცემებით, ანატოლიაშია საგულვებელი(ლეონტი მროველი, I, 23). კონსტანტინე პორფიროგენეტის მიხედვით, იბერიელები შთამომავლები არიან ჰური ხეთელის მეუღლის ბერსავიასი, რომელიც შეირთო მეფემ და წინასწარმეტყველმა დავითმა(Const. Porphyr., De adm. imp., 45). პ.ინგოროყვას კომენტარით, ქრისტიანიიზაციისდა მიუხედავად, თქმულების ამ გვიანდელ ვერსიაში მაინც არ არის სავსებით წარხოცილი ხეთურ სამყაროსთან კავშირის კვალი[4 ინგოროყვა 1954,81-82.]. ჯერ კიდევ I ს. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ იბერები და მესხები ანატოლიური წარმომავლობისანი იყვნენ. ბიბლიური "თობელისა" და "მოსოქის" (Gen., 10:2, 23-24; 1 Chr., 1:5; Isa.,66:19; Ezek., 27:13; 32:26; 38:2-3; 39:1; და სხვ.) შესახებ იგი თავის ნაწარმოებში "იუდაებრივი სიტყუა დასაბამობა" შენიშნავდა: "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ; მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ, ხოლო ძველი მათი სახელწოდების ნიშანიც ემჩნევათ; რამეთუ მათ აქვთ დღესაც ქალაქი მაზაკა, რომელიც ნათელყოფს იმათთვის, ვისაც შეუძლია გაიგოს, რომ ოდესღაც ასე ეწოდებოდა მთელ ტომს"(Josephus, Antiq., I, 124-125) [5 გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961,271.]. იოანე პეტრიწის თარგმანით: "დაამკჳიდრებს უკუიჱ თოვილოსცა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად იწოდებიან, ხოლო მესაქინნი მესხიოჲს მიერ აღშენებულნი აწ კაპპადუკად იწოდებიან..."[6 იხ.კეკელიძე 1941, 286-287.]. ს.ყაუხჩიშვილის ვარაუდით, იოანე პეტრიწს უნდა ჰქონოდა გამოყენებული თხზულების ისეთი ნუსხა, როგორიც XVIIს. ფილოლოგს ლეო ალაციუსს და რომელშიც ტომის სახელი ბერძნულად უნდა ყოფილიყო Μεσχινοί, ხოლო მამამთავრისა - Μέσχος [7 გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 34, შენ, 3; 272-273. იხ., აგრეთვე, MigneXXVIII]. მათი დაწერილობა ასევეა წარმოდგენილი XI ს.ბიზანტიელი მოღვაწის ლეონ გრამატიკოსის "ქრონოგრაფიაში": "იაფეტის ვაჟთაგან მომდინარეობენ... თობელისაგან - თობელები, რომელთაც ახლა იბერები ეწოდებათ, მესხოსისაგან - მესხები, რომელთაც ახლა კაპადოკიელები ეწოდებათ, საიდანაც არის მაზაკა, მათი დედაქალაქი" [8ყაუხჩიშვილი 1963, 3-4.], კაპადოკიელთა ძველი სახელი "მესხენების", ხოლო მათი მამამთავრისა "ოსოხის" ფორმით წარმოდგენილია IVს. პირველი ნახევრის ანტიოქელი არქიეპისკოპოსის ევსტათის თხზულებაში "ექჳსთა დღეთა განმარტება" [9 გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 35; Migne XXVIII]. შენიშნულია, რომ საზოგადოდ ბიზანტიური ისტორიოგრაფიისათვის კაპადოკიელები იგივე მესხებია[10იხ. ხინთიბიძე 1969, 79; ხინთიბიძე 1982, 233.]. იმ ფაქტს, რომ მოსოხენები თუ მოსხები ქართველურ სამყაროს განეკუთვნებოდნენ, უნდა მოწმობდეს ძვ.წ. V ს. ისტორიკოსის ჰეროდოტე ჰალიკარნასელის ცნობაც, აქემენიდური სპარსეთის მე-19 სატრაპიაში მოსხთა გაერთიანებისა იმ სამხრეთ შავი ზღვისპირეთულ ტომებთან ერთად (Her., III, 94), რომელთა ქართველური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს [11 ქართველ ტომთა ანატოლიაშიგანსახლების შესახებ იხ.: ჩუბინიშვილი 1877; Хаханов 1903; ჯავახიშვილი 1913; Сванидзе 1937; ჯანაშია 1937; Меликишвили 1959; გოზალიშვილი 1962; მიქელაძე1974; და სხვ.]