There are no translations available.
< უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე... <<<ეკლესია - მონასტრები>>>
განვითარებული ფეოდალიზმი: გეგუთის ციხე-დარბაზი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვმენის ისტორია. -თბ. 1995. - გვ.105-107.
იშვიათობას წარმოადგენს ქუთაისის მახლობლად მდებარე გეგუთის ციხე - დარბაზი. ეს სასახლე ემსახურებოდა გიორგი III (1156 – 1184 წწ.). გეგმაში სასახლე უახლოვდება კვადრატს (37X37 მ.). ცენტრში გამოიყოფა ჯვარისებრი ფორმის საზეიმო დარბაზი, რომელშიაც საგანგებო შესასვლელის - ვესტიბულის გავლით ხვდებოდნენ. შუა კვადრატული დარბაზი გადახურულია 14 მეტრის დიამეტრის გუმბათით, რომელზედაც გუმბათქვეშა კვადრატიდან გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში მდებარე დიდი ტრომპების საშუალებით. როგორც ჩანს, გუმბათის ცენტრში ყოფილა სასინათლო ხვრელიც. დარბაზს ოთხი მხრიდან ეკვრის შეისრული კამარებით დახურული სადგომები. დარბაზის ირგვლივ განლაგებულია სხვა საცხოვრებელი და დამხმარე ოთახები (საწოლი, სალარო, სამზარეულო). სამიოდე მეტრის სიმაღლის თლილი ქვის კვადრებით ნაწყობ ცოკოლზე შემდგარი შენობა აგებულია აგურისაგან. სასახლის კედლები შიგნით მოპირკეთებული ყოფილა და ზემო ნაწილებში, ალბათ, ნაძერწითა და ფერწერით მორთული. სასახლე ნანგრევებშიაც დიდ შთაბეჭდილებას სტოვებს. გუმბათის სიმაღლე იატაკიდან 20 მეტრს აღწევს. ერთი ოთახი ზომით 10 მ X 9 მ. აღჭურვილია ბუხრით (2მ X1,9 მ). სასახლე ემსახურებოდა გიორგი III და თამარ მეფეს, მაგრამ აგებული უნდა იყოს XI საუკუნეზე ადრე. XVIII ს. სასახლე ძლიერ დაზიანდა იმერეთის მეფე სოლომონის დროს. ხოლო XIX ს. 30-იან წლებში ქვის კარიერად იქცა ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
გეგუთის სასახლე // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.64
სასახლეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გეგუთისა, ქუთაისის მახლობლად. მისი ზოგი ნაწილი XII საუკუნისაა, ზოგი უფრო ადრინთელიც - მაშინ აქ მეფის სანადირო სახლი იყო, რომელიც ერთადერთი ბუხრიანი ოთახისგან შედგება. აგურის დიდი დარბაზი მოთავსებული იყო თლილი ქვის სამმეტრიან ცოკოლზე. დარბაზის შუა ნაწილს გუმბათი ხურავდა, ოთხ მხარეს კი, ჯვრის მკლავებივით მიემართებოდა კამარებით გადახურული ღრმა უბეები. ამგვარად, იქმნებოდა დიდი ჯვრისებრი სივრცე, რომელიც - თუ წარმოვიდგენთ აღარ არსებულ გუმბათს, ინტერიერის მდიდრულ მორთულობას - გრანდიოზული და საზეიმო უნდა ყოფილიყო. მაგრამ თუ სანადირო ან "სააგარაკო" სახლი ასეთი იყო, უმთავრესი სამეფო სასახლეები (ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში), რომლებშიაც, მრავალ სხვა სადგომთან ერთად, უნდა ყოფილიყო საზეიმო ცერემონიებისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზები, კიდევ უფრო მონუმენტური და შთამბეჭდავი იქნებოდა. საუბედუროდ, დრომ და მტრებმა არ დაზოგეს ეს სასახლგეები. წერილობითი ცნობები მოწმობს, რომ თბილისის სამეფო რეზიდენცია XII ს-ში მეტეხის ტაძრის გვერდით მდებარეობდა, მტკვრის კლდოვან ნაპირზე, და რომ მისი დარბაზები მოხატული იყო ქვეყნის სამხედრო ისტორიის სცენებით.
გეგუთის სასახლე// ვ. ბერიძე. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 165
სადგურ რიონის მახლობლადაა, ქუთაისიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. დგას გაშლილ ველზე, რიონის მარცხენა ნაპირას. ე.წ. "ციხე-დარბაზი" მეფის სანადირო ადგილებთან ახლოს იდგა. 1953-55 წლებში ძეგლის გასაწმენდად და გასამაგრებლად ჩატარებულმა მუშაობამ გამოარკვია, რომ სასახლე სამი ძირითადი ქრონოლოგიური ფენისაგან შედგება: ჯერ აქ ერთადერთი ბუხრიანი ოთახი ყოფილა - მცირე სამეფო „სანადირო სახლი". XII ს-ში, გიორგი მესამის დროს, აგურისაგან ააშენეს დიდი დარბაზი, რომელიც მაღალ, თლილი ქვით ნაშენ, თითქმის სამმეტრიან ცოკოლზე დგას. XIII ან XIV სს მიეკუთვნება ორსართულიანი მინაშენი დასავლეთის მხრივ და სასახლის ეკლესია. გეგუთის სასახლე დიდად დაზარალდა XIX ს-ში, როცა მის ქვებს საშენ მასალად ეზიდებოდნენ. 1953 - სა და მომდევნო წლებში ჩატარდა მისი რესტავრაცია (არქ. ვ.ცინცაძე).
1. არქიტ. ვ. წილოსანი. გეგუთი, ციხე-დარბაზი: კრებული „შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა“, თბ., 1938, გვ. 449-467.
|