topmenu

 

ანანური - ვ. ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ანანური //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.74-75

XVI ს-ის სხვა კახურ ნაგებობათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი შუამთის მონასტრის ეკლესია და სამრეკლო, და ნინოწმინდის ტაძრის ოთხსართულიანი სამრეკლო. მისი პროპორციები და ხუროთმოძღვრულ - დეკორაციული დამუშავება მომწიფებული ოსტატის ხელს ამჟღავნებს და ნათლად დასმულ მხატვრულ ამოცანებზე მეტყველებს. ჩვენ არ შევცდებით, თუ XVII ს-ის მშენებლობის ნიმუშად ავირჩევთ ანანურის ციხეს, რომელიც თბილისას ჩრდილოეთით 66 კმ. მანძილზე მდებარეობს არაგვის ხეობაში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. იგი არაგვის ერისთავთა მძლავრ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მისი თავგადასავალი ბევრ სისხლიან ფურცელს შეიცავს - ეს დამახასიათებელია ფეოდალური აშლილობის ხანისათვის: მას თავს ესხმოდნენ მეზობელი ფეოდალები, წვავდნენ, აოხრებდნენ, მის მკვიდრთ კი აწიოკებდნენ და ჟლეტდნენ. ანანური ფერდზე მდებარეობს და ტყიანი მთებითაა გარშემორტყმული. მძლავრი გალავნის შიგნით მოთავსებულია ორი გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო, წყალსაცავი და წყარო. თვით გალავანში რამდენიმე კოშკია ჩართული, მათ შორის მთავარია დასავლეთის კედლის შუაში, ე.ი. მთელი ანსამბლის უმაღლეს წერტილში მდებარე შვიდსართულიანი კოშკი, ე.წ. შეუპოვარი. მაგრამ მთავარი ნაგებობა მაინც დიდი ეკლესიაა, დათარიღებული 1689 წლის გრძელი წარწერით. სასახლე აქ არ არის და არც ყოფილა. ანანური ერისთავთა მუდმივი რეზიდენცია არ იყო. საცხოვრებელი ოთახები შეუპოვარში ჰქონდათ. დიდი ეკლესია თლილი ქვითაა მოპირკეთებული და მდიდრული მორთულობა აქვს. სწორედ ამის წყალობით აქ უფრო ადვილია წინა ხანასთან შედარებით მომხდარი ცვლილებების შესახებ მსჯელობა. პირველადვე თვალში გვხვდება ტაძრის ქვედა კორპუსის სიმძიმე და მასიურობა, რაც მით უფრო საგრძნობია, რომ მასები ისე მკაფიოღ არაა დიფერენცირებული, როგორც საერთოდ არის ქართულ ტაძრებში. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების შუა ნაწილები, ე.ი. ჯვრის მკლავები, მცირედ გამოიყოფა კუთხის ნაწილებისაგან, თითქოს უშუალოდ აგრძელებს მათი სახურავების ფერდს. თუ X – XIII საუკუნეთა ძეგლებში დეკორაციული თაღედით ფასადთა დანაწევრება ყოველთვის შეთანხმებული იყო კედლების საერთო მოხაზულობასა და მასების რიტმთან, ახლა დანაწევრება აღარ შეესაბამება მასების აღნაგობას. საკმარისია შევხედოთ აღმოსავლეთ ფასადს, მის შუა თაღოვან არესა და ორ სწორკუთხა არეს მარცხნივ და მარჯვნივ, და შევადაროთ ისინი ფასადის საერთო მოხაზულობას. მათ შორის თანხმობა არ არის. ყოველი ფასადის შუაში თავმოყრილი ჩუქურთმები და ფიგურული რელიეფები ტექნიკურად კარგადაა შესრულებული (ზოგი ოსტატურდაც), მაგრამ უმასშტაბოა, ყოველთვის ვერ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და, თან, მოკლებულია შესრულების არტისტიზმს, უნაკლო გემოვნებას, რომელიც წინანდელ ხუროთმოძღვრულ დეკორს ახასიათებდა. მაგრამ ანანურში კიდევ ერთი თავისებურებაა დამახასიათებელი. ფასადებზე - ისე როგორც დიდი ხნის წინათ იყო, XI ს-ის ნახევრამდე - კვლავ მომრავლდა რელიეფური ფიგურები - ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებები. ყველა სიმბოლურ - სარწმუნოებრივი შინაარსისაა. სამხრეთის ფასადის შუა სარკმლების გარშემო დახვავებული რელიეფები - ვაზის ხე, ირმები და სხვა ცხოველები მის გვერდით, მტრედები, ჯვრით დათრგუნვილი გველეშაპები, ჯაჭვით დაბმული ლომები (ორი უკანასკნელი მოტივი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ხანებში) - მოწმობს, რომ აქ მარტო ქრისტიანული სიმბოლიკა კი არ არის, არამედ უფრო ადრინდელი თემებიც. რომელთა ძირები ძველი აღმოსავლეთის წინაქრისტიანულ რწმენასა და გადმოცემებშია. ამ თემებმა, რომლებსაც საუკუნეთა მანძილზე ქართული ხალხური ხელოვნება ინახავდა, ახლა მონუმენტურ ხელოვნებაში შეაღწია და ხალხური შემოქმეღების, ფოლკლორის ბეჭედი დაასვა მას არა მარტო შინაარსის მხრივ, არამედ შესრულების თავისებურებითაც. ეს ამ გვიანა ხანის ხელოვნების ერთი საინტერესო ფაქტთაგანია. რა თქმა უნდა, ანანურისა და სხვა იმდროინდელი ტაძრების მრავალრიცხოვანი რელიეფები არ არის შეკრული ერთ მთლიან საღვთისმეტყველო პროგრამად, როგორც ეს XI ს-ის ნიკორწმინდაშია. უფრო მეტიც - შესაძლებელია ცალკეულ სიმბოლოთა აზრი ოსტატებსა და მორწმუნეთ აღარც კი ესმოდათ, მაგრამ საკმარისი იყო იმის რწმენა, რომ მათ ტრადიციის თანახმად, რაღაც სარწმუნოებრივ ჯადოსნური მნიშვნელობა და ძალა ჰქონდათ.

