topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბოდბის საეპისკოპოსოს დაარსების საკითხისათვის - თ. სიმონიშვილი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება (ბოდბის ეპარქია)...<<საქართველოს ეკლესიის ეპარქიები>>

ბოდბის საეპისკოპოსოს დაარსების საკითხისათვის - თ. სიმონიშვილი

ბოდბის ეპარქია მოიცავს ქიზიყს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ კუთხეს, რომელიც კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამჟამად ეპარქიის შემადგენლობაში შედის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ნეკრესის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით საგარეჯოს და გურჯაანის ეპარქიები. საეპისკოპოსო კათედრა არის ბოდბეში, სამღვდელმთავრო რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში (1, 2). ბოდბის საეპისკოპოსოს ისტორიის შედარებით სრული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღდგენა პირითადად XV ის ბოლო მეოთხედიდან ხერხდება. ესაა ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში დაცული ცნობა კახეთის პირველი მეფის გიორგი VIII-ს (1466-1476 წწ.) მოღვაწეობის შესახებ, რომელმაც სამხედრო-ადმინისრტრაციული მოწყობის თვალსაზრისით ქვეყანა სადროშოებად დაჰყო (2, 567-568). ადრეული პერიოდის ცნობები მწირია. XIII ს-ის ქართული წყაროთი, „განგება დარბაზობისა" ვიგებთ, რომ ქიზიყელს (ე.ი. ბოდბელს) მეშვიდე ადგილი უკავია საქართველოს მეფის კურთხევისას, თუმცა თანადროულ მღვდელმთავართა სახელები ჩვენთვის უცნობია. წყაროში ვკითხულობთ: „რაჟამს იკურთხოს მეფე და დაჯდეს ტახტსა ზედა, ეფისკოპოზნი ამ წესითა დასხდნენ... 6. შემოვიდეს ამბა ალავერდელი და დაჯდეს ჭყონდიდელსა ქვემოთ ნატითა უბალიშოდ. 7. შემოვიდეს ქიზიყელი და დაჯდეს ალავერდელსა ქუემოთ. 8. შემოვიდეს კუმურდოელი და დაჯდეს ქისიყელსა ქუემოთ" (3, 47-48). სახარბიელო მდგომარეობა არც საეპისკოპოსოს დაარსების მომენტისათვის გვაქვს, სომხური წყაროთი („ეპისტოლეთა წიგნი“) დასტურდება, რომ ქართველი ეპისკოპოსი, ლაზარე ბოდბელი 506 წ. ამიერკავკასიის ქვეყნების ეკლესიების გაერთიანებული კრების მონაწილეა. „ეპისტოლეთა წიგნში, კერძოდ აბრაამ სომეხთა კათალიკოსის მესამე ეპისტოლეში კირიონ ქართლის კათალიკოსისადმი, ჩამოთვლილნი არიან შემდეგი მღვდელმთავრები. ,,...გაბრიელ ეპისკოპოსი მცხეთისა სახელოვანი, პალგენ ეპისკოპოსი სეფე სახლისა.. იოსებ ეპისკოპოსი მიდამილი, ლაზარ ეპისკოპოსი ბოლდბილი, თეოდოროს ეპისკოპოსი ფორთის..."(4, 97). ამის შემდგომი პერიოდი ბურუსითაა მოცული. აღნიშნული ცნობა ადასტურებს, რომ V ს-ის ბოლოსათვის ბოდბის საეპისკოპოსოს არსებობა რეალური ფაქტი უნდა იყოს. ბოდბის საეპისკოპოსოს დაარსების საკითხთან მჭიდრო კავშირშია პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ კათალიკოსობის დაწესებამდე (V ს. 70 წ.) ქართულ ეკლესიაში საეპისკოპოსოების არსებობის ფაქტს ეხება. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს ქართული წყაროების („მოქცევაი ქართლისაი", „ქართლის ცხოვრება") შედარება. როგორც მთავარეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე) აღნიშნავს "მოქცევაი ქართლისაი" და „ქართლის ცხოვრების" ცნობები ერთმანეთს ავსებენ. თუ „ქართლის ცხოვრების" თანახმად, მეფე მირიანის გარდაცვალების დროს ჩვენს ეკლესიაში უკვე რამდენიმე ეპისკოპოსი იყო, „მოქცევაი ქართლისაის" თანახმად, ამ ეპისკოპოსების მეთაურს უკვე აქვს ტიტული "მთავარეპისკოპოსისა." (5, 197). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ვ.