topmenu

 

სვანურ ხალხურ დღეობათა საწელიწადო კალენდარი - ნ.წერედიანი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

წერედიანი ნინო დავითის ასული - სვანურ ხალხურ დღეობათა საწელიწადო კალენდარი - (ავტორეფერატი), თბილისი, 2006 წ., საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000154/referati-A5.pdf

სრული ვერსია - http://caucasology.com/cerediani.pdf

სახლის მთლიანი სტრუქტურა, თვით ინტერიერიც კი, ექვემდებარებოდა ერთ ღვთიურ პრინციპს. ეს იყო „დროში სიცოცხლის და არსებობის მარადიულობა“. მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აქ, ერთ გარკვეულ სივრცეში, ორი ბუნებრივი არსის ტოლობა,  მათი ერთარსობა და ერთობლიობა იყო შენარჩუნებული. ბუნებრივია, ისმება კითხვა თუ რას ნიშნავს ეს. იმ უკიდეგანო სივრცეში, რასაც სამყარო ჰქვია, ადამიანს ერთი მცირედი ადგილი აქვს დაკავებული. ეს არის სახლი („ქორ“). ერთი მთელია სამყარო, ერთი მთელია სახლიც. სახლი მთელი ვერ იქნება მაშინ, თუ მასში ორი ბუნების ტოლობაა დარღვეული. არ აქვს მნიშვნელობა იგი ადამიანით იქნება წარმოდგენილი თუ საქონლით. ამ მცირე სამყაროს (სახლის) ცენტრი კერაა. იგია ცეცხლის ადგილი. აქ მისითაა არსებობა განპირობებული (ცეცხლი - სიცოცხლეა). ცეცხლი ზეციურია და წარმოადგენს ზეციური შემოქმედის (ღვთის!) ნაწილს. სწორედ ცეცხლისადმი იგივე კერისადმი მიმართება ავლენს ორი არსის უფლება – მოვალეობას, მათ ბუნებრივ ფუნქციას (თვისებებს, შინაგან სახეს!), რაც ბუნებრივადვეა ისე განაწილებული, რომ ჯამი მათი არსობისა ერთმანეთის ტოლია. ისინი ცალ - ცალკე „ერთი“ არიან, („ერთმანეთის ტოლნი“) და სიცოცხლის გაგრძელებისთვის „ერთი“ ხდებიან. გამოდის, რომ ეს „ერთი მთელიც“ -ცეცხლი (ღვთის სახე)- არ არსებულია მაშინ, თუ ადამიანის საარსებო სივრცეში იგი კერის სახით არ არის წარმოდგენილი. იგი ფუნქციურადაც არ არსებულია მაშინ, თუ ამ კერის ირგვლივ მყოფი ორი ბუნება (მდედრობითი და მამრობითი) უფლებრივადაც არ არიან ერთმანეთის ტოლნი. ჩანს ისიც, რომ ეს „ერთი მთელი“ (კერა იგივე ცეცხლი, ღმერთი ზეციური) განსაზღვრავს მიწაზედ ორი არსის ერთობასაც, ერთარსობასაც და ტოლობასაც. თუ კი მათ შორის ეს წონასწორობა დარღვეულია, ირღვევა კერის ფუნქციაც და ადამიანის სახლობაც (ქორ ნაქორალია, სახლი ნასახლარია), ირღვევა რწმენაც და მსახურებაც, ირღვევა დროში სიცოცხლის გაგრძელების კანონზომიერება. სწორედ ეს იდუმალი სიახლოვეა სიცოცხლის და არსებობის ფუძე ფორმულა, მიწიერის კვლავ არსებობის საკრალური პრინციპი. ამ საკრალური კავშირით განისაზღვრება ადამიანის საცხოვრისში არსებობა და მისი ზეციურისადმი მსახურების აუცილებლობა. ამ საკრალურ საიდუმლოებას ინახავს მთელი საწელიწადო კალენდარი, რომელიც წინარე ქრისტიან ქართველთა სულიერი ხედვითაა შექმნილი. სახლის სივრცე „მკაცრადაა“ დაყოფილი ორ ბუნებას (სქესს) შორის. ეს დაყოფა ხაზობრივად გვაძლევს ერთი მხრივ „ფეხზემდგომი“  მეორე მხრივ, „წაქცეული“  ჯვრის სახეს. საკრალურად ფეხზემდგომი ჯვარი + ღვთის სახეა, დასაწყისის ნიშანი წაქცეული ჯვარი - X დასასრულის ნიშანი.  დღევანდელი სახლის დაგეგმარებით ეს დაყოფა ასე წარმოჩინდება;

წრით შემოსაზღვრული სივრცე უძველეს ადამიანთა (ერთა!) საცხოვრისია. სახლი (ოჯახი) ადამიანის საარსებო ადგილია. აქ ვლინდება ღვთის კანონზომიერება. იგი მისი თვისებების წარმომჩენი სივრცეა. თუ ეს სივრცე არ არის წმინდა და ნათელი, აქ მცხოვრებთა ღვთისადმი მსახურება დარღვეულია და პირიქით, ღვთის  (ზეცის!)  მადლიც, მათზე წესიერი მსახურებით გამოვლენილი, – დარღვეულია. ამ საკრალურ სივრცეში ცხოვრობს ადამიანი და აქ ავლენს იგი საკუთარ არსს თავის უპირველეს მოვალეობასთან ერთად. სახიერად ეს მოვალეობა არის სიცოცხლის გაგრძელება, საკრალურად კი – უხილავის, ზეციური ძალის (ღვთის) მარადიული რწმენა და მსახურება. აი ფუძე არსი ადამიანის არსებობისაც და დღეობათა რიტუალური წესრიგისაც. ნაშრომში სახლის საკრალური ფუნქციის განსაზღვრის შემდეგ წარმოდგენილია ახალი წლის პირველი სამი საკრალური დღე - ”ეშხვამ”, "ზუმხა", "კვიმტარ". ამ თავში აღნიშნულ დღეთა რიტუალურიწესრიგი ერთი სოფლის მაგალითზეა წარმოდგენილი, ხოლო მისი განხილვისას მოტანილი პარალელური მასალა სვანეთის იმ სოფლების ტრადიციას მიეკუთვნება, სადაც უხდებოდა ვ.ბარდაველიძეს მუშაობა 1930–1937 წლებში. ამ ეთნოგრაფიული მასალიდან ზოგი ქალბატონ ვერას არქივის კუთვნილებაა, ზოგიც ნაშრომებითაა სამეცნიერო მიმოქცევაში წარმოდგენილი. ერთი სოფლის მაგალითზე რიტუალის წარმოჩენისას ჩვენ დროის პირობით საზღვრად არჩეული გვაქვს 30–იანი წლები. „ძველ დროში“ გავაერთიანეთ ამ დრომდელი.

