topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ჯ.შარაშენიძე - შუმერულ - ქართული პარალელები

<უკან დაბრუნება <<<ენა და დამწერლობა>>>


ჯემალ შარაშენიძე - შუმერები და მათი კულტურა,

გამ. „ნაკადული“, თბილისი, 1983 წ., გვ.28-43

შუმერულის დამოკიდებულება სხვა ენებთან და შუმერულ- ქართული ურთიერთობის საკითხები.

საქართველოში შუმეროლოგიური საკითხების კვლევის საკმაოდ - დიდი ტრადიციები არსებობს. ამ დარგში პირველი საყურადღებო ნაშრომები ქართულ ენაზე ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 10-იან წლებში გამოაქვეყნეს მიხეილ წერეთელმა და ალექსანდრე სვანიძემ. შუმერებს თავისი ეთნიკური სახე და მეობა შეუნარჩუნა ენამ, რომელიც მათ მიერვე გამოგონილი ლურსმული დამწერლობის წყალობით თავიდანვე - საკმაოდ ზუსტად აისახა ათასობით ლიტერატურულ და სამეურნეო - ადმინისტრაციულ დოკუმენტში. გარდა იმისა, რომ ენა არის ხალხის ინდივიდუალობის პირველი ნიშანი, იგი ამავე დროს ხალხის ცხოვრების უტყუარ ისტორიასაც ასახავს. ენაში აისახება უმნიშვნელოვანესი ცნობები ამა თუ იმ ხალხის სხვა ხალხებთან ნათესაობის, მისი წარმომავლობის, პირვანდელი სამშობლოს, მომხდარი ტერიტორიული გადაადგილებებისა თუ სამეურნეო ცხოვრების სხვადასხვა მხარის შესახებ ეს შეიძლება ითქვას შუმერული ენის მიმართაც. შუმერულის შესწავლის აუცილებლობას მარტო წმინდა ენათმეცნიერული ინტერესები როდი განაპირობებს. შუმერულმა ენამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოს მისი მატარებელი ხალხის ნათესაური დამოკიდებულება მსოფლიოს მეტ-ნაკლებად ცნობილ  რომელიმე ხალხთან. ამ მიმართებით მუშაობა გაიშალა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და გრძელდება დღემდე. ამ ასი წლის მანძილზე არ დარჩენილა მეტად თუ ნაკლებად ცნობილი ენა, რომელთანაც შუმერული არ შეედარებინოთ ყოველმხრივ - ფონეტიკურად, მორფოლოგიურად, სინტაქსურად, მაგრამ არ იქნა და არ გაირკვა მისი გენეტიკური სიახლოვე მსოფლიოს ენათა რომელიმე ოჯახთან. ჩატარებული დიდი სამუშაოს შემდეგ მეცნიერება მაინც იძულებულია, ენათა გენეალოგიურ ცხრილში შუმერულის გასწვრივ დაწეროს „დგას განცალკევებით". შესწავლის პირველსავე ეტაპზე შუმერულმა გამოავლინა ერთი მორფოლოგიური თავისებურება - აგლუტინაცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ყოველი გრამატიკული კატეგორიის გადმოსაცემად ენა ხმარობს სახელის ფუძესთან ან ზმნის ძირთან მექანიკურად მიერთებულ აფიქსს. მსგავსი მოვლენა ახასიათებს მსოფლიოს არაერთ სხვა ენასაც, როგორიცაა ალთაური, ფინურ-უნგრული, ქართველური, მთის იბერიულ - კავკასიური, ზოგი აფრიკული ენა, კერძოდ, ბანტუ ენები და სხვა. ამიტომ, ცხადია, შერულის შედარება თავდაპირველად სწორედ ამ რიგის ენებთან დაიწყეს. განსაკუთრებული ტიპოლოგიური (მორფოლოგიური) სიახლოვე შუმერულმა გამოამჟღავნა თურქულთან, რომელშიც გვხვდება ზოგიერთი შუმერული სიტყვაც, როგორიცაა, მაგალითად, დინგირ „ღვთაება" (შეად. თურქული თენგირ "ღვთაება, ღმერთი"). შემჩნეულია. შუმერულ -თურქულ ენებში გამოყენებული აფიქსების ფონეტიკურ- სემანტიკური (ფორმალურ - შინაარსობლივი) თანადამთხვევაც და ა.შ.. ამგვარსავე მორფოლოგიურ მსგავსებას ავლენს შუმერული ქართველურ (ქართულ-ზანურ (მეგრულ - ჭანურ (ლაზურ) - სვანურ) და მთის იბერიულ - კავკასიურ ენებთანაც. პირველად ამ გარემოებას ხაზი გაუსვა - მიხეილ წერეთელმა, როცა ის შუმერულ - ქართველური ენების მორფოლოგიას იკვლევდა. ამავე კუთხით დაუკავშირა შუმერული კავკასიურ ენებს გერმანელმა მეცნიერმა ფ.ბორკმაც, რომელმაც დაბეჯითებით განაცხადა, ტიპოლოგიურად შუმერული კავკასიურ ენათა ჯგუფს ეკუთვნისო. შუმერულისთვის დამახასიათებელია ერგატიული კონსტრუქციაც. ეს წმინდა სინტაქსური მოვლენა კი, რომლის დროსაც მოქმედების სუბიექტი (ქვემდებარე) გადმოიცემა სპეციალური, კერძო ერგატიული (ქართ. მოთხრობითი) ბრუნვით, ხოლო ობიექტი -სახელობითით" (მაგ.