გოილაძეს. მეცნიერი აღნიშნავს: "კათალიკოსობის დაწესებამდე, ძველ ქართულ წყაროებში ეპისკოპოსთა შესახებ არსებულ სიებში მხოლოდ თითო პიროვნება რომაა დასახელებული, შემთხვევითი არაა, ძველი ავტორები ხომ მხოლოდ ქართლის ეკლესიის მეთაურებს ასახელებდნენ და არა მთელ მათ სამწყსოს. ქართული ეკლესია წარმოქმნისთანავე, როგორც ცნობილია, ბიზანტიის იმპერიაში არსებული ეკლესიების იერარქიული წყობის მიხედვით ვითარდებოდა. ამიტომ, გამორიცხულია, მთელ სამეფოში მხოლოდ ერთი საეპისკოპოსო არსებულიყო. ბიზანტიის ეკლესია, ...ცალკეული ეროვნული ეკლესიებისაგან შედგებოდა და თითოეული ეროვნული  ეკლესიის მეთაურს ერთი კი არა, ათეულობით ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. სწორედ აღნიშნულით იყო განპირობებული, 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას 318 ეპისკოპოსი რომ ესწრებოდა. ნ.ადონცის თანახმად, 450 წლის აშტარაკის საეკლესიო კრების დროს სომხეთში 18 საეპისკოპოსო ყოფილა. ერთი ეპისკოპოსისადმი ქართლის სამეფოს დაქვემდებარების დამადასტურებელ საბუთად ისიც არის მიჩნეული, მიქაელის წინა ხანის ქართლის ეკლესიის სათაურები ეპისკოპოსებად რომ არიან დასახელებულნი". სამაგიეროდ, აღნიშნავს ვ.გოილაძე, "მოქცევაი ქართლისაი"-ს მატიანეში იოანეს შემდეგ ქართლის ეკლესიის ყველა საჭეთმპყრობელი მთავარეპისკოპოსად იწოდება. ამ მხრივ არანაკლებ საყურადღებოა ჯუანშერის ცნობა. 468 წ. ირანიდან მომავალ ვახტანგს „ყოველნი სპასალარნი, და მათთანა ეპისკოპოსნი" რომ შეეგებნენ. იქვე მიქაელი ეპისკოპოსად არის დასახელებული".მეცნიერი მიუთითებს, რომ "ბიზანტიის იმპერიაში ისეთი დიდი საეკლესიო ცენტრების ხელმძღვანელებიც კი, როგორებიც იყო რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიები,  თავდაპირველად... მხოლოდ ეპისკოპოსებად იწოდებოდნენ. თუმცა, თითოეულ მათგანს, როგორც ეს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მასალებიდან ჩანს, ამ დროისათვის ეპარქიის შიგნით უკვე ათეულობით ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. ამ უდიდესი საეკლესიო ცენტრების მეთაურებმა, მთავარეპისკოპოსის (არქიეპისკოპოსის) და პატრიარქის ტიტულები შედარებით გვიან მიიღეს. რა თქმა უნდა, ასეთივე პროცესია სავარაუდებელი ქართული ეკლესიის იერარქიული წყობის განვითარებაში. ამიტომ იწოდებიან ქართული ეკლესიის პირველი მეთაურები ჯერ ეპისკოპოსებად, შემდეგ მთავარეპისკოპოსებად და ბოლოს პეტრედან - კათალიკოსებად" (6, 149-150). საეპისკოპოსოების შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, მაგ:„შუშანიკის წამებაში", რომელიც 476-484 წწ.-ში არის დაწერილი (7, 27-40) სწორედ აღნიშნულ წყაროებზეც ამახვილებს ყურადღებას ვ.გოილაძე თავის ნაშრომში: "ქართული ეკლესიის სათავეებთან" (6, 150-152). ბოდბის საეპისკოპოსოს დაარსების საკითხთან დაკავშირებით უნიკალურ ცნობებს გვაწვდის "წმ.ნინოს ცხოვრების" სხვადასხვა რედაქცია. ერთ მეტად საინტერესო ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: "წმ.ნინოს ცხოვრების" უცნობი ავტორი, რომლის ტექსტი XII ს-ის მწერლის, არსენი ბერის თხზულების პერიფრაზულ რედაქციას წარმოადგენს, გვამცნობს: მირიან მეფემ "განიზრახა, რათა გუამი მისი აღიყვანოს და დაჰკრძალოს მახლობლად სუეტიცხოველისა და ვითარცა ხელყვიან აღებად გუამისა მის წმიდისა, ხელნი მათნი უქმ იქმნიან და ყოვლად ვერ უძლიან შეძრვად. მაშინ გულისხმა-ყვეს და დაჰკრძალეს მასვე დაბასა შინა ბუდეს ეკლესია აღუშენეს და ეპისკოპოზი განაჩინეს მას ზედა. ესრეთ პატივით და კრძალულობით პატივსცეს წმიდასა და ნეტარსა მოციქულსა და განმანათლებელსა ქართლისასა, კახეთისა და ჰერეთისასა, სამგზის