„ახალში“ 30-იანი წლების შემდგომი. ამან რიტუალზე დროის გავლენის ფაქტორი განსაზღვრა და პრობლემის ვერტიკალურ ჭრილში დანახვის საშუალება მოგვცა მასალის დალაგების შემდეგ მოხდა დროის მიხედვით მისი დაყოფა ან განსაზღვრა იმისა, დღეობის რომელ მონაკვეთში რა ქმედება ხდება. ბუნებრივია ეს ეხება ორივე „ძველ“ და „ახალ“ რიტუალურ წესრიგს, რითაც გამოიკვეთა ამ ორი პერიოდის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. ორივე დროისთვის არსებული საერთო ნიშანი წარმოადგენდა დღეობის ძირითად პირობას. ეს კი მთავარი და არსებითი გახდა დღეობის არსის გაგებისათვის. აღნიშნულის შემდეგ ხდება ამ არსის გაშიფვრა, მისი უმცირესი ნიუანსის რიტუალში ჩაბმის მიზეზის განსაზღვრა, ქმედების და შედეგის გათვალისწინება და იმის წარმოდგენა თუ რისთვის სჭირდებოდათ ესა თუ ის საგანი და მოქმედება, რა იდეურ საწყისს ემსახურებოდა იგი. ყოველივე ამის განსაზღვრა ნათელს ჰფენდა რიტუალური ენის შინაარსაც კი. აქ ასევე უმნიშვნელოვანესია რიტუალური ფაქტის დაკავშირება მოქმედ პირებთან - ქალთან და კაცთან, ბავშვთან და ასაკოვანთან, ის თუ რატომ იყო იგი ან მხოლოდ ქალთან ან მხოლოდ კაცთან მიმართული, რა პრინციპს ექვემდებარებოდა მსგავსი აკრძალვები, ჰქონდა თუ არა მას რაიმე საერთო ადამიანის ბუნებასთან, მათ სქესობრივ არსთან, იყო თუ არა ეს აკრძალვა მართებული და წარმმართველი რიტუალის აგებაში. აღმოჩნდა, რომ რიტუალი არაფრის და არავის სახიერ კულტს არ ემსახურება. ამ საკრალურ დროში მონაწილე ყველა, სულიერიც და უსულოც, მხოლოდ იდეის მსახურია. მხოლოდ ამ იდეისთვის იქმნება საკრალური ქმედების (რიტუალის!) მთელი ინსტიტუტი. რიტუალი არაფრის და არავის კულტს არ ქმნის. მით უფრო, დღეობები არ არის კულტმსახურების წესრიგი. რიტუალისას ყველა და ყველაფერი საკრალურია, რადგან ერთ საკრალურ დროში ხდება ქმედება, საკრალური იდეის წარმოსაჩენად. ეს იდეა წარმოადგენს ჩვეულებრივ დღეს არაჩვეულებრივად - „დღე–სასწაულად“. ესაა ყოველი დღესასწაულის აღნიშვნის უპირობო პირობა – არაა იდეა – არაა რიტუალი!... აღნიშნულის გაცნობიერების შემდეგ ახალი წლის საკრალური იდეის მსახურებისთვის აუცილებელ პირობად გამოიკვეთა შემდეგი რიტუალური წესრიგი; 1.შესაწირი ზვარაკი 2. შესაწირი, აღსავლენი ლემზირი 3. სამეკვლეო და მეკვლენი. 4.საახალწლო სარიტუალო საგნები და 5. დღეობის მფარველნი, მათი რწმენა და მსახურება, მათდამი ლოცვითი მიმართვები. ეს გახლდათ უპირობო პირობა იმისათვის, რომ ადამიანის არსებობის კიდევ ერთი ციკლი (ერთი წელი, დროის ერთი მონაკვეთი!) მშვიდობიანად, ხვავიან - ბარაქიანად გატარებულიყო. სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არსებობს აქსიომა, რომელიც ეხება ახალი წლის მფარველს. ეს აქსიომა წარმოადგენს ქართველთა უძველესი ღვთების გენეზისს. მისით განისაზღვრა „ღვთის“ გამოვლენის პირობა. აღნიშნული შემდეგი სახითაა წარმოდგენილი – ახალი წლის მფარველია მამაკაცური ბუნებრიობის ღვთაება ბოსელი. იგი სვანური ახალი წელიწადის რელიგიურ წესში გამოკვეთილია უკვე ანთროპომორული ითიფალური ღვთაება ბომბღას სახით, როგორც საზოგადოდ სქესობრივი განაყოფიერების, საქონლისა და ადამიანთა გამრავლების, მოსავლიანობისა და დოვლათიანობის უზენაესი მფარველი (ვ.ბარდაველიძე, 1953, 115). ამ ”არსების“  პარალელურად რიტუალში გვყავს ეშხუამის მფარველი -  დალი,  რომელიც ცისკრის ვარსკვლავადაა მონათლული.  ამ ორის გვერდით კი, არსებობს მზის კულტი, სახელწოდებით ქალ-ბაბარი, რომელიც დღეობა ბარბლაშის მფარველადაა მიჩნეული (ვ.ბარდაველიძე, 1941). თავის მხრივ, დღეობა ბარბლაშია უძველეს ქართველთა უძველესი ახალი წელი (ვ.ბარდაველიძე, 1941)  ანუ, იმაზე უფრო ადრინდელი, ვიდრე ახალ წლად იანვრის თვე (13 რიცხვი) აირჩეოდა. დროთა განმავლობაში ცხოველის (ხარის) სახის ღვთაება ბოსელის კულტი უნდა შერწყმოდა მზის კულტს და ამ შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა „ფუსნა–ბუასდის“ კულტი – უზენაესი ანთროპომორფული ღვთაება, ანუ ღმერთი (ვ.ბარდაველიძე, 1953, 118). სწორედ ეს ანთროპომორფული ღვთაება გახლავთ ახალი წლის უზენაესი მფარველი.აღნიშნულიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ

1. ქართველებში უზენაესი მფარველი პირველად იყო ზოომორფულ ითიფალური არსება, ხარის სახიანი და ერქვა „ბოსელი“. ეპითეტად გააჩნდა ბომბღა იგივე ბამბღუ.

2. შემდეგ ეტაპზე იგი გახდა ანთროპომორფულ - ითიფალური და მოგვევლინა საკრალური სახელით ბომბღა – მანამდელი მისი ეპითეტი გახდა სახელი.

