topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ჟალეთის ეკლესიები - ძეგლთა აღწერილობა

<უკან დაბრუნება


ჟალეთის ბაზილიკა

არიტექტურული ძეგლი დგას ნასოფლარ საყარაულოს ჩრდილო - აღმოსავლეთით, 2 კმ-ზე, ხშირი ტყით დაფარულ პატარა მთის ფერდობზე. განეკუთვნება IX საუკუნის დასასრულსა და X საუკუნის დასაწყისს. ძეგლი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც სამხრეთით და დასავლეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, ერთიანი ვიწრო გარშემოსასვლელი აქვს მიშენებული. შენობა ნაგებია საგანგებოდ შერჩეული თანაბარი ზომის რიყისა და ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები და ცალკეული კონსტრუქციული ელემენტები (ბურჯები, საბჯენი თაღები, იმპოსტები) სუფთად დამუშავებული შირიმითაა ნაწყობი. კედლებში მათი აგების დროს  სიმაგრისათვის მთელ სიგრძეზე დაუტანებიათ ხის ძელები. ეკლესია ძლიერაა დაზიანებული (ამჟამად კონსერვირებულია): მისგან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი შემორჩა. ჩამოშლილია მთავარი და გვერდითი ნავების კამაროვანი გადახურვა, საბჯენი და ნავების გამყოფი თაღები, გრძივი კედლებისა და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილები; თითქმის მთლიანადაა დანგრეული გარშემოსავლელის ორივე ნაწილი. 1961-62 წლებში ძეგლის შესწავლისა და აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაიწმინდა ტაძრის მთელი ტერიტორია (სამუშაოების ხელმძღვანელი და კონსერვაციის პროექტის ავტორი ნ.ქადეიშვილი) და გამოვლინდა მრავალი არქიტექტურული და კონსტრუქციული დეტალი. თვით ტაძარში, აღმოსავლეთის ბურჯებს შორის, აღმოჩნდა შირიმითა და რიყის ნაგები ექვსწახნაგა ფორმის (2X2 მ; სიმაღლე 1,1 მ) ნაგებობა რომელიც საკურთხევლისწინა ჯვრის პოსტამენტს წარმოადგენდა. იგი მთლიანად შელესილია და ექვსივე წბოს, მთელ სიმაღლეზე, შირიმით ნაწყობი ნახევარსვეტი ასდევს აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებზე კი ქვის საფეხურებია მიშენებული. შენობის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია (17,1X10,5 მ), რომელიც ორი წყვილი სწორკუთხა ბურჯითა და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი სამ-სამი თაღით გაყოფილია სამ ნავად. თითო, გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნით თაღოვანი შესასვლელი მოწყობილია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ბაზილიკის შუა ნავი, რომლის სიმაღლე სამჯერ მეტია სიგანეზე, გვერდის ნავებთან შედარებით ორჯერ უფრო განიერია და აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის წინ საკმაოდ ღრმა ბემაა. ბემის ორივე კედლის სიბრტყე სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან ზედა ნაწილის სიბრტყე, რომლის სიმაღლე კედლის მთელი სიმაღლის მესამედის ტოლია, ქვედას მიმართ რამდენადმე წინაა წამოწეული და მარტივი პროფილის დაბალ იმპოსტს ეყრდნობა, იმპოსტი ბემის კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს. აფსიდს ირგვლივ დაბალი საფეხური შემოუყვება. ბემის ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ტაძრის იატაკზე 0,85 მ-ით მაღალია, იგი ბაზილიკის დანარჩენი სივრციდან გამოყოფილი ყოფილა ქვის კანკელით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითა გადახურული, ხოლო ბემა - ნახევარცილინდრული კამარით. აფსიდისა და ბემის თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის იმპოსტები, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. საკურთხევლის ორივე მხარეს, გვერდითი ნავების აღმოსავლეთ კიდეში, გამოყოფილია განცალკევებული სწოკუთხა სადგომები - სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სადგომი შესაბამის ნავთან დაკავშირებულია თითო ვიწრო და მაღალი სწორკუთხა კარით. სადგომები ცილინდრული კამარითაა გადახურული და აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. ბაზილიკის თაღებს შორისი