სანატრელსა ღმრთივდიდებულსა ნინოს" (8, 433). რა წყაროებით სარგებლობდა ავტორი, როდესაც ეკლესიის აშენებაზე და იქ ეპისკოპოსის დადგენაზე საუბრობდა, ჩვენთვის უცნობია, ამიტომ დაბა ბოდში იმთავითვე საეპისკოპოსოს დაარსების ფაქტის მიღება შესაბამისი დოკუმენტების სიმწირის გამო შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა, მაგრამ თუ წყაროებზე დაყრდნობით ჭეშმარიტებად მივიჩნევთ ფაქტს, რომ უკვე IV საუკუნეში ქართულ ეკლესიაში არა ერთი, არამედ რამოდენიმე საეპისკოპოსო არსებობდა, ასევე ყურადღებით გავადევნებთ თვალს ლეონტი მროველის თხზულებას წმ.ნინოს მიერ  ქართლის მოქცევის შესახებ, წავაწყდებით არანაკლებ საინტერესო ცნობას. საქმე ეხება მირიან მეფის მიერ გარდაცვალების წინ დატოვებულ ანდერძს, რომელშიც იგი დედოფალ ნანას უბრძანებს: „შენ ნანა, უკუეთუ გეცესღა მოცალეობ, ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად განყავ სამეფო განძი ჩუენი ორად და მიიღე სამარხავსა ნინოსა, განმანათლებლისა ჩუენისა, ჟამთა შეცვალებისათვის, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირი არს." ეგრეთვე დავედრა ეპისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, „რამეთუ ღირს არს პატივისცემისა" (9, 129). ჩვენი ყურადღება მიიქცია მრავლობით რიცხვში ნახმარმა სიტყვამ „ეპისკოპოსთა." როგორც ჩანს, უცნობი ავტორის სიტყვები: ,,ეპისკოპოზი განაჩინეს" და ლეონტი მროველის - „ეგრეთვე დაჰვედრა ეპისკოპოსთა", შემთხვევითი ფაქტი არ არის და თუ ამ დროისათვის არსებულ ქართული ეკლესიის ორგანიზაციული მოწყობის პრინციპსაც მოვიშველებთ, ბოდბის საეპისკოპოსოს  დაარსება IV ს-ის მეორე ნახევრიდან მაინც, სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია. ამ ფაქტს მრავალი გარემოება უწყობდა ხელს, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი. ასევე ვიმედოვნებთ, არსებული წყაროების გულმოდგინედ შესწავლა და ახალი, ამჟამად უცნობი წყაროების აღმოჩენა გაამყარებს ჩვენს მოსაზრებას. როდის მოხდა დაბა ბოდის (ბოდბეს) კამბეჩოვანისადმი, შემდეგ ქიზიყისადმი მიკუთვნება, ძნელი დასადგენია: შესაძლოა სწორედ მაშინ, როდესაც ბოდბეს საეპისკოპოსოს სამწყსო მთლიანად კამბეჩოვანი გახდა და ამდენად  აღნიშნული ტერიტორიაც მას მიეკუთვნა (10, 64-65). "ადრეფეოდალურ ხანაში კამბეჩანის (ქიზიყის) ქვეყნის გარკვეული ნაწილი ეპარქიალურად ხორნაბუჯის საეპისკოპოში შედიოდა“. ამ საეპისკოპოსოს "უახლოესი მომიჯნავე დასავლეთიდან იყო ბოდბის ეპარქია...XIII ს-ში, ხვარაზმელთა და მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, ხორნაბუჯის საერისთავო დაეცა, რასაც, ბუნებრივია, ხორნაბუჯის საეპისკოპოსოს მოშლაც უნდა მოჰყოლოდა. ვფიქრობთ, ამით უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომ გვიანდელ წყაროებში მთელი ქიზიყი ეპარქიალურად ბოდბის საეპისკოპოსოში შემავალ ქვეყნად არის ნაგულისხმევი'' (11,147-148). არსებობს მოსაზრება დაბა ბოდის და ხორნაბუჯის იგივეობის შესახებ. აღნიშნული ტოპონიმები განხილული აქვთ ივ.ლოლაშვილს (12, № 142) და ი.შაიშმელაშვილს (13, 260-62). უ.სახლთხუციშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ტოპონიმთა კვლევა მეტად მიმზიდველი და საინტერესოა და ამავე დროს მაცდუნებელიც“. მეცნიერი არ ეთანხმება ზემოთ დასახელებულ ავტორთა მიერ წარმოდგენილ თვალსაზრისს ხორნაბუჯისა და ბოდბის იგივეობის მესახებ (14, 103). მთავარეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე) ჩამოთვლის რა საეპისკოპოსოთა სახელწოდებებს ქართლში კათალიკოსობის დაწესების პერიოდისათვის, ერთდროულად ასახელებს როგორც ხორნაბუჯის, ასევე ბოდბის საეპიკოპოსოს და იქვე მიუთითებს ნინოწმინდის საეპისკოპოსოსაც (5, 218). თავისი მოსაზრების დასადასტურებლად ავტორი ეყრდნობა ივ.