3. მესამე ეტაპზე „ბოსელი“ შეიქმნა ანთროპომორფული ღვთაება,  რადგან იგი შეერწყა მზის ღვთაება ქალ–ბაბარს და მივიღეთ ფუსდ აბუასდი, ანუ სამყაროს მფლობელი – ღმერთი. იეშხამის მფარველი დალი,  ამ „ქმნის“ // „შერწყმის“ პროცესში არ მონაწილეობს. ეს ეხება მხოლოდ ახალი წლის მფარველ „ბოსელს“(ზოომორფულ ბუნებას, ანუ ხარს) და მზის კულტს - „ქალ-ბაბარს“, „ბარბლაშის“ მფარველ განგებას. აღნიშნული „ჭეშმარიტება“ დამტკიცებულია, პირველ რიგში, სვანური ეთნოგრაფიული მასალებით – საქართველოს ამ კუთხეში არსებული რწმენა წარმოდგენებითა და რიტუალური წესრიგით. ვეთანხმებით თუ უვარყოფთ ზემოთ აღნიშნულს მთლიანი საწელიწადო კალენდრის განხილვის შემდეგ. ამის წარმოდგენას ვიწყებთ საახალწლო სარიტუალო საგნების საკრალური მნიშვნელობის განსაზღვრით, ხუთივე ნიშან–თვისების გაშიფვრით და შემდეგ მთელი საწელიწადო კალენდრის წარმოდგენა-განხილვით იმავე ეთნოგრაფიული სივრცის საფუძველზე, რითაც ზემოთ აღნიშნული პრობლემაა ვერა ბარდაველიძის მიერ დამტკიცებული. პირველ რიგში აღვნიშნავთ იმას, რომ რიტუალურად ახალი წელი და ბარბლაში არ უკავშირდებიან ერთმანეთს - პირიქით. მათ შორის დიდი სხვაობაა. ამის თქმის შესაძლებლობას ამ დღეობათა იდეური დატვირთვა იძლევა. ბარბლაში და მახე ზçი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული და ცალ – ცალკე არსებული დღეობებია ისინი სხვადასხვა სასწაულს ემსახურებიან. რაც შეეხება ეშხამსა და მახე ზაის, ესენი ერთმანეთთან დაკავშირებულიც და ურთიერთ განპირობებულიც არიან. ერთის არსებობა მეორეზეა დამოკიდებული, მეორის კი – პირველზე და არა მარტო მათი, ორივე ერთად განაპირობებს მთელი საწელიწადო რიტუალური წეს–რიგის საკრალურ არსებობას. ეშხამ, შეშხამ, ლიძიენალ- ამ ფონემური სივრცით არსებობს სვანეთში ახალი წლის წინა დღის საკრალური სახელი. არსებობს აზრი,  რომ ეშხამ უნდა ნიშნავდეს ეშხუსა და ჰამს (ერთი+დილა), რადგან ახალ წლამდე ერთი დილაა დარჩენილიო.ზოგიერთი ინფორმატორის აზრით, იგი დამუშხვას აღნიშნავს, რადგან ამ დღეს დგამ– ჭურჭლის ცხელი წყლით და ნაცარ–მტუტით დამუშხვა ხდებაო. ზოგის თქმით, რადგან ამ დღეს ახალი წლის საკლავი იკვლება, ლიძიენალიც ამიტომ ჰქვიაო. ზოგიც ამ დღეს შაშვით ლოცვის დღეს უწოდებს, ზოგი კი სამჭედლოს ლოცვის დღეს და ა.შ. ვფიქრობთ, ეშხამ-ის საკრალური ფუძე ეშხუა. (ეშხუ→ერთი) ამ იგივეა რაც–სა, კუთვნილების მაწარმოებელი ბოლოსართი. დღეობის არსიდან გამომდინარე ამ სიტყვის აზრი ნიშნავს ლოცვას და დიდებას „ერთი“–სათვის, „ერთი“–სადმი. ე.ი. ეს დღეობა „ერთი“–ს დღეობაა. ერთი რიცხვითი სახელია. მას სქესის გამომხატველი არანაირი ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე არ გააჩნია.

არ ჩანს იგი ზოომორფულია თუ ანთროპომორფული და მით უფრო, ითიფალურ- ანთროპომორფული ან ზოომორფულ-ითიფალური. ამ სიტყვის არც შინაარსი და არც გარეგნული ფორმა სქესს არ ავლენს. ის ვიღაცის ან რაღაცის („ერთ“–ის) იდეურ არსს გადმოგვცემს. გარდა ამისა, რიტუალი გვთავაზობს უამრავ პირობას იმისათვის, რომ ამოვიცნოთ ეშხუამის მფარველის ბუნება. ეს პირობებია შემდეგი,

1. ეშხუამის მფარველი „ეშხუ“ მკვეთრად გამოხატული და „მეორი“–საგან განსხვავებული ბუნებაა.

2. მას არც მცენარის, არც ცხოველის და მით უმეტეს ადამიანის სახე არ გააჩნია. იგი იდეური სიტყვა, პარადიგმა ანუ იდეური პერსონაჟია.

3. ეს პერსონაჟი ქალურ ბუნებას უკავშირდება. ეს ჩანს მისივე დანართიდან – „დალ“. ეშხუამის მფარველს სრულად დალ-ეშხუმიშ ეწოდება. დალ უთეთრესობის, უსინათლესობის, ღვთიური ქალურობის მომცველი სახელია (ჩანს, მონადირეთა მფარველ ქალ–ღვთაებას, დალს, ეს სახელიც ამ ბუნების გამო შეერჩა).

4.ეშხამ თავად არის ძველი წლის ბოლო და ახალი წლის პირველი დღე. მის დროში  (წიაღში) მთავრდება ძველი და იწყება ახალი წელი. როგორც ახალი წლის პირველი დღე, ისე მთელი წელიწადი მისი არსებობის შედეგია; „ეშხუ“, შესაბამისად დალ ეშხუამიშ დროის და სივრცის მეუფეა!...

5. ეშხუამის დროში მიმდინარე ყველა უმთავრესი რიტუალური ქმედება უკავშირდება ქალს. ის ზრუნავს ამ დღისთვის შემოდგომიდანვე. მისი ხელით იქმნება როგორც ეშხუამის, ისე მახე ზაის საკრალური სივრცე და არა მარტო ამ დღეთა. ქალის ბუნება და სიწმინდე განაპირობებს მთელი წლის საკრალურ ქმედებას, რიტუალური წეს–რიგის სწორად წარმართვას, დღეობების მართებულად აღნიშვნას. ქალი მთავარი პირობაა ღვთისაგან მადლის მისაღებად. იგი დალ-ეშხუამის მსახურია.

6. ეშხუამის მფარველ ეშხუს საკრალური სახე წრე, წრით შემოსაზღვრული სივრცეა. ეს დროის ციკლია, ერთი წლის საკრალური გზა. ეს გზა დასაწყისის და დასასრულის ნიშანია, სრულყოფილების ნიშანთან ერთად. წრე დალის საკრალური სივრცეა. სინათლესთან ერთად სივრცის სიღრმე და იდუმალება დალის თვისებაა. ეშხუ

7. დალ ეშხუამის პირველი შესაწირი მრგვალი, ულემზირო ბურთულა- კვერია. ამ კვერის პირველი შემწირველი მზის სხივია – სინათლის სხივი. შეწირვის ადგილი – კარსარკმელ დახურული სივრცე. ოჯახია მისი ძალის და მადლის მაზიარებელი, მაგრამ ჩუმად, უხმოდ, ულაპარაკოდ. მისი პირველი ზვარაკი დედა ღორია – მისი როგორც „ერთად მრავლის მშობი“ ბუნების შეწირვა ხდება კერასთან, ქალთა სკამზე (ბანდარზე) წამოწვენილი.

