There are no translations available.
< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ.,1974.-გვ. 41-42
გარდამავალი ხანის უმნიშვნელოვანეს ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება VIII - IX საუკუნეების ორი ძეგლი კახეთში. ორივეს "ყველაწმინდა" ეწოდება. ერთი გურჯაანთანაა, მეორე ვაჩნაძიანის (ახლანდელი შრომის) მახლობლად. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა მთებშია, დაბურულ ტყეში. ეკლესია დიდი ხანია მიტოვებულია, ახლო - მახლო მოსახლეობაც არ იყო და შენობა ხეებმა და ეკალბარდებმა დაფარა იმდენად, რომ ახლა მისი გარედან გადაღება თითქმის შეუძლებელია. იგი კუპელ - ჰალეს ტიპს მიეკუთვნება, ე.ი. მისი ძირითადი ნაწილი შეადგენს წაგრძელებულ ნავს, რომლის ცენტრშიაც აღმართულია სიგრძივი კედლების შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. მაგრამ შუა ნავის გარშემო მოთავსებულია გარშემოსავლელი, აგრეთვე სადიაკვნე და სამკვეთლო. ტაძრის საერთო კომპოზიცია ნებას გვაძლევს, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა მივიჩნიოთ ჩვენთვის უკვე ცნობილი ტიპის - სამეკლესიიანი ბაზილიკის - თავისებურ გადამუშავებად. ტრომპების ნაცვლად გუმბათისა და გუმბათქვეშა კვადრატის დამაკავშირებელ კონსტრუქციად უკვე აფრები (პანდანტივები) იხმარება, მაგრამ არც ტრომპია უგულებელყოფილი: მას იყენებენ დამატებითს სადგომებში და აგრეთვე ნავის გვერდის ნიშებში, რომლებიც კონქებითაა გადახურული. ტაძრის ინტერიერი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. პირველი, რაც თვალს ხვდება წინა დროის ძეგლებთან (მაგ.. ჯვართან, წრომთან, ატენთან) შედარებით - პროპორციათა სრული შეცვლაა. წარმოიშვა სწრაფვა ზემოთკენ, სივრცე დავიწროვდა და ამაღლდა, სიგრძივი ღერძიც უფრო მკაფიოდაა ხაზგასმული. საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება გასაოცრად ჰარმონიულია. ხუროთმოძღვრის მიერ ყველაფერი გააზრებულია, თვით შუქის წყაროთა განლაგებაც - გუმბათის ყელში, რომელიც აგრეთვე ამაღლდა, საკურთხეველში, გვერდის კედლებში. ვაჩნაძიანის ტაძარი ერთი წინამორბედთაგანია მომდევნო ეპოქისა, ხოლო თავისი მხატვრული ღირსებებით უეჭველად მიეკუთვნება თავისი დროის ყველაზე შესანიშნავ ძეგლთა რიცხვს.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ.,1974, გვ.120. 128
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, სოფ. შრომიდან და კალაურიდან 7-8 კმ-ის მანძილზეა, ტყეში. აქ მონასტერი იყო. ყველაწმინდის გარდა, დარჩენილია სამეკლესიიანი ბაზილიკის და სამონასტრო შენობების ნანგრევები. საშენი მასალა ძირითადად აქაც ორგვარია: რიყის ქვა (კედლები, კამარების ნაწილი, კონქები და სხვ.) და აგური (ზოგი თაღი და კამარა, ტრომპები, სარკმლების თაღები, გუმბათის ყელი და გუმბათი). ვაჩნაძიანის ტაძარი გარდამავალი ხანის ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეუთვნება. სტილისტიკური ანალიზის საფუძველზე მას VIII - IX სს. მიჯნას მიაკუთვნებენ. ეკლესიის ზომები გარედან: 27,5 X17,5 მ. (აღმოსავლეთ ნაწილში სიგანე 19,5 მ-მდეა), სიმაღლე შიგნით - 21 მ - მდე.
ვანთა, ვაჩნაძიანი, ნეკრესი - სასახლეები // ვ. ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ. 128
სამივე კახეთშია. პირველი ამათგანი თელავის რაიონში მდებარეობს, სოფ. ვანთას მახლობლად. დანგრეულია: აღარც სახურავი აქვს, არც სართულშუა გადახურვა (ხისა). შენობის ზომებია 27,5X11 მ. მეორე ანალოგიური ნაგებობის ნანგრევი სოფ. შრომის (ვაჩნაძიანის) მახლობლადაა გურჯაანის რაიონში. შენობის ზომებია (შუა ღერძებზე): 29X11,5 მ. მესამე ნეკრესის მონასტერშია, ყვარლის რაიონში
|