ჯავახიშვილის, ს.ჯანაშიას, ნ.ჯანაშიას, ს.კაკაბაძის, კ.კეკელიძის, ზ.ალქსიძის შრომებს. ცხადია, ჩვენს მიერ დასახელებულ მეცნიერებს ამოსავალ წერტილად აღებული აქვთ დვინის 506 წ. საეკლესიო კრებაზე მოხსენიებული ეპისკოპოსთა ჩამონათვალი. XIII ს-ის დასასრულის ვითარების ამსახველი წყარო, ,,განგება დარბაზობისა", არ იცნობს ხორნაბუჯელ ეპისკოპოსს, მასში დასახელებულია ქიზიყელი, რომელიც ბოდბელის ანალოგიური მნიშვნელობით იხმარება ქართულ საისტორიო წყაროებში. ჩვენ ხელთ გვაქვს მოგვიანო ხანის, კერძოდ 1748 წ. საეკლესიო კრების ამსახველი საბუთი, მასში მოხსენიებული ონოფრი ეპისკოპოსი ასე წარმოგვიდგება "ონოფრი, უღირსმან ეპისკოპოსმან ხორნაბუჯის და სრულიად ქიზიყის სამიტროპოლიტოსმან განვსაზღრუენ და წავსწერენ, ონოფრი (15, 804, №280). ბოდბის და ხორნაბუჯის საეპისკოპოსოების ურთიერთმიმართების საკითხის გარკვევა დაგვეხმარება კამბეჩოვანის (ქიზიყის) ისტორიული წარსულის შესწავლაში. „წმ.ნინოს ცხოვრების“ სხვადასხვა რედაქცია საინტერესო ცნობებს გვაწვდის ამ წმინდანის სამოღვაწეო არეს, მისი გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილის შესახებ. XI ს-ის სამოცდაათიანი წლების მოღვაწე ლეონტი მროველი, რომელსაც გადაუმუშავებია "წმ.ნინოს ცხოვრების" შატბერდ-ჭელიშური რედაქცია, თავის თხზულებაში გვამცნობს: ,,...მაშინ შეიძრნეს ორნივე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა და ყოვლი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსავე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თვით დაფლვა მეფისაგან, ...სიმდაბლისათვის ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხი იყო და მწუხარე იყო მეფე ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათვის დაფლეს მუნ" (9, 128). წმ.ნინოს დაკრძალვის ადგილის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ეს საკითხი საინტერესოდ აქვს განხილული გ. ბოლქვაძეს "სიღნაღის რაიონის, ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში 1998 წ. ჩატარებული სამუშაოების ანგარიშში". მეცნიერი აღნიშნავს XVIII ს ქართული ისტორიოგრაფიის (ვახუშტი ბატონიშვილი, მისი ნაშრომის გვიან გადამწერ-კომენტატორები, იოანე ბატონიშვილი და სხვ.) მიხედვით, ქართლის განმანათლებელი წმ.ნინო ბოდბის ტაძარშია დაკრძალული და ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში („მოქცევა, ქართლისაი“, „ქართლის ცხოვრება“, წმ.ნინოს ცხოვრების სხვა რედაქციები) მითითებული წმ.ნინოს გარდაცვალების და დაკრძალვის ადგილი ისტორიული დაბა ბოდი სიღნაღის რ-ონი სოფ.ქედელში არსებულ ბოდბის ტაძართანაა იდენტიფიცირებული. ეს მოსაზრება გაზიარებული იყო XIX ს-ში და XX ს-ის დამდეგს (პლ.იოსელიანი, დ.ფურცელაძე, ა.ნატროშვილი, მ.თამარაშვილი და სხვ.) და შემდგომი ხანის ისტორიკოსების მიერ (გ.ჩუბინაშვილი და სხვ.) სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია სხვა მოსაზრებაც ბოდი - ბოდბეს ურთიერთმიმართების შესახებ. კერძოდ წმ.ნინოს გარდაცვალებისა და თავდაპირველი დაკრძალვის ადგილის, დაბა ბოდის, საგარეჯოს რაიონის, სოფ.ნინოწმინდასთან იგივეობის შესახებ (ს.კაკაბაძე, ბ.მჭედლიშვილი, ზ.კიკნაძე, ო.მირზაშვილი და სხვ). არსებობს მოსაზრება ისტორიული დაბა ბოდის არაგვის ხეობაში ლოკალიზაციის და კერძოდ სოფ.ბოდავთან გაიგივების შესახებ (ჯ.