. ყველა ეს ტომი - მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, ერთნაირად იყვნენ შეიარაღებული, ხოლო მოსხებსა და ტიბარენებს ერთი წინამძღოლიც ჰყავდათ სპარსულ ლაშქარში - დარიოს I-ისა და პარმისის (სმერდისის ასულისა და კიროსის შვილიშვილის) ძე - არიომარდი (Her., VII, 78). მოსხთა ეთნიკური იდენტიფიცირებისათვის განსაკუთრებით დიდიმნიშვნელობა აქვს ძვ.წ. VI-V სს. მიჯნის ლოგოგრაფოსის ჰეკატეოს მილეტელის "დედამიწის აღწერის" ფრაგმენტს, რომელიც შემოინახა, სტეფანე ბიზანტიონელის "ეთნიკურმა ლექსიკონმა" ("ეთნიკამ"). ჰეკატეოსის ცნობით, მოსხები - კოლხური ტომია, მატიენების მეზობლად მოსახლე (Hec.,fr. 188) [12 ჰეკატეოს მილეტესეული ფრაგმენტების ნუმერაცია მოცემულია თ.მიულერის გამოცემის მიხედვით (Mülleri 1885). ბერძნულ - ლათინური წყაროების ნუმერაცია,ძირითადად, აღებული გვაქვს ვ. ლატიშევის ნაშრომიდან, იხ.Латышев 1947, №1-4; Латышев 1948, №1-4; Латышев 1949, №1-4].

მოსხების კოლხურ ტომად განსაზღვრა მით უფრო ნიშანდობლივია, რომ ჰეკატეოს მილეტელის ხანაში, ისინი, პონტოში მოსახლე ტომებთან ერთად, სპარსულ სატრაპიაში შედიოდნენ, ხოლო კოლხები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ სპარსელებისაგან (შდრ. Her., III, 97). ჰეკატეოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ იგი იძლევა მოსხების კოლხური ტომის კაპადოკიაში, მის ჩრდილოეთ ნაწილში, ლოკალიზების საშუალებას, ვინაიდან თვით ჰეკატეოსის სხვა ცნობით, მატიენების ქალაქი ჰიოპეგორდიების მეზობლად მდებარეობს და აქაური ხალხი ისეთსავე ტანსაცმელს ატარებს, როგორსაც პაფლაგონიელები (Hec., fr., 189). აშკარაა, რომ მოსხების მეზობელ მატიენებში იგულისხმებიან გორდიონელი ფრიგიელებისა და პაფლაგონიელების მახლობლად მცხოვრები დასავლეთის მატიენები. ჰეკატეოს მილეტელის ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტების ჰეროდოტეს იმ ცნობასთან შეპირისპირებით, რომლის მიხედვითაც მატიენები ცხოვრობდნენ მდ.ჰალისის (კიზილ-ირმაკი) მარჯვენა ნაპირზე, ხოლო მდინარის მეორე ნაპირიფრიგიელებს ეკავათ (Her., I, 72) და რიგი სხვა მონაცემების გათვალისწინების შედეგად - რომელთა შორის აღსანიშნავია ჰეროდოტესავე ცნობები მატიენების, პაფლაგონიელების, ლიგიების, მარიანდინების და სირიელების ერთნაირი საბრძოლო აღჭურვილობისა და მატიენებისა და პაფლაგონიელების ერთი წინამძღოლის მეთაურობით გაერთიანების შესახებ (Her., VII, 72), აგრეთვე, I ს. პირველი ნახევრის რომაელი მოღვაწის პომპონიუს მელას მიერტიბარენების გვერდით "მატიანების" მოხსენების ფაქტი (Pomp. Mela, I, 2, 13), - ნ.ხაზარაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლელ მატიენებს უნდა სჭეროდათ ტერიტორია მდ.