ბურჯები გეგმით თითქმის კვადრატულია, მთავარი ნავის მხრიდან მათ თითო მარტივი პილასტრი ჰქონიათ, რომლებსაც მთავარი ნავის კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის ბურჯების წყვილი, ჩრდილოეთის ბურჯებიდან კი - მხოლოდ ბაზები. ბურჯებზე შირიმით ნაწყობი ნახევარწრიული თაღები ყოფილა გადაყვანილი, რომლითაც მხოლოდ აღმოსავლეთ წყვილის მცირე ნაწილი და მათი საყრდენი თითო იმპოსტიღა შემორჩათ. ბაზილიკის გვერდის ნავებიც, მთავარი ნავის მსგავსად, ნახევარცილინდრული ფორმის კამარებით ყოფილა გადახურული. ყოველი მათგანი ორ-ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ინტერიერი შელესილი ყოფილა და საღებავით დეკორატიულად გაფორმებული: ბემის კამარაზე შემორჩენილია წითელი საღებავით შესრულებული სწორკუთხა ქვების წყობის იმიტაცია, ხოლო აფსიდში (სარკმლის გვერდით) - მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი. ბაზილიკას, სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების მთელ სიგრძეზე, ეკვრის ვიწრო (სიგ. 2,4 მ) გარშემოსავლელი, რომელსაც დასავლეთით და სამხრეთით, ბაზილიკის შესასვლელების პირდაპირ, თითო კარი აქვს. გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილის აღმოსავლეთ ბოლოში გამოყოფილია აფსიდიანი პატარა სამლოცველო. გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილის შუაში, ბაზილიკის შესასვლელის წინ, პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით გამოყოფილი ყოფილა გუმბათოვანი კამარით გადახურული პატარა კვადრატული სივრცე, რომელიც ბაზილიკის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია მხოლოდ სამი პილასტრის კვალი). გარშემოსასვლელის დასავლეთ ნაწილი ერთ მთლიან სივრცეს წარმოადგენდა და გადახურული იყო სამ საბჯენ  თაღზე დაყრდნობილი ნახევარცილინდრული კამარით. ბაზილიკის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე სიმეტრიულად განლაგებული სამი თაღოვანი სარკმელია. სამივე სარკმელი მარტივი რელიეფური თავსართითაა მორთული. მათგან საკურთხევლის სარკმლის თავსართი ნახევარწრიული ფორმისაა და ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სადიაკვნის სარკმლის თავსართი სამკუთხა თაღის ფორმისაა. სამკვეთლოს სარკმლის თავსართიც ნახევარწრიული ფორმისაა, თაღის ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცებია, რომლებსაც ბოლოები (სარკმლის გადამხურავი ქვის კიდეებთან) აშვერილი აქვს. ამ ნაწილის განაპირა გვერდები ვერტიკალურია, ხოლო შიდა - სარკმლის ღერძისკენაა დახრილი და სარკმლის თავსართის თავზე თითქმის სამკუთხა ფორმის არეს სააღვრავს. სამხრეთის ფასადზე შესასვლელი გადახურულია მთლიანი ქვით, რომელზეც ამოკვეთილია ოდნავ შეღრმავებული ნახევარწრიული თაღი. იგი შესასვლელის თავზე ტიმპანისმაგვარ არეს ქმნის. შესასვლელის აღმოსავლეთით ნიშია, რომელიც გამოყვანილია შირიმის ქვით და დასრულებულია ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორი ქვის ფილით. დასავლეთის ფასადს, აღმოსავლეთის ფასადის მსგავსად, ბაზილიკური მოხაზულობა აქვს. ამჟამად ფასადიდან მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. შესასვლელი აქ მორთულია უბრალო საპირით, მის პროფილს ქმნის ორ ლილვს შორის მოქცეული, ოდნავ ამოზნექილი გლუვი ზედაპირი. კარის არქიტრავზე შექმნილი თაღოვანი არის შუაში გამოსახულია თანაბარმკლავებიანი რელიეფური ჯვარი. ბაზილიკის კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი. ბაზილიკის გაწმენდისას აღმოჩნდა კირქვისგან გამოთლილი, დამტვრეული ჯვრის ორი მკლავი. მათი ორივე მხარე მორთულია რელიეფით. ერთი მხრიდან ირიბი ჩაჭრით გამოყვანილია მკლავის შუა ნაწილი, მეორე მხარეს წრიულ ჩარჩოში ჩასმულია წმინდანის გამოსახულება (თავზე შარავანდით). აღმოჩნდა ასევე რამდენიმე ნაწილად დატეხილი, IV-VII სს. ქვის სანათლავი (ამჟამად ინახება დაბა თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში), შემორჩენილი ნაწილებიდან აღდგა სანათლავის სამი გვერდი და ფსკერი. მეოთხე გვერდის შემადგენელი ნაწილები უკვალოდაა დაკარგული. სანათლავი გამოთლილია ერთი მთლიანი, მაგარი ქვიშაქვისგან (85X60X45 სმ).  