ლომაშვილი) (16, 3). აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია დღევანდელი კახეთის და მისი ერთ-ერთი კუთხის, ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის შესწავლისა და განხილვის გარეშე. შევეცდებით, შედარებით ვრცლად მიმოვიხილოთ ეს საკითხი, თუმცა ნაშრომის ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებლად მივიჩნევთ ყოველი დეტალის სრულყოფილად გადმოცემას. ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვყავს ბ.მჭედლიშვილის მოსაზრება, რომელსაც მიაჩნია, რომ „ბოდი, ქალაქ უჯარმის დაბაა, უჯარმაზე დაქვემდებარებული. ეს პირობა გადამწყვეტია და აქედან გამომდინარე დაბა ბოდი ტერიტორიულად ქალაქ უჯარმის მახლობლად ივარაუდება. დღეს აღიარებული შეხედულების თანახმად, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზე აგებულ ეკლესიად მიჩნეულია სიღნაღის რაიონის ბოდბის მონასტრის ეკლესია... ის გარემოებაც, რომ ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა ნინოს ნეშტი ეკლესიის აშენების შემდგომ, მოგვიანოდ უნდა გადმოეტანათ სხვა ადგილიდან. ადრე მოტანილ ცნობებში, ქალაქ უჯარმის გვერდით ყოველთვის ფიგურირებდა დაბა ბოდი, ჯუანშერმა ბოდი არ იცის, სამაგიეროდ მასთან ჩნდება ნინოწმინდა, რომელიც "უჯარმის კარია“, დაბა ბოდმა ქრისტიანიზებული სახელწოდება მიიღო. დაბა ბოდის მოშლას ჯერ არაბობა შეუწეობდა ხელს, ხოლო შემდგომ თურქთა შემოსევა... ცხადია, ხანგრძლივი დროით აოხრებულ ქვეყანაში დაბა ბოდიც დავიწყებას მიეცემოდა და წმინდა ნინოს ნეშტიც ძველ პატივში აღარ იქნებოდა... წმინდა ნინოს ნეშტის დასაცავად ბოდბის მონასტერი შესაფერისი ადგილი რჩებოდა, ხოლო დაბისათვის, თანაც ისეთის, როგორიცაა აღწერით ბოდი, აქაურობა შეუფერებელია... ტოპონიმების, ბოდი - ბოდბეს მსგავსება, ხელს არ უშლის მოსაზრებას, ნინოწმინდიდან ბოდბეში ნინოს ნეშტის გადატანის შესახებ. შესაბამისად საეპისკოპოსოსი და სახელწოდების გადანაცვლებასაც“ (17, 51-55). ჩვენ ვერ დავეთანხმებით პატივცემულ მეცნიერს მთელ რიგ საკითხებში. ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა, ზოგიერთ შემთხვევაში ვარაუდის დონეზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, თუნდაც მას ცნობილი მეცნიერი გამოოქვამდეს, მაგ. ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (17, 54) ავტორი ეხება გ.ჩუბინაშვილის მიერ ჩაწერილ გადმოცემას წმ.ნინოს ნეშტის სადიაკვნედან საკურთხეველში გადასვენების შესახებ. ბ.მჭედლიშვილი აღნიშნავს: ,,როგორც ჩანს, იღუმენიას მონათხრობში დამახინჯებულად აირეკლა ნეშტის გადმოტანის ამბავი, რასაც თავის დროზე ს.კაკაბაძემ მიაქცია ყურადღება და ჩათვალა, რომ წმინდა ნინოს ნეშტი სოფ.ნინოწმინდიდან გადმოასვენეს ბოდბეში“. თუ საერთოდ, 90 წლის მოხუცის ნაამბობიდან უცილობელ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ წმინდანის ნეშტის გადასვენების ფაქტს, რატომ აღარ უნდა დავიჯეროთ სადიაკვნედან საკურთხეველში გადასვენება? იქვე აღნიშნულია: "ამასთან, ადგილობრივ მოსახლებაში არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ნინო გარდაიცვალა და დაასაფლავეს ნინოწმინდაში''. არც ამ მოსაზრებაზე დაყრდნობა გვმართებს, რადგან დაბეჯითებით შეიძლება განვაცხადოთ, რომ სიღნაღის რაიონის სოფ.ქედელის (ადგილი, სადაც მდებარეობს წმ.ნინოს მონასტერი), მცხოვრებლებში არსებობს გადმოცემა, რომ წმ.ნინო გარდაიცვალა და დაკრძალეს სწორედ აქ. ბ.მჭედლიშვილის ნაშრომების გამოქვეყნებამდე 20 წლით ადრე, დ.მუსხელიშვილი მიმოიხილავდა რა წმ.ნინოს მარშუტს, აღნიშნავდა: ,,...კახეთიდან წმ.