topmenu

 

ერთაწმინდა - ჟღერს ქვის ჰარმონია

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ერთაწმინდის ტაძარი -ინა გომელაური, ამირან ჩხარტიშვილი //"ჟღერს წვის ჰარმონია", ნაკვ, მეორე, საკითხავი ყმაწვილთათვის. - თბ., 2008. - გვ5-9

ერთაწმინდა სოფელია კასპის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, კასპიდან 20 კმ-ზე. სოფელ მეტეხიდან 16 კმ-ზე, ზღვის დონიდან 840 მ-ზე. სოფელში დგას XIII სს-ის წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარი, მდინარე თეძმის მახლობლად. ძეგლი აღმართულია მთის ფერდობზე, სოფლის შუაგულში. მახლობლად რამდენიმე სხვა ძეგლიცაა შემორჩენილი: გარიყულასთან (სოფელ ახალქალაქის განაპირა უბანი) მაღლობზე ფავნისის დარბაზული ეკლესია, ერთაწმინდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბორცვზე - "ზედა ციხის" ნანგრევები. ერთაწმინდის ეკლესიამ მკვლევართა ყურადღება ადრევე მიიქცია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის შრომაში "აღწერა სამეფოისა საქართველოსა" წერს: "არს თეძამზე ახალქალაქი, ამას ზეით ეკლესია გუმბათიანი ერთაწმინდისა, სასწაულმოქმედი". ერთაწმინდა გათლილი ქვით მოპირკეთებული დიდი გუმბათოვანი ტაძარია. დასავლეთიდან მოდგმული ჰქონია სამნაწილიანი კარიბჭე, რომელიც ახლა თითქმის დანგრეულია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი საკმაო რაოდენობის შეწყვილებული სარკმლებით ნათდება, სარკმლები თითქმის ყველა თაღოვანია. სამხრეთით და ჩრდილოეთით მათ უფრო მცირე ზომის სარკმელთა მეორე წყვილი ემატება. აღმოსავლეთითაც ისინი ორ რიგადაა განლაგებული. გარდა ამისა, თაღოვანი და მრგვალი სარკმლები დატანებულია აღმოსავლეთ კუთხის ოთახებში. თავის დროზე ამათ ემატებოდა გუმბათის ყელის სარკმლები, ალბათ თორმეტი, ახლა კი გუმბათის ყელში მხოლოდ რვა სარკმელია. არის სხვა, გვიან ხანებში გაჭრილი რამდენიმე სარკმელიც. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად თლილი ქვითაა მოპირკეთებული, თუმცა, თავდაპირველ ფენაში მოსაპირკეთებლად აგურიცაა ნახმარი. ძეგლი რესტავრირებულია უხეშად გათლილი მუქი რუსი ქვით და ნატეხი ქვით. ეკლესიის ჩრდილოეთ მკლავში შემორჩენილია გვიანდელი ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები, კომპოზიციაში წარმოდგენილია წმ.ესტატეს ცხოვრების სცენები. ძეგლისაუკუნეების მანძილზე მრავალჯერ შეკეთებულა. დღევანდელი გუმბათის ყელი გუმბათითურთ გვაინდელია. იგი სამშენებლო ოსტატობის დონით განსხვავდება ძეგლის სხვა ნაწილებისაგან. ახლანდელი გუმბათის ყელი დაბალია, სარკმელთა მოხაზულობა - დეფორმირებული. მნიშვნელოვნადაა გადაკეთებული დასავლეთი მკლავი, კამარა ჩამონგრეულია. სამხრეთი მკლავიც ძლიერ ყოფილა დაზიანებული, მაგრამ ახლა აქ ახალი კამარაა. ეს კამარა ბრტყელი და დეფორმირებულია. აღარ არის საყრდენი თაღი, რომელიც თავდაპირველი სახით ჩრდილოეთ მკლავში შემორჩა, დროთა განმავლობაში შეიცვალა ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. დაზიანებულია საკურთხეველთან მოთავსებული სამხრეთი კუთხის ოთახები, განსაკუთრებით ზედა სართულისა. გვაინდელი უნდა იყოს ეკლესიის მთლიანი შელესილობაც. როგორც ჩანს, შელესილობას დაუფარავს ფრესკული მხატვრობა და წარწერა, რომელიც პ.