8. დლ ეშხუამის უნარი წლის ძალის შემცვლელია „ზაიყერი მცადია“ მისი ეპითეტი. დალ ეშხუამიში საკრალური განგებაა, რომლის შედარება მხოლოდ მზის სიდიადესთან შეიძლება. ამ სიდიადის აღქმისას მზის სიმრგვალე და სიკაშკაშე არაფერ შუაშია. მთავარი მისი არსი და ძალაა. ეს სინათლის, სითბოს და სიყვარულის უნარია. მისით ხდება ამ ქვეყნად ყველაფრის დაბადება. ეს კი უზენაესი დამბადებლის თვისებრიობაა. უზენაესი დამბადებელი დალ ეშხუამისია. ერთად ყოველივეს დაბადება „წლის შემცვლელი ძალის“ თვისებაა. მისადმი ვედრება და დღეობის შექმნის კანონზომიერება ყოველივეს თეთრად შექმნის, რაც სიკარგით და სითეთრით მოვლინების ვედრებაა. რწმენა მსახურების საწინდარია!...

9. დალ ეშხუამის ქალურ ბუნებას ყველაზე საკრალურად და ყველაზე ნათლად გუზის სიმბოლური და რიტუალური დატვირთვა წარმოგვიდგენს. გუზ არის: ა) მრავალკვირტიან ტოტთა ნაკრები–ახალი წლის აუცილებელი სამეკვლეო ნივთი ბ) ლემზირისათვის საჭირო წმინდა ფქვილის მარაგი გ) საიდუმლოდ ლოცვის წარმართვის წესი და დ) მიწის ნაკვეთი, რომელიც საგვიზე ხორბლის მოწევისთვის იხვნება მხოლოდ („ლა–გუზ“). ხემცენარის პატრონი დალ ჯეჯგლაბია, სალემზირე მიწის პატრონი ლამარია, ყოველივე ლემზირის წარმომქმნელი - „ლამარიას გუზ“. საიდუმლოდ ლოცვის წესიც ლამარიასია. „ლამარია წეს“ ასე ჰქვია ქალის საიდუმლოდ ლოცვის წესს (გვუზ თავადაა საიდუმლოდ ლოცვა – მხოლოდ ქალთა შესრულებით!). საგვიზე მიწის დამუშავების, მოყვანის და მის ლემზირად ქცევის მთელი სამეურნეო პროცესიც ქალის (ლამარიას) წესია. ამ საკრალური სივრცის გამრიგე და მწყალობელი დალია ეშხუამის. მის მსახურადაც ამიტომაა ქალი არჩეული. ლამარია ამ მსახურების საკრალური ფონემა იგია ყოველივე „ზებუნებრივთა“ რიტუალური მსახური. ასე ეს დღეობათა წეს–რიგით სამუდამოდ გადაწყვეტილი და ბოლოს.

10. მხოლოდ გუზის და არა ფულის ნაცრით იხატება მთელი საკრალური სამყარო – „ამ ქვეყნად არსებობისთვის საჭირო და აუცილებელი“. იხატება გომურის ტიხრზე, მთელს შინას ინტერიერზე, იხატება დიასახლისის მიერ ერთ საკრალურ დღეს. საკალანდო ზვარაკი ავლენს საკრალური დღის მფარველის ბუნებას, ანუ ზვარაკად ყოველთვის ის საქონელია შერჩეული, რომელიც მფარველის შესაფერისია, მისი ერთ–ერთი თვისების გამომავლინებელია. ამის გამო შეწირვაც მიღებული და მართებულია (დçლ ეშხუამის ზვარაკად დედა ღორი, მისი  „ერთად მრავლის მშობი“ ბუნების გამოა არჩეული. ამ იდეისთვის იგი ყველაზე „სარგებლიანი“  და „თვალსაჩინო საქონელია“). მეორე მხრივ, ზვარაკი დაკავშირებულია დაავადებებისაგან დაცვასთან მე შემოგწირავ,  შენ შემეწიე, მიხსენი ავისგან“. სიავე კი ავად ყოფნაა. მით უფრო გადამდები. ეს გაუგონარი ტკივილია მათთვის. მესამე სასურველი პირობა–საზვარაკე საქონლის სიმრავლეცაა. სამივე აქ აღნიშნული, სიმბოლურად ვლინდება უწენა–ლალყაჯებით. „უწენა“ ასეთი აზრის მტვირთველია; ყველაფრის შემქმნელი და დამბადებელი თავის წიაღში დედა ბუნებაა. იგი ქმნის ავსაც და კარგსაც. მაგრამ ქმნის საიდუმლოდ, სხვებისგან დაფარულად, უხმაუროდ, სხვისი თვალის უნახავად (უბრად და სხვის უნახავად წესის ასრულების მომენტიც აღნიშნულს უკავშირდება, კარ–სარკმელ დახურულ შინაში წესის შესრულების პირობაც ამ იდეის მსახურია) უწენალების მთელი საკრალური მხარე ამ იდეის გამომავლინებელია. „ლალყაჯ“ სხვა რამის კერძოდ მარხვის მომცველია, მისი წესად დაკანონების შედეგია. „მე შემოგწირავ, შენ შემეწიე მე ავიკრძალავ, შენ შემეწიე – ვიცი მიშველი“...ასეთია ის კონტექსტი, რითაც წესის შესრულებაც კანონდება და ზვარაკის ზვარაკად შეწირვაც აღესრულება – სამუდამოდ – ყოველ საკრალურად დათქმულ თუ აღთქმულ დღეს, დღეობის დღეს. ასეთია ზვარაკის რიტუალური არსი.სახიერად ქალის ხელი, საკრალურად კი „ლამარია გუიზით“ შექმნილი ლემზირებია ყოველი „ლიმზირის“ შემსრულებელი. ლემზირებით გამოვლენილი უწენა – ლალყაჯების წესიც იმ იდეის მტვირთველია, რაც ზვარაკის უწენა – ლალყაჯებთან მიმართებაში აღინიშნა.