 

ანანური // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 176

არაგვის ერისთავთა მძლავრი ციხე მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან  66 კმ. დაშორებით, არაგვის მარჯვენა ნაპირას (დუშეთის რაიონი, ძველი მთიულეთი). უძველესი ნაგებობა აქ უნდა იყოს ხევსურული ტიპის პირამიდულ სახურავიანი კოშკი. დღევანდელ ანსამბლში, გალავნისა და მისი კოშკების გარდა, შედის მცირე გუმბათოვანი ეკლესია "ღვთაება", ალბათ XVII ს-ის შუა ათეული წლებისა; დიდი ეკლესია, რომელიც სამხრეთი კედლის გრძელი სამშენებლო წარწერის თანახმად, 1689 წელს ბარძიმ მსაჯულთუხუცესის თაოსნობით აუგიათ (მშენებლობის ხელმძღვანელი ყოფილა ვინმე ქაიხოსრო ბაღსარაშვილი. ტაძრის შენებას, რა თქმა უნდა, კარგა ხანს მოუნდებოდნენ, ასე რომ მის თარიღად საერთოდ XVII ს-ის ბოლო ათეული წლები შეიძლება მივიჩნიოთ) წყარო და წყალსაცავი; ერთნავიანი ეკლესია "მკურნალი“, რომელიც გალავანს გარეთ გამოდის და უფრო დაბლა დგას, ვიდრე გალავნის შიგნითა შენობები; სამრეკლო, რომლის ფანჩატურიც შედგმულია "მკურნალის“ ბანზე. კოშკთაგან მთავარია ყველაზე მაღლა მდგომი "შეუპოვარი“: კვადრატული, მრავალსართულიანი, კედელში დატანებული კიბით (გალავნის დასავლეთით კედლის შუაშია). აქ საცხოვრებლად გამოსადეგი ოთახებიც პქონდათ (თითო სართულში თითო), თუმცა საგანგებოდ კეთილმოწყობილი და მორთული დარბაზი, როგორც XVIII ს-ის ზოგ კოშკშია, აქ არ არის. ანანური XVIII - ში შეაკეთეს - ზოგი კედელი ან კედლის ნაწილი მაშინდელია. ანანურის ციხე მას შემდეგაც მოქმედი იყო, რაც 1743 წელს არაგვის საერისთავო ქართველმა მეფეებმა გააუქმეს. დიდი ეკლესიის გარეთა ზომებია დაახლ.: სიგრძე 23 მ-მდე, სიგანე - 17,3 მ., სიმაღლე შიგნით - 26,3 მ.

1. პ. ზაქარაია ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. თბ., 1958 წ.