ჰალისის რკალის შიგნით, თანამედროვე ქალაქების, ჩორუმ - ზილე - თოქათის სამხრეთითა დადასავლეთით, დიდი კაპადოკიის უკიდურეს დასავლეთ ოლქში, ხოლო მოსხებს - ქალაქების თოქათ - კარაჰისარ - გიუმიუშჰანეს სექტორი [13][გვ.143] ხაზარაძე 1971, 123-132; Хазарадзе 1973, 11-119; Хазарадзе 1973а, 200-210;Хазарадзе 1979, 308-312. ა. იესენი, ჰეროდოტეს ცნობების გათვალისწინებით (Her., III, 94-97), გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მოსხებში უნდა იგულისხმებოდეს კავკასიის მთებიდან კოლხებზე უფრო დაშორებული და შავი ზღვისპირეთში მცხოვრები ტომი (Иессен 1935, 197). მოსხების შედარებით შორს, დასავლეთით განსახლებაზე, ის გარემოებაც უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ისინი მეცხრამეტე აქემენიდურ სატრაპიაში შემავალ სამხრეთ - აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ტომებიდან - ტიბარენებიდან, მაკრონებიდან, მოსინიკებიდან და მარებიდან (Her., III, 94) - ყველაზე უფრო დასავლეთით მოსახლე ტიბარენებთან ერთადერთი მხედართმთავრის წინამძღოლობით იყვნენ გაერთიანებულნი სპარსულ ლაშქარში (Her., VII, 78)]. სავსებით ვიზიარებთ რა ნ.ხაზარაძის მოსაზრებას მატიენების დიდი კაპადოკიის უკიდურეს დასავლეთ ოლქში განსახლების შესახებ, ამავე დროს არადამაჯერებლად მიგვაჩნია მისი ვარაუდი მატიენების აღმოსავლეთის მიმართულებით ქ.თოქათამდე გავრცელების თაობზე. პომპონიუს მელას მიერ "მატიანებისა" და ტიბარენების ერთმანეთის გვერდით მოხსენიება არ არის აუცილებელი მათ უშუალო მეზობლობაზე მეტყველებდეს, ხოლო ჰეკატეოსისა და ჰეროდოტეს ცნობების შეჯერება თითქოს სწორედ მოსხების განსახლებაზე  უნდა მიგვანიშნებდეს მატიენებსა და ტიბარენებს შორის.

სავსებით დასაშვებია, ტერიტორია ჩორუმსა და თოქათს შორის მოსხებს სჭეროდათ, მით უფრო, რომ ქ.გიუმიუშჰანეს დასავლეთით, როგორც ჩანს, მოსინიკებს უნდა ეცხოვრათ. ძვ.წ. IV ს. ავტორის ფსევდო - სკილაქს კარიანდელის "პერიპლუსის" ცნობით, მოსინიკები სანაპირო ზოლის გარდა მთებშიც ცხოვრობდნენ (Ps.-Scyl., ., 86). რაც შეეხება მატიენების საცხოვრისს, იგი ზემოთ მოყვანილი ცნობების და აგრეთვე ხაზარაძის მიერვე შენიშნული იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "გორდ" ფუძის შემცველი ტოპონიმები დასტურდებიან დიდი ფრიგიის იმ სექტორში, რომელიც დასავლეთიდან უშუალოდ აკრავს მდ.ჰალისის აუზს [14.Хазарадзе 1973, 115; Хазарадзе 1973а, 207], საფიქრებელია თავსდებოდეს ქალაქების ჩორუმისა და კირშეჰირის "შემაერთებელი ხაზისა" და მის დასავლეთით მდებარე მდ.კიზილ-ირმაკს შორის. მოსხების კაპადოკიაში განსახლების საკითხთან მიმართებაში, საინტერესოა ლეო ალაციუსის კომენტარი იოსებ ფლავიუსის ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტთან დაკავშირებით. იგი შენიშნავს, რომ ზოგიერთების ვარაუდით, მესქინები ხალხია, რომელთაც ძველი ავტორები Μοσχικοί-ს და Μοσσύνοικοι-ს უწოდებენ. მათი თავდაპირველი მკვიდრობის ადგილი ევქსინის პონტოს სანაპირო იყო, შემდეგ ისინი კაპადოკიელები გახდნენ, ბოლოს კი ისევ ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს [15 იხ. Migne XXVIII, 998]. მესხების კაპადოკიურ წარმომავლობაზე, შესაძლოა, მეტყველებენ ქართული მასალებიც, კერძოდ, ქალაქ მცხეთასთან დაკავშირებული ცნობები. ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მეცნიერები ტოპონიმ "მცხეთას" მესხების სატომო სახელთან აახლოებდნენ. თ.ბაგრატიონი, პ.იოსელიანი და ვ.