ეს წესი ადამიანის ხილული ქმედების სახეა, რათა გამოვლენილ იქნეს „ქმნის“ საიდუმლოება. ანუ, გამოვლენილ იქნეს ის, რომ  „ვინმე“ ადამიანისაგან საიდუმლოდ (უხილავად)  მოქმედებს, რადგან უხილავად და საიდუმლოდ ქმნა მისი უნარია! „უწენალები“ და ზოგადად ლამარია გუიზ (მისგან დაცხობილი ლემზირი თუ შეჭამანდი), „ვინმეს“ მიერ უხილავად ქმნის სახეა. ამ თავში განხილულია ყველა ის საწესო ლემზირი, რომელიც მოქმედებს მთელი წლის მანძილზე,  მაგრამ ყველა ისინი არსებობას სწორედ ეშხუამის დღით იწყებენ, იწყებენ ლამარია გუიზის მეშვეობით. აქ განხილულია ყველა ის შესაძლო ნიუანსი, რომელიც წარმოგვიდგენს ლემზირის საწყის ფორმას, მის სახიერ ცვლილებას,  ამ ცვლილების შესაბამის იდეურ საზრისს და ლემზირის ზოგად ფუნქციას. ის სარკეა, ძალზედ საიდუმლო სარკე, ღვთის სახის გამოსახატად შექმნილი; ეეშხუამ–მახე ზაის საწესო ლემზირები დçლ ეშხუამის და ღერბეთის არსის მჩენნი არიან. ლემზირი ავლენს ადამიანის სულს და ადგილს ამ ქვეყანაში. ლემზირი, პირველ რიგში, სალოცავი პურია ღვთაებათა კუთვნილი შემდეგ ადამიანის მისართმევი, მაგრამ აქაც უზადო კანონზომიერებაა დადგენილი. ლემზირი მადლია ადამიანის სამყაროში ღვთისგან მოვლენილი – ისევ ღვთის სადიდებლად და სავედრებლად შექმნილი. ამიტომ ჰქვია სალოცავ პურს ლემზირი „(ლე–მზირ!)“ და არა უბრალოდ პური („დიარ!“) კუჭის დასანაყრებლად დამზადებული. ყოველი დღესასწაული ლამარია გუიზისაგან ლემზირების დაცხობით იწყება. ლამარია გუიზის ხორბალი შემოდგომის ნათესია. ის საუკეთესო ხორბლის ჯიშია, მხოლოდ სალემზირედ განკუთვნილი. მას ბეღელში (გუემ) ცალკე კიდობნით შეინახავენ და პირველად შობის დღეს გახსნიან. ლემზირის საკრალურობა იტვირთებოდა არა ბარბოლის დღით, არამედ ლეშხუამით, არა ბარბოლის გუიზით, არამედ ლამარიათი. სალემზირე ხორბალი დაფქვის შემდეგ ცალკე კიდობანში ინახებოდა და მას ერქვა მთლიანად ლამარია გუიზი. შემდეგ დღეობათა მიხედვით ერქმეოდა სხვადასხვა სახელი ბარბლაშს გამოსაცხობად საჭიროს ეძახდნენ ბარბლაში გუიზს, ქრისდეშს გამოსაცხობს – ქარისდეში გუიზს. ან თუ დიდი ოჯახი იყო მას დღეობათა კუთვნილების მიხედვით თავიდანვე ანაწილდებდნენ ცალ–ცალკე კიდობნებში. არსებობდა ლამარია გუიზის პირველად გახსნის რიტუალიც. გÍიზ განუყოფელია „წმინდის“  არსთან. ლიმზირის მართებულობა დამოკიდებულია წმინდა ლემზირზე. „წყლიან ლემზირ“ უპირობო პირობაა ლიმზირის ჩასატარებლად. მიწაც კი ვერ იქნებოდა საკრალური იმ შემთხვევაში, თუ ის წმინდად ქალების მიერ არ დამუშავდებოდა. ამ დროს სოფელიც წმინდა უნდა ყოფილიყო. მიწის სიწმინდეს ქალის სიწმინდე განაპირობებდა, ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა გადააქცევდა სახვნელ მიწას „ლაგუზად“, ხორბალს წმინდა კუეცნის გუიზად. ვხედავთ, როგორც ხორბალს ისე მის მომწევ წიაღსაც (მიწას!) ეს აზრობრივი დატვირთვა (საკრალური მნიშვნელობა) ქალის ბუნებამ მიანიჭა და ღვთის („წმინდის“) წმინდად მსახურებაც ქალის გონიდან გამოიკვეთა. მან უზენაესის ხილულ მსახურად თავისთავთან ერთად მიწაც გაიაზრა და ამ ორივეს (ერთ არსის მქონეთა) მფარველს ლამარია უწოდა, რადგან ორივეს არსი ლიმარეა→საკრალურ ლემზირთა ლიმარე. მთელს სვანეთში ყველა სახის სარიტუალო წესს საიდუმლო სამოსი ამშვენებს პირველი, იმის გამო, რომ ისინი შექმნილი არიან ლამარია გუიზისაგან და მეორე, იმის გამო, რომ შექმნილი არიან საიდუმლო საკრალურ დღეს–ეშხუამს. ლემზირი საკრალური დღის მსახურია. საკრალურ დღეთა შინაარსის შესაბამისად იქმნება სალოცავი პურის იერსახე – ჰქონდეს თუ არა მას სხვა შინაარსი, შეცვალონ თუ არა ფორმა და დანიშნულება – ამ საკითხს დღეობის საკრალური დატვირთვა განაპირობებს. ეშხუამ – მახე ზაის წიაღში შექმნილი ლემზირებიც აკონკრეტებენ იმ გარემოებას, რომ სამყაროს ჰყავს ორი შემოქმედი – ყოველივეს დამბადებელი და შემქმნელი. სხვა, მესამე, სქესით (ბუნებით და არსით) დაკონკრეტებული, აქ არც მითში არსებობს და არც რეალობაში. ამ უზოგადესობის კონკრეტულ სახელწოდებებად დღესასწაულით გვევლინებიან.

