topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამშვილდე

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>

გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

სამშვილდე - ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფ.სამშვილდის მახლობლად (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ისტორიულ ქვემო ქართლში. შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ.ჭივჭავისა და ხრამის (ქცია) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვებოდა. ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ააშენა ქართველთა ეპონიმმა ქართლოსმა. მისი თავდაპირველი სახელწოდება "ციხე ორბისა". ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებით - "დედაციხედ". ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრად. დროდადრო იგი უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ - ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ - ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას. სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო. ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. იგივე სტატუსი ჰქონდა სამშვილდეს მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII-XIV სს.). XV საუკუნიდან სამშვილდე ბარათაშვილთა სათავადოს ცენტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის II ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდეგ მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შერჩა. ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართულ არქიტექტურასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება. ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები. 1968 - 1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ - არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა. სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.

წყარო:  http://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე_(ციხე-ქალაქი)

 

 

 

 

 

 

***********************************************************************************

სამშვილდის სამაროვანი - გ.მირცხულავა  //ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.47 - 53

ქვემო ქართლი, ისტორიული თვალსაზრისით მეტად საინტერესო მხარეა და  მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მათი შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდება უფრო ზუსტად გაეცეს პასუხი ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის არქეოლოგიური კულტურების წარმოშობა და ურთიერთობა - უძველესი პერიოდიდან მოკიდებული. თეთრიწყაროს, კიკეთის, თამარისის, გომარეთისა და სხვა მრავალი იმ ხანის ძეგლები, რომლებიც „მტკვარ-არაქსის" კულტურის ადრეულ ეტაპს წარმოგვიდგენენ, გვიჩვენებენ, რომ ლითონის ათვისების ხანის საწყის საფეხურზე ქვემო ქართლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა მაღალ განვითარებული კულტურის მქონე მიწათმოქმედი... <<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

შუა საუკუნეების ხელოვნება: სამშვილდე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.64-65. გვ.80

თეთრი წყაროს მახლობლად მდინარეების ჭივჭავასა და ხრამის შესართავთან მდებარეობს ნაქალაქარი სამშვილდე. აქაც ქალაქისათვის შერჩეულია ბუნებრივად ბრწყინვალედ დაცული ადგილი. ქალაქს უკავია კონცხი, ორივე მხარეს კი კლდოვანი შვეული ხრამებია, ხოლო მესამე მხარე გალავნით იყო დაცული. ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგება. დასავლეთის მხარე ქალაქის კედლებს გარეთ იმყოფებოდა. ეს გარეუბანია, სადაც შემორჩენილია საცხოვრებელი სახლების ნანგრევები, ბაღ-ბოსტნების საკარმიდამო ნაკვეთები...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

სამშვილდე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.39-40

გარდამავალი ხანის ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა: ისეთი ძეგლის დასახელება, რომელიც შეიძლება ზუსტად VII ს-ის მეორე ნახევარს მიეკუთვნოს, გაგვიძნელდება, მაგრამ VIII და IX საუკუნეებისათვის მშვენიერი მაგალითები გვაქვს. ზოგი მათგანი ზუსტად დათარიღებულიც კია. პირველად შეიძლება განვიხილოთ სამშვილდის დიდი საეპისკოპოსო ტაძარი. სამშვილდე (70 კმ-ზე თბილისის სამხრეთ-დასავლეთით) ოდესღაც აყვავებული ქალაქი იყო, შემდეგ დაცარიელდა და დღეს დიდებული ნანგრევების სახითღა დგას...<<ტექსტი სრულად აქ...<<