სენ-მარტინი ბიბლიურ "მეშეხ-მოსოხსა" და ეთნონიმ "მოსხ-მესხს" ქართლოსის ძის მცხეთოსისა და ქ.მცხეთის სახელებთან აკავშირებდნენ, ხოლო ა.ხახანაშვილის მიხედვით, ცნებების "მესხეთისა" და "სამცხის" ურთიერთკავშირი მნიშვნელოვნად უფრო საფუძვლიანს ხდის მცხეთასთან მათი დაკავშირების შესაძლებლობას [16 ბაგრატიონი 1848, 10, 23; Иосселиани 1845, 408; St.-Martin 1847, 50ff.; Хаханов 1903, 37-39. თუმცა ტერმინები "მცხეთა" და "სამცხე" ერთმანეთთან დაკავშირებული ჰქონდა ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს, იხ.ქვემოთ შენიშვნა 357]. გ.მელიქიშვილის შეხედულებით, სახელწოდება "მცხეთა" უდავოდ წარმოქმნილია მესხთა სატომო სახელისაგან, ეს ფაქტი კი უნდა მიუნიშნებდეს მცხეთის მესხური დასახლების არამესხური მოსახლეობის წიაღში წარმოქმნის შესაძლებლობაზე [17 Меликишвили 1959, 112, 229]. ჩვეულებრივ, "სამცხელ და მცხეთელ მესხებს" მცირეაზიელი მუშქების მემკვიდრეებად მიიჩნევენ [18, Меликишвили 1959, 229-230; მელიქიშვილი 1970 b, 395-396.], რომლებიც წერილობით წყაროებში პირველად ძვ.წ. XII ს. ჩნდებიან, როდესაც ასურული წყაროები იუწყებიან მათ შეჭრას აღმოსავლეთ ანატოლიის შიდარაიონებში [19 Budge & King 1902, , 35; Дьяконов 1951, 270]. ამჟამად, ვფიქრობთ, არანაკლები შესაძლებლობა არსებობს მესხებთან, ბერძნული წყაროების მიერ ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში, ცენტრალურ ანატოლიაში დადასტურებული მოსხების დაკავშირებისათვის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უდავოა, მცხეთაში დამკვიდრებული მოსახლეობა ხეთურ - მცირეაზიული კულტურული ტრადიციების მატარებელი იყო. ამ გარემოებას და აგრეთვე იმას, რომ სწორედ აღნიშნულ მოსახლეობას უნდა შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლურ ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში, მოწმობს იბერიის სამეფოს წარმართული საკულტო პანთეონის ანატოლიური ხასიათი [20 Меликишвили 1959, 112, 229-230; მელიქიშვილი 1970ბ, 396; Toumanoff 1963, 100-101n.151.]. ქართლის უზენაესი ღვთაება არმაზი წარმომდგარი იყო ხეთურ-ნესიტური მთვარის ღვთაება არმასაგან, რომლის კულტიც ანტიკურ ხანაში ღვთაება მენის კულტით შემოინახა, თუმცა ფიქრობენ, რომ მცირე აზიის ზოგიერთ მხარეში იგი ისევ ძველ სახელწოდებას - Armas-ს ატარებდა [21. Болтунова 1949, 228-240]. ხეთური წარმომავლობის მქონედ არის მიჩნეული ქართლის ერთ-ერთიმთავარი ღვთაება ზადენიც; მას აახლოებენ ლუვიურ ღვთაება სანთასთან (სანდონთან) [22 წერეთელი 1924, 84;Tseretheli 1935, 45-50.]. გამოთქმულია აგრეთვე აზრი, წარმართული მცხეთის ღვთაებების გაცისა და გას (გაიმის) კავშირის შესახებ მცირეაზიულ ღვთაებებთან ატისთან და კიბელესთან [23 Tseretheli 1935, 50-54.]. მცირე აზიისა და კავკასიის ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ძვ.წ. I - ახ.