topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ი.გაგოშიძე - საქართველო და "ბერძნულ-სპარსული" გემმები

<უკან დაბრუნება....<<<საინტერესო სტატიები>>>


იულონ გაგოშიძე - საქართველო და “ბერძნულ-სპარსული” გემები//"იბერია - კოლხეთი", საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ - ისტორიული კვლევანი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის გამოცემის – «ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში» დამატება, თბილისი 2009, გვ.14-20

ბერძნულ-სპარსული გემები საქართველოსთან მიმართებაში პირველად მოიხსენიეს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბორის კუფტინმა და მარია მაქსიმოვამ, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლურჯი მინის მრავალწახნაგები (ტაბლოიდები) დაუკავშირეს ბერძნულ-სპარსულ გლიპტიკას [Куфтин Б. 1941:31-32; Максимова М. 1941:72-92] (ტაბ.II, 1-3). იმავე ფორმის ქვის საბეჭდავები მაშინ ცნობილი იყო მცირე აზიიდან და თარიღდებოდა დროის მოკლე მონაკვეთით ქ.წ. V ს-ის მეორე ნახევარსა და ქ.წ. IV ს-ის პირველ ნახევარს შორის. სწორედ ამიტომ მიიჩნია მ.მაქსიმოვამ ლურჯი მინის ტაბლოიდები მცირეაზიული ქვის ათწახნაგა საბეჭდავების ასლებად და ისინიც იმავე გვიანაქემენიდური პერიოდით დაათარიღა [Максимова М. 1941:72-92]. მარგარიტა ლორთქიფანიძესაც ლურჯი მინის ტაბლოიდები მცირეაზიული ქვის საბეჭდავების მექანიკურ ასლებად მიაჩნდა, მაგრამ იგი, მ. მაქსიმოვასაგან განსხვავებით, თვლიდა, რომ ლურჯი მინის მრავალწახნაგების წარმოება იბერიაში გრძელდებოდა ქ.წ. V ს-დან ქ.წ. I ს-მდე. მანვე პირველმა შენიშნა, რომ მინის რამდენიმე მრავალწახნაგა ერთი და იგივე ყალიბშია ჩამოსხმული და, ამდენად, მათზე არსებული გამოსახულებებიც იდენტურია [ლორთქიფანიძე მ. 1963:136-158; ლორთქიფანიძე მ. 1969:49] (ტაბ.II, 2-3). ამჟამად ცნობილია 19 სხვადასხვა ყალიბში ჩამოსხმული მინის 80-ზე მეტი მრავალწახნაგა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩენილია ქართლის სამეფოს (იბერიის) ისტორიულ ტერიტორიაზე. ამასთან დასტურდება სხვადასხვა ყალიბში ჩამოსხულ მრავალწახნაგათა სისტემური თანხვედრა არქეოლოგიურ კომპლექსებში (ტაბ. I). ეს გარემოება კი იმის უტყუარი საბუთია, რომ მინის ტაბლოიდები დროის შედარებით მოკლე პერიოდში უნდა იყოს დამზადებული, რადგანაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთი და იგივე ყალიბი ჩამოსასხმელად ხუთი საუკუნის განმავლობაში გამოეყენებინათ. და ხაზგასმით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი არქეოლოგიური კომპლექსი, რომელშიც ლურჯი მინის მრავალწახნაგაა წარმოდგენილი, არ თარიღდება ქ.წ. II ს-ის დასასრულზე უფრო ადრეული ხანით, ხოლო მინის ტაბლოიდთა საკმაოდ დიდი ნაწილი ქ.შ. I ს-ის სამარხებშია მოპოვებული არქეოლოგიური გათხრებით. ამგვარად უეჭველია, რომ ლურჯი მინის ტაბლოიდების წარმოება უნდა დათარიღდეს ქ.