სქესი ხდება ღვთაებათა არსის გამომხატველი. მათი უფლება–მოვალეობანიც ამის მიხედვით განიყოფება. ეს მსოფლხედვა არ იტევს ცხოველთა და მცენარეთა გაღმერთებას და გასხეულებას. აქ უპირველესად სამყაროს აღქმა და მისი კანონზომიერების გათავისებაა უმნიშვნელოვანესი, სამყაროს და ბუნების საწყისად კი ორი ზებუნებრივი არსია მიჩნეული. მსოფლხედვა,  ჩანს, პირველ რიგში, გრძნობითი აღქმაა, შემდეგ აზროვნება და ბოლოს, ლოცვა და ის სახიერება, რასაც დღესასწაულთა აღნიშვნის წესები გვაძლევს. ამიტომ ჩვენთვის წარმოუდგენელიც კია მხოლოდ ყოფითი ნიშნების სიძველით და ამ ნიშნებით (საგნებით) გამოხატული ხედვით იქნას დაყოფილი რწმენა კულტებად და ნაწილებად (ვინ იცის რისი)  ისე, რომ არ დავინახოთ ის სიმბოლიზმი, რასაც აზროვნება და გონება ამ ნიშნების არსობასა და თანამიმდევრობაში (ქმედობაში) გამოავლენდა. ხეც, ქვაც ლემზირიც და მისთანანი, ადამიანს მისი შინაგანი ხედვის გამოსამჟღავნებლად სჭირდებოდა. სჭირდებოდა იმისათვის, რომ თავისი შინაგანი, თანდაყოლილი რწმენა, მარადიულად ექცა და საბოლოოდ იგი დღეობათა წეს–რიგში გამოეკვეთა. წრე, ლემზირებ დაუსახავი ლემზირი, დალ ეშხუამ საკრალური სახეა. ეშხუამის დღეს დალის შესაწირი პირველი საკრალური პური კუანჭილია. კუანჭილ→კვეჭოლის (ცოტა, პატარა)  დაკნინებული ფორმაა. მისი იდეური დატვირთვა სიუხვის მოვლინებაა. მრავალად მისი შეწირვა მრავალი სიკეთის მომტანია. იგი ოჯახის ყველა წევრმა უნდა მიირთვას უბრად,. უხმაუროდ, კარ–სარკმელ დახურულ შინაში, მზის ამოსვლამდე. შემდეგ ამ წრეზე დასახული სამ ლემზირიანი ლემზირი ხდება დალ ეშხუამის აღსავლენი წმინდა პური. იგი „ერთის“ საკრალური სახეა. („ერთარსება სამი“ – „დამბადებელი“, „შემქმნელი“ და „ყოველივე შექმნილი“ – ერთ ლემზირზე დასმული სამი ლემზირი ამ იდეის მტვირთველია) ეს ლემზირი საკაცო ლემზირია. იგი თავის მხრივ ამ ბუნების (მამრის) ადგილსაც გამოხატავს – ეს სამყაროზე მამრობითი არსის მეუფების სიმბოლოა, საპირისპიროდ იმ იდეისა ქალის კუთვნილი ლემზირი რომ აღნიშნავს.„შინა“ ქალის სივრცეა! მისი ბუნების სიღრმეს და იდუმალებას (დალის, ქალის არსს) ემატება „ეშხუს“ – ყოველივე შემოქმედის არსი – ძალა და პირველობა („ლიჟეღუ“) და, ვღებულობთ ღმერთის ლექსემას: ღრმა+ერთი → ღმერთი. ვფიქრობთ, ეგაა ის რიგი საკრალური ნიუანსებისა, რომელიც ქმნიდა ღვთის არსს და აყალიბებდა მის ფონემურ სტრუქტურას, რადგან ეს სიტყვა საერთოა მთელი ქართველობისთვის, საერთოა მისი წარმოშობის წინაპირობაც! „ქართველებს წარმართობაც საერთო ქართული ჰქონიათ!“ – ბრძანებდა დიდი ივანე ჯავახიშვილი. ამ სახის ლემზირებზე კვლავ ერთი „ლემზირის“ ან ნაჩვრეტის დასმით ვღებულობთ ისევ ორი დანიშნულების ლემზირს; საქალებოს და მამაკაცთა მისართმევს, ვღებულობთ საკრალურ ციფრებს ერთს, სამს და ოთხს (1 .3 . 4). ოთხნაჩვრეტიანი ლემზირი ქალის კუთვნილი ლემზირია ისევე როგორც სამიანი და ოთხ ლემზირიანი ლემზირი კაცის კუთვნილი ლემზირია ისევე როგორც სამლემზირიანი ლემზირი. ესენი, პირველ რიგში, ამ ბუნებით დაყოფილ „ღვთაებათა“ აღსავლენია, შემდეგ ადამიანთა მისართმევი. ამ საკრალური რიცხვების დასმით მიღებული ორი სახის ლემზირი ახალი წლის საწესო წესების ლაჭიშხ ლემზირების“ – (სამეკვლეოთა) სახეც ხდებიან. ისინი ორი ზეციური არსის ემბლემა–ლემზირებია. მათი შინაში მოსვლით ხდება ოჯახი დალოცველი – ხვავიან ბარაქიანი, ბედნიერი და გამართლებული. ამ ლემზირებზე დასახულ საკრალურ რიცხვთა გრაფიკული სახე ისეთ ხატს ქმნის, რასაც სვანები ჯუარს ეძახიან,  ლემზირს კი მუჟეღუს. ის ხოშა ღერბეთის კუთვნილია.

მუჟეღუ ახალი წლის „მეორე“ შემოქმედის (დალისაგან განსხვავებით) „ერთ“ – არსება ღმერთის თვისების,  მისით ყველაფრის წინამძღოლობის და განპირობებულობის („პირველობის!“) გამომავლინებელია, „მუჟეღუ“ –  ამისათვისაა მის ეპითეტად შექმნილი. ასე მიგვიყვანა ლემზირთა კლასიფიკაციამ „ერთიდან ღვთის გენეზისის განსაზღვრამდე. როგორც რიტუალური წეს–რიგის იდეური არსი,  ისე ლამზირთა საკრალური მხარე, წრე და წრეზე დასმული სიმბოლოები, ამტკიცებს „ერთი“–დან ყველაფრის შექმნის იდეას. „ერთი“–ს ერთადერთობას, „ერთის ორბუნებას“ და ერთის „სამბუნებოვნებას“.  ეს ასევე ამტკიცებს მიწიერის ზეციერისადმი მსახურების აუცილებლობას. ლემზირის სახეა ამ აზრის მტვირთველი. იგი აღნიშნავს მზერას მიწიერისა ზეციერისადმი. ეს ცის და მიწის საკრალური ერთობის ის გამოვლინებაა, რითაც მსოფლმხედველობა ადამიანის ღმერთთან მიახლოებას და საკუთარი არსის ამოცნობის სურვილს აფიქსირებდა – აფიქსირებდა რიტუალებით, ზეციურისადმი მსახურების წეს–რიგით. ამ მსახურებას კი დაბადების სასწაული ედო საფუძვლად. ჭეშმარიტება ქართველთათვის ერთია – უზენაესის ჭეშმარიტება, ყველაფრის მისით წარმომავლობის რწმენა. მაგრამ აქაც თავისებურებასთან გვაქვს საქმე. საწყისად ორი, ცალ–ცალკე არსებული არსია მიჩნეული „ერთად“. სულიერი ხედვის ამ ორიგინალურობას სინამდვილე და სიძველე უდევს საფუძვლად.  როგორც ხილულად არაფერია შექმნილი ორი არსის ერთობლიობის გარეშე, ისე წარმოსახვისთვისაც შეუძლებელია ყოველივეს შექმნა მათი „ერთარსობის“ გარეშე. ამიტომაცაა ეს ორი ბუნებრიობა აქ, რწმენაში, ასე ურთიერთჩაგვირისტებული, ჩაწნეხილი და ჩახშულიც კი (საიდუმლო!). აქ არაა სახიერი საშიშვლე ზეარსებებისთვის დამახასიათებელი.მპირიქით, ეს ხედვაა ბოლომდე საიდუმლოდ შექმნილი!.. ერთისთვის „ქმედებაც“ – დღესასწაულების აღნიშვნისა და „ენაც“ მისი მსახურებისა, ამიტომ ხდება საიდუმლოებით მოცული. ის ახსნას საჭიროებს ჩვენგან, რადგან ძველია, მაგრამ ახსნას არ საჭიროებდა მათთვის, ვინც ქმნიდა მათ. ჩანს დროთა მანძილზე სულიერ ხედვას იგი რელიგიად – სიმბოლოებად და რიტუალურ ენად აქცევდა, რათა ასე გამხდარიყო წარმოსახვითი საიდუმლოება ათასწლეულების კუთვნილი. არავის არაფერთან შერწყმას არ ითავსებს ფუსნა – ბუასდი (ღმერთის ერთ–ერთი ეპითეტია, რაც ნიშნავს სამყაროს გამრიგეს). ის თავისთავად არსებული ერთი, არსია ისევე როგორც დალი. „ეშხუ“ დროთა განმავლობაში პირველი ხდება, ჩანს, იმ ცვლილების გამო, რომელიც მეურნეობაში ქალის როლის დაკნინებით გამოიკვეთა. ეს ევულუციური პროცესი რიტუალებში ნათლადაა დაფიქსირებული. მათში არსებობს საკრალური სივრცის ისეთ შრე, რომელიც მხოლოდ ქალთა დღეობებს ითავისებს, ითავისებს პირველად დალის (მზის ღვთაების!) უზენაესობას, ყველაფრის დედის წიაღით დაწყების კანონზომიერებას და ამ კანონზომიერების მიმართ მხოლოდ ქალის მსახურებას. იგი ხდის მიწას საკრალურს და მის ნობათს ლემზირს– პირველ შესაწირს. თავის მხრივ, მსგავსი რელიგიური სივრცე ისტორიის პირველ საფეხურად არის მეცნიერებაში დაფიქსირებული. უძვლეს ხალხთა ნამოსახლარებზე აღმოჩენილი ქალის ტერაკოტული ფიგურები ნაყოფიერების სინკრეტული იდეის გამომავლინებელია. ამ იდეის მიხედვით სიცოცხლის გაგრძელებაში მამრის როლი უარყოფილია – ყველაფრის საწყისი დედა-ბუნებაა. რიტუალებში ნეოლითის ევოლუციური პროცესი დალსა და ეშხუს შორის ადგილთა გადანაცვლებით აღინიშნა. ამ გადანაცვლების შემდეგ ეშხუ გახდა პირველი (მუჟეღუ), დალი კი მისი ვაზირი - ფუსდ მქემ თარინგზელი. ფონემა თ’რინგზელშია ნგზელის, ნაგზელის, ლიგზელის საკრალური უნარი თავშეფარებული ანუ, ის რაც ქალის ბუნებიდან დაბადების უნარით გამოიხატა. ამ ცვლილებით ლამარია  (მიწა და მისი საკრალური არსი, ქალი და მისი მსახურების წეს–რიგი) კვლავ „ეშხუ“–ს მსახურად დარჩა. მისთვის არაფერი არ შეცვლილა,რადგან, მიწა ისედაცაა ზეცის მსახური, ქალი კი კაცის (მისი ძალის და არსის მაღიარებელი). –ასეა ეს ყველაფერი რწმენით და ბუნებით გადაწყვეტილი. ივანე ჯავახიშვილი ბრძანებდა: მზის სახელი „მზირა“ თავდაპირველად მნათობის თვისების აღმნიშვნელი მიმღეობა ან ზედსართავი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ შემდეგში გახდა იგი ქართულში მზის საკუთარი სახელი, აფხაზურ–ჩერქეზულში მთვარის აღმნიშვნელი. ეს აზრი თავადაა თქმა იმისა, რომ „მზირა“ პლანეტის საკრალური სახელია. იგი ზედსართავია, წოდება, თვისებრიობის გამომხატველი ფონემა. (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, თბ., 1979, 164–169). სწორედ ამ თვისების (მზირ–ის, მზერ–ის)  ირგვლივ არსებულ საკრალურ სივრცეს გვთავაზობს ლემზირი. ლე–მზირ, სალოცავი პურია მზირ–ისადმი განკუთვნილი. მე – მზირ, მლოცველია. სალოცავი ლემზირის მზირისადმი აღმვლენი.