ორი გვერდი გარედან მორთულია რელიეფებით, ხოლო მესამე სრულიად გლუვია. როგორც ჩანს, ამ გვერდით იგი მიდგმული ყოფილა კედელზე. სანათლავის ერთ კედელზე წარმოდგენილია ნათლისღების სცენა, რომელიც ორივე გვერდიდან და ზემოდან შემოფარგლულია ორნამენტული არშიით. კომპოზიციის შუაში მოთავსებულია წელამდე წყლით დაფარული ქრისტეს შიშველი ფიგურა, მარცხნივ გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, მარჯვნივ - ორი ანგელოზი. ქრისტეს თავს ზემოთ სწორკუთხა ჩარჩოში მტრედის გამოსახულებაა, რომელსაც ნისკარტით გვირგვინი უკაკია. ქრისტეს ფიგურა ფრონტალურადაა მოცემული, ქვემოთ დაშვებული ხელებით. წყალი გამოსახულია სწორკუთხა, ოდნავ ამოწეული სიბრტყის სახით, რომელიც დასერილია ტალღისებრი ხაზებით. იოანე ნათლისმცემელი წარმოდგენილია მთელი ტანით. მას ცალი ფეხი ქვაზე აქვს შედგმული, მარჯვენა ხელით კი ქრისტეს თავს ეხება. ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზთაგან წინა მიწაზე დგას და ორივე ხელით ეხება ქრისტეს ფიგურას. უკანა ანგელოზიც ანალოგიურ მოძრაობაშია წარმოდგენილი და პირველი ანგელოზის მიმართ ოდნავ ზემოთაა. სცენა შესრულებულია დაბალი რელიეფით, ფიგურები კი მხოლოდ ზოგადი ფორმებით, ცალკეული დეტალების დამუშავების გარეშე. პლასტიკური გამომსახველობა სიბრტყობრივ - გრაფიკულია. სანათლავის მეორე, შედარებით მოგრძო კედლის მხოლოდ სამი მეოთხედი ნაწილია დაფარული რელიეფებით, დანარჩენი არე სრულიად დაუმუშავებელია. კედლის მარცხენა და ზედა კიდეს ნათლისღების კომპოზიციის ანალოგიური ორნამენტული არშია გასდევს. მორთულობა ორი კომპოზიციისგან შედგება. მარცხენა ნაწილში, თითქმის კვადრატულ არეზე, გამოსახულია ფრონტალურად მდგომი სამი ფიგურა. მარჯვნივ კი ასევე სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელიც ქვედა ბოლოთი პატარა პოსტამენტს ეყრდნობა. კედლის მარცხენა ნაწილში გამოსახული ფიგურები შემოსილია გრძელი ტანსაცმლით, ზემოდან წამოსხმული ჰიმატიონებით. ფიგურების თავებს შორის და მარცხენა ფიგურის თავთან გამოსახულია დეკორატიული ვარდულები. ფიგურები წარმოდგენილია ბრტყელი და დაბალი რელიეფით. მათი ტანსაცმელი დამუშავებულია ხშირი, პარალელური, ალაგ-ალაგ ტეხილი ხაზებიც. სამივე ფიგურა ერთი და იმავე მოხაზულობისაა - წელში ოდნავ შევიწროებული. ჯვარი შედგენილია წრის სეგმენტების გადაკვეთით. მისი მკლავები შემკულია თითო ბურთულით, ხოლო მკლავებს შორის დარჩენილი არეები -ვარდულებით. ასეთივე მაგრამ ოდნავ მოზრდილი ვარდულები გამოსახულია პოსტამენტის ორივე მხარესაც. სანათლავის მეორე გრძივი კედელი თითქმის მთლიანად დაკარგული, გარდა ქვედა მარჯვენა კუთხისა, შემორჩენილია მხოლოდ ორი ფიგურის ქვედა ნაწილი. ბაზილიკის შესასვლელთან ნაპოვნია ქვასვეტი. იგი ოთხივე მხრიდან შემკულია რელიეფით. ქვასვეტის წინა კედელზე სწორკუთხა მოჩარჩოებაში გამოსახულია წმ.სტეფანეს ფრონტალურად მდგომი ფიგურა. კომპოზიციის ზედა ორივე კუთხეში თითო ვარდულია, ხოლო მათ ქვემოთ ამოკაწრულია ასომთავრული წარწერა -წმიდა სტეფანე. მარცხენა ხელში წმინდანს წიგნი უჭირავს, მარჯვენაში - საცეცხლური. წმინდანის თავი შემკულია შარავანდით. ფიგურის რელიეფი დაბალია და ბრტყელი. მისი ზედაპირი დამუშავებულია ვერტიკალურად განლაგებული, თითქმის პარალელური ხაზებით. ქვასვეტის გვერდითი სიბრტყეები დამუშავებულია გრაფიკული ხასიათის გეომეტრიული სახეებით. ერთ-ერთი გვერდის ზედა ნაწილში გამოსახულია წაგრძელებულყელიანი ფრინველი, რომელიც ტრაპეციული ფორმის პოსტამენტზე დგას. მეორე გვერდზე კი დიდი ზომის ვარდულია. ქვასვეტის მეოთხე გვერდი ხსნარითაა დაფარული. აღმოჩენილი რელიეფები მხატვრულ - სტილისტური გადაწყვეტით „გარდამავალ ხანას“ განეკუთვნება.

თ.დვალი

 

 

  • ჟალეთის ეკლესიები