There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე (სიახლეები აღმოჩენები) <<
ნანა შენგელაია (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი) - ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ
2008 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ლონდონში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა კუნძულ კრეტაზე დოქტორ ლუიჯი პერნიეს მიერ ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავს. ამის შესახებ იუწყებოდა "ნიუ-იორკი ტაიმსი" (30.07.2008, 7.08.2008). ხელოვნების სამეფო აკადემიის შენობა მდებარეობს პიკადილიზე, ბერლინგტონის სახლის დიდ შენობაში (მინდა აქვე ვახსენო, რომ ამავე შენობაში გახსნილი იყო დიდი გამოფენა "ბიზანტია 330-1453", აგრეთვე XX საუკუნის დასაწყისის მხატვრების მიროს, კალდერის, ჯაკომეტისა და ბრაკის გამოფენა). კონფერენცია ჩატარდა ძველი ხელოვნებისა და არქეოლოგიის საერთაშორისო ჟურნალ "მინერვა"-ს თაოსნობით.
უმაღლესი პოლიგრაფიული დონის ეს ჟურნალი მკითხველს აწვდის ძველი ხელოვნებისა და არქეოლოგიის საკითხების მიმოხილვას. მისი სათავო ოფისებია: დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში; ამას გარდა, იგი ვრცელდება მთელს ევროპაში, კანადაში და სხვა ქვეყნებში. კონფერენციის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ: ჯერომ აიზენბერგი, ფილოსოფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვა"-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე მარკ მერონი, ფილოსოფიის დოქტორი, ჟურნალ "მინერვა"-ს რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; დოქტ.პიტერ კლეიტონი, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალის კონსულტანტი და რედაქტორი, კონფერენციის კოორდინატორი; ნიკლას რიდი, ხელოვნების მაგისტრი და ფილოსოფიის მაგისტრი. უნდა ითქვას რომ კონფერენცია შესანიშნავად იყო ორგანიზებული: ეს შუა ხნის ადამიანები დაუღალავად მოქმედებდნენ და იღწვოდნენ იმისათვის, რომ კონფერენციის მიმდინარეობა სანიმუშო ყოფილიყო.
კონფერენციაზე მოხსენების წასაკითხად წარმოდგენილი ყოფილა 100-მდე თეზისი, საიდანაც სამოხსენებოდ საორგანიზაციო კომიტეტმა აარჩია სულ 12. მათ შორის ბ-ნ გია კვაშილავას მიერ წარმოდგენილი მოხსენება "ფესტოსის დისკო - კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუშის - გაშიფვრა"; ამ მოხსენებით მან სპეციალისტების წრეს გააცნო თავისი 17 წლის მუშაობის შედეგი - მე-20 საუკუნის მეცნიერთათვის ენიგმატური ტექსტის ამოკითხვა პროტოქართველურ (კოლხურ) ენაზე. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მოხსენება დიდ ინტერესს გამოიწვევდა, რადგან წინასწარი გამოძახილები ძალიან დადებითი და იმედის მომცემი იყო: "მივიღეთ თქვენი ბრწყინვალე თეზისი..." დოქტ. იოხენ ციგენფუსმა (ავსტრია) მოსწერა გ.კვაშილავას: "დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კვლევა და აღმოჩენები დრამატულად შეცვლის მრავალ ადრინდელ შეხედულებას ისტორიაზე"; დოქტ. ჯერომ აიზენბერგი (აშშ): "მოუთმენლად ველოდები თქვენთან და თქვენს კოლეგასთან შეხვედრას კონფერენციაზე; ვგრძნობ რომ მოხსენება ძალიან საინტერესო იქნება". ჟურნალ "მინერვა"-ში (2008, XIX, #4, 9, 22) ჯ.აიზენბერგის სტატიაში ფესტოსის დისკოს დეშიფრირების მცდელობების არასრულ ჩამონათვალში დასახელებულია გ. კვაშილავას დეშიფრირებაც. დოქტ.პიტერ კლეიტონი (დიდი ბრტანეთი):..."თქვენი მოხსენება გამორჩეულად საინტერესო ჩანს, ვფიქრობ, მას დიდი კამათი მოყვება... დოქტ.აიზენბერგი, დოქტ.მერონი და მე მივესალმებით თქვენ მიერ ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის მსვლელობაში შეტანილ წვლილს". კონფერენციას ესწრებოდა 60-ზე მეტი მსმენელი, რომელიც უდიდესი ყურადღებით უგდებდა ყურს გამომსვლელებს. ყოველი მოხსენების მერე გამოდიოდნენ მონაწილეები და თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, მშვიდად და არგუმენტირებულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას.