წ. I ს. გეოგრაფოსთან და ისტორიკოსთან სტრაბონთან დაცული ნახევრად ლეგენდარული ცნობა მცირე აზიიდან კავკასიაში ხალხთა გადმოსახლების შესახებ. სტრაბონის მიხედვით, მითიური ამაძონელები, ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თემისკირის დაბლობიდან და მის ზემოთ მდებარე მთებიდან გამოძევებულნი (Strabo, XI, V, 4), გადმოცემების თანახმად, კავკასიაში, ალბანეთის ზემოთ მდებარე, კერავნულად წოდებულ მთებში ცხოვრობდნენ გარგარეველების [24. გარგარეველების (Γαργαρεῖς) სახელწოდებას აახლოებენ ჩეჩნების თვითდასახელებასთან - "გალგაი" (Прим. ред. – Латышев 1947, № 4, 222, прим.4).] მეზობლად, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონიათ (Strabo, XI,V, 1); შემდეგ გარგარეველები, რომლებიც აქ თემისკირიდან ამაძონელებთან ერთად იყვნენ მოსულნი, ამაძონელებს ჩამოცილებულან და, ამავე ადგილებში მოხეტიალე თრაკიელებთან და ევბეელებთან შეთანხმებით, მათთან ბრძოლაც კი დაუწყიათ (Strabo, XI,V, 2). ამაძონელებისა და გარგარეველების ანატოლიიდან გადმოსახლების სტრაბონისეული ცნობა იზოლირებული რომ ყოფილიყო, ბევრის არაფრის მთქმელი იქნებოდა, მაგრამ მას ეხმიანება ანტიკური ხანის მრავალი მწერლის ინფორმაცია კავკასიაში, ძირითადად, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, ხალხთა გადმოსახლების თაობაზე. ამ მხრივ, სტრაბონის ცნობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ევბეელთა მოხსენიება, რაც, როგორც ჩანს, უკავშირდება ძველ ბერძნულ მწერლობაში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, კავკასიასა და სამხრეთ შავიზღვისპირეთში პელასგების (ეგეიდის წინაბერძნული მოსახლეობის) მიგრაციის შესახებ (იხ. ქვემოთ). აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანებში ეგეოსური (უფრო ფართოდ - მედიტერანული) და კავკასიური სამყაროს ურთიერთობის საკითხების კვლევას ახალი სტიმული ეძლევა წინაბერძნული (პელასგური) და ქართველური ენების სიახლოვის დამტკიცებისა [25 გორდეზიანი 1970,217-241; Furne, 1982.] და აგრთვე სხვა ხმელთაშუა ზღვისპირეთულენებში (ეტრუსკული, ბასკური) კავკასიური (და კერძოდ, ქართველური) ენებისათვის დამახასიათებელი ელემენტების გამოვლენის შედეგად [26 გორდეზიანი 1980; გორდეზიანი 1976; ბრაუნი 1981, 201-208; კინტანა 1981, 216-221; ტოვარი 1983, 363-376; Dzidzigouri 1983.]. ენათმეცნიერების ესმიღწევები ახალ პერსპექტივას შლის არქეოლოგიის წინაშე უკვე მოპოვებული მასალის ხელახალი ინტერპრეტაციისათვის. ინგლისელი არქეოლოგი ჯ.მელართი, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე აზია-ეგეიდაში (განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში) ნეოლითის შემდგომ პერიოდში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც აქ ენის შეცვლას შეიძლება დაუკავშირდეს და რადგანაც წინაბერძნული ენის გავრცელების მთელ ამ რეგიონში მეტ-ნაკლები ლინგვისტური ერთიანობა უნდა ყოფილიყო ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ტომების გამოჩენამდე, გამოთქვამს ვარაუდს, ანატოლიის უძველესი მეურნეების, ნეოლითური ჩათალ ჰუიუქის, ჰაჯილარის და ჯან ჰასანის მოსახლეობის, ენის შემორჩენის შესაძლებლობის შესახებ გვიან ბრინჯაოს ხანის კრეტაზე [27. Mellaart 1975, 281-282]. წინაბერძნული ენის ქართველურ ენებთან შენიშნული სიახლოვის შუქზე, ვფიქრობთ, დასაშვები უნდა იყოს ნეოლითური ანატოლიის მოსახლეობის შესაძლო კავშირის ვარაუდი ქართველურ სამყაროსთანაც.

