topmenu

 

ერთაწმინდა - ძეგლთა აღწერილობა

<უკან დაბრუნება <<დაბრუნება ერთაწმინდას გვერდზე

ერთაწმინდა // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.156-158

წმ.ესტატეს ტაძრის კომპლექსი:

არქიტექტურულ - ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი დგას შუა სოფელში. კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები. სახელწოდება "ერთაწმინდა" დაკავშირებულია წმ. ესტატეს სახელთან. "ესტატე წმინდა" დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა "ერთაწმინდად". სოფლის ძველი სახელწოდებაც - ესტაწმინდაა. XVII საუკუნის დამდეგისათვის სოფელი და ტაძარიც თარხნიშვილთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. ერთაწმინდის ტაძარში (ა) სააკაძეების საძვალეა. აქაა დამარხული გიორგი სააკაძის (ბ) ვაჟის, პაატას მოკვეთილი თავი. იქვე ეგვტერში (გ)დაკრძალულია მწერალი სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილი (ერთაწმინდელი, 1890-1944 წწ.).

(დ) წმ. ესტატეს ტაძარი კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. თარიღდება XIII საუკუნის პირველი ნახევრით. XIX საუკუნის მე-2 ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. აღადგინეს ოთხივე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრეთ პორტალი, ლავგარდნის ნაწილი (უჩუქურთმოდ) 1951 წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ. აღდგენილ იქნა გუმბათი.

ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (22,2X14,3 მ). ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით. დაზიანებულია: ბევრგან ჩამონგრეულია სარკმლებისა და პორტალების მოჩუქურთმებული საპირეებისა და ლილვების ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია დასავლეთ კარიბჭე. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარედან სამივე კარი სწორკუთხაა, შიგნიდან დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს დიდი და ღრმა ყრუ ლუნეტები აქვთ. ძირითადი ჯვრის მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით რამდენადმე ამაღლებულია. გარედან გუმბათის კვადრატის საფუძველი მკლავების ფრონტონების წვეროთა დონეზეა. კომპოზიცია დასრულებულია გუმბათით, რომელიც თავდაპირველად მნიშვნელოვნად ვიწრო და მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახლანდელი გუმბათია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრებით. გადამხურავ კონსტრუქციებს ტაძარში საყრდენი თაღებით შემაგრებული ცილინდრული კამარა და სფერული კონქი წარმოადგენს. ზოგი თაღი შეისრულია. გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები მცირე სიღრმისაა. საკურთხეველი და გვერდის ოთახები ერთი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის აფსიდს ღრმა ბემა ერწყმის, ამიტომ ორ სართულად განლაგებული კუთხის სათავსები წაგრძელებული ფორმისაა. აღმოსავლეთით მათ აფსიდები აქვთ. საკურთხევლის აფსიდში მოჩუქურთმებული საპირით შემკული ნიშია.  77777

სოფელ ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია ერთ-ერთი სახელგანთქმული სიძველეთაგანია საქართველოში. ტაძრის სახელწოდება "ერთაწმინდა" დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. "ესტატე წმინდა" დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა "ერთაწმინდად" და სოფელსაც, როგორც პლატონ იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია "ესტაწმინდა" - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.

ეკლესია მთის ფერდობზე გაშენებული სოფლის შუაგულში დგას, სამხრეთით მას ტყით დაფარული მთის კალთა დაჰყურებს. ერთაწმინდის ეკლესია შემოვლებულია გალავნით. ადგილობრივ მცხოვრებთა სიტყვით, გალავანს შვიდი კოშკი ჰქონია, რომელთაგან უმრავლესობა ახლა სრულიად განადგურებულია.


ტაძარი XIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გაიხსნა (1960-70წწ) მოხატულობის სამი რეგისტრი. მხატვრობა შესრულებულია არა უადრეს XVII საუკუნისა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს. აქვეა მათი ორი შვილი, ისინი სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრის კომპოზიცია საზეიმო ხასიათისაა; სადა ფონზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი 4 წმინდანი.


ჩრდილოეთ ფასადზე სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, სამუშაო იარაღით ხელში.

ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ შემოგვრჩენია, მაგრამ არაერთი დაზიანება და რესტავრაცია, რომელიც განიცადა შენობამ - განვლილ განსაცდელთა მეტყველი მოწმეებია.შესაძლოა, სერიოზული დაზიანებანი XIII საუკუნის დასასრულს მომხდარი მიწისძვრის შედეგი იყოს, როდესაც ქართული მემატიანეს სიტყვით, ეკლესიებს გუმბათებიც არ შერჩენიათ. ადვილი დასაშვებია, რომ მძიმე განსაცდელს, რომელზეც მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება", როდესაც XIV სუაკუნის დასასრულს თემურლენგმა "ტფილისი აღიღო, ქართული წარსტყვევნა და შემუსრნა ყოველნი ეკლესიანი და შენებულებანი", ერთაწმინდაც ვერ გადაუჩა. ერთაწმინდასთან დაკავშირებული საბუთები მცირე რაოდენობითაა დაცული და თვით ეკლესიის შესახებ ისინი არაფერს გვეუბნებიან. საბუთები XVI საუკუნის მეორე ნახევარზე ადრინდელები არ არიან. უმთავრესად ეს შეწირულების ან ნასყიდობის წიგნების დამოწმებებია.
1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა თარხან მოურავების საგვარეულო აკლდამას წარმოადგენს.

წყარო: http://chitucio.blogspot.com/search?updated-min=2005-01-01T00:00:00%2B03:00&updated-max=2006-01-01T00:00:00%2B04:00&max-results=7

(ტექსტი აღებულია წიგნებიდან: ი. გომელაური, ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა, თბ., 1976; საქ.-ოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთან აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990, გვ. 156-158)