ლი–მზირ, ლოცვაა, მზირასადმი მიმართული. გვჭირდებაა კი ამაზე მეტი მტკიცება იმისათვის, რომ მზირ–ის საკრალურობა გავითავისოთ ან, მის ირგვლივ არსებული რელიგიური სივრცე აღვიქვათ სინამდვილედ და რწმენის და მსახურების უძველეს ხედვად მივიჩნიოთ იგი. ამ სამ სიტყვაშია ყველა ის პირობა გაარსებითებული, რითაც ჩვენს წინ არსებული რწმენა და მსახურება გავითავისოთ არა ქაოტად,  არამედ მყარ მონოლითურ სისტემად, რომელსაც ჰყავდა ერთი მფარველი (ეშხუ) – „მზირ“, ჰყავს მისი მორწმუნე – „მემზირ“ და ახდენს მისადმი მსახურებას, ლიმზირს, ლემზირით – წმინდა წესით, წმინდა ადგილას. ვფიქრობთ, ეს ქართველთა მსოფლმხედველობის უძველესი სახეა. ეს რწმენა და რჯულია წინარექრისტიანი ქართველის. სვანური „მზირ“–ის ფონემას ვერ ხსნის. სამაგიეროდ მისი საკუთარი სახელი–„არდი“ – „ლირდეშია“ ასოცირებული. ლირდე სიცოცხლე და არსებობაა სვანურად („მზეს ოდესღაც არდი უნდა რქმეოდა“– ივ.ჯავახიშვილი). „არდიც“ დალის საკრალური სივრცის დროინდელია.  იგი დალის თვისებრიობას აღნიშნავს მზირ–თან  (მზერ–ის ფუნქციასთან, მზინვარების ფუნქციასთან) ერთად. დალი სივრცესა და დროში სიცოცხლის და არსებობის განმაპირობებელია. იგი იწვის და იმზირება („მზირ“!), მისი სახიანი ლემზირი „ჭირვატი“ კერის თავზეა მთელი წლის მანძილზე ჩამოკიდებული. იგი იქმნება ეშხუამის დროში. არდის, იგივე მზირას, იგივე მზეს საკრალური დღე კვირა დღეა – „მიჟ ლადაღ“ (მზის დღე!) – ქრისტიანობამ ამ დღეს კვირიაკე ანუ საუფლო უწოდა. (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, თბ., 1979, 162, 170, 171). ქრისტოლოგიით ღმერთი სიცოცხლის მზეა, მისი წვის და ნათების მამზირალია ქართველი. იგი მისი მლოცველია სალოცავი ლემზირით. ეს საუკუნო მოვალეობაა მისი. ამ გზითაც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ღვთის გენეზისი მხოლოდ და მხოლოდ მზის სიდიადეში ასოცირებულ ძალას უკავშირდება. არც დღესასწაულთა საკრალური იდეა და არც შესაწირი ლემზირების სახე არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ „ღმერთი“, როგორც ლექსემა და როგორც რელიგიური არსი, მზის და ხარის შერწყმის ნიადაგზე ჩამოყალიბდა. სარიტუალო ლემზირებში არ არსებობს „ხარის თავის“ ან „ხარის შუბლა“ ლემზირის სახე, შესაბამისად ღვთის ზოომორფული სახე. ის რაც ხარის თავადაა აღქმული, შეიძლება ყველანაირი არსების თავად მივიჩნიოთ. აქ არაფრის და არავისი თავი არაა წარმმართველი. ლემზირში „სამის“ საკრალურობაა აღქმული. ერთში – ღმერთის საკრალური სამობაა განსახიერებული და იგი ჩვენთვის ქრისტიანული „სამობის“ წინაპირობადაა წარმოდგენილი. წინარექრისტიანული „სამობა“ შემქმნელს, დამბადებელს და ყოველივე შექმნილს მოიაზრებს „ერთ“-ად სამლემზირიანი ლემზირით. ასეთი „ლემზირ“  ამ იდეის საკრალური სახეა. „ერთი“ - „სამარსია“ ასე გვიკონკრეტებს წინარექრისტიანთა რწმენა ღვთის არსს და სახეს. „ერთი“-ს საუკუნო მსახური ჯგრაგი და ლამარია შესაბამისად მათი მიწიერი სახეა. „ქალი და კაცი“ („მიწიერი შემოქმედნი“)  მათი მეუფების მაღიარებელნი არიან. ასეთია მთელი ის მითოლოგიური სივრცე, რასაც გვთავაზობს სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. მის წარმოდგენა-გაშიფვრას ემსახურება მთელი წინამდებარე ნაშრომი. ვფიქრობთ, უკვე აღნიშნულის გამო ნაშრომის მომდევნო თავთა წარმოდგენა, თქმულის კვლავ განმეორება იქნება. ამიტომ საუბარს მათი აქ წარმოდგენით არ გავაგრძელებთ. დავძენთ იმას, რომ კალენდრის მიხედვით წარმოდგენილ მითოლოგიური სივრცის გაშიფვრას ეხება ნაშრომის თერთმეტივე თავი. თვითოეული მათგანი ამ სივრცის ცალკეულ ნიუანსებს განიხილავს. მთლიანობაში კი ისინი იმ ფორმად იკვრება, რაც ზემოთაა წარმოდგენილი. გარდა ამისა;

