topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნიკორწმინდა - ი.ციციშვილი, ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<რაჭა>>>

ნიკორწმინდა - განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება - ციციშვილი ირ. //ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.85-86.

ორიგინალურ ძეგლს წარმოადგენს მთიან რაჭაში 1014 წელს აგებული ნიკორწმინდის ტაძარი. თავისი გეგმით იგი უახლოვდება კუმურდოს, თუმცა აქ აფსიდები ვარსკვლავისებრივაა განაწილებული გუმბათქვეშა სივრცის მიმართ. აღმოსავლეთის აფსიდის გვერდებზე მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნო, ხოლო დასავლეთის მკლავის გვერდებზე ეკვდერებია. მშვენივრად გააზრებული შიგა სივრცე უხვად არის განათებული გუმბათის ყელზე არსებული 12 სარკმლიდან. კედლები დაფარულია ფრესკული ფერწერით. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელების წინ ტაძარს ახლავს მდიდრულად მორთული კარიბჭეები. საერთოდ ცალკე უნდა აღინიშნოს ტაძრის გარე გაფორმების სიმდიდრე. ნიკორწმინდის მორთულობა წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც მოიცავს ტაძრის ყველა ნაწილს. გაფორმების ძირითად გამაერთიანებელ მოტივს შეადგენენ ორმაგ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღები. ორნამენტული მორთულობა მდიდარია და მრავალფეროვანი. ყველა კარი და სარკმელი შემკულია სხვადასხვა ჩუქურთმოვანი საპირეებით და თავსართებით. ყველა ფასადზე თაღების ზემოთ მოთავსებულია ნაკვთიანი რელიეფებისაგან შედგენილი კომპოზიციები. განსაკუთრებითაა მორთული გუმბათის ყელი, რომლის არა მარტო სარკმლების საპირეები, არამედ თვით დეკორატიული თაღების ლილვები, რთული ლავგარდანი და სარკმლების ქვემოთ დატოვებული არე მთლიანად ხალიჩისებრ დაფარულია ჩუქურთმებით და რელიეფური ნაკვთებით. X საუკუნის მანძილზე შემუშავებული შენობის ტიპი - წაგრძელებული ფორმის ტაძარი, თავისუფლად მდგარ ბურჯებზე აზიდული გუმბათით და შედარებით დაბალი სადგომებით ჯვრის მკლავებს შორის - საბოლოოდ დამკვიდრდა საქართველოს უდიდესი საკრებულო ტაძრების აგებით. ქრონოლოგიურად ერთმანეთის მომდევნო ქუთაისის, მცხეთის და ალავერდის ტაძრები თავისი აბსოლუტური სიდიდით, კომპოზიციის მხატვრული ხარისხისა და შესრულების ღირსებით ასახავენ დაწინაურებული სახელმწიფოს მისწრაფებებს და მოასწავებენ ქართული არქიტექტურის განვითარების ახალ ეტაპს.

ნიკორწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ.145

1010-1014 წწ.

დიდი სოფელი ნიკორწმინდა რაჭაშია, ამბროლაურის რაიონში, რაიონის ცენტრიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზაზე, ნაქერალას უღელტეხილის მახლობლად. ეკლესია მცირე შემაღლებაზეა და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. გეგმისა და ფასადთა მორთულობის შესახებ იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი (უმეტესი ნაწილისა) დიდად საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. რელიეფებს შორის, ქრისტიანული ლეგენდის ცნობილი სიუჟეტების გვერდით, ბევრია ისეთი მოტივიც (რეალური და ფანტასტიკური ცხოველები), რომელთაც სათანადო განმარტებითი წარწერებიც აქვთ, მაგ.ლომები, ფასკუნჯი ("ფასქუჯი"), "სირაქლემი", "ქათამ-ვეშაპი", ხარი ზებუ და სხვ.) რომლებიც, უეჭველია, ხალხურ წინაქრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ეკლესიის თარიღის დაზუსტების საშუალებას გვაძლევს დასავლეთი შესასვლელის წარწერა, რომელშიაც მოხსენიებულია სრულიად საქართველოს მეფე ბაგრატ III (ქუთაისის ბაგრატის ტაძრის მაშენებელი). სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ეკლესიაზე ცოტა გვიანდელი უნდა იყოს, მაგრამ აგრეთვე XI ს-ის პირველი ნახევრისა. დაკვირვება მოწმობს, რომ ტაძრის ორნამენტზე რამდენიმე ოსტატს უმუშავნია: მათი ხელი თვალსაჩინოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. განსხვავდება მოტივების შერჩევაც და შესრულების ხასიათიც. 1634 წელს შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ მესამეს. ტაძრის შიგნით დარჩენილია XVII ს-ის ფრესკები, გვიანა ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუში. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა. შენობის ზომები გარედან, კარიბჭეების გარეშე: სიგრძე - 17,3 მ, სიგანე - 13,3 მ., სიმაღლე შიგნით - 22 მ.

1. Г.Н. Чубинашвили. Кумурдо и Никорцминда, как пример разных этапов бароккального стиля в грузинском искусстве: Вопросы, გვ.236-261 (შემოკლებული ტექსტით ადრე გამოიცა ალბომის სახით: Н.П.Северов и Г.Н.Чубинашвилию Кумурдо и Никорцминда. სერია Памятники грузинской архитектуры. М. 1947)

2. ბოჭორიძე რაჭის ისტორიული ძეგლები: საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. V, ტფ. 1930, გვ.192 და შემდ.

3. ლ. მაცულევიჩი. ნიკორწმინდა და მისი ადგილი საქართველოს კულტურაში: ენიმკის მოამბე, III, ტფ., 1938, გვ.25-54

4. ნ. ალადაშვილი. ნიკორწმინდის რელიეფები, თბ., 1957

"+"