მით უმეტეს, რომ ანატოლიის ნეოლითურ ძეგლებს თითქოს არაერთი პარალელი ეძებნება ქართულ და აგრეთვე კავკასიის სხვა ხალხთა ეთნოგრაფიაში. საყურადღებოა, რომ ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში მოსახლე ტომებს - ლევკოსირებს, ხალიბებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს, ხშირად მიიჩნევენ წინახეთური ხანიდან შემორჩენილ, ანატოლიის უძველეს, ადგილობრივ მოსახლეობად [28. Encyclopaedia Britannica 1964, vol. 18, 213 (Pontus); EncyclopaediaBritannica 1964, vol. 1, 864 (J. Puhvel. Anatolian languages]. შესაძლოა, ამავე გარემოების სასარგებლოდ მოწმობდეს ის ფაქტი, რომ ე.წ. ჭოროხ-რიონული ანთროპოლოგიური ტიპი, სადღეისოდ, მხოლოდ ამ მდინარეთა მიმდებარე მხარეებში შემორჩენილი, როგორც ირკვევა, ადრე ბევრად უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული; მისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სპეციფიკური ნიშან-თვისების შეხამება, დღესაც თურქეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ვლინდება [29. Еремеев 1971, 224]. რაც შეეხება ნეოლითელი ანატოლიელების მონათესაავებად მიჩნეული, მინოსური კრეტის მოსახლეობის ეთნიკურ იდენტიფიცირებას, საკუთრივ კრეტის ა-ხაზოვანი ტექსტების მასალის გათვალისწინებით, რომელიც ნამდვილად არ არის ინდოევროპული-ბერძნული, ძალზე მწირი მონაცემები მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა, სხვა ენების მონაცემებთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, ჩვენი აზრით, საჭიროა გავითვალისწინოთ ქართველურ ენათა მონაცემებიც [30. იხ. ურუშაძე1964, 166; ჯანაშია 1959, 193; Toumanoff 1963, 301n.99]. შეძლებისდაგვარად შევეცდებით ეს ვარაუდი ზოგიერთი მონოსური სიტყვის ეტიმოლოგიზაციის ცდით დავასაბუთოთ. კრეტის მინოსური ტექსტების ერთ-ერთი სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ზუსტად არის დადგენილი, შეჯამების აღმნიშვნელია და ტრანსლიტერირებულია - ku-ro-დ. ჯ.ჩედუიქის აზრით, რომელიმე ენაში მსგავსი სიტყვის პოვნამ შესაძლოა მინოსური დამწერლობის პრობლემა გადაჭრას; ე.პერუცი ადარებს მას აპოფონიურ ინდოევროპულ ფორმას *ger-ს - "შეგროვება" (ბერძნ. άγείρω), ხოლო პ.მერიჯის მიხედვით იგი შეესაბამება საერთო სემიტურ ძირს kl - “მთელი” (აქად.kalu, kullatu, ებრ. kol) [31. Поуп 1976, 89-90; Перруци 1960, 26; Чэдуик 1976, 248; Pაცკარდ 1974, 26-27]. ჩვენი აზრით, დასაშვები უნდა იყოს მინოსური სიტყვის დაახლოება ქართულ-ზანური ერთობის ხანის ფუძესთან (ḳar/ḳr - "შეკვრის, დაკავშირების" მნიშვნელობით, რომელსაც თავის მხრივ უკავშირებენ ქართულ-ზანურ ფუძეს *ḳreb/ḳareb - "შეგროვება" [32 იხ.Климов 1964, 106,116]. დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს “დეფიციტის” აღმნიშვნელი მინოსური სიტყვაც - ki-ro. ე.