იოსელიანს უნახავს ერთაწმინდაში; მის დროს ტაძარი მთლიანად დაფარული ყოფილა მხატვრობით. ე.თაყაიშვილის აქ ყოფნის დროს ტაძარი უკვე შელესილია. ჩვენ არ ვიცით, პ.იოსელიანს მხატვრობის რომელი ფენა დახვდა, საფიქრებელია, რომ ძეგლი აგებისთანავე მოიხატა. ამ რამდენიმე ხნის წინათ გამოვლენილი მხატვრობის ფრაგმენტები გვიანდელია. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია  კარგად გათლილი მოყვითალო ქვით. ყველაზე კარგად არის გაფორმებული აღმოსავლეთი ფასადი. აქ სარკმლებს შორის ჩართულია დეკორაციული ჯვარი, რომელიც ქვედა მკლავის ვარდულით ცენტრალური სარკმლის საპირეს ერწყმის. სარკმელი ლილვებიან ღერძზეა შეყენებული, ნიშებში მოთვსებული სარკმლები რთული პროფილის საპირეებითაა შემკული. ფასადის მთელ სიბრტყეს კვეთს მოჩუქურთმებული რელიეფური ფრიზი. მარცხენა მხარეს გადარჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ იგი რთული პროფილის ორნამენტით იყო გაფორმებული. არანაკლები მზრუნველობითაა შესრულებული ჩრდილოეთი ფასადი, რომელიც თითქმის ანალოგიურია აღმოსავლეთ ფასადისა. ცოკოლს ლილვისებური საფეხური აქვს. სამწუხაროდ, სამხრეთ ფასადი დაზიანებულია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ის ჩრდილოეთ ფასადის ანალოგიური ყოფილა. დასავლეთი ფასადი ძირითადად მსგავსია აღმოსავლეთისა. აქაც სამნაწილიანი სიბრტყეა, სადაც შეწყვილებული სარკმლები და დეკორატიული ჯვარია. ერთაწმინდის ტაძრის ხუროთმოძღვრული სახე და მორთულობა გვიჩვენებს, რომ იგი დაკავშირებულია XII - XIII საუკუნეების მიჯნის ძეგლებთან (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, გუდარეხი...). ერთაწმინდის შინაგანი სივრცე (აზიდულობა, განათება) და ფასადების განთავისუფლება დეკორატიული თაღებისაგან მას XIII საუკუნის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებასთან აკავშირებს. ამასვე მოწმობს მორთულობის ძირითადი ელემენტები (შეწყვილებული სარკმლები, მოჩუქურთმებული კარნიზი, სარკმელთა მოჩარჩოების სახეები), თუმცა მაინც ჩანს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში ჩნდება (შენობის დამძიმებული მასები, მკლავებს შორის მონაკვეთების შევიწროება). ორნამენტის შესრულებაში თავს იჩენს სიმშრალე, მნიშვნელოვან ადგილს იჭერს გეომეტრიული ორნამენტი, რომლის ნახატი დაწვრილმანდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით მკვლევარები ძეგლის შექმნას რუსუდანის მეფობის ხანას უკავშირებენ (1220 - 1245 წლები). აღნიშნულ პერიოდში ქართლის მმართველობა გავლენიანი გვარის - სურამელთა ხელშია. ადვილი შესაძლებელია, რომ ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი, მისი ძმა ივანე და გრიგოლის ვაჟი - ბეგა, ლაშა გიორგისა და რუსუდანის თანამედოვეები იყვნენ. 1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა - თარხან-მოურავთა საგვარეულო აკლდამაა. ტაძარში ასვენია გორგი სააკაძის ვაჟი - პაატა. გიორგი სააკაძემ ტაძარში ჯერ შვილის თავი დაკრძალა, შემდეგ, მოგვიანებით, თბილისელი ვაჭრების დახმარებით ტანი ფარულად ჩამოასვენა და ისიც აქ მიაბარა მიწას. ტაძარშივეა დაკრძალული მწერალი - სეზმან ერთაწმინდელი.