მომხსენებლები ჩამოსულნი იყვნენ გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან (კრეტიდან) და საქართველოდან (ბ-ნი გია კვაშილავა და ამ სტრიქონების ავტორი). სამწუხაროდ იტალიიდან, რომიდან ავადმყოფობის გამო კონფერენციაზე ვერ ჩამოვიდა ფილოლოგიის დოქტორი ლუი გოდარი, რომელიც დღეს გერეთ ოუენსთან და ივ დიუოსთან ერთად ითვლება ფესტოსის დისკოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მკვლევარად მსოფლიოში. სწორედ ლუი გოდარის იუბილეს მიეძღვნა ორგანიზატორების მიერ გამართული საზეიმო სადილი. ლუი გოდარის მოხსენება "ფესტოსის დისკო და ეგეოსური ცივილიზაცია" კონფერენციის გახსნის დროს წაიკითხა მარკ მერონიმ. კონფერენცია გახსნა და მოხსენება წაიკითხა ჯერომ აიზენბერგმა (ნიუ იორკი, აშშ). უნდა ითქვას, რომ მომხსენებლები მართლაც მკაცრად იყვნენ შერჩეულები. ლუი გოდარის გარდა აქ მოწვეული იყვნენ და ჩამოვიდნენ ფესტოსის დისკოს ყველაზე ცნობილი და სახელიანი მკვლევარები: გერეთ ოუენსი (ჰერაკლიონი, კრეტა, საბერძნეთი), ტომ პალაიმა (ოსტინი, ტეხასი, აშშ), დიტერ რუმფელი (დიუსელდორფი, გერმანია), ჯონ კოლმანი (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი), რიჩარდ სპროუტი (ურბანა, ილინოისი, აშშ), ნიკლას რიდი (ფოკსტოუნი, კენტი, დიდი ბრიტანეთი), აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა პიტერ კლეიტონი (ჰემელ ჰემპსტედი, დიდი ბრიტანეთი).
ამ მეცნიერებმა მრავალი წელი მიუძღვნეს ფესტოსის დისკოს შესწავლას, მისი შესრულების ტექნიკის ანალიზს, ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენას, დათარიღებას, მისი ავთენტურობის გარკვევის საკითხს, მისი პალეოგრაფიული პარალელების ძიებას; ისინი გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს ტექსტის სავარაუდო ენის თაობაზე და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა, უაღრესად ზუსტად, ნათლად იყო ჩამოყალიბებული და ამიტომაც უაღრესად საინტერესო იყო. როდესაც ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ კონფერენცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, მიპასუხეს, რომ ეს განაპირობა მოხსენებათა მკაცრმა არჩევამ და შედარებით მცირე რაოდენობამ. როგორც კონფერენციაზე ისე არაოფიციალურ შეხვედრებზე არაერთგზის იმეორებდნენ ფესტოსის დისკოს პირველი და უაღრესად ნაყოფიერი მკვლევარის სერ ართურ ევანსის, ასევე B ხაზოვანი წარწერების ამომკითხავი მაიკლ ვენტრისისა და ჯონ ჩედვიკის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ დისკოს ენა მათთვის უცნობია და რომ A ხაზოვანი წარწერისა და ფესტოსის დისკოს ტექსტის ენა ერთიდაიგივეა, განსხვავებულია მხოლოდ შრიფტი. ზოგი მათგანი ამბობდა, რომ შეუძლებელია დისკოს ტექსტის წაკითხვა იმის გამო, რომ ასეთი წარწერის მხოლოდ ეს ერთი ნიმუშია აღმოჩენილი - ვლადიკავკაზში ნაპოვნი ნატეხი, რომელიც დისკოს ნიშნებს იმეორებს, როგორც ჩანს, ყალბად ითვლება. სერ არტურ ევანსის, ლუიჯი პერნიესა და სხვათა მიერ თავის დროზე გამოთქმული აზრი იმის თაობაზე, რომ დისკოს ტექსტი ჰიმნია, გაზიარებულია ყველა მკვლევარის მიერ. როგორც კონფერენციაზე ითქვა, დისკოს ტექსტი, როგორც ჩანს, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მისი შემქმნელებისათვის, რადგანაც მათ დიდი ყურადღება დაუთმეს ტექსტის სიზუსტეს ან იქნებ კანონიკურ ხასიათსაც და მისი დამზადების საგანგებო ტექნოლოგიას, რომელიც დისკოს დროის გამანადგურებელი მოქმედებისაგან დაიცავდა (დ.რუმფელი). ("რა არის ისეთი ამ ტექსტში, რაც მის მბეჭდავს სურდა უსათუოდ გადარჩენილიყო ჟამთა სიავეს?" კითხულობდნენ მკვლევარები). ცხადია, ბ-ნი გია და მეც ცოტას ვნერვიულობდით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით ჩატარდებოდა მოხსენება, როგორი აღსაქმელი იქნებოდა რთული და გადატვირთული მასალა მსმენელისათვის.