ყოველი რიტუალი ავლენს თავის სტრუქტურას, მთელი საწელიწადო კალენდარი კი ყოველივე ამ დღეობის სტრუქტურულ მთლიანობას. აღნიშნული შემდეგი გარემოებებითაა განპირობებული:

1. საკრალური იდეა და მისი მფარველი (სქესით განსაზღვრული),

2. აღსავლენი ლემზირები  (ფორმით და რაოდენობით განსაზღვრული),

3. მათი შექმნის დრო და ადგილი (გამთენიისას, დილით, შუადღეს,  საღამოს,  ღამით,  კარ–სარკმელ დახურულ შინაში და სალადბაშე ადგილზე),

4. ლემზირების შემქმნელი (დიასახლისი – „ხოშა ზურალ),

5.  წმინდად მსახურების პირობები  (წმინდა გუიზი და წმინდა ლემზირი),

6.შესაწირი ზვარაკი (სქესით განსაზღვრული, მისი არჩევა დამოკიდებულია მფარველის საკრალური თვისებრიობაზე),

7. შემწირველი – მემზირ (სქესით განსაზღვრული),

8. შეწირვის ადგილი (ეს ეხება ლემზირსაც და ზვარაკსაც. კერის წინ,  სალოცავი სარკმლის წინ, სალოცავში, ლამარიაში,  სახლის შინას სხვადასხვა მხარეს,  სალადბაშე ადგილას),

9. რიტუალების აღსრულების დრო. სასწაულის აღნიშვნის და მსახურების სოციალური პირობები (ოჯახი, თემი თუ სოფელი, ხევი და მთელი საქართველო),

10. საიდუმლოდ (ოჯახში) ლოცვის წესი (უწენად ლიმზირ). ეს წესი დამოკიდებულია სადღეობო დღის მფარველის არსსა და თვით საკრალური დღის არსზე. ასევე, უწენად, მამაკაცების გარეშე, წარმოებს ყველა ქალთა დღეობა, იქნება იგი ქორის შინაში თუ გარეთ, – ღია ცის ქვეშ – სილალბაშე ადგილზე. მამაკაცის ასეთი ლიმზირი ტარდება წელიწადში ორჯერ. ერთი სიკვობის დღეს „პეტრ ბაჩართან“ და „უფლიშიერის“ დროს ეზოში. მონადირეთა ლიმზირი მხოლოდ მამაკაცების რიტუალია,

11. დღის მფარველის სავედრებელ სადიდებელი. იგი ფორმულირდება ა)დიდების თქმით, ბ)პატიების მოთხოვნით გ)წყალობის იმედით. კალენდრით წარმოდგენილია წარმართ ქართველთა უძველესი ახალი წელი. ესაა ბიხობის დღესასწაული. იგი იწყება 23 აგვისტოს და მთავრდება 27–ში (მისი სადღეობო დღე ოთხი დღეა!). 23  აგვისტო კი წარმართ ქართველთა ახალი წელი. ბიხობით იწყება მთელი საწელიწადო კალენდარი–საკრალურ დღეთა ათვლა და წლის დროებით დანაწილება. იგია დროის და სივრცის საზღვარი. წელიწადის სრული ციკლი დაყოფილია 14 დროდ. ეს თოთხმეტივე თავისთავში ითვისებს დროის სამ ფენას - წინარექრისტიანულს, გარდამავალს და ქრისტიანულს. იგი ხან დროის სახელწოდებაშია გამოკვეთილი, ხან დღეობათა წეს–რიგში, ხან კი - მათი ათვლის კანონზომიერებაში. ბიხობ ქართველთა უძველესი თავდღეობაა იგი ბარბალობამდელია. მის კანონზომიერებას მემინდვრეობა უდევს საფუძვლად, ბარბლაშისას–მესაქონლეობა. ამ ორივეს საკრალურ არსს ეშხუამ–მახე ზაის რიტუალი ასრულებს – მანამდე თქმულს თუ ქვეცნობიერს ერთ მონოლითად აქცევს. თავდღეობის საკრალური არსი დაბადებაა - უძველესი მსოფლხედველობის დასაწყისიც დაბადების საიდუმლოება. მისი შემოქმედი „ერთი“→ „ღმერთი“ ხდება ქართველია „მმზრიც“ (დამლოცველი!) და ლემზირიც (სალოცავი). ადამიანი და ღმერთი ურგთიერთგანმაპირობებელი არსია. ეს ისეთი საკრალური სივრცეა, რომელიც არ არსებობს რწმენის, მსახურების და მადლის გარეშე. ეს სიყვარულის გზაა-ღმერთსა და ადამიანს შორის მარადიული კავშირის გამომავლინებელი. ეს სიცოცხლეა სამყაროში ადამიანის არსებობის განმსაზღვრელი. ღმერთთან მიახლოების და საკუთარი არსის ამოცნობის სურვილია დღეობათა რიგიც და რიტუალური წესიც. ადამიანის ხედვაა ეს ყველაფერი - მარად არსებულ „ერთ“→„ღმერთს“ არ სჭირდებოდა იგი. ჩვენთვის კი სასწაული ტრადიციული ხედვის და მსახურების ერთობლიობაა. სასწაულია მთელი ქართველობისთვის ბუნების დაუწერელ კანონთა ერთნაირად შეცნობა და შემდეგ წესად დაკანონება, ჩვევად,  მრწამსად, ქცევად, აზრად და სიტყვად გათავისება ისე, თითქოს ეს ყველაფერი ერთი ორგანიზმია, ერთი სულით მსუნთქავი ორგანიზმი. საოცრებაა ეს ყველაფერი!...ღვთის ნება-სურვილი ხომ ბოლომდეა შეუცნობელი... დასასრულს აღვნიშნავთ იმ გარემოებას, რომ კვლევით გამოვლენილი სულიერი ხედვის თვითოეული ნიუანსი, მეტის თქმის შესაძლებლობას იძლევა. იგი ითხოვს ფერთა სიმრავლეს - საქართველოს ყველა კუთხეთა ტრადიციული ხედვის თავმოყრას და ერთ ეროვნულ მსოფლმხედველობად მის ჩამოქნა - ჩამოყალიბებას, რაც იმედია გამოვლენილ იქნება შემდგომი კვლევის პროცესში.