topmenu

 

ძალისი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება <<დაბრუნება მთავარ გვერდზე<<<ციხე - ქალაქები // უძველესი საქართველო>>>


ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: ძალისა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.33-34; 41-43.

ძალისა. მუხრანის ველზე მდ.ნარეკვავის მარცხენა ნაპირას, სოფელ ძალისას მიდამოებში მიკვლეულ იქნა ნაქალაქარი. აქ აღმოჩნდა გათლილი ქვებით ნაგები მსხვილ შენობათა ნაშთები, რიყის ქვით ნაგები საძირკვლები ალიზის კედლებისათვის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები, ქვის ბაზისები და სვეტისთავები. უკეთ შემორჩენილია აბანო, რომელიც თითქოს, სასახლის კომპლექსში შედიოდა. რომაული ტიპის აბანო სამი განყოფილებისაგან შედგებოდა ცივი, თბილი და ცხელი წყლის აბაზანებით და კარგად შემონახული გათბობის ჰიპოკაუსტების სისტემით. თბილი და ცივი აბაზანების, ასევე, უკანასკნელის მომიჯნავე გასახდელის იატაკები დაფარულია მოზაიკით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზაიკური იატაკი "დიონისეს სახლში", რომელიც უშუალოდ უკავშირდება აბანოს გასახდელს. აბანო აგებული უნდა იყოს ახ.წ. III საუკუნის დასაწყისში. ამ აბანოს მახლობლად აღმოჩნდა მეორე უფრო დიდი (ფართობით 1500 კვ.მ) უკვე საზოგადოებრივი დანიშნულების აბანო. მასში გარდა ტრადიციული სააბაზანო განყოფილებებისა, შედის ატრიუმი, ღია ეზო და ეგებ სატაძრო ნაწილიც. ყველაზე დიდ ნაგებობას ძალისაში წარმოადგენს სასახლე (მისი ნანგრევის ფართობი 2500 კვ.მ. აღემატება). მასში შედიოდა სამ ათეულებამდე სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ოთახი, რომელთა ცენტრში მოთავსებული ყოფილა ეზო - ატრიუმი. ატრიუმის ცენტრში შეიმჩნევა ქვის შადრევნის კვალი. სადგომთა შორის გამოიყოფა დარბაზი, საძინებელი ოთახები და ორგანყოფილებიანი საპირფარეშოც საკუთარი წყალსადენითა და კანალიზაციით. საყურადღებოა, რომ სასახლეს ჰქონია ცენტრალური გათბობის სისტემის ცალკე მდგარი შენობა ჰიპოკაუსტების პრინციპზე.

აბანოს გვერდით აღმოჩნდა საქართველოში პირველი საცურაო აუზი. იგი გეგმაში სწორკუთხედის ფორმისაა და ოთხივე არეს, კედლების ცენტრში ახლავს ნახევარწრიული აფსიდები (აუზის ზომებია: სიგრძე 33,4 მ. აფსიდებით 39,6 მ. სიგანე 11,5 მ. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2,07 მ). აუზის კედლები ამოშენებულია რიყის ქვით კირხსნარზე და შიგნიდან მოპირკეთებულია კარგად გათლილი თეთრი ქვის ფილებით. ჩრდილოეთის აფსიდში, რომლითაც აუზი უკავშირდებოდა აბანოს, მოწყობილია - ცხრა საფეხურიანი ჩასასვლელი კიბე. სამხრეთ - აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მოწყობილია ქვის მერხები დასასვენებლად. ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეში მოთავსებული ყოფილა ტრაპი და ჩამკეტი ნაგებობა, რომელიც უკავშირდებოდა კანალიზაციის კოლექტორს. აუზის იატაკი შელესილი იყო ჰოდრავლიკური ხსნარით, ასევე იყო შელესილი, აუზის კედლები გარედან. საცურაო აუზს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კიდევ ერთი დიდი ნაგებობა. მას შვიდი დარბაზი ჰქონია, აქედან სამს შვერილი აფსიდები ახლავს - შუაში სამწახნაგოვანი, გვერდებზე კი ნახევარწრიული. აფსიდიანი ოთახების ჩრდილოეთის კედელში მოწყობილია ვიწრო გამჭოლი თაღები, საფიქრებელია - გათბობისათვის ცხელი ჰაერის გასატარებლად. ამ შენობის დანიშნულება ჯერ არაა დადგენილი, საფიქრებელია რომ აქ რომაული კურიების ტიპის დარბაზები იყო. ვინაიდან ამ შენობას მშებებლობისას დაუზიანებია სასახლის წყალსადენის ამდენად იგი მოგვიანო ხანისაა, ალბათ IV-V სს. ძალისას კომპლექსი თავისი შენობების მიხედვით წარმოადგენდა დიდი, მაღალი რანგის მოხელის რეზიდენციას, როგორც ირკვევა, ძალისას დასახლება ძვ.წ. მიწურულში გადაქცეულია რეზიდენციად, რომლის განვითარება მოდის ახ.წ. I-III სს. ხოლო შემდეგ საუკუნეებში იგი განადგურდა. ძალისის მოზაიკა ხასიათდება აგების ტექტონიკით. ნაკვთებში ჯერ კიდევ იგრძნობა ელინისტური ხელოვნების ტრადიციები მოძრაობა ცოცხალია, ფორმა გამოსახულია შუქჩრდილით, მაგრამ ძირითადი უკვე არა პლასტიკური ძერწვაა, არამედ ხაზოვანი ნახატი. მიუხედავად განზოგადოებული მოდელირებისა, სახეები მეტყველია და თითქოს ინდივიდუალურიც. მოზაიკა გემოვნებითაა შესრულებული და მისი ოსტატის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ძალისის მოზაიკის შედარება ამ პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებთან, გვარწმუნებს, რომ იგი მიეკუთვნება რომის იმპერიის აღმოსავლეთის არეალს, კერძოდ ანტიოქიის სკოლას. მოზაიკა შესრულებულია III საუკუნის პირველ მეოთხედში. რაც შეეხება მის ოსტატს, იგი უცხოელია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, ან ადგრლობრივი მხატვარი დაუფლებული ხელობას ანტიოქიის სკოლაში. ძალისის მოზაიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს დიონისეს კულტის პოპულარობას საქართველოში, სადაც განვითარებულია მევენახეობა და მეღვინეობა. მარტო უკანასკნელ წლებში აღმოჩენილია: პანის ბრინჯაოს ქანდაკება მცხეთის აკლდამაში, დიონისეს და არიადნეს ტერაკოტული ქანდაკებები სარკინეთში, დიონისეს ბრინჯაოს ქანდაკება სოფელ კოდისწყაროდან, ვერცხლის სარკეშემკული დიონისეს მიერ არიადნეს გაღვიძების რელიეფით სამთავროდან და სხვა. ძალისის მოზაიკა კვლავ გვიჩვენებს იბერიის მჭიდრო კონტაქტებს დასავლურ - რომის სამყაროსთან და ელინისტურ კულტურასთან აღმოსავლეთის ქვეყნებში.