რეგლამენტი შეზღუდული იყო და ძალიან მკაცრიც - დიდი თხოვნის შემდეგ სულ სამი-ოთხი წუთი მოგვიმატეს, რაც ოდნავი შეღავათი იყო მხოლოდ. ამიტომ იქაც, ლონდონში ყოფნისას დიდი დრო მოვანდომეთ მოხსენების ტექსტის შემცირებას, ისეთნაირ გამარტივებას, რომ არ დაკარგულიყო მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც წარმოადგინა გია კვაშილავამ. სამწუხაროდ ამ შემოკლების გამო ვერ მოხერხდა სრულად ყოფილიყო ნახსენები ის ქართველი მეცნიერები (მრავალი მათგანი აწ გარდაცვლილია), რომლებიც ამდენს იღწვოდნენ და იკვლევდნენ საქართველოს უძველეს ისტორიას (ესენი პირველ რიგში იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, პავლე ინგოროყვა, სიმონ ყაუხჩიშვილი და თინათინ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე, პანტელეიმონ ბერაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი მაჭავარიანი, თამაზ გამყრელიძე); მათი ნაშრომები ადასტურებს და მხარს უჭერს გ.კვაშილავას კვლევის დასკვნებს. უნდა ითქვას, რომ მოხსენებათა განრიგი საკმარისად ჭკვიანურად იყო შედგენილი. 12 მოხსენებიდან ჩვენი მე-11 იყო, ტომ პალაიმას, გერეთ ოუენსისა და ნიკლას რიდის შემდეგ, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი, იმის გამო, რომ ჩვენ "გამორჩეულ საზოგადოებაში" მოვხვდით, მეორეც იმიტომ, რომ წინა დღეს მოვასწარით შევჩვეოდით კონფერენციის საერთო ტონს, შევაფასეთ აუდიტორია (პროფესიონალური!) და ა.შ. მოხსენების დროს წარმოდგენილი იყო მტკიცებულებებისათვის ძლიერ მნიშვნელოვანი მდიდარი კომპიუტერული მასალა – ეს მასალა საგანგებოდ მოიწონეს მოხსენების შემდეგ მსმენელებმა და ორგანიზატორებმა. მოკლედ ვიტყვი, რომ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო გ. კვაშილავას არგუმენტები დისკოს ტექსტის წაკითხვის მიმართულების შესახებ დისკოს ცენტრიდან პერიფერიისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე ტექსტის წაკითხვის მიმართულებად უმრავლესობის მიერ არაერთგზის დასახელდა პერიფერიიდან ცენტრისაკენ წაკითხვა, ტიპოლოგიური კომპიუტერული მასალით გამაგრებული გ.კვაშილავას ექვსი არგუმენტი არავისათვის არ გამხდარა საკამათო... წარმოდგენილი იყო ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა წაკითხვისათვის გ.კვაშილავას მიერ შექმნილი ალგორითმი, რომელიც ბუნებრივად ეყრდნობა თვით მასალის გრაფიკულ მონაცემებს და მარტივად, ცალსახად მოიცავს არა მარტო დისკოს ტექსტს, არამედ ვრცელდება, აგრეთვე, იმ სამ წარწერაზეც, სადაც გამოყენებულია ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნები. ესენია: წარწერა არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე და ფესტოსის ლარნაკზე.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესი ლინგვისტური მასალა, რომელიც მიღებულია თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის მიერ შედარებითი მეთოდებით პროტოქართველური (კოლხური) ენის აღდგენისას. მთელი ეს მასალა ადეკვატურად ასახულა ფესტოსის დისკოს წარწერაში, რაც მტკიცედ უჭერს მხარს გ.კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს კოლხურ (პროტოქართველურ) ენაზე წაკითხვას. ტექსტი თარიღდება იმ პერიოდით, როდესაც ჯერ არ არის მომხდარი საერთო-ქართველურის დაშლა ერთი მხრივ მეგრულ-ჭანურ, ხოლო მეორე მხრივ ქართულ განშტოებებად (ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეული). წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, დისკოს ტექსტის როგორც ზოგადი ინგლისური თარგმანი, ისე, ზოგჯერ, ცალცალკე ნახატ-ნიშნების მორფოლოგიური ღირებულების მარცვლოვანი წაკითხვაც. შეჯამებული იყო, აგრეთვე, დისკოს ორივე მხარის შინაარსი. აქვე უნდა დავამატო, რომ მოხსენებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე, მან თითქოს წერტილი დაუსვა იმ კამათსა და მსჯელობას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლონდონში, სიძველეების შემსწავლელთა საზოგადოების დარბაზში (რომელშიც, სხვათა შორის კარგა ხანს იყო მოთავსებული როზეტის ქვა, სანამ მას ბრიტანეთის მუზეუმში გადაიტანდნენ; აქვე წაიკითხა მაიკლ ვენტრისმა თავისი მოხსენება B ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ). განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ჩანს, მოხსენებამ გერეთ ოუენსზე, რომელიც მანამდე ყოველი მოხსენების შემდეგ კამათში გამოდიოდა და თავის აზრს გამოთქვამდა, ამჯერად მან სახის გაოგნებული გამომეტყველებით მოისმინა მოხსენება, არაფერი უთქვამს, თავისი ადგილიდან ყველას წარმატება უსურვა და დარბაზი დატოვა. გ.კვაშილავას ულოცავდნენ და ეუბნებოდნენ ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგია, თუმცა ძნელია ერთბაშად ასეთი მასალის ათვისება, მოითმინეთ სამიოდე წელიწადი და თქვენს აღმოჩენას მთელი მსოფლიო აღიარებსო.
შემდეგში თბილისში ელექტრო ფოსტით მოსული წერილებში იწერებიან: "თქვენი მოხსენება კარგად იყო წარმოდგენილი და სრულიად განსაცვიფრებელი იყო. მასში, რა თქმა უნდა წარმოდგენილია დისკოს გამოცანის გადაჭრისადმი საინტერესო მიდგომა. გისურვებთ წარმატებას თქვენს შემდგომ კვლევაში" (ჯ.აიზენბერგი, აშშ). დოქტ. დიტერ რუმფელმა (გერმანია) მოიწერა: "ძალიან ვაფასებთ თქვენს სამეცნიერო თვალსაზრისს, ცოდნასა და ძალისხმევას, რამდენადაც ვიცი, თქვენ დისკოს ერთადერთი მკვლევარი ხართ, რომელმაც გაბედა და თავის დაბეჭდილ გამოკვლევაში ჩართო მითოლოგიის პერსონაჟები..." აგრეთვე: "თქვენ, ცხადია, გმართებთ მოთმინება და სიმტკიცე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სწორ გზას ადგეხართ და საბოლოოდ გაღიარებენ" (ი.ციგენფუსი, ავსტრია). "თუ გახსოვთ, მე კონფერენციაზე გითხარით, რომ განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა თქვენი ანალიზი ნიშანთა როტაციაზე, რომელსაც განმასხვავებელი ფუნქცია აქვს... არც ერთ "ორგანულ" სისტემას არ ვიცნობ, რომელსაც ეს თვისება ახასიათებდეს. ამითაც - თუ ეს დისკოს სისტემის დამახასიათებელი ნიშანია, დისკოს წარწერა კიდევ უფრო უჩვეულო აღმოჩნდა ვიდრე ეს აქამდე გვეგონა" (რ.სპროუტი, აშშ). მოხსენებას გამოეხმაურა, აგრეთვე, ბერძნული გაზეთი "ვიმა საიენსი" (18.01.2009), სადაც პროფ. ტ.კაფანტარისი, თავისი სტატიის ერთ-ერთ ქვეთავში წერს მისი ადრინდელი ვარაუდის შესახებ იმის თაობაზე, რომ ფესტოსის დისკოს წარწერა ეკუთვნოდა მოსახლეობას, რომელიც დომინირებდა ეგეოსის რეგიონში მინოსურზე უფრო ადრე. სავარაუდო იყო, რომ რომელიღაც უძველესმა ენამ იქონია ძლიერი გავლენა ამ რეგიონის ენობრივ გადანაწილებაზე. ტ.კაფანტარისი წერს, რომ ეს მისი ვარაუდი განმტკიცდა მას შემდეგ, რაც იგი გაეცნო ქართველი გია კვაშილავას მოხსენებას ლონდონის კონფერენციაზე.