წ. I ან II-I ს-ით [Гагошидзе Ю. 1975]. მაგრამ თუკი ეს ასეა, მაშინ როგორღა ავხსნათ ამ ტაბლოიდების გამოსახულებათა თემატური და სტილისტური მსგავსება ე.წ. “ბერძნულსპარსულ” გლიპტიკასთან, რაც შენიშნულია არაერთი ავტორიტეტული მკვლევარის მიერ? გვიანაქემენიდური ხანის მცირე აზიის გლიპტიკაში ა.ფურტვენგლერმა ჯერ კიდევ 1900 წელს გამოჰყო ორი მხატვრული ტენდენცია – აღმოსავლურ-იონიური და ბერძნულ-სპარსული [Furtwängler A 1900:116]. მეცნიერ - მკვლევართა ნაწილი (ფურტვენგლერი, რიხტერი, ოსბორნი) თვლის, რომ ბერძნულ-სპარსულ საბეჭდავებს მცირე აზიაში სპარსელთა დაკვეთით კვეთდნენ სპარსელთა სამსახურში მყოფი ბერძენი ხელოსნები, მაშინ როცა სხვებს (ფოვილი, კნიპოვიჩი, მაქსიმოვა, სერიგი) მიაჩნიათ, რომ ეს საბეჭდავები შექმნილია ბერძნული ხელოვნების გავლენის ქვეშ მყოფი სპარსელი ხელოსნების მიერ (დაწვრილებით იხ.: [Никулина Н. 1966]). მაგრამ ნ.ნიკულინა არცერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და წერს, რომ ბერძნულ - სპარსული საბეჭდავები მცირე აზიის იმ ადგილობრივ მოსახლეთა შემოქმედების პროდუქტია, რომლებიც ერთდროულად განიცდიდნენ როგორც ბერძნული, ისე ირანული ხელოვნების გავლენას [Никулина Н.1966:20]. მ.მაქსიმოვამ პირველმა გამოჰყო მცირეაზიულ ათწახნაგა საბეჭდავთა ერთი ჯგუფი, რომელიც ფორმითა და გამოსახულებათა მოტივებით ბაძავს ბერძნულ და სპარსულ საბეჭდავებს, მაგრამ დიდად ჩამოუვარდება მათ კვეთის ტექნიკისა და არტისტიზმის დონის თვალსაზრისით. ეს მრავალწახნაგა საბეჭდავები ზომითაც უფრო პატარებია და მათ გამოსახულებაც მხოლოდ ერთ, ქვედა წახნაგზე აქვთ ამოკვეთილი. ამგვარ საბეჭდავებს მ.მაქსიმოვა ბერძნულ - სპარსული გემების თანადროულად თვლიდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ ისინი შექმნილია არა ბერძენი და არა სპარსელი, არამედ  ადგილობრივი, მცირეაზიელი ხელოსნების მიერ [Максимова М. 1941:78-79]. მ.მაქსიმოვას და მ.ლორთქიფანიძის თანახმად, ლურჯი მინის მრავალწახნაგები სწორედ ამ საბეჭდავების ასლებია [Максимова М. 1941:90; ლორთქიფანიძე მ. 1969:49]. ჯონ ბორდმანმა საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა ბერძნებისა და სპარსელების შეხვედრა-თანამშრომლობის შედეგად შექმნილ გლიპტიკას და მასში გამოჰყო სამი კლასი: სასახლის სტილი, ბერძნული სტილი და შერეული სტილი. ეს უკანასკნელი, შერეული სტილის კლასი, რომელიც გაერთიანებულია ფორმის, სტილისა და მოტივების ერთიანობის საფუძველზე, თავისთავად 11 ჯგუფად იყოფა [Boardman J. 1970:303-322]. ერთი მათგანი, ბერნის ჯგუფი განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს ლურჯი მინის იბერიული ტაბლოიდების გამოსახულებებთან. ბერნის ჯგუფი, როგორც ჩანს, მოიცავს იმ გემებს, რომელთაც მ.მაქსიმოვა და მ.ლორთქიფანიძე ადგილობრივი, მცირეაზიელი ხელოსნების ნაწარმად თვლიან და ჯ.ბორდმანიც ამავე ბერნის ჯგუფის მრავალწახნაგა გემებთან აკავშირებს ლურჯი მინის ტაბლოიდებს [Boardman J. 1970:320-322]. ჯ.