ნინო ჩამოსულა მცხეთისკენ და გზად გამოუვლიდა ბოდინში, რომელსაც ბოდბესთან აიგივებენ. გომბორზე გადმოსული ნინო რომ გზად ბოდბეში მოხვედრილიყო, ცხადია, მას მანამდე ვრცელი  გზა უნდა გაევლო და ამდენად თავისი საგანმანათლებლო საქმიანობაც დიდ ტერიტორიაზე განევრცო, კერძოდ თითქმის მთელი აწინდელი შიგნით კახეთი უნდა მოევლო, რომ ბოდბეში გადმოსულიყო. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ცხადია, რომ თავის სამოციქულო მოღვაწეობას ნინო ჰერეთის ტერიტორიაზე ეწევა. თვით ბოდბეც, ხომ ჰერეთის ტერიტორიაზეა. წმ.ნინოს მოღვაწეობა რომ სწორედ ჰერეთშია ნაგულისხმევი, ამის  დადასტურებას თვით „ქართლის ცხოვრებაშიც" ვპოვებთ... პოლიტიკური ერთეული, რომლის ცენტრადაც IV ს-ის პირველი ნახევრისათვის ქალაქი უჯარმა გვევლინება, წყაროების მიხედვით შედგებოდა კახეთ-კუხეთისაგან და ჰერეთის შემოერთებული ნაწილისაგან ბოდბიანად, ე.ი. პოლიტიკურად ჰერეთის ეს ნაწილი კახეთ-კუხეთი იყო... მირიანის დროს ტრადიციული პოლიტიკური კურსი აღმოსავლეთის მიმართ გრძელდება... თუ ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ცნობას უჯარმაში „ჯვრის აღმართვის" შესახებ, ნათელი გახდება, რომ ბოდბეში „ჯვრის აღმართვა", ე.ი. საეკლესიო ცენტრის დაარსება (აქედან გამომდინარე თუ, პირუკუ, საამპირობო ყველა გარემოებათა ჯერ კიდევ ხელშეუწყობლობის გამო), ჯერ-ჯერობით ნაადრევად უცვნიათ (ეს ცოტა უფრო გვიან მოხერხდა). საამისოდ ნიადაგია ჯერ კიდევ მოსამზადებელი. ამიტომ ამბობს წმ.ნინო: ,,დაბაი კულა ბოდისი თვთ ვიხილოთ სათნოი იგი ადგილი ღი". რომ ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო და რომ თვით ეს მისია წმ.ნინომ შეასრულა კიდეც, ეს ჯერ ერთი, იქიდანაც ჩანს, რომ წმ. ნინო, მართლაც მიდის ბოდში. ეს ჩანს აგრეთვე მირიან მეფის ანდერძიდან", რომელშიც იგი დედოფალ ნანას უბარებს: მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო განძის ნახევარი შესწიროს წმ.ნინოს განსასვენებელს, ამგვარად მირიან მეფე, რომელმაც ბოდბე შემოიმტკიცა, მემკვიდრეებს უბარებს, საგანგებო ყურადღება მიაქციონ მას, დაიცვან „ჟამთა შეცუალებისაგან". ბოდბეში აქ გარკვეული მხარის ერთ-ერთი ცენტრი იგულისხმება (18, 44-61). ი.პაპუაშვილის აზრით, სუჯებს გავრცელების არე ჰერეთის ტერიტორიაზე უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც მარტო კახეთის რაიონის ფარგლებით არ შემოიფარგლებოდა, „იგი ვრცელდებოდა კაწარეთის (იორის) აღმოსავლეთითაც და აღწევდა „დაბაი დიდი ბოდისა"-მდე (თანამედროვე ბოდბე, სიღნაღის რ-ნი). ეს მტკიცდება „მოქცევაი  ქართლისაის" ცნობიდან, რომლის მიხედვით, სუჯების დედოფალმა, „დაბაი დიდი ბოდისი" შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს" (11, 69). ავტორი კრიტიკულად განიხილავს ს.კაკაბაძის მოსაზრებას და აღნიშნავს: ,,.. ს.კაკაბაძეს ბოდე-ბოდისის იგივეობის უარსაყოფად და ბოდისის ნინოწმინდაში გადმოტანისათვის, საბუთად მაინცდამაინც ვერ გამოადგება ის ფაქტი, რომ ბოდისი, სადაც ნინო გარდაიცვალა „მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით კუხეთშია, ხოლო ბოდბე კი, რომელთანაც ჩვეულებრივად ბოდისს ანუ ბოდინს აიგივებენ, ჰერეთის ტერიტორიაზეა.. საქართველოს ამ სამი მხარის: კახეთის, კოხეთის ანუ ,,კუხეთის" და "ჰერეთის" საზღვრები ერთმანეთში ირევა, რის გამოც ერთი და იგივე პუნქტი ხან ერთშია ნაჩვენები, ხან მეორეში. ასე მაგ. ჩვენთვის საინტერესო პუნქტია დაბა ბოდი რესპ ბოდინი ,,მოქცევაი ქართლისაის" ორივე ნუსხის (შატბერდ. და ჭელიშ.) და ნინოს ცხოვრების ჭელიშური ხელნაწერისდა მიხედვით იყო "ქვეყანა კოხეთისსა (რესპ - კუხეთში). ნინოს ცხოვრების შატბერდისეულ ვარიანტით კი ,,კახეთისა ქუეყანასა." „ქართლის ცხოვრების" მიხედვითაც, დაბა