topmenu

 

გელათი - ი.ციციშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

განვითარებული ფეოდალიზმი: გელათი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1995. გვ.95. 116-117, 132.

XIII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ იყო შექმნილი გელათის დიდებული მონასტერი. ანსამბლის ცენტრში დგას ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი აგებული 1106-1125 წლებში. იგი განსხვავდება ამ პერიოდის სხვა ძეგლებისაგან და სამი აფსიდის შვერილით აღმოსავლეთის მხარეს უახლოვდება აფხაზეთის ტაძრებს. მძლავრი გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს. ტაძრის ვრცელი შიგა სივრცე უხვად არის განათებული. მისი კედლები დაფარულია სხვადასხვა დროის ფერწერით, საკურთხევლის კონქში კი მოთავსებულია განთქმულიმოზაიკური კომპოზიცია. ტაძარი შემოსილია მშვენივრად გათლილი ქვის მსხვილი ფილებით. სამაგიეროდ ტაძრის განზრახული ორნამენტული მორთულობა არ ყოფილა განხორციელებული და ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ორიოდე ვარდული და ზოგიერთ ნაწილებში ჩანს მინიშნებული მორთულობის ადგილი. გელათში აკადემიის შენობა მდებარეობს მონასტრის ანსამბლის დასავლეთის ნაწილში. იგი წარმოადგენს სწორკუთხა ფორმის ერთსართულიანი შენობას სიგრძით 25 მ. სიგანით - 10,4 მ. დასავლეთის კედელში გაჭრილია ცხრა მაღალი და ფართო თაღოვანი სარკმელი, რომელთაც შეესატყვისება ასეთივე მაღალი და ღრმა ნიშები მოპირდაპირე კედელზე. კედლების გასწვრივ მოწყობილია ქვის ფართო მერხები მსმენელთათვის და ცენტრში, უფრო მაღალი, დეკორატიული თაღებით შემკული კათედრა ხელმძღვანელისათვის. დარბაზის სახურავი ორკალთიანი ყოფილა. დასავლეთის მხრიდან დარბაზს ახლავს თლილი ქვით ნაგები კარიბჭე მაღალი და ფართო თაღით. აქედან ქვის კიბით ამოდიოდნენ მეორე სართულზე, სადაც მოწყობილია დარბაზში შესასვლელი კარი და აგრეთვე დამხმარე ოთახები და ღია ვერანდა. აღმოსავლეთის მხრიდან მოგვიანებით შენობას მიუშენეს მონასტერთან დამაკავშირებელი, სამი მხრით თაღებით გახსნილი კარიბჭე. XII საუკუნის კედლის მხატვრობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია გელათის მოზაიკას შესრულებულს 1125 – 1130 წლებში. საკურთხევლის აფსიდის კონქში ოქროსფერ ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმითურთ. მის ორსავე მხარეს მთავარანგელოზებია - მიქელი და გაბრიელი ძვირფას სამოსელში. მათ ფრთები ფართოდ გაუშლიათ და ხელში კი სფეროები და ლაბარუმები უჭირავთ. მოზაიკის მასალად გამოყენებულია ძალზე მცირე ზომის (5-8 კვ.მმ) სმალტის და ადგილობრივი ქვის კუბურები. ნახატის კეთილშობილება, ნაკვთების მოხდენილი, თავისუფალი მოძრაობა, სახეების დახვეწილი ინდივიდულობა და განსაკუთრებით, მდიდარი კოლორიტის სინატიფე, რბილი აკვარელური გადასვლებით, აყენებს გელათის მოზაიკას ამ პერიოდის საუკეთესო ქმნილებათა რიგში. ცხადია, მოზაიკა თავისი მხატვრული პრინციპებით მიეკუთვნება ბიზანტიურ ხელოვნებას, ამასთანავე ზოგიერთი სტილისტიკური ნიშნებით იგი განსხვავდება მისგან და უკავშირდება ქართული ხელოვნების ტრადიციებს. მკვლევართა აზრით, გელათის მოზაიკის შემქმნელი იყო ბიზანტიაში განსწავლული ქართველი ოსტატი. მთავარი ტაძრის დანარჩენი ნაწილები მოხატული იყო ფრესკით. იგი უახლოვდება თავისი მონუმენტურობით, ნაკვთების მოხდებილობით, სახეების შთაგონებითა და ნათელი კოლორიტით ატენის სიონის ფერწერას, მაგრამ აქ კოლორიტი უფრო ცივია და ნახატი, პირიქით რბილი. ეს ფრესკები განახლებულია XVI საუკუნეში. XIII საუკუნის დამლევიდან ქართულ კედლის მხატვრობაში თავს იჩენს ბიზანტიური პალეოლოგთა სტილისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული და სტილისტიკური რიგის ნიშნები. ყველაზე ადრეული ძეგლი, სადაც შეიმჩნევა ეს მიმართულება არის გელათის ტაძრის სამხრეთის ეკვდერის ფერწერა, რომელიც მიეკუთვნება XIII ს. 90-იან წლებს. აქ ქტიტორების პორტრეტები შესრულებულია პირვანდელ (XII ს.) ფერწერაზე და იმეორებს ძველ კომპოზიციურ სქემას, მაგრამ ძველი ფერწერის სადა, ფრონტალური ნაკვთები შეიცვალა უკვე გაცილებით დინამიკური ნაკვთებით. მათი პროპორციები წაგრძელებულია, ნახატი უფრო მოძრავი, ხოლო ფორმათა ცხოველსახული. ძველი ფერწერის რბილი კოლორიტიც შეიცვალა რთული, კონტრასტული ფერებით.