ბორდმანის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ შერეული სტილის გლიპტიკური ძეგლების გავრცელების არეალი დიდად სცილდება მცირე აზიის ფარგლებს და ისეთ შორეულ პუნქტს აღწევს აღმოსავლეთით, როგორიცაა ტაქსილა პენჯაბში (პაკისტანი). გაფართოვდა ამ გემების ქრონოლოგიაც: ბერნისა და ტაქსილას ჯგუფების გემებს ჯ.ბორდმანი პოსტაქემენიდურ და ელინისტურ პერიოდებს აკუთვნებს [Boardman J. 1970:318-322; Boardman J. 1990:401]. კიდევ მეტი. ჯ.ბორდმანმა დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვისი ნაკვეთია გემა, ბერძენის, რომელიც არაბერძნული ბაზრისთვის მუშაობდა, თუ აღმოსავლელისა, რომელმაც მეტ-ნაკლები წარმატებით აითვისა ბერძნული მანერა და მოდელები, შედეგი ტიპოლოგიურად მაინც ერთი და იგივეა: მიიღება შერეული სტილის პროდუქცია, რომელსაც უპრიანია ეწოდოს “ბერძნულ-აღმოსავლური”, რადგანაც ხსენებული ტანდემის მეორე, აღმოსავლელი მონაწილე უმეტეს შემთხვევაში ეთნიკურად არასპარსელი ხელოსანია  [Boardman J. 1970:312-313; Boardman J. 1990:401]. ძველი საქართველო – კოლხეთი და იბერია – ისეთი ქვეყანაა, სადაც აღმოსავლური და ბერძნული კულტურების კონტაქტი ხორციელდებოდა უკვე აქემენიდურ ხანაში. “აღმოსავლური” მოიცავს საკუთრივ ქართულ კულტურასაც, რომელსაც იმ დროისათვის უკვე განცდილი ჰქონდა სპარსული გავლენა და აქემენიდური კულტურული კოინეს ნაწილს შეადგენდა [Gagoshidze J. 1996:125-136]. ამ კონტაქტებმა ასახვა ჰპოვა ლითონის (ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს) ფარაკიან საბეჭდავ-ბეჭდებში, რომლებიც კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ქ.წ. V-III საუკუნეებით თარიღდება (ტაბ.II, სურ.4-14, 18). ბევრი ამ საბეჭდავთაგან საკმაოდ მაღალხარისხოვანი ნაწარმია და მათი აღმოჩენის წერტილები მთელ საქართველოს ჰფარავს - აფხაზეთიდან მოკიდებული კახეთამდე, ჩათვლით [ლორთქიფანიძე მ. 1969:39-48]. ეს ფარაკიანი ბეჭდები, ყველა მონაცემით, ჯ.ბორდმანის მიერ გამოყოფილ ბერძნულ-აღმოსავლური საბეჭდავების წრეში ექცევა: მათი საერთო ფორმა და გამოსახულებათა კვეთის ტექნიკა აშკარად ბერძნულია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ისინი ბერძენი ხელოსნების ნაწარმი არ უნდა იყოს, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ მათგანზე ბერძნული წარწერაც კი არის ამოკვეთილი [ლორთქიფანიძე მ. 1975:92-93]; მათ ფარაკებზე ნაკვეთი გამოსახულებების თემატიკა კი ნამდვილად აღმოსავლურია და მათ შორის წმინდა აქემენიდური მოტივებიც გვხვდება (ტაბ. II, სურ. 8, 14). ლითონის ფარაკიანი საბეჭდავი-ბეჭდების ამ მრავალრიცხოვან ჯგუფში რამდენიმე ქვეჯგუფის გამოყოფაა შესაძლებელი რკალისა და ფარაკის ფორმის, დამზადების ტექნიკის ან რაიმე სხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაგრამ არსებობს ისეთი სახასიათო დეტალებიც, რომლებიც მათ აერთიანებს. მაგალითად, ერთი ამგვარი დეტალია ასტრალური სიმბოლიკა – ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, რომლებიც ხშირად არის წარმოდგენილი ამ ბეჭდებზე მაშინ, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ ისინი პრაქტიკულად არ გვხვდება. ბეჭდის გახსნილი რკალი და ლითონის ფირფიტისაგან გამოჭრილი ბეჭედიც, თითქოს, მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. სხვადასხვა ფორმის საბეჭდავები – ფარაკიანი ბეჭდები, სკარაბეოიდები, ტაბლოიდები, რომლებიც ყველა ნიშნით უნდა გაერთიანდნენ ბერძნულ-აღმოსავლური გემების წრეში, მზადდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მთელი ელინისტური ხანის განმავლობაში ადრერომაულ ხანის ჩათვლით. აქემენიდური პერიოდიდან მომდინარე ამ ძველი ტრადიციული წარმოების გახანგრძლივებას ხელს უწყობდა ყოფაში შემონახული ძველი ნივთების არსებობა: საქართველოში საკმაოდ ხშირია გვიანდელ არქეოლოგიურ კომპლექსებში ძველი, აქემენიდური და ბერძნულ-აღმოსავლური გლიპტიკური ძეგლების აღმოჩენის ფაქტები. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ ბერძნულ-სპარსული ტაბლოიდის (ათწახნაგა საბეჭდავის) აღმოჩენა მცხეთაში, ბაიათხევის კრამიტსამარხში, რომელიც ქ.შ. II ს-ით თარიღდება [ნიკოლაიშვილი ვ., გიუნაშვილი გ. 1995:120]. ახლახან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კახეთიდან შემოვიდა ქ.შ. I ს-ის არქეოლოგიურ ნივთებთან ერთად აღმოჩენილი საბეჭდავი – ბერძნულ-აღმოსავლური შერეული სტილის ბერნის ჯგუფის ქალცედონის სკარაბეოიდი (განსაზღვრა ქეთევან ჯავახიშვილმა). ასე რომ, აქემენიდური ხანის ბერძნულ - აღმოსავლური ტრადიცია ქართულ  ხელოვნებაში წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო ლურჯი მინის ტაბლოიდები ქვის საბეჭდავების მექანიკური ასლები კი არ არის, არამედ ისინი უნდა განხილულ იქნენ, როგორც გვიანი ხანის ბერძნულ-აღმოსავლური წრის გემების თავისთავადი ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ქ.წ. I ან II-I ს-ში, მაგრამ ყოფაში დარჩა ქ.შ. I-II ს-მდე. ამ ტაბლოიდების გამოსახულებათა თემატიკა, წარმოშობით ბერძნულ-აღმოსავლური, სრულიად ორგანულია ისეთი უეჭველად იბერიული ნაწარმისათვის, როგორიცაა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბრინჯაოს ჭვირული ბალთები და  ქ.შ. I ს-ის ძვლის გრავირებული ფირფიტები, აღმოჩენილი დედოფლის გორაზე, სამთავროში, უფლისციხეში, ბამბებში, ნასტაგისში (ტაბ.II, სურ.15-16). ამ გამოსახულებათა სიუჟეტებსა და სტილისტიკაში გამოირჩევა აღმოსავლური ტენდენციაც, რომელიც უნდა განხილულ იქნეს, როგორც აქემენიდური ხელოვნების შორეული რემინისცენცია, და ბერძნულ-ელინისტური ხელოვნების გავლენაც, ე.ი. აქ წარმოდგენილია ხელოვნებათა ისეთი სინთეზი, როგორიც საერთოდ ძველი ქართული ხელოვნებისთვის არის დამახასიათებელი. იგივე შეიძლება ითქვას როგორც ამ პერიოდის საქართველოს ხუროთმოძღვრების შესახებ (ვგულისხმობ დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსს [Gagoshidze J. 1992]), ისე ტორევტიკაზეც: ქ.