კვაშილავამ, რომელსაც ბიძგი მისცა ჰერბერტ ძებიშის გამოკვლევებმა, არა მხოლოდ აჩვენა, რომ დისკოს ენა იმდროინდელი ქართული - კოლხურია, არამედ მან კრეტას დაუკავშირა კორიბანტები და მათი კირბები, ერთმანეთთან დააკავშირა კრეტელი, ლემნოსელი და სამოთრაკიელი კორიბანტები; ენაზე, რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ, აგრეთვე საუბრობდნენ მინოსის კოლხი მეუღლე პასიფაე, კოლხეთის მეფე აიეტი, მისი ქალიშვილი მედეა და ოდისევსის მომაჯადოებელი კირკე... კრეტელებს შეუძლიათ იოცნებონ იმ დროზე, როდესაც ისინი მსოფლიოს ლიდერები იყვნენო, დაასკვნის ტ.კაფანტარისი. ეჭვგარეშეა, რომ გ.კვაშილავას მიერ თითქმის ოთხი ათასწლეულის სიძველის უნიკალური ტექსტის ამოკითხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს კულტურისა და რელიგიის, მისი ისტორიისათვის, ისე იმ გავლენის შესწავლისათვისაც, რომელიც პროტოქართველურ კულტურას ჰქონდა ევროპულ კულტურაზე. ისღა დამრჩენია საგანგებოდ ვახსენო დოქტ.ჰერბერტ ძებიში, ავსტრიელი მკვლევარი, ვინც პირველმა გამოთქვა ფესტოსის დისკოს კოლხურ-იბერიულ ენაზე წაკითხვის ვარაუდი. იბერიულ-კოლხურ ენას მან რამდენიმე წიგნი უძღვნა, თავისი მოსაზრება ფესტოსის დისკოს პროტოქართველურ ენაზე წაკითხვის თაობაზე მან ბუდაპეშტის "ეირენე"-ს საერთაშორისო კონგრესს მოახსენა 1988 წელს; აგრეთვე მოხსენებით გამოვიდა კრეტოლოგთა კონგრესზე 1991 წელს კრეტაზე; მიკენოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე რომში 1991 წელს, ჩამოსული იყო საქართველოშიც, ვანში. ჰერბერტ ძებიშმა შექმნა კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც შეეძლო ნებისმიერი ენის ჩასმა და ამ ენების მასალის შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისათვის. მან სცადა ბიბლიის ებრაული, ძველი სლავური, აღმოსავლური და სხვა ენებიც, მაგრამ არცერთმა არ "უპასუხა" პროგრამას. მოგვიანოდ მან ამ პროგრამაში ჩასვა პროტოქართველური და მისი პროგრამა ამოქმედდა! თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მან მოანდომა ძველი ქართულის შესწავლას. ჰერბერტ ძებიში გარდაიცვალა 1993 წელს. ჰ.ძებიშის ვარაუდმა, ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა მაშინ 16 წლის გ.კვაშილავაზე. დღეს ჩვენ მდლობას ვუხდით ჰერბერტ ძებიშის ვაჟს, დოქტორ ჰერმან ძებიშსა (ავსტრია) და დოქტორ იოხენ ციგენფუსს (ავსტრია) - ისინი დაგვეხმარნენ რეალობად ქცეულიყო ჩვენი მონაწილეობა ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. ასევე მადლობას ვუხდით ბ-ნ ლუკა ჩაჩიბაიას (დიდი ბრიტანეთი), ბ-ნ ნოდარ გაგუას (რუსეთი); აქვე მადლიერებით მოვიხსენიებთ ქ-ნ ნინო დარასელს, რომელმაც ყურადღება მიგვაქცევინა კონფერენციის ჩატარების სავარაუდო გეგმაზე. მადლობას მოვახსენებთ, აგრეთვე დოქტ. ნანი ჭანიშვილს მრავალმხრივი მხარდაჭერისათვის. და ბოლოს, შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ გია კვაშილავას, რომელმაც კიდევ დიდი შრომა უნდა გასწიოს იმისათვის, რომ წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანოს A ხაზოვანისა და კრეტული იეროგლიფების შესწავლა.
|