topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

დავით გარეჯი - მრავალწყარო

<უკან დაბრუნება ....<<<საქართველოს ეკლესია - მონასტრები>>>

მრავალწყაროს მონასტერი 1995 წლის აგვისტოში მეცნიერების ფონდ "უდაბნოს" სამეცნიერო ექსპედიციის დროსაა აღმოჩენილი. წერილობითი წყაროებისათვის ეს მონასტერი უცნობია, ამიტომ სახელი ჩვენ შევურჩიეთ: ეს გარეჯში ერთადერთი მონასტერია, რომელიც მცირეწყლიან მდინარესა და წყაროებთან ახლოსაა გამოკვეთილი. მრავალწყაროს ქვაბოვან მონასტერში კლდეში ნაკვეთი ხუთი ეკლესია შედის, რომელთაგან ორი გუმბათოვანია. ამათგან ერთს კონუსური, მეორეს კი სრულიად უნიკალური - სამი ცილინდრის მიმდევრობისაგან შედგენილი გუმბათი ადგას. გუმბათის შემადგენელი ცილინდრების დიამეტრები და სიმაღლეები ქვემოდან ზემოთ მცირდება, რაც ზესწრაფვის განცდას იწვევს (სურ.1).

ამ გუმბათის ანალოგი ვერც საქართველოში და ვერც მის ფარგლებს გარეთ ვერ მოვიძიეთ. ერთ - ერთი მცირე ეკლესია მოხატულია. მასში ღვთისმშობლის ულამაზესი გამოსახულება სრულადაა შემორჩენილი (სურ. 2).

ეს ფრესკა IX საუკუნით თარიღდება. ამავე ეკლესიაში 65–ზე მეტი ისტორიული ნაკაწრი წარწერაა. მათ შორისაა გარეჯში უძველესი თარიღიანი წარწერა (851 წლის 8 სექტემბერი), მშენებელ–ხელოსნის წარწერა, ლავრის წინამძღვრის სამი წარწერა, კაწარელი ეპისკოპოსის მოსახსენებელი წარწერა და რამდენიმე ქართული ალფაბეტი.

მთავარი ეკლესიის (სურ.3) ეგვტერის საკურთხეველში შემორჩენილია უნიკალური ნაკაწრი სცენა, რომელზეც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით შეიარაღებული მეომრების ლაშქარია გამოსახული (სურ.4).

წინასწარი მონაცემებით,  მრავალწყაროს მონასტერი IX საუკუნეში დაუარსებიათ, XIII საუკუნეში კი მას არსებობა შეუწყვეტია. მონასტერთან ახლოს ლოდების მშრალი წყობით აგებული გალავნის კედელი ჩანს. მის გათხრამდე ძნელი სათქმელია თუ რომელ პერიოდს ეკუთვნის ეს არქეოლოგიური ძეგლი: ქრისტიანულს თუ წინაქრისტიანულს. საქმე ისაა, რომ იმ ქედის თხემზე, რომლის სამხრეთ ფერდობში მონასტერია გამოკვეთილი, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარია. მრავალწყაროს მონასტერზე  მუშაობა გრძელდება.

ლადო მირიანაშვილი