წ. V ს-ში აქემენიდური ირანიდან იმპორტირებული ტიპი ზურგშედრეკილი სამაჯურებისა საქართველოში შემორჩა ქ.შ. I-II ს-მდე, მაშინ როცა სპარსეთში – ტიპის სამშობლოში იგი კარგა ხნის დავიწყებული იყო. დასასრულ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოში აღმოჩენილი აქემენიდური ეპოქის ერთ-ერთი ფარაკიანი საბეჭდავი-ბეჭდის ჯ.ბორდმანისეულ ბერძნულ-აღმოსავლურ გემებთან მსგავსება შენიშნული აქვს მ.ლორთქიფანიძეს  Lდა მან კოლხეთის საბეჭდავი-ბეჭდებისადმი მიძღვნილ წიგნში ძალიან ფრთხილად დაწერა კიდეც, რომ ამ ბეჭედთან მიმართებაში შეიძლება საუბარი ბერძნულ-კოლხური სტილის შესახებ [ლორთქიფანიძე მ. 1975:112]. და ამ მოკლე წერილის ბოლოს კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო. მიხეილ როსტოვცევი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის რომაული ხანის კედლის მხატვრობაში მოულოდნელად იჩენს თავს აღმოსავლური, ძველი ირანული მოტივები და 1914 წელს მან გამოსთქვა ვარაუდი, რომ ხელოვნების ძველი ირანული ტრადიციები უნდა შემონახულიყო რომაულ ხანამდე სადღაც პართიაში და კავკასიაში (საქართველოს ჩათვლით), საიდანაც ამ ტრადიციებმა შეაღწია შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე [Ростовцев М. 1914:321]. ქ.შ. III ს-ში ჩამოყალიბდა სპარსულ-სასანური ხელოვნება, რომელსაც განიხილავენ, როგორც აქემენიდური ხელოვნების თავისებურ რენესანსს. მე არ ვაპირებ ვამტკიცო, თითქოს სასანური რენესანსი საქართველოდან დაიწყო, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ ვივარაუდო, რომ აქემენიდური და ბერძნულ-სპარსული ტრადიციების კონსერვაცია შეიძლებოდა მომხდარიყო და, როგორც ჩანს, მოხდა კიდეც ელინისტური სამყაროს სამხრეთ პერიფერიაზე, სადღაც ფარსში, ისევე როგორც ეს მოხდა ამავე სამყაროს ჩრდილო განაპირა მხარეში, საქართველოში. მხოლოდ საერთო ფესვების არსებობით შეიძლება აიხსნას ის გასაოცარი მსგავსება, რასაც იჩენს პირველი საუკუნის ძვლის ფირფიტების ქართული გრავირებული მხატვრობა III-IV ს-ის სასანურ ხელოვნებასთან (ტაბ.II, სურ.15-16).

ილუსტრაციების აღწერილობა:

ტაბ. I. ლურჯი მინის ტაბლოიდების ურთიერთთანხვედრების ცხრილი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ტაბ. II.  1-3 - ქ.წ. I ს-ის ლურჯი მინის ტაბლოიდები: 1 - ნერონ დერესიდან; 2 – ნერონ დერესიდან, აბელიიდან და არკნეთიდან; 3ა  - ნერონ დერესიდან, აბელიიდან, ტუიაქოჩორიდან, ლოჭინიდან და აზერბაიჯანიდან (ყარაქოფაქთეფე); 3ბ – ლოჭინიდან, ურბნისიდან, სოხტიდან, ბრილიდან, ნასტაგისიდან, ოსეთიდან და სომხეთიდან (ლენინაკანი, გეღადირი); 4-14 - ქ.წ. IV ს-ის ფარაკიანი საბეჭდავი-ბეჭდები: 4-6 – საძეგურიდან, ვერცხლი; 7-8 – საძეგურიდან, ოქრო; 5-9 – ყანჩაეთიდან, ვერცხლი; 10,12,13,14 – ტახტიძირიდან, ვერცხლი;  11,18 – ტახტიძირიდან, ბრინჯაო; 15,16,17 – ქ.შ. I ს-ის ძვლის გრავირებული ფირფიტები დედოფლის გორიდან.

Free Image Hosting at www.ImageShack.us