ბოდისი ხან კუხეთშია, ხან კახეთში. ვფიქრობთ, ასეთი აღრევა ამ პუნქტის ადგილმდებარეობის ჩვენებისას, გვიანდელი გადამწერების საქმე უნდა იყოს. ეს გარემოება კი აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბოდი რესპ ბოდინის ლოკალიზაციის გარკვევისას. განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ქართლის ცხოვრების რუმიანცევისეული (1703 წლამდე), თეიმურაზისეული (XVIII ს-ის უკანასკნელი მეოთხედი) და საეკლესიო მუზეუმის (1748 წლის) ნუსხების მიხედვით, დაბა ბოდი ჰერეთში ითვლებოდა (ამ ნუსხებში ,,ჰერეთი" გვხვდება „ერეთის" ფორმით)." ამ აზრის იყო ვახუშტი ბატონიშვილიც (11, 122-128). როგორც ყველა ცოცხალი „ქვეყანა", კამბეჩოვან-ქიზიყის „ფარგლები ხან იკვეცებოდა და ხან ვრცელდებოდა. თ.თოდრია თავის ნაშრომში: „ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები", აღნიშნავს, რომ კამბეჩოვანი წარმოადგენდა სამი დიდი ამიერკავკასიური ქვეყნის: იბერიის, ალბანიის და არმენიის მოსაზღვრე მცირე ქვეყანას. ავტორის მიხედვით, იგი დასახლებული ყოფილა ჰერული ტომის ხალხით მაგრამ ამავდროულად, როგორც ჩანს, საკმაოდ კომპაქტურად იყო ეს მხარე დასახლებული ქართველებითაც. აღმოსავლურ-ქართულ ტომებთან - ქართებთან და  კახებთან კულტურულ-ეთნიკური შერწყმის პროცესი უნდა დაწყებულიყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (ძვ.წ. III საუკუნიდან), როდესაც ყალიბდებოდა ქართლის  (იბერიის) სამეფო. „IV საუკუნისათვის კამბეჩოვანის დიდი ნაწილის ქართლისადმი კუთვნილება უკვე არავითარ ეჭვს აღარ იწვევს, რადგან ამ დროს, ქართლის გაქრისტიანების ხანაში, დაბა ბოდში კრძალავენ მისიონერ ქალ ნინოს. ბუნებრივია, რომ მისი საფლავი და იქ აგებული ეკლესია იქცევა ერთ-ერთ უდიდეს სარწმუნოებრივ ცენტრად მთელ იბერიაში" (19, 78-80). პ.იოსელიანისა (20, 129-130) და ა.ხახანაშვილის (21, 20-21) აზრით, ქ.სიღნაღიდან 1,5-2 ვერსის მოშორებით მდებარეობს ბოდბის მონასტერი, სადაც წმ.ნინოს განსასვენებელია. ა.ხახანაშვილი აზუსტებს ამ ადგილის სახელწოდებას - ქედელს, რომელიც ზუსტად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიშნავს «расположенное на гребне». დ.მუსხელიშვილის, თ.პაპუაშვილის, თ.თოდრიას, და სხვ. ნაშრომებში ნათლად ჩანს, რომ წყაროებში ნახსენები  დაბა ბოდში, სიღნაღის რ-ნ სოფ. ქედელში არსებული ბოდბის ტაძრის მიმდებარე მხარე იგულისხმება, რაც ცხადია, გამორიცხავს მის მდებარეობას არაგვის ხეობაშიც. ამ მოსაზრებას ადასტურებს "წმ.ნინოს ცხოვრების" დეტალური შესწავლა და 1995 წელს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს, რესტავრაციის სამეცნიერო - კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები (22, 388-392, 23, 3). დაბა ბოდში, წმ.ნინოს ქადაგებამდე არსებულა რაღაც სარწმუნოებრივი ცენტრი (იუდაური თუ წარმართული, ეს ჯერ კიდევ დაზუსტებას მოითხოვს), ამას გარკვეულწილად ადასტურებს აბიათარ მღვდელის მონათხრობი უფლის კვართის შესახებ, სადაც ნათქვამია: "ოდეს იგი ჰეროდე მეფობდა იერუსალიმს, მაშინ გუესმა ესრეთ, ვითარმედ „იერუსალიმი სპარსთა დაიპყრესო", რომლისათვის - იგი იქმნა გლოვა და წუხილი ჰურიათა ზედა ქართველთა,  მცხეთელთა მკვიდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდისწაროელთა, მწიგნობართა და სობის კანანელთა თარგმანთა - ესე ყოველნი აღიძრნეს სივლტოლად". როდესაც ებრაელებმა  გაიგეს, სპარსნი არა იერუსალიმის დასაპყრობლად, არამედ უფლის თაყვანისსაცემად იყვნენ მოსულნი, "იქმნა სიხარული დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა ქართველთა" (9, 98) კიდევ ერთხელ, აღვნიშნავთ: დაბა ბოდში ქრისტიანობის სარწმუნოებრივი ცენტრის დაფუძნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქართლის სამეფო კარი. ამ ფაქტს ადასტურებს მირიან მეფის ანდერძი. