topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

საფარა - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

საფარა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.63.

საფარის მონასტერი, დაარსებული, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს X ს-ისა, მდებარეობს ხეობის სიღრმეში, მთებით გარშემორტყმულ ადგილას. XIII ს -ში იგი ეკუთვნოდა სამცხის მფლობელთ - ჯაყელებს, რომელთაც საუკუნის მიწურულში ააშენეს წმ.საბას ტაძარი. ხუროთმოძღვარი იყო ფარეზასძე, რომლის სახელიც მოხსენებულია დასავლეთ კარიბჭის სარკმლის წარწერაში. შენობა ზედ შვეული კლდის პირას დგას. მის მოსათავსებლად არა მარტო იმ ადგილის მოშანდაკება დაჭირდათ, არამედ საგანგებო სუბსტრუქცია ამოყვანაც კლდის ქიმზე - სხვაგვარად აქ შენობა ვერ დაეტეოდა. ფასადთა დამუშავება, ორნამენტთა შერჩევა და შესრულება ახლებურ ხერხებს გვიჩვენებს, მაგრამ წარსულთან კავშირიც ჯერ კიდევ საგრძნობია, მაღალია შესრულების პროფესიული დონეც. როგორიღაა ახლის ნიშნები? ჯერ ერთი, შეიცვალა პროპორციები: თუ ბეთანიისა და ფიტარეთის ჯგუფში პროპორციული შეფარდებები განსაკუთრებულ სიმახვილესა და დაძაბულობას აღწევს, აქ ეს სიმახვილე შენელებულია. გუმბათის ყელი დადაბლდა და გაფართოვდა, ამის შესაბამისად შენობის კორპუსი რამდენადმე უფრო მაღალი ჩანს; ჩნდება მისწრაფება, რომ ფასადთა ზედაპირები გათავისუფლდეს შეყურსული, ინტენსიური მორთულობისაგან, თავისუფალი გლუვი ზედაპირი ახლა უფრო მეტია. კერძო ხასიათის ნიშანია ის, რომ გუმბათის ყელზე ნამდვილი სარკმლები ენაცვლება ყრუ სარკმლებს, (რომლებიც ისევეა გაფორმებული საპირეებით, როგორც ნამდვილი სარკმლები). საფარის შემდეგ ასეთი რამ მხოლოდ XIV-XV საუკუნეთა გუმბათებზე გვხვდება. შიგნით საინტერესოა პატრონიკეთა კვლავ გაჩენა - მაგრამ ისინი დასავლეთის მკლავის გარშემო მთლიან სალტეს აღარ ქმნიან - აქ ორი განცალკევებული სადგომია - ერთი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, მეორე ჩრდილო-დასავლეთში. ამ ძველი მოტივის აღორძინება მაინც უნიადაგო აღმოჩნდა: სხვა იმდროინდელ ძეგლებში (ზარზმა, ჭულე), პატრონიკე უიატაკოდაა და წმინდა დეკორაციული მნიშვნელობაღა აქვს. გეგმის მხრივ საფარის წმ.საბა წინა პერიოდის ძეგლებს ემხრობა, მაგრამ აღმოსავლეთის ფასადის ნიშები უკუგდებულია - ამიერიდან ეს მოტივი, რომელიც შვიდი საუკუნის მანძილზე იყო ფესვგადგმული, მხოლოდ სპორადულად ამოტივტივდებოდა ხოლმე.

საფარა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ.159-160.

XIII ს-ის დასასრული

საფარის მონასტერი, ოდესღაც სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია, ახალციხიდან 10-12 კმ მანძილზეა, სამხრეთ - აღმოსავლეთით, მთაში, საცხოვრებელი ადგილებისაგან მოშორებით. ყველაზე ადრინდელი შენობა დღემდის არსებულთა შორის უნდა იყოს X ს-ის ერთნავიანი ეკლესია მიძინების სახელობისა. აქ იყო ის ცნობილი კანკელი, რომლის ფრაგმენტებიც, მშვენიერი რელიეფური ქანდაკებებით, დღეს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მთავარი ეკლესია - წმ. საბასი, სამრეკლო და სასახლე (თლილი ქვით მოპირკეთებული სწორკუთხა შენობა, რომლისგანაც მხოლოდ ერთი სართული გადარჩა) აგებულია XIII ს-ის ბოლოს და XIV ს-ის დასაწყისში. როცა ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ აქციეს. ამ დროს სამცხეს განაგებდა ენერგიული და შეუპოვარი ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები სარგის II და ყუარყუარე დახატულნი არიან წმ.საბას ეკლესიის კედელზე). როგორც ტაძრის დასავლეთი კარიბჭის სარკმლის წარწერა გვამცნობს: "სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათაო", ასე რომ ჩვენ ვიცნობთ საფარის ხუროთმოძღვარსაც. წმ.საბას ტაძრის შესახებ იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. აქ შეიძლება დაემატოს, რომ დასავლეთის უჩვეულოდ მაღალი კარიბჭე, რომელსაც მთლიანი სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებრი კამარები და უხვი ორნამენტაცია აქვს, განსაკუთრებით საზეიმო განწყობილებას ქმნის ტაძრის შესასვლელთან. შენობის კედლებზე სხვა წარწერებიც არის, რომლებიც გვამცნობს სხვადასხვა პირთა ნივთიერ მონაწილეობას მშენებლობაში. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო, კუბურ ნაწილში, ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ - საკუთრივ სამრეკლო. შენობა მოკლებულია ორნამენტებს, მაგრამ I სართულში მხატვრობა იყო ლასურისძეთა პორტრეტები. საფარის მონასტრის ტერიტორიაზე გაფანტული სხვა სამლოცველოები XIV –XVI საუკუნეებშია აგებული. მონასტერს თავს დაპყურებდა ციხე, გარშემო კი გალავანი ერტყა. XVI ს-ის მიწურულში მიტოვებული მონასტერი XIX ს-ში რუსის ბერებმა განაახლეს. ზოგი რამ აქ მაშინ აშენდა, ზოგი ძველი ნაგებობა კი შეაკეთეს ან გადააკეთეს და დაამახინჯეს. წმ.საბას ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრძე (უკარიბჭეოდ) – 22,5 მ., სიგანე - 18 მ., სიმაღლე შიგნით - 23 მ., კარიბჭის შიდა ფართობია - 9X3 მ.