„კაცმა ააშენა სახლი"), ნიშანდობლივი თავისებურებაა ქართველური, მთის იბერიულ - კავკასიური და ბასკური ენებისათვის. გარდა ამისა, შუმერული ზოგიერთ ამ ენასთან სხვა რიგის სინტაქსურ სიახლოვესაც იჩენს. მაგრამ ცნობილია, რომ ენების მორფოლოგიური და სინტაქსური სიახლოვე სრულიადაც არ გამოდგება საყრდენად მათი გენეტიკური (ნათესაური კავშირის მტკიცებისას. ძალზე ხშირია შემთხვევები, როცა ტიპოლოგიურად ერთი რიგის ენები გენეტიკურად სულ სხვადასხვა ოჯახებში ერთიანდებიან. გამონაკლისს არც შუმერული წარმოადგენს. თუ ტიპოლოგიურად იგი ქართველურ ენათა ჯგუფს ეკუთვნის, გენეტიკურად შეიძლება უკავშირდებოდეს მას და შეიძლება არა. სანამ უშუალოდ შუმერულ-ქართველური ენების ნათესაობის საკითხს შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვით გავეცნოთ ზოგიერთ ენათმეცნიერულ აქსიომას. ნათესაობის (გენეტიკური ერთიანობის გამოვლენის მიზნით ჩასატარებელი კვლევა-ძიების მეთოდი ითვალისწინებს ერთ მთავარ და მკაცრ მოთხოვნას: გამოვლენილ და დასაბუთებულ იქნას შესადარებელი ენების მორფოლოგიური და ლექსიკური მასალის კანონზომიერი ფონეტიკური (ფორმალურ-გარეგნული) და სემანტიკური (შინაარსობლივი) შესატყვისობა. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს შემდეგიც: ენათა ნათესაობის დასადგენად იმას კი არა  აქვს ამდენი მნიშვნელობა, თუ რა სიდიდისაა შესადარებელ ენებში მსგავსი ერთეულების პროცენტული რაოდენობა, არამედ იმას, რამდენად კანონზომიერია ამ ერთეულების ფონეტიკურ-სემანტიკური შესატყვისობანი. ენათა ნათესაობის კვლევისას მხედველობაშია მისაღები ერთი გარემოებაც: ორ შესადარებელ ენაში აბსოლუტურად იდენტური, "გაყინული" ფორმების მქონე საზიარო მასალის არსებობის შემთხვევამი გათვალისწინებულ უნდა იქნას ამ ფორმების ერთი ენიდან მეორეში უფრო მეტად სესხების გზით მოხვედრის შესაძლებლობა, რადგანაც ცნობილია, რომ მონათესავე ენებში ასეთი მოვლენა ნაკლებადაა მოსალოდნელი; მონათესავე ენების მიერ საერთო, ძირი ენიდან აღებული მასალის ფონეტიკური ქსოვილი დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ძალზე იცვლება. ესაა ენათა განვითარების კანონზომიერი შედეგი. ნასესხები სიტყვების ფორმალური, გარეგნული მხარე კი თითქმის უცვლელად ან უმნიშვნელო ფონეტიკური ცვლილებითაა თავშემონახული მსესხებელ ენაში. ასეთ მასალაზე დაყრდნობა კი ენათა ნათესაობის ძიებისას ერთობ სახიფათოა და იგი სიფრთხილით მიდგომას საჭიროებს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ გადავხედოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ შუმერულისა და ქართული (ქართველური) ენების მიმართ. შუმერული, როგორც ჩამოყალიბებული ენა, III ათასწლეულის I ნახევრიდან დამოწმებულია წერილობით. თუ წინასწარ დავუშვებთ შუმერულისა და ქართველური ენების ნათესაობას, მაშინ უნდა ვაღიაროთ შემდეგი ფაქტიც: III ათასწლეულის დროინდელ შუმერულ წერილობით ძეგლებში არა გვაქვს დამოწმებული ამ ენებს შორის საზიარო სიტყვების ის რაოდენობა, რომელზე დაყრდნობით შეგვეძლო გვემტკიცებინა ამ დროისათვის აღნიშნული ენების ერთიანობა. აქედან გამომდინარე ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ მათი დაშლა უნდა მომხდარიყო, ადრე, არა უგვიანეს IV ათასწლეულის პირველ ნახევარში მაინც. თავისთავად ცხადია, ამ დროიდან მოკიდებული დღემდე ქართული ენა ძალზე დიდ ცვლილებას განიცდიდა. როგორც ენათმეცნიერება ამტკიცებს, ენის ძირითად ლექსიკურ ფონდს, რომელიც, ჩვეულებრივ, მთელი ლექსიკური ფონდის მხოლოდ 1-2% -ს შეადგენს, ყოველი ათასი წლის განმავლობაში აკლდება საშუალოდ 15% სიტყვებისა. მათი უმეტესი რაოდენობა ახლდება. ასე რომ, ამ ხუთი ათასი წლის მანძილზე ცვლილებას განიცდიდა ქართული ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის 60% მაინც. ამდენად იგულისხმება, ქართულში ძალზე ცოტა იქნება დარჩენილი ის სიტყვები, რომლებიც, შესაძლებელია, არსებობდა საერთო სიტყვების სახით წინარე შუმერულ-ქართველურ ფუძე - ენის ძირითად ფონდში.