პერუცი მასთან აახლოებს ანდოევროპულ *s(kel) - “ვალდებულობა, უნდა” (ლიტვ. skeliu და სხვ.) [33. Перруци 1960,26]. გასათვალისწინებელია, რომ მინოსური არ ასხვავებს r და l, ისევე როგორც b/p, g/k თანხმოვნებს [34. Чэдуик 1976, 248]. მინოსურ სიტყვასთანგარკვეულ მსგავსებას ავლენს, სემანტიკურად იმავე “დეფიციტის”მნიშვნელობის მქონე ქართულ-ზანური  *ḳal (ქართულში - ḳel/ḳl, ზანურში - ḳor) [35 იხ. Климов 1964, 106]. მინოსურში - kunisu და qerau მიჩნეულია, რომ აღნიშნავენ მარცვლეულის ჯიშებს; მათ უკავშირებენ აქადურ kun āšu-ს “რომელიღაც მარცვლეულის ჯიშს" და qālu-ს "მოხალულ მაცვალს" [36. Поуп 1976, 90]. ქართველურ ენებში ყურადღებას იპყრობს ქართულ-ზანური ფუძე *kum (ქართული kum-el, ზანური kum-u) - |მოხალული მარცვლის" მნიშვნელობით (ფშავურ დიალექტში ქუმელი აღნიშნავს ჩვეულებრივ სელს) [37. იხ. Климов 1973, 346; ღლონტი 1984, 578.] და მოხევური ხ*ირი - "გამხმარითივის, ჩალის ღერო"(შდრ. აგრეთვე ძველ ქართულში ხმარებული -ხუარბალი - "მარცვლეული", რომელიც ქართველური წარმომავლობის სიტყვად არ არის მიჩნეული, მაგრამ, ვფიქრობთ, თავისთავად მაინც ანგარიშგასაწევია მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენისას) [38.ღლონტი 1984, 764; აბულაძე 1973, 564; ჩიქობავა 1964, 1489.]. სავარაუდოდ ითვლება, რომ მინოსურში ჭურჭლეულს აღნიშნავდა ka-ti,ka-ra-re-we, qa-pa, ka-ro-pa. ეს სიტყვები სწერია ჭურჭლების აღმნიშვნელი იდეოგრამების თავზე და არც ის არის გამორიცხული, რომ ჭურჭლებში მოთავსებულ ნივთიერებებს აღნიშნავდეს [39. Packard 1974, 27; Neumann1960/961, 172-178;  Чэдуик 1976, 219]. გ.ნოიმანი ka-ti-ს ხეთურ gazi, ლუვიურ gati - "ჭურჭელი" ადარებს და დასძენს, რომ ლუვიურში ეს სიტყვა წინალუვიური არაინდოევროპული ენიდან უნდა იყოს შესული [40. Neumann 1960/961, იხ.Деянов 1976, 99-100]. ვფიქრობთ, საყურადღებოა ქართულ-ზანური ერთობის ხანისათვის აღდგენილი *ḳod- ფუძე, რომელიც აღნიშნავდა "ჭურჭელს გამოკვეთილს ხისგან", “ჭურჭელს ფხვიერი ნივთიერებებისათვის” (შდრ. აგრეთვე ქართ. “ქოთანი”) [41. იხ.Климов 1964, 113; იხ., აგრეთვე, ღლონტი 1984, 297]. ჭურჭლების აღმნიშვნელ სხვა სავარაუდო მინოსური სიტყვებისათვის ს.გორდონს მოჰყავს პარალელები ჭურჭლების უგარიტული სახელწოდებებიდან: sp,krpn, spl [42. Gordon 1966; Packard 1974, 27]; ქართველურ სამყაროშიც ვხვდებით მინოსურთან მიმსგავსებულ ანალოგიური მნიშვნელობის სიტყვებს: ქრონოლოგიურად ქართულ-ზანური ერთობის დროის *ḳardala-ს “მომცრო ქვაბი”, რომელიც, თუმცა, ნასესხობად არის მიჩნეული (შდრ. აგრეთვე რაჭულ დიალექტში - კორვა - “ხისჭურჭელი”), ქარა - “კეცის კიდე, ამოწეული გვერდები”, გობი - "ჭურჭელი", ძველ ქართულში იგი "ორმოს", “მღვიმესაც” აღნიშნავდა [43. იხ.Климов 1964, 31; ჯავახიშვილი 1979, 190, სურ. 114; ღლონტი 1984,561, ჩიქობავა 1051, 1465; აბულაძე 1973, 94.]

<<<...გაგრძელება - ნაწილი II