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმ.ნინოს  განსასვენებელი ადგილი ქართლის სამეფოს მონაპირე მხარე იყო და მას სარწმუნოებრივი ცენტრის გარდა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან აღნიშნული რეგიონი ჩვენი ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოებისათვისაც ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ: ბოდბის საეპისკოპოსოს არსებობა IV საუკუნის მეორე ნახევრიდან უნდა ვივარაუდოთ. საეპისკოპოსოს მნიშვნელობისათვის საკმარისია მარტო იმის აღნიშვნაც, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმ.ნინო.

გამოყებული წყაროები და ლიტერატურა:

  • 1. საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1997
  • 2. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, „ქართლის ცხოვრება", ს.ყაუხჩიშვილის რედ. ტ, IV, თბ., 1965.
  • 3. ქართული სამართლის ძეგლები, ი.დოლიძის რედაქც. ტ. II, თბ., 1965.
  • 4. ეპისტოლეთა წიგნი, ზ.ალექსიძის რედაქც. თბ., 1968.
  • 5. მთ. ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. I, თბ., 1996
  • 6. ვ.გოილაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991.
  • 7. იაკობ ხუცესი, წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისა, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, თბ., 1978
  • 8. უცნობი ავტორი, ,,ცხოვრებაი და მოქალაქეობაი ღირსისა და მოციქულთა სწორისა, ნეტარისა ნინოისი", „ჩვენი საუნჯე", ტ.I, თბ., 1960.
  • 9. ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, „ქართლის ცხოვრება", ს. ყაუხჩიშვილის რედ. თბ. 1955.
  • 10. დ. მუსხელიშვილი, ქიზიყის ძველი ისტორია, თბ., 1997.
  • 11. თ. პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, ნარკვევები სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიდან (უძველესი დროიდან  XII ს. I მეოთხედამდე), თბ., 1970.
  • 12. ივ. ლოლაშვილი, ქართული წარმართული საკულტო ტაძრები კამბეჩოვანში, გაზ. „კოლმეურნე“, სიღნაღი, №142, 2. XII, 1971
  • 13. ი. შაიშმელაშვილი, ქიზიყი. თბ., 1973
  • 14. უ. სახლთხუციშვილი, ხორნაბუჯის და დედოფლისწყაროს ისტორია - ეტიმოლოგიისათვის, თსუ - სიღნაღის ფილიალის პროფესორ - მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო შრომები (გამოშვება III), თბ., 2001.
  • 15. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედ. ტ. III, თბ., 1970.
  • 16. გ. ბოლქვაძე, სიღნაღის რ-ნის ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის ექოში 1998 წ. ჩატარებული სამუსაოებსი ანგარიში (ხელნაწერი)
  • 17. ბ. მჭედლიშვილი, ქალაქ უჯარმისა და დაბა ბოდის ლოკალიზაცია, ძეგლის მეგობარი, №1, თბ., 1986.
  • 18. დ. მუსხელიშვილი, ციხე -ქალაქი უჯარმა, ივერია - ალვანეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1986.
  • 19. ტ. თოდრია. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ. VI, თბ., 1982 წ.
  • 20. П. Иоселиани, Путевыя записки по Кахетии, Тиф; 1846
  • 21. Хаханов А. Экспедиция на Кавказ, Материалы по археологии Кавказа, вып-VII, 1898.
  • 22. ახალი მონაცემები ბოდბის წმ. ნინოს ეკლესიის შესახებ, საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები, თბ., 1998.
  • 23. გ. გოგოლაშვილი, პუბლიცისტური კალეიდოსკოპი „სიღნაღი 95“, გაზ. „თელავის მოამბე“, 17. II, 1995.